Print

გაზეთი № 38 [934]

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014წლი15 სექტემბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია

- „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის“ [შეჯერებული ვარიანტი].

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, სერგი საჯაია,  ვალერი მჭედელაძე, ავთანდილ იოსელიანი, იამზე დემურია, ალექსანდრე თაქთაქიშვილი, ომარ დარსაძე...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

...

დიდი ხანია მინდოდა მეთქვა,

ახლა ვეღარა ვჩერდება:

თქვენი ცრუ დაპირებებით,

უკვე „გაგვევსო“ ბეღლები...

როცა „ადგილებს“ დაეძებთ

„შეხვედრებზე“ გაქვთ - რიგები,

ჩვენ - საცოდავებსაც, გვჯერა

ეგ თქვენი „დანა-პირები“...

როდესაც - სკამზე მოჯდებით,

ჩვენ უკვე აღარ გჭირდებით.

ჩვენს შორის დადის - უფალი,

ხედავს ორივე თვალითა:

ზოგი მილიონებს „კეცავს“,

ზოგიც ივსება ვალითა...

გაჭირვებულებს რომ ვხედავ,

გული მისკდება ბოღმითა...

ამ დროს - ბანკები ივსება

ცოდვილი დოლარებითა.

სულ მალე - მაგ თქვენს დოლარებს,

გადაეშლებათ ნომრები,

ვეღარც „პატრონი“ მოიხმარს,

ვერც - ბანკის თანამშრომელი...

ეკატერინე

ხრიკული

 

 

ზეციური კურთხევა ალამს!

მგზნებარე სულში დაფერფლილი

დროშა განახლდა,

დრო - ისტორიის ქარტეხილებს

კვლავ უბრუნდება,

ზეცის განგებით, ღვთიური გზებით,

გამარჯვებისკენ გზას გაიკვალავს,

წინ აღუდგება მავანს და მავანს...

ვითარცა მაცნე ზეციური,

ნათელ მომავალს აუწყებს ერსა!

გამოიარა მძაფრი ქარტეხილი.

შეისისხლხორცა ჭირ-ვარამი

ქართველ ერისა...

სამების არსის მატარებელი

სამფეროვანი დროშა გვანიშნებს,

რომ დრო იცვლება.

„განახლებული ისტორიანი“

კვლავ დაიწყება.

ფრთხილად ერებო!..

უფალი იცავს „ზეციერთა სავანეს“:

ქართულ მიწა-წყალს.

ნუ ებრძვით საქართველოს!..

მოდით მწყურვალნო,

ეზიარეთ ჭეშმარიტებას!..

ღვთივ საიდუმლო გზები იხსნება

საქართველოში.

მოდის დროება განახლებული,

ახალი დროშის ეტალონი

წინ მიუძღვება...

შორიდან მოჩანს - სასახლეშიაც

განახლებული დროშა ფრიალებს.

ქართველთა სულში ზეიმია,

ქრისტიანული მრწამსი მზიანობს.

ჩვენი ალამი, სულში ნაძერწი,

და მარადიულ ცეცხლში ნაწრთობი,

წინ მიუძღვება ქრისტესმიერ გზას...

ხმა ზეციერთა ასე მოისმის:

ოდესღაც ნაგვემი, ჯვარცმული ერი -

ღორძინდება!

და საქართველო, ღვთივკურთხეული

„კვლავ“ გაბრწყინდება! - ამენ!

დინა [დიანა]

ჯიქია

 

ერი, ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი

„ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად“ [მათე 19,28];

„არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება“ [მატე 9,17];

„...შენა ხარ ღმერთი. კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!“ [ფსალმ. 89,3];

„დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა...“

„ენა“ ძველ ქართულში, ისევე როგორც სხვა ძველ ენებში, მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნება, მოდგმას...

იოანე-ზოსიმეს „ქებაი...“, ეხება არა მხოლოდ ქართულ ენას, როგორც ასეთს, არამედ - ქართველ ერს, ქართულ ეთნოსს, მის კულტურულ ისტორიულ მისსიას...

