Print

გაზეთი N 18 [1041]

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის

არჩევნების მეორე ტურში გასულ

პრეზიდენტობის კანდიდატებს

ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს!

და

ბ-ნ გრიგოლ ვაშაძეს!

 

ღია მიმართვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის

სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე

 

„...ეროვნული მოძრაობა უნდა გვიყვარდეს ჩვენ თავში,

და არა ჩვენი თავი ეროვნულ მოძრაობაში“

/მერაბ კოსტავა/

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

ამჯერად ჩვენ არ ვეხებით არცერთი თქვენთაგანის იმ მორალურ და ზნეობრივ კატეგორიებს, რომლებმაც განაპირობეს კიდეც თქვენი დღევანდელი პიროვნული სახის ჩამოყალიბება.

გვინდა გვჯეროდეს, რომ თითოეული თქვენთაგანი ხელმძღვანელობთ უმთავრესი პრინციპით - „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ანუ - საქართველო გიყვართ თქვენს თავში და არა თქვენი თავი საქართველოში.

 

ჩვენი სათქმელის გაცნობამდე, ზოგად მონაცემებს შეგახსენებთ:

ცესკოს მიერ 2018 წ. 14 ნოემბერს მიღებული - „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ თანახმად - საქართველოში დარეგისტრირებული - 3 518 887 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 647 878 [ანუ - 46,83%] ამომრჩეველმა, ბათილად ცნობილი იქნა - 53 847 ბიულეტენი.

 

ქალბატონო სალომე!

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დაგიჭირათ სახელისუფლო პარტია: „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, არჩევნების პირველ ტურში თქვენ ხმა მოგცათ - 615 572 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს არჩევნებში მონაწილეთა - 38.64%-ს, ანუ საქართველოში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ - 17,49%-ს.

ამდენად, ცხადია, რომ თავად სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერმა საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობამ არ გაიზიარა საკუთარი პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებული შემოთავაზება, და უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტად თქვენს არჩევაზე.

ვფიქრობთ ძნელი არაა იმაში გარკვევა, რომ არჩევნების პირველ ტურში თქვენ ხმა მოგცათ, საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის მოწინააღმდეგე ამომრჩეველთა იმ ნაწილმა რომელიც ერთის მხრივ - უშუალოდ თქვენი მომხრეა, და მეორეს მხრივ - რომელმაც ანგარიში გაუწია სახელისუფლო პარტიის მიერ თქვენდამი გამოხატულ მხარდაჭერის მოწოდებას.

 

ბატონო გრიგოლ!

თქვენ, როგორც, 11 ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი გაერთიანების „ძალა ერთობაშიაში“ შემავალი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, თქვენი მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზების პირობებში, არჩევნების პირველ ტურში ხმა მოგცათ - 601 224 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს, ერთის მხრივ არჩევნებში მონაწილეთა - 37,74%-ს, მეორეს მხრივ კი - საქართველოში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ - 17,09%-ს.

ნათელია, რომ არჩევნების პირველ ტურში თქვენ ხმა მოგცათ, საქართველოში 2012 წლიდან ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტიის მოწინააღმდეგე ამომრჩეველთა იმ ნაწილმა რომელიც ერთის მხრივ - უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა, და მეორეს მხრივ, რომელმაც - ანგარიში გაუწია პრეზიდენტობის კანდიდატად თქვენს წარმდგენ გაერთიანებაში შემავალი პარტიების მიერ თქვენდამი გამოხატულ მხარდაჭერის მოწოდებას.

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ, მეტ-ნაკლები სიზუსტით, 2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში მისულ ამომრჩეველთა - 61%-ს, ანუ საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა - 82%-ს, არცერთი თქვენთაგანი არ სურს იხილოს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.

შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად, იქმნება სურათი, რომ თითქოს თქვენ, გსურთ, დამატებით მოიპოვოთ:

ერთის მხრივ თქვენი კონკურენტი კანდიდატის მოწინააღმდეგე; ხოლო

მეორეს მხრივ მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის [ცხრაწლიანი თუ ექვსწლიანი] მმართველობით უკმაყოფილო ამომრჩეველთა მხარდაჭერა.

