Print

გაზეთი № 16 [987]

საქართველოს ხელისუფალნი - პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო, სახალხო დამცველი, ანუ მხილებისეული ეტაპის მიმდინარე ქრონიკები...

 

 ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამის მიმდინარე დროის მონაკვეთს, ბიბლიისეულ კოდირებულ თხრობაში - „მხილებისეული ეტაპი“ ჰქვია.

ერთის მხრივ - ბ. ივანიშვილისა და მისის პოლიტიკური გუნდის; და მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ ასპარეზზე დომინანტური მდგომარეობის ფონზე მიმდინარე ბოლო ჟამისეული ეტაპის თაობაზე, ბიბლია კოდირებულად გამოყოფს „ცხებულის“ მისტერიული არსის მატარებელ „გუნდს“, რომლის საქმიანობაც სწორედ მხილებისეული ნიშნებითაა წარმართული.

ორი ნაკრტენი [ბ. ივანიშვილი და მ. სააკაშვილი] რომ იხილე არწივის მარჯვენა თავზე გადამავალი, ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო.

ლომი რომ იხილე ტყიდან ბდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისთვის, რაც მოისმინე. ეს არის ცხებული [ზემოთხსენებული მამხილებელი მისიის მატარებელი - „გუნდი“], რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს.

ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ. მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი“ [3 ეზრა 12,29-34].

დღევანდელი რეალობა ასეთია.

ზოგადად, არჩევნებთან მიმართებაში ოთხი პირობითი ეტაპი ფიქსირდება - 1. არჩევნების თარიღის დანიშვნის საფუძველი [მორიგი, რიგგარეშე]; 2. საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი პირობების მქონე წინასაარჩევნო პროცესის დროითი მონაკვეთი; 3. არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესების დემოკრატიულობის ხარისხი და 4. ხმის დათვლის სანდოობის მექანიზმი.

ამ ოთხი პროცესიდან, პირველი ორის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციით“ საქართველოს პრეზიდენტი იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას. კერძოდ - მოქმედი კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში იგი ირჩევს არჩევნების თარიღს, და ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დროს, რომელიც თავის მხრივ არის კიდეც წინასაარჩევნო პროცესის დასაწყისი.

როგორც უკვე არაერთგზის ითქვა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით:

1. არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღები, ანუ საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწყება - საარჩევნო წლის 1 იანვარს, და მთავრდება, იმავე წლის - 25 აგვისტოს, რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59-ე დღეს უნდა წარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10];

თავის მხრივ, 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] 59-ე დღე - 23 ოქტომბერზე მოდის; ხოლო

მორიგი საპარლამენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების საკონსტიტუციო  მოთხოვნიდან გამომდინარე [მუხლი 50,21], გამოკვეთილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების - ზედა მიჯნა, და ესაა - 31 ოქტომბერი; ამიტომ:

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე და 113-ე მუხლებით განსაზღვრული ვადების სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის გასრულებიდან, არანაკლებ - 59 დღის შემდეგ, ანუ: 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდე არსებულ რომელიმე დღეს; ამასთანავე:

3. ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1],

საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისათვის, კანონმდებლობით განსაზღვრული - „თანასწორი უფლების“ უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩვევნებისათვი, კანონის მოთხოვნათა მიხედვით ორ თვეზე მორგებული ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 25 აგვისტო, ხოლო

ბ) ზედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 1 სექტემბერი უნდა განისაზღვროს.

აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა, ისარგებლა რა „საქართველოს კონსტიტუციის“ 73-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2016 წ. 3 ივნისს გამოსცა ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის რჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02], რომლის ძალითაც პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი დადგინდა.

ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან მეორე დღეს, ანუ 2016 წ. 8 ივნისიდან წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულად გამოცხადდა.

