Print

გაზ. # 9(786)

მაცხოვრის შობის თარიღთან დაკავშირებული
სახარებისეული მინიშნებანი 

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

მაცხოვრის შობის თარიღის თაობაზე ჩვენს მიერ უკვე ნათქვამის მოხედვით _ უფალი იესუ ქრისტე დაბადებული უნდა იყოს, დღეს მიღებული ათვლით _ ძვ.წ. 10 წლის 25 დეკემბერს (იხ. 1, გვ.5-43).

სახარებისეული სწავლების თანახმად, მაცხოვრის შობის თარიღი, ამა თუ იმ ფორმით, უკავშირდება ისეთი ისტორიული პიროვნებების საქმიანობას, როგორებიც არიან _ ჰეროდე დიდი, კეისარი ავგუსტუსი, კვირინუსი, ტიბერიუსი, პილატე, ანნა და კაიაფა მღვდელმთავრები და სხვა.
 

წინამდებარე წერილში შევეცდებით ზემოთხსენებულ სახელებთან დაკავშირებული რამოდენიმე მინიშნების განხილვით, კიდევ უფრო მეტი სიცხადე შევძინოთ, ჩვენს მიერ უკვე განხილული მაცხოვრის შობის თარიღის საიმედოობის საკითხს.

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი თხრობა, ძირითადად, ლუკა მახარებლის მიერ მოცემულ ორ მინიშნებაზე იქნება დამყარებული. კერძოდ, სახარებაში ვკითხულობთ:

_ `იმ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში (1). ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას (2)~ (ლუკა 2,1-2);

_ `ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე _ გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, _ იტურეისა და ტრაქონიტის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისია _ აბილენეს მეოთხედმთავარი (1), და როცა მღვდელმთავრები იყვნენ ანა და კაიაფა, გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში~ (ლუკა 4,1-2).

ჩვენის აზრით, აქ მოცემულის კომპლექსური განხილვა უდავოდ გააადვილებს საძიებელი საკითხის ამომწურავად შესწავლასა და დასმულ კითხვებზე, სინამდვილესთან მეტ-ნაკლებად მიახლოებული პასუხების მოძიებას.

მაშასადამე, სახარების მიხედვით გვეუწყება, რომ მაცხოვრის შობა თურმე უკავშირდება კეისარ ავგუსტუსის მიერ რომის იმპერიაში ჩატარებულ _ აღწერას, და იქვე გვეთითება, რომ _ `ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას~-ო;

მეორეს მხრივ, ვგებულობთ რომ იოანე ნათლიმცემელს თავისი ღია საქმიანობა ტიბერიუსის _ `მმართველობის მეთხუთმეტე წელს~ დაუწყია, _ `როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო~-ო.

ერთი შეხედვით _ საქმე საკმაოდ მარტივია. ანუ, საკმარისია ერთმანეთს შევუჯეროთ ზემოთმითითებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეისათვის არსებული თარიღები და საკითხიც წარმატებით გადაიჭრება.

მაგრამ, სამწუხაროდ, საქმეს ართულებს ზემოთქმულ მოვლენებსა და მითითებულ ისტორიულ პიროვნებათა მოღვაწეობასთან დაკავშირებული თარიღების მრავალფეროვნება. მოდით, მივყვეთ დღეისათვის მეტ-ნაკლებად დადგენილ ქრონოლოგიურ მინიშნებებს.

 

 

 

ის რაც „დადგენილია“

დავიწყოთ წელთაღრიცხვის სისტემით _ `ქრისტემდე~ და `ქრისტეს შემდეგ~, რომლის შემომღებადაც ითვლება V-VI საუკუნეების გასაყარზე მოღვაწე რომაელი სწავლული (ბერი) _ დიონისე მცირე.