 

საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმრავლესობა აღმოჩნდა მისთვის გამოუვალ მდგომარეობაში. კერძოდ, მიუხედავად იმისა რომ:

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, მათთვის, თანაბრად მიუღებელია თქვენი, როგორც 17 – 17 პროცენტიანი რეიტინგის მქონე პირთა არჩევა;

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის აუცილებლობის მოცემულობიდან გამომდინარე, ამომრჩეველი იძულებულია შესაძლო არჩევანი გააკეთოს არა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ იმიტომ რომ მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია თქვენი კონკურენტი კანდიდატი.

ჩვენის აზრით, ქვეყნის ამომრჩეველზე ასეთი ფორმით ძალადობა ყოვლად დაუშვებელია.

 

აქედან გამომდინარე, გამოვთქვამთ რა იმედს, რომ თქვენთვის მთავარია არა თქვენს მიერ სახელმწიფო იერარქიაში არსებულ რომელიმე თანამდებობაზე ყოფნა, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების უზრუნველყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; და რომ

ნებისმიერი გზით თანამდებობის მაძიებელ სულმდაბალ პოლიტიკოსთაგან განსხვავებით, თქვენი შინაგანი ბუნების განმსაზღვრელი ზნეობრივი ფასეულობებიდან გამომდინარე, თქვენ სათანადოდ გაქვთ გაცნობიერებული არჩევნების პირველ ტურში, იმ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების პატივისცემის ვალდებულება, რომელთა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილიც თქვენ გამოძრავებდათ;

გთავაზობთ, ჩვენს მიერ შემუშავებულ სამართლებრივ მექანიზმს, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში:

 

ვითვალისწინებთ რა, რომ - არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევის მოწინააღმდეგეა, არჩევნების პირველ ტურში მოსულ ამომრჩეველთა - 61%, ანუ საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა - 82%; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ - თქვენ არ დაუშვებთ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი ჩააყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რაც აიძულებს, მას: ან საერთოდ უარი თქვას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე; ანდა გააკეთოს არჩევანი, მისთვის - ცუდსა და უარეს კანდიდატს შორის; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ - შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რომელიმე თქვენთაგანის მიერ საკუთარი კანდიდატურის ცალმხრივად მოხსნა, კონკურენტი კანდიდატის სასარგებლოდ გაკეთებული ნაბიჯი იქნება; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ - მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, თავისი არსით საქართველოში 2004-2012 წ.წ. და 2012 წლიდან ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტიების მომხრე-მოწინააღმდეგეთა დაპირისპირების არეალად აქცევს; და

ვითვალისწინებთ რა, რომ - ასეთი რეალობის ფონზე, რომელიმე თქვენთაგანის საქართველოს პრეზიდენტად არჩევა, საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი დაპირისპირების მქონე ორ ძირითად ბანაკად დაყოფისა და ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის ხელშემშლელი ვითარების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს;

გთავაზობთ გადადგათ, მსოფლიოსა და, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღემდე უპრეცენდენტო ნაბიჯი; კერძოდ:

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე, საჭიროა საჯაროდ დადოთ პირობა, როგორც თქვენი, ასევე თქვენი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების წინაშე, რომ

ამ ეტაპზე თქვენ მზად ხართ უარი თქვათ თქვენს საპრეზიდენტო ამბიციებზე, და მისცეთ საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა, რათა 2018 წ. 28 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ფაქტობრივად იქცეს ერთგვარ რეფერენდუმად, რომლის შედეგადაც გაირკვევა: ერთის მხრივ 2004-2012 წ.წ. და მეორეს მხრივ - 2012 წლიდან საქართველოში მომქმედი სახელისუფლო ძალების მხარდამჭერთა რაოდენობა;

 

შესაბამისად, თქვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალზე მაფიქრალი პოლიტიკოსი, ეყრდნობით რა დღეს მოქმედი

1. „საქართველოს კონსტიტუციის“ 70-ე და 71-ე მუხლებითა;

და

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2, 104-ე, 105-ე და 106-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,

მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ, დღეისათვის შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით შემუშავებული, წინამდებარე, რამოდენიმე ეტაპიანი, სამართლებრივი მექანიზმის რეალიზებაში.

 

კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით:

- „ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს... . არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ“ [2. მუხლი 104,3;6]; ამდენად, მეორე ტურის ჩატარებიდან 22-ე დღეს უკვე ცნობილი იქნება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ვინაობა;

 

- საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ საპროგრამო სიტყვისა და ფიცის დადების „...ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [1, მუხლი 71,1-2]; ამასთანავე

 

- 2016 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუციის კანონპროექტი ძალაში შედის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, რომლის შემდეგაც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის განსხვავებული წესი.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე შემოთავაზების მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

როგორც თქვენი, ასევე თქვენი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების წინაშე, თქვენს მიერ ღიად გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, საპრეზიდენტო არჩევნებში ერთობლივად გამოხატული სათანადო მხარდაჭერის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში,

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებიდან, ვიდრე საპრეზიდენტო ფიცის დადებამდე, კონსტიტუციით განსაზღვრული სამი კვირის განმავლობაში [იხ.[1, მუხლი 71,1-2];

თქვენ აკეთებთ განაცხადს არჩეული პრეზიდენტის პოსტიდან თქვენი გადადგომის თაობაზე,

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მეორე ტურში არჩეულად გამოცხადებული პირის მიერ, საპრეზიდენტო ფიცის დადებამდე გაკეთებული გადადგომის განაცხადის გამო შეიქმნება რეალობა, როდესაც:

1. გაირკვევა: ერთის მხრივ 2004-2012 წ.წ. და მეორეს მხრივ - 2012 წლიდან საქართველოში მომქმედი სახელისუფლო ძალების მხარდამჭერთა რაოდენობა;

2. გაგრძელდება დღეს მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ ვადა;

3. რაც გახდება საფუძველი, მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების ჩატარებისათვის, რომელიც, - „...მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება“ [2, მუხლი 2-ე].

საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები საშუალებას მისცემს, არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე ყველა სუბიექტს, საქართველოს ამომრჩეველს შესთავაზოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ახლად დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი.

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

ვფიქრობთ ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის წარმოდგენილი სამართლებრივი მექანიზმი, მხოლოდ თქვენი მხრიდან სათანადო პოლიტიკური ნების გამოჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი სულიერი და ფიზიკური მორალურ-ზნეობრივი კატეგორიიდან გამომდინარე, აღმოგაჩნდებათ იმის შინაგანი ძალა რათა:

გადადგათ, მსოფლიოსა და, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღემდე უპრეცენდენტო ნაბიჯი, და

დღევანდელი საკუთარი პოლიტიკური ამბიციის [დროებით] უკან გაწევის გზით, მისცეთ საქართველოს ამომრჩეველს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის საჭირო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

 

დე, ღმერთმა მოქცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

თბილისი, 2018 წ. 18 ნოემბერი

 

 

მინაწერი:

აღნიშნული მიმართვა, 2018 წ. 18 ნოემბერს ჯერ - ჩვენი პარტიის „ელ. გვერდზე“ განვათავსეთ; ხოლო ამის შემდეგ ინტერნეტ სივრცეში - „ფეისბუქის“ მეშვეობით გავავრცელეთ.

ჩვენი არაერთგზისი მცდელობის მიუხედავად, არცერთმა მედია საშუალებამ [კერძოდ - ტ/კ „ობიექტივმა“; საზ. მაუწყებლის 1-;მა არხმა; რადიო „მაესტრომ“; რადიო „საქართველოს ხმამ“; რადიო „თავისუფლებამ“] ამ მიმართვის მათი ეთერით გაშუქების შესაძლებლობა არ მოგვცა.

ერთადერთი გამონაკლისი გახდა საზ, მაუწყებლის ჟურნალისტი სანდრო ჯუფალაკიანი, რომელმაც - 20 ნოემბერს, ჩვენი მიმართვის მოკლე ამონარიდი გაავრცელა საზ. მაუწყებლის „ელ. გვერდზე“.

 

 

ლოცვა

უფალო, ძლიერ გვიჭირს, ანტიქრისტე დათარეშობს, წაგვიშალეს იერ-სახე, ზეციური ხედვის თვალი დაგვიზიანეს. უფალო, მოგვაშველე ზეციური შენი ფერები. აღსდექ შენი მორჩილის დასაცავად გადაუდექი ბოროტს.

ქეიბურო მახვილო, უფლისაგან განწონილო, საჭრეტელო, კვეთო, სამართებელო, უფლის ისრებო შხამიანო უღმერთოების ამომწველო, ზეციური ბრძოლის ველზე გიხმობ საშველად.

წავბორძიკდი და ვეღარ ვდგები, უფალო, იმედნეულად ვდგევარ შენს წინა, არ განუდგება შენს გზას შენი მორჩილი, შენ იყავ დამცველი ჩემი.

გზა მიეც უფალო შენი სახელის კრძალულებით მომხსენებელს. უპოვარს ნუ გაუბატონე უსამართლო მამონა. არ დაივიწყო ღმერთო სამართალი შენი. დედამიწის წყარო სუფთა უკვე აღარ დაილევა. სატანის ხრიკები არ დაილია, გვებრძვის ბოროტი.

ღმერთო, შენი შეწევნის გარეშე დრაკონის დათრგუნვა ვის შეუძლია? ჩვენ ვიცით, რომ მძლეველია ძალა შენი. შეგვეწიე უფალო, შენ მიაგე ბოროტს მისაგებელი.

შენი სახელის დიდებას რა შეედრება, ღმერთო ისმინე ჩემი ვედრება.

დიდება შენს სახელს უფალო იესუ!

დაგვიფარე და დაგვიცავ ჩვენ. ამენ!

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

დიდი და ვრცელი ისტორია მოკლედ

გზა მომეცი გავშალო ჩემი ნაბადია,

და დავალაგო ის რაც მაბადია,

შემდეგ კი მოვყვები ვრცელ ისტორიას,

ახლა კი, რასაც მოვყვები მოკლედ ეხება ყველას.

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანს ყველაფერი ზეციდან ენიჭება... რჩეულისა და წვეულის გზები ადამიანს ზეციდან ეძლევა, წმინდანობა ზეციდან ენიჭება ადამიანს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენ - ზეცა გვმართავს.

ჩვენი არასრულყოფილი ბუნება არ იძლევა საშუალებას უფრო ღრმად ვისაუბროთ ამ თემაზე, რადგან ღმერთს ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი საიდუმლოებები აქვს.

უფლისგან მონიჭებულ ნიჭებს ყოველთვის ახლავს ზეცის ნათელი. ამიტომ, მთავარია არ დაკარგო ზეცის ნათელი. იქ, სადაც ორპირობა იწყება ჩავთვალოთ, რომ ზეცის ნათელს ბნელი ფარდა ჩამოეფარა და სიბნელეში მყოფ ადამიანს კი ყველგან და ყველაფერში უჭირს. ამ დროს ზეციური ხედვის თვალიც ცუდად ჭრის.

სიბნელეში ყოფნა ავადმყოფობაცაა, წარუმატებლობაც, გზების გაუკუღმართებაც და ა.შ. თუ შენ ხედავ, რომ შენი ახლობელი სიბნელეშია და მალავ, დიდად სცოდავ. ამიტომაც ამბობს ღვთიური სიბრძნე - სიმართლე სინათლეაო.

თუ შენ ღვთის გზას მიჰყვები, სიბნელეში მყოფს ნათელი უნდა მიაგებო. თუკი ასე იცხოვრებ ზეცის ნათელი მუდამ შენთან იქნება.

დე, იყოს ზეციური ნათელი ჩვენთან! ამენ!..

დინა [დიანა] ჯიქია

 

ადამიანური ბუნების ავტოპორტრეტი

ადამიანის სხეული უფალმა თავდაპირველად მიწის მტვერისაგან შექმნა. ამიტომ, ადამიანის სხეული გარდაცვალების შემდეგ ისევ მიწას უბრუნდება, სული კი - უფალს.

არ ახალია და მრავალჯერ მოგვისმენია ეს სიტყვები მოძღვრის ქადაგებიდანაც, რომ არასრულყოფილი ადამიანური ბუნება „დაზიანებულია“, „ზეციურად დასჯილია“, „დაავადებულია“ - მთელი ქვეყნიერება რომ აჩუქო, კოსმოსში მოინდომებს საცხოვრებელი ფართის გადანაწილებას.

მე, სრულად ვიზიარებ ბატონ მიხეილ [გელა] სალუაშვილის აზრს, რომ დედამიწის საცხოვრებელი - ჯოჯოხეთია.

ადამიანისათვის კოსმიური სივრცე ხილული რომ იყოს, ალბათ იგი დედამიწაზე სიცოცხლეს არ ინატრებდა, ან, უფრო სწორი იქნება გამოთქმა თუ ვიტყვით - ვერ გაუძლებდა.

ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე - სატანასთან ერთად, ამიტომაც უადვილდება მას ადამიანის შეცდენა.

მოგეხსენებათ, რომ ადამიანის სხეული გარდაცვალების შემდეგ იხრწნება. ასევე, ადამიანის სხეულშივე დევს კოდი - უხრწნელობის თვისება, რაც ძვალს გააჩნია - ძვალი არ იხრწნება.

ჩვენ ვიცით, რომ საღვთო გზის თვალსაზრისით, საზოგადოება შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს:

პირველნი - საღვთო გზის მაძიებლები, ეძებენ ღმერთს, ბაძავენ და ისწრაფვიან სრულყოფილებისაკენ

მეორენი - არ ინტერესდებიან, არ ეძებენ საღვთო გზას.

სწორედ აქედან გამოიკვეთება საღვთო გზასავალი - სასუფევლისკენ მიმავალი, და სატანის გზა - „ჯოჯოხეთისაკენ“ მიმავალი.

ასე რომ დიდი არჩევანის წინაშე ვდგევართ: ვძლიოთ სატანურ დაპირისპირებას და ავირჩიოთ სასუფევლისაკენ მიმავალი გზა.

ახლა ბევრი თქვენთაგანი შემეწინააღმდეგება - რა თქვი ახალიო. მეც არ გედავებით სწორი ნათქვამია... მხოლოდ ერთ რამეს შეგახსენებთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრუნვაშია, ყველაფერი, გარკვეული დროის შემდეგ, გადის ხელახალ გადამუშავებას...

ზეციური იერარქია მბრძანებლობს დედამიწაზე. გასახარი ალბათ ის არის, რომ დედამიწაზე ჩვენ არ ვართ მიტოვებულები. ზეცა - გვიგზავნის რჩეულებს, წინასწარმეტყველებს, წმინდანებს... გვაძლევს საღვთო გზა-სავლის მიმართულებას, გვიხელს ცნობიერების თვალს, ავითარებს სულიერ აზროვნებას, გვიგზავნის მკურნალს, საოცარ ღვთიურ ნიჭებს და ა.შ.

მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს უფალი - ეძიო გზა მისი.

ქრისტე ღმერთის რწმენამ გაპოვნინოთ ყველას, სასუფევლისაკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზა-სავალი. ამენ!

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

...

მშობელ დედის მოფერებას,

[ასე ცდილობს ის ჩვენს შველას]

აღარ ვაქცევთ ყურადღებას,

ქრისტეს დედას ვევედრებით მერე შველას?..

ან რა რწმენით თვალს მივაპყრობთ მერე ზეცას,

როს დავკარგავთ მშობელ დედას?..

ღვთისმშობელს ხომ ერგო ხვედრად

ჩვენი ხსნა და გადარჩენა,

გეტყვით ყველას - რა ვუთხარი

მე თქვენ რწმენას,

თქვენ ივიწყებთ ასე ენას,

მერე ელით გადარჩენას?

 

გელა

გვილავა

 

 

...

გული მადნება, მომეცით ნება

განახოთ ყველას თქვენ-თქვენი ნაკლი,

და მერე თუნდაც ყველამ გამლანძოთ,

აღარ დავეძებ, აღარც ვინაღვლი...

ის მიწა-წყალი, მადლით აღვსილი,

რაც გვიანდერძეს ჩვენ წინაპრებმა,

ვერ შევიფერეთ, ვერ მოვუარეთ,

მიტომ წაგვართვეს გარეშე მტრებმა.

კმარა ამდენი პირმოთნეობა,

მხოლოდ საკუთარ გზის გაფრთხილება,

ნუ გეწყინებათ მოხუცისაგან

დაუფარავად ნაკლის მხილება...

ვიდრე განკითხვის წამი ჩამოჰკრავს,

ვამხილოთ ირგვლივ კაცის მკვლელები,

მათთა საქმეთა თანაზიარნი,

ჩვენი სამშობლოს გამყიდველები!..

ძალიანა გთხოვთ სუყველას,

დროზე მოეგეთ ჭკუასა,

მალე კარს მოგვიკაკუნებს,

ნუ ვაწყენინებთ - უფალსა!..

ეკატერინე

ხრიკული