Print

გაზეთი № 17 [988]

ოჯახი, ანუ  - „...მიატოვებს კაცი დედ-მამას და

მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ [დაბ. 2, 24]

 

ამა თუ იმ ერის წარმომადგენლები, თავისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე, ყოველთვის იბრძოდნენ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული იმ სულიერი ფასეულობების შენარჩუნებისათვის, რომლებიც ღმერთის მიერ დადგენილი წესებიდან იღებდნენ სათავეს.

უშუალოდ წინამდებარე სათქმელის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, მოდით რამოდენიმე საკითხი გავიხსენოთ.

ბიბლიაში ვკითხულობთ - „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ [დაბ. 1,27].

იქვეა მოცემული - ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში, მათი, ანუ - „მამაკაცისა და დედაკაცის“ როლისა თუ ადგილის განმსაზღვრელი ფორმულირება - „აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ [დაბ. 1, 28].

ამ ზოგადი ფორმულირების პარალელურად, ბიბლია გადმოგვცემს ადამის მოდგმის მამამთავრის შექმნის შემდეგ ისტორიას:

„გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა...

თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს... მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.

უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.

თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ” [დაბ. 2, 7-8; 18-24].

ამდენად, ბიბლიური სწავლების მიხედვით, ზოგადი ტერმინი - „კაცი“, ერთმანეთის „შემწეებად“ დადგენილ - „მამაკაცისა და დედაკაცის“ ცნებას მოიაზრებს, რომელთა „ერთხორცად ქცევაზე“ დაფუძნებული როლიცა და ფუნქციაც, მათსავე - „განაყოფიერებასა“ და ახალი შთამომავლობისათვის სათავის დადებაში, ანუ - „გამრავლებაში“ გამოიხატება.

და აი, იმ დროიდან მოყოლებული ზემოთაღნიშნული „როლი და ფუნქცია“, ადამის მოდგმის წინაშე, არასოდეს დამდგარი კითხვის ნიშნის ქვეშ, რამეთუ - ოჯახის ცნება, ყოველთვის, „ერთხორცად“ ქცეული - „მამაკაცისა და დედაკაცის“ ერთობას მოიაზრებდა.

ბიბლიური სწავლებით, ბოლო ჟამის ზოგადი სახელდებაა - „გაპარტახების [იგივე - „გატიალების“] სიბილწე“.

ეშმაკის მიერ ცდუნების მორევში მოქცეული ადამის მოდგმის ნაწილთაგანნი, თავიანთ თავს, რომ „სქესობრივ უმცირესობას“ უწოდებენ, ცდილობენ ახალი შინაარსი შეძინონ კაცობრიობის ნორმალური განვითარებისათვის საჭირო ერთ-ერთ მთავარ ფასეულობას - „ოჯახს“.

ე.წ. „სქესობრივი უმცირესობის“ წარმომადგენლები, უკვე აღარ ჯერდებიან რა თავისი გაუკუღმართებული ვნებების ფარულად დაკმაყოფილებას, დემოკრატიასა და ე.წ. ლიბერალურ მოთხოვნებს ამოფარებულები, ცდილობენ - საკანონმდებლო სივრცეში შეტანილი ცვლილებების გზით მიაღწიონ ღმერთის მიერ დადგენილი ცოდვის ლეგალიზებისა და ფართო პროპაგანდის უფლების დაკანონებას. კერძოდ:

საქმე ეხება ამ ე.წ. „სექსუალური უმცირესობათა“ კატეგორიას მიკუთვნებულ ერთსქესიან პირთათვის - ოჯახის შექმნის უფლების დაკანონებას.

ჩვენი წინამდებარე წერილი, სწორედ ამ საკითხის სამართლებრივი გზით მოგვარების გზებს ეხება.

 

„ოჯახის“ ცნების განმსაზღვრელი,

დღეისათვის საქართველოში მომქმედი,

საკანონმდებლო რეგულაციები

ქართველი ერის საუკუნეობრივი განვითარების მთელი დროის მანძილზე მტკიცედ დამკვიდრებული - ოჯახის ცნების არსობრივი მხარე, დღეს ჩვენს ქვეყანაში მომქმედი კანონმდებლობით ასეა წარმოჩენილი:

„საქართველოს კონსტიტუციის“ 36-ე მუხლში ვკითხულობთ:

„1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. 3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით“.

