Print

გაზეთი № 4 [975]

მორიგი მხილება, ანუ

პარლამენტში 2016 წ. 11 თებერვალს გამართული

 საკომიტეტო მოსმენის ქრონიკა

 

ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს" მიერ ჯერ კიდევ 2015 წ. 16 მარტს წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილებების შეტანის თაობაზე" – (N5820), რომელიც პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის ახალი მექანიზმის შემოღებას ეხება, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, მხოლოდ 2016 წ. 11 თებერვლის სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

ჩვენი საკითხის განხილვის პროცესში მონაწილეობისათვის სხდომაზე მისულ მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და ავთანდილ იოსელიანს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ სხდომის მონაწილეების წინაშე განუცხადა - „შემოსული საკანონმდებლო წინადადების შინაარსს კომიტეტის წევრები უკვე იცნობთ, მის გაზიარებას კომიტტი არ აპირებს, რადგან იგი მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამიტომ აუცილებელი აღარ არის ბ-ნ მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენების მოსმენა“-ო.

დამსწრე დეპუტატების რეაქციიდან და სახის გამომეტყველებიდან აშკარა იყო, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი კანონპროექტი წაკითხული არ ჰქონდა.

როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეს ვკითხე - „ბ-ნო ვახტანგ, ამ ზეპირი განცხადებით თქვენ შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება, ამიტომ გთხოვთ დამისახელეთ კონსტიტუციის რომელ მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში ჩვენი კანონპროექტი“-მეთქი, გასაოცარი პასუხი მივიღე - „ბ-ნო გელა!, მე არავითარი მუხლის მითითებას არ ვაპირებ, რადგან ეს ჩემთვის ისევე ცხადია, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია“-ო.

შექმნილი უხერხული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა - „ბ-ნო გელა, შეიძლება თქვენი კანონპროექტი მართლა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებს, მაგრამ ასეთი საკითხის გადასაჭრელად საჭიროა შევქმნათ კომისია და საქართველოს საპატრიარქოს პოხიცია მოვისმინოთ“-ო.

მაგრამ, როდესაც ჩვენ დავეთანხმეთ ასეთი კომისიის შექმნას, ბ-მა გიგიმ სასწრაფოდ უკან წაიღო თავისი სიტყვები და ჩვენი კანონპროექტის კონკრეტული მუხლის [საარჩევნო უბნის უფლებამოსილების] წაკითხვის შემდეგ განაცხადა - „აბა, ასეთი ფორმულირების მიღება როგორ შეიძლება, ეს წესი ხომ აუარებელ კითხვას ბადებსო“.

ჩვენთვის აშკარა იყო, რომ ბ-ნ გიგის ამ კონკრეტული ფრაზის მეტი წაკითხული არ ჰქონდა, ამიტომაც ვუთხარი - „ბ-ნო გიგი! ამ საკითხის თაობაზე კითხვის პასუხი მომდევნო გვერდზეა, თუ მომისმენთ მოგახსენებთ, მაგრამ მე მგონი თქვენ ჩვენი კანონპროექტის პირველი გვერდის მეტი არც კი წაგიკითხიათ-მეთქი“.

ბ-მა გიგიმ გასაოცარი პასუხი გამცა - „რათქმა უნდა ასეა, აბა ამდენს რა წამაკითხებდაო“.

მეც მეტი რაღა უნდა მეთქვა - „ბ-ნო გიგი, მე ეხლავე შემიძლია წაგიკითხოთ, მაგრამ  თქვენ რა კ/ფ „ცისფერი მთების“ სიუჟეტივით იქცევით - „მოდი ალაგ ალაგ წამიკითხე და შემდეგ შევაერთოდო“, რომ იძახიან“-მეთქი.

მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი ბ-ნი გედეონ ფოფხაძე მოსმენილის გამო სიცილს ძლივს იკავებდა. ღიმილი არც სხვა დამსწრე დეპუტატების სახეს აკლდა.

ასე დარჩა „კრება მხიარული“ - აი, ასეთი „განხილვის“ ფონზე ჩვენი შეთავაზება იურიდიულმა კომიტეტმა არ გაიზიარა.