ცნობილია, რომ _ `... 284 წლის 29 აგვისტოს რომის იმპერატორი გახდა დიოკლეტიანე (მეფობდა 284-305 წ.წ.). ქრისტიანებმა მისი ტახტზე ასვლის თარიღი ახალი ერის საწყისად მიიჩნიეს და აქედან დაიწყეს დიოკლეტიანეს ერის წელთაღრიცხვა.

დიოკლეტიანეს ერის 153-248 წლების (ე.ი. ჩვენი ერის 532 წლის ჩათვლით) საპასექო ცხრილები შეადგინა ალექსანდრიელმა არქიეპისკოპოსმა კირილემ. კირილე დიოკლეტიანეს ერის 160 წელს (ე.ი. 444 წ.) გარდაიცვალა, თანაც საქრისტიანოს ცენტრმა იერუსალიმიდან და ალექსანდრიიდან რომში გადაინაცვლა. ამიტომ იყო, რომ როდესაც კირილეს მიერ შედგენილი საპასექო ცხრილის დამთავრებამდე 6 წელიწადი დარჩა (დიოკლეტიანეს ერის 242 წ.), საპასექო ცხრილის შედგენა დაიწყო რომაელმა ბერმა, პაპის არქივარიუსმა, წარმოშობით სკვითმა, დიონისე მცირემ...

... დიონისე მცირეს აზრით, `დიოკლეტიანე ტირანი უფრო იყო, ვიდრე მეფე~, და წინადადება წამოაყენა, კირილეს მიერ შედგენილი საპასექო ცხრილის დამთავრების მომდევნო წელი აღერიცხათ არა _ დიოკლეტიანეს ერის 249-ე წლად, არამედ _ ქრისტეს დაბადებიდან 533-ე წლად. ასე დაამკვიდრა საქრისტიანოში დიონისე მცირემ ახალი ერისა და ძველი ერის მცნება და მიჯნა...

მართალის, დიონისეს მიერ საპასექო ცხრილი შემოღებული იქნა დიოკლეტიანეს ერის 249-ე წლიდან, მაგრამ `წელთაღრიცხვა `ქრისტეს დაბადებიდან~ პირველად მოწონებულ იქნა ახალი წელთაღრიცხვის 608 წელს პაპ ბონიფაციუს IV-ის (608-615 წ.წ.) მიერ... ხოლო პაპ ევგენი IV-ის (1431-1447 წ.წ.) დროიდან იგი ოფიციალურად და რეგულარულად გამოიყენებოდა რომის პაპის საკანცელარიო საბუთების დათარიღებისათვის, თუმცა პარალელურად იყენებდნენ ერას `ქვეყნის გაჩენიდან~...

დიონისე მცირეს აღმოჩენა ეკლესიისათვის დიდი მოვლენა იყო, რადგან მან ეკლესიას და მორწმუნე ქრისტიანებს დაუდგინა ქრისტეს დაბადების თარიღი...~ (2, გვ.106-108).

სამწუხაროდ, დიონისეს მიერ დაშვებული უზუსტობის დადგენა მხოლოდ მოგვიანებით (XVII – XVIII ს.ს.) მოხერხდა, რის გამოც შეუძლებელი გახდა უკვე დამკვიდრებული დროითი ათვლის შეცვლა.

ისტორიული ქრონოლოგიის ანალიზით დადგენილი იქნა, რომ დიონისე მცირეს მიერ _ უფალ იესუ ქრისტეს შობის თარიღად მიჩნეული დროისათვის, იუდეის მთავარი _ ჰეროდე დიდი, უკვე _ ოთხი წლის გარდაცვლილი გახლდათ.

კერძოდ, ერთის მხრივ, თუ დიონისე მცირეს მიერ დადგენილი თარიღიდან უკუათვლით _ `რომის ერის დაწყება რომის დაარსების _ ძვ.წ. 754 წელს დაუკავშირდა...~ (3, გვ.171); მეორეს მხრივ დადგინდა, რომ, აღნიშნულ თარიღზე დაყრდნობით, იუდეის მთავარი ჰეროდე დიდი რომის დაარსებიდან _ 750 წელს მომკვდარა, რაც დღეს დამკვიდრებული წელთაღრიცხვით _ ძვ.წ. 4 წელზე მოდის.