როგორც ვხედავთ, პირველ პუნქტში - „ქორწინების“ ცნებაა წინწამოწეული. რომელიც, კანონის მიხედვით - „მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“ უნდა ემყარებოდეს

ამავე მუხლის მეორე პუნქტში დაფიქსირებული - „ოჯახის“ ცნება, პირველი პუნქტის გაგრძელებად აღიქმება, და მასში ხსენებული „ქორწინების“ გზით „მეუღლეთა“ მიერ შექმნილ ერთობას [„ოჯახს“] გულისხმობს.

სწორედ ამდაგვარ შინაარსს აფიქსირებს საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

„მუხლი 1106. ქორწინების ცნება

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური)“.

იქვე განმარტებულია - „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირის“ დარეგისტრირების [ქორწინების] მნიშვნელობა:

„მუხლი 1151. ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა

მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

მუხლი 1152. მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა

საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

მუხლი 1153. დისკრიმინაციის აკრძალვა

დაქორწინებისას და საოჯახო ურთიერთობებში არ დაიშვება უფლებათა პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიხედვით“.

თავის მხრივ „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი“ სათავეს უდებს ოჯახის ცნების უფრო ფართე განმარტებით შინაარსს, კერძოდ, ოჯახი არის:

- „ქორწინებისა და სისხლის ნათესაობის ნიადაგზე შექმნილი სოციალური სისტემა - მცირე ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, მორალური ურთიერთპასუხისმგებლობით და ურთიერთდახმარებით. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებს და განსაკუთრებით დასავლეთის საზოგადოების რეალობას, მაშინ შეიძლება უფრო საგულისხმოდ გვეჩვენოს შემდეგი განმარტება:

„ოჯახი არის დაქორწინებული მეუღლეები შვილებით ან მათ გარეშე, ან მარტოხელა მშობელი შვილით“. ამგვარად, ოჯახი არის საზოგადოების უჯრედი (მცირე სოციალური ჯგუფი) დაფუძნებული ცოლ-ქმრულ კავშირსა და ნათესაურ ურთიერთობებზე, ანუ იგი მოიცავს ცოლქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, დებსა და ძმებს შორის და სხვა ნათესავებს შორის ურთიერთობებს, ურთიერთობებს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და უძღვებიან საერთო მეურნეობას.

ოჯახი ასრულებს უდიდეს როლს, როგორც ცალკეული პიროვნების, ასევე მთელი საზოგადოების ცხოვრებაში. ოჯახი სოციალურ – ბიოლოგიური წარმონაქმნია. მას განაპირობებენ, როგორც სოციალური, ასევე ბიოლოგიური მოთხოვნილებები (სქესობრივი ინსტიქტები)“ [მზია წერეთელი, „გენდერი - კულტურული და სოციალური კონსტრუქტი“, სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის; მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 წ.].

 

ფსევდოლიბერალების მოთხოვნათა „საფუძველი“

ე.წ. „სექსუალური უმცირესობის“ წარმომადგენელთა „უფლებებისათვის“ მებრძოლ ფსევდოლიბერალთა მხრიდან, უკანასკნელ ხანებში, ხდება არსებულ საკანონმდებლო რეგულაციაში ცვლილების განხორციელების მოთხოვნის წინწამოწევა.

როგორც ვნახეთ, „საქართველოს კონსტიტუცია“, შემოიფარგლება რა საყოველთაოდ დადგენილ-მისაღები ფორმულირების - „მეუღლეების“ ცნებით, ადგენს, რომ - „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“ [მუხლი 36,1]; ხოლო

საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 1106-ე მუხლში „ქორწინების ცნება“, ვკითხულობთ: „ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია...".

როგორც ვხედავთ, აქ - ურთიერთშემავსებელ ცნებათა ერთობლიობასთან გვაქვს საქმე.

სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედი, გაუკუღმართებულ ცნობიერებაზე აგებული აზროვნების მქონე ძალები, ცდილობენ საქმე განსხვავებული კუთხით წარმოაჩინონ. კერძოდ:

ფსევდოლიბერალთა თვალსაზრისით - „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კონსტიტუციურ მოთხოვნასთან, რისთვისაც საჭიროა - მასში დაფიქსირებული ფრაზის - „ქალისა და მამაკაცის“ ნაცვლად, ჩაიწეროს ტერმინი - „მეუღლეთა“. ასეთ შემთხვევაში, კანონისმიერი ახალი ჩანაწერი - „„ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით მეუღლეთა ნებაყოფლობითი კავშირია...", მათ უფლებას მისცემს იბრძოლონ - „ერთსქესიანთა ქორწინების“ დაკანონებისათვის.

ამდენად, გაუკუღმართებული ცნობიერების მატარებელი ეს მცირერიცხოვანი ნაწილი [„სქესობრივი უმცირესობა“], ცდილობს შეცვალოს ტერმინ „მეუღლეთა“-ს ქვეშ მოაზრებული საუკუნოვანი ცნება, რომლის თანახმადაც „მეუღლეები - განსხვავებული სქესის პირთა ნებაყოფლობითი ერთობლივი კავშირია“;

და ამის სანაცვლოდ გვთავაზობს, რომ ტერმინ „მეუღლეებში“ მოვიაზროთ [დავაკანონოთ] - ნებაყოფლობით კავშირში მყოფი ნებისმიერი ორი ინდივიდის ერთობა.

 

შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებათა

განხორციელების მექანიზმი

ქვეყნის სათავეში ეროვნული ფასეულობის პოზიციაზე მყარად მყოფი პოლიტიკური ძალების ყოფნის შემთხვევაში, არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები, არავითარ საშიშროებას არ უქმნის საუკუნეების მანძილზე არსებული ტრადიციული აზროვნების მქონე ადამიანთა ნორმალური ცხოვრებისეული კალაპოტის მდინარებას.

ხელისუფლების სათავეში ფსევდოლიბერალურ პოზიციათა გამზიარებელი პოლიტიკური ძალების მოსვლის შემთხვევაში, ქვეყნისათვის ზემოთქმული საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია ცვლილება შევიდეს „საქართვლეოს კონსტიტუციის“ 36-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომელიც საბოლოოდ ასეთ სახეს მიიღებს - „ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

დღეს მომქმედი საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე, „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების ასეთი წესი არსებობს:

„მუხლი 102

1. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ:

ა)ამოღებულია

ბ) პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს;

გ) არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

2. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი...

4. კონსტიტუციის 68-ე მუხლით გათვალისწინებული წესით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

მუხლი 103

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვევს კონსტიტუციის გადასინჯვის შეჩერებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე“.

 

შედარებით უფრო მყარი გარანტიის მისაღებად, შესაძლებელია გამოყენეული იქნეს - რეფერენდუმის გზით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მექანიზმი.

„საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით

- „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში...

არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“ [მუხლი 74,1-2].

შესაბამისად, ზემოხსენებული საკითხის არსიდან გამომდინარე, სარეფერენდუმოდ გამოტანილი კითხვა ასე შეიძლება განისაზღვროს:

„თანახმა ხართ თუ არა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის“ 36 მუხლის პირველი პუნქტი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით - „„ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.“.  

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად:

- „რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად“ [მუხლი 1,1];

- „რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ“ [მუხლი 3,1];

- „ერთსა და იმავე საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება ერთ წლის მანძილზე იმ დღიდან, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნდა ამ საკითხზე გამართული რეფერენდუმის შედეგები“ [მუხლი 4,3];

- „1. რეფერენდუმი იმართება არა უადრეს ორი თვისა და არა უგვიანეს ექვსი თვისა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. 2. გამონაკლის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია დაადგინოს რეფერენდუმის გამართვის სხვა ვადა“ [მუხლი 14,1-2];

- „რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა“ [მუხლი 28,2].

ყოველივე ძემოთქმულის პრაქტიკული განხორციელება, აღნიშნული საკითხის დარეგულირების მყარ სამართლებრივ ბაზას შექმნის, რამეთუ, იმავე კანონის თანახმად:

- „4. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით. 5. რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 28,4-5].

აი, ყოველივე ის, რისი თქმაც აღნიშნული საკითხის სამართლებრივი გზით დარეგულირების თაობაზე გვინდოდა გვეთქვა.

 

მინაწერი.

