Print

გაზ. №20(813)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი28 აპრილის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 28 აპრილის  სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე თავში „საქართველოს პრეზიდენტი“ შესატანი ცვლილებების თაობაზე, ე.წ. „შეთანხმების“ მიღების თაობაზე;

2. „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში ე.წ. წინასწარი გამოკითხვის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის - ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია კავშირის მიმართვათა, სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის დარიგების თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 28 აპრილის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 . 28 აპრილის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე თავში „საქართველოს პრეზიდენტი“ შესატანი ცვლილებების თაობაზე, ე.წ. „შეთანხმების“ მიღების თაობაზე;

2. „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში ე.წ. წინასწარი გამოკითხვის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად:

1. დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები-ს ნუსხით გათვალისწინებული „შეთანხმება“ – „საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“;

2. 2012 წლის ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, პ/გ „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მომზადებული საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში ჩატარდეს  წინასწარი გამოკითხვა;

3. „წინასწარ გამოკითხვასთან“ დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია დაევალოს ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივანს - ნათელა მელქაძეს.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

1 მაისის მიმართვა

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ განსახილველად წარმოგიდგენთ: საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია მშვიდობის სახლი“ („კავმშვისა“)-ს  თაობაზე  მომზადებულ წინადადებათა პაკეტს.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება - 2012 წლის 15 მაისამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ], რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს - 2012 წლის 19 მაისისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

 

დანართი:

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია მშვიდობის სახლი“ („კავმშვისა“) [24 გვერდი]

 

აღნიშნული მიმართვა გადაეცათ:

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს

პოლიტიკური ორგანიზაცია „განახლებული საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს  ნანა გულუას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს  თამარ ჩუგოშვილს.


ავტობიოგრაფია

მე - ჯემალ გიორგის ძე ჯიქია, დავიბადე 1937 წ. 14 ივნისს, ქ. ქუთაისში.

1955 წელს დავამთავრე ქ. ქუთაისის მე-6 საშუალო სკოლა;

1955 წ. მუშაობა დავიწყე ქ. წყალტუბოში, მშენებლობაზე. პარალელურად ვმუშაობდი მწვრთნელად, ბავშვთა სპორტული სკოლის კლასიკური ჭიდაობის განყოფილებაში;

1955 წ. სწავლა გავაგრძელე ქ. სარატოვის სამხედრო-სატანკო სასწავლებელში;

1956 წ. ვმონაწილეობდი 9 მარტის საპროტესტო აქციებში;

1957 წ. სწავლა განვაგრძე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1965 წ. მათემატიკა-ფიზიკის სპეციალობით;

1958 წლიდან დაიწყო ჩემი აქტიური ურთიერთობა კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებთან, მერაბ კოსტავასთან და სხვა დისიდენტებთან.

1965 წ. მუშაობა დავიწყე წყალტუბოს რაიონის სოფ. რიონის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლელად, ხოლო 1966 წლიდან ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ;

1969 წ. მუშაობა გავაგრძელე ქ. თბილისის რკინიგზის, საღამოს სწავლების № 1 საშუალო სკოლაში;

1970 წლიდან ვიყავი ქ. თბილისის 140-ე საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;

ქართველი ბავშვების პატრიოტებად აღზრდის საკითხებზე არაერთგზის გამოთქმული პოზიციის გამო 16-ჯერ მომხსნეს სამსახურიდან; სამჯერ მომისაჯეს თბილისიდან გასახლება, მაგრამ მავანთა დახმარებითა და თანადგომით თბილისის მაცხოვრებლად დავრჩი.