ყველასათვის ნათელი გახდა დიონისე მცირეს მიერ დაშვებული შეცდომა _ მაცხოვრის დაბადება, როგორც მინიმუმ, ჰეროდე დიდის გარდაცვალებამდე იყო საძიებელი. თუმცა, იმის გამო, რომ იმ დროისათვის დადგენილი უამრავი მოვლენის მოხდენის თარიღი მყარად იყო დამკვიდრებული, დიონისე მცირეს მიერ, მაცხოვრის შობის თარიღად მიჩნეულ დროით მიჯნასთან, თითქმის ერთსულოვნად იქნა უარყოფილი `დადგენილ-დამკვიდრებული~ თარიიღების კორექტირების შესაძლებლობის დაშვება.

მივიღეთ ერთგვარი ჩაკეტილი წრე _ მაცხოვრის შობის მიჩნეული თარიღიდან უკუათვლით, თითქოსდა რომის დაარსება _ ძვ.წ. 754 წელს მოხდა; ხოლო ამ მცდარი ათვლის წერტილიდან გასული 750 წლის შემდეგ მომკვდარა ჰეროდე დიდი. ანუ, ათვლის წერტილის სიმცდარემ, მასზე მიბმულ სხვადასხვა (მაგ. რომის დაარსების) თარიღთა უზუსტობას დაუდო სათავე, და შესაბამისად, მათზე დაყრდნობამ, მითითებული მაცხოვრის შობის თარიღის სიმცდარე განაპირობა.

არანაკლები გაუგებრობის სათავედ იქცა რომის იმპერიაში ჩატარებული აღწერისა და კვირინუსთან დაკავშირებული საკითხი.

დიახ _ `... მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების გადმოცემაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ როდის განხორციელდა სულპიციუს კვირინიუსის დროინდელი აღწერა. იოსებ ფლავიუსის მოწმობით აღწერა განხორციელდა  ჰეროდეს შვილის, არქელაოსის სიკვდილის შემდეგ (გარდ. ქ.შ-დან 6 წ.), სირიაში სულპიციუს კვირინიუსის მმართველობის დროს (რომის დაარსებიდან 760-765 წ.წ., ანუ ქ.შ-დან 6-12 წ.წ.)...~ (4, გვ.443).

ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის (ახ.წ. 37-100 წ.წ.; იხ. 5, გვ.203) მიერ მითითებულ მინიშნებაზე დაყრდნობით, წინააღმდეგობაში მოვდივართ სახარებისეულ ინფორმაციასთან, რაც თავიდანვე უნდა გამოირიცხოს. აღნიშნული კი, გვაფიქრებინებს, რომ აქ მოცემული მინიშნება სულ სხვა აღწერაზე მოგვითხრობს.

ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ დღეს მიღებული დროითი მიჯნით, ანუ ძვ.წ. 63 წელს, 43 წლის პომპეუსის მეთაურობით, რომის ჯარებმა აიღეს ქ. იერუსალიმი და პალესტინის ტერიტორია, რომის დაქვემდებარებაში მყოფი, სირიის სამხრეთ პროვინციას მიუერთეს.

აქედან, ანუ ძვ.წ. 63 წლიდან მოყოლებული, ჩვენთვის საძიებელი პირველი აღწერა, ავგუსტუსის მიერ ძვ.წ. 12 წელს გამოცემული ბრძანების საფუძველზე ჩატარდა; რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს, ზემოთ მოყვანილ, ფლავიუსის მიერ მოხსენიებულ აღწერასთან, რომელიც მოგვიანებით, სავარაუდოდ, ახ.წ. 6-12 წლებში განხორციელდა.