გვინდა მოკლედ შევეხოთ, განსახილველი საკითხის, ჩვენის აზრით, არამართებული გზით გადაწყვეტის ერთ კონკრეტულ შემთხვევას.

როგორც მოგეხსენებათ - საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ივნისის სხდომაზე, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის [ალექსანდრე ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე,ზვიად ტომარაძე] წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი რეგისტრაციაში გაატარა. კითხვამ შემდეგნაირი ფორმულირება მიიღო;  „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

ჩვენის აზრით, განსახილველი საკითხის ამდაგვარად მოგვარების მცდელობა თავიდანვე კრახისთვისაა გამიზნული.

ამის თაობაზე, საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ ინტერნეტ სივრცეში, პირველი განცხადება 17 ივნისს გავაკეთეთ.

ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის ფონზე, ამჯერად, დამატებითი კომენტარის გარეშე გვინდა შემოგთავაზოთ, ჩვენი პოზიციის გაჟღერების შემდეგ ინტერნეტ სივრცეში გამართული პოლემიკის ჩანაწერები:

17 ივნისი

რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება სარეფერენდუმო საკითხად შემდეგი სახის კითხვის გატანასთან დაკავშირებით:

„თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“

საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ გვინდა ვაცნობოთ ყველა დაინტერესებულ პირს და მათ შორს აღნიშნული საკითხის სარეფერენდუმოდ გატანის ინიციატორებს, რომ: ამ კითხვაში ფორმულირებული მოთხოვნა, უკვე დიდი ხანია დაფიქსირებულია ქართულ სამართლებრივ სივრცეში. კერძოდ

საქართველოს კანონის - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 1106-ე მუხლში „ქორწინების ცნება“, ვკითხულობთ: „ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური)“.

მინაწერი:

დე, ღმერთმა, ყველას მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

22 ივნისი

საარჩევნო გაერთიანების "ზვიადის გზა უფლის სხელით" გვინდა მივმართოთ მათ, ვინაც ქვემოთ მოტანილი ტექსტის "შინა-არსი" აქამდე ვერ გაიგო: ხელმოწერები გროვდება იმ საკითხის სარეფერენდუმოდ გასატანათ, რათა კანონში დაფიქსირდეს ისეთი ჩანაწერი, რომელი საკითხიც უკვე მრავალი წელია ასახულია კანონში...

ხელმოწერების ითხოვენ მხარდაჭერას კითხვაზე - „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“

დღეს მოქმედ კანონში - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 1106-ე მუხლში „ქორწინების ცნება“, ვკითხულობთ: „ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია..."

რა ხდება: თავს იტყუებთ, თუ იმის ილუზიას ქმნით, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებთ?

მინაწერი

მათთვის ვისაც მოსმენისა და აღქმის უნარი აქვს - როცა რაიმეს გაკეთებას აპირებთ, კარგად გაეცანით ამ საკითხის ირგვლივ არსებულ რეალობას, და ნურც თავს მოიტყუებთ და ნურც სხვებს შეიყვანთ შეცდომაში, - იფიქრეთ სულის გადარჩენაზე

 

29 ივნისი - თამთა ლომთაძე

ბატონო გელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლში წერია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია... რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყნის უზენაეს კანონთან-საქართველოს კონსტიტუციასთან.

საქრთველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელ პუნქტში წერია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.(არ არის დაკონკრეტებული ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის). საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი ზუსტად ამ შეუსაბამობის გამო. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია 1106-ე მუხლის ნორმა შესაბამისობაში მოიყვანოს კონსტიტუციასთან, რის შემდეგაც 1106 -ე მუხლში ამოღებული იქნება ფრაზა ქალისა და მამაკაცის კავშირი და ჩაიწერება მეუღლეთა კავშირი, რასაც გამოიყენებს ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეები.

რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელ პუნქტში შევა ცვლილება: ქორწინება ემყარება ქალსა და მამაკაცს შორის უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას და ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება!!!

 

29 ივნისი - პასუხი

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას თავისი პროცედურა აქვს, კერძოდ: თავი მერვე, კონსტიტუციის გადასინჯვა: მუხლი 102

1. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ: ა)ამოღებულია; ბ) პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს; გ) არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

2. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. (27.12.2011. N5630 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

4. კონსტიტუციის 68-ე მუხლით გათვალისწინებული წესით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.