მხილებისეული ეტაპისათვის დამახასიათებელი წინამდებარე მაგალითის თაობაზე საუბარს ბიბლიური შეგონების გახსენებით დავასრულებთ:

- „მითხრა: ადამის ძევ!.. ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი [კოდია]. გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.

შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა. უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან“ [ეზეკ. 2,3-5].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი



საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ“

  

განმარტებითი ბარათი

 

თავი 1. შესავალი

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანი მთლიანად თანხვდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის მე-3 პუნქტში გაცხადებულს, რომ - „მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს ამ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა შეძლებისდაგვარად თანაბარ განაწილებას“. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, დასაშვები ცდომილება დაახლოებით 20%-ის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოში 2014 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, საქართველოში სულ დაფიქსირებულია - 3 429 748 ამომრჩეველი. მათ შორის: თბილისში - 918 667; აჭარაში - 301 589; გურიაში - 112 092; იმერეთში - 548 240; კახეთში - 307 800; მცხეთა-მთიანეთში - 86 391; რაჭა - ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - 35 542; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 346 335; სამცხე-ჯავახეთში - 145 260; ქვემო ქართლში - 391 902 და შიდა ქართლში - 235 930 ამომრჩეველი.

საქართველოს საერთო ამომრჩეველთა რაოდენობისა [3 429 748] და „საქართველოს კონსტიტუციით“ [იხ. მუხლი 49] განსაზღვრული, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ დეპუტატთა რიცხვის [73] გათვალისწინებით, თითო მაჟორიტარ დეპუტატზე, საშუალოდ: 3 429 748 : 73 = 46 983 ამომრჩეველი მოდის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 დეპუტატის პროპორციული გადანაწილებისათვის, უდავოდ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, ცესკოს მიერ დადგენილი - თბილისსა და დანარჩენ რეგიონებში შემავალ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა შემდეგი რაოდენობა:

ქ. თბილისში დაფიქსირებული 918 667 ამომრჩეველი, ასეა გადანაწილებული: მთაწმინდაზე ცხოვრობს - 50 106 ამომრჩეველი; ვაკეში - 93 014, საბურთალოზე - 117 607, კრწანისში - 41 118, ისანში - 104 543, სამგორში - 132 697, ჩუღურეთში - 56 118, დიდუბეში  - 65 226, ნაძალადევში - 125 880 და გლდანში - 132 358 ამომრჩეველი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა რაოდენობა - 301 589, მასში შემავალი მუნიციპალიტეტების გათვალისწინებით ასეა გადანაწილებული: ბათუმში - 132 277 ამომრჩეველი ცხოვრობს, ქედაში - 15 679, ქობულეთში - 67 912, შუახევში - 15 087, ხელვაჩაურში - 46 719 და ხულო - 23 915 ამომრჩეველი.

ანალოგიურად, სხვადასხვა რეგიონების მიხედვით, ასეთი სურათია:

გურია, სულ - 112 092 ამომრჩეველი, მათ შორის: ოზურგეთი - 63 552, ლანჩხუთი - 29 889 და ჩოხატაური - 18 651;

იმერეთი, სულ - 548 240 ამომრჩეველი, მათ შორის: ხარაგაული - 20 184, თერჯოლა - 34 567, საჩხერე - 44 018, ზესტაფონი - 56 108, ბაღდათი - 22 924, ვანი - 26 284, სამტრედია - 47 321, ხონი - 23 484, ჭიათურა - 44 542, ტყიბული - 23 184, წყალტუბო - 52 087 და ქუთაისი - 153 537;

კახეთი, სულ - 307 800 ამომრჩეველი, მათ შორის: საგარეჯო - 45 533, გურჯაანი - 54 147, სიღნაღი - 30 949, დედოფლისწყარო - 22 622, ლაგოდეხი - 39 013, ყვარელი - 29 195, თელავი - 55 912 და ახმეტა - 30 429;

მცხეთა-მთიანეთი, სულ - 86 391 ამომრჩეველი, მათ შორის: თიანეთი - 10 893, მცხეთა - 44 199, დუშეთი - 26 057 და ყაზბეგი - 5 242;

რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სულ - 35 542 ამომრჩეველი, მათ შორის: ონი - 6 484, ამბროლაური - 11 717, ცაგერი - 11 425, ლენტეხი - 5 916 და მესტია - 8 242;

