Print

გაზ. N 10 [1033]

მასალები მხილებისეული ეტაპის ქრონიკისათვის

ჩვენს მიერ მომზადებული მორიგი საკანონმდებლო წინადადება, კანონპროექტი:საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [ჩაბ. N 3050, 26/02- 2018 წ.], საპარლამენტო განხილვა - 2018 წ. 8 მაისს ჩატარებულ პარლამენტის „განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის“ სხდომაზე გაიმართა.

5 იანვარს, კომიტეტის აპარატის თანამშრომელმა - ოთარ ბეჟიტაშვილმა, ჩემი თხოვნით, ელ. ფოსტით გადმომიგზვნა, ჩვენი შეთავაზების თაობაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის განკუთვნილი გამოხმაურების შემდეგი ტექსტი [№2578 - 13 აპრილი / 2018 წ.].

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

...საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განიხილა „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე „საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს სახელდების საკითხის რეგულირებას, აგრეთვე, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, საქართველოს დასახელება „Georgia“-ს შეცვლას დასახელებით − „Saqartvelo“, ხოლო ქვეყნის საერთაშორისო კოდ „GE“-ს შეცვლას კოდით − „SAQ“. საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, მათ შორის, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ პოზიციის გათვალისწინებით, გაცნობებთ შემდეგს:

 

1. კანონპროექტით კანონის მე-3 მუხლს ემატება „ა1 ქვეპუნქტი, რომლითაც „საქართველო“ არის საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით, ხოლო კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის ცვლილების მიზანს წარმოადგენს საქართველოს სახელწოდების უცხო ენაზე მითითების პრინციპის და არა მისი სახელწოდების განსაზღვრა. შესაბამისად, ბუნდოვანია, რა მიზანს ემსახურება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდების განსაზღვრა.

 

2. კანონპროექტით გათვალისწინებული „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ მოცემული პუნქტის როგორც მოქმედი რედაქციის, ისე ცვლილების პროექტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრის ნაცვლად მოხსენიებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, მაშინ, როდესაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი“. შესაბამისად, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ზემოხსენებული ჩანაწერი შესაბამისობაშია მოსაყვანი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტთან.

 

3. კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის მე-7 მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს უცხოურენოვანი „დაწერილობა“ (სახელდება) უნდა დაეფუძნოს ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, ამავე პროექტით კანონის მე-14 მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს ევალება, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდების – „საქართველო“ - უცხოურენოვანი დაწერილობის დატანა ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

კანონპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ინგლისურენოვანი დასახელება „GEORGIA“-ს შეცვლა დასახელებით – „SAQARTVELO“ და, შესაბამისად, ქვეყნის კოდ „GE“-ს - შეცვლა კოდით – „SAQ“.

ზემოაღნიშნულთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ხანგრძლივ და რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული, კერძოდ:

კანონპროექტით შემოთავაზებულ ქვეყნის კოდის ცვლილებასთან („GE“-ს ჩანაცვლება „SAQ“-ით) მიმართებით მხედველობაშია მისაღები, რომ ISO 3166-1 სტანდარტით (alpha-2 ნოტაციით) განსაზღვრულია ქვეყნების ორნიშნა კოდები. შესაბამისად, ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ქვეყნის კოდად განისაზღვრება „SA“, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის სამეფოს კოდს წარმოადგენს.

გარდა ამისა, საქართველოს სამგზავრო დოკუმენტები შედგენილია და აკმაყოფილებს „ICAO Document 9303“-ით განსაზღვრულ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს (მაგ.: ISO). ეს დოკუმენტები ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და მასზე დატანილია დასახელება „Georgia“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის დასახელების შესაძლო შეცვლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოს საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოებს და პროცესში უნდა იყვნენ ჩართული საქართველოს შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები.

ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ თავად არ აწარმოებს სამგზავრო დოკუმენტების ბლანკებს და ამ მიზნით გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა მწარმოებელთან. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯს უკავშირდება, ვინაიდან აღნიშნულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას წარმოშობს.

