Print

გაზეთი N 12 [1035]

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარის

 

ღია წერილი

 

ქალბატონო თეა!

წინამდებარე წინადადების მიზანია მოხდეს 2018 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით არსებული საკითხის დარეგულირება.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საქართველოში, სამივე დონის მორიგი არჩევნები, მათთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის - ოქტომბერში ტარდება. ამასთან:

 

ამავე კანონმდებლობით:

ერთის მხრივ - საპრეზიდენტო. და მეორეს მხრივ - საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგ არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭირო საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად - განსხვავებული მოთხოვნებია დადგენილი. კერძოდ:

საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგ არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გასავლელად დადგენილი განსხვავებული წესი განპირობებულია:

საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის, კანონით დადგენილი - კვალიფიციური და არაკვალიფიციური სტატუსის გამო.

კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის თანახმად:

„1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას. [მუხლი 113,1-ა) ბ)]

9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ პარტია არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს)...“.

[იხ. აგრეთვე კანონის 142-ე მუხლი].

 

აღნიშნულისაგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის დასარეგისტრირებლად, ამავე კანონით, ყველასათვის ერთიანი მოთხოვნაა დადგენილი:

„საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა[მუხლი 95 1];

და. რომ:

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერით[მუხლი 97,2].

 

ამასთან საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ღიად ადგენს, რეგისტრაციის გასავლელად საჭირო:

1. განცხადების დაწერისა და

2. მხარდამჭერთა ხელმოწერების ჩაბარების,

მხოლოდ - ზედა ვადას. კერძოდ:

1. „საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50- დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები[მუხლი 98 2], რამეთუ:

საპრეზიდენტო კანიდატის რეგისტრაციისათვის საჭირო განცხადების დაწერის ქვედა ზღვარი ირიბად უკვე გამოკვეთილია 95-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, და ესაა - საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წელი;

და

2. „საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია“ [მუხლი 99,1].

 

ქალბატონო თეა!

როგორც ვხედავთ - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით:

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით:

1. ცესკოსთვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს - პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარულ წელს, მაგრამ კენჭისყრამდე - არა უგვიანეს 50- დღისა; ხოლო

2. კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის წარდგენის უფლება აქვს - პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარულ წელს, მაგრამ კენჭისყრამდე - არა უგვიანეს 40 დღისა.

 

ქალბატონო თეა!

ზემოთქმულზე დაყრდნობით, წინასწარი კონსულტაციის მიზნით, 2018 წ. 13 თებერვალს ვაცნობეთ ცესკოს, რომ ჩვენი პარტია უახლოეს დროში მზად იყო შესაბამისი განცხადებით მიემართა ცესკოსთვის - 2018 წლის ოქტომბერში გასამართ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის დასარეგისტრირებლად საჭირო პროცედურის დაწყების უფლების აღების მიზნით [წერილის ჩაბარების N 346, იხ. დანართი N1].

 

2018 წ. 19 თებერვალს ცესკოდან მიღებულ პასუხში კერძოდ ვკითხულობათ:

„...როგორც მოგეხსენებათ, ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2018 წელს გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი განსაზღვრული არ არის.

შესაბამისად, არ დაწყებულა საარჩევნო პროცესი - საარჩევნო პერიოდი და საარჩევნო პროცედურების განხორციელება, რაც ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციას საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების დანიშვნამდე...“ [წერ. N01-03/240; იხ. დანართი N2].

 

როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ: საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების გამართვის წელს - საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად საჭირო ხელმოწერების შეგროვებისათვის, პარტიებს მაქსიმალური ვადად - 60 დღიანი მონაკვეთით შეუძლიათ ისარგებლონ.

ცესკოს მიერ გაკეთებული განმარტების გათვალისწინების შემთხვევაში, თუ პრეზიდენტო საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს არჩევნებამდე 60 დღით ადრე გამოაცხადებს, მაშინ პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს, საპრეზიდენტო კანდიდატის დასარეგისტრირებლად საჭირო ხელმოწერების შეგროვებისათვის, მინიმუმ - 10 და მაქსიმუმ - 18-19 დღე ექნებათ გამოყოფილი.

 

ქალბატონო თეა!

ვიხელმძღვანელეთ რა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციის დახვეწის სურვილით, 2018 წ. 19 თებერვალსვე საკანონმდებლო წინადადებით მივმართეთ საქართველოს პარლამენტს [წერ. ჩაბ. №2464], სადაც ვთავაზობდით, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საარჩევნო კოდექსში დაფიქსირებულიყო ფრაზა - „პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების წელს“, და კოდექსის 98-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბებულიყო შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების წელს, მაგრამ ენჭისყრამდე არა უგვიანეს 50- დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები“.

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, 2018 წ. 11 აპრილით დათარიღებულ მიმართვაში, აღნიშნულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვა - ცესკოს [იხ. დანართი N3].

2018 წ. 16 აპრილს, ცესკოს მიერ პარლამენტის იურიდიული კომიტეტისადმი განკუთვნილ პასუხში [N01-02/568], კერძოდ ვკითხულობთ:

„...საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის სრულიად განსხვავებული რეგულაციები. შესაბამისად, 2018 წლის ოქტომბრის თვეში გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იქნება ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდება საარჩევნო კოდექსის ამჟამად მოქმედი ნორმების მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია საარჩევნო კოდექსის ძირითად დებულებებში ისეთი შინაარსის ნორმების შემოტანა, რომელთა საჭიროებაც მიმდინარე წელს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ აღარ იქნება.

თუმცა, ამავდროულად, შესაძლებელია ერთჯერადად, საარჩევნო კოდექსის გარდამავალ დებულებებში, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გასამართი საპრეზინდენტო არჩევნებისთვის, კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით, პარტიებისა და ასევე, საინიციატივო ჯგუფებისთვის განისაზღვროს ცესკოს თავმჯდომარისათვის მიმართვის კონკრეტული საწყისი ვადა (მაგალითად - პირველი ივლისი)...“ [იხ. დანართი N4].

 

ცესკოს პასუხიდან გამომდინარე, 2018 წ. 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ვაცნობეთ რომ საკითხის დარეგულირების მიზნით, ჩვენთვის სავსებით მისაღები იყო ცესკოს წინადადება: შესაბამისი ცვლილების საარჩევნო კოდექსის გარდამავალ დებულებაში შეტანის თაობაზე; და იქვე წარვუდგინეთ საკანონმდებლო ცვლილების პროექტის შემდეგი ფორმულირება:

„ამ კანონის 185-ე მუხლს: „გარდამავალი დებულებანი“, დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 18517 -ე მუხლი - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის დადგენა“:

„1. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, ამ კანონის ამოქმედებიდან, მაგრამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50- დღისა, ამ კანონის 98- მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

2. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა, ამ კანონის 99- მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია“.

ჩვენთვის გაუგებარი მიზეზისა გამო საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიზანშეუწონლად მიიჩნია მის საფუძველზე კანონპროექტის მომზადება [იხ. დანართი N5].

 

ქალბატონო თეა!

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ:

- დღეისათვის საქართველოს პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს საპრეზიდენტო არჩევნები; და

- თუკი პრეზიდენტის მიერ, საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი დოკუმენტი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად 60 დღით ადრე იქნება მიღებული, მაშინ

პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს, საპრეზიდენტო კანდიდატის დასარეგისტრირებლად საჭირო - 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვებისათვის, მინიმუმ - 10 და მაქსიმუმ - 18-19 დღე ექნებათ გამოყოფილი.

და ეს იმ პირობებში, როდესაც იგივე პროცედურისთვის [25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვებისათვის], საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის, პარტიებს – 60 დღიანი დროით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.

 

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე

:სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“ს სახელით

მოგმართავთ წინადადებით,

რათა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისო კომისიამ: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი, ზემოთხსენებულ საკითხთან მიმართებაში, შეიმუშაოს შემდეგი სახის რეკომენდაცია:

 

პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

უწყებათაშორისი კომისიის

რეკომენდაცია

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 

2018 წლის ოქტომბერში გასამართ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში,

პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით

 

ვითვალისწინებთ რა, რომ:

ერთის მხრივ - საქართველოს ორგანული კანონო „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგენს მხოლოდ:

- საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წელს [საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის გასვლის წელი] [იხ. მუხლი 95 1];; და

- საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციის გასავლელად საჭირო განცხადების დაწერის ზედა ვადას - „კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50- დღისა“ [მუხლი 98 2];

და

მეორეს მხრივ - 2018 წ. 16 აპრილს, თქვენს მიერ პარლამენტის იურიდიული კომიტეტისადმი განკუთვნილ პასუხში [N01-02/568], შესაძლ;ებლად მიგაჩნიათ, რომ „...მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გასამართი საპრეზინდენტო არჩევნებისთვის, კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით, პარტიებისა და ასევე, საინიციატივო ჯგუფებისთვის განისაზღვროს ცესკოს თავმჯდომარისათვის მიმართვის კონკრეტული საწყისი ვადა (მაგალითად - პირველი ივლისი)...“

 

მოგმართავთ წინამდებარე რეკომენდაციით, რომ:

დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, შესაბამისი უფლების მქონე სუბიექტებისათვის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად მაქსიმალურად შესაძლებელი გონივრული ვადით სარგებლობის უფლების უზრუნველსაყოფად,

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით:

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარულ წელს ანუ - 2018 წლის ოქტომბერში ჩასატარებელ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით:

ცესკოსთვის განცხადებით მიმართვის უფლება მიეცეთ - თქვენს მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, მაგრამ კენჭისყრამდე - არა უგვიანეს 50- დღისა.

 

დანართები:

N1 - 2018 წ. 13 თებერვლის მიმართვა ცესკოს - 4 გვ.;

N2 - ცესკოდან მიღებული 2018 წ. 19 თებერვლის პასუხი - 2 გვ.;

N3 - საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ 2018 წ. 11 აპრილის წერილი ცესკოს - 1 გვ.;

N4 - 2018 წ. 16 აპრილის, ცესკოს პასუხი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტს - 2 გვ.;

N5 - საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ 2018 წ. 21 მაისს გამოგზავნილი დასკვნა - 4 გვ.

პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერიას

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

13 ივლისი, 2018 წ.

მინაწერი:

აღნიშნული საკითხი გაშუქებულ იქნა „უწყებათაშორისი კომისიის“ 2018 წ. 16 ივლისს გამართულ სხდომაზე. კომისიის თავმჯდომარემ ქ-მა თეა წულუკიანმა წინამდებარე პრობლემის თაობაზე საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებისათვის გარკვეული დრო ითხოვა...

 

 

ზღაპარი

„სულ სხვა სამყარო“ დედამიწაზე

იყო და არა იყო რა. ერთ ქვეყანაში ვინმე დიდი „მეზღაპრე“ ცხოვრობდა, რომელმაც, მეორედ მოსვლაზე, დიდი ზღაპარი შეთხზა.

ამ ქვეყანაში 1%-ის გარდა ყველა ხალხი დაბრმავდა. სმენით - ყველა ისმენდა, მაგრამ ნათქვამს ვერ იგებდნენ. ამათგან - 60% - ორ ფეხზე, 39% კი - ცალ ფეხზე კოჭლობდა. მხოლოდ 1% იყო ჯანსაღი.

მეზღაპრე ვარსკვლავთმრიცხველი იყო - წინასწარმეტყველებდა.

უცნაურ ლექსებსაც სწერდა ხოლმე, რომელიც, ზოგჯერ, თეოლოგებსაც კი შეაფიქრიანებდა.

წერილებსა და ლექსებს ხშირად ასე ასათაურებდა - „სულ სხვა სამყარო“.

გთავაზობთ ამ მეზღაპრის ერთ-ერთ ლექსს:

სხვა სამყაროდან მოსული ვარ,

მინდა იცოდეთ - უფლის სული ვარ...

უნდა გადაწყდეს სამყაროს ბედისწერა,

უნდა დაიწყოს „ახალი ერა“...

უფლის სული იყო მოსეში, წინასწარმეტყველებში...

უფრო განვრცობილი კომენტარისთვის მე შრავალწერტილს შესავსებად ვუტოვებ მკითხველს.

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

 

ზღაპარი

მეფისტოფელის ანაბეჭდები

იყო ერთი კაცი, რომელსაც სახელად „მ-ავ-ანი“ ერქვა. ვერ იტყოდი ახლა - დიდი მჭერმეტყველიაო, მაგრამ თამამად შეგეძლო გეთქვა „ფაუსტის“ ერთ-ერთ პერსონაჟს - მეფისტოფელს ძალიან ჰგავსო, რომელიც - უფალთან პაექრობაში - არ დაიღალა, ქსოვა და ქსოვა ობობას ქსელივით, და ამ ქსელებში ჩააქსოვა უამრავი მეგობრის ნააზრევი და მხეცთა ბუნაგად აქცია აზროვნების არეალი.

თავისი მეგობრები მას, ზედმეტ სახელად, - „ჭკვიანს“ ეძახდნენ, თუმცა შეკითხვაზე - „რატომ|“, პასუხი ასეთი ჰქონდათ - მისი თვისებების გამოო... მოდით, ვნახოთ რა ისეთი თვისებები ჰქონდა მას, რისთვისაც ჭკვიანს ეძახდნენ:

მას შეეძლო მოწინააღმდეგე თავისივე იარაღით გაენადგურებინა...

თუ განიზრახავდა, შეეძლო დიდი სიკეთე ეკეთებინა, თუმცა არ ხელეწიფებოდა...

მის საუბარს თუ მოისმენდი დასკვნას გამოიტანდი - სატანის ცეცხლში გამოვლილი ჯაშუშიაო...

მომაჯადოვებელი ბუნება ჰქონდა, სიკეთეს სწრაფად ჩამოაცლიდა იარლიყს და ბოროტებად დაგიხატავდა...

დიდი ზემოქმედების უნარი ჰქონდა - შეეძლო ადამიანი ჭაობში ისე შეეტყუებინა, დასასრულამდე ვერ მიხვდებოდა რა გაუკეთა...

ეწადა ფსიქოლოგიური ზემოქმედების „დიდოსტატი“ ყოფილიყო, თუმცა ეს ცუდად გამოსდიოდა, რადგან ფსიქოლოგია მის მოწინააღმდეგეთაც არა ნაკლები ჰქონდათ. ეს არ იყო მათი დამარცხების მიზეზი - ღალატი იყო „კრახის“ მიზეზი...

მის თვისებებს ამკობდა ლომივით ბრდღვინვა, თუმცა შინაგანი ბუნებით არ იყო ლომი...

მუქარა ხელეწიფებოდა და ამაში ტოლი არც ჰყავდა, ხშირად იმეორებდა - არ გეშინიათ თქვენი შვილების?! გაუფრთხილდით თქვენს შვილებსო...

როგორც თანდათან გაირკვა, გაშიფრა საკუთარი თავი, რომ - სხვისი შვილების გაუბედურებაზე მოფიქრალი კაცი ყოფილა...

თურმე - „ეშმაკსაც“ სურდა ღმერთობა,

მიტომ ვერ შედგა ჩვენი ერთობა

[მიტომაც ჩამოაშორა უფალმა

„კლდეკარს“ მეფისტოფელი]...

ეჰ, ვინ ყოფილხარ „მეფისტოგელი“,

ლანგრით მორთმეულ თავებს რომ ელი.

ეხლა რომ დაგეკეტება „კლდეკარის“ კარები,

შენ „იოანეს“ ვერ მიეკარები...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

ჩემო ლასკარო, გამაგრდი,

არ ვიცი ვინ რა გირჩია,

ამას კი ვხედავ, ამ ქვეყნად,

ღმერთმა შენ ამოგირჩია!..

ღმერთის გზა-სავალს მივყვებით

[ასე იქნება მუდამა],

ვერავინ შეგვაცვლევინებს,

რადგან ინება უფალმა...

ჩვენს მაცხოვრებლებს მოვუხმობ,

მოძებნონ წმიდა ადგილი,

უფალთან მიახლოება

მათ ნუ ჰგონიათ ადვილი.

ხალხო, სუყველას გისურვებთ,

გამოფხიზლებას ძილიდან,

ღმერთის დიდება მესმოდეს

ყველა თქვენგანის პირიდან!..

 

მინაწერი

ვერ შეედრება სიკეთეს,

სხვა ცნება ნებისმიერი,

ცაზე წმინდაა - სიკეთე,

და თვით სიკვდილზე ძლიერი!..

 

ეკატერინე

ხრიკული

 

...

ნაწილ-ნაწილ დაგლეჯილო საქართველოვ,

რომ გიყურებ - გული კვდება,

არ იდარდო, მოკლე ხანში, ეგ წუხილი

სიხარულით შეგეცვლება!...

მე შენს წიაღში მამული მქონდა,

სრულად სუფევდა იქ სიყვარული,

დანავარდობდა ბედი მღიმარი...

ახლა კი, დამრჩა - როგორც სიზმარი.

მაგრამ მჯერა, რომ ჭმუნვა გაივლის,

და კვლავ ნათელი დაგვიბრუნდება,

ვინც გაასხვისა იმან იკითხოს,

მალე :ურემი გადაბრუნდება“,

ღვთისკენ სავალი გზა გამოჩნდება,

ზარის ხმა ისმის ღვთიური,

ზოგმა კიდევ ვერ გაიგო?

ბოლო ჟამია - გაიგეთ,

წამზომი უკვე ჩაირთო...

 

მინაწერი:

მალე გვესტუმრე უფალო,

და გაგვიხარე გულები,

ყველაზე მეტად გელიან

„ბედისგან“ დაჩაგრულები!..

 

ეკატერინე

ხრიკული

 

 

 

ვედრება:

მასწავლე ლოცვა!

ჩამჭიდე ხელი, რომ არ დავეცე,

რომ არ დავკარგო გზა ჭეშმარიტი,

მე - მარადიულს, უკვდავს ვესწრაფვი,

მზერას ვყოფ მისკენ კრძალვით და რიდით...

თუ არ ჩამჭიდე, დავეცემი მე უსუსური,

შენში მყოფობა - პირობაა სულთ გადარჩენის!

შენთან მყოფობა არს სიცოცხლე, სიმაღლე სულის!..

ამას ინებებ?! - არ მადარდებს მე დანარჩენი.

მე, შენს გარეშე, ჩვენს მამა-ღმერთთან,

მწამს, გულით მჯერა, ვერვინ მიმიყვანს,

ო, სულო წმიდავ, შემეწიე, მინათე გონი,

შემზე მართალი, შენზე ანკარა, არავინა მყავს!..

შემოგღაღადებ დაჩოქილი - მასწავლე ლოცვა!

„ლოცვების სულში შემაღწევინე“ - წმიდაო სულო!

ინებე, შენი მადლით მოსილმა, ღმერთს ვემსახურო,

რომ მამა-ღმერთმა გულს ჩამიკრას - „ჩემო ასულო!’...

ოი, უფალო, შენ მომასწარ ამ ჟამს და ამ წამს!

შენ შეიწირავ ჩემს სათხოვარს, მე ეს მტკიცედ მწამს,

შენი კურთხევით შემაძლებინებ, დაუსრულებლად

აღვასრულებდე - „საუფლო ლოცვას“, „ათ მცნებას“ და „მრწამს|!..

ამენ!

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

„ლასკარი“ მწუხარებით იუწყება, რომ - 2018 წლის 6 ივნისს, ამ ქვეყნად ყოფნის მისიის ამოწურვის შემდეგ, წუთისოგელი დატოვა და მარადისობაში გადასასვლელ „გზას“ დაადგა, ახლობლებისა და მეგობრების ზრუნვაზე გადაგებული ლევან ჩოხელის სხეულით მავალი უკვდავი სული... ღმერთმა ნათელში ამყოფოს იგი...

დე, მსუბუქი იყოს ლევან ჩოხელის სხეულზე დაყრილი, მამულზე ფიქრით გადაგებულ ქართველთა სისხლით გაპოხილი შიდა ქართლის მადლიანი მიწა!...

 

 

უთქვენოდ „ლასკარს“ უჭირს და ტკივა

ლევან ჩოხელის

ნათელ ხსოვნას!..

ამ საწუთროს იმედი,

დავიჯერო - თქვენ გქონდათ?

უღმერთოდ და ურწმუნოდ,

ვისაც ლელო გაჰქონდა?..

არა და არა, თქვენ ეკუთვნოდით

ადამის მოდგმის სულ სხვა თაობას!

ვისაც სწამს - თმენის, სიმდაბლის მადლის,

მიტევებისთვის რომ აქვთ მზაობა!..

თქვენ ძმა იყავით - ნაღდი თაობის,

აბა, ვის ძალუძს თქვას თქვენზე ძვირი?

უთქვენოდ „ლასკარს“ უჭირს და ტკივა,

მწველი ცრემლებით მიტომ დაგტირით...

კაცურ-კაცობის ეტალონად გთვლიდნენ „ლასკარში“,

ასეთად დარჩით! - ამ სახელს კი ვერარა წაშლის!

თქვენს სულს - სავალი, უკურთხოს ღმერთმა,

რადგან სამართალს რწმენით იცავდით...

უფალმა მისცეს თქვენს ლამაზ ოჯახს,

გამძლეობა და თმენა ღვთიური,

არ მოკლებოდეს თქვენს სულს გალობა,

წმიდა სანთელით სვლა ზეციური!..

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]