სამეგრელო-ზემო სვანეთი, სულ - 346 335 ამომრჩეველი, მათ შორის: აბაშა - 21 463, სენაკი - 40 932, მარტვილი - 33 640, ხობი - 28 482, ზუგდიდი - 120 028, წალენჯიხა - 30 383, ჩხოროწყუ - 22 509 და ფოთი - 40 656;

სამცხე-ჯავახეთი, სულ - 145 260 ამომრჩეველი, მათ შორის: ახალციხე - 34 467, ადიგენი - 15 426, ასპინძა - 9 710, ახალქალაქი - 38 016, ბორჯომი - 26 681 და ნინოწმინდა - 20 960;

ქვემო ქართლი, სულ - 391 902 ამომრჩეველი, მათ შორის: რუსთავი - 104 456, გარდაბანი - 71 192, მარნეული - 96 000, ბოლნისი - 56 163, დმანისი - 22 301, წალკა - 20 997 და თეთრიწყარო - 20 793;

შიდა ქართლი, სულ - 235 930 ამომრჩეველი, მათ შორის: კასპი - 39 868, გორი - 109 517, ქარელი - 37 163 და ხაშური - 49 382.

 

თავი 2. ამომრჩეველთა ქვოტირებით

განსაზღვრული ზოგადი მონაცემები

ამომრჩევლის დადგენილი მინიმალური ქვოტის - 46 933 გათვალისწინებით, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ 83 მუნიციპალურ საარჩევნო ოლქთან მიმართებაში ასეთ სურათს ვღებულობთ:

- ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე „დადგენილ მინიმალურ ქვოტაზე [46 983]“ მეტი ამომრჩეველი დაფიქსირებულია მხოლოდ 25 მუნიციპალურ საარჩევნო ოლქში, ესენია:

1. ქუთაისი - 153 537; 2. სამგორი - 132 697;  3. გლდანი - 132 358; 4. ბათუმი - 132 277; 5. ნაძალადევი - 125 880; 6. ზუგდიდი - 120 028; 7. საბურთალო - 117 607; 8. გორი - 109 517; 9. ისანი - 104 543; 10. რუსთავი - 104 456; 11. მარნეული - 96 000; 12. ვაკე - 93 014; 13. გარდაბანი - 71 192; 14. ქობულეთი - 67 912; 15. დიდუბე  - 65 226; 16. ოზურგეთი - 63 552; 17. ბოლნისი - 56 163; 18. ჩუღურეთი - 56 118; 19. ზესტაფონი - 56 108; 20. თელავი - 55 912; 21. გურჯაანი - 54 147; 22. წყალტუბო - 52 087; 23. მთაწმინდა - 50 106; 24. ხაშური - 49 382; 25. სამტრედია - 47 321;

მიუხედავად ამისა, დადგენილი მინიმალური ქვოტის [46 983] სიდიდის მიხედვით აღებული ჯერადობა [ბიჯი], უმეტეს მუნიციპალიტეტებში, არ იძლევა მათი გათანაბრების შესაძლებლობას. ასე მაგალითად: ქ. ქუთაისის შემთხვევაში: 153 537 : 46 983 = 3,27-ია. შესაბამისად, თუ დავადგენთ, რომ ქუთაისში 3 მაჟორიტარის არჩევა უნდა მოხდეს, მიღებული ცდომილება იქნება: 153 537 – [46 983 x  3 = 140 949] = 12 589 ამომრჩევლის, რაც - 26,79%-ის ტოლია. თუ დავუშვებთ, რომ ქუთაისში 4 მაჟორიტარი უნდა აირჩეს, მაშინ ცდომილება - 73,21%-ის ტოლი იქნება.

მეტ-ნაკლებად ამდაგვარი სურათია აღნიშნულ მუნიციპალიტეტებთან მიმართებაშიც.

- დანარჩენ 58 მუნიციპალურ საარჩევნო ოლქში, ამომრჩეველთა რაოდენობა, 5 242-დან [ყაზბეგი] – 46 719-მდე [ხელვაჩაური] მერყეობს, რაც, მათი გათანაბრებისათვის, ასევე ქმნის გარკვეულ სირთულეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენის აზრით, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მოხდეს, დღეისათვის არსებულ ე.წ. სამხარეო ერთეულებში შექმნილ, ერთმანდატიან ან/და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში

 

თავი 3. ამომრჩეველთა მინიმალური ქვოტირებიდან გამომდინარე

ცდომილების პროცენტული მაჩვენებელი

დადგენილი მინიმალური ქვოტის [46 933 ამომრჩეველი] გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 დეპუტატის გადანაწილების ზოგადი სურათი ასეთი იქნება:

1. თბილისში დაფიქსირებული ამომრჩევლისა [918 667] და მიღებული მინიმალური ქვოტის [46 983] გათვალისწინებით, დედაქალაქის მაცხოვრებლების მიერ მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი იქნება - 918 667 : 46 933 = 19,57 = 20 მაჟორიტარი.

შესაბამისად, თბილისისათვის მაჟორიტარული სისტემით 20 სადეპუტატო მანდატის გამოყოფის შემთხვევაში, ერთ მაჟორიტარზე, საშუალოდ: 918 667 : 20 = 45 933 ამომრჩევლის ხმა იქნება განკუთვნილი.

ასეთ შემთხვევაში, მთელი თბილისის მასშტაბით, ამომრჩევლის „მინიმალურ ქვოტასა“ [46 983] და „მიღებულ სიდიდეს“ [45 933] შორის, ცდომილება 1 050 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც მხოლოდ - 2,23%-ს შეადგენს.

საქართველოს დანარჩენი რეგიონებისათვის, ანალოგიურად დადგენილი მონაცემები ასე გამოიყურება:

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის - 301 589 : 46 983 = 6,42 = 6 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი.  „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 301 589 : 6 = 50 265, საძიებელი ცდომილება 3 282 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 6,99%-ს შეადგენს.

3. გურიის მხარისათვის - 112 092 : 46 983 = 2,39 = 2 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი.  „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 112 092  : 2 = 56 046, საძიებელი ცდომილება 9 063 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 19,29%-ს შეადგენს.

4.  იმერეთის მხარისათვის  - 548 240  : 46 983 = 11,67 = 12 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი.  „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 548 240 : 12 = 45 687, საძიებელი ცდომილება 1 296 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 2,76%-ს შეადგენს.

5.  კახეთის მხარისათვის - 307 800 : 46 983 = 6,55 = 7 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი.  „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 307 800 : 7 = 43 971, საძიებელი ცდომილება 3 012 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 6,41%-ს შეადგენს.

6. მცხეთა-მთიანეთის მხარისათვის  - 86 391 : 46 983 = 1,84 = 2 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი.  „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 86 391 : 2 = 43 196, საძიებელი ცდომილება 3 787 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 8,06%-ს შეადგენს.

7.  რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარისათვის - 35 542 : 46 983 = 0,76 = 1 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი.  „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 35 542, საძიებელი ცდომილება 11 441 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 24,35%-ს შეადგენს.

8. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისათვის - 346 335 : 46 983 = 7,37 = 7 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი.  „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 346 335 : 7 = 49 476, საძიებელი ცდომილება 2 493 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 5,31%-ს შეადგენს.

9. სამცხე-ჯავახეთის მხარისათვის  - 145 260 : 46 983 = 3,09 = 3 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი.  „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 145 260 : 3 = 48 420, საძიებელი ცდომილება 1 437 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 3,06%-ს შეადგენს.

10. ქვემო ქართლის მხარისათვის  - 391 902 : 46 983 = 8,34 = 8 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი.  „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 391 902 : 8 = 48 988, საძიებელი ცდომილება 2 005 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 4,27%-ს შეადგენს.

11. შიდა ქართლის მხარისათვის - 235 930 : 46 983 = 5,02 = 5 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი.  „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 235 930 : 5 = 47 186, საძიებელი ცდომილება 203 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 0,43%-ს შეადგენს.

 

ზემოთმოყვანილ მონაცემებს თუ შევაჯერებთ, მიღებული ცდომილების პროცენტული მაჩვენებლის კლებადობის მიხედვით აგებული ჩამონათვალი ასეთი სახისაა:

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში მცხოვრები 35 542 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 1 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 24,35%-ს შეადგენს;

გურიის მხარეში მცხოვრები 112 092 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 2 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 19,29%-ს შეადგენს.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში მცხოვრები 86 391  ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 2 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 8,06%-ს შეადგენს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრები 301 589 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 6 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 6,99%-ს შეადგენს.

კახეთის მხარეში მცხოვრები 307 800 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 7 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 6,41%-ს შეადგენს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მცხოვრები 346 335 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 7 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 5,31%-ს შეადგენს.

ქვემო ქართლის  მხარეში მცხოვრები 391 902 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 8 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 4,27%-ს შეადგენს. 

სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრები 145 260  ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 3 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 3,06%-ს შეადგენს.

იმერეთის მხარეში მცხოვრები 548 240 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 12 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 2,76%-ს შეადგენს.

თბილისში მცხოვრები 918 667 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 20 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 2,23%-ს შეადგენს.

შიდა ქართლის მხარეში მცხოვრები 235 930 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 5 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 0,43%-ს შეადგენს.

როგორც ვხედავთ, შემოთავაზებული პრინციპის გათვალისწინებით, თერთმეტი რეგიონიდან, ცდომილების, შედარებით დიდი პროცენტული მაჩვენებელი, მხოლოდ ორ მათგანში, კერძოდ - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა [24,35%] და გურიის მხარეში [19,29%] ფიქსირდება.

მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ცდომილების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი იქნება: 24,35% + 19,29% + 8,06% + 6,99% + 6,41% + 5,31% + 4,27% + 3,06% + 2,76% + 2,23% + 0,43 = 83,16% : 11 = 7,56%.

 

თავი 4.

ერთმანდატიანი და მრავალმანდატიანი

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები

როგორც აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის,  ჩვენის აზრით, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მოხდეს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და დღეისათვის არსებულ ე.წ. სამხარეო ერთეულებში. ამისათვის საჭირო იქნება, რომ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში შეიქმნას -  ერთმანდატიან ან/და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები. კერძოდ:

- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება: ერთი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

- ყველა სხვა შემთხვევაში დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. მათ შორის:

თბილისის მუნიციპალიტეტში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 20 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

იმერეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 12 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 12 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

ქვემო ქართლის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 8 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

კახეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 7 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 6 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

შიდა ქართლის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 5 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

სამცხე-ჯავახეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 3 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

გურიის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 2 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

მცხეთა მთიანეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 2 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; [იხ.მუხლი 1101]. 

 

თავი 5.

ზოგადად - შემოთავაზებულ ცვლილებათა თაობაზე

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ზემოთქმულიდან გამომდინარე საჭირო ხდება „საარჩევნო კოდექსის“ ტერმინთა განმარტებაში [თავი 2] აისახოს - ერთმანდატიანი და მრავალმანდატიანი ოლქების ცნება.

ამასთანავე, ამავე თავში, დამატებით ჩნდება - „მთავარი მაჟორიტარული ოლქის“ ცნება, რომლის ქვეშაც მოიზრება ამა თუ იმ მხარეში არსებული ის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელიც  სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციის განთავსების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ცენტრში მდებარეობს. იგი იქნება - ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციების შემსრულებელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

ქ. თბილისის შემთხვევაში ასეთ ფუნქციას - ცესკო შეასრულებს [იხ.„მუხლი 1102-ის მე-5 პუნქტი];

 

შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას - მაჟორიტარული სიის, აგრეთვე საარჩევნო სუბიექტების საოლქო წარმომადგენლების რეგისტრაცია ცესკოს მიერ უნდა განხორციელდეს [იხ.მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე)“ ქვეპუნქტი; და მე-4 პუნქტის „ბ)“ ქვეპუნქტი];

 

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევებისას - საარჩევნო ბიულეტენში მითითებული იქნება, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის წარმდგენი, როგორც - არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; აგრეთვე - ‘ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი“ და მისი რიგითი ნომერი.

თითოეული საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ მიეთითება მის მიერ ამ კანონის 116-ე მუხლის მე-2 პუნქტით შესაბამისად დასახელებული მაჟორიტარობის მხოლოდ იმ რაოდენობის კანდიდატთა გვარი და სახელი, რამდენი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევაც ამ კანონის 1101- მუხლით არის გათვალისწინებული [იხ.63-ე მუხლის მე-12 პუნქტის „დ)“ ქვეპუნქტი];

 

შემოთავაზებული ცვლილებით ახლებურად რეგულირდება მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტის მიერ გადასალახი ბარიერი. კერძოდ, საჭიროა არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმების მოგროვება  [იხ. მუხლი 125,3]. ასეთ შემთხვევაში, მაქსიმუმ სამ საარჩევნო სუბიექტს ეძლევა მანდატის მოპოვების შესაძლებლობა.

ამასთანავე, არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა;

 

სიახლე შეეხება - მანდატების განაწილების მექანიზმსაც [იხ. მუხლი 125,31]. კერძოდ, როგორც წესი - თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, სადეპუტატო მანდატების განაწილდება მოხდება საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით; ხოლო

დაწესებული ბარიერის მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ გადალახვის შემთხვევაში, ყველა მანდატი ამ საარჩევნო სუბექტს მიეკუთვნება. ამასთანავე:

ა) ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა ყველაზე მეტი, მაგრამ არანაკლებ ერთ მესამედზე მეტი ხმები მიიღო.

ბ) ორმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმ ორი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმები მიიღო;

გ) სამ და სამზე მეტ მანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი/კანდიდატები, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმები მიიღო.

ასეთ მრავალმანდატიან ოლქებში, მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება:

თავდაპირველად თითო მანდატს მიიღებს დაწესებული ბარიერის გადამლახავი ყველა საარჩევნო სუბიექტი.

დარჩენილი მანდატები, თანამიმდევრული რიგითობის დაცვით ნაწილდება ბარიერგადალახულ საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტებზე. კერძოდ - თავიდან დაიწყება მათთვის თითო მანდატის გადაცემა, და ასე გაგრძელდება, ამ კანონის 1101 მუხლით გათვალისწინებული მანდატების ოდენობის ამოწურვამდე.

არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, სადეპუტატო მანდატები იმავე პრინციპით ნაწილდება. თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, მანდატების განაწილების თანამიმდევრული რიგითობა დგინდება არჩევნების პირველ ტურში მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, მანდატების განაწილების თანამიმდევრული რიგითობა დგინდება, ამ საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით [იხ. მუხლი 126]. 

 

აღნიშნულის გარდა, საკანონმდებლო წინადადებით, ცვლილებები უნდა განხორციელდეს „საარჩევნო კოდექსის“: 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე, 120-ე, 129-ე და 130-მუხლებში. მთლიანობაში, გათვალისწინებულია 23 ცვლილების განხორციელება.

 

საქართველოვ,

შვილებისგან სულნატკენო:

ბევრჯერ აგიტირეს გული...

გისხვისებენ მიწა-წყალსა,

მის მადლს, ამჯობინეს ფული...

წილხვედრილო ღვთისმშობლისა,

გაბრწყინება გელოდება,

რაც დაკარგე, ყველაფერი,

სულ უკლებლივ დაბრუნდება...

ზოგს შვილთაგანს - არ უყვარხარ,

სხვა ქვეყნებზე რჩებათ თვალი,

ცოდვილები, ვერა გრძნობენ,

კარზე მოდგა მომავალი...

„საიდუმლო“ უნდა გავხსნა

[რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება],

„ძე კაცისა“ ჩვენს გვერდით არს,

მაგრამ, ვერავინ ვერ ხვდება...

როდესაც დარწმუნდებიან,

რომ ეს მართლა ასე ხდება,

ვეღარავინ ვერ უშველით,

რადგან გვიანი იქნება!..

 ეკატერინე

ხრიკული

  

ერის და ბერის გასაგონი - ღია მიმართვა

საქართველოსა და ქართველ ერს დღემდე მოუღწევია იმ დიდი რწმენის მეშვეობით, რომელიც ჩვენს ტრადიციებში დამკვიდრდა, და რომელსაც - ქრისტიანობას ვუწოდებთ.

მოგეხსენებათ, რომ კაცობრიობას ერთი სამაგიდო წიგნი გვაქვს - ბიბლია, სადაც, უფალმა, წინასწარმეტყველური ენით, ნაწილობრივ იგავურად [კოდირებულად], და ნაწილობრივ ღიად გადმოგვცა „წარსულზე“ აგებული დღევანდელობა, და „უახლოესი“ მომავალი...