ახლა განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს „საწამებლად“... ზოგი მკვლევარი აქაც თანამედროვე მნიშვნელობით იგებს სიტყვას „საწამებლად“, როგორც - „წამებას“, „ტანჯვას“. სინამდვილეში „საწამებლად“ აქ ძველი ქართული მნიშვნელობით არის ნახმარი, ისევე როგორც სახარებაში - „და სწამა იოანე და თქუა“ [იოანე 1,52]. ე.ი. „დაამოწმა“...

ენა თავისთავად ვერავისთვის ვერაფერს სწამებს, ვინაიდან იგი არ არის ცოცხალი არსება, პიროვნება. სიტყვა „საწამებლად“, „სწამა“ და მისგან ნაწარმოები სხვა სიტყვები საღვთო წერილშიც და ქრისტიანულ ლიტერატურაშიც მუდამ იხმარებიან ადამიანთან, პიროვნებასთან ან ადამიანთა ჯგუფთან [თუნდაც ერთან] დაკავშირებით... მამხილებელიც შესაძლოა იყოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ან ერი და არამც და არამც მხოლოდ მისი ენა...

იოანე-ზოსიმე ამ შემთხვევაში ვერ იხმარდა ტერმინ „ეროვნებას“, ვინაიდან ეს ტერმინი იმ ეპოქაში ჯერაც არ არსებობდა... ამიტომაც იხმარა მან „ენა’, რომლ;იც მის ეპოქაში ნიშნავდა - „ერს“, „ეროვნებას“, „მოდგმას“.

„და მეგობრობაი ამისთვის თქუა, ვითარმედ „ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს“... ე.ი. ქართული მოდგმა, ქართველი ერი არის მეგობარი ქრისტესი, ისევე როგორც ლაზარე...

... სახარების მიხედვით, სულიწმინდის მისსია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ „ყველა ენათა“ ცოდვათა მხილება. იგივე მისსია ეკისრება ქართველ ერს მომავალში იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, სულიწმიდის მიერ კაცობრიობის მომავალ მხილებას ქართველ ერს იმის გამო უკავშირებს, რომ საქართველო არის წილხვდომილი ღვთისმშობლისა, ხოლო ღვთისმშობელი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება...“ [იხ. ზვიად გამსახურდია, „საქართველოს სულიერი მისსია“ ზვიად გამსახურდიას (ავტორიზებული) ბიოგრაფია ბიბლიოგრაფიით“, თბ. 2007 წ. გვ.30-60].

საქართველოს დიდება

აცხოვნე უფალი ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი; ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!

 

ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი

„სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამამ ჩემმა ზეციერმა.

და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც“ [მათე 16,16-19];

„ხოლო ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, და დახშავს და ვერავინ აღებს:

ვიცი საქმენი შენი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას. შენ მცირედი გაქვს ძალა, მაგრამ დაიმარხე ჩემი სიტყვა და არ უარყავ სახელი ჩემი.

აჰა, მე ვიქმ იმას, რომ სატანის საკრებულოდან, მათგან, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვიქმ იმას, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და სცნონ, რომ მე შეგიყვარე შენ.

რაკიღა დაიმარხე სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.

აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ იპყარ, რაცა გაქვს, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი. მძლეველს ვყოფ ბურჯად მამის ჩემის ტაძარში, და აღარასოდეს გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღმერთისას და სახელს ჩემი ღმერთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, რომელიც ზეცით ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს“ [გამოცხ. 3,7-12].

„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც“ [მათე 18,18];

„აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები“ [მათე 10,16];

„როგორც ვერ შესძლებ გამოიკვლიო ან მიხვდე, რა არის ზღვის უფსკრულებში, ასევე ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე, ან ისინი, ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება“ [3 ეზრა 13,52];

„აჰა, დადგება ჟამი და მოვა ნიშნები, მე რომ წინასწარ გაუწყე: გამოჩნდება სძალი და მისი გამოჩენისას გამოცხადდება, რაც მიწით არის დაფარული“ [3 ეზრა 7,26];

„გამოცხადდება ჩემი ძე იესო იმათთან ერთად, ვინც მასთან არიან...“ [3 ეზრა 7,28];

„ლომი რომ იხილე ტყიდან ბდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისთვის, რაც მოისმინე.

ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს. ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ“ [3 ეზრა 12,31-33];

„და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა“ [მათე 10,23];

„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში“ [მათე 16,28].

 

მოამზადა

დავით შათირიშვილმა

   

 

ბოლო ჟამში გასახსნელი [საიდუმლოს]

რამოდენიმე მინიშნება:

12 ნაწილად დაყოფილი, ანუ - „მეათედის მეორე ნახევარი“

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, და სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.

წინამდებარე წერილში ბიბლიაში მოცემულ იმ წინასწარნაუწყებ ნიშანზე გვინდა ვისაუბროთ, რომელიც - „მესამე ეზრა“-შია მოცემული. საუბრის დაწყებამდე, თავად ამ წიგნის [წერილის] შესახებ არსებული ინფორმაცია გვინდა გავიხსენოთ:

 

„მესამე ეზრა“-ს სახელდების „ისტორია“

მართლმადიდებლურ ბიბლიაში - წინასწარმეტყველ ეზრას სახელთან დაკავშირებული სამი წერილია დაცული: „1 ეზრა“, „2 ეზრა“ და „3 ეზრა“. ისინი არაკანონიკურადაა მიჩნეული, რამეთუ მათი ებრაული დედანი შემონახული არ არის. ტექსტი ლათინურიდანაა თარგმნილი.

განსახილველი - „3 ეზრა“, ინგლისურენოვან ბიბლიაში ცნობილია „ეზდრას მე-2 წიგნის“ (2 ეზდრა) სახელწოდებით. რაც შეეხება „ვულგატას“ [მე-4 საუკუნეში ლათინურ ენაზე შესრულებული ბიბლია], აქ მას „4 ეზდრას“ (ეზდრას მე-4 წიგნს) უწოდებენ. ნაშრომს „3 ეზდრა“ ჰქვია ძველ სლავურ ენაზე შესრულებულ ბიბლიაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებლური ბიბლიის -  „3 ეზრა“-ს პირველი ორი თავი მხოლოდ ლათინური ვერსიიდანაა ცნობილი, და, ერთობლიობაში, სწავლულები მათ „5 ეზრად“ მოიხსენიებენ. ფიქრობენ, რომ ისინი ქრისტიანული წარმოშობისანი უნდა იყვნენ [აქ - ღმერთის მიერ ისრაელიანთა უარყოფაზეა საუბარი (თავი 1), აგრეთვე ღმრთისშვილის ხილვაა აღწერილი (თავი 2). სავარაუდოდ, ე.წ. „5 ეზრა“-დ წოდებული  მონაკვეთი გვიანი ქრისტიანული (შესაძლოა მე-3 საუკუნის) მინამატი უნდა იყოს.

„3 ეზრას“ მომდევნო, ანუ 3-14 თავების ერთობას - „4 ეზრა“-ს ან/და „ეზრას ებრაულ აპოკალიფსსაც” უწოდებენ. არსებობს მათი შედარებით გვიანი პერიოდის ნაშრომიც, რომელიც „ეზრას ბერძნული აპოკალიფსის” სახელით მოიხსენიება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის ბერძენი მამები ე.წ. „4 ეზრას“ ძირითადად „წინასწარმეტყველი ეზდრა"-ს, აგრეთვე „ეზრას აპოკალიფსისი"-ს უწოდებდნენ. მკვლევართა ნაწილის შეფასებით, წიგნის ორიგინალი ებრაულ ენაზე იყო შესრულებული, შემდგომ ითარგმნა - ბერძნულად, ლათინურ, სომხურ, ეთიოპიურსა და ქართულ ენებზე. თუმცაღა მოგვიანებით, ებრაული და ბერძნულენოვანი ნაშრომები დაიკარგა. ამჟამად შემორჩენილია ერთმანეთისაგან  მცირედ განსხვავებული - ლათინური, სირიული, არაბული, ეთიოპიური, ქართული და სომხური თარგმანები.