დროითი თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია სულპიციუს კვირინიუსის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. კერძოდ, დღეისათვის დადგენილია, რომ კვირინუსი _ ორჯერ იყო სირიის გამგებელი. ამასთან, მისი მეორე მმართველობა ახ.წ. 6-12 წლებზე მოდის. სხვადასხვა ინფორმაციაა კვირინუსის პირველი მმართველობის დროით მიჯნებთან დაკავშირებით, რომელთა თანახმადაც გამოკვეთილია: 1) ძვ.წ. 6-4 წ.წ. და 2) ძვ.წ. 3 _ ახ.წ. 1 წლები (იხ. 4, გვ.443).

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სახარებაში მითითებული _ ანნა, იუდეველთა მღვდელმთავარი იყო ძვ.წ. 6 _ ახ.წ. 15 წლებში (გადააყენა იუდეის პროკურატორმა ვალერი გრანდმა), ხოლო მისი დანიშვნა სირიის მმართველად მყოფ კვირინუსს მიეწერება, მაშინ ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად ყოფნის დროითი მიჯნა, მინიმუმ ძვ.წ. 6 წლიდან უნდა იღებდეს სათავეს (იხ. ინტერნეტ გვერდი წწწ.ფ7ხ.რუ).

ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ზემოთაღნიშნულ საძიებელ დროში მომხდარი პირველი აღწერის დაწყების თარიღი _ ძვ.წ. 12 წელი და კვირინუსის მმართველობის დროითი ათვლის ძვ.წ. 6 წელი _ ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.

საეკლესიო ისტორიის `მამად~ წოდებული III_IV ს.ს. მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი _ ევსები კესარიელი, იოსებ ფლავიუსის `სიძველეების~ მეთვრამეტე წიგნზე დაყრდნობით გვაუწყებს _ `... კვირინიუსი, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ავიდა სენატში, კაცი, რომელმაც სხვა თანამდებობები გაიარა და ყველა მათგანის გავლით გახდა კონსული (სხვა მაღალი თანამდებობებიც ეკავა მას), მცირერიცხოვან ამალასთან ერთად ჩავიდა სირიაში, რადგან კეისრის მიერ ერების სამართავად და ქონების შესაფასებლად იქნა გაგზავნილი...~ (4, გვ.25-26).

ისტორიოგრაფიიდან ისიცაა ცნობილი, რომ კვირინუსი, სირიის ერთპიროვნული მმართველის პოსტის დაკავებამდე, მისი წინამორბედის დროს იყო _ სირიის კვესტორი (`... თანამდებობის პირი ძვ. რომში. რესპუბლიკის დამყარებამდე კვესტორი იყო მსაჯული, რესპუბლიკის პერიოდში _ კონსულის თანაშემწე; იმპერიის ეპოქაში განაგებდა გზების მოკირწყვლას, მთავრობის ბრძანებების გამოქვეყნებასა და სხვა~ - იხ. 5, გვ.496), და სხვა ფუნქციებთან ერთად ითავსებდა ფინანსური საკითხების განმგებლიბასაც.

არსებობს მოსაზრება (იხ. ინტერნეტ გვერდი), რომ სახარებაში მითითებული აღწერა ჩატარებული უნდა იყოს კვირინუსის მიერ სირიის კვესტორის თანამდებობაზე ყოფნისას _ აღწერა, უპირველეს ყოვლისა ფინანსურ ხარჯებთან (და მათ მოძიებასთან, ანუ აღწერილი პირების მოსალოდნელ დაბეგვრასთან) იყო დაკავშირებული, ამიტომ, ლუკა მახარებლის მიერ, აღწერაზე მინიშნებისას კვირინუსის მოხსენიება, სწორედაც რომ კვესტორის თანამდებობაზე მყოფ, ანუ პროვინციის ფინანსური გამგებლის (მმართველის) პოსტის მატარებელ პიროვნებას დაუკავშირდა.

თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ აღწერის ჩატარებას რამდენიმე წელი სჭირდებოდა, მაშინ, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სახარებისეული მინიშნების გადმომცემი, კომენტირებული, ტექსტი ასეთ სახეს მიიღებს:

_ `და იყო მათ დღეთა შინა (აქ – ძვ.წ. 12 წ.) გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან (ძვ.წ. 43 – აძ.წ. 14 წ.) აღწერად ყოვლისა სოფლისა (მათ შორის იყო რომის იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფი სირიის სამხრეთ პროვინციაში შემავალი იუდეა). ესე (ანუ ძვ.წ. 12 წ. მიღებული ბრძანების საფუძველზე დაწყებული) აღწერაჲ (ძვ.წ. 63 წელს რომის იმპერიის მიერ ქ. იერუსალიმის აღებიდან მოყოლებული) პირველი იყო მთავრობასა ასურეთს (აქ – სირიის კვესტორის, ე.ი. ფინანსური გამგებლის პოსტზე მყოფი) კGრინესსა. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსა ქალაქად~ (ლუკა 2,1-3).

ხოლო იმაში გასარკვევად, თუ ძვ.წ. 12 წლიდან დაწყებული აღწერის მიმდინარეობის რომელ წელს იშვა მაცხოვარი, უკვე ლუკას სახარებაში დაცული მომდევნო მინიშნება დაგვეხმარება. 

 

 

ნათლისღებისეული მინიშნება

სახარების თანახმად ნათელღებული _ `... იესუ ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა (`ყოფად მეოცდაათე წელსა~)~ (ლუკა 3,23).

როგორც ცნობილია, იუდეური ტრადიციის თანახმად, მოძღვარი _ მხოლოდ 30 წელს მიღწეული პიროვნება შეიძლება ყოფილიყო.

ლუკა მახარებლისეული მინიშნების თანახმად იოანე ნათლისმცემელი მაცხოვარზე ექვსი თვით ადრეა დაბადებული _ `... აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის... (36). და დაჰყო მარიამმა ელისაბედთან სამი თვე, და წავიდა თავის სახლში (56). ხოლო ელისაბედისთვის მოიწია შობის ჟამმა, და შობა ძე~ (ლუკა 1,36; 56-57).

ზემოთქმულიდან გამომდინარე _ იოანე, თავისი მისიის შესრულებას _ ოცდაათი წლის ასაკიდან დაიწყებდა. ამ დროისათვის მომხდარის თაობაზე, ლუკა მახარებელი შემდეგს იუწყება _ `ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო... და მღვდელმთავრები იყვნენ ანა და კაიაფა, გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში~ (ლუკა 3,1-2).

 დღეისათვის `დადგენილი~ ინფორმაციები ასეთი სახისაა:

_ ჰეროდე დიდი, იუდეის მეფე გახლდათ ძვ.წ. 37-4 წ.წ.;

_ ტიბერიუსი დაიბადა, რომის დაარსებიდან 712 წ. (ძვ.წ. 42 წ.), გარდაიცვალა 790 წ. 16 მარტს (ახ.წ. 37 წ.). რომის იმპერატორი იყო ახ.წ. 14-37 წ.წ.;

_ ანა, იუდეის მღვდელმთავარი იყო ძვ.წ. 6 _ ახ.წ. 15 წლებში;

_ კაიაფას მღვდელმთავრობა მოდის ახ.წ. 18-36/37 წლებზე;

_ პონტიუს პილატე, იუდეის პროკურატორი იყო ახ.წ. 26-37 წ.წ. (იხ. `ბიბლია~, თბ. 1989 წ., გვ. 1215).

სახარების თანახმად, რომელიც სულიწმიდის მიერ მოწვდილი უტყუარი (და დიდწილად კოდირებული) ინფორმაციის შემცველია, იოანეს თავისი მოღვაწეობა დაუწყია _ `ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს~, რასაც ზემოთდამოწმებულის თანახმად (14 + 15) ახ. წ. 29 წელი შეესაბამება.

თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ იესუზე ექვსი თვით უფროსი იოანე, იუდეის მეფის ჰეროდე დიდის გარდაცვალებამდე დაიბადა (ისტორიული ქრონოლოგიის თანახმად ჰეროდე დიდი ძვ.წ. 4 წ. 12 მარტს მომხდარი მთვარის დაბნელების სიახლოვეს მოკვდა), მაშინ, მიღებული ახ.წ. 29 წლისათვის, იგი (იესუსთან ერთად) 30 წლიან ასაკს კარგა ხნის გადაცილებული იქნებოდა, რაც წინააღმდეგობაშია სახარებასთან.

ისტორიიდან ცნობილია, რომ _ `ავგუსტუსი გაიუს ოქტავიანე (ძვ.წ. 28.IX. 63 _ ახ.წ. 19.VIII. 14 წ.) რომის იმპერატორ იულიუს კეისრის შვილობილი და მემკვიდრე, მისი დის შვილიშვილი. იულიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ (ძვ.წ. 44 წ.) ეწოდა გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანე, ხოლო _ 27 წლიდან: გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანე ავგუსტუსი... 27 წ. 18 იანვარს უმაღლეს დიქტატორულ ხელისუფლებაზე ფორმალური უარის საპასუხოდ ოქტავიანემ სენატისაგან მიიღო რესპუბლიკური კონსტიტუციით დადგენილი ფართო რწმუნებები: აირჩიეს პრინცეპად ( ანუ _ `პირველი პირველთა შორის~ - გ.ს.), გახდა მუდმივი სახალხო ტრიბუნი, კონსული, ფლობდა უმაღლეს მაგისტრატთა იმპერიუმს. ახ.წ. 12 წლიდან უმაღლესი ქურუმი იყო. სენატმა ოქტავიანეს მიანიჭა `ავგუსტუსის~ (`ღმერთთან აღზევებული~) ტიტული. ასე გაჩნდა რომში ე.წ. პრინციპატი _ ფორმალურად რესპუბლიკური, ფაქტობრივად კი მონარქიული ხასიათის მმართველობის ფორმა...~ (6, გვ.119). 

ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ, მისი ადგილი დაიკავა _ ტიბერიუსმა (ძვ.წ. 16.IX.42 – ახ.წ. 16.III. 37 წ.წ.)(იხ. 7, გვ.714); იგი, უძეოდ გადაგებული ავგუსტუსის გერი გახლდათ, რომელიც ამ უკანასკნელმა ახ.წ. 4 წელს იშვილა და მიანიჭა სახელი _ ტიბერიუს იულიუს ცეზარი... ტიბერიუსს აღუდგინეს ძვ.წ. 1 წელს ჩამორთმეული ტრიბუნის ძალაუფლება. ამას გარდა, ავგუსტუსმა მასზე გაავრცელა, მანამდე `პრინციპატის~ ხელში თავმოყრილი `იმპერატორის~ ძალაუფლება.

(`იმპერატორი _ ლათ. მბრძანებელი, მონარქის ტიტული. თავდაპირველად იმპერატორის ტიტული რომაელ მხედართმთავრებს ეწოდებოდათ. ავგუსტუსის დროიდან იმპერატორად იწოდებოდა რომის სახელმწიფოს მემკვიდრეობითი მეთაური~ _ იხ. 5, გვ.117).

ძვ.წ. 6 წელს `იმპერატორის~ ტიტულის მატარებელი ტიბერიუსი ოფიციალურად გახდა მეორე კაცი სახელმწიფოში (რაც ითვალისწინებდა სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას. მას შეეძლო სახელმწიფოს სახელით ემოქმედა საზოგადოების ცხოვრების ნებისმიერ სფეროში). იმავე წელს მან დიდძალი არმია (20 ლეგიონი) შეკრიბა და შუა დუნაის ტერიტორიაზე, გერმანელი ტომების _ მარკომანების აჯანყების ჩასახშობად გაემართა.

