Print

გაზეთი № 1 [972]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარს

კავშირის მთავარი ბუღალტრის

ნანული ერქვანიძის

 

ახსნა-განმარტებითი ბარათი

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

2015 წლის

საფინანსო საქმიანობის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052):

_ კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი: TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

 

2015 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

- 2015 წ. 24 ოქტომბერს, შპს „რეალაითი“-ს სარეკლამო მომსახურებისათვის გადაერიცხა - 10 [ათი] ლარი;

- 2015 წ. 28 დეკემბერს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 80 [ოთხმოცი] ლარი;

-2015 წ. 28 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის  2016 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

- 2015 წ. 28 დეკემბერს კავშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2016 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

2015 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 80 [ოთხმოცი] ლარი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 110 [ას ათი] ლარი;

2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 16 [თექვსმეტ] ლარს და 58 თეთრს.

 

ქ. თბილისი,

2016 წლის 6 იანვარი

 

 

 

„მცირე“ და „დიდი“ სამსჯავროს

არსობრივი საკითხისათვის

უფალი ღმერთის მიერ განსაზღვრული, ადამის მოდგმისათვის დაწყევლილ ქვეყანაში ყოფნის, ანუ მათთვის „სასჯელისმიერი დროის“ ამოწურვის ბოლოს დამდგარი - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი, მოისპობა სიამპარტავნე, ამოიძირკვება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შეძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,43-45].

ბიბლიის მიხედვით - „სიკვდილი“, ღმერთის მიერ დადგენილის შეუსრულებლობის შედეგია [იხ. დაბ. 2,16-17], რამეთუ ღმერთის მიერ დადგენილი წესისაგან გადახვევის სურვილი, ანუ - „... გულისხმა ჩასახავს და შობს ცოდვას; ცოდვა კი ჩასახვის შემდეგ შობს სიკვდილს“ [იაკ. 1,15].

ამ თვალსაზრისით - „ცოდვა“ და „სიკვდილი“ ერთმანეთის სინონიმებია, რამეთუ, სადაც არის „ცოდვა“, იქვეა „სიკვდილი“, და სადაცაა „სიკვდილი“, იქვეა მისი გამომწვევი „ცოდვაც“.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ - უკდავებაა იქ, სადაც არ არის „სიკვდილის“ გამომწვევი - ცოდვა. ღმერთი უკვდავია, რამეთუ იგი - უცოდველია. და რადგანაც - „ღმერთი სულია...“ [იოანე 4,24], შესაბამისად უკვდავია მისგან მომდინარე ის „სიცოცხლის სუნთქვაც“, რომელიც შთაბერა მან „მიწის მტვერისაგან“ გამოსახულ ადამის სხეულს - „...და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ [დაბ. 2,7].

შესაბამისად, ამ დროისათვის - ადამს აქვს: უცოდველი, ანუ უკვდავი სული და მიწის მტვერისაგან გამოსახული სხეული. ამიტომ, უფალი ღმერთის მიერ  ედემის ბაღში აღმოცენებული „სიცოცხლის ხის“ ნაყოფი, მხოლოდ, ამ „მიწის მტვერისაგან“ გამოსახული სხეულისთვის იყო განკუთვნილი, რომლის მიღებაც, ადამის მიერ, უფლისმიერი დადგენილი წესის დაცვის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

სამწუხაროდ, გველისაგან წაქეზებულმა ევამ დაარღვია უფლისმიერი წესი, და იგემა რა აკრძალული ხის ნაყოფი, თავისი [და შემდგომად ადამის] სხეული - სიკვდილისათვის, ანუ - ხრწნადობისათვის გაწირა.

აქედან მოყოლებული სიცოცხლის ხის ნაყოფი მათთვის დაფარული გახდა, რათა - „...არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს... განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,22; 24].

ედემის ბაღიდან, ანუ სამოთხიდან გამოდევნიდან ვიდრე განკითხვის დღემდე, როგორც ითქვა, ადამის მოდგმისათვის - უცოდველი, ანუ უკვდავი სულისა და ცოდვას დაქვემდებარებული, ანუ მოკვდავი სხეულის ერთებაში ყოფნას - სიცოცხლე, ხოლო მათი ურთიერთგაყრის პროცესს - სიკვდილი ჰქვია.

ამასთან, ცოცხალ ადამიანში მყოფი, უფალი ღმერთისაგან მომდინარე, მათი უცოდველი, ანუ უკვდავი სულის თაობაზე ვკითხულობთ - „თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი...“ [დაბ. 6,3];

რაც შეეხება ამ „ხორცს“, ანუ ადამის მოდგმის - ცოდვას დაქვემდებარებულ მოკვდავ სხეულს, იგი მიწისაგანაა აღებული და მიწადვე უნდა მიიქცეს [იხ. დაბ. 2,19].

პავლე მოციქულის სწავლებით - „...ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, და სულს - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ იქმოდეთ იმას, რაც გსურთ“ [გალ. 5,17].

როგორც ითქვა, აი, ასეთ ბრძოლაში მყოფი უცოდველი, ანუ უკვდავი სული, ცოდვას დაქვემდებარებულ, ანუ მოკვდავ სხეულთან ერთებაში ყოფნის ყოველი „სიცოცხლისეული ეტაპის“ დასრულებიდან მეორმოცე დღეს, წარსდგება ე.წ. „მცირე სამსჯავროზე“, რათა - სასჯელის მოხდის ადგილზე, ანუ ღმერთისაგან დაწყევლილ ქვეყანაში ჩადენილი საქციელის შესაბამისი განაჩენი მიიღოს.

ხაზგასმით გვინდა გავიმეოროთ, რომ, ყოველ „მცირე სამსჯავროზე“, უკვდავი სულისათვის გამოტანილი „განაჩენი“, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით შეძლო მან, ამ „დროისათვის“ უკვე მიწას მიბარებული, მოკვდავი სხეულის „მართვა“.  შესაბამისად, უკვდავ სულთა ერთი ნაწილი - სამოთხისეული ეტაპის გავლით, ხოლო მეორე ნაწილი კი, მინიმუმ 7-8 თვიანი ინტერვალის შემდეგ, შობის გზით შეძენილ ახალ მოკვდავ სხეულში მყოფი [რეინკარნირებული], კვლავ აგრძელებს, სასჯელის მოხდის ადგილზე - ღმერთის მიერ დაწყევლილ ქვეყანაში, ანუ ჯოჯოხეთში ცხოვრებას.   

და ასე გრძელდება ვიდრე „განკითხვის დღემდე“, ანუ „დიდ სამსჯავრომდე“, როდესაც საბოლოოდ დასრულდება უკვდავ სულსა და მოკვდავ ხორცს შორის მიმდინარე დაპირისპირება.

ამდენად, როგორც - „მცირე“, ასევე - „დიდი“ სამსჯავროს მთავარი სუბიექტი არის, ადამის მოდგმის - უცოდველი, ანუ უკვდავი სული. თუმცა არის ერთი „განსხვავება“.

საქმე იმაშია, რომ განკითხვის დღეს - უფალი ღმერთის მიერ ადამის მოდგმისათვის ბოძებული უცოდველი, ანუ უკვდავი სულისათვის მოხდება, მის მიერ განვლილ ყოველ „სიცოცხლისეულ ეტაპზე“, მოკვდავ სხეულთან „ბრძოლის“ საერთო შედეგისმიერი, ანუ შემაჯამებელი, „საბოლოო განაჩენის“ გამოტანა - „... ვინაიდან რასაც დასთესს კაცი, მასვე მოიმკის. ხორცში მთესველი ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას [აქ - „ცეცხლის ტბაში“ მოხვედრა], ხოლო სულში მთესველი სულისაგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს [აქ - სასუფეველში დამკვიდრება]“ [გალ. 6,7-8].

ბიბლიური სწავლებით, მარადისობასთან გაიგივებული ორი ადგილის სახელი ვიცით, ესაა - „სასუფეველი“, და - „ცეცხლის ტბა“, რამეთუ ამ ადგილებში - „...უკვე აღარ იქნება დრო“ [გამოცხ. 10,6]. შესაბამისად:

1. „სასუფეველი“ არის „სულში მთესველთა“, ანუ უცოდველთათვის განკუთვნილი მარადიული ნეტარების ადგილი; ხოლო

2. „ცეცხლის ტბა“ – „ხორცში მთესველთა“, ანუ ცოდვილთათვის განკუთვნილი მარადიული ტანჯვის ადგილია.

 თავის მხრივ, უდროობაში განვრცობილ გარემოში დამკვიდრება, მხოლოდ მარადისობასთან თანაზიარებულ არსში ყოფნის შემთხვევაშია შესაძლებელი.

როგორც ითქვა - განკითხვის დღეს „წინ უსწრებს“, ყველა უკვდავი სულის მიერ, ასევე უკვდავი სხეულის შეძენის მიმანიშნებელი - მეშვიდე საყვირისეული ეტაპი, რამეთუ - „ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი, რადგანაც დაიგრგვინებს და ...  ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება“ [1 კოლ. 15,52-53].

მაშასადამე, თუ ყოველ „მცირე სამსჯავროზე“, მხოლოდ უკვდავი სული  „ისმენს“ მისთვის გამოტანილ განაჩენს, „დიდ სამსჯავროზე“ წარმსდგარი თითოეული უკვდავი სული, უკვე - უკვდავ სხეულში მყოფი ელოდება განკითხვის დღისეულ საბოლოო განაჩენს

ბიბლიის მიხედვით, „სულში მთესველობა“ თავისთავად გულისხმობს - უცოდველობას, და ასეთთათვის – „...უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკვდილი“ [1 კორ. 15,26], და მათ ადგილსამყოფელში - „... აღარ იქნება სიკვდილი [ანუ - ცოდვა], და აღარც გლოვა, აღარც ტირილი და აღარც ტანჯვა აღარ იქნება, რადგან გადაეგო ყოველივე უწინდელი“ [გამოცხ. 21,4];

თავის მხრივ - „ხორცში მთესველი ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას...“ [გალ. 6,8], ანუ სიკვდილს, როგორც ცოდვის შედეგს. და, როდესაც გვეუწყება, რომ - „...სიკვდილი [ანუ - ცოდვა] და ჯოჯოხეთი [ღმერთისაგან დაწყევლილი ქვეყანა] დაინთქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი“-ო [გამოცხ. 20,14], ამით მიგვენიშნება არა იმაზე, რომ „ცეცხლის ტბაში“ ხდება „სიკვდილი“, ანუ იქ მოხვედრილთა სულისა და ხორცის გაყრის პროცესი, არამედ ხაზგასმულია - „სიკვდილის“, როგორც „ცოდვის შედეგის“ საბოლოო ადგილსამყოფელზე, სადაც მყოფნი - „... ეწამებიან დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 19,10].

ამდენად, სასუფეველიც და ცეცხლის ტბაც, უკვდავი სულისა და უკვდავი სხეულის ერთებაში მყოფთათვის განკუთვნილი სამუდამო ადგილსამყოფელია, ოღონდ, „ცეცხლის ტბისაგან“ განსხვავებით, „სასუფეველში“ არ არის - ცოდვა, და მისი შედეგი სიკვდილი.

ბუნებრივია, რომ ამ ორივე შემთხვევაში - „სიკვდილი“, „ცოდვის“ სინონიმია, და არა - უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის გაყრის პროცესის აღმნიშვნელი ტერმინი.

სწორედ ამაზე მიგვანიშნებს პავლე მოციქულისეული ნათქვამი - აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს, ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, - ერთ წამში, თვალის დახამხამებაში... ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება“ [1 კორ. 15,51-53].

ამდენად, თურმე - „ყველანი შევიცვლებით“, რაც გამოიხატება იმაში, რომ „ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება“, მაგრამ „ყველანი როდი მოვკვდებით“, რამეთუ, „სულში მთესველთათვის“ – „...ასრულდება სიტყვა დაწერილი: დაინთქა სიკვდილი [აქ - ცოდვა] ძლევით. სად არის სიკვდილო ნესტარი შენი? სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი? ხოლო სიკვდილის ნესტარი - ცოდვაა...“ [1 კორ. 15,54-56].

ყოველივე ზემოთქმულს თუ შევაჯერებთ, ასეთ ზოგად სურათს მივიღებთ:

1. როგორც - „მცირე“, ასევე - „დიდი“ სამსჯავროს მთავარი სუბიექტი არის, ადამის მოდგმის - უცოდველი, ანუ უკვდავი სული, ამასთანავე:

- თითოეული ადამის მოდგმათაგანის უკვდავი სულისათვის, ცოდვას დაქვემდებარებულ, ანუ მოკვდავ სხეულთან ერთებაში ყოფნის ყოველი „სიცოცხლისეული ეტაპის“ დასრულებიდან მეორმოცე დღეს, იმართება ე.წ. „მცირე სამსჯავრო“, სადაც ხდება - სასჯელის მოხდის ადგილზე, ანუ ღმერთისაგან დაწყევლილ ქვეყანაში ჩადენილი საქციელის შესაბამისი განაჩენი მიღება;

- „დიდ სამსჯავროზე“, ანუ განკითხვის დღეს - უფალი ღმერთის მიერ ადამის მოდგმისათვის ბოძებული უცოდველი, ანუ უკვდავი სულისათვის მოხდება, მის მიერ განვლილ ყოველ „სიცოცხლისეულ ეტაპზე“, მოკვდავ სხეულთან „ბრძოლის“ საერთო შედეგისმიერი, ანუ შემაჯამებელი, „საბოლოო განაჩენის“ გამოტანა;

2. განკითხვის დღეს „წინ უსწრებს“, ყველა უკვდავი სულის მიერ, ასევე უკვდავი სხეულის შეძენის მიმანიშნებელი - მეშვიდე საყვირისეული ეტაპი [იხ. 1 კოლ. 15,52-53], ანუ „დიდ სამსჯავროზე“ წარმსდგარი თითოეული უკვდავი სული, უკვე - უკვდავ სხეულში მყოფი ელოდება განკითხვის დღისეულ საბოლოო განაჩენს;

3. ბიბლიური სწავლებით, მარადისობასთან გაიგივებული ორი ადგილის სახელი ვიცით, ესაა - „სასუფეველი“, და - „ცეცხლის ტბა“, შესაბამისად:

- „სასუფეველი“ არის „სულში მთესველთა“, ანუ უცოდველთათვის განკუთვნილი მარადიული ნეტარების ადგილი; ხოლო

- „ცეცხლის ტბა“ – „ხორცში მთესველთა“, ანუ ცოდვილთათვის განკუთვნილი მარადიული ტანჯვის ადგილია;

- „სასუფეველიც“ და „ცეცხლის ტბაც“, უკვდავი სულისა და უკვდავი სხეულის ერთებაში მყოფთათვის განკუთვნილი სამუდამო ადგილსამყოფელია, ოღონდ, „ცეცხლის ტბისაგან“ განსხვავებით, „სასუფეველში“ არ არის - ცოდვა, და მისი შედეგი სიკვდილი.  

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

 

 

„ერთხორცისათვის“,

ანუ - „ადამისათვის“ გამოტანილი განაჩენი

ბიბლიაში მოცემულ ადამის შექმნისეულ თხრობაში ვკითხულობთ - „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.

აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით“ [დაბ. 2,7-9; 15-17].

როგორც ვხედავთ, უფლისმიერი გაფრთხილების ადრესატი - მხოლოდ ადამია, რადგან ამ დროისათვის მას ჯერ კიდევ არ ჰყავს - „...შემწე, მისი შესაფერი“ [დაბ. 2,20].

ადამისათვის მისი ე.წ. „მეორე ნახევარის“ შექმნის თანამიმდევრობა კი ასეთია - „უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ [დაბ. 2,21-24].

როგორც ვიცით, ცოდვით დაცემა, ანუ აკრძალული ხის ნაყოფის მიღება - გველისაგან „წაქეზებული“ დედაკაცისაგან მოდის - „...დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავiს კაცს და კაცმაც შეჭამა“ [დაბ. 3,6].

ბუნებრივად ჩნდება კითხვა:

- რაზე უნდა გვანიშნებდეს ბიბლია იმის აღნიშვნით, რომ უფლისმიერ გაფრთხილებას მხოლოდ ადამი ისმენს; ანუ - რატომ არ გაისმა ეს გაფრთხილება ადამისაგან გამოღებული მისი სხეულის ერთი ნაწილისაგან დედაკაცის შექმნის შემდეგ?

- უფლისმიერი გაფრთხილება დედაკაცსაც რომ მოესმინა, იქნებ არ მომხდარიყო მისი [და შემდგომად ადამის] ცოდვით დაცემა?

ამ კითხვებზე სავარაუდო პასუხის გაცემამდე, გვინდა კიდევ რამოდენიმე მომენტი, და მათგან მომდინარე კითხვები შემოგთავაზოთ.

1. ცოდვით დაცემის შემდეგ, უფლისმიერ სასჯელს ღებულობს, ამ პროცესში მონაწილე სამივე პირი. კერძოდ: წამქეზებელი - გველი; და ცოდვის ჩამდენი - დედაკაცი და ადამი:

- „უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ [დაბ. 3,14-15];

- „დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“ [დაბ. 3,16]; და

- „ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო [„წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა“]: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ [დაბ. 3,17-19].

თუ დავაკვირდებით ადვილად შევამჩნევთ, რომ - გველი და დედაკაცი, მხოლოდ პიროვნულ სასჯელს იღებენ, მაშინ როდესაც - ადამი, პიროვნული სასჯელის მიღების გარდა, თავადვე ხდება მიზეზი უფალი ღმერთის მიერ - „მიწის“, ანუ „ქუეყანის“ დაწყევლისა.

მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვის ჩამდენი - დედაკაცი და ადამია, „მიწის“, ანუ „ქუეყანის“ დაწყევლა, უშუალოდ ადამის სახელთანაა დაკავშირებული - „უთხრა ადამს... მიწა დაიწყევლოს შენს გამო“;

და ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რატომ უნდა უკავშირებდეს ბიბლია „მიწის“, ანუ „ქუეყნის“ დაწყევლას მხოლოდ ადამს?

2. შემდეგი ნიშანდობლივი მომენტის სუბიექტი ასევე ადამია - „თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს“ [დაბ. 3,22].

როგორც ვხედავთ, აქაც მხოლოდ ადამზეა მინიშნება, მაშინ როდესაც ამავე თხრობის წინა ნაწილებიდან ვიცით, რომ აკრძალული ხის ნაყოფს პირველად დედაკაცი ღებულობა, და შემდეგ ადამი. და კიდევ:

და აი, მორიგი კითხვაც - მაშინ როდესაც აკრძალული ხილი დედაკაცმა და ადამმა ჭამეს, მხოლოდ ადამზე რატომ მიგვენიშნება, რომ თითქოს მარტო იგი გახდა - „შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა“?

3. ანალოგიურად, მხოლოდ ადამზეა აქცენტი გაკეთებული ედემის ბაღიდან შემცოდეთა გამოდევნის აღმწერ თხრობაში - „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,23-24].

ანუ, რა - ედემის ბაღიდან მხოლოდ ადამის გამოდევნა მოხდა?

ზემოთ მოცემულ კითხვებზე მართებული პასუხი, მხოლოდ, მოყვანილი ბიბლიური ტექსტის მთლიანობაში გააზრების შემთხვევაში შეიძლება გაიცეს.

ბიბლიის შესაქმისეულ ტექსტში დაფიქსირებული სახელი - „ადამი“ [რომელიც ებრაულად „წითელ მიწას“ ნიშნავს], თავისი არსით მოიცავს, როგორც უშუალოდ მამაკაცს, ასევე დედაკაცსაც, ანუ ამ კუთხით, იგი - კრებითი სახელია, და - კაცზე გვანიშნებს.

ბიბლიისეული თხრობა - „გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით“ [დაბ. 2,16-17], - იმას კი არ გვაუწყებს, რომ მხოლოდ ადამი ისმენს უფალი ღმერთის გაფრთხილებას, არამედ ხაზგასმით გამოყოფს მთელ შემდგომ პროცესებზე მთავარ პასუხისმგებელ პირს - ადამს.

დიახ, ამ შემთხვევაში სახელი „ადამი“, მთლიანობაში მოიცავს - როგორც მამაკაცს, ასევე - დედაკაცს, როგორც ერთი მთელის ორ შემადგენელ ნაწილთა ერთობას. ამაზე მიმანიშნებელი ტექსსტი ასე იკითხება - „ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ [დაბ. 2,24].

