Print

გაზეთი № 50 [946]

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი8 დეკემბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებათა ბაზაზე საპროგრამო პაკეტის შემუშავებისა და მათი გასაჯარისების კონკრეტული სამოქმედო მექანიზმის თაობაზე;

- თინათინ ბაიაშვილის წინადადება 22 დეკემბრისათვის დაგეგმილ ღონისძიებათა გეგმის შესახებ;

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ვალერი მჭედელაძე, თინათინ ბაიაშვილი, ჯემალ ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი, იამზე სიჭინავა [დემურია]...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს,

სინოდის თავმჯდომარეს:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,

უწმიდესსა და უნეტარეს

ილია II-ს

 

თქვენო უწმიდესობავ!

 

საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე ისტორიის გზასავალზე ქართული სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის სიმყარე დიდწილად განსაზღვრავდა ჩვენი ქვეყნის სულიერ თუ ფიზიკურ სიძლიერეს.

საბჭოთა იმპერიის ათეისტური იდეოლოგია, მთელი სამოცდაათი წლის მანძილზე, თანამიმდევრულად ცდილობდა შემოქმედისთვის დაეცილებია მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მაცხოვრებელნი.

1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნებით, ღმერთის ნებითა და საქართველოს მაცხოვრებელთა ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ღმერთისაკენ შემობრუნებული ერის წინამძღოლობა დაისახა მიზნად.

1991 წ. 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ზვიად გამსახურდიამ, 1991 . 7 ივნისს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე, ბიბლიაზე ხელდადებით წარმოთქმული საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, კერძოდ განაცხადა:

 „...საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიან ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას.

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათთვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც...

ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად...

ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროუ-ლად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც ემყარება. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადი-დებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს...“.

ჩვენი შეცოდებების გამო მომძლავრებული უკეთური ძალის გავლენით მომქმედი ქვეყნის გარე და შიდა დამნაშავე ელემენტების ერთობლივმა ქმედებამ, ქვეყნის მიერ სწორად განსაზღვრული გზასავალი დროებით შეცვალა.

ღმერთისადმი შინაგანი დამოკიდებულების, ფიზიკურ ქმედებაში გამოვლენის ნიმუშად გამოდგება ისიც, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებულმა“ პრეზიდენტებმა, ჯერ - ედ. შევარდნაძემ, ხოლო შემდგომად მ. სააკაშვილმა და გ. მარგველაშვილმა, საპრეზიდენტო ფიცის აღვლენა არა - ბიბლიაზე, არამედ ჩვეულებრივ მოკვდავთა ნააზრევის ერთობის ამსახველ იურიდიულ დოკუმენტზე - კონსტიტუციაზე ხელდადებით წარმოთქვეს.

ღმერთის სიტყვასა და ადამიანის ნამოღვაწარს შორის გაკეთებული ამ საბედისწერო არჩევანის შედეგმაც არ დააყოვნა: 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების გზით ქვეყნის სათავეში მოსული უკანონო და დამნაშავე ხელისუფალისა და მის სამართალმემკვიდრეთა ქმედებამ დღევანდელი რეალობის სურათი შექმნა.

 

თქვენო უწმიდესობავ!

თქვენ ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისა და აქ მაცხოვრებელთა ხსნა მხოლოდ ღმერთისაკენ მავალ ჭეშმარიტ გზისკენ შემობრუნებაშია.

მონანიების მადლით გამოვლენილმა საეკლესიო და პოლიტიკურმა ნებამ, ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს. 

სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე პირთა მიმართ ჩვენი ისტორიული ტოლერანტული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ოცდაოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, დღესაც აქტუალურია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმული - „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრფეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა თავისუფლება, იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიის ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა...“.

 

თქვენო უწმიდესობავ!

გვინდა წარმოგიდგინოთ, საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების სახით გადასაცემად განკუთვნილი, ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებული კანონპროექტი - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“.

იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენთვის ჩვეული გულისხმიერებით შეფასებული წინამდებარე დოკუმენტი, იმ დიადი მიზნის განხორციელების ერთგვარ საფუძვლად იქცევა, რასაც - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჰქვია.

ცალკეულ საკითხთა ურთიერთ შეჯერების მიზნით, თქვენი სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ თქვენთან, ან თქვენი კურთხევით მომქმედ ნებისმიერ პირთან გამართულ შეხვედრაში.         

ერი და ბერი - ჭეშმარიტ რწმენაზე დაფუძნებული საქმის მოლოდინშია - „ვინაიდან, როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე“ [იაკობ. 2,26].

და - თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

 

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

დანართი:

კანონპროექტი - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, 14 გვ.

 

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

თბილისი,

10 დეკემბერი, 2014 წ.

 

 

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოში

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადების შესახებ

 

თავი პირველი

ზოგადი დებულება

 

მუხლი 1.

კანონის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების, რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებიდან გამომდინარე, განსაზღვროს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი ქართულ სახელმწიფოებრივ სისტემაში.

მუხლი 2.

საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში.

მუხლი 3.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

მუხლი 4.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

მუხლი 5.

 საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.

მუხლი 6.

საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია [შემდეგში - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია] არ ერევიან ურთიერთის საქმიანობაში. ისინი ერთობლივად უზრუნველყოფენ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობას.

მუხლი 7.

სახელმწიფოზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებას, იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

მუხლი 8.

მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული ფინანსური მხარდაჭერითა და მფარველობით;

მუხლი 9.

საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს წარმოადგენენ. მათი შექმნისათვის სახელმწიფოს ნებართვა არ არის საჭირო და რაიმე სახის ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსაგან არ იღებენ.

 

თავი მეორე

საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის

უმაღლეს ორგანოები

მუხლი 10.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით [საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება], საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო, მისი განყოფილებები, დაწესებულებები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარგარეთ არსებული სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით.

მუხლი 12.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ:

ა) საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი [შემდგომში - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი];

ბ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

გ) საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით);

დ) სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 13.

1. საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.

2. კრებებს შორის პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 14.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

მუხლი 15.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.

მუხლი 16.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 17.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სახელმწიფოს ხელისულების წინაშე.

 

თავი მესამე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

კანონიკური სამართალი

მუხლი 18.

სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სამართალს:

ა) წმიდა წერილსა და საღმრთო გადმოცემას;

ბ) „დიდი სჯულისკანონს“;

გ) „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას“.

მუხლი 19.

„საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.

მუხლი 20.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება - მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის: საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.

მუხლი 21.

საეკლესიო სასამართლოს უფლება აქვთ:

ა) საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს;

ბ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს;

გ) ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს.

მუხლი 22.

საეკლესიო ცხოვრების წესთან დაკავშირებით მიღებულ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, საპარლამენტო  კანონის  ძალა  გააჩნია. თუ სინოდი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც პარლამენტის პრეროგატივაა, პარლამენტი კონტროლის უფლებას იტოვებს.

მუხლი 24.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებები ძალაში შედიან მიღებისთანავე, თუ დადგენილება არ ითვალისწინებს სხვა ვადებს.

მუხლი 25.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახორციელებს პირველი ინსტანციის საეკლესიო სასამართლოს ფუნქციებს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, ხოლო მეორე ინსტანციის საეკლესიო სასამართლოს ფუნქციებს საქართველოს ეკლესიის დანარჩენი ეპარქიების მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ გაასაჩივრონ თავიანთი მმართველი მღვდელმთავრის განაჩენი.

 

თავი მეოთხე

საქართველოს ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება

მუხლი 26.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისას ან/და საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ახალი დებულების დამტკიცების ან/და მასში ცვლილებების შეტანისას ხდება „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ განსაზღვრული შემადგენლობის მქონე საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა.

მუხლი 27.

საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებას იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

მუხლი 28.

კრებათა შორის პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

თავი მეხუთე

სრულიად საქართველოს საპატრიარქო

მუხლი 29.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებათა ერთობლიობას ეწოდება - სრულიად საქართველოს საპატრიარქო“.

მუხლი 30.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებებსა და სამსახურებს ქმნის, მათ ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 31.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებები და სამსახურები არიან ზედამხედველი და მაკოორდინირებელი ორგანოები ეპარქიებში მოქმედი ანალოგიური დაწესებულებებისა.

მუხლი 32.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებებისა და სამსახურების მოღვაწეობას არეგულირებენ შესაბამისი წესდებები, რომლებსაც ამტკიცებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 33.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“, მისი განყოფილებები, დაწესებულებები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარგარეთ მყოფი სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით.

 

თავი მეექვსე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

შემადგენელი ერთეულები

მუხლი 34.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყოფა ეპარქიებად, რომლებსაც მართავენ მღვდელმთავრები.

მუხლი 35.

ეპარქიაეწოდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ ნაწილს, რომელსაც კანონიკურად მართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმ. სინოდის მიერ დადგენილი ეპარქიის მღვდელმთავარი.

მუხლი 36.

ეპარქიების საზღვრებს საქართველოს ტერიტორიაზე ადგენს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით. საქართველოს საზღვრებს გარეთ ეპარქიების საზღვრები დგინდება საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით.

მუხლი 37.

ყოველ ეპარქიაში არსებობენ საეპარქიო მმართველობის ორგანოები, რომლებიც მოქმედებენ საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 38.

ეპარქიის საჭეთმპყრობელი და მისი კანონიკური მმართველი, წმიდა მოციქულებიდან მომდინარე უწყვეტი იერარქიული ხელდასხმის მადლით, არის ეპარქიის მღვდელმთავარი.

მუხლი 40.

ეპარქიის მღვდელმთავარის არჩევა-დადგინების წესი და უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 41.

ეპარქიის მღვდელმთავარს ეპარქიის მმართველობაში ეხმარება, უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი, სათათბირო, კოლეგიალური ორგანო - საეპარქიო საბჭო.

მუხლი 42.

საეპარქიო საბჭოს უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 43.

საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე არის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

მუხლი 44.

მმართველი მღვდელმთავარი არის ეპარქიის უმაღლესი საეკლესიო სასამართლო ხელისუფალი. საეპარქიო საბჭო რჩევებითა და მოსაზრებებით ეხმარება ეპარქიის მღვდვლმთავარს საეკლესიო სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაში.

მუხლი 45.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები იყოფა ოლქებად (სამთავარხუცესოებად), ხოლო ოლქები - სამრევლოებად.

მუხლი 46.

ოლქების ხელმძღვანელები არიან მთავარხუცესები, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

მუხლი 47.

მთავარხუცესების უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 48.

სამრევლო არის ეპარქიის მღვდელმთავრის კანონიკური მმართველობის ქვეშ მყოფი ეპარქიის ნაწილი - ტაძართან გაერთიანებული სამღვდელო და საერო პირთაგან შემდგარი მართლმადიდებელ ქრისტიანთა საზოგადოება.

მუხლი 49.

ოლქში გაერთიანებული სამრევლოების რაოდენობას განსაზღვრავს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

მუხლი 50.

სამრევლოს ხელმძღვანელობს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ დანიშნული წინამძღვარი, რომელსაც მართვა-გამგეობაში სამრევლო საბჭო ეხმარება.

მუხლი 51.

სამრევლოს წინამძღვრის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 52.

სამრევლო საბჭოს შემადგენლობა და უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 53.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ  ტერიტორიაზე შეიძლება არსებობდეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ან წმ. სინოდის მიერ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის წარდგინებით და კანონიკური პროცედურის დაცვით დაარსებული, ბერების ან მონოზვნებისაგან შემდგარი კრებულის ცხოვრობისა და მოღვაწეობის სავანე - მონასტერი.

მუხლი 54.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უფლება აქვს დააარსოს უშუალოდ მის დაქვემდებარებაში შემავალი სტავროპიგიალური მონასტრები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტორიაზე.

მუხლი 55.

მონასტრები თავის მოღვაწეობას ახორციელებენ საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერმონოზვნების შესახებ დებულების თანახმად.

 

თავი მეშვიდე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

საერთო-საეკლესიო ფინანსები

მუხლი 56.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

მუხლი 57.

ეკლესიის ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტი შედგება თვითდაფინანსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ფულადი სახსრებისაგან.

მუხლი 58.

თვითდაფინანსებით მოძიებული ფინანსები იქმნება: მორწმუნეთა ნებაყოფილობითი შემოწირულობით, საეკლესიო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზაციით და სხვა საეკლესიო-სამეურნეო საქმიანობით.

მუხლი 59.

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების გამო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების - ათი პროცენტი.

მუხლი 60.

საერთო-საეკლესიო ფინანსების განკარგვა ხდება „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულების“ თანახმად.

მუხლი 61.

საერთო-საეკლესიო ფინანსების განმკარგავნი არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.

მუხლი 62.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმებით განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.

მუხლი 63.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

მუხლი 64.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტორიაზე საეკლესიო წესების აღსრულება უფასოა.

მუხლი 65.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებისა და თანამშრომლების ანაზღაურებას აწარმოებს „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულების“ საფუძველზე.

 მუხლი 66.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებისა და თანამშრომლების საპენსიო ანაზღაურებას აწარმოებს საეკლესიო პენსიების შესახებ დებულების საფუძველზე.

მუხლი 67.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი ახდენენ საერთო-საეკლესიო და საეპარქიო ფულადი სახსრებისა და ქონების რევიზიას. ასეთი რევიზიის განხორციელებისათვის მათ მიერ იქმნება სპეციალური სინოდალური კომისია.

მუხლი 68.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით, იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

 

თავი მერვე

სხვადასხვა

მუხლი 69.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.

მუხლი 70.

სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.

მუხლი 71.

სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 72.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.

მუხლი 73.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთნხმებით მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას.

 

თავი მეცხრე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება

მუხლი 74.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.  

მუხლი 75.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით.

მუხლი 76.

სახელმწიფო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

მუხლი 77.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში მოქცეულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება, ეკლესიასთან შეთანხმებით მიღებული, შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 78.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით ვალდებულია აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.

მუხლი 79.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

მუხლი 80.

 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არის სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).

მუხლი 81.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

მუხლი 82.

საეკლესიო ქონების მართვა და განკარგვა ხდება საეკლესიო კანონების, სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისთანახმად.

 

თავი მეათე

გარდამავალი დებულება

მუხლი 83.

1. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე;

2. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონს ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

3. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის დამტკიცებით;

4. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს ექვსი თვისა, ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი ღებულობს:

ა) „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას“;

ბ) „საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერმონოზვნების შესახებ დებულებას“;

გ) „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულებას“;

დ) „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულებას“;

ე) „საეკლესიო პენსიების შესახებ დებულებას“.

5. საქართველოს პარლამენტი, ამ კანონის მუხლი 83,4-ით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებიდან არაუმეტეს ორი თვისა, დადგენილების ფორმით ამტკიცებს:

ა) „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულებას“;

ბ) „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულებას“;

გე) „საეკლესიო პენსიების შესახებ დებულებას“. 

6. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე, მე-60, 65-ე და 66-ე მუხლები ძალაში შედის, ამ კანონის მუხლი 83,4-5 გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე;

7. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე, მე-60, 65-ე და 66-ე მუხლების ამოქმედება მოხდეს:

ა) ამ კანონის მუხლი 83,4-6 გათვალისწინებული მოთხოვნების წლის პირველ ნახევარში დაკმაყოფილების შემთხვევაში - პირველივე ახალი წლის საბიუჯეტო კანონის მიღება-ამოქმედებისთანავე;

ბ) ამ კანონის მუხლი 83,4-6 გათვალისწინებული მოთხოვნების წლის მეორე ნახევარში დაკმაყოფილების შემთხვევაში - მეორე ახალი წლის საბიუჯეტო კანონის მიღება-ამოქმედებისთანავე.

 მუხლი 84. 

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   

 

...

მხილების ჟამი დაგვიდგა,

ვამხილოთ ცოდვის ჩამდენი

[საქართველოში ტრიალებს

უსამართლობა რამდენი]...

ხომ ვხედავთ საქართველოში

რა ცოდვა-ბრალი ტრიალებს,

მივხედოთ ამ ჩვენს სამშობლოს,

სანამ არ გაგვიტიალეს.

ქართველნო, მამულიშვილნო,

ხმა ავიმაღლოთ იქნება...

მტერი ვერაფერს დაგვაკლებს,

თუ ხალხი ერთად იქნება.

ვინც ჩვენ მიწა-წყალს გვიჯიჯგნის,

მას ელის დიდი სასჯელი,

ღმერთად მოსული უფალი

იქნება მათი განმსჯელი...

  ეკატერინე

ხრიკული