ხსენებული მიზეზის გამო, საარჩევნო პროცესების ნორმალურად წარმართვის შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, 2016 წ. 2 იანვარს დამტკიცებული ორთვიანი საარჩევნო პროცესისათვის განკუთვნილი - 34 371 400 ლარის საბიუჯეტო თანხის სანაცვლოდ, 2016 წ. 10 ივნისს ცესკომ ოთხთვიანი საარჩევნო პროცესის წარსამართად - 38 136 230 ლარის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა დაამტკიცა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე რთული არ უნდა იყოს იმის დანახვა, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასტან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ასე რეგულირდება:

„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

ყოველივე ზემოთქმულის თაობაზე, 2016 წლის 6 აპრილიდან ვიდრე 2016 წ. 23 ივნისამდე დროის მონაკვეთში, სხვადასხვა სახის გამაფრთხილებელი [მოსალოდნელი], თუ კონკრეტული კანონდარღვევის დამაფიქსირებელი სპეციალური მიმართვები იქნა დაგზავნილი. აი, ამ ადრესატთა ჩამონათვალიც:

- საქართველოს პრეზიდენტი 2016 წ. 6 აპრილი [წერ. ჩაბ. № 1/7219];

- საქართველოს პრემიერ მინისტრი 2016 წ. 7 აპრილი [წერ. ჩაბ. № 1/742];

- ცესკოს თავმჯდომარე 2016 წ. 11 მაისი [რეგ, №1287];

- საქართველოს პრემიერ მინისტრი 2016 წ. 6 ივნისი [წერ. ჩაბ. № 19974];

- ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2016 წ. 10 ივნისი [რეგ. №16001391974];

- საქართველოს მთავარი პროკურორი 2016 წ. 21 ივნისი [წერ. ჩაბ. № 01/13-57836];

- საქართველოს პრეზიდენტი 2016 წ. 21 ივნისი [წერ. ჩაბ. № 1/12820];

- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 22 ივნისი [წერ. ჩაბ. № 11346];

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 22 ივნისი [წერ. ჩაბ. № შ-03/66-16];

- საქართველოს სახალხო დამცველი 23 ივნისი, [წერ. ჩაბ. № 8025/16].

საქართველოს მთავარი პროკურორისადმი განკუთვნილ წერილში კერძოდ აღინიშნა:

„ბატონო ირაკლი!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის მიერ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, რომლის შედეგადაც:

1. სახეზე გვაქვს - საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლით გაწერილი ვადების გაუთვალისწინებლად გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი:  ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.];

2. თავის მხრივ, - საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: ბრძანებულება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.], - 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აძლევს - „უკანონო არჩევნების“ სტატუსს;

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.] საფუძველზე დანიშნული „უკანონო არჩევნების“ ჩატარების შედეგად, ქვეყანას ეყოლება - უკანონო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო [პარლამენტი];

4. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე [25 აგვისტო], კანონით განსაზღვრული ორთვიანი პერიოდის მაგივრად, წინასაარჩევნო კამპანიის - 8 ივნისიდან, ანუ 4 თვით ადრე დაწყება:

ერთის მხრივ - აკანონებს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის არათანაბარ საარჩევნო გარემოს. ასე მაგალითად:

მარტო დღეის მდგომარეობით, საარჩევნო რეგისტრაციის უფლების მისაღებად ცესკოში შესულია 41 პოლიტიკური გაერთიანების განაცხადი [ეს მაშინ, როდესაც განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 1 აგვისტომდეა და შესაძლებელია რეგისტრაციის მსურველთა რიცხვის გაზრდა], რომელთაგან საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 13 პოლიტიკურმა სუბიექტმა [8 ივნისის მდგომარეობით მხოლოდ ხუთ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი...;

მეორეს მხრივ - იწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. კერძოდ: ...დღეისათვის სახეზე გვაქვს - 3 764 840 ლარის ოდენობის დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი.

ბატონო ირაკლი!

საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა უფლის სახელით“, ითვალისწინებს რა, ყოველივე ზემოთქმულს, საქართველოს პროკურატურის წინაშე აყენებს საკითხს, რათა: აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე“

აქვე გვინდა სემოგთავაზოთ ნაწყვეტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი განკუთვნილი წერილიდან:

ბატონო დავით!

როგორც მოგეხსენებათ „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად  „პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციის 63-ე მუხლითა და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი...“ [მუხლი 75,2].

