Print

გაზეთი N 3 [1004]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით

 

ბატონო ირაკლი!

წარმოგიდგენთ - „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა დააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებსაქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე მიღებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების [3 მაისი 2017 . N742-II] სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი გაერთიანების მიერ, კონსტიტუციური კანონის პროექტის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულ შემდეგ წინადადებებს:

1. კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე [დანართი N1 - 3 გვ.];

2. საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა რიცხოვნობის საკითხისათვის [დანართი  N2 - 2 გვ.];

3. საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის საკითხისათვის [დანართი N3 - 2 გვ.];

4. საპარლამენტო ფრაქციის შექმნის საკითხისათვის [დანართი N4 - 2 გვ.];

5. კონსტიტუციაში სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე არსებული ჩანაწერის საკითხისათვის [დანართი N5 - 2 გვ.];

სულ: 12 ფურცელი

 არჩევანი - თქვენზეა. ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით

 

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 10 მაისი

წერილის ჩაბ. N9685,

10. 05. 2017 წ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე

 

ბატონო ირაკლი!

ყველა ხელისუფალი, საკუთარი მოსახლეობის მიერ გამოხატული ნებიდან გამომდინარე, ვალდებულია ქვეყნის ძირითად კანონში [კონსტიტუციაში] ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით, ისეთი საკანონმდებლო სივრცის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, რომელიც ქვეყნის სტაბილურ სახელმწიფოებრივ განვითარებას უზრუნველყოფს.

ამასთან, ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებულია, ამათუიმ აუცილებლობიდან გამომდინარე, ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებათა შეტანის პრაქტიკულად შესაძლო მექანიზმი.

 

როგორც მოგეხსენებათ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტში კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი 77-ე მუხლშია მოცემული, რომლის მიხედვით:

3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევო მოწვევის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცების შემდეგ. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მიღებისთანავე, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით და საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მიღებისთანავე.

5. კონსტიტუციურ კანონს კონსტიტუციის 46- მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი“ [მუხლი 77,3-4].

 

ბატონო ირაკლი!

ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის შემოთავაზებული თეორიული მექანიზმი აბსოლუტურად გამორიცხავს მისი პრაქტიკულად რეალიზების შესაძლებლობას. და აი, რატომ.

 

კონსტიტუციური კანონპროექტის 37-ე თავის [„პარლამენტის არჩევნები“] მე-6 პუნქტის თანახმად:

„6. პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო“.

  აღნიშნული მუხლის თაობაზე, საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორთა მიერ მომზადებულ კონსტიტუციური კანონპროექტის თანამდევ „განმარტებით ბარათში“ ვკითხულობთ, რომ:

„37- მუხლი ადგენს პარლამენტის არჩევის ახალ წესს.

მოქმედი შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იცვლება პროპორციული საარჩევნო სისტემით.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი შერეული სისტემა არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს და არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს, მისი გაუქმება მიზანშეწონილად ჩაითვალა ქვეყნის წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. კერძოდ, სწორედ აღნიშნულმა სისტემამ გახადა შესაძლებელი ჯერ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის, ხოლო მოგვიანებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ამ უმრავლესობის სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის ბოროტად გამოყენება.

იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან იქნეს არიდებული ამგვარი საფრთხე, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებას, რომელიც გამორიცხავს ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო ან ზოგადად, ჭარბი უმრავლესობის მოპოვებას...“.

 

ბატონო ირაკლი!

როგორც ვხედავთ, სახეზე გვაქვს შემდეგი სურათი:

ერთის მხრივ - კონსტიტუციური კანონპროექტის 77-ე მუხლში მოცემული კონსტიტუციის გადასინჯვის შემოთავაზებული თეორიული მექანიზმის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილების პრაქტიკულად განხორციელებისათვის, ცალკეულ შემთხვევევბში, საჭიროა:

 - პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი;

- ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.

მეორეს მხრივ, კონსტიტუციური კანონპროექტის ინიციატორები თანმდევ „განმარტებით ბარათში“ აღნიშნავთ, რომ - „კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებას, რომელიც გამორიცხავს ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო ან ზოგადად, ჭარბი უმრავლესობის მოპოვებას...“.

ამდენად, როდესაც განსახილველი კონსტიტუციური კანონპროექტის მიხედვით - გამოირიცხება  - „ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო ან ზოგადად, ჭარბი უმრავლესობის მოპოვებაც“ კი, მაშინ ცხადია, რომ პოლიტიკური პარტიების რადიკალურად განსხვავებული პოზიციების არსებობის პირობებში, პრაქტიკულად თითქმის მთლიანად გამოირიცხება კონსტიტუციის გადასინჯვისათვის საჭირო ხმათა 2/3-ისა თუ 3/4-ი ხმების მოგროვების ალბათობა.

 

ბატონო ირაკლი!

კონსტიტუციის გადასინჯვის პრაქტიკულ შესაძლებლობას გამორიცხავს კანონპროექტში არსებული შემდეგი ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც:

3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევო მოწვევის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცების შემდეგ...“ [მუხლი 77,3-4].

განა ძნელი წარმოსადგენია იმის ალბათობის დაშვება, თუ რამდენადაა შეუძლებელი - ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების უცვლელად დასამტკიცებლად, მომდევნო მოწვევის პარლამენტში - პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მოგროვება?

 

ბატონო ირაკლი!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ნათელია, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის მიხედვით შემოთავაზებული კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი, პრაქტიკულად გამორიცხავს, 2016 წლის მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ შემუშავებული და მიღებული კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ გამოვლენილ, თუნდაც უნებლიედ დაშვებული ისეთი ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას, რომელმაც შეიძლება უდიდესი ზიანო მოუტანოს ჩვენი ქვეყნის ნორმალურ სახელმწიფოებრივ განვითარებას.

შესაბამისად, შემოვდივართ წინადადებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის კანონპროექტის 77-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მიღებისთანავე.“.

 

პატივისცემით

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 10 მაისი

 

წერილის ჩაბ. N9685,

10. 05. 2017 წ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა რიცხოვნობის საკითხისათვის

 

ბატონო ირაკლი!

სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ძირითად კანონში [კონსტიტუცია], ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, პარლამენტის სტრუქტურული შემადგენლობისა და მათში დეპუტატთა რიცხოვნობის საკითხი სათანადოდ იყოს ასახული.

როგორც მოგეხსენებათ, ხსენებული საკითხი დღეს მოქმედი კონსტიტუციის მე-4 და 49-ე მუხლებშია წარმოდგენილი:

„1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა:  რესპუბლიკის საბჭო და სენატი.

2. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.

3. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან“ [მუხლი 4,1-3];

 

საქართველოს კონსტიტუციის თავდაპირველ, ანუ - 1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციაში, პარლამენტის წევრთა რიცხოვნობის თაობაზე ვკითხულობთ - „პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 150 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 85 პარლამენტის წევრისაგან“ [მუხლი 49,1].

2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით - საქართველოს პარლკამენტის წევრთა რაოდენობა 150-ით განისაზღვრა.

ერთის მხრივ - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციიდან დროებით გასულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რაიონულ ერთეულებში, მაჟორიტარული პრინციპით დეპუტატთა არჩევნების ჩატარების შეუძლ;ებლობისა, და

მეორეს მხრივ - საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ, საქართველოს პრეზიდენტისათვის მიკუთვნებული პარლამენტის 5 წევრის დანიშვნის უფლების დროებით შეზღუდვის გამო, პარლამენტის დეპუტატად მაჟორიტარი წესით დეპუტატთა არჩევნების ჩატარებისათვის 73 მაჟორიტარული ოლქი იქნა დადგენილი.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ჩანაწერი ასეთი რედაქციით განისაზღვრა:

 „1. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან...“ [მუხლი 49,1].

 

დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაზე დაყრდნობით მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონსტიტუციით განსაზღვრული, ანუ - მოქმედი შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იცვლება პროპორციული საარჩევნო სისტემით. რაც, კონსტიტუციურ კანონპროექტში ასეა ასახული:

„1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან“ [მუხლი 37,1-2].

 

ბატონო ირაკლი!

როგორც ზემოთ ვნახეთ, დღეისათვის, პარლამენტის საერთო ოდენობის [150 დეპუტატი] დადგენაში თავის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა, საქართველოს ტერიტორიის დარაიონების პრინციპიდან გამომდინარე, პარლამენტში მაჟორიტარული წესით ასარჩევად [73 დეპუტატი] განსაზღვრული მაჟორიტარული ოლქების რიცხვი - 73.

მაჟორიტარული წესით დეპუტატთა არჩევნებზე უარის თქმის თაობაზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ფონზე, აუცილებელია გადაიხედოს საქართველოს პარლამენტის საერთო რიცხოვნების საკითხი.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქვეყნებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ასარჩევი დეპუტატების რიცხოვნობისა და ამ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობიდან გამომდინარე, თავისთავად ცხადი ხდება რომ საქართველოს სინამდვილეში - 150 დეპუტატიანი პარლამენტის არსებობა, როგორც - პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით - გაუმართლებელია.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციიდან დროებით გასული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არჩევნების ჩატარების შეუძლებლობის გათვალისწინებისა და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიული ერთეულების რაოდენობისა [ქ. თბილისი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და 9 მხარე] და მათში საპარლამენტო არჩევნების - მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ფონზე, საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნამდე, ყველაზე ოპტიმალური იქნება, თუკი, საქართველოს პარლამენტი - 100 პარლამენტის წევრისაგან იქნება დაკომპლექტებული.

შესაბამისად, გთავაზობთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური კანონპროექტის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით განისაზღვროს:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 100 პარლამენტის წევრისაგან.“.

 

არჩევანი - თქვენზეა.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

პატივისცემით

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 10 მაისი

 

წერილის ჩაბ. N9685,

10. 05. 2017 წ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის საკითხისათვის

 

ბატონო ირაკლი!

ქვეყნის წინაშე მდგარი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, კონსტიტუციაში ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის შემცველი ჩანაწერის დაფიქსირების საკითხს.

ერთის მხრივ - რუსეთის ფედერაციის იმპერიული განზრახულობისა და

მეორეს მხრივ - ედ. შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი მმართველობის შედეგებით განპირობებული რეალობა, განსაკუთრებით დამძიმდა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ერთეულებად აღიარებით შეფუთული ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიის შემცველი ელემენტების რეალიზების მიმდინარე მცდელობებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია უნდა შეიცავდეს ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის ისეთ განსაზღვრებას, რომელიც ყოველმხრივ გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის ხელშემშლელ ფაქტორებს.

დღევანდელობით ნაკარნახევი რეალობა ასეთია - საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის მთავარი დებულება, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობასთან მიმართებაში, უნდა დაეფუძნოს:

- ერთის მხრივ: აფხაზეთის, აჭარისა და ცხინვალის რეგიონის, და

- მეორეს მხრივ - დანარჩენი რეგიონების უფლებამოსილებათა გამიჯვნის განსხვავებულ წესს; ანუ

სამართლებრივი ენით - საქართველო, სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის მხრივ,  უნდა გახდეს - ასიმეტრიულ სამხარეო პრინციპზე აგებული უნიტარული სახელმწიფო.

ამასთანავე, ვინაიდან, ამ ეტაპზე უკვე დამკვიდრებული - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის“ სახელდების ფონზე, მკაცრად არ არის განსაზღვრული - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დასახელებისა და მათი უფლებამოსილებათა საკითხები, სასურველი იქნება, კონსტიტუციურ ჩანაწერში საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის შემცველი ინფორმაციის დაფიქსირებისას, ზოგადი მინიშნებითი ფორმის ასახვით შემოვიფარგლოთ.

შესაბამისად, საჭირო იქნება, საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტის მე-7 და 37-ე მუხლების ახლებური ფორმულირება

 

ბატონო ირაკლი!

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციური კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციის იქნება:

„2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა და საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული ერთეულების უფლებამოსილებების გამიჯვნისა და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება, სრული ურთიერთ თანხმობის პრინციპზე დაყრდნობით შემუშავებული, საქართველოს კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“.

შესაბამისად, კონსტიტუციური კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს მიენიჭება მე-3 რიგითი ნომერი.

 

2. საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი რედაქციის იქნება:

„1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.“.

 

არჩევანი - თქვენზეა.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 10 მაისი

 

წერილის ჩაბ. N9685,

10. 05. 2017 წ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

საპარლამენტო ფრაქციის შექმნის საკითხისათვის

 

ბატონო ირაკლი!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების ,,ზვიადის გზა უფლის სახელით“ მიერ 2017 წ. 26 იანვარს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1433-26.01.2017), დღეს მოქმედ კონსტიტუციაში [მუხლი 87,3] საპარლამენტო ფრაქციის შექმნის ახლებური წესის შემოტანას ითვალისწინებდა, რომლის თანახმადაც - „ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამნეტის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია“.

მიზეზთა გამო, „საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა“, 2017 წ, 17 თებერვალს გამართულ სხდომაზე, ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განხილვის ბოლოს გამართულ კენჭისყრაში მონაწილე კომიტეტის 8 წევრიდან [გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, გიგა ბუკია, კარლო კოპალიანი, ზაზა კედელაშვილი, ენძელა მაჭავარიანი და ზაზა გაბუნიას უფლებამონაცვლე ირაკლი აბუსერიძე] ექვსის მიერ გამოხატული უარყოფითი პოზიციის გამო, საპარლამენტო ფრაქციის შექმნის ახლებური წესის შემოტანაზე უარი განაცხადა [იხ. კომიტეტის შესაბამისი სხდომის ოქმი}.

 

ზემოთქმულის ფონზე მისასალმებელია, რომ ხსენებული პარლამენტარებიდან ექვსი მათგანი [გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, გიგა ბუკია, კარლო კოპალიანი, ენძელა მაჭავარიანი და ირაკლი აბუსერიძე], ორიოდე თვის შემდეგ, თავადვე მოგვევლინნენ იმ ინიციატორ საქართველოს პარლამენტართა შორის, რომლებიც მხარს უჭერენ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციური კანონის პროექტში საპარლამენტო ფრაქციების შექმნის ახლებური წესის შემოტანას, რომლის თანახმადაც - „ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში“ [მუხლი 41,3].

იქვე, მითითებულია ისიც, რომ  საპარლამენტო ფრაქციაში - „ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები“ [მუხლი 41,3].

 

ბატონო ირაკლი!

ვფიქრობთ რომ საკონსტიტუციო კანონპროექტში, სრულიად ზედმეტია ახლებური წესის მიხედვით შესაქმნელი საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალური რიცხვის დადგენა, რადგანაც:

კონსტიტუციურ კანონპროექტში არსებული ჩანაწერი - ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში“, თავისთავად გულისხმობს, რომ

- საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 5%-იანი მინიმალური საარჩევნო ბარიერის გადამლახავ პოლიტიკურ პარტიას, მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მეშვეობით, მიუხედავად მის მიერ მოპოვებული სადეპუტატო მანდატის რაოდენობისა, უფლება ეძლევა შექმნას მხოლოდ ერთი საპარლამენტო ფრაქცია, ანუ:

- საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის მიერ, საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა აღარ არის დამოკიდებული ფრაქციის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე.

 

ბატონო ირაკლი!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გთავაზობთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ტექსტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება - „ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები“, რომლის შემდეგაც საკონსტიტუციო კანონპროექტის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია შემდეგ სახეს მიიღებს:

  „3. პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.“.

 

პატივისცემით

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 10 მაისი

 

წერილის ჩაბ. N9685,

10. 05. 2017 წ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

 

კონსტიტუციაში სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე არსებული ჩანაწერის საკითხისათვის

 

ბატონო ირაკლი!

როგორც მოგეხსენებათ: ქვეყნის ძირითადი კანონო - კონსტიტუცია უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე აქტია. შესაბამისად, სასურველია რომ კონსტიტუციაში მკაფიოდ იყოს ასახული ქვეყნის ძირითადი სამართლებრივი სივრცის განმსაზღვრელი საკითხები.

საქართველოს 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციაში მოცემულია, რომ - „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები დადგენილია ორგანული კანონით“ [მუხლი 11].

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ახალი [დახვეწილი] რედაქციის შესამუშავებლად, საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წ. დეკემბერში მიღებული დადგენილებით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის“ მიერ შედგენილ კანონპროექტში ვკითხულობთ:

საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი დადგენილია ორგანული კანონით, რომელიც გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით“ [მუხლი 2,4].

კანონპროექტის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - „...ორგანული კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა...“.

როგორც ვხედავთ, კანონპროექტის ხსენებული ჩანაწერის მიხედვით, გამოკვეთილია - ახალი ტიპის „ორგანული კანონი, რომელიც გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით“.

კანონპროექტის მე-2 მუხლის აღნიშნულ ჩანაწერთან მიმართებაში, კანონპროექტის „განმარტებით ბარათში“ ვკითხულობთ -

„მე-4 პუნქტი წარმოდგენილია შეცვლილი სახით.

ახალი რედაქციის თანახმად, სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის დამდგენი ორგანული კანონები გადაისინჯება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით.

მიზანშეწონილი არ არის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლა პარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით იყოს შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებულია სიმბოლიკის დაცვის სტანდარტის ამაღლება და მისი გადასინჯვის წესის თვისებრივი გართულება.

აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს ცვლილებებს შესაბამის ორგანულ კანონებში. კერძოდ, საჭირო გახდება სიმბოლოების დამდგენი და მათი გამოყენების მომწესრიგებელი კანონების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

სიმბოლოები უნდა დადგინდეს ორგანული კანონით, ხოლო

მათი გამოყენების წესი - ჩვეულებრივი კანონით.

კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე“.

 

ბატონო ირაკლი!

კონსტიტუციაში ერთიანი სტანდარტის დანერგვის მიზნით, ვფიქრობთ, რომ სასურველი იქნება უარი ვთქვათ, ამ, ე.წ. - ახალი ტიპის „ორგანული კანონის“ შემოღებზე.

აღნიშნული საკითხი ორი პირობითი გზით შეიძლება გადაიჭრას. კერძოდ:

1. ან, მოქმედ კონსტიტუციაში არსებულ რედაქციას დაემატოს - სიმბოლოების დადგენისა და მათი გამოყენების წესის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტის ჩანაწერი. და კონსტიტუციური კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდეს:

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები დადგენილია ორგანული კანონით, ხოლო მათი გამოყენების წესი - ჩვეულებრივი კანონით“.

2. ანდა, - სიმბოლიკის დაცვის სტანდარტის ამაღლებისათვის“, სახელმწიფო სიმბოლიკა  კონსტიტუციაშივე იქნეს ასახული, ხოლო მათი მათი გამოყენების წესი, ცალკე შემუშავებული - ჩვეულებრივი კანონით განისაზღვროს.

ზემოთქმულისა და დღეისათვის მოქმედი ორგანული კანონით დადგენილი სიმბოლიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილების მიზნით შემუშავებული:

საქართველოს კონსტიტუციის კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით განსაზღვრულ სახეს მიიღებს:

„4. საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი:

ა) საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის იმავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

ბ) სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლმეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.

გ) სახელმწიფო ჰიმნი დადგენილია ორგანული კანონით.

დ) სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესი დადგენილია კანონით.“.

 

ბატონო ირაკლი!

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარმოდგენილი შემოთავაზების გათვალისწინების შემთხვევაში:

ერთის მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება - „სიმბოლიკის დაცვის სტანდარტის ამაღლება და მისი გადასინჯვის წესის თვისებრივი გართულება“, ხოლო

მეორეს მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ახალი ტიპის ორგანული კანონის შემოების აუცილებლობა.

არჩევანი - თქვენზეა.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 10 მაისი

წერილის ჩაბ. N9685,

10. 05. 2017 წ.

 

დაგლოცავთ

მოგილოცავთ გიორგობას,

[მას თქვენც მიაგეთ დიდება],

დავუნთოთ ყველამ სანთელი,

ჩვენი მფარველი იქნება...

მამულები დაიტაცეს,

თვალში გვაყრიან ნაცარსა,

უარყოფენ მშობელ დედას,

ჰფიცავენ დედინაცვალსა...

ღვაწლით მოსილო წმინდანო,

მოგვაგე მადლი ყველასა,

უპატრონოდ არ დაგვტოვო

ზეცით მოველით შველასა...

 ეკატერინე

ხრიკული

 

დრამატული ზღაპარი - „ჩაშლილი ქორწილი“

ავტორი: არვინ იცის დედოფალი

რად ჰკიცხავდა უფლისწულსა.

ერთ დიდ ქალაქში „მაყრიონი“

საქორწილოდ ემზადებოდა,

ნეფე-დედოფალს გზაზე

ვარდები ეღობებოდა...

ამ დროს, მოულოდნელად,

ატყდა ხმაური - „ჩაშლილი ქორწილის“

ბრაზმორეული დედოფალი

განზე გამდგარა,

ხოლო ნეფე კი, შორიახლო იდგა ეული...

განგაშის მიზეზი იდუმალებით იყო მოცული;

თუმცა, დედოფლის ხმა შორიდან კი მოისმოდა,

დედოფალი კი, ალვა ტანით მოირხეოდა.

ტკივილიანი იყო ნეფე-დედოფლის „გაბაასება“,

ერთმანეთს ამკობდნენ უხეში ვარდებით.

 

ნეფე: - ო, მაპატიე დედოფალო ტყუილი გამომივიდა,

რომ ჩაგისვამდი უბეში.

ამას ნამდვილად აღარ ვგეგმავდი,

რომ დაგახრჩობდი „ცრემლის ნუგეშით“.

 

დედოფალი: ეშმაკი მძლავრობს, გაგვთიშა,

წაგვართვა ყველაზე ძვირფასი - „სიყვარული“,

არ ვპირდაპირობ, მიტომაც ვჩივი,

მიტომაც გვძლია ეშმაკის ძალამ...

ნუ მეკარები, მადლს ეფარები,

არ ხარ მართალი...

ცრუ მოფერება, ცრუ შეპირება,

არვისგან მინდა,

მე მინდა - გული წმინდა...

 

ნეფე: ეგრე სად არის დედოფალო,

ხავსიანია ჩვენი გულები.

მთავარ როლს დღეს ცხოვრებაში

ბინძურად თამაშობენ „ფულები“...

 

დედოფალი: რაო, რას ამბობ,

ფულზეა მიბმული ჩვენი ცხოვრება?

ფული არ არის საძირკველი სიყვარულისა.

სიყვარული ხომ თავად ღმერთია!..

ღმერთს სამართალი და სიწმინდე უყვარს,

თუ ეს საძირკველი არ დაინგრა

სიყვარული უძლეველია...

 

ნეფე: ზეცას ვარსკვლავი რომ ანათებს,

ეს - სიყვარულის ამანათია,

ვინ რა იცის ჩვენს გულებში

თუ როგორი ცეცხლი ანთია...

თუმცა ნელ-ნელა „გავშალეთ“, გავშიფრეთ ზეცის ამანათები,

და „საიდუმლო მისტერია“ ბრბოს გავატანეთ.

ახლა ყველაფერი რომ ავწონ - დავწონო

უნდა ვაღიარო, რომ სიყვარულმა ვერ გადაწონა,

მასაც კი ვგრძნობდი - მოვალეობა

უფრო იყო ჩვენი ქორწინება, ვიდრე სიყვარული,

მიტომაც გამიადვილდა ხელისკვრა შენზე დედოფალო...

 

დედოფალი: გულის კარი რომ გაგიღე - გადააბიჯე,

ზეცას მეტი აღარ სთხოვო გულისწორი.

ზეცით ვიყავ მოვლენილი,

ვიყავი და არ მიმიღე?

ახლა, დროა უკვე წავიდე.

 

ავტორი: და, წავიდა დედოფალი თითქოს ისე, როგორც ზღაპრის სამყაროში... შორიდან კი, ხმა მოისმოდა, მწარედ ნამღერი:

ოი, როგორ გაილია წლები გაძევებაში,

ისევ ისე ოხრავს გული შერკინებაში.

გავიდა დრო და ძალიან გვიან კვლავ მობრუნებულა... ნეფეს თურმე ხელში ეჭირა „სადედოფლო მანტია“.

ხალხში ამბობენ: თურმე ნეფესაც მწარე ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, მასაც ეტყობოდა ხანდისხან, სინანულის სევდა...

ეს ალბათ იმ დღეს სულ არ ჰგავდა, რასაც ზეცის სამყარო ელოდა.

ისე უნდობლად განწირულა

სიყვარულით სავსე გულები,

ისევ ერთმანეთს ედავებოდნენ

ორთავ დაჭრილი გულები...

სად იყო და - იყო და არა იყო რა, ამ დროს გამოჩენილა ის დაკარგული ფულები...

ასე დასრულდა დრამატული ზღაპარი...

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა...

დიმა [დიანა]

 ჯიქია