ამასთან, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედებით გამოწვეული მასშტაბური ცვლილებები შესაძლოა, ვერ განხორციელდეს არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, რა შემთხვევაშიც საჭირო იქნება ახალი, სანდო მომწოდებლის მოძიება, რაც, ამავე დროს, დროის ფაქტორთანაა დაკავშირებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ხელშეკრულებების გაუქმების გარეშეც დოკუმენტების ბლანკებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება თავისთავად იქნება დაკავშირებული მნიშვნელოვან დროის რესურსებთან, დოკუმენტების მაღალი უსაფრთხოების სტანდარტით ბეჭდვის აუცილებლობიდან გამომდინარე. ასევე, არამიზნობრივ ფინანსურ დანახარჯს გამოიწვევს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ უკანასკნელ პერიოდში შეძენილი პირადობის დამადასტურებელი ბლანკების რეზერვის გამოუყენებლობა.

გარდა ზემომითითებული გარემოებებისა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ქვეყნის კოდის ცვლილება დაკავშირებულია ეროვნული ვალუტის ბანკნოტების და ინტერნეტმისამართების ცვლილებასთან, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ და სხვა სახის რესურსებთანაა დაკავშირებული, მაშინ, როდესაც „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით შემოთავაზებული ცვლილებების იმპლემენტაციისათვის 6-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თავდაპირველად უნდა შეფასდეს კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობა და საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ უნდა დადგეს საამისოდ მნიშვნელოვანი მთელი რიგი გარემოებების გაუთვალისწინებლად.

პატივისცემით,

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ბარამიძე

 

2018 წ. 6 მაისს, საპარლამენტო კომიტეტისთვის ელ. ფოსტითვე ჩვენს მიერ გაგზავნილ საპასუხო გამოხმაურების წინასიტყვაობაში, კერძოდ, ვკითხულობთ:

„ბატონო ოთარ! ჩვენს საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა გადაგვაწყვეტია ერთგვარი კომენტარის სახით გამოგვეთქვა ჩვენი საპასუხო თვალსაზრისი. გიგზავნით რა წინამდებარე მასალას, ვიმედოვნებთ რომ, სხვა თანმდევ მასალასთან ერთად. მისი შინაარსის გაცნობა კომიტეტის წევრებს გაუადვილებს ამ საკითხზე საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებას“.

უშუალოდ „ღია მიმართვის“ ტექსტი კი, ასეთი შინაარსისაა:

 

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის

კომიტეტის თავმჯდომარეს

ქალბატონ მარიამ ჯაშს.

კომიტეტის წევრებს

 

                                                                                                 ღია მიმართვა

 

ქალბატონო მარიამ!

პატივცემულო კომიტეტის წევრებო!

როგორც მოგეხსენებათ, თქვენი კომიტეტის ა/წ 8 მაისის სხდომის დღის წესრიგით დაგეგმილია ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N3050; 26.02.2018) - განხილვა;

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტოს მიერ თქვენდამი განკუთვნილ წერილში [№2578 – 13 აპრილი, 2018 წ.] გამოხატულ თვალსაზრისთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ, კომენტარის სახით გვინდა გაცნობოთ შემდეგი.

 

შენიშვნა პირველი

საქართველოს იუსტიციის სამინისტოს წერილში ვკითხულობთ:

„... 1. კანონპროექტით კანონის მე-3 მუხლს ემატება „ა1 ქვეპუნქტი, რომლითაც „საქართველო“ არის საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით, ხოლო კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის ცვლილების მიზანს წარმოადგენს საქართველოს სახელწოდების უცხო ენაზე მითითების პრინციპის და არა მისი სახელწოდების განსაზღვრა. შესაბამისად, ბუნდოვანია, რა მიზანს ემსახურება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდების განსაზღვრა“.

 

კომენტარი:

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების მოქმედ კანონებში ასახვა. ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში დადგენილი დიდი ხნის წესია.

ამდაგვარი პრინციპის გამოყენების ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომელიც ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს პარლამენტისა [თავი მესამე] და საქართველოს პრეზიდენტის [თავი მეოთხე] ინსტიტუტთან დაკავშირებულ დებულებებს, თავის მხრივ, მე-11 და მე-12 თავებში, უცვლელად იმეორებს [ხაზს უსვამს] კონსტიტუციით უკვე დადგენილ ნორმებს.

ამდაგვარი პრინციპია დაცული ჩვენს შემოთავაზებაშიც. კერძოდ:

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი იძლევა, კანონში გამოყენებულ „ტერმინთა განმარტება“-ს. ჩვენი შემოთავაზებით, ამ მუხლში „ა1 ქვეპუნქტის შემოტანა [„ა1) საქართველო - საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება“], ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, მიზნად ისახავს კონსტიტუციით განსაზღვრული ქვეყნის სახელდების, აღნიშნულ კანონში გამეორებას [ხაზგასმას].

 

შენიშვნა მეორე

საქართველოს იუსტიციის სამინისტოს წერილში ვკითხულობთ:

2. კანონპროექტით გათვალისწინებული „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ მოცემული პუნქტის როგორც მოქმედი რედაქციის, ისე ცვლილების პროექტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრის ნაცვლად მოხსენიებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, მაშინ, როდესაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი“. შესაბამისად, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ზემოხსენებული ჩანაწერი შესაბამისობაშია მოსაყვანი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტთან.

 

კომენტარი:

2000 წელს მიღებულ - „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დღეისათვის მოქმედი ჩანაწერი, კერძოდ: „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი დედაქალაქები...“ , შესაბამისობაში იყო მოსაყვანი:

ჯერ კიდევ - 2008 წელს მიღებულ - საქართველოს ორგანული კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის“ მე-5 მუხლთან, რომლის თანახმადაც: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ბათუმი“.

ქალაქ ბათუმის, აჭარის „დედაქალაქის“ მაგივრად „ადმინისტრაციულ ცენტრად“ მოხსენიებას ითვალისწინებს - 2018 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტისმიერი ჩანაწერიც - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი“.

ვფიქრობთ, რომ ხსენებულ „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დღეს მოქმედ ჩანაწერში არსებული ტერმინ „დედაქალაქი“-ს დღემდე უცვლელად დატოვება, უნდა უკავშირდებოდეს - ქვეყნის დღის წესრიგში მდგარი: დღეისათვის ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის საკითხის პოლიტიკურ მოგვარებას.

ჩვენს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში ტერმინ „დედაქალაქის“ უცვლელად დატოვებაც, სწორედ ზემოთქმული მიზეზით არის გამოწვეული.

 

შენიშვნა მესამე

საქართველოს იუსტიციის სამინისტოს წერილში ვკითხულობთ:

„3. ...კანონპროექტით შემოთავაზებულ ქვეყნის კოდის ცვლილებასთან („GE“- ჩანაცვლებაSAQ“-ით) მიმართებით მხედველობაშია მისაღები, რომ ISO 3166-1 სტანდარტით (alpha-2 ნოტაციით) განსაზღვრულია ქვეყნების ორნიშნა კოდები. შესაბამისად, ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ქვეყნის კოდად განისაზღვრებაSA“, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის სამეფოს კოდს წარმოადგენს“.

 

კომენტარი:

როგორც მოგეხსენებათ - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ დადგენილია ქვეყნებისა და დამოკიდებული ტერიტორიების სახელების კოდები.

სტანდარტის ოფიციალური სახელწოდებაა - „კოდები ქვეყნებისა და მათი ქვედანაყოფების აღსანიშნავად“ [მათ შორისაა - ნაწილი 1: ქვეყნის კოდები].

თავის მხრივ - ISO 3166 არის ხსენებული სტანდარტის ნაწილი.

ქვეყნის კოდები ISO 3166-1 სტანდარტის სახით პირველად - 1997 წელს გამოჩნდა ISO 3166-ის მეხუთე განახლებისას, როდესაც მოხდა ISO 3166 სისტემის შემდეგ სამ ნაწილად დაყოფა:

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემა,

ISO 3166-1 alpha-3 - სამნიშნა სისტემა, და

ISO 3166-1 რიცხვითი - სამციფრიანი სისტემა,

[ეს უკანასკნელი შემოღებული იქნა იმ ადამიანებისთვის ან/და სისტემებისთვის, რომლებიც არალათინურ დამწერლობას იყენებენ. ჩვენს შემთხვევაში ესაა კოდი - 268].

ქვეყნის ანბანური კოდები ISO 3166-ში თავიდანვე, 1974 წლიდან, იყო დართური, ხოლო ქვეყნის რიცხვითი კოდები, მეორე განახლებისას - 1981 წელს დაერთო.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტოს მიერ გამოთქმული მოსაზრება რომ ვინაიდან ISO 3166-1 სტანდარტით (alpha-2 ნოტაციით) განსაზღვრულია ქვეყნების ორნიშნა კოდები, და, შესაბამისად, ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ქვეყნის კოდად - SA“-ს დადგენა შეუძლებელია, რამეთუ იგი, ამჟამად, საუდის არაბეთის სამეფოს კოდს წარმოადგენს“ - ერთის მხრივ მართებულად ასახავს პრობლემას.

 

როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის, გაეროს წევრ სახელმშიფოთა შორის, სამოცდაათამდე ქვეყნისათვის, ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში დასახელების განსაზღვრისას, პირველი ორი ასოს მაგიერ გამოყენებულია: 1-ლი და მეორეს შემდგომი რომელიმე ასო-ნიშანი.

ასე მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ზოგიერთი ქვეყნის დასახელება ასე აღინიშნება:

ბელარუსი - BY; ესტონეთი - EE; თურქმენეთი - TM; ლატვია - LV; ლიტვა - LT; მოლდოვა - MD; სომხეთი - AM; ტაჯიკეთი - TJ; უკრაინა - UA; ყაზახეთი - KZ; ყირგიზეთი - KG.

ამგვარი აღნიშვნის მატარებელი ზოგიერთი ქვეყნის კოდური დასახელება ასეთია:

ავსტრია - AT; ბულგარეთი - BG; დანია - DK; თურქეთი - TR; მაკედონია - MK; მალტა - MT; მონაკო - MC; მონტენეგრო - ME; პოლონეთი - PL; პორტუგალია - PT; სერბეთი - RS; სლოვაკეთი - SK; სლოვენია - SI; შვეიცარია - CH; და ა.შ.

 

ჩვენი შემოთავაზებით, ხსენებული საკითხი, საქართველოს სახელდებასთან მიმართებაში შემდეგნაირად უნდა მოგვარდეს:

შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოს სახელდება:

ISO 3166-1 alpha-3 სამნიშნა სისტემაში იქნება - „SAQ“; ხოლო

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში, გამოყენებული იქნება არა სახელდება „SAQARTVELO“-ს პირველი ორი ასო: „SA“, არამედ: 1-ლი და მე-3 ასო-ნიშანი, და ჩაიწერება როგორც - „SQ“, რაც არანაირ სირთულესთან არ იქნება დაკავშირებული.

საბოლოოდ, აღნიშნული სტანდარტით, ჩვენი ქვეყნის დასახელება - „SAQARTVELO“, კოდური სისტემით ასე განისაზღვრება:

ISO 3166-1 alpha-3 სამნიშნა სისტემაში - „SAQ“;

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში - „SQ“;

ISO 3166-2-ის ოდებით - ISO 3166-2: SQ, ხოლო

დღეისათვი მოქმედი „რიცხვითი კოდი - 268“ დარჩება უცვლელი.

 

და ბოლოს, ჩვენ მთლიანდ ვიზიარებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტოს წერილში გამოთქმულ პოზიციას. რომ

„...ქვეყნის დასახელების შესაძლო შეცვლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოს საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოებს...“

და რომ, მთლიანობაში, ჩვენი საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების - „პროცესში უნდა იყვნენ ჩართული საქართველოს შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები“.

 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-100 წლისთავზე, საქართველოს სახელმწიფოს სახელდების საკითხის შესაბამისი დარეგულირება, თავის დადებით როლს ითამაშებს მსოფლიო საზოგადოების წინაშე საქართველოსა და ქართველთა იდენტობის სათანადო ფორმით წარმოჩენა დამკვიდრებაში.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

პატივისცემით

საკანონმდებლო წინადადების ინიციატორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხილვისას, სხდომათა დარბაზში, კომიტეტის 15 წევრიდან, მხოლოდ 6 დეპუტატი იმყოფებოდა [მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე და თეიმურაზ ჭკუასელი], გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ქვორუმის [8 წევრი] არარსებობის პირობებში, კომიტეტმა ერთხმად თქვა უარი ჩვენი საკანონმდებლო წინადადების გაზიარებაზე.

ე.წ. კენჭისყრის ბოლოს, შექმნილი სიტუაციის „განმუხტვის“ მიზნით, კომიტეტის თავმჯდომარემ - ქ-მა მარიამ ჯაშმა განმიცხადა - „ბატონო გელა, კომიტეტი, გაეროს ეგიდით მოქმედ რომელიმე სპეციალისტს გადასცემს თქვენს წინადადებას, და ასე 3-4 თვის შემდეგ, დადებული დასკვნის შემდეგ გადავწყვეტთ - ღირს თუ არა თქვენი წინადადების გაზიარებაო“.

აბა, რა უნდა მეპასუხა - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 100 წლისთაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ზემოთხსენებულ წარმომადგენელთა მიერ უსუსური „შემოთავაზება“ ცხადს ხდიდა, თუ რაოდენ „უმწიფარი პოლიტიკური ნების“ მატარებლებთან გვქონდა საქმე.

სხდომის დამთავრების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბ-მა გენადი მარგველაშვილმა, პირადი საუბრისას, მთელი გულრწფელობით მთხოვა - „ბ-ნო გელა, ამ ეტაპზე მეტის გაკეთება შეუძლებელია. ამიტომ, გთხოვთ არ მოეშვათ ამ საკითხის გადაჭრის მცდელობას, და მჯერა, რომ საბოლოოდ ყველაფერი დადებითად გადაწყდებაო“.

აი, ასე „დარჩა“ მორიგი საპარლამენტო კომიტეტის „კრება მხიარული“

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

იუმორისტული ნარკვევი:

ვექტორი - მოგონება

ძველ დროში სამეგრელოს ერთ-ერთ დასახლებას - ვექტორი ერქვა. ოდესღაც დიდი მიზნისთვის საფუძველ ჩაყრილი ვექტორი, დღეს, ლტოლვილთა დასახლებად ქცეულა.

ვექტორის ხუთსართულიანი სახლის წინ ყოველდღე „ქალთა კრება“ იმართება.

ერთ დღეს მეც შემოვუერთდი ამ კრებას... ცოტა ხანში ელისოც შემოგვემატა, საკმაოდ ვრცელი შესავალი მისცა მოსვლის მიზეზს და მომეჩვენა, რომ ძალიან თამამი განცხადება გააკეთა: „ქალბატონებო, მე თქვენთან მოციქულად გამომგზავნესო“

წინადადების დამთავრება აღარ ვაცალე, მოულოდნელი განცხადების გამო, და ნახევრად იუმორით წამოვიძახე: „ქალბატონო ელისო, რას ამბობ, ერთ უბანში ორი მოციქული ვის გაუგია-მეთქი, მეც ხომ მოციქული ვარ-მეთქი“.

ახლა უკვე ხალხს არაფერი უკვირს. ამ სიტყვებს არც გაოგნება მოჰყოლია და არც გაკვირვება...

დავღონდი - ორი დეპუტატობის კანდიდატი რომ იყოს ერთ უბანში კიდევ ჰო, მესმის, მაგრამ - ორი მოციქული? მოგვიანებით მივხვდი, ესეც ნიშანდობლივი იყო - ქრისტე, თავის მოწაფეებს ხომ ყველგან ორ-ორად აგზავნიდა.

ელისოს მოსვლაც სიმბოლური იყო. სახელს - „ელისო“-ს ფუძეს თუ ბოლოსართს მოვაშორებთ, მივიღებთ: „ელის-ო“. დიას - ველი...

დიახ, დიდი ხანია საღვთო გზაზე მეგზურს ველი, „ელის-ო“ კი სიმბოლური გზავნილია საღვთო გზაზე...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

საქართველოვ, წილხვედრი ხარ ღვთისმშობლისა,

საქართველოვ, მფარველი გყავს - მარიამი,

მაცხოვარი შევიყვაროთ ყველამ ერთად,

სიყვარულით მოვიხადოთ ჩვენი ვალი...

მყარად იდექ, საქართველოვ!

მაღლა ასწი შენი ჯვარი,

„მინდიამ“ ხომ გაგვიმხილა საიდუმლო:

„ჩვენს ქუჩებში დაბრძანდება მაცხოვარი!..,

გაცხადდება ძაან მალე,

გაახარებს დაჩაგრულებს,

ნეტავ იმათ ვინც დიად წამს შეესწრება,

და ყველაფერს თავის თვალით უყურებს...“

ჩემის მხრივ ყველას გისურვებთ

მზად იყოთ ყველაფრისთვისა,

იქნებ როგორმე დაეხსნათ,

დიდ ეშმას მისი პირიდან...

 

ეკატერინე

ხრიკული

 

 

„უფალია ჩვენი სიმართლე“

ჩემო „ლასკარო“ სიმდაბლე შენი,

და თმენა შენი, უსაზღვროა - არ დაილია.

მამულს და რწმენის სიყვარულს,

მოგიწოდებდა - წმიდა ილია..

„ქილიკთა ბუდე“ - ტანჯულ მამულზე, დედა ენაზე,

ქილიკით გვამცნობს, გულს რაც დებია.

არად დაგიდევთ წარსულს, მომავალს,

აწმყოთი ცხოვრება გადამ(გ)დებია...

დრო - უფლისაა, ის მეფობს დღესაც!

უღმერთო „მთავართ“ დათვლილი აქვთ დრო...

აუწონავი - უსამართლო, სიმდიდრის პატრონთ,

გგონიათ გელით - სავანე მყუდრო?

თქვენ კი არა და მაკედონელმა,

ვფიქრობ, რომ უწყით თან რა წაიღო...

სხვათა გვამებზე გადაბიჯებით [ალბათ გეცნობათ],

უღმერთობით თუ ამპარტავნებით,

უსამართლობით, თუ სიძულვილით,

მიუტევლობით, შურისძიებით,

ანგარებითა თუ მრისხანებით,

სიძვით, შურით თუ ნაყროვანებით...

ნათელ ვინ იღო?

იქნებ ახლო ხართ - ბრძენნო და მშვიდნო?!

ხელი თქვენი დაფარული - ღმერთმა გვაღირსა!

თქვენ - მოწყალენნო, მდაბალ - სათნონო,

მოყვასთ მოყვარულნო, მოშიშნო ღვთისა!

თქვენისთანანი იღებენ ნათელს!

ძალა აქვს თქვენს მიერ ანთებულ სანთელს...

აბრიალებულს მძლე სიყვარულით,

მწამს წაგვიმძღვარებთ ვითარცა კანდელს!

არ დაიღალო, გაუძელი, ჩემო - „ლასკარო!“

ზეცის ნათელი - უფლის სიტყვას კვლავაც გინათებს!

ლაზარეს ჟამი მასპინძლობს წვეულთ

და მიმოაფრქვევს მხსნელ ათინათებს!

თქვენი სიმართლე ხომ უფალია!!!

„უფლის სახელით“ სვლა ხომ თქვენი ვალია!

ღმერთმა გიკურთხოთ - მარადისობა,

სხვა ყველაფერი - წარმავალია!..

 

შვილი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

მოსაგონარი

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, რეზო [ზურაბ] კობიაშვილის სხეულით მავალმა უკვდავმა სულმა ზეციურ სამყოფელში გადაინაცვლა.

მსუბუქი ყოფილიყოს 10 მაისს მის სხეულზე დაყრილი ქართული მიწა, რომლის სიყვარულსაც შეალია მან თავისი ნაყოფიერი ცხოვრების 71 წელიწადი.

„...უფალია ჩვენი სიმართლეს“

ლასკარი