Print

გაზეთი № 1 [949]

მერაბ კოსტავა,

ფიქრები საქართველოს მისიაზე“

ნაწყვეტი:

 

„რაინდულმა ინსტიტუტმა საქართველოში ვაჟკაცობის, კულტურისა და სპირიტუალობის არანაკლებ დონეს მიაღწია, რადგან დასავლეთ ევროპის მსგავსად იქაც იგივე ძალების შეწყვილებამ განაპირობა იგი.

ევროპაში რაინდული მოძრაობა ირლანდიელ ბერთა მისტერიებიდან აღმოცენებული ქრისტიანულ-მისიონერული მოძრაობისა და გერმანულ ტომთა სამხედრო სულისკვეთების თანაარსებობის საფუძველზე წარმოიქმნა. მეტად მაღალი იყო სპირიტუალური დონე ირლანდიელი მისიონერი ბერებისა, მთელს ევროპას რომ მოედვნენ. უზარმაზარ ზემოქმედებას ახდენდნენ ისინი მეომართა ტომების წინამძღოლებზე.

ჯერ კიდევ მანუს კანონებიდან ცნობილი ბრამინებისა [ბრაჰმანიზმში - ხალხისგან დაფარულ სიბრძნეს ბრამინები ფლობენ. ისინი დაბადებით ეზოთერიკოსები არიან. დანარჩენი კასტები კი იმისათვის არსებობენ, რომ ბრამინებს ემსახურონ. მათთვის მხოლოდ რელიგიის გარეგნული ფორმებია გამოსადეგი - გ.ს.] და ქშატრიების [ქშატრიებ- [სანსკრ.] - ძველ ინდოეთში: სამხედრო არისტოკრატია. - გ.ს.] სულიერი ნათესაობა ახლებურად ვლინდება ახალ ევროპულ გარემოში. არანაკლები ძალით წარმოჩნდა იგი საქართველოშიც, რადგან ბერობა განსაკუთრებით მეცამეტე საუკუნემდე, მაღალ მორალურ და სპირიტუალურ ძალას წარმოადგენდა.

როგორც ანთროპოსოფიური სულიერი მეცნიერების ფუძემდებელი რუდოლფ შტაინერი აღნიშნავს, ქრისტიანულ მონასტერთა მკვიდრნი, აღმოსავლეთში გაცილებით უფრო ღრმა და მნიშვნელოვან საიდუმლო სიბრძნეს ფლობდნენ, ვიდრე დასავლეთის მონასტერთა მკვიდრნი.

მაღალი ზნეობრივი და სპირიტუალური ზნეობის ფლობაზე, სულიერ სამყაროსთან უშუალო კონტრაქტზე ღაღადებენ ჩვენში ასურელ მამათა და სამხრეთ საქართველოს უდაბნოთა მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ნაწარმოებები. იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის მასშტაბები და მნიშვნელობა არაფრით ჩამოუვარდება ირლანდიელი კოლუმბანისა და მისი თორმეტი მოწაფის მოღვაწეობას.

[ჩანართი:

გერმანია თავის სულიერ განათლებას ყველაზე მეტად უნდა უმადლოდეს ირლანდიელ მონაზვნებს, რომლებმაც VI-VIII საუკუნეებში ღვთის სიტყვის ქადაგებით მოიარეს მთელი მხარე.

ერთ-ერთი ასეთი თავდადებული მსახური ღვთისა იყო VI საუკუნეში მოღვაწე ირლანდიელი, სახელად კოლუმბანი. ის თორმეტ მეგობართან ერთად დასახლდა ვოგეზის მთების მწირ და პირველყოფილ ბუნებაში. იქაურები თითქმის ველურები იყვნენ და მიწათმოქმედებაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მონაზვნებმა დიდი გაჭირვებით დაიწყეს მიწის დამუშავება, მალე წმინდა ცხოვრებით ისეთი პატივისცემა მოიპოვეს, რომ იქაურებმა ჯგუფებად იწყეს მათთან სიარული რჩევებისთვის. მონაზვნები ხალისით უხსნიდნენ მათ საღვთო რჯულს და შრომაში ეხმარებოდნენ. თავიანთი ხელით მოწყობილ მონასტერში აღსაზრდელად იღებდნენ ბავშვებს, დაუღალავად ავრცელებდნენ ღვთის სიტყვას და ასწავლიდნენ წერა-კითხვას... - გ.ს.].