აღსანიშნავია, რომ ეთიოპიური მართლმადიდებლური ეკლესია „4 ეზრას“ - კანონიკურ წიგნად აღიარებს. აღმოსავლური სომხური ტრადიციით კი მას „3 ეზრა“ ეწოდება.

წიგნის უკანასკნელ ორ: მე-15 და მე-16 თავს - „6 ეზრას“ უწოდებენ. იგი გვხვდება ლათინურ თარგმანში, თუმცა არა აღმოსავლურ ტექსტებში. ზოგი ვარაუდობს, რომ ეს ნაწილი მოგვიანებით ქრისტიანთა მიერ უნდა იყოს მიმატებული, შესაძლოა, ისინიც ლათინური ვერსიის პირველ ორ თავთან ერთად დაამატეს. შესაძლებელია, ე.წ. „6 ეზრა“ წარმოშობით ებრაულიც იყოს. ამასთან, მე-15 თავის 57-59 მუხლებს ვხვდებით ბერძნულ თარგმანში. სწავლულთა უდიდესი ნაწილის მტკიცებით ეს უკანასკნელი ებრაული ტექსტიდან უნდა იყოს თარგმნილი.

ამდენად, თუ შევაჯერებთ ზემოთქმულს, განსახილველ „3 ეზრა“-სთან მიმართებაში  ასეთი სურათი იხატება:

- მართლმადიდებლურ ბიბლიაში „მესამე ეზრა“ 16 თავისაგან შედგება [ინგლისურენოვან ბიბლიაში იგი ცნობილია „ეზდრას მე-2 წიგნის“ (2 ეზდრა) სახელწოდებით; ხოლო „ვულგატა“ [მე-4 საუკუნეში ლათინურ ენაზე შესრულებული ბიბლია], მას „4 ეზდრას“ (ეზდრას მე-4 წიგნს) უწოდებს];

- მართლმადიდებლური ბიბლიის „მესამე ეზრა“-ს პირველ ორ და ბოლო ორ თავს, მეცნიერთა ნაწილი გვიანი ქრისტიანული (შესაძლოა მე-3 საუკუნის) მინამატად მიიჩნევს, და მათ, შესაბამისად: მე-5 და მე-6 ეზრას სახელდებით მოიხსენიებს;

- მართლმადიდებლური ბიბლიის „მესამე ეზრა“-„3-14 თავების“ ერთობას „მეოთხე ეზრად“ სახელდებენ, და მას - „ეზრას ებრაულ აპოკალიფსს”, „ეზრას ბერძნულ აპოკალიფსისს”, ანდა „ეზრას აპოკალიფსისს" უწოდებენ.

 

წინათქმა, ანუ კონსტიტუციური რეფორმის

მოკლე ჩამონათვალი

განსახილველი ბიბლიური მინიშნების არსში გარკვევამდე, მოდით თავად იმ მოვლენის წინარეისტორიაც გავიხსენოთ რომლის შესახებაც კოდირებულად იუწყება წმიდა წერილი.

1991 – 1992 წლების გასაყარზე მომხდარი სახელმწიფო სამხედრო გადატრიალების შემდგომად ხელისუფლებაში მოკალათებული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა მიერ - 1995 წლის 24 აგვისტოს, ე.წ. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდე,გ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

 

ა) 1999 – 2009 წლებში შეტანილი ცვლილებები

ახალი კონსტიტუციის პირველი რევიზია განხორციელდა 1999 წლის 20 ივლისს მიღებული ორი კონსტიტუციური კანონით. ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის 50-ე და 70-ე მუხლების ზოგიერთ დებულებას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 7%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენა იყო;

2000 წლის 20 აპრილსა და 2002 წლის 10 ოქტომბერს მიღებული კონსტიტუციური კანონით, კონსტიტუციის შესაბამის ნაწილებში, აჭარისა და აფხაზეთის სტატუსი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის“ სახით განისაზღვრა;

2001 წლის 30 მარტის კონსტიტუციური კანონით გადაისინჯა კონსტიტუციის მე-9, 66-ე, 73-ე და 89-ე მუხლები. ამ კონსტიტუციური კანონის საფუძველზე დაიშვა კონსტიტუციური შეთანხმების დადების შესაძლებლობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის.

