Print

გაზეთი № 52 [948]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი20 დეკემბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 20 დეკემბრის ღია სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლეილა მეფარიძე, ჯემალ ჯიქია, ნათელა მელქაძე, დიანა ჯიქია, მანანა თანიაშვილი, ლენა სისაური, ლიდა ვეშაგური, ეთერ ბუიძე, შაზი რაზმაძე, ლალი ბეგაშვილი, ნელი მაძღარაშვილი, ლევან ჩოხელი, კაკო გოგლიძე, მანანა სოსებაშვილი და დავით შათირიშვილი.

მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

2014 წ. 22 დეკემბრის მოკლე ქრონიკა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაცია თამარიონი“-ს თანათავმჯდომარის თინათინ ბაიაშვილის ინიციატივით, გაერთიანების 15 დეკემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 22 დეკემბერს გასვლითი ღია სხდომა ჩატარდა.  

ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების დაწყების ტრაგიკული თარიღის 23-ე წლისთავთან დაკავშირებით, 2014 წ. 22 დეკემბერს, 14.00 სთ-ზე, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე, ჩვენს გარდა, ეროვნული სულისკვეთებით აღვსილი რამოდენიმე ათეული პიროვნება მონაწილეობდა.

 მოგვიანებით, თავყრილობის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკის სალექციო დარბაზში გადავინაცვლებთ. 15.00 სთ-ზე დაწყებულ ლექცია - სემინარს, ქალბატონები თინათინ ბაიაშვილი და მედეა ცაგარეიშვილი უძღვებოდნენ.

1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატების - ბიმურზა აფრასიძის, გურამ მაქაცარიასა და სხვათა გამოსვლების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს - გიორგი კერვალიშვილმა, მანანა სოტკილავა, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ქეთევან ადამიამ, ვალერი მჭედელაძემ, ბესო მიქავამ, დავით არაბიძემ, ეთერ ჩხეტიამ, ჯემალ ჯიქიამ, ავთანდილ იოსელიანმა...

ს/გ „უფლის სახელით...“ მიხეილ [გელა] სალუაშვილმა სხდომის მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა - დაეწყოთ მზადება, 2015 წლის თებერვლის თვეში, სპეციალური შეხვედრის დაგეგმვა-ჩატარებისა და მასზე საკუთარი პოლიტიკური თვალთახედვის წარმოჩენისათვის.

 

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

მასალები ს/გ „უფლის სახელით...“ განხორციელებული

მხილებისეული გზასავალის ქრონიკისათვის

22 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში, კომპიუტერით პარლამენტის ელ. გვერდზე განთავსებული მასალის გაცნობისას აღმოვაჩინეთ, რომ იურიდიული კომიტეტის 23 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში, ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განხილვა ბოლო საკითხად იყო ჩანიშნული. კომიტეტის აპარატიდან ამ საკითხის თაობაზე ჩვენი არაინფორმირებულობა - ცუდად მენიშნა. სატელეფონო საბარში, კომიტეტის თანამშრომელმა - ზურაბ მაჭარაძემ დამიდასტურა ზემოთქმული და ჩვენის მხრიდან სხდომაზე დამსწრე პირთა გვარები ჩაიწერა.

იმავე საღამოს „ფეისბუქის“ მეშვეობით შემდეგი ტექსტი გავავრცელე - „ს/გ „უფლის სახელით...": მ. სააკაშვილის რეჟიმი დამნაშავედ უნდა გამოცხადდეს.

23 დეკემბერს გამოჩნდება დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის ნამდვილი სახე - გაბედავენ თუ არა ისინი თავისი სახელი დაარქვან მ. სააკაშვილის მმართველობით რეჟიმს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 2014 წლის 23 დეკემბერს, 14:00 სთ., ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართება: ს/გ ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის’’ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების ,,საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ’’ (N22935, 12.11.2014) განხილვა“.

სხდომაზე დასასწრებლად მისულები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი და ვალერი მჭედელაძე, სხვა დამსწრე პირებთან ერთად, თითქმის 45 წთ-ი ველოდებოდით სხდომის დაწყებას.

ელ. გვერდზე მითითებული კომიტეტის 15 წევრიდან, დარბაზში შევნიშნეთ მხოლოდ - ვ. ხმალაძე, შ. შავგულიძე, ა. მიროტაძე, თ. კორძაია, ზ. ქუცნაშვილი, გ. კახიანი... ამის მიუხედავად, ვ. ხმალაძემ გამოაცხადა - „ქვორუმი უკვე შეიკრიბაო“ და სხდომაც დაიწყო.

ჩვენი საკითხის განსახილველი დროის მოახლოებასთან ერთად, შევნიშნეთ, თუ როგორ თანდათან ცარიელდებოდა სხდომის დარბაზი კომიტეტის წევრი დეპუტატებისაგან. ჩვენს წინ განსახილველი საკითხის დასრულებისათვის, იურიდიული კომიტეტის წევრთაგან, დარბაზში მხოლოდ - ვახტანგ ხმალაძე იმყოფებოდა.

ბუნებრივად გაგვიჩნდა კითხვა - კომიტეტის წევრები, მ. სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადების საკითხის განხილვაზე დასწრებას სპეციალურად ხომ არ არიდებდნენ თავს.

აშკარად უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ვ. ხმალაძემ, აპარატის თანამშრომელს გადაულაპარაკა - „ამ საკითხის განხილვას მარტო მე ხომ არ დავიწყებო“, და დეპუტატთა შეკრების ორგანიზება დაავალა.  ერთსაათიანი იძულებითი ლოდინის შემდეგ - დარბაზში გამოჩნდნენ - შ. შავგულიძე, ა. მიროტაძე, თ. კორძაია, ზ. ქუცნაშვილი. დარბაზში შემოვიდნენ კომიტეტის არაწევრი - ბიძინა გუჯაბიძე და პაატა კიკნაველიძე.

ვ. ხმალაძემ ჩვენი საკითხის „განხილვა“, საკანონმდებლო წინადადების სამი მუხლის წაკითხვით დაიწყო, და კერძოდ განაცხადა - „რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადების თაობაზე ამ ორგანიზაციას, მცირე შესწორებით,  უკვე მესამედ შემოაქვს ერთი და იგივე წინადადება. ამიტომ, ამ საკითხის განხილვა აღარ მიმაჩნია მიზანშეწონილადო“. ამ სიცრუის გაბათილების შესაძლებლობა ვ. ხმალაძემ არ მოგვცა.

ბ. გუჯაბიძის მოკლე გამოსვლის შემდეგ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის, როგორც ამ საკითხის ინიციატორებისთვის, დღის წესრიგით გათვალისწინებული მომხსენებლის უფლებით, გამოსვლის შესაძლებლობა მოეცათ. ვ. ხმალაძე ყველანაირად შეეწინააღმდეგა ამ ჩვენს მოთხოვნას.

ისე ჩანდა, თითქოს ერთგვარი შიშის ქვეშ მყოფ დამსწრე დეპუტატებს ერთი სული ქონდათ როდის დამთავრდებოდა ვ. ხმალაძისა და ჩვენი სიტყვიერი დაპირისპირება.

იურიდიულმა კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად [მომხრე - 0, წინააღმდეგი - 4] არ დაუჭირა მხარი ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

ჩვენი არგუმენტური მოთხოვნისაგან თავის ასარიდებლად ვ. ხმალაძემ უკანასკნელ ხერხს მიმართა და მანდატურებს დაავალა ჩვენი დარბაზიდან იძულებითი გაყვანა უზრუნველეყოთ.

ბუნებრივია დარბაზი დავტოვე... ორიოდე წუთის შემდეგ, ავთანდილ იოსელიანის შეყოვნების მიზეზის დასადგენად, კვლავ დარბაზში შებრუნებულმა, ყური მოვკარი  ავთანდილ იოსელიანთან „მოსაუბრე“ ვ. ხმალაძის სიტყვებს  - „გელა ორი წელია მაწვალებს თავისი საკანონმდებლო წინადადებებით, და სამაგიერო აი, ასე გადავუხადეო“.

ამ ე.წ. იუმორში „გართული“ ვ. ხმალაძე, ჩემი კვლავ გამოჩენისაგან შექმნილი უხერხულობისაგან თავის დაღწევას, კვლავ მანდატურების მოხმობით შეეცადა, თუმცა დარბაზში დარჩენას არც ერთი ჩვენთაგანი ისედაც აღარ ვაპირებდით...

სახლში მოსულმა გავარკვიე, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა პირდაპირი წესით გადაიცემოდა საზ. მაუწყებლის მე-2 არხით. კერძოდ ჩვენს საკითხთან დაკავშირებული ჩანაწერი შეგიძლიათ იხ. 18.13 – 18.24 სთ.


ვიდეო ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე თვალი გადამევლო პარლამენტის დანარჩენი კომიტეტების მიერ გამოქვეყნებული დღის წესრიგებისათვის. რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, 23 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში მე-5 ნომრად ჩასმული ჩვენი საკითხი აღმოვაჩინე. ანონსი გვაუწყებდა:

„5. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N24352. 01.12.2014) - განხილვა; მომხსენებელი: გიორგი კახიანი“.

მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დამსწრე „საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის“ თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი კახიანმა იცოდა ჩვენი სხდომაზე ყოფნის შესახებ, მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩვენთვის, მის კომიტეტში აღნიშნული საკითხის მოსალოდნელ განხილვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ვგონებთ ძნელი არ უნდა იყოს იმ დასკვნის გამოტანა, რომ - საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ერთგვარი შიშით გაურბის ჩვენთან დიალოგში შემოსვლას, და მათ მიერვე მიღებული რეგლამენტის დარღვევით ცდილობს ჩვენი მონაწილეობის გარეშე, ანუ მხოლოდ ფორმალურად მოახდინოს ს/გ „უფლის სახელით...“ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების „განხილვა“.

თხრობის ამ ნაწილს, გაზეთის წინა ნომრებში უკვე გარჩეული ბიბლიური მონაკვეთის მოყვანით დავასრულებთ „ვთქვი: რის გაკეთებას აპირებენ-მეთქი ესენი? ასე მითხრა: ესენი [აქ - კომიტეტის წევრების სახით წარმოდგენლი პარლამენტარები] რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი; ეს მჭედლები კი [ს/გ „უფლის სახელით...“ სხდომაზე] მოსულნი არიან მათ დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტავად“ [ზაქ. 1,21];

მაცხოვრის შეგონებით ნიშანდებული ბოლო ჟამის მხილებისეული მონაკვეთი თავისი სვლით მიემართება - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

დანართის მაგიერ

იურიდიული კომიტეტის სხდომის დამთავრების შემდეგ, ინტერნეთ სივრცეში, საინფორმაციო სააგენტომ - „ინტერპრესნიუსი“, შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა:

„მანდატურებმა გელა სალუაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს [19:01 სთ., 23/12-2014 წ.].

 მანდატურებმა გელა სალუაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა იძულებით დაატოვებინეს. სხდომის დატოვება მას კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ მოსთხოვა. თუმცა სალუაშვილის ხმამაღალი განცხადებების შემდეგ კომიტეტის სხდომის წამყვანმა მანდატურებს სთხოვა, რომ გელა სალუაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ.

საქმე ისაა, რომ გელა სალუაშვილმა პარლამენტს კიდევ ერთხელ წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. სალუაშვილმა მოითხოვა, რომ კომიტეტს მის ამ საკანონმდებლო წინადადებაზე ემსჯელა. ვახტანგ ხმალაძემ კი განმარტა, რომ საკითხი წარმოდგენილია საკანონმდებლო ხარვეზებით და დარღვევით და, შესაბამისად, როგორც საკანონმდებლო წინადადება, განხილული ვერ იქნებოდა. ეს კი ვახტანგ ხმალაძესა და გელა სალუაშვილს შორის ხმამაღალი საუბრის მიზეზი გახდა, საბოლოოდ კომიტეტის სხდომა სალუაშვილს მანდატურებმა დაატოვებინეს“.

იქვე მოცემულია, სხდომის პირდაპირი ტელეტრანსლიაციიდან ამოღებული 1 წთ და 54 წმ-ის ხანგრძლივობის ვიდეო ჩანაწერი.

მოგვიანებით, „ფეისბუქის“ მეშვეობით დამიკავშირდა გაზ. „ალიას“ კორესპონდენტი, ქალბატონი ჟანა ასანიძე. გთავაზობთ, ჩვენს შორის გამართული „დიალოგის“ ჩანაწერს:

„ჟ. ა.- აქ ხართ ბატონო გელა? გამარჯობათ!

