Print

გაზეთი № 29 [1000]

მე-20 წლის დასასრულს გამოსული

 გაზეთის მე-1000 ნომერი

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ საქმიანობის დასაწყისად, ორი პირობითი თარიღია გამოკვეთილი:

1. 1996 წლის 15 დეკემბერი, როდესაც გაზეთ „არჩევანის“ სარედაქციო კოლეგიამ საბოლოოდ გამოკვეთა ახალი გაზეთის შინა-არსი; და

2. 1997 წ. 4-7 იანვარი, გაზ. „არჩევანის“ დამატების სახით მოაზრებული გაზ. „დედანი ენის სასწაულის“ დაბეჭვდისა და საცალო ქსელში გატანის რიცხვები.

და აი, აღნიშნული ათვლის წერტილიდან გასული 20 წლის მიწურულს, კერძოდ 2016 წ. 3 დეკემბრით დათარიღებული, ამ წელს დაბეჭდილი, გაზეთის 29-ე ნომერი, ჩვენი გაზეთის გამოცემის საერთო ათვლიდან აღებული, საიუბილეო მე-1000 ნომერი აღმოჩნდა. 

ჩვენს თვალწინ მიმდინარე „ჯვარცმისეული ეტაპის“ სულისკვეთებიდან გამომდინარე, 29 -ას, ანუ - „ოცი-დაცხრას“ თანხვედრილი, საიუბილეო მე-1000 ნომრის გამოსვლის თაობაზე, ამჯერად არაფრის თქმას არ ვაპირებთ.

თუმცა, მცირე კომენტარის სახით, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს, გვინდა შევთავაზოთ - 1990 წლის დასაწყისში ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნებული ზვიად გამსახურდიასთან ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუს მცირე ფრაგმენტი, რომელშიც ზვიად გამსახურდია - „...ქართველის ბუნებაზე, განდგომისკენ სწრაფვაზე, ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ინტელიგენციის პასიურობასა და მაინც, ქართველი ერის გულისხმიერებასა და პატრიოტობაზე საუბრობს: „მე იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, ქართველი კაცის მამულისადმი სიყვარული და მოწამეობა გაიმარჯვებს და არა ის ნეგატიური, დამღუპველი თვისება, რომელსაც ზოგჯერ ჩვენი თანამემამულენი გამოავლენენ”.

 

შეკითხვა:  ბატონო ზვიად, თქვენი ამდენი ხნის მოღვაწეობის განმავლობაში, ალბათ გარკვეულ დასკვნებს გამოიტანდით ქართველი კაცის ზოგად ბუნებაზე. თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს ქართულ ხასიათში, რომ არ დავუშვათ ისეთი ტრაგიკული შეცდომები, რომლებსაც ხშირად საბედისწერო შედეგებამდე მივყავდით..

ზვიად გამსახურდია:  ეს არის ტრადიციული სიამაყე და ამპარტავნობა, ამბიციურობა, რომელიც ტრადიციულად მოსდგამს ქართველ კაცს, რაც ჩვენს ისტორიში თვალნათლივ გამოიკვეთა კიდეც. ეს იყო ძირითადი მიზეზი ჩვენი უბედურებისა, სწრედ ამ ერთიანობის უარყოფა და განკერძოებისკენ ლტოლვა აიძულობდა ფეოდალებს და პარტიკულარისტებს დაპირისპირებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას და საქართველოს ერთიანობის იდეას. დღესაც კერძო ინტერესი, განდგომისკენ სწრაფვა უპირისპირდება ერის კონსოლიდაციის იდეას.

 

შეკითხვა: იმ უბრალო რიგით მებრძოლ ქართველზე რას იტყვით, ბატონო ზვიად, რომელთა რიცხვი ათეული ათასია და დღითიდღე თავის რიგებში მრავალ მამულიშვილს მიითვლის?

ზვიად გამსახურდია: ასეთი პატრიოტების დამსახურებაა ჩვენი ეროვნული მოძრაობა ასე ფართოდ რომაა გაშლილი და ჩვენი ფიზიკური არსებობაც მათ განაპირობეს. ჩვენ ქართველმა ერმა დაგვიცვა, ქართველი ხალხის საოცარი გულისხმიერებაა სწორედ მთავარი ძალა, რაც ჩვენს მოძრაობას ფაქტობრივად საფუძველს უქმნის. ქართველ ერის გულისხმიერება, მისი სიყვარული, თავდადება მამულისადმი, უპირველეს ყოვლისა, გამოჩნდა 9 აპრილს. გაუგონარი, არნახული თავგანწირულობა და მოწამეობა ერისთვის არის ჩვენი ეროვნული ხასიათის ძირთადი თვისება და მე იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, ქართველი კაცის მამულისადმი სიყვარული და მოწამეობა გაიმარჯვებს და არა ის ნეგატიური, დამღუპველი თვისება, რომელსაც ზოგჯერ ჩვენი თანამემამულენი გამოავლენენ, რომლისკენაც მათ ამპარატვნული თავკერძობა და თვითნებობა უბიძგებთ ხოლმე.

 

შეკითხვა: აპოლიტიკური ინტელიგენცია ერთხანს თითქოს გამოცოცხლდა, მაგრამ ეს გამოცოცხლება ასევე მალე, ერთბაშად გაქრა. ამის შესახებ რას იტყვით?

ზვიად გამსახურდია: ინტელიგენცია ძალზედ პასიურობს, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილის შემდეგ გააქტიურდა და გაბედული პოზიციებით გამოვიდა, ისინი კვლავ გაჩუმდნენ, ვინაიდან ჩემი აზრით, იფიქრეს, ისევ სჯობია ყველაფერში არაფორმალებმა იტეხონ თავი და გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევაში, ისევ ისინი შეეწირონო. ინტელიგენციამ ზომიერი პოზიცია, ან სულაც გაჩუმება აირჩია, ეს კი დასავლეთს თვალთახედვიდან არ გამოპარვია და გაოცებულია საქართველოს ინტელიგენციის წაყრუებით, რომელიც მან აფხაზეთის ტრაგედიის მიმართ გამოამჟღავნა. ინტელიგენცია ფაქტიურად 9 აპრილის ტრაგედიაზეც გაჩუმდა და საერთოდ მწვავე პრობლემებს თავს არიდებს. თუნდაც ის რად ღირს, რომ 9 აპრილის კომისიამ ეს მოვლენა გენოციდად არ აღიარა.

 

შეკითხვა: რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

ზვიად გამსახურდია: კომფორტი ყველას უნდა. თავის გაწირვა კი არავის არა სურს. მე თუ მკითხავთ ეს ეგოიზმია ერთგვარი.

 

შეკითხვა: მუშათა კლასზე რას გვეტყოდით?

ზვიად გამსახურდია: მუშათა კლასს დღეს ყველაფერი შეგნებული აქვს და გამოღვიძებულია. ეკონომიკური თვალსაზრისით მათ ძალიან გაუჭირდათ, საბინაო, სასურსათო, ხელფასის პრობლემები აქვთ გადასაწყვეტი. ამ პრობლემების მოგვარებაში ჩვენი დახმარება სჭირდებათ. სხვა მხრივ მუშათა კლასი ჩვენს მხარეზეა. იდეოლოგიურად და პრაქტიკულადაც. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ხომ მუშათა კლასია.

 

შეკითხვა: ბატონო ზვიად, გალაკტიონს უთქვამს: „თავისუფლების მოყვარე ერებს, ვით ზღვა ვერარა ვერ შეაჩერებს!“

ზვიად გამსახურდია: თუ თავისუფლება გვეყვარება, და თუ ყველანი ერთად ვიქნებით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

 [1990 წელი, ჟურნალი „ცისკარი”].

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით'

უფლისმიერი ლასკარის  2016 წლის 30 ნოემბრის

სხდომის ანგარიში

 

სხდომაზე მოისმინეს:

უფლისმიერი ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. საქართველოში 1991 წ. 22 დეკემბერს კრიმინალურ-სამხედრო ძალების მიერ დაწყებული სახელმწიფო გადატრიალებიდან გასული 25 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე [წერ. ჩაბ. N426, 28 ნოემბერი, 2016 წ.], 22 დეკემბრის, როგორც - „მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ“ დადგენასთან დაკავშირებით;

  2. ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომზადებული მორიგი საკანონმდებლო წინადადების -  „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის შესახებ“.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ელგუჯა ქოჩიაშვილი, რომულ ჯაფარიძე, გობრონ წერეთელი, თინათინ ბაიაშვილი, იზა გრიგოლია, სოლომონ ბაიაშვილი, ზურაბ ქობალია, დავით ლურსმანაშვილი, ნანა კოდელაშვილი, ზვიად კვირიკაძე, ევგენი ღვინიაშვილი, ბეჟან ნათელაძე, ალექსანდრე თაქთაქიშვილი...

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისისი გადაწყვეტილება.

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 

წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ პარლამენტში წარსადგენი მორიგი საკანონმდებლო წინადადების მასალას.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

„საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”

საქართველოს კანონში

 ცვლილების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1.

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი N44, 11.11.1997 წ. გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შევსებულ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა ევალება:

ა) საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს - პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში;

ბ) საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებისათვის დაწესებული ბარიერის გადამლახავი საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში მყოფ წევრს, ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: „საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

    განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

როგორც მოგეხსენებათ, „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად

- „... საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან...“ [მუხლი 49,1].

მოქმედი კანონმდებლობით, პროპორციული და მაჟოროტარული წესით ასარჩევ დეპუტატობის კანდიდატებთან მიმართებაში, ცალკეულ შემთხვევებში, განსხვავებული მოთხოვნებია გათვალისწინებული.

ასე მაგალითად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 115-ე მუხლის თანახმად

 - „პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და მისი ფოტოსურათი.

თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად. თითო ეგზემპლარი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას“ [მუხლი 115,7-8].

სავალდებულო ნარკოლოგიურ შემოწმებასთან მიმართებაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისაგან განსხვავებით, ამავე კანონის 132-ე მუხლის თანახმად, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატებისათვის ასეთი წესია დადგენილი:

- „კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა წინასწარი მონაცემებით საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან სავარაუდოდ არჩეულმა ყველა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატმა უნდა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ჯანმრთელია ან ნარკოტიკების მომხმარებელია“ [მუხლი 132,1].

 

როგორც ვხედავთ, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარმოდგენა, თუ

- არჩევნებში მონაწილე ყველა მაჟორიტარ კანდიდატს მოეთხოვება [მიუხედავად იმისა აირჩევა თუ არა იგი პარლამენტის წევრად];

- ასეთ სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარება პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილე მხოლოდ ის პირი, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად დაწესებული ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სიაში ყოფნის გამო ხდება პარლამენტის წევრი.

 

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, ცვლილება შევიდეს პარლამენტში - პროპორციული და მაჟორიტარული პრინციპით ასარჩევ პირთა მიერ, კანონით დადგენილი ქონებრივი დეკლარაციის სავალდებულო წარდგენის წესში.  

 

დღეისათვის მოქმედი: საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად - „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია“.

 

ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 2016 წ. 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი იღებდა. საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ სულ წარდგენილი გახლდათ - 816 მაჟორიტარი კანდიდატი.

საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის მიხედვით  - „არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი [მუხლი 115,2-3].

აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის გათვალისწინებით, არჩევნებში მონაწილე 25 საარჩევნო სუბიექტის მიერ, ჯამში, პარტიული სიით წარდგენილ იქნა - 3 523 დეპუტატობის კანდიდატი.

 

ზემოთხსენებული კანონის მოთხოვნის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, შემოწმების მიზნით,  სწორედ ამდენი ქონებრივი დეკლარაცია წარედგინა. და ეს, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის მანდატი - 73 მაჟორიტარული და 77 პროპორციული წესით არჩეულმა დეპუტატობის კანდიდატმა მოიპოვა.

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით, გთავაზობთ, რომ დღეისათვის მოქმედ საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილი ცვლილების მიხედვით - განსხვავებული წესი დადგინდეს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილე პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა მიმართ. კერძოდ:

მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შევსებულ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა ევალება:

ა) საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს - პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში;

ბ) საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებისათვის დაწესებული ბარიერის გადამლახავი საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში მყოფ წევრს, ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში“.

 

ვფიქრობთ, ყოველგვარი ზედმეტი დასაბუთების გარეშეც ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელება:

ერთის მხრივ მკვეთრად ამცირებს ქონებრივი დეკლარაცისს წარმდგენთა რაოდენობას, რაც,

მეორეს მხრივ ხელს უწყობს, ქონებრივი დეკლარაციის შევსება შემოწმებისათვის განკუთვნილი, მატერიალური და დროითი რესურსის ყაირათიანად გამოყენებას.

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

 

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის შესახებ“,- ავტორი:

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე;

- რომულ ჯაფარიძე, საქართველოს პროგრესულ რეალისტური პარტიის თავმჯდომარე;

- სოლომონ ბაიაშვილი, „ბაიაშვილების საგვარეულოს“ წინამძღოლი;

- იზოლდა [იზა] გრიგოლია, ა/ო „ექიმები: ექიმთა და პაციენტის უფლებე-ბისათვის“ თავმჯდომარე;

- ელგუჯა ქოჩიაშვილი, „საქართველოს მრავალეროვანთა კავშირის“ პრეზიდენტი;   

- ალექსანდრე თაქთაქიშვილი, საქართველოს როიალისტური პარტიის თანა-თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი

- ზვიად კვირიკაძე, ა/ო „საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირის“ თავმჯდომარე;

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- როინ ლიპარტელიანი, გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსო-ფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი 

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის შესახებ“. ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

 

 არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი],  ბაიაშვილი სოლო-მონი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გრიგოლია იზოლდა [იზა], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

 

ზაქარეიშვილი ლია, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კვირიკაძე ზვიადი, კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, ლიპარტელიანი როინი, ლურსმანაშვილი დავითი,

 

მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა,

 

სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ქობალია ზურაბი, ქოჩიაშვილი ელგუჯა, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი,

ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დინა [დიანა]...

 

 

 

 ...

ზამთარმა შემოგვიტია,

მთებზე უკვე ჩამოთოვა,

ჩვენ არ ვიცით - ეს ზამთარი

რანაირი „ფეხით“ მოვა...

თუმც შორით შემოუთვლია:

„ელოდეთ ძლიერ ყინვებსა,

ვინც უღალატებს საწყალ ხალხს,

მათ გავუყინავ ტვინებსა...“

ღვთისადმი მადლით დავშორდეთ,

ამ ჩვენს გიორგობისთვესა,

მისი მადლი შეეწიოს,

ყველა მართლმადიდებელსა!..

ვეცადოთ, ერთად ვეცადოთ,

გავაძლიეროთ ლოცვები,

იქნებ შეგვინდოს უფალმა

დანაშაული... ცოდვები...

იქნებდა ჩვენმა მცდელობამ

გვაშოროს ცოდვის ნაყოფი,

გვახსოვდეს - მოდის განკითხვა,

ხალხის „შუაზე“ გამყოფი...

 

 ეკატერინე

ხრიკული