1976-78 წლებში, ალ. ფარჯანაძის ხელმძღვანელობით, ვმუშაობდი სასკოლო მათემატიკის ახალ ექსპერიმენტულ პროგრამაზე, რომელიც 12 წლიან პერიოდზე იყო გათვლილი;

1978 წელს ვმონაწილეობდი ქართული ენის დასაცავად გამართულ აპრილის აქციებში;

1979-80 წლებში ვმუშაობდი თბილისის ალ. პუშკინის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში; შემდეგ - თბილისის ჰუმანიტარულ-პედაგოგიურ ტექნიკუმში; პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული რესპუბლიკაში მიმდინარე პედაგოგიურ პროცესებსა და ეროვნულ მოძრაობაში;

ვარ ქ. თბილისში 1989 წ. 9 აპრილის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი; აქციის დარბევისას მიღებული ტრავმის გამო გავხდი მე-2 ჯგუფის ინვალიდი;

ჩართული ვიყავი თამაზ შავგულიძის ხელმძღვანელობით მოქმედ 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში;

1989 წ. ვმონაწილეობდი საქართველოს სახალხო ფრონტის დაფუძნებაში; პირველსავე ყრილობაზე დამამტკიცეს სამხედრო კომისიის თავმჯდომარედ; პარალელურად „სახალხო ფრონტში“ ჩამოვაყალიბე განათლების კომისია;

1989 წ. გავხდი სამართლიანობის კავშირის წევრი;

გარკვეული დროის მანძილზე გახლდით საზოგადოება - „მრგვალი სოფელი“-ს პრეზიდენტი;

1992 წლიდან მუშაობა დავიწყე ცხინვალის საკითხების შემსწავლელ სამთავრობო კომისიაში, სადაც ვიმუშავე მის გაუქმებამდე;

სხვადასხვა წლებში ვიყავი: გაზ. „მეტი სინათლე“-ს რედაქტორის მოადგილე; საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი სიტყვა“-ს მთავარი რჩეული; გაზ. „მართალი გაზეთი“-ს კორესპოდენტი;

2001 წ. ამირჩიეს საქართველოს „ფაზისი“-ს აკადემიის წევრად;

2002 წ. 27 მარტს ამირჩიეს „საქართველოს ეროვნული და სოციალური ურთიერთობის“ აკადემიის აკადემიკოსად;

2003 წლიდან ვმუშაობდი თბილისის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში;

2004 წლიდან ვარ „საქართველოს კაზაკთა კავშირის“ [კაზაკთა საერთაშორისო ასოციაცია „მშვიდობიანი კვკასიისათვის“] წევრი. მონიჭებული მაქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო ჩინი;

2005 წლიდან ვარ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ წევრი;

2009 წლიდან ვარ საქართველოს „გვარიშვილობის კავშირი“-ს ვიცე-პრეზიდენტი;

2012 წლიდან ვარ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრი; ლასკარის საზოგადოებრივი მდივნი;

მყავს მეუღლე - ანონა ოთარის ასული ქუთათელაძე, ინგლისური ენის სპეციალისტი, ამჟამდ პენსიონერი;  და ორი შვილი: მაგდანა ჯიქია, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი; და გიორგი ჯიქია, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურის სტუდენტი.

 

„მეათედი“-სა და „მეათედი მეათედიდან“-ის

საკითხისათვის

„... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 92-ე მუხლის მეორე პუნქტში ვკითხულობთ - „2. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა გამო,  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლის ათი პროცენტი“.

წარმოდგენილი ინიციატივა ბიბლიის წიაღიდან იღებს სათავეს, ამიტომ, მოდით ვნახოთ, თუ რა ფორმითაა იგი მოცემული წმიდა წერილში.

„მეათედის“ პირველი ხსენება ბიბლიაში, შალემის (იგივე - სალემის) მეფის - მელქისედეკის სახელთან კავშირდება.

ტყვედ აყვანილი ლოტის დამხსნელ აბრამს, ე.წ. „მეფის ველზე“, მელქისედეკი მიეგებება - „... მელქისედეკმა შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი“ (დაბ. 14,18-20).

პავლე მოციქულის პირით გვეუწყება - „...ჩვენდა წინამორბედად შევიდა იესო, და წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე“-ო (ებრ. 6,20).

