Print

გაზეთი N 7 [1030]

ბოლო ჟამის სახელდებითი ეტაპი - „უფალია ჩვენი სიმართლე“

 

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ 2011 წლის მიწურულს, ერთის მხრივ: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“-სა, და მეორეს მხრივ: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ შერწყმის შემდგომად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირებული ჩვენი პოლიტიკური პარტიის სახელწოდება საბოლოოდ ასე განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“.

მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე გადაწყდა - საქართველოში დაგეგმილ ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დამდგარი ბოლო ჟამის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისათვის, „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული უფლებამოსილებების გამოყენება.

- 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მიზეზთა გამო, საარჩევნო რეგისტრაციის მოპოვება ვერ მოხერხდა;

- 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობისათვის, 2013 წლის მიწურულს, ჩვენი პარტიის ინიციატივით, ჩამოყალიბებული იქნა: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“. აღნიშნული გაერთიანების ეგიდით მივიღეთ მონაწილეობა, საგარეჯოს რაიონში ჩატარებულ, 2015 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებშიც;

- 2016 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ხსენებული გაერთიანების სახელდება ასე ჩამოყალიბდა: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“.

აღნიშნული გაერთიანების ეგიდით მივიღეთ მონაწილეობა - 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში.

მთლიანობაში, ბოლო ჟამის მხილებისეული ეტაპის მიმდინარეობისას, ამ ორი გაერთიანების ბაზაზე წარმოებული აქტივობის შედეგად:

- „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ინტერნეტისა და სხვადასხვა სატელევიზიო სივრცეში გადაიცა, ჩვენს მიერ ჩატარებული რამოდენიმე ათეული პრესკონფერენცია, ორასამდე ვიდეო მიმართვა დასატელევიზიო სიუჟეტი;

- საქართველოს პარლამენტს 2013 – 2018 წლებში წარედგინა: ორმოცდაათამდე საკანონმდებლო წინადადება;

- მომზადდა და გამოიცა: რამოდენიმე ათეული კრებული;

- საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას, ისევე როგორც - ცესკოს, უწყებათაშორის კომისიას, პროკურატურას, სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციას ჩაბარდა არაერთი - განცხადება თუ ღია მიმართვა.

 

2018 წლის 31 მარტს გამართულ ლასკარის ღია სხდომაზე, სხვა საკითხების პარალელურად, განხილულ იქნა წინადადება, მიმდინარე - ბოლო ჟამისმიერ მონაკვეთში, პოლიტიკურ ასპარეზზე - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ საქმიანობითი ეტაპის დამთავრების თაობაზე.

მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2015 წლის 28 თებერვლის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პარტიის სახელდებაში რედაქციული ხასიათის ცვლილების შეტანის შესახებ. საბოლოოდ, პარტიის დასახელება ასე განისაზღვრა:

„უფალია ჩვენი სიმართლე [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“ [იხ. გაზ. N10 [958], გვ.1, 2015 წ. 7 მარტი], რომელიც, იურიდიულად, ძალაში შევა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ ცვლილების დარეგისტრირების შემდეგ.

შესაბამისად, 2018 წ. 31 მარტის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოქმედი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების რეორგანიზაციისა, და პოლიტიკურ ასპარეზზე - „უფალია ჩვენი სიმართლე [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს სახელით მოქმედების გაგრძელების თაობაზე.

აღნიშნულზე საუბარი, შემდეგი ბიბლიური მინიშნების შეხსენებით გვინდა დავასრულოთ - „აჰა, დადგება ჟამი (კოდია), ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს (კოდია), მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა, გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყნად... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერ. 23,5-6).

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

ზვიად გამსახურდიას სახელობის

„თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“

დაარსების საკითხისათვის

დამდგარი ბოლო ჟამის თაობაზე, ბიბლიასა და სხვა წყაროებზე ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, ჩვენს მიერ მომზადებულ მასალასთან ზიარებულმა მკითხველმა იცის თუ რაოდენ განსაკუთრებული ადგილი უკავია, მათში არსებულ, ბოლო ჟამში მოღვაწე ზვიად გამსახურდიას ფენომენთან დაკავშირებულ კოდირებულ მინიშნებებს.