2003 წლის 23 ივლისის კონსტიტუციური კანონით გადაისინჯა კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი და დაწყებით განათლებასთან ერთად სავალდებულოდ გამოცხადდა აგრეთვე საბაზისო განათლება.

ე.წ. ვარდების რევოლუციით ხელისუფლებაში მოსული ძალის მიერ, 2004 წელს მასშტაბური კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდა. კერძოდ:

- 6 თებერვალს ცვლილება შეეხო 30-მდე მუხლს, კონსტიტუციის ტექსტს ჩაემატა ახალი, მეოთხე1 თავი, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობას, ამოღებულ იქნა 91-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება იყო...  კონსტიტუციური კანონი არსებითად შეეხო კონსტიტუციის იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ფორმას ადგენდა - საპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად შემოღებულ იქნა მმართველობის ფორმა, რომლის კონცეფციურ საფუძვლად სახელდება ე.წ. ფრანგული მოდელი;

- 23 აპრილს მიღებული კონსტიტუციური კანონით შეიცვალა საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შინაარსი;

- 1 ივლისს კონსტიტუციური კანონით, რომელიც კონსტიტუციის ტექსტში არ შედის, განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები, ორგანოთა სისტემა, მათი კომპეტენცია. ამავე კანონით გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.

2005 წელს მიღებული სამი რიგის ცვლილებათა არსი ასეთია:

- 23 თებერვლის კონსტიტუციური კანონის საფუძველზე, 235-დან 150-მდე შემცირდა საქართველოს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა; ამასთანავე 10-ის ნაცვლად დადგინდა 7 წევრის მოთხოვნა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის;

- 23 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი შეეხო კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და 26-ე მუხლის მე-5 პუნქტებს - ამოღებულ იქნა სიტყვები - „უშიშროების სამსახური“; ცვლილება შეეხო 73-ე მუხლს, რომლითაც პრეზიდენტს მიეცა უფლება, გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან დაითხოვოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები;

- 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონით მოხდა სასამართლო ხელისუფლების რეგულაცია - დადგინდა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასაკობრივი ცენზები; ცვლილება შეეხო მოსამართლის სტატუსს, და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ერთ-ერთ სუბიექტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, როგორც უმაღლეს საკასაციო სასამართლოს სტატუსს;

2006 წლის 27 დეკემბერს მიიღეს ოთხი კონსტიტუციური კანონი. ერთ-ერთი მათგანით აიკრძალა სიკვდილით დასჯა, ხოლო მე-17 მულხს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, იკრძალება დაკავებული პირის ფიზიკური და ფსიქიკური იძულება. შემდეგი კონსტიტუციური კანონები ეხება - პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდლის უფლებამოსილებებს; საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების რეგულაციას; პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობაში; მართლმსაჯულებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებს.

2008 წელს განხორციელდა შემდეგი სახის ცვლილება:

- 11 მარტის კონსტიტუციური კანონი შეეხო პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობას, მთავრობის შემადგენლობას, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინსტიტუტს;

- 12 მარტის კონსტიტუციური კანონის მიხედვით, პარლამენტში უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 წევრი; საარჩევნო ბარიერი 5%-ით განისაზღვრა;

- 10 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი შეეხო იმპიჩმენტის საფუძველს, პრეზიდენტის უფლებას, თანამდებობიდან გადააყენოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები; პროკურატურის ორგანოები შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.

2009 წლის 24 სექტემბრის კონსტიტუციური კანონით განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი — თბილისსა და ქუთაისში (ქუთაისში უნდა გამართულიყო პლენარული სხდომები.

 

ბ) 2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო გადატრიალება

მიხეილ სააკაშვილმა და მის მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლებმა, იცოდნენ რა რომ კონსტიტუციის იმ მოთხოვნის შეცვლა, რომლის ძალითაც საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ ორი ვადით შეიძლებოდა ყოფნა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი მათი მფარველების გულისწყრომას გამოიწვევდა, მასტაბური საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება განიზრახეს.