ჩვენის აზრით, ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი მდგომარეობიდან ძნელი არ უნდა იყოს იმ სამართლებრივი საფუძვლების დანახვა, რომ სახეზე გვაქვს - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, ანუ მის ქმედებაში გამოკვეთილია - „დანაშაულებრივი ნიშნების არსებობა“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოგმართავთ წინადადებით, რათა:

საქართველოს პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენოთ საკითხი - საქართველოს პრეზიდენტის ქმედებაში „საქართველოს კონსტიტუციის“ 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული - „დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის“ გამო, „საქართველოს კონსტიტუციის“ 63-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაწყების აუცილებლობის თაობაზე“.

როგორც ხედავთ, ჩვენის მხრიდან გაფრთხილების თითქმის ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტი იქნა გამოყენებული. ის, თუ სახეზე არსებული კანონდარღვევის გამოსწორების გზაზე როგორ განვითარდება მოვლენები, ამის თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს, თავის დროზე მოგაწვდით ინფორმაციას.

წინამდებარე ქრონიკების გაცნობის პარალელურად გვინდა ერთი ინფორმაციაც გავაჟღეროთ.

2016 წლის 20 ივნისსა და 23 ივნისს, ღმერთის ნებით, მოხერხდა პრესკონფერენციის ჩატარება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრესცენტრში. გამოყოფილი 10 -10 წუთის საეთერო დროის ფარგლებში, საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ ზემოთაღნიშნული საკითხის თაობაზე დეტალურად ისაუბრეს მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა.

პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი - 20 ივნისს, 14. 08 სთ-ზე და 23 ივნისს 16. 43 სთ-ზე გადაიცა საზოგადოებრივი მაუწჱებლის მე-2 არხზე „ბრიფინგების დრო“-ში.

აღნიშნულ თემაზე საუბარს, ტრადიციული ტექსტით დავასრულებთ - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ღმერთის მიერ მონიჭებულ - „არჩევანის თავისუფლებას“, შესაბამისი გამოყენება უნდა, რამეთუ თითოეული ჩვენთაგანი სწორედ ჩვენივე სიტყვებითა და ქმედებათა მიხედვით ვაგებთ პასუხს მოახლოებულ განკითხვის დღეს.

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარე

 მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

ზეციური აღქმის საიდუმლოებანი

 

„ვინ ვარ მე?“

ხშირად ცხოვრებაში საჭიროება ითხოვს წარმოაჩინო საკუთარი მე.

„ვინ ვარ მე?“ - კითხვაზე პასუხი ამომწურავად გასცე, არც ისე იოლია, რადგან ჩვენ, ადამიანები, საკუთარ მე-ს ბოლომდე ვერ ვწვდებით - არავინ იცის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ზღვარი, რადგან ჩვენს შესაძლებლობებს უფალი მართავს... ოღონდ, გვექნება თუ არა საშუალება - შესაძლებლობათა გამოვლენისა, ეს უკვე - უფლის ნებაა...

საკუთარი მე-ს ირგვლივ ტრიალი შეიძლება ცოტა უხერხული იყოს, მაგრამ, ამავდროულად - აუცილებელიც, რათა წარმოაჩინო თავი შენი.

და მაინც - რა საჭიროა ხმაური?

ყველაზე მადლიანი ადამიანი მაშინ ხარ, როცა - მდუმარებაში აკეთებ სიკეთეს, არ ყვირიხარ... თუმცა არსებობს საჭიროების შემთხვევებიც.

„საქმემან შენმან გამოგაჩინოს“ - გვმოძღვრავს ბიბლია...

ამავდროულად, ეს ზოგადი ფრაზაა... მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი, საკუთარი მე-ს წარმოსაჩენად - საკუთარი მე, უნდა წარმოჩინდეს ბორკილების მსხვრევაში, უსამართლობასთან ბრძოლაში, სიყვარულში, ერთგულებაში, მეგობრობაში...

აი, რამდენად რთულია თურმე, საწყისი ეტაპი, თითქოსდა ყველაზე მარტივი „ანი-ბანი“ ცხოვრებისა - საკუთარი მე-ს დაცვა, ანუ მეორენაირად „თავდაცვა“...

ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთაც კი, მათ, რომელთაც არა აქვთ „გონება“ და არ შეუძლიათ მეტყველება, მათაც კი გააჩნიათ „თავდაცვის“ ინსტიქტი.

ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ცხოველებზე ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე ვდგავართ, რონელთაც გაგვაჩნია გონება, აზროვნებისა და მეტყველების უნარი, შეგვიძლია ლოგიკური მსჯელობა, შეგვიძლია ჯანსაღისა და არაჯანსაღის გარჩევა, -  ჩვენთვისაც, „თავდაცვა“ მაინც არა არის მარტივი პროცესი, რის აუცილებლობასაც ყოველთვის ვაწყდებით ცხოვრებაში...

მცირე პაუზის შემდეგ, ეხლა სხვა კუთხიდან დანახული საკუთარი მე-ს წარმოჩენის სურვილი გამიჩნდა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი ითხოვს - ჯანსაღი ატმოსფერო შეიქმნა შენს ირგვლივ. აუცილებელია იბრძილო შენი სიმართლის დასაცავად და დაიცვა შენი საკუთარი „მე“.

ამ თემას ცხოვრებაში ალბათ ბევრჯერ მივუბრუნდები, მაგრამ ამჯერად, ჩავკეცოთ საკუთარი მე-ს წარმოჩენის ერთი ფურცელი.

„ხმა“, „შეძახილი“ - მაჩერებს ისევ: „შემდეგი?“

და კვლავ ვუბრუნდები იმ საწყის თემას, რასაც ზეციური აღქმის საიდუმლოებანი ჰქვია, ანუ - თეოსოფიურ სამყაროში გადანაცვლება, სამყაროს აღქმის თავისებურება და ინდივიდუალობა...

„თეოსოფია“ ბერძნული სიტყვაა. „თეო“-ს ღმერთს ნიშნავს, „სოფია“ - სიბრძნეს. ანუ თეოსოფია - ღვთიური სიბრძნის შემსწავლელი მეცნიერებაა...

მე აღვიქვი, მე მენიშნა, მე შევიგრძენი, მე სულიერად ვხედავ, მე „გონების თვალი“ ამეხილა და ა.შ. - რას ნიშნავს და როგორ მესმის ყოველივე ეს; ჩემი დამოკიდებულება და აღქმები სამყაროს მიმართ.

იქნებ ბევრ თქვენგანს ჰქონია ანალოგიური შეგრძნება, დროის მონაკვეთების მიხევით ცვალებადი...

ზეციურ სამყაროსთან კავშირის აღქმა არ არის მუდმივი და ერთგვაროვანი პროცესი. ეს აღქმა - ზეციური, გადის, მაგრამ რჩება ანაბეჭდი, რომელსაც ზეციური მადლი ახლავს...

ცხოვრებაში გამოკვეთილა დროის მონაკვეთი, როცა შემიგრძვნია თითქოს სულიერად ვარ „მონაზონი“ - თავზე თავსაფარი თუ არ მეხურა, ცუდად ვხდებოდი, მოკლე მკლავიან ტანსაცმელს ვეღარ ვიცვამდი, მხოლოდ მდუმარებასა და ლოცვაში ყოფნა მინდოდა. ეს იყო სულიერი სწრაფვა...

„ზე-შთაგონებაც“ იგივე თემაა - ზეციური სამყაროდან მოდის აღქმა გონებით, რომელსაც, ჩემთან, სისტემური ხასიათი აქვს.

კარნახის სახე-სხვაობებია - ხმისმიერი, ცნობიერი, ქვეცნობიერი, თუმცა ეს ცალკე სასაუბრო თემაა და სხვა დროისათვის შემოვინახოთ.

ცალკე საუბრის თემაა აგრეთვე - გამოცხადებები, „გარჩევის“ ნიჭი, მიღებული ინფორმაციის ღვთიურობა... ღვთის წყალობითა და ნებით ამ სიღრმეებში ვიხედები.

მადლობა და დიდება უფალს, რომელმაც არ მიატოვა კაცობრიობა და აღთქმულ დროისთვისაც კი სულგრძელობას იჩენს.

ამ თემის განზოგადებას იმიტომ მივიჩნევ საჭიროდ, რომ კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ, თუ რატომ იძლევა უფალი ამ სიღრმეებზე „ღვთივ განსწავლულობას“, რა მიზნისათვის, რა მისიისათვის...

ზეციური სამყაროს კავშირის გააქტიურება საქართველოში, უფლის იმ მიზანსა და ღვთივგანგებულებას ემსახურება, რომელმაც უნდა წარმოაჩინოს ნაწინასწარმეტყველები - საქართველოს სულიერი მისია.