აღნიშნულის გარდა, ყველასათვის ცნობილია თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ზვიად გამსახურდიას, ერთის მხრივ - თეოლოგიური საკითხების კვლევა ძიების საქმეში, და მეორეს მხრივ საქართველოში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

ზვიად გამსახურდია თანაბრად წარმატებით მოღვაწეობდა, როგორც - ლიტერატურულ, სამეცნიერო, მთარგმნელობით და პედაგოგიურ სფეროში, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველისა და ეროვნული სულისკვეთების გამოღვიძებაზე ორიენტირებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის პოზიციაზე.

ადრეული ასაკიდან დაწყებული - დისიდენტური საქმიანობიდან მოყოლებული, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე განვლილ ცხოვრების გზაზე, ზვიად გამსახურდიას მთავარ ორიენტირს, საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე საქართველოს სულიერი მისია წარმოადგენდა.

ზვიად გამსახურდიასთვის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს სულიერი მისიის ერთ-ერთ უმძლავრეს შემადგენელს წარმოადგენდა.

სამშობლოდან დევნილი ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა:

„„...სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს...“-ო

[იხ. „ნაროდნაია პრავდა“ №41, 1992 წელი, სანკტ-პეტერბურგი; - გაზ. „აღდგომა“, №20, გვ. 1-2, 4 დეკემბერი, 1992 წ.].

ღმერთის განგებულებით, ზვიად გამსახურდიას პიროვნებაში ორგანულად იყო შერწყმული - ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანის, თეოლოგიური სფეროს დიდი მკვლევარისა და უბადლო პოლიტიკური ალღოს მქონე პირისათვის დამახასიათებელი ყველა უმთავრესი ნიშანსვეტი.

საქართველოს სახელისუფლო ვერტიკალის მწვერვალზე მდგარი ზვიად გამსახურდია ბრძანებდა

- „საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას.

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის გარეშე. ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც. სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან.

დღევანდელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნული პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას, ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით...“

[იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№ 114 (134), გვ. 1, 11 ივნისი, 1991 წ.].

მოწამეობრივ აღსასრულამდე რამოდენიმე თვით ადრე მიცემულ ინტერვიუში, ზვიად გამსახურდიამ, მსოფლიო გლობალიზაციის მორევიდან თავის დაღწევისა და ღვთაებრივი მისიის მქონე ქართველი ერის გადარჩენის კონცეფცია ასე ჩამოაყალიბა:

ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. ეს კი ჩვენი ბრძოლის უმთავრესი მიზანია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა. ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა!“

[იხ. გაზ. „სამანი“, მარტი 1993 წ.].

წინამდებარე წერილის ძირითადი თემატიკის გაცნობამდე, ჩვენი სათქმელისათვის ერთგვარი ფონის მომზადების მიზნით მოხმობილი ზემოთქმული თვალთახედვის მკითხველისადმი წარდგენის შემდეგ, ერისა და ბერის გასაგონად ვაცხადებთ, რომ:

2018 წლის 31 მარტს, „ლაზარეს აღდგინების შაბათსა“ და საქართველოს დედა ეკლესიის მიერ დადგენილ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის“ ხსენების დღეს, ზვიად გამსახურდიას დაბადების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლეს“ ლასკარის ღია სხდომაზე მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, საქართველოში დაარსდა:

ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემია“.

იქვე გადაწყდა, რომ გარკვეული საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ პირველი ღია შეკრება გაიმართოს - 2018 წ. 26 მაისს.

თხრობის დასასრულს წარმოგიდგენთ - ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ დებულებას.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

 

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2018 წლის 31 მარტის

გადაწყვეტილება

2018 . 31 მარტს, „ლაზარეს აღგინების შაბათს“, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის ღია სხდომაზე, მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენება - „ზვიად გამსახურდიას როლი, საქართველოში თეოლოგიისა და პოლიტიკის სფეროს განვითარებაში“.

განხილვაში მონაწილეობდნენ - ეთერ ჩხეტია, მანანა სოსებაშვილი, კაკო გოგლიძე, ნელი მაძღარაშვილი, ლია ქამხაძე, მანანა თანიაშვილი, ლიდა ვეშაგური, ეთერ ბუიძე, ნათელა მელქაძე და ლეილა კობახიძე.