აქედან გამომდინარე, უფალი ღმერთის გაფრთხილებაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი სწორედ - ადამია, როგორც ამ „ერთხორცობის“ არსობრივი მხარის მთავარი გარანტი;

სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ - „... ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და რჯულს გარდახდა“ [1 ტიმ. 2,14], ბიბლიაში ხსენებული:

- მიწის“, ანუ „ქუეყნის“ დაწყევლის მიზეზად, მხოლოდ ადამია გამოყვანილი [დაბ. 3,17];

- „კეთილისა და ბოროტის“ შემცნობელად მხოლოდ ადამია დასახელებული [დაბ. 3,22]; და

- ედემის ბაღიდან გამოდევნისეულ ტექსტში, მხოლოდ ადამის სახელი ნაუწყები.

და ეს ყველაფერი მიგვანიშნებს ერთადერთს - ადამი, არა მხოლოდ თავისი თავის, არამედ მისგან გამოღებული მისი მეორე ნახევარის ჩანადენზეა პასუხისმგებელი - „რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისათვის, არამედ ქალი - კაცისათვის. თუმცა, არც კაცია ქალის გარეშე, და არც ქალი კაცის გარეშე, უფლის მიერ“ [1 კოლ 11,3; 8-9; 11].

წინამდებარე მონაკვეთის დასასრულს, კომენტარის გარეშე გვინდა შემოგთავაზოთ, წმიდა წერილში დაცული ის მინიშნებები, რომლებშიც გამოკვეთილია, როგორც „ერთხორცობის“ მთავარი გარანტის - ადამის პასუხისმგებლობა, ასევე კაცისა [ქმარის] და ქალის [ცოლის] - ერთმანეთთან ურთიერთმიმართების ამსახველ დოგმათა ერთობა.

ამიტომ, ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვისაც - ესმის, და მზად არის შეასრულოს ნება ღმრთისა, რომ - „არცა დედაკაცებაი, არცა მამაკაცებაი, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ“ [„მოქცევაი ქართლისაი“].

1. ზოგადი მიმართვა:

- „ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს ქრისტეს შიშით“ [ეფეს. 5,21];

- „... პირველად ადამი შეიქმნა, და მერე ევა. და ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და რჯულს გარდახდა; თუმცა, მაინც ცხონდება, იმის წყალობით, რომ შვილებს გააჩენს, თუკი იქნება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმინდეში კდემით“ [1 ტიმ. 2,13-15]

- „ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი... კაცმა არ უნდა დაიბუროს თავი [აქ - ლოცვისას], ვინაიდან ხატია და დიდება ღმრთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისათვის, არამედ ქალი - კაცისათვის. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე [აქ - ლოცვისას] ანგელოზთათვის. თუმცა, არც კაცია ქალის გარეშე, და არც ქალი კაცის გარეშე, უფლის მიერ. რადგან, როგორც ცოლი ქმრისაგან არის, ასე ქმარიც - ცოლისაგან, ხოლო ყველაფერი ღმრთისაგან არის [1 კოლ 11,3; 7-12];

2. მიმართვა - ქმრებისადმი:

- ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის... ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ცოლის მოყვარეს თავისი თავი უყვარს. რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ უვლის და ასაზრდოებს მას, როგორც უფალი - ეკლესიას[ეფეს. 5,25; 28-29];

3. მიმართვა - ცოლებისადმი:

- ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში[ეფეს. 5,22-24];

-  შეაგონებდეთ „...ყმაწვილ ქალებს უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, კეთილგონიერნი იყვნენ, უბიწონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღმრთის სიტყვა“ [ტიტე 2,4-5];

4. მიმართვა - ცოლ-ქმრისადმი:

- „ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს ქრისტეს შიშით... ვინაიდან მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. ამიტომაც მიატოვებს კაცი მამას თვისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასევე თვითეულ თქვენგანსაც უყვარდეს ცოლი თვისი, როგორც თავი თვისი, ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი  ქმრისა[ეფეს. 5,21; 30-32];

- ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც ჯერ არს, უფალში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ“ [კოლ. 3,18-19]

- „ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი“ [1 კორ. 7,4].

 ამიტომ, ვისაც ყური სულის სახსნელად აქვს, ისმინოს - „...ვინც დაიმარხავს მთელ რჯულს, და შესცოდავს მხოლოდ ერთ რამეში, ყველაფერში შემცოდეა“ [იაკ. 2,10].

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი