Print

გაზეთი N 9 [1032]

1918 წ. 26 მაისიდან - 1991 წ. 9 აპრილამდე, ანუ

სამართლებრივი დოკუმენტები

სამართალმემკვიდრეობის აღდგენის

ისტორიული ასპექტებისათვის

 

შესავალი

საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია XX საუკუნის 20-იანი წლების პერიოდს. ეს არის დრო, როდესაც საქართველომ, რუსეთის იმპერიის 117 წლიანი ანექსიის შემდეგ, დამოუკიდებლობა მოიპოვა.

რუსეთის იმპერიაში 1917 წლის თებერვალ-მარტში მომხდარი რევოლუციის შემდეგ - „რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების სამართალმემკვიდრემ ამიერკავკასიის მართვა-გამგეობა ჩააბარა სამხარეო ხელისუფლების ორგანოს - ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს (ოზაკომს), რომელიც დაკომპლექტდა ეროვნული და პარტიული პრინციპით... ოზაკომი თბილისში პრაქტიკულად მოღვაწეობას 1917 წლის 18 მარტს შეუდგა...“ („საქართველოს ისტორია XX საუკუნე“, (სახელმძღვანელო ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), თბ. 2003 წ., გვ. 46).

თუმცა, 1917 წლის 25 ოქტომბერს, რუსეთში ბოლშევიკების მიერ განხორციელებული კონტრრევოლუციის შემდეგ, „ოზაკომმა“ შეწყვიტა არსებობა და იმავე წლის 15 ნოემბერს საქართველოში ჩამოყალიბდა ე. წ. „ამიერკავკასიის კომისარიატი“ (იხ. ზ. ავალიშვილი, „საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში“ (დაწერილია 1924 წელს), თბ. 2011 წ., გვ. 77-90].

 

1918 წ. 26 მაისი - სახელმწიფოებრივი

დამოუკიდებლობის გამოცხადება

1918 წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატის მოწვევით, გაიხსნა ამიერკავკასიის კომისარიატის სეიმის სხდომა,

რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს ქართველი სოციალ-დემოკრატი კარლო ჩხეიძე – „...სეიმმა იმავე წლის 22 აპრილს შექმნა „ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა“ და გამოაცხადა დამოუკიდებლობა...“ („საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია“, ბათუმი 2013 წ., გვ.7).

სეიმმა მხოლოდ რამდენიმე კვირა იარსება და იმდროინდელი საგარეო და საშინაო ფაქტორების გათვალისწინებით, 1918 წლის 26 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში გოლოვინის (ამჟამად რუსთაველის) გამზირზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ (იხ. „საქართელოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია“, ბათუმი 2013 წ., გვ.8).

ახლად შექმნილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ თავიდანვე აქტიურად დაიწყო სხვადასხვა მიმართულებით დემოკრატიული რეფორმების გატარება, ქვეყნის ფაქტობრივად თავიდან აღმშენებლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა.

 

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის

დამოუკიდებლობის დე–იურე აღიარება

[1918 – 1921 წ.წ.]

იმჟამინდელი რთული საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველომ შეძლო საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების მოპოვება. 1920 წელს იგი აღიარებულ იქნა დასავლეთის სახლმწიფოების მიერ დე-ფაქტოდ, ხოლო 1921 წლის იანვარში - ამავე სახელმწიფოებისა და ერთ ლიგის მიერ - დე-იურედ (იხ. ზ. ავალიშვილი, „საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში“ (დაწერილია 1924 წელს), თბ. 2011 წ., გვ. 281, 360).

 

ერთ–ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე–ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი), რომელმაც, თავისი პოლიტიკური განზრახვ,ა საქართველოს დამოუკიდებლობის დე–იურე აღიარებითაც დაადასტურა.

სულ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე-ფაქტოდ ცნობა შემდეგმა სახელმწიფოებმა მოახდინეს:

თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი

გერმანია — 1918 წლის 10 ივნისი

ავსტრია — 1918 წლის 18 ივნისი

არგენტინა — 1919 წლის 15 სექტემბერი

იტალია — 1920 წლის 12 იანვარი

საფრანგეთი — 1920 წლის 12 იანვარი

დიდი ბრიტანეთი — 1920 წლის 12 იანვარი

იაპონია — 1920 წლის 7 თებერვალი

ჩეხოსლოვაკია — 1920 წლის 8 აპრილი

ბელგია — 1920 წლის 26 აგვისტო

პოლონეთი — 1921 წლის 28 იანვარი

 

მიზეზთა გამო, დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე-იურედ აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას.

 

მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე-იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც დიდწილად განაპირობა -საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მთელი რიგი ქვეყნების მიერ.

კერძოდ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე–იურედ აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა (დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა):

თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი

რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი

გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი

შვეიცარია — 1920 წელი

ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი

საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი

ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი

იტალია — 1921 წლის 27 იანვარი

იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი

ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი

რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი

ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი

ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი

მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი

პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო

სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი

ლუქსემბურგი — 1922 წლის 23 თებერვალი

 

 

1921 წ. 21 თებერვალი - საქართველოს

კონსტიტუციის მიღება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მიზანს - სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენდა, რომლის უმთავრეს ქვაკუთხედადაც დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული კონსტიტუცია უნდა ქცეულიყო

– „...ეს კონსტიტუცია უნდა გამხდარიყო დემოკრატიული სახელმწიფოს სიმბოლო არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ეს ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი ქვეყნისათვის...“ („საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია“, ბათუმი, 2013 წ., გვ.10).

საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობა ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის ივნისში დაიწყო და შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელიც 1919 წლის თებერვალში არჩეული დამფუძნებებლი კრების მიერ ხელახლა დაკომპლექტდა 15 წევრის შემადგენლობით.

- „...ახლად შექმნილი კომისიის მიერ კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის პროცესს საკმაო დრო დასჭირდა, რადგან კომისია ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი საერთშორისო გამოცდილება შეესწავლა და, პარალელურად, მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკურ კონსესუსამდე მისულიყო. 1920 წლის ივლისში კონსტიტუციის პროექტი საჯაროდ გამოქვეყნდა განსახილველად. ხოლო 1920 წლის 20 ნოემბერს პარლამენტმა დაიწყო მისი განხილვისა და მიღების პროცედურა...“ („საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია“, ბათუმი 2013 წ., გვ.11).

 

1921 წელს საბჭოთა რუსეთმა დაარღვია საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორს დადებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და 11-12 თებერვალს ლორეს მხრიდან თავს დაესხა საქართველოს. რუსეთის არმიის შეტევის დაწყებამ რამდენადმე დააჩქარა კონსტიტუციის დამტკიცება და 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა „საქართველოს კონსტიტუცია“, რომელიც შექმნილი იყო იმდროინდელი მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. კონსტიტუცია შედგებოდა 17 თავისა და 149 მუხლისაგან (იხ. „საქართველოს ისტორია XX საუკუნე“, თბ. 2003 წ., გვ. 64-65; „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია“, ბათუმი, 2013 წ., გვ.11, 15).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ 1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცებულმა კონსტიტუციამ სულ რამდენიმე დღე იმოქმედა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოკუპაცია მოახდინა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ქ. ბათუმში გადავიდა, სადაც 1921 წლის 17 მარტს დამფუძნებელი კრების ბოლო სხდომის ჩაატარების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. შეაბამისად - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის დე-ფაქტო მოქმედება შეჩერდა.

 

- „... მართალია, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას პრაქტიკულად არ უმოქმედია, მაგრამ მას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ერის ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და 1921 წლის კონსტიტუცია იყო ის იურიდიული საფუძველი, რომელსაც ემყარებოდა საქართელოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მომდვნო ათწლეულებში...“ („საქართველოს ისტორია XX საუკუნე“, თბ. 2003 წ., გვ. 65).

 

 

მე-20 სუკუნის 80-90 წლების გასაყარი - სახელმწიფოებრივი

დამოუკიდებლობის აღდგენა

ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასოდეს არ შეწყვეტილა. ყველაზე მძლავრი აზვირთება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა 1988 წლის ბოლოდან იწყება.

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე 1989 წლის 9 აპრილი - ერთერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს უახლესი ისტორიისა. დღე, რომლის მნიშვნელობა და გავლენა, მის შემდგომ მომხდარ მოვლენებზე, განუზომლად დიდია.

 

XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს საქართველოში განვითარებული მოვლენებით გამოკვეთილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის დამაგვირგვინებელი მონაკვეთი, სამართლებრივი თვალსაზრისით, უნიკალური თავისებურებებით ხასიათდება.

1990 წელი - „... საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც კომუნისტური მმართველობის უსისხლოდ შეცვლისა და ქვეყნის სათავეში ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების მოსვლის წლად.

1990 წლის დასაწყისისათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ თითქმის უკვე შეძლო მთელი ერის გამოფხიზლება და მისი თავისუფლების აღდეგნის სულისკვეთებით გაჟღენთვა...

 

ბატონი ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მოქმედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების ერთ-ერთი პირველი გამარჯვება იყო 1990 წლის 9 მარტს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელმაც შექმნა - მსოფლიო პრეცენდენტი, როდესაც - მმართველი რეჟიმი, თავისივე არსებული კანონების დაცვით, თავის თავს ფაქტობრივად უკანონოდ აცხადებს...

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენციის (1990 წლის 13-16 მარტი) დადგენილებაში ჩაიწერება:

„პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას ეროვნული ფორუმი, რომელიც იქნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინირებული ხელმძღვანელობის ცენტრი, რომელიც მოიწვევს საყოველთაო ეროვნულ ყრილობას და გარდამავალი კოალიციური ოპოზიციური ხელისუფლების საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებს“.

 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელმაც მიაღწია მთელი მოსახლეობის კონსოლიდაციას ეროვნული თავისუფლების აღდგენის იდეის გარშემო, უაღრესად საშიშ და ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდებოდა იმპერიისათვის... მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეს უკანასკნელი იჯდა გულხელდაკრეფილი, რაც გამოიხატებოდა მის მიერ ხელოვნურად მოწყობილ, ჩვენი სამშობლოს თავისუფლების წინააღმდეგ გამიზნულ, შეუწყნარებელ პროვოკაციებში.

კრემლის მიერ მოწყობილ პროვოკაციულ ჩანაფიქრს _ გაეხლიჩა და დისკრედიტაცია გაეწია ეროვნული მოძრაობისათვის, დაუყოვნებლივ აუღო ალღო ბატონ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით აღორძინებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ:

- „გამომჟღავნდა ეროვნული მოძრაობის განადგურების მცდელობა კორუმპირებული მაფიის მიერ, რომელსაც ფარულად წარმართავს ოფიციოზი... ეს ყოველივე საბოლოო მიზნად ისახავს საქართველო სამოქალაქო ომის პროვოცირებას და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, რასაც დიდი ხანია ამზადებს კრემლი, რათა ჩაახშოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“ (ზვიად გამსახურდიასა და სხვათა: „მიმართვა ქართველი ერისადმი“, გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, 1990 წლის 5 მაისი).

შემდგომი მოვლენები ისე განვითარდა, რომ ზემოთ მოყვანილი მიმართვის ტექსტზე ხელმომწერნი იძულებულნი შეიქმნენ გამიჯვნოდნენ 1990 წლის 13-15 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენციის მიერ არჩეულ ეროვნულ ფორუმში მყოფთ. აი, ფრაგმენტი განცხადებისა, რომელიც 1990 წლის 12 მაისს გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში“ გამოქვეყნდა:

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი, მონარქისტული (კონსერვატიული) პარტია, წმიდა ილია მართლის საზოგადოება და სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება, გამოდიან მრგვალი მაგიდის შექმნის ინიციატორები და სათანამშრომლოდ იწვევენ ყველა პოზიტიური, რეალური ძალის მქონე ეროვნულ-პოლიტიკურ ორგანიზაციას. მრგვალი მაგიდის მიზანია: დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალისტური კონცეფციის შექმნა“.

1990 წლის 15 მაისს გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“ აქვეყნებს იმავე წლის 11 მაისს მიღებულ - „საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის წესდებას“, იქვეა გამოქვეყნებული, მათი პოლიტიკური კონცეფცია, რომელშიც ვკითხულობთ:

„...იმისათვის, რომ საქართველოში არჩეულ იქნას ჭეშმარიტად ერის ნების გამომხატველი და მისი ინტერესების დამცველი ორგანო, რომელიც მხოლოდ არსებული, ობიექტური რეალობის გათვალისწინებით იმოქმედებს და არა სხვა ქვეყნის ინტერესებითა და მისდამი ერის ინტერესების საზიანო კომპრომისებით, აუცილებელია:

შეიქმნა პირობები, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალურმა ოპოზიციამ, რათა მოსკოვისადმი დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები, უმაღლეს არჩევით ორგანოში უმცირესობაში აღმოჩნდნენ...“.

 

ბატონ ზვიად გამსაურდიასა და „მრგვალი მაგიდის“ სხვა წევრების ზემოთ აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც ქმნიდნენ კანონიერი არჩევნებისათვის საჭირო, ყველა სამართლებრივ ბაზისს; ეს უკანასკნელი კი იურიდიულად იმდენად უნაკლო გახლდათ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ნებისმიერი ძალა იურიდიულად დაკანონდებოდა არა როგორც - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს ფორმალური გამგრძელებელი, არამედ, ერთგვარად, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე - კანონიერი ხელისუფლება.

 

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების საარჩევნო ბიულეტენში საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ მეთორმეტე ნომრად იყო წარმოდგენილი. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული იყო - ჰელსინკის კავშირი, წმ. ილია მართლის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, ლიბერალურ-დემოკრატიული კავშირი, ეროვნულ-ქრისტიანული პარტია.

ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა: ქართველმა ხალხმა და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანს, საარჩევნო ბლოკს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“, რითაც, პირველად, 70-წლიანი კომუნისტური მმართველობის ისტორიაში, ქვეყნის სათავეში მოვიდა - კანონიერი, ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით არჩეული, ეროვნული ხელისუფლება.

 

1990 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში, მუშაობას შეუდგა რესპუბლიკის პირველი მოწვევის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს პირველი სესია. დეპუტატებმა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სპიკერი ბატონი ზვიად გამსახურდია,

რომელმაც შემდეგი სიტყვით მიმართა დარბაზში მსხდომთ და სრულიად საქართველოს:

- „... საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს შეურიგებელი, დემოკრატიული ოპოზიციის ძალისხმევით მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართა მრავალპარტიული, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩევნები. ამ არჩევნებში ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი გადასცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს - გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“-მ!

... ქართველმა ერმა დაამტკიცა, რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის!

...მაგრამ ამასთან, მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს მკვდრეთით აღდგომა...

ძვირფასო მეგობრებო!

ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია... ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე. იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს, მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმართთაგან.

მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიო ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას, ღვთის მომადლებულს.

არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიდის მაგალითად მსოფლიო ხალხთათვის.

ძვირფასო მეგობრებო!... ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნეთ ღამეს. ჩვენ მართალ საქმეს განგება მფარველობს და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი.

ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით. ქართველი ერის გზა - სათნოების გზაა,სიქველის გზაა, სიყვარულის გზაა, ქრისტეს გზაა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი! ამენ!“

[იხ. მ. სალუაშვილი „ზვიად გამსახურდიადან ზვიად გამსახურდიამდე:

1991 – 1995 წ.წ.“, თბ. 1995 წ., გვ. 135-136].

 

 

ზღაპარი

მეზღაპრის ქადაგებანი

იყო ერთი ცნობილი მეზღაპრე, რომელსაც სახელად - ემილი ერქვა.

ემილი ზღაპრებში სულ „ბოლო ჟამს“ ქადაგებდა. ხალხმა მას - ემილის ახირება უწოდა.

ამ „ახირების“ გამო ოჯახმა და საზოგადოებამ ემილი შეიძულა. იმის გამო, რომ - შეიძულეს, ემილის, ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია წერა, პირიქით - უფრო გაააქტიურა...

როცა ემილი ყოველი მხრიდან წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, გადაწყვიტა წასულიყო მონასტერში და ბერად აღკვეცილიყო. ასეც მოიქცა - აღიკვეცა ბერად...

იმ ქვეყანაში, სადაც ემილი ცხოვრობდა, დიდი ცოდვა დატრიალდა. ემილიმ იფიქრა - თუ მონასტერში ვიცხოვრებ, ერთი ბერის ჯვარს მაინც წავიღებ, მაგრამ უფრო დიდი საქმე მსურს გავაკეთო - მინდა ვიხსნა ჩემი ერიო.

მოულოდნელმა განცხადებამ მონასტრის ბერები გააკვირვა.

წავიდა მონასტრიდან ემილი და კარდაკარ დაიწყო სიარული.

ამბობენ - კარებზე აკაკუნებდა და ამბობდა - „გამოდით ხალხო ბანგი ძილიდან!.. მეორედ მოსვლაა, განიწმინდეთო..“. კარდაკარ ქადაგებს ემილი...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

კვირაცხოვლობას გილოცავთ,

საქართველოში მცხოვრებნო!...

სულის სიმტკიცეს გისურვებ,

ლასკარის ყველა - „მსმენელო“...

შეგგვედრით ღმერთო მაღალო,

დაგვილოცე გზა-სავალი,

მალე - სუყველას გვანახე

ის, ჩვენი მამამთავარი!..

როცა - ჩაივლის ცხოვრება,

და როს იმ ქვეყნად წავალთ,

ვერვინ ვერაფერს წავიღებთ,

თან - ცოდვა-მადლის გარდა!...

როს გადაშლიან - „დიდ დავთარს“,

და როცა ვიტყვით - „რა ვქნათ?!“,

როგორც - აქ, იქაც გვფარავდეს,

ღმერთის მოწყალე კალთა...

ეკატერინე

ხრიკული