Print

გაზეთი N 4 [1027]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

 

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

მიგვაჩნია რა, რომ საჭიროა მსოფლიო საზოგადოების წინაშე დაისვას საკითხი - მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის დასახელებისდა ეროვნების აღსანიშნავად, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, გამოყენებული იქნეს ის სახელდება, რომელსაც, ჩვენ. ქართველები ვიყენებთ: საქართველო“ - „Sakartvelo, და: ქართველი“ - „Kartveli“, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს:საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 11 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

განმარტებითი ბარათი

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია - იურიდიული საფუძვლის შემზადება - დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მათი სხვადასხვა გაერთიანებებისადმი განკუთვნილი მიმართვისათვის, რათა, მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის დასახელებისა და ეროვნების აღსანიშნავად, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, გამოყენებული იქნეს ის სახელდება, რომელსაც, ჩვენ. ქართველები ვიყენებთ:

„საქართველო“ - „Sakartvelo“, და: „ქართველი“ - „Kartveli“.

ქვეყნის საერთაშორისო კოდი, დღეისათვის არსებული - „GE“ ნაცვლად, გახდება - SAQ“.

ვითვალისწინებთ რა, რომ შემოთავაზებული წინადადების გაზიარებისათვის მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატვაა საჭირო, და არავითარი დასაბუთების მოტანის აუცილებლობა არ დგას, შევეცდებით მხოლოდ ზოგადი სახის რამოდენიმე ინფორმაცია წარმოგიდგინოთ.

ამჯერად, არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ:

საყოველთაოდ მიღებული ტრადიციის მიხედვით, სახელდება - „საქართველო“ ნაწარმოებია „ქართლოს“-იდან, რომელიც, ერთ-ერთი უძველესი ქართული საისტორიო წყაროს „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, გახლდათ ბიბლიური ნოეს ვაჟის - იაფეტის ბადიშიშვილი;

თავად ტერმინი - საქართველო“, დღეისათვის აღმოჩენილ ქართულ საისტორიო ხელნაწერებში, პირველად ქართლის ცხოვრებაში“ შემავალი V-VIII საუკუნეების ამსახველ, ჯუანშერის ავტორობით ცნობილ თხზულებაში დასტურდება;

და, რომ - საქართველო, ადრეულ შუა საუკუნეებში - სრულიად ქართველთა კულტურული და პოლიტიკური ერთიანობის შედეგად ჩამოყალიბებული, ქართველი ერის ეროვნული სახელმწიფოს თვითდასახელებაა.

 

მოდით, თავდაპირველად, თავად ამ სიტყვის კონსტრუქცია განვიხილოთ.

სახელდების აღმნიშვნელი სიტყვა - „საქართველო“, შედგება სამი ნაწილისგან:

„სა-ქართველ-ო“. სადაც:

„სა“ - სიტყვის ფუძის წინ მოთავსებული თავსართია [პრეფიქსი] [ამ შემთხვევაში სტანდარტული გეოგრაფიული კონსტრუქცია, რომელიც აღნიშნავს - „ადგილს, სადაც დასახელებული ეთნოსი [ქართველი] ცხოვრობს“];

 

„ქართველ“-ი სიტყვის ფუძეა, და განსაზღვრულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ერის, ეთნიკური ჯგუფისა თუ ეთნოსის თვითსახელწოდებაა.

 

„ო“ - ფუძის ბოლოსართი [სუფიქსი], დანიშნულების ან განკუთვნილების გამომხატველ სიტყვებში გამოყენებულ „სა“- პრეფიქსთან ერთად, ვითარებითი ზედსართავის, ანუ ადიექტივის როლში გამოდის და შეკავშირებულ, ანუ სინტაქსურ წყვილში მსაზღვრელის ფუნქციას ასრულებს.

ზოგადად, დანიშნულების სახელების მაწარმოებელთაგან [სა-ე, სა-ო, სა-ურ], ყველაზე ხშირად გამოყენებული „სა-ო“ თავსართ-ბოლოსართი [კონფიქსი], დაერთვის თითქმის ყოველგვარ სახელს [ძირეულ ქართულს თუ უცხოური წარმოშობისას].

„სა-ო“ დაერთვის არსებით სახელებს, როგორც - მარტივ, ისე- ნაწარმოებ და რთულ ფუძეებს (სა-ბავშვ-ო, სა-პატარძლ-ო, სა-სულიერ-ო, სა-უკეთეს-ო...), ზედსართავებს (სა-აშკარა-ო...), ნაცვალსახელებს (სა-ჩემ-ო, სა-იმის-ო...), სახელზმნებს (სა-ოცნებ-ო, სა-მლოცველ-ო...); რიცხვით სახელს (სა-ერთ-ო), თანდებულს (სა-თანა-ო), ნაწილაკს (სა-თუ-ო), ზმნისართს (სა-შინა-ო). ზმნურ ფუძეებს (სა-რჩ-ო, სა-ბჭ-ო...).

„სა-ო“ თავსართ-ბოლოსართი [კონფიქსი] ხშირად დაერთვის აგრეთვე ეთნონიმებს, გვარსახელებს და აწარმოებს ადგილის სახელებს: სა-ქართველ-ო, სა-მა-ჩაბლ-ო, სა-ინგილ-ო...

ჩვენს შემთხვევაში, სიტყვის ფუძე: „ქართველ“-თან გამოყენებული „სა-ო“ თავსართ-ბოლოსართი [კონფიქსი]: „სა-ქართველ-ო“, გამოკვეთავს - ეთნიკური ჯგუფის, ეთნოსის - ქართველი ერისთვის განკუთვნილ გეოგრაფიულ ტერიტორიას.

 

როგორც ვიცით, საქართველოს სახელწოდებად:

- დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრებულია, როგორც - გეორგია“ [Georgia]; ხოლო

- უმეტეს სლავურ საზოგადოებებში [რუსული გავლენით], სახელი გრუზია (gruzʲɪj).

 

ევროპულ ენებში გავრცელებულ ჩვენი ქვეყნის სახელწოდებას, კერძოდ:

ინგლისურ ჯორჯიას,

ფრანგულენოვან - ჟეორჟის,

იტალიურ - ჯორჯას,

ესპანურ - ხეორხეიას,

გერმანულ გეორგიენს, და ა.შ.

[რის შესაბამისადაც ქართველებს ინგლისურად - ჯორჯიანს, ფრანგულად - ჟეორჟიენ, იტალიურად - ჯორჯანი, ესპანურად - ხეორხიანოს, გერმანულად გეორგიერ - ეწოდებათ],

მეცნიერები, ტრადიციული თვალსაზრისით, ქართველთა აღმნიშვნელ ევროპულ ეთნონიმებს ბერძნულ სიტყვას “გეორგიოს“ უკავშირებენ; და იგი:

ერთ შემთხვევაში - მიწის მუშას, ანუ - მიწათმოქმედს ნიშნავს,

მეორე შემთხვევაში კი - წმინდა გიორგის თაყვანისმცემელს.

 

აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველთა - გეორგიანელებად მოხსენიების ორივე ვერსიას - სრული დასაბუთება ეძებნება, რადგან ქართველები, ერთ-ერთი უძველესი მიწათმოქმედნიც ვიყავით, და, ქრისტიანობის მიღების შემდგომად, წმინდა გიორგის თაყვანისმცემელნიც ვართ.

 

ჩვენი ქვეყნის სახელდებითი ტერმინი - „საქართველო“ (რუსულად „გრუზია“, სომხურად „ვრასტან“, სპარსულ-თურქულად „გურჯისტან“ და სხვა), თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ენებში, უფრო მეტად ეთნიკურ-გეოგრაფიული ცნებაა.

როგორც დასავლური ისევე რუსულენოვანი ეგზონიმები ["გარეთა სახელწოდება“] ეფუძნება ქართველების უძველეს სპარსულ განსაზღვრება - vrkan/gurgan-, რომელიც მგლების ქვეყანას ნიშნავს, და რაც - გმირობისა და სიძლიერის სიმბოლო იყო.

არაბებისათვის ქართველები - „ჯურზანის“ ეთნონიმით არიან სახელდებულნი, რაც, თავის მხრივ, სირიული - „გურზანიდან“ მომდინარეობს.

„ჯურზანი“-დან გაჩნდა - „ქურჯი“, „ქურჯი“-დან - „გურჯი“ [რაც ლამაზის სინონიმიც იყო], რითაც დღეს ქართველები მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში არიან ცნობილნი, მაგალითად, თურქეთში.

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლეთში დამკვიდრებული საქართველოს თანამედროვე სახელწოდება - გეორგია“ [Georgia], „ჯურჯია“, „გგეორგია“-ს არაბულ ფორმას წარმოადგენს.

X-XV ს-ბის სპარსული საისტორიო წყაროები საქართველოს - „გორჯესთანს“ უწოდებენ, ხოლო ქართველებს - „გორჯიანს“.

თურქებისთვის საქართველო - „გურჯისტანი“, ხოლო ქართველები - „გურჯები“ არიან.

რუსულ მატიანეებში XVI საუკუნიდან ჩნდება „გურჯი“-დან მიღებული რუსული - „გრუზინ“, რომელიც თავდაპირველად გამოითქმოდა როგორც - „გურზი“.

ეთნონიმი „გრუზია,“ „გრუზინი“ სხვადასხვა ხალხებში, განსაკუთრებით სლავურ ენებში, რუსული ენიდან გავრცელდა.

ლიტველები ქართულს - „გრუზინიშკაი“-დ უხმობენ, ხოლო საქართველოს - „გრუზიოსს“.

საქართველოს იაპონურად - „გურუჯია“ ჰქვია; ჩინურად კი (ჰანის დიალექტზე - „გელუჯია.“

 

რაც შეეხება ინგლისურენოვან სიტყვა - გეორგია“, „Georgia“-ს.

ტერმინი - „Georgian“, ინგლისურ ენაში, ძირითადად: XVIII - XIX-ე საუკუნეების (1714 - 1830) ბრიტანეთის იმპერიის „გეორგიანულ“ ეპოქას აღნიშნავს.

ამ დროს ინგლისს მართავდნენ ჰანოვერის დინასტიის მეფეები:

ჯორჯ I (George I) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე 1714-1727 წლებში;

ჯორჯ II (.George II) დიდი ბრიტანეთის მეფე 1727 - 1760 წ.წ.;

ჯორჯ III (George III) დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფე 1760-1801 წ.წ. დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1801-1820 წ.წ.;

ჯორჯ IV (George IV) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და ჰანოვერის მეფე 1820-1830 წლებში.

 

გეორგია“, „Georgia“-თა მმართველობის ეპოქამ ბევრი სიახლე და „სიკეთე“ მისცა ბრიტანეთისა და მსოფლიოს ისტორიას, კულტურას და არქიტექტურას. კერძოდ:

ამ დროს მიმდინარეობს ამერიკის ინტენსიური კოლონიზაცია, სასტიკი ომები ინდიელებთან და მათი მეთოდური განადგურება;

ამ დროს მიმდინარეობს ბრიტანეთის იმპერიის ძლევამოსილი ექსპანსია ინდოეთისკენ და სამხრეთ ზღვებისკენ;

ამ დროს გაიმარჯვა ინგლისმა ტრაფალგარისა და ვატერლოოს სახელგანთქმულ ბრძოლებში; და სხვა.

შესაბამისად, გეორგია“, „Georgia“-თა მთელ ამ, ას წელზე მეტი ხნიან, მმართველობის პერიოდს მადლიერმა შთამომავლობამ - „გეორგიანული“ დაარქვა.

 

როგორც ვხედავთ, „ჯორჯიან ერა/Georgian era“ უკვე არსებული კულტურულ-ისტორიული ფენომენია ანგლო-საქსურ სამყაროში და მას სრულიად კონკრეტული შინაარსი აქვს ინგლისელისა თუ ინგლისურად მკითხველისათვის.

 

ტერმინი - „ჯორჯიან“, „Georgian“, ჩვეულებრივ გამოიყენება სოციალური ისტორიისა და არქიტექტურის კონტექსტში, რაც ალბათ, გარკვეულ დაბნეულობას იწვევს „ჯორჯიან“-ის ეთნონიმად, მითუმეტეს ბრიტანეთიდან გეოგრაფიულად საკმაოდ მოცილებული საქართველოს, აღსანიშნავად.

 

აქვე გვინდა შემოგთავაზოთ, მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში დაფიქსირებული, სხვადასხვა სახელმწიფოთა მიერ, საკუთარი სახელდების შეცვლის რამოდენიმე მაგალითი:

„ირანის ისლამური რესპუბლიკა“, „ირანი“.

ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან - „არიელების ქვეყანა" (პროტო-ინდოევროპულ ენაზე სიტყვა - „არია“-ს ზოგადი მნიშვნელობაა „კეთილშობილი“ ან „თავისუფალი“). ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (Persia) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით.

1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც - ირანი.

 

მიანმარის კავშირის რესპუბლიკა“ [ყოფილი „ბირმის კავშირი“).

1989 წელს, ქვეყნის მმართველმა სამხედრო ხუნტამ ქვეყნის სახელწყოდების ინგლისური ვერსია - „ბირმა“, ოფიციალურად შეცვალა საკუთარი იდენტობის გამომხატველი სახელით - „მიანმარი“. (შეიცვალა ქვეყნის ყველა სხვა ინგლისურენოვან დასახელება, დედაქალაქის ჩათვლით, რომელსაც - „რანგუნი“-ს ნაცვლად ეწოდა - „იანგონი“).

 

მოლდოვა (რუმ. Moldova), ოფიციალურად [1991 წ.] „მოლდოვის რესპუბლიკა“ (რუმ. Republica Moldova). ყოფილი „მოლდავეთის რესპუბლიკა“.

 

„მონტენეგროს რესპუბლიკა“ [Република Црна Гора] „მონტენეგრო“ (სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ვარიანტზე Црна Гора / ლათინურ ვარიანტზე Crna Gora. წარმოითქმის როგორც [ცრნაგორა]) ყოფილი „ჩერნოგორიის რესპუბლიკა".

ქვეყნის ორივე სახელწოდება (მონტენეგროცა და ჩერნოგორიაც) ერთსა და იმავეს, - „შავ მთას“ აღნიშნავს. ფორმა „ჩერნოგორია“ რუსული ენის საშუალებით შემოვიდა და მონტენეგროს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე [2006 წ.] გამოიყენებოდა.

 

ჩვენი ქვეყნის სახელდებასთან მიმართებაში, ბოლო ასწლეულის ისტორია ასეთია:

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწოდა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“;

1921 წლის 25 თებერვალს, წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, პოლიტიკურ წყობილებასთან ერთად სახელიც შეეცვალა და ამჯერად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ეწოდა;

1990 წლის 14 ნოემბერს, ეწოდა:საქართველოს რესპუბლიკა;

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით, ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება გახდა: საქართველო“.

 

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება, არსებული კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, ითვალისწინებს „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან შემდეგ ცვლილებას:

 

1. მოქმედი კანონის პირველი მუხლი [კანონის მიზანი], მასში ფრაზის: „საქართველოს სახელმწიფოსა, და“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფოსა, და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების, სახელწოდებათა ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის დროს წარმოქმნილ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირება“;

 

2. მოქმედი კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი, მასში ფრაზის: „საქართველოს სახელმწიფოსა, და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„1. საქართველოს სახელმწიფოსა, და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“;

 

3. მოქმედი კანონის მე-3 მუხლს ტერმინთა განმარტება], დაემატოს შემდეგი შინარსის - „ა1 პუნქტი:

„ა1) საქართველო - საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება;“;

 

4. მოქმედი კანონის მე-4 მუხლის „ა)“ პუნქტი, მასში ფრაზის: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„ა). საქართველოს სახელმწიგოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება;“;

 

5. მოქმედი კანონის მე-7 მუხლი, მასში ფრაზის: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება და გამოყენება“;

 

6. მოქმედი კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი, მასში ფრაზის: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„4. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები, რომლებიც იხმარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქართულენოვან კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტებში აღინიშნება ქართულ და, საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ენებზე, ხოლო ამ ობიექტების სახელწოდებათა უცხოურენოვანი დაწერილობა უნდა დაეფუძნოს ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებს.“;

 

7. მოქმედი კანონის მე-10 მუხლის სათაური, მასში ფრაზის: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“;

 

6. მოქმედი კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, მასში ორი ფრაზის:

- „საქართველოს სახელმწიფოსა და მისი დედაქალაქის“; და

- „თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების სხვა წესი“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

2. საქართველოს სახელმწიფოსა და მისი დედაქალაქის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი დედაქალაქების, აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელდება ხდება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების სხვა წესი ხოლო საქართველოს სხვა ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, – სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

 

მოქმედი კანონის მესამე თავის [„გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“] მე-14 მუხლს უნდა დაემატოს მე-6 პუნქტი, რომელშიც მოცემულია: ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალი.

 

 

...

ძალიან ბევრი ვიფიქრე,

თავი ვერაფერს დავადგი,

მე მგონი ამოიწურა

ჩემი ლექსების „მარაგი“.

ალბათ დამთავრდა დრო-ჟამი,

აღარ გვჭირდება ლექსები,

ჩვენ - ქრისტეს მიმდევრები ვართ,

ლასკარში გვიდგას ფესვები...

დიადი მიჯნის დადგომის,

ლოდინი ყველას გვახარებს,

გულში მხურვალედ ჩავიკრავთ,

ვინც ქრისტეს მოსვლას გვახარებს...

თქვენ კი, ლასკარის მსმენელნო,

აბა, თუ ხვდებით - რა ხდება,

მოდით ერთად ჩავუფიქრდეთ,

ნიშნით, რა გვეარაკება?

თუ ვინმე ამას ამოხსნით,

გთხოვთ შეინახეთ თქვენს გულში,

ხმამაღლა - არაფერი სთქვათ,

რომ არ აღმოჩნდეთ „წარ-სულში“.

მოვალ ლასკარის კარებთან,

მიწას დავუწყებ ალერსსა,

თეთრი ვარდებით, თავდახრით

დავანთებ ნაკურთხ სანთელსა...

მინაწერი:

ნიშნად დამდგარი სასწაულები,

აზრთა ჭიდილში იკინძებოდა,

და ახლებურად გააზრებული,

წმიდა ბიბლია იშიფრებოდა!..

 

ეკატერინე

ხრიკული

 

 

მეზღაპრის ქადაგებანი

იყო ერთი ცნობილი მეზღაპრე, რომელსაც სახელად - ემილი ერქვა.

ემილი ზღაპრებში სულ „ბოლო ჟამს“ ქადაგებდა. ხალხმა მას - ემილის ახირება უწოდა.

ამ „ახირების| გამო ოჯახმა და საზოგადოებამ ემილი შეიძულა. იმის გამო, რომ - შეიძულეს, ემილის, ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია წერა, პირიქით - უფრო გაააქტიურა...

როცა ემილი ყოველი მხრიდან წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, გადაწყვიტა წასულიყო მონასტერში და ბერად აღკვეცილიყო. ასეც მოიქცა - აღიკვეცა ბერად...

იმ ქვეყანაში, სადაც ემილი ცხოვრობდა, დიდი ცოდვა დატრიალდა. ემილიმ იფიქრა - თუ მონასტერში ვიცხოვრებ, ერთი ბერის ჯვარს მაინც წავიღებ, მაგრამ უფრო დიდი საქმე მსურს გავაკეთო - მინდა ვიხსნა ჩემი ერიო.

მოულოდნელმა განცხადებამ მონასტრის ბერები გააკვირვა.

წავიდა მონასტრიდან ემილი და კარდაკარ დაიწყო სიარული.

ამბობენ - კარებზე აკაკუნებდა და ამბობდა - გამოდით ხალხო ბანგი ძილიდან!.. მეორედ მოსვლაა, განიწმინდეთო... კარდაკარ ქადაგებს ემილი...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

„ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს!..“

წმ. მეფე ვახტანგ გორგასალი

 

მე თუ - ვეძებ, შენ თუ - ეძებ,

ის თუ ეძებს - ქრისტესთვის სიკვდილს,

ეს ნიშნავს - ერთად შეკრულა ერი,

დაცემას ჩვენსას ვერ ნახავს მტერი!..

სამსჯავროს ჟამი ელის სამყაროს,

სამსჯავროს ჟამი გველის ქართველნო...

ჟამი დგას თვისთა ცოდვათა განცდის,

აღარა სჯობდა - ქრისტეს გზით გვევლო?

ნუთუ არ არს დრო შიშით და ძრწოლით,

კრძალვით და რიდით ავხედოთ ცის თაღს,

რამეთუ მხოლოდ იქ არს სიმართლე,

ცოდვილთ სულის ხსნა მხოლოდ ზეცას არს...

თუ წინაპარნი - ქრისტესთვის სიკდილს,

ეძიებდნენ, და წმიდა ზვარაკად

ეწირებოდნენ დიად რწმენისთვის

გადმოსულს ჩვენზე მართალ არაკად...

მე თუ - ვეძებ, შენ თუ - ეძებ,

ის თუ ეძებს - ქრისტესთვის სიკვდილს,

ეს ნიშნავს - ერთად შეკრულა ერი,

დაცემას ჩვენსას ვერ ნახავს მტერი!..

ეს ნიშნავს - მხეცი ვერ მოისყიდის

სულს უანგაროს, სულს ნათელღებულს,

ეს ნიშნავს - ქრისტეს ნათელი ადგას,

დღეს ივერიას - ოდით წამებულს...

ეს ნიშნავს - „ანტი...“ ვერ მოერევა

წმიდა სამების ზარების გუგუნს,

ხილულ-უხილავ უწმიდეს ტაძრებს,

ღვთისმშობელის ხატი განდევნის უკუნს...

მე თუ - ვეძებ, შენ თუ - ეძებ,

ის თუ ეძებს - ქრისტესთვის სიკვდილს,

ეს ნიშნავს - ერთად შეკრულა ერი,

დაცემას ჩვენსას ვერ ნახავს მტერი!..

ამენ!

 

მხევალი ღმრთისა

თინათინ კოლხი-გაგუა