ქალბატონო თამარ, თქვენ წერთ: „რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელ პუნქტში შევა ცვლილება“.

კონსტიტუციაში ცვლილება კი ასე შედის: „2. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. 3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი...“

 სარეფერენდუმოდ გატანის მოთხოვნით მხარდამჭერების ხელმოწერრბი კი გროვდება კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“

ეს კითხვა კონსტიტუციურ შესწორებაზე პროექტის სახეს არ ატარებს,...

ხოლო რასაც იგი [ეს კითხვა] აფორმულირებს ეს უკვე ასახულია დღევანდელ კანონში [იხ. სამ. კოდ. 1106 მუხლი}

ამიტომ ამ კითხვაზე ხელმოწერების შეგროვების მთელი კამპანია, ჩემის აზრით, არის მხოლოდ საქმის კეთების ილუზორული ფონის შექმნა...

შესაბამისად, თქვენდა [და არა მარტო თქვენდა] მიმართ "განმარტებების" გაკეთება აღარ მიმაჩნია მართებულად [არ მინდა ვინმეს დროის ფუჭად გამოყენება], ამიტომ საუბარს იმავე მონაკვეთის გამეორებით დავამთავრებ, რასაც უკვე ვწერდი:

რა ხდება: თავს იტყუებთ, თუ იმის ილუზიას ქმნით, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებთ?

მინაწერი

მათთვის ვისაც მოსმენისა და აღქმის უნარი აქვს - როცა რაიმეს გაკეთებას აპირებთ, კარგად გაეცანით ამ საკითხის ირგვლივ არსებულ რეალობას, და ნურც თავს მოიტყუებთ და ნურც სხვებს შეიყვანთ შეცდომაში, - იფიქრეთ სულის გადარჩენაზე

 

30 ივნისი - თამთა ლომთაძე

როცა საქმე ეხება ჩემს ქვეყნაში რეფერენდუმის ჩატარებას მნიშვნელოვან საკითხზე და ამ საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მე არ ვთვლი დებატებს "დროის ფუჭად გამოყენებად"...

ბატონო გელა, გთხოვთ გაეცნოთ საქართველოს ორგანულ კანონს რეფერენდუმის შესახებ. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას თავისი პროცედურა აქვს მაშინ, როდესაც საკითხზე რეფერენდუმი ჩატარებული არ არის.

 

30 ივნისი - პასუხი

ქალბატონო თამარ - თქვენდამი პატივისცემის გამო, კიდევ ერთ კომენტარს გავაკეთებ:

რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე მომდევნო ქმედების თაობაზე კანონში ვკითხულობთ: "2. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

3. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები".

როგორც ხედავთ აქ მითითებაა ასეთ ვალდებულებაზე - „ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები"

ასეთი სახის ცვლილება კი, მხოლოდ კონსტიტუციის გარდა სხვა არსებულ კანონმდებლობას ეხება. ასეთ ვადაში [ერთი თვე] მხოლოდ მათში შეიძლება ცვლილებათა განხორციელება... [აქვე შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი უკვე ასახულია სამ. კოდ. 1106-ე მუხლში]

ერთ თვიან ვადაში კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას კონსტიტუცია გამორიცხავს, რამეთუ ამისათვის ასეთი პროცედურაა გაწერილი:

„2. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი..."

აი, ასეთია კონსტიტუციური მოთხოვნა...

ამიტომ, ყველას ვთხოვ კარგად გაიაზროს განსახილველ თემაზე სარეფერენდუმოდ გამოტანისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების გადაწყვეტილების მიღების მოტივი...

აქვე დავსძენ, რომ მე თავიდანვე გამოვრიცხავ რაიმე არაკეთილგანზრახვას, რამეთუ მჯერა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად სურთ პრობლემის უფრო უკეთ მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანონ...

მაგრამ, საჭიროა ასეთი განზრახვა პროფესიონალური გააზრების შედეგად გავხადოთ მსჯელობის საგნად. რათა უკუშედეგი არ მივიღოთ...

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ ამათთაგანს მივმართო:

რა ხდება: თავს იტყუებთ,

თუ

იმის ილუზიას ქმნით, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებთ?

 

მინაწერი

1. მათთვის ვისაც მოსმენისა და აღქმის უნარი აქვს - როცა რაიმეს გაკეთებას აპირებთ, კარგად გაეცანით ამ საკითხის ირგვლივ არსებულ რეალობას, და ნურც თავს მოიტყუებთ და ნურც სხვებს შეიყვანთ შეცდომაში, - იფიქრეთ სულის გადარჩენაზე

2. იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად ამ თემიაში ჩართული ადამიანების მიმართ ჩემი პატივისცემისა, ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება აღარ მომიწევს...“

აღნიშნულ თემაზე საუბარს, ტრადიციული ტექსტით დავასრულებთ - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ღმერთის მიერ მონიჭებულ - „არჩევანის თავისუფლებას“, შესაბამისი გამოყენება უნდა, რამეთუ თითოეული ჩვენთაგანი სწორედ ჩვენივე სიტყვებითა და ქმედებათა მიხედვით ვაგებთ პასუხს მოახლოებულ განკითხვის დღეს.

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარე

 მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“,

წარსული და დღევანდელობა, პარალელები, თვალსაზრისი,

ლოგიკა, შეხედულებები ერთ კონტექსტში...

მეოცე საუკუნის დასასრულს ღმერთმა ცნობიერ სამყაროს ფარდა ახადა და კაცობრიობას გზა გაუკვალა სულიერი წინსვლისკენ... ამით, კაცობრიობის სულიერი სამყარო - საფეხურებრივად აამაღლა.

ზვიად გამსახურდიას თავის თეოლოგიურ ნაშრომებში განხილული აქვს კაცობრიობის ისტორიაში სულიერად მიმდინარე პროცესები, სადაც გამოკვეთილად ჩანს - წინასწარ ნაუწყებთან შეჯერებული საქართველოს სულიერი მისია.

ბიბლიური სწავლებით - „ყველაფერს აქვს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“, და როდესაც დადგა ჟამი „დაფარულის“ გამოჩინებისა, ღმერთმა მოუვლინა მას გზა-მკვლევი.

ქართულ ფენომენში, ქართულ ენაში „დამარხულის“ წარმოჩენა, გზა-მკვლევის როლი უკავშირდება ზვიად გამსახურდიას სახელს... ამის დასტურია მრავალი მისი თეოლოგიური ნაშრომი - „საქართველოს სულიერი მისია“. „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, „თამარიანი და ვეფხისტყაოსანი“, „რუსთაველის ანთროპოლოგიის ერთი პრობლემა“ და მრავალი სხვა, რომელთა სრულად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა...

მოდით, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ და თვალი გადავავლოთ მრავალგზის და მრავალჯერ გარჩეულ თემას, ძველი ქართული თეოსოფიური მწერლობის ძეგლს, იოანე ზოსიმეს -  „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“-ს:

„დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა სამოწმებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა“.

თუკი შევაჯერებთ წინასწარ ნაუწყებს დღევანდელობასთან, ეს შეჯერების თვალთახედვა დრო-ჟამის შეცნობაში დაგვეხმარება.

„დღეს“, საქართველოში მიმდინარე სულიერი მოვლენების განვითარების პროცესი, ცხადყოფს საქართველოს სულიერ მისიას.

ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს, მრავალი, ზეციური ნიშნით ბეჭედდასმული ქართველი ერიდან, მოწმობს აპოკალიფსის დღეებზე, მეორედ მოსვლის მისტერიაზე...

ჩვენ შეგვიძლია ლოგიკურად ვიმსჯელოთ, გავაანალიზოთ ყოველივე ზემოთქმული რამდენად შეიცავს „ბოლო ჟამის“ დამოწმების მარცვალს.

მოდით, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ზვიად გამსახურდიას თეოლოგიურ ნაშრომებს, სადაც ნათლად ჩანს - საღვთო გზის გამოჩენა დედამიწაზე.

ჩვენ საღვთო გზა-სავალს, „საქართველოს სულიერ მისიას“ წინ უძღვის „ზვიადის გზა“, როგორც საწყისი ეტაპი - გლობალური სულიერი მოვლენების დასაწყისისა...

ჩვენ გვჯერა, გვწამს, და მიტომაც მივყვებით საქართველოს სულიერი მისიის გზა-სავალს „ზვიადის გზა - უფლის სახელით“... თუ რამდენად რწმენით მიიღებს საზოგადოება ზეციდან მოწოდებულ ინფორმაციას, ეს უკვე სხვა საკითხია.

მოვიშველიოთ კაცობრიობის ისტორიის მაგალითები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ღმერთმა თქვა და აღსრულდა...  მაშინაც, ხალხის ურწმუნოებამ ვერაფერი შეცვალა...

დღესაც, ჩვენი ურწმუნოება, სასიკეთოდ ვერაფერს შეცვლის. უმჯობესია ჩვენ შევიცვალოთ, ვირწმუნოთ, განვიწმინდოთ სულიერად, რათა გაგვეხსნას სასუფევლის კარები...

მკითხველის ყურადრება მინდა შევაჩერო ზვიად გამსახურდიას წინასწარმეტყველურ ფრაზებზე, რომელსაც ის გადმოსცემს თეოლოგიურ ნაშრომში: „თამარიანი და ვეფხისტყაოსანი“.

როგორც „თამარიანის“ სახელწოდებით ცნობილ ოდებში, ასევე „ვეფხისტყაოსანში“, აირეკლა აღმოსავლეთის ეკლესიის მამათა პნევმატოლოგიიდან გამომდინარე კონცეფცია - ღვთის ფემინური ჰიპოსტასის, სულიწმინდის [პარაკლეტის] შესახებ, რომელიც ძის განკაცების შემდეგ მოევლინება კაცობრიობას, ვითარცა სული ხსნისა და ჭეშმარიტებისა... იგი, ახორციელებს ახალ აღთქმას, დაკარგული სამოთხის კვლავ მოპოვებით... კაცობრიობისათვის ღვთაებრივი ცნობიერების კვლავ დაბრუნებით და თეოზისით; რაც, რუსთაველისეული გამოთქმით, არის - „შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობისა“ [სულიერი ქორწინება][.

საინტერესოა ამ თემაზე მოსაზრებები - უკვე მოხდა თუ არა ეს ზეციური მოვლენა - სულიერი ქორწინება...

ჩვენ ვიცით, რომ საღვთო გზა-სავალი ეტაპობრივია. ზემოთ ხსენებული ეტაპი, მისტერიულად, მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ჩემი მოსაზრებით ამ ეტაპმა ჩაიარა.

საინტერესოა - რატომ აღნიშნავს ამ სულიერ ქორწინებას ხაზგასმით, ზვიად გამსახურდია? თუ ეს ზეციური მოვლენა დიდმნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, მაშინ მისმა ანარეკლმა ცნობიერებაში უნდა ჰპოვოს ასახვა.

რა? როგორ? რა ფორმით? ან რამდენად დაეხმარება საღვთო გზა-სავალს ზეციური სხივის ანარეკლი, ამ კითხვაზე პასუხი მოდით მომავალს მივანდოთ...

 

 

30. 06. 2016 წ.

დინა [დიანა]

ჯიქია   

 

...

გილოცავთ ლომისობასა,

დე შეგეწიოთ ყველასა,

და მისი მადლი ფარავდეს

ჩემს ლამაზ საქართველოსა!..

იქნებ გვეშველოს ქართველებს,

იქნებ მოვეგოთ ჭკუასა,

მივხედოთ ამ ჩვენს სამშობლოს

წილნაყარს - ღვთისმშობლისასა...

დრო აღარ ითმენს, სულ მალე

ყანა გვექნება სამკალი,

რომელსაც მხოლოდ ის მომკის,

ვისაც აქვს ღვთისგან ნამგალი...

განკითხვა კარს გვიკაკუნებს,

გადაშლის თავის დავთარსა,

სუყველას თვალწინ დაგვიდებს,

ყველა ჩვენს ნამოქმედარსა...

მხილების ჟამმა ჩამოჰკრა,

ვამხილოთ კაცის მკვლელები,

ვამხილოთ ყველა ბოროტი

სამშობლოს გამყიდველები...

სუყველამ კარგად მისმინეთ,

ყველანი მოდით ჭკუაზე,

ვერ ხვდებით ლაპარაკია

სულების გადარჩენაზე...

კეთილი საქმე ვაკეთოთ,

და გავახაროთ უფალი,

სხვა ქვეყნის ბრძანებებიდან,

რომ ვიყოთ თავისუფალი...

 

 ეკატერინე

ხრიკული