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დაადგინეს:

1. დაარსდეს - ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემია“;

2. შეიქმნას - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 25 და დაბადებიდან 80 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი - „ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კომისია“

3. მოხსენებაში გაშლილი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, დაევალოს მიხეილ [გელა] სალუაშვილს, ლასკარის უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოადგინოს:

- ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ სტრუქტურული მონახაზი;

- „ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კომისიის“ ზოგადი დებულება.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის მიერ დაფუძნებული

 

ზვიად გამსახურდიას სახელობის

„თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“

დებულება

 

1. ზოგადი ინფორმაცია

1.1 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის მიერ დაფუძნებული - ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემია“ [შემდეგში - „აკადემია“] წარმოადგენს ლასკარის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის საქმიანობაც ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

1.2 „აკადემია“ არ სარგებლობს იურიდიული პირის უფლებით.

1.3 „აკადემიის“ მიზანია ხელი შეუწყოს: ბოლო ჟამის არსობრივ ასპექტებზე დაყრდნობით მიმდინარე „საქართველოს სულიერი მისიის“ თაობაზე წარმოებული კვლევის შედეგების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროულ და ეფექტურ გავრცელებას.

1.4 „აკადემია“ დროებით განთავსებულია კავშირის იურიდიულ მისამართზე.

 

2. საქმიანობა და ხელმძღვანელი ორგანო

2.1 „აკადემია“ თავის საქმიანობას წარმართავს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საერთო ხელმძღვანელობით;

2.2 „აკადემიას“ ხელმძღვანელობს - „აკადემიის პრეზიდენტი“;

2.3 „აკადემიის პრეზიდენტი“, იმავდროულად არის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე, რომელიც ერთპიროვნულად წარმოადგენსაკადემიას“, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მესამე პირებთან ურთიერთობაში;

2.4 „აკადემიაში“ ფუნქციონირებს „აკადემიის პრეზიდენტის“ მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო - „მრჩეველთა საბჭო“, რომელშიც შედიან:

- „აკადემიის“ ვიცე-პრეზიდენტი თეოლოგიის დარგში;

- „აკადემიის“ ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკის დარგში;

- „აკადემიის“ ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში;

- „აკადემიის“ სწავლული მდივანი;

- თეოლოგიის განყოფილების სწავლული მდივანი;

- პოლიტიკის განყოფილების სწავლული მდივანი;

- სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი;

- „აკადემიის“ საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი.

2.5 მიმდინარე საკითხების განხილვის ან/და „აკადემიის“ საერთო შეკრების ორგანიზების მიზნით, იმართება „მრჩეველთა საბჭოს“ სხდომა, რომელიც მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, საერთო შეკრებამდე სამი დღით ადრე.

რიგგარეშე/საგანგებო სხდომის მოწვევა ხდება თავმჯდომარის ან „მრჩეველთა საბჭოს“ წევრთა 1/3-ის ინიციატივით, არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში.

 

3. „აკადემიის“ შემადგენლობა

3.1 „აკადემიაში“ გაერთიანებულია - „აკადემიის აკადემიკოსი“, „აკადემიის წევრი“ და „აკადემიის თავისუფალი წევრი“;

3.2 „აკადემიის აკადემიკოსად“, „მრჩეველთა საბჭოს“ მინიმუმ ერთი წევრის რეკომენდაციის საფუძველზე, „მრჩეველთა საბჭოს“ სხდომაზე აირჩევა - თეოლოგიის, სამეცნიერო და პოლიტიკის სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პიროვნება;

3.3 „აკადემიის წევრი“, სურვილის შემთხვევაში, ავტომატურად შეიძლება გახდეს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ნებისმიერი წევრი.

3.4 „აკადემიის წევრად“ მიღება ხდება აგრეთვე, საკუთარი განცხადების საფუძველზე, მინიმუმ ერთი - „აკადემიის აკადემიკოსის“ ან/და „აკადემიის წევრის“ რეკომენდაციით, „მრჩეველთა საბჭოს“ მიერ.

3.5 რეკომენდაციის არმქონე პირი, საკუთარი განცხადების საფუძველზე, მიიღება კანდიდატის სტატუსით, და, მინიმუმ ერთი თვის მანძილზე ითვლება „აკადემიის თავისუფალ წევრად“.