გ. ს. - მოგესალმებით

ჟ. ა. - ბატონო გელა, სულ 3 კითხვა მაქვს, თქვენზე სტატიას ვწერთ ალიაში, ხომ არ გირჩევნიათ, კითხვები მოგწეროთ, თუ მოახერხებთ, რომ ნახევარი საათის მანძილზე მიპასუხოთ, რომ არ დავაგვიანოთ? თუ ტელეფონით გირჩევნიათ?

გ. ს. - თუ მოსახერხებელია ტელეფონით ჯობია, თუმცა როგორც გენებოთ...

[შემდეგ მას შევთავაზე გაცნობოდა ჩვენს ელ. გვერდზე განთავსებულ მასალას, თუმცა იუარა...]

ჟ. ა. - ასე არა ბატონო გელა, კონკრეტული კითხვები მაქვს და კონკრეტული პასუხები მინდა, რომ ცოცხალი იყოს მასალა. 3 კითხვა მაქვს სულ. როგორ მოვიქცეთ?

გ. ს. - კეთილი გისმენთ, მზად ვარ გიპასუხოთ...

ჟ. ა. - მოგწერთ ახლავე:

1. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანდატურებმა გელა სალუაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა იძულებით დაატოვებინესო. სხდომის დატოვება მას კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ მოსთხოვა. რატომ დაგატოვებინეს სხდომა?

გ. ს. - დიახ, სხდომა მართლაც დაგვატოვებინეს... ვახტანგ ხმალაძემ ასეთი ფორმით გაახმოვანა საპარლამენტო უმრავლესობის სამარცხვინო პოზიცია...

იმის მომიზეზებით, რომ თითქოსდა ჩვენ უკვე მესამედ ვითხოვდით - საქართველოში, ყოფილი რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადებას, სინამდვილეში კი არ სურდა რა ამ საკითხზე მსჯელობა გამართულიყო, საკომიტეტო სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მოხსენების გაკეთების შესაძლებლობა არ მოგვცა...

ჟ. ა. - კონკრეტულად რა წერია თქვენს ინიციატივაში ძალიან მნიშვნელოვანი?

გ. ს. - ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ, კეთილი ინებოს და გაითვალისწინოს მათივე საარჩევნო დანაპირები - მ. სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ამ მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ შემდეგი  საკანონმდებლო წინადადება: „კანონპროექტი - საქართველოსკანონი: საქართველოში 2004– 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“.

 მუხლი 1. კანონის მიზანია ხელი შეუწყოს - ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების, საქართველოს მოქალაქეთა ნების უზენაესობისა და ერის ზნეობრივ ფასეულობებზე დაფუძნებული სამართლებრივი სივრცის დამკვიდრებას.

 მუხლი 2. ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური ხელყოფისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესში შეტანილი უმძიმესი წვლილისა გამო, 2004  - 2012 წლებში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის  საქმიანობას მიეცეს - „სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის“ კვალიფიკაცია.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“...

ჟ. ა. - ვ. ხმალაძე ამბობს, ხარვეზები იყო ამ ინიციატივაშიო. რა ხარვეზები იყო და რას აპირებთ?

გ. ს. - ბატონი ვახტანგი ცრუობს, მას მიაჩნია, რომ ჩვენი წინადადება არა კანონის სახით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რასაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, არამედ ასეთი შინაარსი მხოლოდ „დადგენილების“ ფორმით შეიძლება გადაწყდესო... თუმცა პარლამენტის რეგლამენტით „დადგენილებით“ შეთავაზების უფლება ჩვენ არ გვაქვს...

ჟ. ა. კიდევ ხომ არ გინდათ რამის დამატება?

გ. ს. - ჩვენ მართლაც მესამეჯერ დავაყენეთ რეჟიმის შეფასების საკითხი, კერძოდ:

პირველად ვითხოვეთ მიეღოთ კანონი: „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“...

მათ ვერ გაბედეს შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმების შეფასება, რამეთუ თავად იყვნენ შევარდნაძის დამნაშავე რეჟიმის თანამონაწილე-თანაშემოქმედნი;

მეორედ მათ შანსი მივეცით, რომ მიეღოთ კანონი:  „საქართველოში 2003– 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“...

ესეც ვერ გაბედეს, იმიტომ რომ „ოცნების" რიგებში მრავლად ყავდათ დამნაშავე რეჟიმიდან წამოსული წევრები.

და აი, მესამედ ვთხოვეთ მხოლოდ „რეჟიმი" მაინც შეეფასებინათ სათანადოდ, ანუ კანონის ძალით გამოაცხადონ მ. სააკაშვილის რეჟიმი დამნაშავედ. აი რას ვწერდით მათ: „მუხლი 2. ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური ხელყოფისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესში შეტანილი უმძიმესი წვლილისა გამო, 2004  - 2012 წლებში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის  საქმიანობას მიეცეს - „სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის“ კვალიფიკაცია.“

მაგრამ „ქოცებს" არ აქვთ შინაგანი გამბედაობა თავისი სახელი დაარქვან დამნაშავე რეჟიმს, რამეთუ „ქოცები" და „ნაცები" ერთი ჯოხის ორ ბოლოს წარმოადგენენ...

იმედია ქართველი ხალხი გამოუტანთ მათ შესაფერის განაჩენს...

ამის დროც მალე დადგება.

ჟ. ა. -დიდი მადლობა ბატონო გელა... დავალებული ვარ...

გ. ს. - ღმერთმა ხელი მოგიმართოთ...

ჟ. ა. - ხვალ იქნება ალიაში

გ. ს. - კეთილი, მიგულეთ თქვენს პატივისმცემელთა გვერდით“.

[აღნიშნული მასალა, მცირეოდენი შემოკლებით გამოქვეყნდა 24 დეკემბრის გაზ. „ალია“-ში, გვ. 11].

 

ჩვენი ინტერვიუს დამთავრებიდან ათიოდე წუთის შემდეგ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა შემდეგი სახის მასალა: ვეზუვის ამოფრქვევა, მიწსძვრა აშშ–ში...  ნოსტრადამუსი 2015 წელზე [23-12-2014 წ., 20:31 სთ.]. გთავაზობთ მხოლოდ სამი წინასწარმეტყველების შემცველ ტექსტს:

„... 6. ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა ვულკან ვეზუვის უძლიერესი ამოფრქვევა, რომელიც ნავარაუდევია 2105 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისისათვის. ეს იქნება თავისი მასშტაბებით გრანდიოზული სტიქიური უბედურება, დაიღუპება უამრავი ადამიანი, ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვევს მრავალრიცხოვან მიწისძვრას დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და პლანეტა რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩაიძირება სიბნელეში.

 7. და აი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება: 2015 წლისათვის - დედამიწაზე დაიბადება ახალი მესია, რომელიც მომავალში გააერთიანებს მიწებს და ცივილიზაციას გადაარჩენს ბოროტებისა და ცოდვებისაგან, რომელშიც ნელ-ნელა იძირებიან ადამიანები.

 8. გარდა ამისა, სწორედ 2015 წლის დასაწყისს მიაწერს ნოსტრადამუსი ახალი რელიგიის დაბადებას, რომელიც 2040 წლისათვის გაბატონებული რელიგია გახდება დედამიწაზე. მის გარშემო შემოიკრიბება საზოგადოების უმეტესი ნაწილი...“.

აი, სულ ეს არის რის შესახებაც დღეს გვინდოდა საუბარი.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

...

ლასკარო - ოქროს ვარსკვლავო!..

გვიყვარხარ შენს აღზრდილებსა,

წუთი-წუთზე ველოდებით

უფლისგან სიხარულებსა...

სხვისთვისაც ბევრი დავწერეთ,

ვაი, რომ ვერ ერკვევიან.

შენი ფასი, რომ იცოდნენ,

კედლებზე აგეკვრებიან...

ჩვენი ნათქვამი „არ მოსწონთ“,

თავისას ერეკებიან.

დრო აღარ ითმენს, სულ მალე,

მუხლებზე დაგიდგებიან,

ვაი, რომ ეს არ უშველით,

ტყუილად გაირჯებიან...

მინდა სუყველას ვაუწყოთ:

ნუ გადადგამთ ცუდ ნაბიჯებს,

გეშინოდეთ, ჩვენს ქუჩებში:

ძე კაცისა დააბიჯებს!..

  ეკატერინე

ხრიკული

 

...

ზეცა ჩვენთვის - „გუმბათია“,

ეს ქვეყანა - „ტაძარი“.

გული - „ჩვენი სამლოცველო“,

წმინდა ზეცის ლამპარი.

რწმენა - „ჩვენი კელაპტარი“,

იმედი - ღვთისმშობელი,

მარად ენთოს ჩვენს გულებში

შუქი - ჩაუქრობელი!..

დინა [დიანა] ჯიქია

 

...

ოჰ, საქართველოვ! – „დაგმშვენდებოდა,

ოჰ, რარიგად, დაგმშვენდებოდა“

„ცხებული მეფე!...“

ქართლის ალაგებს - ზეცა განაგებს,

საქართველოსთვის იქსოვება

ჯაჭვის პერანგი...

ზეცას - ლხინია, ჯერ არნახული,

ღვთის სამლოცველოს ფერი ეცვლება,

„სამრეკლოს ზარი“ - სამზადისს არის,

ნაეკლარ გზებზე - ვარდნი ჰყვავიან,

და გაზაფხულის მოდის სურნელი...

კავკასიონზე, ბორკილ ახსნილი,

ხმალშემართული „ამირანი“ დგას...

ეჰეი! ქართველნო - გამოიღვიძეთ!...

ღვთისგან ცხებული

ძალას იკრებს დედამიწაზე...

ჟამი ჩამოჰკრავს, და ყველა შესძახებს:

საქართველოვ! – „როგორ დაგმშვენდა,

ოჰ, რარიგად, დაგმშვენდა“

„ცხებული მეფე!...“

დინა [დიანა] ჯიქია

 

ზვიადი და საქართველო

 

საქართველოსთვის - გულის ფეთქვა ხარ,

და სამყაროსთვის - „ერთობის ძალა“...

სამშობლოსათვის - ჩაუქრობელი ჩირაღდანი ხარ.

ბედმა გარგუნა „ერთადერთობა“,

და ამიტომაც ვერ ისვენებდა

„ოხერ-ტიალი წუთისოფელი“.

„ქრისტეს გზას“ ადექ,

ნაბიჯ-ნაბიჯ გოლგოთისაკენ...

„ჯვარცმა“ - დამთავრდა,

კვნესის ერი...

შენი ერი „ელოდება“

აღმსდგარს მკვდრეთით!...

ჩვენ მოლოდინით გაგაცილეთ,

და ველოდებით, გაცხადდება ოდეს უფალი...

გულისტკივილი ვამხილო მინდა

[ვერვის შევჩივლე გულისნადები]:

საქართველოში, სამარეს თხრიან ცოცხლებისთვის

პოლიტიკური მესაფლავენი...

მესაფლავევ! - რომ იცოდე,

ცრემლად უნდა იღვრებოდე,

სანამ განგსჯის - ზეციური სამართალი,

ბოლო ჟამია...

არ დააყოვნებს უფალი აღთქმულს,

ღვთის სამართალი დამკვიდრდება დედამიწაზე.

მაშინ მართალი ხმას აღიმაღლებს,

და მის შეძახილს, ექოს მთებისას,

საფლავის ქვა ვერ შეაჩერებს...

ვერ შეაჩერებს - ჭეშმარიტ გზას,

გზა - უკუღმართი.

ჩვენ რომ დავდუმდეთ,

ქვათა ღაღადი დაიწყება საქართველოში.

შენს ღვთიურ ნათელს - „აღდგომასავით“,

ცისკრის ვარსკვლავი შეეგებება...

ზეცით ხმა ისმის:

„გამარჯობა - გამარჯვებაო!“.

დიდება შენს გზებს უფალო!

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

მათთვის რომელნიც ბოლო ჟამის „სუნთქვას“ გრძნობენ:

„გაიხარე დედაო შვილებთან ერთად...

„ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: განა მე არ მოგიხმეთ, როგორც მამამ ვაჟები, ან როგორც დედამ ასულები, გამზრდელმა თავისი ბავშვები“ [3 ეზრა 1,28];

„რაკი მიმატოვეთ, მეც მიგატოვებთ. შეწყალებას მომთხოვთ და არ შეგიწყალებთ. მომიხმობთ და არ შევისმენ თქვენს ვედრებას; რადგან სისხლით არის შესვრილი თქვენი ხელები და თქვენი ფეხები მკვირცხლია კაცის მოსაკლავად. მე კი არ მიგიტოვებივართ, არამედ საკუთარი თავი, ამბობს უფალი“ [3 ეზრა 1,25-27];

„მაშინ გამოვიდა გარეთ იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწის მოსასხამით. და უთხრა მათ პილატემ: აჰა, კაცი; ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში“ [იოანე 19,5-6];

„ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ, რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო: ჯვარს ეცვას! ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას!

და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ. მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი“ [მათე 27,22-25];

„ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად“ [მათე 12,32];

„ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს... როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას“ [მათე 21,43; 45’;

„რომ ყოფილიყავით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი; თქვენ - შვილები ჩემი და მე - მამა თქვენი. ისე შეგკრიბეთ, როგორც კრუხმა ფრთის ქვეშ წიწილები. ახლა კი როგორ მოგექცეთ? გაგაგდებთ ჩემი პირისგან. ძღვენს მომიტანთ და პირს ვიბრუნებ თქვენგან; თქვენი დღესასწაულები, ახალმთავრობები და წინდაცვეთანი დავძრახე“ [3 ეზრა 1,29-31];

„მივცემ თქვენს სახლებს მომავალ ხალხს, რომელიც მოუსმენლად მაღიარებს და სასწაულის მოუვლინებლად აღასრულებს ჩემგან განწესებულს. წინასწარმეტყველთა უნახავად გაიხსენებენ თავიანთ უკეთურებებს. მადლს აღვუთქვამ მომავალ ხალხს, ვისი შვილებიც სიხარულით ილხენენ, ხორციელი თვალით ვერ მხედავენ, მაგრამ სულით სწამთ ყველაფერი, რაც მითქვამს.

ახლა, შეხედე, ძმაო, რა არის დიდება: იხილე ხალხი, აღმოსავლეთიდან მომავალი, რომელსაც მივცემ წინამძღოლად [კოდია] აბრაამს, ისაკსა და იაკობს, ოსიას, ამოსს, მიქას, იოელს, აბდიას, იონას, ნაუმს, აბაკუმს, სოფონიას, ანგიას, ზაქარიას, მალაქიას, რომელიც უფლის ანგელოზადაც არის წოდებული“ [3 ეზრა 1,35-40];

„დედა, გადაეხვიე შენს შვილებს, გამოზარდე ისინი სიხარულით. დედამტრედის მსგავსად განუმტკიცე ფეხები: რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი... ნუ გეშინია, შვილთა დედავ, რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი.

შეისვენე და დამშვიდდი, ჩემო ხალხო, რადგან მოვა შენი განსვენება... ნუ დაიქანცები, რადგან როცა მოვა ჭირისა და სივიწროვის დღე, ზოგი ატირდება და მიეცემა მწუხარებას, შენ კი მოილხენ და სიუხვეში იქნები. შეშურდებათ ხალხებს, მაგრამ ვერაფერს გახდებიან შენს წინააღმდეგ, ამბობს უფალი...

გაიხარე, დედაო, შვილებთან ერთად, რადგან მე გიხსნი შენ, ამბობს უფალი. ამიტომ გეუბნებით, ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი; რადგან ახლოა ის, ვინც მოსასვლელია წუთისოფლის დასასრულს.

წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი. ვინც წუთისოფლის ჩრდილს თავი დააღწიეს და უფლისგან ბრწყინვალე სამოსელი მიიღეს. ჩაიბარე, სიონო, შენი რიცხვი და მიითვალე თეთრად მოსილნი, ვინც უფლის რჯული აღასრულა.

მაშინ ვკითხე ანგელოზს, ვუთხარი: ვინ არიან-მეთქი ესენი, უფალო?

მან მიპასუხა: ესენია, ვინც განიძარცვა მოკვდავთა სამოსელი და უკვდავთა სამოსი შეიმოსა, და აღიარა ღვთის სახელი; ახლა კი გვირგვინდებიან და პალმის რტოებს იღებენ.

და ვუთხარი ანგელოზს: ვინ არის-მეთქი ეს ჭაბუკი, ვინც მათ აგვირგვინებს და პალმის რტოებს აძლევს? მან მიპასუხა: ეს არის ძე ღვთისა, ვისაც აღიარებენ წუთისოფელში და მეც განვადიდე ისინი, ვინც მტკიცედ იდგა უფლისათვის“ [3 ეზრა 2,15; 17; 24; 27-28; 30; 34; 38-40; 44-47].

მოამზადა

დავით შათირიშვილმა