მოდით, აქაც ჩავკეცოთ საკუთარი მე-ს წარმოჩენის მორიგი ფურცელი.

საუბრის გაგრძელების შემდეგი თემა: გამოძახილია, „გამოძახილი წარსულის“; წარსული და დღევანდელობა, კავშირი და პარალელები...

ამ საკითხის ამ კუთხით განხილვა, ალბათ სხვადასხვა მხრიდან დანახული ერთი და იგივე თემაა.

ჩვენ ვიცით, რომ თაობათა შორის უწყვეტ კავშირს - ინფორმაციულად, კოდირებულად, თუ იგავურად, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ გადმოსცემს - მწერლობა.

რა თქმა უნდა აქაც არის ბზე და ხორბალი [დრომდე]. თავის დროზე, როცა დადგება ჟამი, უფალი გამოაცალკევებს ღვთიურს - „კოდირებულს“. ეს პროცესი დღეს ეტაპობრივად მიმდინარეობს კიდეც.

ერთხელ, „ახალი აღთქმის“ წაკითხვის დროს - შევჩერდი, რაღაც სიტყვები გავითავისე, აღვიქვი რომ ამ სიტყვებით მივიღე და გავიაზრე ჩემი მისია [და რა სიტყვებთან შევჩერდი და რა გავითავისე, როგორც ჩემი მისია, ამაზე ოდნავ მოგვიანებით].

ახლა კი მინდა პარალელი გავავლო ბ-ნი გია ვაჩაძის ტექსტთან, სადაც ის წერს - „მივხვდი, ჩემმა ცნობიერებამ მყისიერად მოახდინა რა ასეთნაირი რეაგირება წაკითხულზე, ამით დამანახა, რომ სწორედ მე ვარ „დავითიანის“ სიტყვების ადრესატი, ვინმე თომა!..“.

ბატონ გიორგის ვერ შევეკითხები - რატომ გაითავისა „დავითიანის“ სიტყვების ადრესატი ვინმე თომა... ეს გათავისება ხომ მისგან დამოუკიდებლად ხდება. ალბათ, ეს ის პროცესია, როდესაც ღვთისაგან კოდირებული, პოულობს თავის მეორე მე-ს და კოდირებულადვე იღებს გამოძახილს წარსულიდან.

სწორედ ამიტომ დაიწერა წინასწარმეტყველება ქართული ენის თაობაზე - „დამარხულ არს ენაი ქართული, დღემდე მეორედ მოსვლისა...“.

ზეციდან კოდირებული ყველა ადამიანი „დამარხულ ქართულ ენაში“ იპოვის თავის მეორე მე-ს, მისიონერს და ზეციერი აღქმით გაითავისებს... 

 

19. 06. 2016 წ.

დინა [დიანა]

ჯიქია

  

 

...

გულს ნუ გაიტეხ ლასკარო,

ქარს გაატანე დარდები...

„დრო“ სწრაფად გვიახლოვდება,

მალე ბევრს შეუყვარდები...

ზოგი „საქციელს“ ინანებს,

ზოგს „გაუსკდებათ“ გულები,

ზოგს „ლახვრად“ დაუბრუნდება

თავის უაზრო სიტყვები...

ეშმამ ფულით ვერ გაცდუნათ,

და ვერ მოგხიბლათ ქონებამ,

უფლის გზა აგარჩევინათ

ღვთის ნაბოძებმა გონებამ...

ვიცი „დაგღალათ“ ლოდინმა,

უფლის მცნებით რომ იარეთ,

თიმცა გზა, ძნელად სავალი,

პირნათლად გამოიარეთ...

არ დაგიკარგავთ უფალი,

თქვენი „აღდგომა“ იქნება,

მსმენელი - ჩვენი უფალი:

მუდამ ჩვენს გვერდით იქნება!...

მინაწერი:

აირევა ყველაფერი,

ვერ გავიგებთ - რა იქნება...

მაგრამ უფლის ძალისხმევით,

ყველაფერი დალაგდება!

შემდგომ ამ ჩვენს ქვეყანაში

„ზარ-ზეიმი“ დაიწყება.

ჩვენი ლამაზი სამშობლო

უფლის მამული იქნება!..

 ეკატერინე

ხრიკული