ჩვენის აზრით, სახარებაში მინიშნებულის გასაღები, სწორედაც ზემოთაღნიშნულში უნდა ვეძებოთ. ლუკა მახარებლისეული _ `ტიბერიუს კეისრის (აქ - `იმპერატორის~) მმართველობის მეთხუთმეტე წელი~ (იხ. ლუკა 3,1), თავის ათვლას, ტიბერიუსის მიერ რომის იმპერიაში, რანგით მეორე თანამდებობის, ანუ `იმპერატორის~ ტიტულის დაკავებიდან, ე.ი. ახ.წ. 6 წლიდან უნდა იღებდეს სათავეს.

აღნიშნულზე დაყრდნობით, იოანე ნათლისმცემლის საქმიანობის ღიად დაწყების თარიღად: 6 + 15, ანუ ახ.წ. 21 წელი გამოიკვეთება, რომელი წელიც არის ჯერ _ იოანეს, შემდეგ კი _ მაცხოვრის მიერ, თავისი მიწიური ცხოვრების 30-ე დროითი მიჯნის დამაფიქსირებელი.

შესაბამისად, ვღებულობთ _ იოანესა და იესუს დაბადების წელსაც, რომელიც _  ერთის მხრივ ძვ.წ. 9 წლით, ხოლო მეორეს მხრივ, ზემოთ უკვე ნახსენებ _ რომის იმპერიაში ძვ.წ. 12 წელს მიღებული ბრძანების შესაბამისად, აღწერის დაწყების დროითი მონაკვეთითაა შემოფარგლული.

ყოველივე ზემოთქმულიდან აშკარა ხდება, რომ _ უფალი იესუ ქრისტე დაბადებული უნდა იყოს: ძვ.წ. 10 წლის 25 დეკემბერს, საიდანაც ათვლით, მისი ცხოვრების 30 წლიანი მიჯნა, სწორედ _ ახ.წ. 21 წლის 25 დეკემბერზე მოდის.

ევსები კესარიელი გვაუწყებს _ `... ტიბერიუს კეისრის მეთხუთმეტე წელს, ხოლო პონტოელი პილატეს მმართველობის მეოთხე წელს... ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესუ, ღვთის ქრისტე, ოცდამეათე წელში მყოფი, მოვიდა იოანეს ნათლისცემაზე და დაიწყო სახარების სწავლება~-ო (4, გვ.36-37).

ზემოთქმულზე დაყრდნობით _ ახ.წ. 6 წლიდან ათვლილი ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წელი, ანუ ახ.წ. 21 წელი, თუ _ `პონტოელი პილატეს მმართველობის მეოთხე წელია~, მაშინ აღნიშნულით, არა დღეს დადგენილი ახ.წ. 26 წელი, არამედ ახლად მიღებული _ ახ.წ. 17 წელი იკვეთება.

ერთი შეხედვით არსებული ღია წინააღმდეგობა, ადვილად დაიძლევა თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მიღებული გამოთვლებით, პილატეს მმართველობა,უფალ იესუ ქრისტეს შობიდან 26 წელს იღებს სათავეს, რაც ეფრემ მცირეს მიერ მიღებული _ მაცხოვრის შობის თარიღად მიჩნეული (მცდარი) მიჯნიდან ათვლით ახ.წ. 26 წელზე მოდის;

შესაბამისად, მაცხოვრის შობის თარიღად მიღებული _ ძვ.წ. 10 წლის 25 დეკემბრიდან ათვლით დაწყებული (9 + 17) 26-ე წელი, სწორედაც რომ ზემოთ გამოთვლილ _ ახ.წ. 17 წელს გამოკვეთავს. ეს კი, ევსები კესარიელისეული მინიშნებით, პილატეს მმართველობის მეოთხე წელს, ანუ _ ახ.წ. 21 წ. აღსრულებული ნათლისღებისა და უფალ იესუ ქრისტეს მიწიური ცხოვრების 30-ე დროითი მიჯნის შესრულების მართებულობის დადასტურებას წარმოადგენს.

დასკვნის მაგიერ

დაინტერესებულ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ჩვენს მიერ დადგენილი: მაცხოვრის შობის თარიღი _ ძვ.წ. 10 წლის 25 დეკემბერი (იხ. 1, გვ.5-43), სხვა მრავალ წყაროსმიერ მინიშნებასთან ერთად, ითვალისწინებს (და ეყრდნობა):

_  ჰეროდე დიდის გარდაცვალების თარიღს (ძვ.წ. 4 წ.);

_ ჰეროდე დიდის მიერ ორ წლამდე ყრმების დახოცვის ფაქტის აღმწერ სახარებისეულ მინიშნებას (მათე 2,16);

_ წმიდა ოჯახის ეგვიპტეში გახიზვნად ყოფნის დროით მონაკვეთს (3 წელი);

_ ძვ.წ. 10 წ. 25 დეკემბრიდან ათვლით:

ა) მაცხოვარი 30 წლის გახდა ახ.წ. 21 წლის 25 დეკემბერს;

     ბ) ნათლისღება მომხდარა ახ.წ. 22 წლის 6 იანვარს;

გ) მაცხოვრის მიერ მიმდევრების გაჩენისა, და მათგან 12 მოწაფის გამორჩევის შემდეგ, მათთან ერთად გადახდილი სამი პასექი მოდის: ახ.წ. 23-24 და 25-ე წლის ნისანის (მარტის) თვეზე;

დ) მაცხოვარი ახ.წ. 24 წლის 25 დეკემბერს 33 წლის გახდებოდა;

ე) მინიშნებული წლებიდან, ჯვარცმა-აღდგომის საძიებელი წლის პირველი თვის მე-14 დღე, მხოლოდ ახ.წ. 25 წელსაა _ ხუთშაბათი, საიდანაც აღებული მეორე დღის, ანუ ახ.წ. 25 წ. 15 მარტის პარასკევ დღეს ჯვარზე აღსრულებულ მაცხოვარს, მიწიური ცხოვრების _ 33 წ. და 80 დღე შეუსრულდა;

ვ) სავარაუდო წლებიდან მხოლოდ ახ.წ. 25 წლის მარტის თვეშია მომხდარი მზის სრული დაბნელება (18 მარტი), რაც სახარებაში არსებული მინიშნების დასტურს წარმოადგენს (იხ. 1, გვ.16-17).

ვფიქრობთ, რომ ჩამონათვალის გაგრძელება შორს წაგვიყვანს. ზემოთქმული მხოლოდ იმიტომ გავიხსენეთ, რათა გვეჩვენებინა წინამდებარე წერილში ჩატარებული გამოთვლების მართებულობა.

ვისაც ყური აქვს ისმინოს _ `თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ, ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის~ (I კორ. 14,37-38).

ჩვენი საუბარი სწორედ აღნიშნულით გვინდა დავასრულოთ. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება უკუნისამდე. ამენ.

 

გამოყენებული ლიტერატურა

_ ბიბლია, თბ. 1989 წ.;

1.    მ. სალუაშვილი, უფალ იესუ ქრისტეს შობის თარიღის საიდუმლო, # 6 საყვირ(ალ)I, თბ. 2006 წ.;

2.    ვ. კოპალეიშვილი, მითებიდან კალენდრებამდე, თბ. 1991 წ.;

3.    ქ. ს. ე. , ტ. 4, თბ. 1979 წ.;

4.    ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია, თბ. 2007 წ.;

5.    ქ. ს. ე. , ტ. 5, თბ. 1980 წ.;

6.    ქ. ს. ე. , ტ. 1, თბ. 1975 წ.;

7.    ქ. ს. ე. , ტ. 9, თბ. 1985 წ.;

8.   ინტერნეტ გვერდი წწწ.ფ7ხ.რუ;