განა ისევე არ ზემოქმედებდნენ საქართველოში რელიგიის მისიონერები სამხედრო პირებზე, როგორც დასავლეთ ევროპაში?

განა შიომ ღვიმელის უპირველესი მოწაფე არ გახდა ქართლის მეფის ფარსმანის მხედართმთავარი ევაგრე?

განა თვით გარეჯელის შემწედ არ იქცა შფოთისმოყვარე ფეოდალი ბუბაქარ რუსთაველი?

განა არ აღწერს გიორგი მერჩულე, თუ როგორ გამაკეთილშობილებელ გავლენას ახდენდნენ საქართველოს მეფეზე და ფეოდალებზე გრიგოლ ხანძთელი. საბა იშხნელი და ძმანი მათნი სულისმიერნი?

ცნობილი რელიგიური მოღვაწენი ათონის მონასტრის ბერები, იოანე მთაწმინდელი და თორნიკე ერისთავი საქართველოს მეფის მხედართმთავრები არ იყვნენ ოდესღაც?

მონასტერში არ დაასრულა ცხოვრებაშენ ხარ ვენახის" ავტორმა, დიდგორისა და დარუბანდის ბრძოლათა გმირმა დემეტრე პირველმა?

რაინდობის უმაღლეს გამოხატულებას წარმოადგენს დავით აღმაშენებლის ცხოვრება და თამარ მეფის კულტი საქართველოში. ხოლო რაინდული პოეზიის მწვერვალს - რუსთაველისვეფხისტყაოსანი".

სპირიტუალურ უნარებს იმჟამად მარტოოდენ სასულიერო პირები როდი ფლობდნენ. მრგვალი მაგიდის, გრაალისა და ტაძრელი რაინდების მსგავსად საქართველოშიც ჰქონიათ ერისკაცებს წიაღსვლები სპირიტუალურ სფეროში.

მაგალითად: დავით აღმაშენებლის არაჩვეულებრივი სპირიტუალური უნარის შესახებ ცნობას გვაწვდიან მისი თანამედროვე ისტორიკოსი (,,აზმანი შარავანდედთანი") და პოეტი იოანე შავთელი (პოემა ,,აბდულმესია").

მათი თქმით რაღაც საოცარო უნარის მეოხებით, დავით აღმაშენებელმა იცოდა თითოეული ეკლესიის მსახურისა და ფეოდალის არა მარტოოდენ ცხოვრებისეული ფაქტებით განპირობებული ზნეობრივი დონე, არამედ ფიქრებიც და განზრახვანიც. ამის შიშით ვერავინ ბედავდა ღალატს, ან სხვა რაიმე ბოროტი განზრახვის ფიქრადაც გავლებას და საქართველო ძლიერების გაუხუნავი შარავანდედით ელავდა.

დავით აღმაშენებელი ჯაშუშთა კარგად ორგანიზებული ქსელის მეოხებით რომ ყოფილიყო ამგვარად ინფორმირებული, აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რადგან მსგავსი რამ მავანთა გამგებლობისას სხვა დროშიც მომხდარა. ცხადია ძლიერი სახელმწიფო არასოდეს გამორიცხავს უშიშროების საშუალებათა ორგანიზების მაღალ დონეს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში სულ სხვა ამბავთან გვაქვს საქმე. რადგან მემატიანე ან არ დამალავდა სახელმწიფო უშიშროების საშუალებებით ინფორმირების კონკრეტულ შემთხვევებს იმდროინდელ საქართველოში, ან საერთოდ გაჩუმდებოდა ამ საკითხის ირგვლივ, მაგრამ იგი ასე არ იქცევა, ნაწილობრივ დუმილს გაურბის და ამბობს, რომ თუმცა დავითმა იცოდა ყველაფერი, თავად ფიქრნი და ზრახვანი თანამემამულეთა თვისთა, მაგრამ ვერ იტყვის, ვერ გააცხადებს, თუ როგორ ახერხებდა იგი ამას.