2010 წლის 15 ოქტომბერს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის, პრეამბულასაც. პრეამბულის თხრობის სტილი შეიცვალა მესამე პირში. კონსტიტუცია ემყარება არა - 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, არამედ მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას;

ცვლილებები შევიდა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ხელისუფლების ორგანოთა ნორმებში. კონსტიტუციას ჩაემატა მეშვიდე1 თავი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკითხებს არეგულირებს;

2010 წლის 15 ოქტომბრის რეფორმით გათვალისწინებულ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც - 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევიდოდა ძალაში.

 ამ ცვლილებებით შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის ფორმა - საქართველო გახდა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. კერძოდ: იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას. სამაგიეროდ გაეზარდა უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრს. იგი გახდა მთავრობის მეთაური.

შემოღებულ იქნა კონტრასიგნაციის ინსტიტუტი - პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს კონსტიტუციის 731 მუხლში გათვალისწინებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები.

სრულიად შეიცვალა მთავრობის ფორმირების წესი - მას აყალიბებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი. მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე. პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს, ხოლო მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს. თუ ორი დღის ვადაში იგი არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი მაინც დანიშნულად ითვლება.

გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ - 21-ე საუკუნის მე-10 წლის მეორე ნახევარში მ. სააკაშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა რეჟიმმა - საკონსტიტუციო გადატრიალება განახორციელეს, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - შეექმნათ სამართლებრივი საფუძველი ხელისუფლებაში მ. სააკაშვილის  განუსაზღვრელი ვადით დარჩენისათვის.

მათდა სამწუხაროდ 2011 და 2012 წლებში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შემდგომად, კერძოდ - 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამარცხება განიცადა.

სამაგიეროდ, ქვეყანა დარჩა - 2010 წ. 15 ოქტომბერს „ნაცების“ მიერ განხორციელებული იმ საკონსტიტუციო გადატრიალებით თავსმოხვეული სამართლებრივი სისტემის ტყვეობაში, რომელიც ძალაში - 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდა.

ქვეყნის უმთავრეს კანონში განხორციელებულმა „გაუაზრებელმა“ სამართლებრივმა „რეფორმამ“ სახელისუფლო შტოებს შორის გარდუვალი დაპირისპირების მთელ ჯაჭვს დაუდო სათავე.

 

ძველი აღთქმის „აპოკალიფსისეული“ ერთი მინიშნება

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო ჟამთან დაკავშირებული ინფორმაციები, სხვადასხვა კუთხით, კოდირებულად აღგვიწერენ საქართველოში მომხდარ ამა თუ იმ მოვლენას.

ძველი აღთქმის „აპოკალიფსის“, ანუ მესამე ეზრას მე-14 თავში, კერძოდ ვკითხულობთ - „...როცა მუხის ქვეშ [კოდია] ვიჯექი, 2. აჰა, მომესმა ხმა მაყვლის ბუჩქიდან, მითხრა: ეზრა, ეზრა! ვთქვი: აჰა, მე ვარ, უფალო-მეთქი და ფეხზე წამოვდექი. და მითხრა მან:

... 9. შენ გამორჩეული ხარ ყველასგან და ჩემი მცნებებისკენ იქნები მიქცეული [აქ - რეინკარნაციის თაობაზეა მინიშნება] შენს მსგავსებთან ერთად დრო-ჟამის დასასრულამდე [ანუ - განკითვის დღის დადგომამდე, ე.ი. ბოლო ჟამში]. 10. რადგან დაკარგა წუთისოფელმა თავისი სიჭაბუკე და სიბერის ჟამმა [აქ - განკითხვამ] მოუწია.

11. თორმეტ ნაწილად არის დაყოფილი წუთისოფელი და მისი მეათედი და ნახევარი უკვე გასულია, 12. და დარჩება მეათედის მეორე ნახევარი“ [3 ეზრა 14,1-2; 9-12].

მოდით მივყვეთ კოდირებული თხრობის ახსნას.