ეს ის წიგნია, სადაც, დედამიწაზე მოვლენილი ყველა ადამიანი - საკუთარ თავს იპოვის, საკუთარ თუ საზოგადოების პრობლემებს შეიცნობს, და, ღვთიური სიბრძნით განჭვრეტილ, ხსნის გზას დაინახავს.

დღეს, ქართველ ერს, ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, სადაც, ბოლო ჟამად სახელდებულ დროის ჩარჩოებში, ქართველთა მისიონერული გზაა გამოკვეთილი.

ყველა ადამიანი თავის უნიკალურ გზას გადის, და მხოლოდ მცირენი ახერხებენ „რჩეულთათვის განკუთვნილი მისიის“ წარმატებით ასრულებას.

ბიბლიიდან ვიცით, რომ გამორჩეული მისიონერები, წინასწარმეტყველები თუ წმინდანები, ყოველთვის ევლინებოდნენ დედამიწას, და ზეციურ საქმეთა აღსრულებაში ლევდნენ სიცოცხლეს.

სხვადასხვა საუკუნესა თუ ეპოქაში მოვლენილი ასეთი ადამიანები, მეტ-ნაკლები ფარდობითობით, ყველა ერს ჰყოლია...

კაცობრიობის ისტორიამ იცის, ღვთისაგან რჩეული, ებრაელი ერის მისიის თაობაზე - მათ წიაღში განკაცებული იესუ ქრისტეს პირველად მოსვლაში რომ გამოვლინდა...

უფლის ჯვარცმა-აღდგომის შემდგომი დროიდან, ღვთისგან რჩეული ერის „ესტაფეტა“ ქართველებს გვერგო, და „საქართველოს სულიერ მისიაში“ აისახა.

ჩვენ, ადამიანები, ორგვარ - წიგნიერი განსწავლულობისა და ღვთივგანსწავლულობისეულ ცოდნას ვფლობთ.

წიგნიერი განსწავლულობით, შეიძლება ერთად შევკრიბოთ წინასწარნაუწყები ინფორმაცია მეორედ მოსვლის თაობაზე... ხოლო, აღნიშნულის ჭეშმარიტ არსში გარკვევა, მხოლოდ ღვთივგანსწავლულთა ხვედრია.

უფალი ბრძანებს - „მოვალ განკითხვად!..“.

ბიბლიაში, გაშიფრული არ არის, ქრისტეს მეორედ მოსვლისას, რომელ ერს აქვს განსაკუთრებული მისია. ყველაფერი, მხოლოდ - მინიშნებებით არის გადმოცემული.

ბოლო ჟამში, ქართულ ენაზე იშიფრება ბიბილური კოდები, და ვინმეს სჯერა თუ არა, მოსწონს თუ არა, ეს ის რეალობაა რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლის...

ყველას კარგად მოეხსენება იოანე-ზოსიმეს - „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“:

„დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!..“.

არც ის იქნება სიახლე, თუ დავიმოწმებთ ზვიად გამსახურდიასეულ ნააზრევს - „საქართველოს სულიერ მისიაზე“, არაერთი უნივერსიტეტის ტრიბუნიდან რომ ამცნობდა ქვეყანას, ქართველთა ისტორიულ როლსა და დანიშნულებას.

საინტერესოა - რა „აიძულებდა“ [კარნახობდა] მას, საქართველოს სულიერი მისიის თემატიკა ასეთი კონკრეტიკით მიეწოდებინა საზოგადოებისათვის?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია - დამდგარი „დრო-ჟამის სიმწიფე“, რომელსაც დიდი მისიონერი ძალუმად სჭვრეტდა, რამეთუ თავადვე გახლდათ ერთგვარი გზამკვლევი - საქართველოს სულიერი მისიისა.

მოდით, დროებით ჩავკეცოთ - წიგნიერი განსწავლულობის თემა, და წინ წამოვწიოთ - ღვთივგანსწავლულობა.

არ ახალია, თუ ვიტყვი, რომ ღვთივგანსწავლულობა, ის ცოდნაა, რასაც ადამიანი ზეციური ძალების ზემოქმედების გზით იღებს. ეს ყოველივე თავის „მწვერვალს“, სწორედ ბოლო ჟამში აღწევს...

ქართველ ერში მრავლადაა ზეციერად ბეჭედდასმული ადამიანები, რომელთაგან, ზოგი - სამზეოზეა, ზოგი კი დაფარულში ჰყავს უფალს.

როგორც მოგეხსენებათ, 1996-1997 წლების გასაყარიდან, ანუ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის დაარსებიდან [ხელმძღვანელი - მიხეილ (გელა) სალუაშვილი], საქართველოში, ახალი ცნობიერება იწყებს მოქმედებას, რომელიც - ზეციურია, და გასავლელ სამეუფეო გზას  - ცნობიერად, აღქმით, ზეშთაგონებით მომდინარე ხმის კარნახითა თუ გამოცხადებებით გამოკვეთავს.

გაგახსენებთ წმიდა გაბრიელ სალოსის სიტყვებს - „ვისაც ზვიადი არ უყვარს, ის საქართველოს მტერია“, რომ ბრძანებს.

მე კი, თუ არ მიწყენთ, მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ - „ვისაც საქართველოს სულიერი მისიის არ სჯერა, ის საკუთარი თავის მტერია!..“

გაიგოს ყველამ - ერმა თუ ბერმა: ყოველგვარი წინაღობისდა მიუხედავად, საქართველო და ქართველი ხალხი, თავის მისიას მაინც აღასრულებს.

მოგეხსენებათ, ის რაც ზეციდან საზრდოობს, და რაიც უფლის გეგმაა, ის მაინც შესრულდება, და ყველას როლი წარმოჩინდება. ამიტომ - ნუ იქნებით საკუთარი თავისვე მტერი!..

როგორც საუკუნეთა წინათ - უფალმა, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ზღვაში ატარა, და, ათონის წმინდა მთაზე უვნებლად დააბრძანა, დღესაც, იგივე უფალი, თავის რჩეულ მისიონერებს წყალსა თუ ცეცხლში გზას გაუკვალავს, და აღთქმულ დასასრულამდე მიიყვანს.

მინდა ყველამ ღრმად გავიაზროთ, რომ ერის ის ნაწილი, რომელიც ღვთიური მისიის აღმსრულებლებს უნდობლობისა თუ დაცინვის მარწუხებში აქცევს და ებრძვის, უფლისაგან დაისჯება...

და იქნებ - დავსჯილვართ კიდეც, ირიბად, შეუცნობლად და გაუაზრებლად რომ ვტრიალებთ მიწიურ მოთხოვნებზე აგებულ მოჯადოებულ წრეზე...

ამიტომ, ათასმეერთედ მოგიწოდებთ - საქართველოს სულიერი მისიის გააზრებისაკენ, ურთიერთ თანამშრომლობისაკენ... რამეთუ მხოლოდ ასეთია უფლისმიერი გზა, გზა - „მომავალისა“...

დღეს უფალს, საქართველოს სულიერი მისიით სახელდებულ გზასავალზე, თითოეული ჩვენთაგანის წილის წარმოჩენა სურს!..

მაშ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ - სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს, და არ დავიშუროთ იგი ირგვლივმყოფებისათვის!..

მოდით, ქართველი ერის სულიერ სამყაროში წვდომისათვის, კიდევ ერთხელ შევაჯეროთ - წინასწარმეტყველებები, წიგნიერი განსწავლულობის სიბრძნე, ღვთივგანსწავლულობის მაგალითები, მითებისა და იგავების რეალური არსი..

და გვწამდეს, რომ, მიუხედავად იმისა, ცალ-ცალკე ვიქნებით თუ ერთმუშტად შევიკვრებით, კიდობანის კუთხე კუნჭულში შეკედლებული ვიქნებით თუ ღია სივრცეში ვიმოქმედებთ - საქართველოს სულიერი მისიით დაღდასმული საღვთო ნება მაინც აღსრულდება!..

ამიტომ - მოგიწოდებთ, და უდიდესი სიყვარულით გევედრებით - ნუ გავხდებით საკუთარი თავის მტრები!...

დე, ღირსეულად აღსრულდეს მისია საქართველოისა, ამენ!..

06. 02. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია