Print

გაზეთი N 2 [1003]

დასვენების დღეების შემოღების ისტორია

რუსეთის იმპერიის მიერ ცალკეულ სამეფოებად დაყოფილი საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების 117 წლისთავზე, კერძოდ 1918 26 მაისს მიღებული „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე, საქართველოში მომქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

სახეცვლილმა რუსეთის იმპერიულმა ძალებმა, წითელი არმიის მეშვეობით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაამხეს, და 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოება მოახდინეს.

საბჭოთა კავშირად წოდებულ რუსეთის იმპერიაში - „საბჭოთა საქართველოს“ 70 წლიანი იძულებითი ყოფნის მიწურულს, ახალი ძალით გააქტიურებული ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერის - ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მოქმედმა საარჩევნო ბლოკმა: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, 1990 წ. 28 ოქტომბერს გამართულ საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

1990 წ. 14 ნოემბერს გამართულ პირველსავე სხდომაზე, ზვიად გამსახურდია - საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

ამავე დღიდან მოყოლებული დაიწყო საბჭოთა იმპერიის მიერ იძულებით თავსმოხვეული სამართლებრივი სივრციდან განთავისუფლების მძიმე პროცესი. მათ შორის გახლავთ საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული სადღესასწაულო და დასვენების დღეებად გამოცხადებული თარიღების შეცვლის საკითხი.

 

საბჭოთა რეალობაში აღნიშნულ თემატიკას არეგულირებდა - 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის „შრომის კანონთა კოდექსი“ (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები,1973 წ., №26, მუხლი 118).

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წ. 22 ნოემბერს, მიღებულ იქნა -  საქართველოს რესპუბლიკის კანონი: „არსებული უქმე დღეების გაუქმებისა და ტრადიციულთა აღდგენის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

 

„იზიარებს რა ქართველი საზოგადოებრიობის აზრს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე დღემდე არსებული ყველა დღესასწაული და მათთან დაკავშირებული უქმე დღე, გარდა ახალი წლის (1 იანვარი) უქმე დღისა.

გაუქმდეს ამასთან დაკავშირებული ყველა ნორმატიული აქტი.

2. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე 26 მაისი გამოცხადდეს დღესასწაულად და უქმე დღედ.

3. აღდგენილ იქნეს საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებული შემდეგი უქმე დღეები:

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (თარიღი გარდამავალია).

ნათლისღება - განცხადება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - 19 იანვარი (ძველი სტილით 6 იანვარი).

მცხეთობა (სვეტიცხოვლობა კვართის დღესასწაული) - 14 ოქტომბერი (ძველი სტილით 1 ოქტომბერი).

მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა (მარიამობა) - 28 აგვისტო (ძველი სტილით 15 აგვისტო).

გიორგობა - 23 ნოემბერი (ძველი სტილით 10 ნოემბერი).

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - 7 იანვარი (ძველი სტილით 25 დეკემბერი).

გამოცხადდეს აგრეთვე უქმე დღედ მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, თარიღი გარდამავალია).

4. კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი

საბჭოს თავმჯდომარე

ზ. გამსახურდია.

თბილისი , 1990 წლის 22 ნოემბერი. N58-I ს.

(იხ. საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები,11, 22/11/1990 წ.).

აღნიშნულზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წ. 28 დეკემბერს, მიღებულ იქნა  - საქართველოს რესპუბლიკის კანონი: „საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„არსებული უქმე დღეების გაუქმებისა და ტრადიციულთა აღდგენის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 22 ნოემბრის კანონის შესაბამისად,, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118; 1977 წ., №11, მუხ. 158) და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 64. უქმე დღეები

საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:

1 იანვარს – ახალ წელს;

7 იანვარს – უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს;

19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს განცხადების დღეს;

უფლისა ღვთისა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს (თარიღი გარდამავალია);

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, თარიღი გარდამავალია);

26 მაისს – საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს;

28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);

14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს;

23 ნოემბერს – გიორგობის დღეს.

უქმე დღეებში დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოები, რომელთა შეჩერება შეუძლებელია საწარმოო-ტექნიკური პირობებით (უწყვეტად მოქმედი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია), სამუშაოები, რომლებიც გამოწვეულია მოსახლეობის მომსახურების აუცილებლობით, აგრეთვე გადაუდებელი საავარიო-სარემონტო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები.”.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზ. გამსახურდია

თბილისი, 1990 წლის 28 დეკემბერი.

N 94 – I ს

(იხ. საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები,12, 28/12/1990 წ.).

 

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში 1991 – 1992 წლის დეკემბერ-იანვრიდან ქვეყანაში დაწყებული სამხედრო გადატრიალების გზით, კანონიერი ხელისუფლების ადგილზე მოკალათებული სამხედრო - კრიმინალური სახელისუფლო სტრუქტურისა და მათი უშუალო სამართალმემკვიდრე ძალების მიერ, წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის მოკლე ისტორია ასეთია:

1. 1993 წლის 2 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი: „საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმად შემოღებულ იქნა ახალი სადღესასწაულო თარიღი: „3 მარტი - დედის დღე“ [თბილისი, 1993 წლის 2 მარტი. №164; საქართველოს პარლამენტის უწყებები, 5, 31/03/1993];

2. 1993 წლის 13 აპრილს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის კანონში: „საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, ვკითხულობთ:

 „საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „3 მარტს – დედის დღეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „9 აპრილს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს – საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს“ [თბილისი, 1993 წლის 13 აპრილი №214; საქართველოს პარლამენტის უწყებები, 6, 30/04/1993];

3. 1995 წლის 8 თებერვალს მიღებული საქართველოს რესპუბლიკის კანონის: „საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, თანახმად, უქმე დღედ გამოცხადდა: „ 9 მაისი-ფაშიზმზე გამარჯვების დღე“ [თბილისი, 1995 წლის 8 თებერვალი. №630-11ს; საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 31/03/1995];

4. 1997 წლის 15 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი: „საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც: 64-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს” შეიცვალა სიტყვებით „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“ [თბილისი, 1997 წლის 15 აპრილი. №628; საქართველოს პარლამენტის უწყებები, 15-16, 26/04/1997];

5. 2002 წლის 1 მარტს მიღებული საქართველოს რესპუბლიკის კანონის: „საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, თანახმად, უქმე დღედ გამოცხადდა: „8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე“ [თბილისი, 1 მარტი 2002 წ.; №1313-IIს; სსმ, 4, 05/03/2002];  

6. 2002 წლის 28 დეკემბერს მიღებული საქართველოს რესპუბლიკის კანონის: „საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, თანახმად, უქმე დღედ გამოცხადდა: „1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები“ [თბილისი,2002 წლის 28 დეკემბერი, №1916–რ; სსმ, 35, 30/12/2002ს]; 

7. 2002 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველში, ხელი მოეწერა „კონსტიტუციურ შეთანხმებას მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის“. მოგვიანებით, კერძოდ 2003 წლის 8 მაისს მიღებულ იქნა - საქართველოს კანონი: საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) 64-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:

ა) 1 და 2 იანვარს – ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში;

ბ) 7 იანვარს – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს;

გ) 19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღეს;

დ) 3 მარტს – დედის დღეს;

ე) 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს;

ვ) 9 აპრილს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს;

ზ) სააღდგომო დღეებში – დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს; მიცვალებულთა მოხსენიების დღეს – აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს (თარიღები გარდამავალია);

თ) 9 მაისს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს;

ი) 12 მაისს – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს;

კ) 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს;

ლ) 28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);

მ) 14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს;

ნ) 23 ნოემბერს – გიორგობის დღეს“.

[თბილისი, 2003 წლის 7 მაისი. №2141– IIს.; სსმ, 11, 10/05/2003];

 

2006 წლის 25 მაისს, იმ დროისათვის მოქმედი „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის“ ნაცვლად,  მიღებულ იქნა „საქართველოს შრომის კოდექსი“ [თბილისი, 2006 წლის 25 მაისი., N 3132 - Iს; სსმ 19.06.2006 N23 მუხ.183], რომელშიც სადღესასწაულო დღეების საკითხი კოდექსის მე-20 მუხლში აისახა, სადაც ვკითხულობთ: 

მუხლი 20. უქმე დღეები

1. უქმე დღეებია:

ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;

ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;

გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

დ) 3 მარტი – დედის დღე;

ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

ი) 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.

2. დასაქმებული უფლებამოსილია ამ კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით“.

თხრობის დასასრულს დავსძენთ, რომ, დღეის მდგომარეობით, „საქართველოს შრომის კოდექსში“, აღნიშნული საკითხი სწორედ ამ სახითაა წარმოდგენილი.

ვფიქრობთ, რომ წინამდებარე მასალათა ერთობა სათანადო დახმარებას გაუწევს აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.

მიხეილ [გელა[ სალუაშვილი

თბილისი, 6 მარტი, 2017 წ.

 

2017 წლის 6 მარტის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომის მოკლე ქრონიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ 2017 წ. 6 მარტისათვის ჩანიშნული კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მე-7 საკითხად გამოტანილი გახლდათ

„... საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შესახებ (N2361, 19.12.2016).

(ითვალისწინებს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებასთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის ერთ თვიანი ვადის ნაცვლად კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის აუცილებლობის შემთხვევაში).

კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირი: დ. კუპრეიშვილი“.

ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ (გელა) სალუაშვილმა და სოლომონ ბაიაშვილმა, რომლებმაც დეტალურად განუმარტეს პარლამენტის დეპუტატებს წარმოდგენილი [რიგით 36-ე] საკანონმდებლო წინადადების არსი.

სამწუხაროდ, კენჭისყრის დროს კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ,,რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის, ანუ მისი კონსტიტუციურ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

აი, ასე დამთავრდა, მაცხოვრისეული მინიშნების: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22] - ბოლო ჟამში მისტერიულად ასრულების კიდევ ერთი გამოვლენის პროცესი.

 

 

...

რამ შეგცვალათ ქართველებო,

ვინ დაგადგათ ცუდი თვალი?

ერთმანეთს რომ ვეღარ იტანთ,

ამის მიზეზი რა არის?

მიაშურეთ ეკლესიებს,

გადაისახეთ პირჯვარი...

სხვა - ვერაფერი გიშველით,

სულის ცხონება იქ არი...

ნუ აყვებით ზოგიერთებს,

ნუ გადადგავთ ცუდ ნაბიჯებს,

შობით მოსული უფალი,

ჩვენს ქუჩებში დააბიჯებს...

მოკლე ხანში გაცხადდება,

გაახარებს ბევრის გულებს,

სიტყვას გაძლევთ - ჩვენს მიწაზე,

მტერი ვეღარ იბოგინებს!..

შემოვბრუნდეთ უფლისაკენ,

და მას მივაგოთ დიდება,

სულ მალე ჩვენი სამშობლო,

გაბრწყინებული იქნება.

ურწმუნო თომას შვილებო,

ნუ გაისქელეთ ყურები,

საქართველოში არიან:

ქრისტე და მოციქულები!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

არ დამიღონდე სამშობლოვ,

ღმერთი დაგლოცავს დიდებით,

არ დავივიწყოთ უფალი,

ის არის ჩვენი იმედი...

მირონცხებულო ლასკარო

დალოცე შენი მსმენელი,

ღმერთი ზეციდან დაგვყურებს,

ის, ჩვენი გადამრჩენელი.

მალე გაქრება ღრუბლები,

არ შეგაწუხებს დარდები,

ის დრო დადგება, ლასკარო,

ყველას რომ შეუყვარდები...

დაუგდეთ ყური - ლასკრულსა,

უფალს მიაგეთ დიდება,

მერე ძალიან იდარდებთ,

მაგრამ გვიანი იქნება!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

ლასკართან გამოვიარე,

დილა იყო და გრილოდა,

შენობის სახურავიდან

თეთრი მამალი ყიოდა,

ოთახის ღია კარიდან

უცნობი გამოდიოდა,

იმან მაშინვე ამიხსნა

მამალი რასაც ყიოდა...

თქვენ ღმერთმა ამოგირჩიათ,

თქვენ გაქვთ კეთილი გულები,

და ამიტომაც შეგერქვათ:

„უფლის ერთგული შვილები“..

დე, ისევ ძველ გზას გაჰყევით,

ეგ არის თქვენი მისია,

ლასკარიცა და მსმენელიც

ორივე მაცხოვრისია!..

 

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

მარტის თვემ შემოგვიძახა:

მოგილოცავთ კარზე მომდგარ

გაზაფხულის პირველ თვესა...

მოვდივარ და ავაყვავებ

საქართველოს მინდორ-ველსა,

ახალ ამბებსაც მოგიტანთ

[მოგიყვებით ზოგ-ზოგებსა],

მოგილოცავთ - დედების დღეს,

საქართველოს მცხოვრებლებსა,

კარგი შვილები დაზარდეთ,

რომ აჯობოთ წინაპრებსა...

მე, სხვაში არ შეგეშალოთ,

მე - მარტის თვე ვარ, დიადი,

მე, საქართველოს ვჩუქე

გამსახურდია ზვიადი!..

გვიახლოვდება ის ჟამი:

ცაში გამოჩნდეს სინათლე,

და ცოდვილ დედამიწაზე

დაისადგურებს სიმართლე...

სასწაული - დაიწყება,

საიდუმლო გაიხსნება,

რაც კი არის დაფარაული

ყველას - ფარდა აეხდება...

ვინ - ვინ იყო, ვინ - ვინ არის

ყველას თვალწინ გამოჩნდება

[განმსჯელი უფალი არის,

ყველაფერი დალაგდება]...

ბრალი იმათ, ცოდვის შვილებს,

ვინც ანკესს წამოეგება.

მხილების ჟამი დამდგარა,

ვამხილოთ კაცის მკვლელები.

ვამხილოთ ყველა ბოროტი

სამშობლოს გამყიდველები!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

 

 

იოანეს გამოცხადების ღრმა შინაარსმა ჩემში განსაკუთრებული განცდები გამოიწვია

 

შენი წყალობით ვიყავ მდიდარი,

ამ წუთისოფლის მონა-მსახური,

თუმცა - ღატაკი, ბრმა, საცოდავი,

მე უმადური და უსახური...

 

რადგან შენ ამბობ -

„ვინც მიყვარს მას ვამხილებ და ვწვრთნი“

ოღონდ გიყვარდე, ოღონდ მამხელდე,

მწვრთნიდე შენს მხევალს, მსახურად შენდა...

მოშურნე მხადე, შენთან ვახშმის თანაზიარი,

რომ თვალახილულმა რწმენით შეგბედო -

შენი ტაძარი ჩემში აშენდა. ამენ!

 

„აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ“

შენმა კაკუნმა - გამომაფხიზლა,

გამომაღვიძა ნელ-თბილი რწმენით,

განგიღე კარი - ჩემშიც დაივანე,

შენ, ვისაც მხოლოდ დიდება გშვენის!..

 

ცეცხლით განწმენდილ ოქროს ვიყიდი,

შენგან უფალო, რომ მყვა მდიდარი,

ოღონდ შემმოსე თეთრი სამოსით,

მე განძარცული და საცოდავი...

 

„ვინც იყო, ვინც არის, ვინც მოვა“

ვინც ცოდვებისთვის მასწავლა გლოვა,

ვის წყალობითაც ჩემმა სულმა სიმშვიდე ჰპოვა...

მწამს - მალე ჩვენი უფალი მოვა. ამენ!

მხევალი ღვთისა

თინათინ გაგუა

 

 

იყო უფლის სიტყვა დავით შათირიშვილის მიმართ:

16. 02. 2017 წ.

ვიხილე: შავი ანაფორით შემოსილი მღვდელი, რომელსაც თავი არ ჰქონდა, მაგრამ დადიოდა...

ამ დროს დამანახეს - ჭრელი, ცოფიანი მელა, რომელიც ძალიან აგრესიულად იქცეოდა...

24. 02. 2017 წ.

ვიხილე ღვთისმშობელი, რომელმაც მითხრ: „მ ო ე მ ზ ა დ ე თ !“