მაინც რატომ გაურბის დავითის ისტორიკოსი განცხადებას იმისას, რაც იცის? განა სიტყვები - „ვერ ვიტყვი“, არ მოწმობენ, რომ მან უწყის რაობა და წარმომავლობა იმ ძალისა, გულთამხილველად რომ აქცევდა დავითს? რა თქმა უნდა, საქართველოში ყველამ უწყოდა, რომ მეფისათვის ცხადდება ყოველივე დაფარული, რის გამოც შიშითა თუ რიდით იმსჭვალებოდნენ მის მიმართ.

მაგრამ საიდან და როგორ გებულობდა იგი ყოველივეს, რას წარმოადგენს უნარი, რომელსაც ფლობდა, ან რანაირად მიიღწევა იგი, ერთეულებისათვის თუ იყო ცნობილი. ეს საიდუმლო დავითის გარდა, ვიწრო ეზოტერულ წრეს უნდა სცოდნოდა მხოლოდ, რომლის წევრიც შესაძლოა მისი ისტორიკოსიც გახლდათ. მით უმეტეს რომ უწყოდა რაობა იმ ძალისა მკითხველს რომ ვერ უმხელს.

დავითის ამ უნარისათვის თამარ მეფის უფროსი თანამედროვე პოეტი იოანე შავთელიც უნდა ყოფილიყო გათვიცნობიერებული, რადგან ერთის მხრივ, თამარის ეპოქა არც იმდენად იყო დაშორებული დავითისას და საქმენი დავითისანი ჯერ ისევ აფორიაქებდნენ ადამიანთა ხსოვნას. თანაც დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი პოემის ავტორს ღრმად უნდა შეესწავლა მისი პიროვნება არა მარტოოდენ ისტორიული, არამედ სხვა წყაროებითაც.

პოემის შექმნამდე ჯერ მოწიწების ობიექტად უნდა ქცეულიყო მისთვის ქართველთა მეფე, რაც ერთდროულად მისი ყოველმხრივი შესწავლის საფუძველი უნდა გამხდარიყო. მეორეს მხრივ, როგორც თამარის ისტორიკოსის მონათხრობიდან ჩანს, შავთელიც უნდა ყოფილიყო ნაზიარები იმ საიდუმლოს, დავითის ისტორიკოსისათვის რომ გახლდათ ცნობილი.

მემატიანეს ცნობით სწორედ იოანე შავთელი იყო მთარგმნელი ღვთაებრივი შეპყრობის ჟამს ევლოგი სალოსის მიერ წამოსროლილი სიტყვებისა, რითაც მალემსრბოლის მოსვლამდე გაიგეს შინ დარჩენილებმა ქართველების გმაარჯვების ამბავი ბასიანთან.

 

[ჩანართი:

1. ღირსი იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო. „ქართლის ცხოვრება“ მას მოიხსენიებს, როგორც „ლექსთა გამომთქმელს და მოღუაწებათა შინა განთქმულს“;

2. როდესაც ქართველთა სპა დავით სოსლანის წინამძღოლობით ბასიანისკენ გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი ოძრხეში წავიდა სალოცავად. მას თან ახლდა ქართლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა: „იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“.

აქ ერთი სასწაული აღსრულდა: ღვთისაგან წინასწარმცნობელობის მადლით დაჯილდოებული ევლოგი სალოსი წირვის დროს სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: „აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“.

ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება მიიღო. ღირსმა იოანე შავთელმა მეფეს უთხრა: „უწყოდე, მეფეო, რომელ ჩვენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩვენებასა კეთილსა ვჰგონებ!“

ევლოგი სალოსმა იოანე შავთელს განუცხადა საიდუმლო. ღვთის შეწევნით, ქართველებმა ბასიანში დაამარცხეს მტერი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

წმიდა ევლოგი, რომელიც ქრისტესთვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერ ღვაწლს, ამჯერად გაექცა კაცთაგან განდიდებას - „მყის წარვიდა პირისაგან მათისა და დაიმალა“... - გ.ს.].

 

ხსენებულ მომენტში შემთხვევით როდი იმყოფებოდნენ შავთელი და ევლოგი სალოსი განმარტოებით. როგორც სჩანს შავთელს თარგმანების უნარი გააჩნდა, ის სპირიტუალური უნართაგანი, რომელსაც თავის ერთ ერთ ეპისტოლეში პავლე მოციქული ერთის მხრივ წინასწარმეტყველების უნარზე დაბლა, ხოლო ქადაგად დავარდნის უნარზე მაღლა აყენებს და დასძენს, რომ ქადაგად დავარდნილთა უმწყობრო სიტყვებს მხოლოდ მაშინ აქვთ ფასი, როცა მათ მთარგმანებელი გააცნობიერებს.

დავით აღმაშენებლის ნათელმხილველობაზე საუბრობენ სწორედ მისი ისტორიკოსი და იოანე შავთელი, ოღონდ შეფარულად, რადგან ძველ დროში ძაღლთა და ღორთათვის რომ არ დაეფინათ მარგალიტი, საკრალურ სპირიტუალურ მოვლენებს საიდუმლოებით მოსავდნენ.

აი, გრაალის რაინდების მსგავსად, რატომ გაჩნდებოდა დავითი დროულად იქ სადაც არ ელოდნენ მტრები...

აი, რატომ აქციეს იგი ლეგენდად ჯვაროსნებმა. მეფე-მღვდელმთავარ იოანეს რომ უწოდებდნენ მას.

ჯვაროსანთა ლეგენდა გვაუწყებს რომ ქრისტიანმა მეფე-მღვდელმთავარმა, იოანემ, მუსულმანთა უზარმაზარი არმიის განადგურებით დიდი დახმარება გაუწია ევროპელ რაინდებს, გარდაუვალი დაღუპვისაგან იხსნა ისინი.

იმ ეპოქაში ამგვარი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომში მუსულმანთა მრავალრიცხოვანი კოალიციური მხედრობა დაამარცხა, ჯვაროსანთა დაუძინებელი მტერი ნეჯმ-ედ-დინ-ილ-ღაზი რომ სარდლობდა, და ამით დიდად შეუმსუბუქა მდგომარეობა ევროპელებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დიდგორში ქართველების მხარდამხარ იერუსალიმიდან საგანგებოდ ჩამოსული ასზე მეტი რაინდი იბრძოდა, რომელთა შორის იყვნენ სოლომონის ტაძრის რაინდებიც. ამ დამთხვევებს დავითის თავმდაბლობას, ღრმადმორწმუნეობას და სპირიტუალურ უნარებს თუ დავუმატებთ, არ გაგვიჭირდება ქართველთა სახელოვანი მეფისა და მღვდელმთავარ იოანეს იგივეობაში დარწმუნება. იგივეობის ამ ვერსიას უკვე მრავალი იზიარებს როგორც ჩვენში, ასევე დასავლეთში.

მღვდელმთავრობა მეფისა და მისი სასულიერო სახელი იოანე, მხოლოდ ვიწრო ეზოტერული წრისათვის უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოში, რაც უთუოდ მასთან ახლო მყოფმა ტაძრელებმაც იცოდნენ; რადგან ტაძრელთა ძმობის წარმომადგენლებიც ფლობდნენ ეზოტერულ სიბრძნეს და გარკვეულ სპირიტუალურ უნარებს, რაც ამ საიდუმლოს განდობის ღირსად ხდიდა მათ.

ყოველივე ზემოთთქმული უთუოდ ტაძრელებისგან გავრცელდა ევროპაში, ოღონდ ქართველთა მეფის საზოგადო სახელის გარეშე, რამაც სინამდვილე ლეგენდის საბურველით დაასაიდუმლოვა.

ქართველთა მემატიანემ კი, პირიქით - საიდუმლოდ შეინახა მღვდელმთავრობა და ხელდასხმის სახელი დავითისა.

დავით აღმაშენებელი რომ მართლაც ხელდასხმული იყო ამას ღაღადებენ გელათის ტაძრის კედელზე გამოსახული მისი ფრესკა და თავს ზემოთ ციდან ჩამოშვებული ხელი. საქართველოს არც ერთი მეფე არ გამოუსახავთ ამგვარად ეკლესიის კედლებზე. რაინდული ლეგენდა ღაღადებს როცა მეფე მღვდელმთავარი მეფე იოანე და ფრიდრიხ ბარბაროსა ხელს გაუწვდიანო ურთიერთს, გამხმარი კვერთხიც მაშინ აყვავდებაო. გამხმარი კვერთხის აყვავება ნიშნავს ვეგეტაციის ძალების მძლავრ ამოქმედებას, რაიც რელიგიურ სიმბოლიკაში მარადიული ცხოვრებისა და სპირიტუალურობის გამომხატველია.

რუდოლფ შტაინერი, ვაგნერის შესახებ თავის ერთ ერთ ლექციაში, ამბობს, რომ წმიდა გრაალის ბარძიმი, რომელსაც გრაალის ძმობის რაინდები ინახავდნენ სათუთად მონსალვატის მთაში, დასავლეთიდან გადატანილ იქნა აღმოსავლეთში მეფე იოანესთან, რადგან ევროპაში არსებული ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით აღარ შეიძლებოდა მისი იქ დატოვება. ცხადია, აღმოსავლეთში იგი იმხანად ჯვაროსათა შორის ყველაზე მაღალი სულიერობით აღჭურვილ ინდივიდუალობებს უნდა წაეღოთ.

აღსანიშნავია, რომ ტაძრელებს ანუ ტამპლიერებს, გრაალის ძმობის წინამძღვრის, პარსიფალის ნახევარ ძმებსაც უწოდებდნენ. თავიანთი მოღვაწეობის უმთავრეს კერაში, იერუსალიმში, მათ არა მარტოოდენ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ სასულიერო პირებთან, არამედ სპეციალური მისიითაც ჩამოსულან საქართველოში დავით აღმაშენებელთან და შესაძლოა ბარძიმის საიდუმლო გადაცემა მაშინ მოხდა.

 გადმოცემით - გრაალის ბარძიმი გაკეთებულ იქნა იმ ძვირფასი ქვისგან, ოდესღაც ლუციფერის გვირგვინიდან რომ გადმოვარდა დედამიწაზე და მას შემდეგ დიდი ხელდასხმულები ინახავდნენ მას საიდუმლოდ.

გრაალის ბარძიმი ის თასია იესოს ფერდიდან გადმოღვრილი სისხლით რომ აავსო არიმათიელმა გოლგოთაზე, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ ევროპაში, ინგლისში, წაიღო იგი. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ბარძიმი ტამპლიერთა ხელში აღმოჩნდა, შემდეგ კი აღმოსავლეთში მეფე მღვდელმთავარ იოანესთან იქნა იგი გადატანილი, რის შემდეგაც საერთოდ გაქრა ადამიანთა თვალთახედვიდან.

ზემოთქმულით ერთ მნიშვნელოვან საიდუმლოს ეხდება ფარდა, თუ რატომ ეწოდამეფე - მღვდელმთავარი“ დავით აღმაშენებელს. მეფე - მღვდელმთავარი“, როგორც გრაალის ბარძიმის ძველი მფლობელი, მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო, ერთდროულად სპირიტუალურ და საერო სფეროში მოქმედებით უმაღლეს დონეზე რომ აერთებდა და ახორციელებდა ღვთისა და მოყვასის სიყვარულისა და მსახურების მისტერიას...

სწორედ გრაალის ბარძიმის გადაცემისას უნდა მიენიჭებინათ დავითისათვისმეფე - მღვდელმთავრის“ მაღალი ხარისხი, სახელ - იოანესთან ერთად და მისი ხელდასხმის საიდუმლო რიტუალს ქართველებთან ერთად შესაძლოა ტამპლიერი რაინდებიც ესწრებოდნენ...

 

 

წრფელი გულით გაცემული... ღმერთმა შეიწიროს

ბიბლიაში დაფიქსირებულ, ბოლო ჟამში მოსახდენ მოვლენათა ჩამონათვალი, თავის უცილობელი ასრულების „რიგს“ ელოდება. ამჟამად, ერთ-ერთ ასეთთაგანზე გვინდა მოგახსენოთ.

აფხაზეთიდან დევნილი და დროებით თბილისში მცხოვრები ქალბატონი დინა [დიანა] ჯიქია, მიზეზთა გამო, თავისი ბინის გაყიდვის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა; თუმცა კარგა ხანი, ბინას, შესაფერისი მყიდველი არა და არ გამოუჩნდა.

27 დეკემბრის ლასკარის სხდომაზე დაგვიანებით მოსული ქალბატონი დინა, ბინის გაყიდვის ამბავთან ერთად, მისი უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმაზე გვესაუბრა: შექმნილი მდგომარეობის გამო, იგი იძულებული ხდებოდა, დროებით საცხოვრებლად, დასავლეთ საქართველოში მყოფ თავის ძმასთან გადასულიყო...

მომავალი შობა-ახალი წლისთვის საუკეთესო სურვილების გამოთქმის შემდეგ, დამშვიდობების წინ, ქალბატონმა დინამ, გაყიდული ბინის საფასურიდან, ე.წ. საახალწლო საჩუქრის დატოვება დააპირა. თხოვნა ისეთი ფორმით იყო გამოთქმული, რომ იძულებული გავხდით დავთანხმებოდით გულის კარნახით მიღებულ გადაწყვეტილებას.

წინამდებარე საუბარი, ჩვენი ლასკარის წევრისაგან გამოვლენილი ასეთი საქციელის სახარებისეული მინიშნების გადმოცემით გვინდა დავასრულოთ:

„ხოლო ყველა მორწმუნე [აქ - ლასკარის წევრები] ერთად იყო... და ჰყიდდნენ მონაგებს და ადგილ-მამულს, და უნაწილებდნენ თვითეულს...“ [საქ. 2,44-45]; „... ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ, და მოჰქონდათ საფასური გაყიდულისა“ [საქ. 4,34].

და კიდევ: „...მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდახმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს საპყრობილედან იპატივა იეჰოიაქინი, იუდას მეფე“ [4 მეფ. 25,27];

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - დე, ღმერთმა შეიწიროს წრფელი გულით გაცემული.

 ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

მასალები მომავალი განკითხვის დღის ქრონიკისათვის

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე  8,11]

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-სხდომები, ლასკარში, ყოველი კვირის ორშაბათს, 14.00 სთ-ზე იმართება. 2014 წ. ბოლო შეკრების ორშაბათი 29 დეკემბერს უწევდა. წინასაახალწლო გარემოდან გამომდინარე, ამ დღისათვის, სავალდებულო სხდომის მაგიერ, ე.წ. თავისუფალი შეხვედრის რეჟიმის ფორმატში მოგქმედების გადაწყვეტილება გვქონდა  მიღებული.

ქალაქში წარმოქმნილი საცობების გამო, ლასკარში მისვლა მაგვიანდებოდა. 14.03 სთ-ზე, ჩვენს გაერთიანებაში შემომავალი - „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ თავმჯდომარის ბატონი ვალერი მჭედელაძის სატელეფონო ზარი გაისმა. მოკლედ ავუხსენი მდგომარეობა და რამოდენიმე წუთით დაგვიანების მიზეზი.

ლასკარში მისულს ბატონი ვალერი ადგილზე აღარ დამხვდა. ზუსტად 14.13 სთ-ზე მე თავად გადავურეკე. ლასკარის ოთახთან არყოფნის მიზეზის კითხვის საპასუხოდ, ტელეფონიდან მისი ხმა მომესმა: „შეიძლება ვუთხრა სადაც ვარ?“- ეკითხებოდა იგი ვიღაცას. თანხმობის მიღების შემდეგ მიპასუხა: „ბატონო გელა, რუსთავის პოლიციის თანამშრომლები არიან მოსულნი, მათთან გაყოლას მთხოვენ და ალბათ დღეს ვეღარ მოვახერხებთ შეხვედრას“-ო.

ჯერ კიდევ,  ჩვენი გაზეთის 25 ოქტომბრის ნომერში ვწერდით იმ სამწუხარო ფაქტის გამო, როდესაც მისი ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის საჩივრის გამო, მოწმის სახით ჩვენ თავადაც მოგვიწია რუსთავის საგამოძიებო ორგანოში მისვლა [იხ. გაზ. №43 (939), გვ. 1-8].

ამის შემდგომ, ბატონ ვალერის, სხვადასხვა მიზეზით, პერიოდულად უხდებოდა რუსთავის პოლიციაში მისვლა. შესაბამისად, 29 დეკემბერს შემდგარი ჩვენი სატელეფონო საუბარი, არავითარი განგაში ელემენტს არ შეიცავდა, რამეთუ მორიგ გამოძახებაზე მიწვევად ჩავთვალე.

ჩემსა და ჩვენი გაერთიანების „მრჩეველთა საბჭოს“ თავმჯდომარის ბატონ ავთანდილ იოსელიანს შორის  ლასკარში მიმდინარე შეხვედრის დასასრულს, კერძოდ - 16. 31 სთ- ზე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარის ქ-მა იამზე სიჭინავა-დემურიას სატელეფონო ზარი გაისმა: „ბატონო გელა, რუსთავის პოლიციამ ბატონი ვალერი მჭედელაძე დააკავა. ჯერ-ჯერობით მიზეზს არ გვეუბნებიან. მალე ადვოკატიც გამოჩნდება და, როგორც კი დამატებითი ინფორმაცია გვექნება შეგატყობინებთო“.

მომდევნო ერთი საათის მანძილზე გამართული სატელეფონო საუბრების შედეგად, წინასწარი დაკავების საკანში მყოფ ბ-ნ ვალერისთან შესული ადვოკატის მეშვეობით გაირკვა, რომ რუსთავის პოლიცია ბატონ ვალერის, მისთვის უცნობი პიროვნების განცხადების საფუძველზე, „ფულის გამოძალვას“ ედავებოდა.

ადვოკატთან გამართული სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა - სამუშაო საათების დამთავრების გამო [სასამართლოს კანცელარია 18.00 სთ-მდე მუშაობს], მეორე დღესვე, აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის მაგივრად გირაოს მოთხოვნით, შუამდგომლობით მიგვემართა რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარისათვის.

30 დეკემბერს, თბილისში ჩამოსულ ქ-ნ იამზე სიჭინავა-დემურიასთან ერთად, საბოლოოდ შემუშავებულ ტექსტზე დაყრდნობით, შემდეგი „შუამდგომლობა [თხოვნა]“ გავამზადეთ:

„ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს

ბატონ მამია ფხაკაძეს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

შ უ ა მ დ გ ო მ ლ ო ბ ა

[თხოვნა]

 

ბატონო მამია!

შემოვდივართ შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს წინაშე, რათა

 ბრალდებულ ვალერი მჭედელაძეს, რომელიც არის - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ თავმჯდომარე,

მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით [ჰყავს, ამჟამად მძიმე ავადმყოფი  მე-2 ჯგუფის ინვალიდი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი]:

არ შეუფარდოთ აღმკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა, არამედ

შეეფარდოს ნაკლებად მძიმე აღმკვეთი ღონისძიება - გირაოს სახით.

გარდა აღნიშნულისა, ბატონი ვალერი მჭედელაძე, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, თავისი ქვეყნის ერთგული შვილი, პატიოსანი და ღირსეული მამულიშვილი, ყველანაირად ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ხელი შეუწყოს მას საქმიდან გამომდინარე ჭეშმარიტების დადგენაში

 წინასწარ გიხდით მადლობას, კანონით თქვენთვის მონიჭებული უფლების მართებულად გამოყენებისათვის!

პატივისცემით,

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2014 წლის  30 დეკემბერი“

 

ქალბატონ იამზე სიჭინავა-დემურიასთან ერთად რუსთავში გავემგზავრეთ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი და მევლუდ მამადაშვილი.

რუსთავის სასამართლოს კანცელარიაში გაარკვიეთ, რომ ბ-ნი ვალერი მჭედელაძის საქმე [16.00 საათისთვის] ჯერ კიდევ არ იყო მათთვის გადაცემული. იქვე გვირჩიეს, რომ ჩვენი შუამდგომლობა, მხოლოდ სასამართლოს ჩანიშვნის ჩემდგომ ჩაგვებარებინა.

მიზეზთა გამო, როგორც ამ საქმის გამომძიებელი, ასევე პროკურატურა არ [ვერ] გვიკონკრეტებდნენ, თუ როდისთვის შეძლებდნენ ისინი საქმის მასალების სასამართლოსათვის გადაცემას; და რომ სასამართლოს დანიშვნის თარიღს მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით შეგვატყობინებდნენ.

თბილისში დაბრუნებულებმა, 31 დეკემბერს ტელეფონით შევიტყვეთ, რომ:

- ადვოკატმა, ინფორმაცია: 14.00 საათისთვის  სასამართლოს სხდომის დანიშვნის თაობაზე, მხოლოდ - 13.45 სთ-ზე მიიღო;

- მოდავე მხარის გარეშე ჩატარებული, ნახევარსაათიანი „ფორმალური“ სხდომის დასასრულს, ახალი წლის დადგომამდე რამოდენიმე საათით ადრე, მოსამართლემ, ჩვენი შუამდგომლობის მიუხედავად, ბატონ ვალერი მჭედელაძეს აღმკვეთ ღონისძიებად - ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

აი, სულ ეს არის რის შესახებაც დღეს გვინდოდა საუბარი.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

...

რა სენი გჭირთ ქართველებო,

რა მოუვიდა თქვენს გულებს?!

ზოგი მიწა-წყალს ყიდით და

ზოგიც გვიფეთქებთ მამულებს...

სულს - სენი შემოგპარვიათ,

ვეღარ მოდიხართ აზრზედა,

იმასაც ვეღარა ჰხედავთ

ეშმაკი გაზით მხარზედა...

ირწმუნეთ უზენაესი,

გადაისახეთ პირჯვარი,

ფული ვერავის გიშველით,

ჩვენი მშველელი ის არი...

შემოვბრუნდეთ უფლისაკენ

ვთქვათ მისი სადიდებელი!..

ბიბლიაზე ფიცი დავდოთ,

რომ ვიქნებით მისი მადლის

მართალი მადიდებელი.

დღეს კი ამით დავამთავრებ:

დიდება უფალს, დიდება!

ჩვენი მართლმადიდებლობა

მუდამ პირველი იქნება!..

  ეკატერინე

ხრიკული

 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარს

კავშირის მთავარი ბუღალტრის

ნანული ერქვანიძის

ახსნა-განმარტებითი ბარათი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

2014 წლის

საფინანსო საქმიანობის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052):

_ კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი: TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

 

2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 646 [ხუთას ორმოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 597 [ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი] ლარი და 70 თეთრი;

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენდა - 48 [ორმოცდარვა] ლარს და 38 თეთრს.

 

 2014 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

- 2014 წ. 27 მაისს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 1 050 [ათას ორმოცდაათი] ლარი;

- 2014 წ. 27 მაისს შპს „დრონი ჯი“-ს, გადაერიცხა საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფის მომსახურების საფასური - 700 [შვიდასი] ლარი;

- 2014 წ. 27 მაისს, ინდ. მეწარმე „ნანა მორგოშია“-ს გადაერიცხა პლაკატების დაბეჭვდის ღირებულება - 350 [სამას ორმოცდაათი] ლარი;

- 2014 წ. 14 ივლისს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 1 000 [ათასი] ლარი;

- 2014 წ. 14 ივლისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე [არაკლასიფიცირებული სანქციებიდან: ჯარიმა და საურავი] ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა  - 1 000 [ათასი] ლარი;

-2014 წ. 29 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის  2015 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

- 2014 წ. 29 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2015 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

 

2014 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 2 150 [ორიათას ორმოცდაათი] ლარი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 2 151 [ორიათას ასორმოცდათერთმეტი] ლარი და 80 თეთრი;

 

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 2 796 [ორიათას შვიდას ოთხმოცდათექვსმეტი] ლარი და 08 თეთრი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 2 749 [ორიათას შვიდას ორმოცდაცხრა] ლარი და 50 თეთრი;

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 46 [ორმოცდაექვსი] ლარს და 58 თეთრს.

ქ. თბილისი,

2015 წლის 3 იანვარი