ჩვენის აზრით, ბიბლიის განსახილველი მონაკვეთი იმ დიდი მიჯნის შეცნობას ეხება, რომელიც ბიბლიური ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილების პირველ ეტაპს გამოკვეთავს.კერძოდ:

- კოდირებული: „თორმეტ ნაწილად არის დაყოფილი წუთისოფელი“ [3 ეზრა 14,11], განსახილველი კუთხით,ოცდამეერთე საუკუნის მე-12-ე, ანუ - 2012  წელზე უნდა გვანიშნებდეს;

- 1989 წ. დაბეჭდილ ბიბლიის ქართულ ტექსტში არსებული: „მისი მეათედი და ნახევარი უკვე გასულია“ [3 ეზრა 14,11], ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის მის გაგრძელებაში დაფიქსირებულთან - „და დარჩება მეათედის მეორე ნახევარი“ [3 ეზრა 14,12]. აშკარაა, რომ მე-11 მუხლში მოცემული „მეათედი“-ს მაგივრად უნდა ეწეროს - „მეცხრედი“.

ჩვენს მიერ თქმულს ამყარებს ბიბლიის რუსული რედაქცია, სადაც ვკითხულობთ - „...и девять частей его и половина десятой части уже прошли, и остается то, что после половины десятой части“ [„... ი დევიატ ჩასტეი ეგო ი პოლოვინა დესიატოი ჩასტი უჟე პროშლი, ი ოსტაიოტსა ტო ჩტო მოსლე პოლოვინი დესიატოი ჩასტი“].

დაშვებული კორექტურული შეცდომის გასწორების შემდეგ ქართული ტექსტი ასეთ სახეს მიიღებს - „...მისი მეცხრედი და ნახევარი უკვე გასულია, და დარჩება მეათედის მეორე ნახევარი“.

მაშასადამე, იმ დაშვებით რომ ხსენებული კოდი - „თორმეტ ნაწილად არის დაყოფილი წუთისოფელი“, 21-ე საუკუნის მე-12-ე, ანუ 2012 წელში მოსახდენზე გვანიშნებს, მაშინ ტექსტის გაგრძელებაში მოცემული - „...მისი მეცხრედი და ნახევარი უკვე გასულია, და დარჩება მეათედის მეორე ნახევარი“, გამოკვეთს იმ მიჯნას, როდესაც 21-ე საუკუნის 12 წლის - „მეცხრედი და ნახევარი უკვე გასულია“, და ესაა - 2009 წელი [„მეცხრედი“], და 2010 წლის პირველი ნახევარი;

რაც შეეხება კოდირებული ტექსტის ბოლო მონაკვეთს - „და დარჩება მეათედის მეორე ნახევარი“, ცხადია რომ აღ-ნიშნულით წინასწარგან-ჭვრეტილია - ამ დროში მოსახდენ მნიშვნელოვან ფაქტზე. ანუ, გვენიშნება 2010 წლის მეორე ნახევარში [2010 წ. 15 ოქტომბერი], ანუ საშემოდგომო სესიაზე მომხდარ ზემოთგანხილულ იმ მოვლენაზე, რომელსაც ყველა საკონსტიტუციო გადატრიალებას არქმევს.

თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა სათავე დაუდო, მესამე ეზრას წინასწარმეტყველებაში დაფიქსირებული „ორნი დასასრულამდე დარჩებიანით“ [3 ეზრა 12,21] სახელდებულ ეტაპს [იხ. ჩვენი გაზეთის წინა ნომრები], მაშინ ცხადი გახდება - რატომ ამახვილებს ყურადღებას ბიბლია - „მეათედის მეორე ნახევარში“ მომხდარზე, რომელმაც 2012 წლის შემდგომად დაწყებულ სამართლებრივ ქაოსს დაუდო სათავე.

ჩვენს თხრობას კი, ამ სამართლებრივი თუ ცხოვრებისეული ქაოსის თაობაზე, ბიბლიაში მოცემული იმ მინიშნებით დავასრულებთ, რომელიც ასეა ფორმულირებული - „...ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა, 12,30].    

ვისაც ყური აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი