Print

გაზეთი № 24 [955]

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

ჩვენს თვალწინ მიმდინარე ბოლო ჟამად სახელდებულ დროში კიდევ ერთი მტკივნეული მიჯნის გავლა მოგვიხდა. კერძოდ, 2016 წლის 26 სექტემბერს მისტერიულად ასრულებული პროცესის სახარებისეული გამოძახილი ასეთია:

„და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ“[მათე 27,30-31].

ამ „პროცესის“ შემსწრეთა თაობაზე იქვე ვკითხულობთ, რომ თურმე - „იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც,..." [მარკ. 15,40].

ზემოთქმულის თაობაზე მხოლოდ ერთს დავძენთ - ყველანი დიდი პროცესების კარიბჭესთან ვდგავართ...

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს: დაცინვას, ფურთხებას, "ლერწამთა" თავზე გადამტვრევას - ჯვარცმა და აღდგომა მოსდევს...

 

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

ქალბატონო თამარ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 120-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ №28-ე საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარმოდგენილი საარჩევნო პარტიული სიიდან ამოიღოთ, და შესაბამისად რეგისტრაცია გაუუქმოთ - კობა ჯულაყიძეს [№5].

პატივისცემით:

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

 

№28 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

შემუშავებული თვალთახედვა

ჩვენს ელ. ფოსტაზე მოსული გზავნილი გვატყობინებდა, რომ გვეძლეოდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ახალი პროექტის განხორციელებაში. კერძოდ, ეს - „...პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს, როგორც პარტიათა პოლიტიკური წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.

2016 წლის არჩევნებისთვის, ეს ვებ-გვერდი იქნება სივრცე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის, სადაც მათ საშუალება მიეცემათ განათავსონ საკუთარი ხედვა და საარჩევნო პროგრამები, რაც გაზრდის ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონეს.

გარდა ამისა, მრავალპარტიული ვებ-გვერდის შექმნით, გაცილებით მეტ პოლიტიკურ ძალას მიეცემა საშუალება შეიმუშაოს პოლიტიკის ხედვა და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადოს დაინტერესებული მხარეებისთვის.

...გთხოვთ, უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს. თითეული პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას. თქვენ შეგიძლიათ არ უპასუხოთ ზოგიერთ შეკითხვას“.

სექტემბრის მიწურულს გამართულ ამ პროექტის წარდგენისას შევიტყვეთ, რომ ჩვენს გარდა აღნიშნული კითხვარი არჩევნებში მონაწილე მხოლოდ  ხუთ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა შევსებული.

წარმოგიდგენთ, №28 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდის მიერ შემუშავებულ ხედვა.

 

 

 

პოლიტიკა და ეკონომიკა

1. აპირებთ თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებ(ებ)ის ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში?

შემუშავებული გვაქვს ორი სახის „საკონსტიტუციო რეფორმის“ პროექტი:

1. 2003 წ. ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული „ნაცმოძრაობის“ მიერ გატარებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ უდიდესი ზიანი მიაყენა ქართული სახელმწიფოს საკანონმდებლო სივრცეს. მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით 2004-2012 წ.წ. მოქმედი დამნაშავე პოლიტი-კური რეჟიმის მიერ შექმნილ დამახინჯებულ საკონსტიტუციო სამართლებრივ სივრცეში დადებითი ბალანსის აღდგენის მიზნით, ამ ეტაპზე ოპტიმალურ გამოსავლად გვესახება 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ იმ რედაქციის აღდგენა, რომელიც 2004 წ. 6 აგვისტომდე მდგომარეობით გახლდათ დაფიქსირებეული;

2. აღნიშნულის პარალელურად, „საქართველოს კონსტიტუციაში“ უნდა დაფიქსირდეს:

ა) მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. კერძოდ:

1. საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით“.

ბ) სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება: „საქართველო არის მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო“;

გ) პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი დეპუტაციის ახლებური მექანიზმი. კერძოდ: კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, ასეა გადანაწილებული:

დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი;

o საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებიდან აირჩევა - 34 დეპუტატი;

საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში მომქმედი ძირითადი რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთაგან, დანიშნავს - 5 დეპუტატს [1 მანდატი - კათოლიკურ ეკლესიას; 1 მანდატი - სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას; 1 მანდატი - იუდაურ თემს; 1 მანდატი - სუნიტებს; 1 მანდატი - შიიტებს].

 

2. რა პოლიტიკას განახორციელებთ

სასამართლოების დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად,

 სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასაძლიერებლად?

„სასამართლო ხელისუფლების“ დამოუკიდებლობის ხარისხი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა განსაზღვროს - მოსამართლეთა არჩევის წესიდან დაწყებული, თავად ამ სახელისუფლო შტოს ვერტიკალური სისტემის კომპლექტაციის სამართლებრივი მექანიზმი. 

სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, დიდწილადაა დამოკიდებული, თუ როგორ სამართლებრივ დამოკიდებულებას შეიმუშავებს პარლამენტი 2004-2012 წლებში საქართველოში არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში მომუშავე მოსამართლეთა იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც თავადვე წარმოადგენდნენ მანკიერი სახელისუფლო სისტემის ორგანულ ნაწილს.

 

3. რა პოლიტიკას განახორციელებთ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის განსამტკიცებლად?

დღევანდელ მსოფლიო რეალობაში შემუშავებულ/დამკვიდრებული ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ძირითადი გარანტიების პარალელურად, საკანონმდებლო სივრცე უნდა ითვალისწინებდეს ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ჩამოყალიბებულ ზნეობრივ ფასეულობებს.

 

4. როგორი საარჩევნო სისტემა უნდა არსებობდეს საქართველოში?

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფორმირება უნდა ხდებოდეს, როგორც - პროპორციული სისტემით, ასევე ერთმანდატიანი და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული პრინციპით.

 

5. როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ და რა პოლიტიკას გვთავაზობთ დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებად უნდა იქცეს მეცნიერებისა და განათლების სფეროში სათანადო ოდენობის საბიუჯეტო სახსრების ჩადება, რომელიც უნდა მოხმარდეს:

- სრული უფასო დაწყებით დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებას;

- სრული უფასო საშუალო განათლების პირობებში, სკოლების მატერიალურ ტექნიკური ბაზის მუდმივ სრულყოფას;

- ჰუმანიტარულ და ფუნდამენტურ მეცნიერებათა პრიორიტეტული დარგების გამოკვეთის მიხედვით, პროფესიული და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში თანამედროვე დონის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას.

გარკვეულ ცვლილებას უნდა დაექვემდებაროს სტუდენთა დაფინანსების მექანიზმი. კერძოდ, მასში უნდა აისახოს სტუდენტთა სემესტრული მოსწრების მაჩვენებელი, რომელიც გახდება კიდეც მოპოვებული დაფინანსების პროცენტული მაჩვენებლის კორექტირების საფუძველი. უმაღლესი სასწავლებლის განკარგულებაშივე დარჩენილი, ამ გზით გამონთავისუფლებული თანხა, პროფესორ მასწავლებელთა სახელფასო დანამატისა და არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზის სრულყოფისაკენ უნდა წარიმართოს. 

 

6. რა ნაბიჯებს გადადგამთ უმუშევრობის დასაძლევად?

ჩვენს მიერ შემუშავებულია - საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარების გამათვალისწინებელი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი სახელისუფლო სისტემის რეფორმირების მექანიზმი. თავის მხრივ, ქვეყნის პოლიტიკური მმართველობითი სისტემის გამართული მუშაობა, ეკონომიკური განვითარების უმთავრესი აუცილებელი პირობაა, რომელმაც, თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა უზრუნველყოს.

 

7. როგორია თქვენი გეგმა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული თქვენს ეკონომიკურ სტრატეგიაში და რა კონკრეტული ინიციატივები გაქვთ?

ჩვენი მიზანია შევქმნათ - გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარი გახდება.

 

8. ლარის კურსის გაუფასურებამ გასულ პერიოდში უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე. აპირებთ თუ არა რაიმე პოლიტიკის გატარებას ამ მიმართულებით და თუ ასეა, რაში მდგომარეობს თქვენი გეგმა?

ლარის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ გარანტად გვესახება: ყველა სფეროში - ლარის, როგორც ერთადერთ საგადასახადო ერთეულად დამკვიდრების საკანონმდებლო უზრუნველყოფის მექანიზმის სრულყოფა.

 

9. გთხოვთ დაასახელოთ კონკრეტული ეკონომიკური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც 2020 წელს შესაძლებელი იქნება შეფასდეს თქვენი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები.

ეკონომიკური განვითარების პარამეტრები დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყანაში სამართლებრივი პოლიტიკური სისტემის შექმნაზე ორიენტირებული რეფორმის გატარების მაჩვენებლებზე, რომელთა საბოლოო შედეგები, დიდწილად, საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი გუნდის წარმომადგენლობაზე იქნება დამოკიდებული.

 

10. გთხოვთ აღწეროთ თქვენი პოლიტიკა საგადასახადო და ფისკალურ პოლიტიკასთან მიმართებაში და დაასახელოთ/განიხილოთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) ამ მხრივ.

ჩვენი ერთ-ერთი კონკრეტული ინიციატივა ითვალისწინებს - დაწესებული მოსაკრებლების საბოლოო განაწილებაში მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინების საკანონმდებლო გარანტიების შემოღებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უფლება ექნება, თავად გამოკვეთოს მის მიერ გადახდილი გადასახადის ერთი მეხუთედის, პროცენტულ მაჩვენებელზე აგებული, მიზნობრივი განაწილების მექანიზმი [რელიგიის, განათლების, თავდაცვის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების და ა.შ. მიმართულებები].

 

11. დაასახელეთ სახელმწიფო ხარჯების თქვენთვის მისაღები პროპორცია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, თუკი ასეთი პოზიცია გაქვთ გამოკვეთილი.

საბიუჯეტო შემოსავლების საბოლოო განაწილება ორ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:

1. სახელმწიფოს მიერ აღებული საგარეო ვალის მომსახურება. რაც, მიმდინარე ეტაპზე, სასურველია თუკი - მთლიანი შიდა პროდუქტის 20-25 %-ის ფარგლებში იქნება; და

2. ქვეყნის შიდა სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯები, რომლის მოცულობაც, მთლიანი შიდა პროდუქტის: 75-80 %-ის ფარგლებში მოექცევა.

 

12. როგორია თქვენი პოლიტიკა სახელმწიფო ვალისა და საბიუჯეტო დეფიციტის მიმართ? რა პოლიტიკას გაატარებთ ამ მიმართებით?

სახელმწიფო ვალისა და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების ხარისხზეა დამოკიდებული. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის შექმნაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის ხარისხობრივი მაჩვენებლებით.

 

13. გთხოვთ, პირობითად გაანაწილოთ საქართველოს ბიუჯეტი თქვენი პოლიტიკის პრიორიტეტების მიხედვით  მაგალითად: თავდაცვა 25%, ჯანდაცვა 25%, სოციალური სფერო 25%, განათლება 15%, სხვა 10% და ა შ. სადაც კატეგორიაში ‘’სხვა’’ მხოლოდ 3%-ზე ნაკლები მოცულების მიმართულებები მოხვდება.

საქართველოს ბიუჯეტის განაწილება, ქვეყნის ახალი პოლიტიკური სისტემის პირობებითაა განპირობებული.  ასე მაგალითად: ჩვენს მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, ანუ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა გამო, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის, სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების „ათი პროცენტი“ უნდა იყოს გამოყოფილი. [ეს 10 %-ი, თავის თავში მოიცავს - სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ კოორდინირების რეჟიმში განხორციელებული - განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის საკითხების დარეგულირებისათვის განკუთვნილ ხარჯებს].

 

14. რა პოლიტიკის გატარებას აპირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ წინაპირობად, ჩვენს მიერ შემუშავებულ პრინციპზე დამყარებული - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის  გამოცხადება გვესახება.

 

 

საზოგადოებრივი და სოციალური საკითხები

1. რა პოლიტიკის და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას გეგმავთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ასამაღლებლად?

მაღალი ხარისხის ჯანდავითი სისტემის დამკვიდრება ქვეყნის ხელისუფალის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის საჭიროდ მიგვაჩნია დღეს არსებული  საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პირთა მკაცრი დიფერენციაცია - შემოსავლების დეკლარაციული მაჩვენებლების გათვალისწინებით.

 

2. რა ინიციატივებით (თუკი ასეთი გაქვთ) გამოდიხართ სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით?

შესაბამისი სამინისტროს მიერ სოციალური უსაფრთხოების ზღვარს მიახლოებულ მოქალაქეთა დაცვის პროგრამების შემუშავებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება სოციალური უსაფრთხოების დაცვაში მოქალაქეთა დაზღვევის  აქტიურ გამოყენებას. სახელმწიფოს ვალია შეიმუშაოს სათანადო სტანდარტი ისეთი პირობებით, რომელიც  ქვეყნის მოსახლეობის შესაბამის კატეგორიას საცხოვრებელი (საარსებო) მინიმუმით უზრუნველყოფს. ამ საქმეში ამოსავალ დებულებად უნდა იქცეს „ევროპის სოციალური ქარტია“ (შესწორებული), სტრასბურგი, 3.V.1996 წ.

 

3. რა პოლიტიკას გაატარებთ იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის უკეთ ორგანიზებისთვის?

ვფიქრობთ რომ - ქვეყნის ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა და მათი ოპტიმალურად განაწილების მექანიზმის შემუშავება იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური გარემოს გაჯანსაღების უმთავრესი საფუძველია.

 

4. რა წინადადებებს (თუკი ასეთი გაქვთ) გვთავაზობთ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტად ინტეგრირებისთვის?

საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილებისა, თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე, მისი იდენტობის შენარჩუნების პარალელურად, შესაბამისად ფლობდეს სახელმწიფო ენას, რაც თავის მხრივ იქნება ეთნიკური და რელიგიური უმცირესოებების წარმომადგენლების ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სათანადოდ ჩართვის მთავარი წინაპირობა.

 

5. პარლამენტთაშორისი კავშირის (Inter Parliamentary Union) მონაცემებით საქართველო 185 -დან 147-ე ადგილს იკავებს საკანონმდებლო ორგანოს წევრ ქალთა რაოდენობის მხრივ. გთხოვთ აღწეროთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის.

ღმერთის მიერ ადამიანისათვის მინიჭებული თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებისა, და მათ შორის საქართველოს ყოველი მოქალაქე, მიუხედავად სქესისა, მისთვის სასურველი საქმიანობის სფეროს არჩევაში თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდეს. ყოველგვარი რეგლამენტაცია (უპირატესობის მინიჭება, შეზღუდვა, წახალისება, დაუმსახურებელი პირობების შექმნა და სხვა), გარკვეული კუთხით დისკრიმინაციის ელემენტის მატარებელია და აქედან გამომდინარე - მიუღებელი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ნიჭისა და ინტერესების გამოვლენის მიხედვით საქმიანობის  თანაბარი უფლება და შესაძლებლობა. ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ამა თუ იმ პირის - პროფესიონალიზმს, თვითრეალიზაციისათვის შერჩეულ საქმიანობის სფეროს საკუთარი ნებით გამოკვეთასა და თანაბარ საკონკურსო პირობებით ნაკარნახევ შედეგს.

 

6. რა პრობლემებს ხედავს თქვენი პარტია ბავშვთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით და რა პოლიტიკის გატარებას აპირებთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული?

ბავშვის უფლებათა დაცვა, უპირველეს ყოვლისა, მათი მშობლებისთვის ნორმალური საქმიანობისათვის საჭირო პირობების შექმნაზე გადის. სახელმწიფომ, საკანონმდებლო ბაზის შექმნის გზით, განსაკუთრებული ყურადრება უნდა დაუთმოს უსახლკარო და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის შესაბამისი ნორმალური პირობების შექმნას.

 

7. გთხოვთ დაგვისახელოთ თქვენი წინადადებები (თუკი ასეთი გაქვთ), რომლებიც მიმართულია ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისაკენ.

ქვეყნის ნორმალური განვითარება წარმოუდგენელია ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს არსებობის გარეშე. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად გვესახება მცირე ჰესების განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. რეგიონული მასშტაბით ხელმისაწვდომი ენერგიის დამოუკიდებელი წყაროების დამკვიდრება, ეკოლოგიური საკითხების მოგვარების პარალელურად, თავის დადებით როლს ითამაშებს ტყის მასივების დაცვა-განვითარებასა და ჯანსაღი/უსაფრთხო გარემოს შექმნაში.

 

8. აპირებთ თუ არა რაიმე სპეციალური პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის?

საგზაო მოძრაობის უსაფრთხო პირობებს განაპირობებს, როგორც - მოძრაობის ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო საგზაო ნიშნების გამართული ფუნქციონირება; ასევე - საგზაო წესების დარღვევისათვის განკუთვნილი სწორი საჯარიმო პოლიტიკის განხორციელება.

 

9. აპირებთ თუ არა რაიმე პოლიტიკის გატარებას სამოქალაქო სექტორის /არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობისთვის?

სამოქალაქო სექტორის გამართული ფუნქციონირება, ის მძლავრი ბერკეტია, რომელიც ქვეყანაში არსებული პრობლემების გამოვლენასა და მათ გადაჭრას ემსახურება. საქმიანობისათვის მათი ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვების ერთ-ერთი გზა ასე გვესახება: ჩვენის აზრით საჭიროა უმაღლესი სახელმწიფო აღმასრულებელი სტრუქტურების [სამინისტროების] ბიუჯეტში წინასწარ ჩაიდოს, მათთვის გამოყოფილი თანხის ერთი პროცენტის ტოლი თანხით, საგრანტო წესით კონკურსის გამართვის აუცილებლობა. ამგვარი დაფინანსების მქონე, ანუ კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს - გრანტის გამცემი სამინისტროს საქმიანობის დამატებითი კონტროლის გზით შესაძლო ხარვეზების გამოვლენა და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება.

 

საგარეო პოლიტიკა,

უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები

1. გთხოვთ განიხილოთ საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და რა სტრატეგიის განხორციელებას აპირებთ ამ პრიორიტეტების რეალიზაციისათვის.

საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის კურსის გატარების აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმმართველი პრიორიტეტი, ეკონომიკური ინტერგრაციის მაღალი ხარისხის დამკვიდრებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

 

2. რომელ ქვეყნებთან/ქვეყანათა გაერთიანებებთან/ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/გაერთიანება/ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტი გამორიცხავს ყოველგვარ სამხედრო-სტრატეგიული ამოცანების დასახვა - განხორციელებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებად გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფო მიგვაჩნია.

 

3. რა საკითხებს ანიჭებთ განსაკუთრებულ პრიორიტეტს ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებების რეალიზაციის პროცესში?

ევროკავშირთან - ზოგადად, და - ევროპის ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში, განსაკუთრებული პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ორმხრივად მისაღები ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებების რეალიზებისათვის გადადგმულ ქმედით ღონისძიებებს.

 

4. რა საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებთ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთკავკასიურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტები და აჯანყებები. ამჟამად კავკასია წარმოადგენს გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფ რეგიონს, რომელიც გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო (ჩეჩნეთი, აფხაზეთი, ცხინვალის ოლქი, მთიანი ყარაბაღი) დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დედამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით. ვესწრაფვით რა, არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ვისახავთ, რომ საქართველო გამოვიდეს - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს შექმნის ინიციატორი. ამაჟამად წარმოგიდგენთ მცირე ფრაგმენტს, ჩვენს მიერ შემუშავებული, ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი დოკუმენტიდან:

„საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“ [შემდეგში - „კავმშვისა“], იქმნება კავკასიის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, საქართველოსა და სომხეთის მიერ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი დამფუძნებელი დოკუმენტია, და რომელსაც დაექვემდებარება ამ ორგანიზაციის საქმიანობა;

„კავმშვისა“-ს წევრი სახელმწიფოები რჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად;

„კავმშვისა“, მასში გაერთიანებული სახელმწიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხების, ერთმანეთს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

„კავმშვისა“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

„კავმშვისა“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანასწორუფლებიანობის რწმენას;

„კავმშვისა“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ხელს შევუწყობთ სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში;

„კავმშვისა“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.

 

5. როგორ წარმოგიდგენიათ თავდაცვის ორგანიზაცია?

საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის კურსის გამოცხადებიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალები მხოლოდ საკონტრაქტო პრინციპზე აგებული პროფესიული ჯარისკაცებისაგან უნდა იყოს დაკომპლექტებული.

თავდაცვითი სისტემა - ქვეყნის საზღვრების დაცვისა და, საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვითი სამხედრო ოპერაციების განხორციელებაზე ორიენტირებული პროგრამის ბაზაზე უნდა იყოს აგებული.

 

6. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი არქიტექტურა/პრინციპები?

საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფოს, გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი სამშობლო ყოველთვის წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს.

ჩვენი წინაპრების მრავალი თაობის მუხლჩაუხრელი ბრძოლისა და პოლიტიკური განჭვრეტილობის შედეგად, მეტ-ნაკლები წარმატებით ხერხდებოდა საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისი კურსის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება. საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ჩვენი თაობის წინაშე, მთელი სიცხადით დადგა საკითხი - ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზენაესი პრინციპიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს სახელმწიფომ, რომ: ერთის მხრივ - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და მეორეს მხრივ ცალსახად თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით:

საქართველოს სახელმწიფომ პირველმა უნდა დააფიქსიროს ნეიტრალიტე-ტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

ქართული სახელმწიფოს მხრიდან, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო - აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, ცალ-ცალკე, და მთლიანობაში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, გახდნენ გარანტორები, საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აღებული ვალდებულებების, რომ:

საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში.

 

 

...

ილიას გზიდან - ჯვარცმულის გზამდე

ტვირთმძიმე და მაშვრალთათვის,

„წყარო“ მოდის ულევი...

არვინ იცის სათავე

სად იწყება? სად მთავრდება?

ან რად იქცა ჩანჩქერივით „მდინარედ“.

მოარღვევს კლდეებს, ნაპრალებს აჩენს,

იარებს არჩენს,

და დედამიწას „ფირუზ-ლალს“ ძერწავს.

ეს სამყაროა უხილავი,

ძალა ღვთიური მიღმიერს გვამცნობს,

და ჩვენს მომავალს ფერებით ქარგავს...

ერში კი, დროება, „გენიას“ ბადებს...

და ეს დროება არცერთ დროს არ ჰგავს...

ილიას გზიდან - „ჯვარცმულის“ გზამდე

გამოიკვეთა ეპოქა დიდი,

გამოიძერწა მაცხოვრის გზები.

ჟამთა ზმანებამ იერსახე ცამდე აზიდა,

და ჩამოიხსნა პირბადე ახლა...

და გააშიშვლა „ბოლო ჟამის“ ეპოქა დიდი...

„ილიას გზიდან - ჯვარცმულის გზამდე“

გზა ილიასი სადაც შემწყდარა,

იქ ჩაკირულა ჰანგი ქართული,

და სიმთა ჟღერა მინავლებული

ფერისცვალებას დიდხანს ელოდა.

„წიწამურიდან - მამა დავითზე“

ზე აღმართულა „სული ქართული“

იქ, ზვიადის გზად განახლებულა,

ქართველი ერი აღზევებულა,

ღვთივ-ზიარებით „გაცოცხლებულა“...

ცხოველმყოფელი ჯვარცმულის გზები განახლებულა,

გარინდებურა წუთისოფელი,

და მოლოდინი „ღვთივ შეერთების“ განუყოფელი

„დღეს“ - დაწყებულა...

 

21. 09. 2016 წ.

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

 

ვერ გაანათებს წუთისოფელს მხოლოდ სანთლები!..

ვერ გაანათებს წუთისოფელს მხოლოდ სანთლები!..

თუ არ შეერწყა ზეცის ნათელი.

ვერ განათლდები კაცი ბნელში

თუ არ შეგეხო უფლის ნათელი...

არაფერია წიგნიერი განსწავლულობა,

თუ არ შეერწყა ღვთის განათლებას.

თუკი ზეცას განათდება სხივი ღვთიური,

შენც რომ მოგწვდეს ღვთის ნათელი

აღარ არის საკმარისი ერთი სანთელი...

მკაცრია ღმერთი - განრისხების ჟამს,

მრისხანებს ღმერთი, მაგრამ ვერ ვხედავთ,

ვერთობით ყურებით:

„ბოროტ ძალების ერთობის“,

„მზერა და ყურები“  უფლისა იღლება

„გატიალების სიბილწის“ ყურებით...

ნეტავი როდის იქნება,

ღვთის სიტყვას ისმენდნენ „ყურები“,

ნეტავი როდის იქნება

გასუფთავდება ჩვენი გულები,

განიწმინდება ჩვენი სულები...

მინდა, ვუსურვო სულ ყველას

ვინც კი დედამიწას იარება,

რომ მიიღოს ჭეშმარიტი „ზეციური ზიარება“.

და თუ არის ვინმე ქვეყნად

[წუთისოფელს იარება], -

ღვთივ კურთხევას ზეცით იღებს

უხილავად ზიარებას,

მაშ, შევავსოთ ფიალები,

შევსვათ „წმინდა“ სადღეგრძელო,

დაილოცოს გზები მისი,

„ღვთივკურთხევა ზეციური“...

 

22. 09. 2016 წ.

დინა [დიანა] ჯიქია

 

...

ბევრი კარგი რამ ვაკეთე,

სიკეთე გამოვიჩინე,

შენ გვედრი ჩემო უფალო:

სამშობლო გადამირჩინე!..

კვალდაკვალ მივდევთ ბიბლიას,

დრო არც ისე დიდია,

სუყველაფერი სრულდება,

რაც ჩვენზე დაწერილია...

მოდით და ერთად ვილოცოთ,

ყველამ დავანთოთ სანთელი,

უფალს დიდება მივაგოთ,

ის არის ჩვენი მფარველი...

სიზმარში ვნახე - ვითომდა,

ხელში მეჭირა რვიანი,

ემიგრანტებო, დაბრუნდით,

იცოდეთ დრო ცოტა არის!..

 

მინაწერი:

ირემს რად უყვარს მთის წყარო,

არწივს - მაღალი მთანია,

ურწმუნო თომას შვილებო,

რად მიყვარს ჩემი ლასკარი?

რა თქვენი საკითხავია...

 

 ეკატერინე

ხრიკული