 

4. „აკადემიის“ შექმნა და ლიკვიდაცია

„აკადემიის“ შექმნა და ლიკვიდაცია ხდება „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის გადაწყვეტილებით.

 

 

„ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კომისია“

2018 წ. 31 მარტს, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის გადაწყვეტილებით. შექმნილი - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 25 და დაბადებიდან 80 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი - „ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კომისის“ სამოქმედო მიზანი მოიცავს დარჩენილი დროის [2018-2019 წლის] განმავლობაში კონკრეტული შინაარსის მქონე აქტივობათა, შესაბამის დონეზე დაგეგმვა - განხორციელებას.

სამოქმედო გეგმის ზოგადი მონახაზის შედგენის ზედა ზღვრად განისაზღვრა - ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ პირველი ღია შეკრება დღე- 2018 წ. 26 მაისი.

 

 

რჩეული ერების ბედი

დღეს ის დროა, როცა ყველა ერი ქსოვს თავის ეროვნულ სამოსს განსაკუთრებულად, თესს საღვთო მარცვალს და დაუდგებათ ჟამი დაწურონ იმ ნაყოფისაგან რაც მოუწევიათ.

უფლისგან მოწევნულ დრო-ჟამს ქართველებიც მოისხამენ იმ სამოსს, რაც მოუქსოვიათ... მოიმკიან იმ სამკალს, რაც დაუთესიათ, და შესვამენ იმას, რაც დაუწურავთ იმ ნაყოფისაფან, რომელსაც ჩვენ „ვაზი ჯვარისას“ ვეძახით.

დღეს საქართველოს სულიერი მისია გადის თავის თვისობრივ, საფეხურებრივ გზა-სავალს - თესავს საღვთო მარცვალს, ქსოვს ქრისტეს სამოსს და იღწვის, ნაყოფი მოიღოს „ვაზი ჯვარისამ“.

დღეს ქართველი ერი მსოფლიოში გაბნეულია.

ბედისწერით, ჩვენი ერი ძალიან წააგავს ებრაელ ერს, ერთი რამ განსხვავებით - ებრაელები იყვნენ მისიონერები, ქრისტეს პირველად მოსვლის ჟამს... მეორედ მოსვლის ხარების მისია კი, აქვს ქართველ ერს, რაც ვლინდება წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით და აგრეთვე, ცხოვრების რეალობაში წარმოჩენილი მიმდინარე პროცესების მიხედვით. ზებუნებრივ ძალთა ქმედებანი, მისიონერული ცნობიერების წარმოჩენა, ზეციური კარნახი და სხვა მრავალი ნიშნები, რომლითაც საღვთო გზა-სავალი გამოიკვეთა.

ყველა ერი როდი იცვამს იმას, რაც მოუქსოვია, ან როდი სვამს იმას, რაც დაუწურავს, მაგრამ ერთი რამ კანონზომიერება კი ვერავინ შეცვლის - რასაც დასთესს ღვთის წინაშე, იმასვე მოიმკის...

მახსენდება ცნობილი არაბი მწესრლის ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ლაკონურად გამოთქმული სიტყვები: „ვაი, იმ ერს, რომელიც იცვამს იმას, რაც არ მოუქსოვია, ჭამს იმას, რაც არ დაუთესავს და სვამს იმას, რაც არ დაუწურავს“ [წიგნიდან - „სიტყვები“].

არც თუ ისე საიდუმლოდ, ჩემი ერი - ქრისტეს სამოსს ქსოვს, ეს - დიდი მისიაა...

ვუსურვებ ჩემს ერს - სიწმინდით და სისპეტაკით ქსოვოს ის სამოსელი, როგორიც მაცხოვარს ეკადრება.

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

...

მამაო ჩვენო, უფალო ღმერთო!

შენ მოგვიტევე ყველა ცოდვები,

გაწმინდე ჩვენი სული ბიწისგან

და შეისმინე ჩვენი ლოცვები...

წმინდა გიორგი, ჩვენო მფარველო,

ევედრე ჩვენსა ქრისტესა ღმერთსა,

სამშობლო გვიხსნას განსაცდელისგან,

მახვილი ჩასცეს მომხდურსა მტერსა.

 

ეკატერინე

ხრიკული