მისტერიული კავშირი უფლისა და მელქისედეკისა, იქვე ასეა განმარტებული - „რადგანაც მელქისედეკი, მეფე შალემისა, მღვდელი (აქ - უფალი) მაღალი ღმრთისა, რომელიც შეეგება აბრაამს, მეფეთა სემუსვრის შემდეგ მობრუნებულს, და აკურთხა იგი, და რომელსაც ყველაფრის მეათედი უწილადა აბრაამმა, პირველად განიმარტება, როგორც სიმართლის მეფე, ხოლო შემდეგ შალემის მეფედაც, რაც ნიშნავს მშვიდობის მეფეს; უმამო, უდედო, უგვირგვინო, დღეთა დასასრულისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე, ღმრთის ძის (აქ - უფლის) მსგავსად, და მღვდლად შთენილი სამარადისოდ“ (ებრ. 7,1-3).

მაშასადამე, აბრამი „ყველაფრის მეათედს უწილადებს“ მელქისედეკს, რომელიც - „ღმრთის ძის მსგავსია“, ანუ წინარე სახეა უფლისა - „მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდი იყო ის (აქ - „მელქისედეკი“, ანუ - უფალი), ვისაც მამამთავარმა აბრაამმა უწილადა მეათედი თავისი უკეთესი ნადავლისაგან“ (ებრ. 7,4).

მოგვიანებით, ლევიანთა შტო (საიდანაც იყვნენ - მოსე და აარონი) - მღვდელმსახურებად იქნება განპიროვნებული. მათ, უფალი - ცალკე რომელიმე მხარეს არ უწილადებს, რამეთუ ეუბნება - „...მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის. ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი, რაც ისრაელშია, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრულებენ...“ (რიცხ. 18,21).

ზოგადად - „ლევიანთა შტო“, მისტერიული სახეა მთლიანი ეკლესიისა, სწორედ მათთვისაა განკუთვნილი „შემოსავლის მეათედი“ – „რადგან ლევიანებს (აქ - ეკლესიას) სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს...“ (რიცხვ. 18,24).

ამდენად - „შემოსავლის მეათედი“, რომელიც უფლის წინარესახებებს - შალემის მეფე მელქისედეკსა და ლევიანთა შტოსთვისაა განკუთვნილი, ეს - ეკლესიისათვის განკუთვნილი წილია.  

წმიდა წერილი იქვე განგვიმარტავს, თუ როგორ უნდა განაწილდეს ეს (ანუ - ეკლესიისათვის განკუთვნილი) „მეათედი“ – „ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: დაელაპარაკე ლევიანებს, უთხარი: როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მეათედს, რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენს სამკვიდროდ, უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან“ (რიცხვ. 18,26).

ამდენად, ქვეყნის საერთო შემოსავლის მეათედი თუ - უფლის „ღალაა“, ანუ ეკლესიისათვისაა განკუთვნილი, იქვე გვიკონკრეტდება, თუ რას უნდა მოხმარდეს მისი მეათედი - „...უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან... ასე, თქვენც (აქ - ეკლესია) გადაუხდით ღალას უფალს (აქ - მღვდელმსახურთ) იმ მეათედიდან, რასაც ისრაელიანები {აქ - ქვეყანა) მოგცემენ; მისგან გადაუხდით საუკეთესო ღალას აარონ მღვდელს (ზოგადი სახე - მღვდელმსახურებისა) ... ყველგან ჭამეთ იგი თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს არის გასამრჯელო სადღესასწაულო კარავში (აქ - ეკლესიაში) თქვენი მსახურებისათვის“-ო (რიცხვ. 18,28-31).

მაშასადამე, ბიბლიის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მეათედი, ეს - ეკლესიისათვის განკუთვნილი წილია („ღალაა“); ხოლო ამ „მეათედის მეათედი“, უკვე უშუალოდ ეკლესიის მღვდელმსახურთა „გასამრჯელოა“, მათ მიერ სადღესასწაულო კარავში, ანუ ეკლესიაში მსახურებისათვის დადგენილი.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

სულისა და ხორცის ერთება,

ანუ გაერთსხეულებრივი საქართველო

ღმერთის მიერ შექმნილი ყველა სულიერი არსება ორი საწყისი სუბსტანციის - სულისა და ხორცის ერთობის მატარებელია.

სულხან-საბასეული კარნახი სულთთან მიმართებაში ასეთია - „სული (დაბ. 2,7) ნერგნიცა სულიერად ითქმის, რამეთუ აქვს მათ მოძრაობისა და აღორძინებითისა და თესლოვანებისა ძალი. ხოლო სული პირუტყვთა, რომელ არს სამშვინველი, სისხლისაობითი... მოძრაობითი ნივთიერისა ძალისა მოქმედება და გრძნობის ქონება;

ხოლო კაცთა სული - სიტყვიერი, არსება - გონიერი, უსხეულო, უცნაური, სიტყვიერი და უკვდავი, არსება - წვრილი, უსახო, ხატი და მსგავსი ღმრთისა;

სული ანგელოზი - სიტყვიერი და გონიერი და მეორე ნათელი; და ეშმაკნიცა, რომელთაცა თვით დაიბნელეს თავნი თვისნი ამპარტავნებითა; და სული - სულიწმიდა - დამბადებელი ამათ ყოველთა, პირველი ნათელი და მიუწვდომელი...“ (ტ. II, გვ.114-115).

ბიბლიური სწავლებით - „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (დაბ. 2,7).

ცოდვითდაცემის შემდგომ ყოფაში, მარადიული სულის, მოკვდავ სხეულში ყოფნის პერიოდს - სიცოცხლე ჰქვია; ხოლო უკვდავი სულის გარეშე დარჩენილი სხეულის მდგომარეობას - სიკვდილი; თავად სხეულს კი - გვამი, ლეში, მძორი და ა.შ.

სულიერი არსების მსგავსად, სახელმწიფო, ანუ ცოცხალ ადამიანთა ერთობა, ორი პირობითი ერთების არსის მატარებელია:

- სახელმწიფოს პირობითი „სხეული“, მასში მცხოვრები ადამიანებია;

- სახელმწიფოს პირობითი „სული“ კი, ის მრწამსი, ანუ რელიგიაა, რომელსაც ეს ადამიანები აღიარებენ.

დღეისათვის, მსოფლიოში არსებული ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობა, ზოგადად - ერთღმერთიანობის პრინციპზეა აგებული ( აქ არ ვეხებით დედამიწის მაცხოვრებელთა იმ მცირე ნაწილს, რომელიც - მრავალღმერთიანობის, ანდა საერთოდ - უღმერთო, ანუ ათეიზმის მიმდევარია).

ყველა სახელმწიფო, მიუხედავად მასში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებისა, მისი ისტორიული წარსულისა და ტრადიციის გამოცდილებიდან გამომდინარე, ზოგადად - ერთი ძირითადი რელიგიის მიმდევარ ადამიანთა ერთობაა.

ქრისტეს კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრილობის უდიდეს ზეციურ მადლს ზიარებული საქართველო, ძირითადად, მართლმადიდებლობითი აღმსარებლობის მქონე მკვიდრი მოსახლეობისაგან შემდგარი ქვეყანა გახლავთ.

ჩვენი ქვეყნის ისტორია ნათლად მეტყველებს, რომ ქართული სახელმწიფო მხოლოდ - საერო და სასულიერო იერარქთა შეთანწყობილი მოქმედების დროს იყო ძლიერი.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს მიერ ინიცირებული - „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი“, ბიბლიური წიაღიდან მომდინარე, გაერთსხეულებრივი ქვეყნის იმ მოდელის რეალობაში დამკვიდრებას ითვალისწინებს, რომელიც ქართული გენის მიერ საუკუნეების მანძილზე ნასაზრდოები - „ივერიის გაბრწყინების“ იდეაზეა დამყარებული.  

აღნიშნულის თვალნათელი მაგალითი - სვეტიცხოველი და მასში განივთებული მისტერიული არსია... სვეტისა, რომელიც, ქართული საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, მაცხოვრის კვართის ადგილზე ამოსული ნაძვის ხისაგანაა დამზადებული.

ძველი აღთქმის მიხედვით, სოლომონმა მის მიერ აშენებულ ტაძარში - „გამოსახა სპილენძის ორი სვეტი; ერთი სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო (კოდია, და ქართული ანბანის მე-18 ასო-ნიშან „ჟ“, ანუ ჟამის“ მიხედვით კონკრეტულ სამოქმედო დროზე:  მე-18 წელზე მიგვანიშნებს); თორმეტი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარშემო მეორე სვეტს (აქაც კოდირებული ნიშანია მოცემული. კერძოდ - „თორმეტი“-თ, ორი ათას მე-12-ზე მითითების გარდა, მე-12 ასო-ნიშან „ლას“-ის არსის მატარებელი ჯგუფი, და მათი სამოქმედო დროა მინიშნებული)...

აღმართა სვეტები ტაძრის დარბაზში; აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა იაქინი [„ი-აქ-ინი“, ანუ: „ი(ოანე)-აქ-ინი(სასძლო)“, ესაა 18-ის არსის მატარებელი]; აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი [„ბ(მე-2, ანუ -ძე)-ო (უფალ-ო)-ყაზი“, ესაა - იანის (სიძის) არსის მატარებელი]“ (3 მეფ. 7,15;21).

ახალი აღთქმის ცნობიერებაზე დაფუძნებული და მაცხოვრის კვართის დაფვლის ადგილზე აღმართული ქართული ტაძარი, ერთ სვეტად გაერთსხეულებრივი ყოფის მატარებლობის ნიშნად - სვეტიცხოველად იწოდა.

ზვიად გამსახურდია მასზე ასე ბრძანებს - „... აშენდა სვეტიცხოველი, რომელიც არის ალეგორიული ტაძარი, ისევე როგორც სოლომონის ტაძარი იყო ალეგორიული. რაში მდგომარეობს სოლომონის ტაძრის ალეგორიულობა?

სოლომონის ტაძარში იყო აღმართული ორი სვეტი, რომელიც განასახიერებდა ცხოვრების ხეს და ცნობადის, ანუ შემეცნების ხეს. სვეტიცხოველში კი ჩვენ ვხედავთ ერთ სვეტს. რატომ არის განსხვავება სვეტთა რაოდენობას შორის? იმიტომ, რომ სოლომონის ტაძარი უკავშირდება ახალ აღთქმას, ეზოტერულ იუდაიზმს, როდესაც ცხოვრების ხე და ცნობადის ხე ჯერ განთიშული, განყოფილი იყო; ხოლო ქრისტიანული ინიციაციის მისსია არის ცხოვრების ხისა და ცნობადის ხის ჰარმონიული შერწყმა ერთ მთლიანობაში. ამის გამო სვეტიცხოველში მოცემულია ერთი სვეტი, მაშინ როდესაც სოლომონის ტაძარში მოცემული იყო ორი სვეტი...

კვართი უფლისა არის სიმბოლო კოსმიური ეთერისა, რომელიც მოსავს ქრისტეს და ამასთან არის დაკავშირებული ცხოვრების ხე, რომელიც ამ კვართის ადგილზე არის აღმართული. ამ ცხოვრების ხეში შერწყმულია აგრეთვე ცნობადის ხეც, რომელიც ქრისტიანობამდელ ეტაპზე განცალკევებული იყო. აქ არის მოცემული მომავლის იდეალი, მომავლის ქრისტიანობის მისსია...“ (იხ. „საქართველოს სულიერი მისსია“, თბ. 1990 წ., გვ. 24).

ჩვენის აზრით, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მქონე საქართველოში, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, ხსენებული - სულისა და ხორცის ერთობის, ანუ სვეტიცხოვლის მისტერიული არსის მატარებელი გაერთსხეულებრივი საქართველოს იმ ახალ არსისმიერ მდგომარეობაში გადამყვანი იქნება, რომელიც უცილობელი გაბრწყინების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობათაგანია.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.