Print

გაზ. № 14 (859)

 

ბოლო ჟამში შესაცნობი ნიშანთაგანი

მაცხოვრის ჯვარცმისეული მონაკვეთის შეცნობის გზაზე, უფალ იესუ ქრისტეს - სამოსელის თემას, თავისებური, გამორჩეული ადგილი უკავია. განკაცებული უფლის მიწიური ცხოვრების უკანასკნელი დღის მანძილზე, მაცხოვრის სამოსელთან დაკავშირებით, სახარება - სამი სახის ინფორმაციას იძლევა.

ოთხივე სახარება გვაუწყებს, რომ მღვდელმთავრებს ხუთშაბათ საღამოს შეპყრობილი იესუ, პარასკევ დილას უკვე პილატესთან მიჰყავთ.

მათეს, მარკოზისა და იოანეს სახარებათა მიხედვით ვგებულობთ, რომ პილატესთან მიყვანილ იესუს თავდაპირველად მეწამული სამოსით შემოსავენ, ხოლო მისი ჯვარზე გაკვრის გადაწყვეტილების მიღების შემდგომად კვლავ თავის სამოსელს აცმევენ უფალს:

„1. მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი. 2. და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას. 3. და მოვიდიან მისა და ეტყჳედ მას: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და სცემდეს ყურიმალსა. 4. გამოვიდა უკუე კუალად გარე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა გამოვიყვანო იგი გარე თქუენდა, რაჲთა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოე. 5. გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა იგი გჳრგჳნი და ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი!“ [იოანე 19,1-5].

მოგვიანებით - „...როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მათე 27,31; იგივე იხ. მარკ. 15,20].

ლუკას სახარებაში დამატებით ისიც გვეუწყება, რომ, მასთან მიყვანილი იესუს შესახებ, პილატემ - „...როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში იერუსალიმში იყო“ [ლუკა 23,7].

სახარებაში იქვე ვკითხულობთ - „ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო იესუ და მასხრად აიგდო იგი; და შემოსა ბრწყინვალე სამოსით, და უკანვე გაუგზავნა პილატეს“ [ლუკა 23,11].

ლუკას სახარების მიხედვით - პილატე, სწორედ ამის შემდგომად იღებს იესუსათვის ჯვარზე გაკვრის გადაწყვეტილებას.

ამდენად, ოთხივე სახარების ამ მონაკვეთის მთლიანობაში გააზრების შემდგომად, მოვლენათა განვითარების ასეთი თანამიმდევრობითი სურათი იკვეთება:

1. მღვდელმთავრებს, შეპყრობილი იესუ პარასკევ დილით - პილატესთან მიჰყავთ;

2. პილატე, გაიგებს რა რომ იესუ გალილეველიაო, ცდილობს თავიდან აიცილოს მისაღები გადაწყვეტილება და გალილეის მთავარს - ჰეროდეს უგზავნის იესუს: „ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო იესუ და მასხრად აიგდო იგი; და შემოსა ბრწყინვალე სამოსით, და უკანვე გაუგზავნა პილატეს“ [ლუკა 23,11];

3. „ბრწყინვალე სამოსით“ შემოსილი იესუ მიჰყავთ პილატესთან - „მაშინ პილატემ წაიყვანა იესუ და გააშოლტვინა. ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწეულით შემოსეს იგი“ [იოანე 19,1-2].

მათეს სახარებისეული მინიშნება, რომ მაცხოვარს - „ტანთ გახადეს, და შემოსეს მეწამული ქლამიდით“ [მათე 27,28], გვაფიქრებინებს გამოვთქვათ ვარაუდი, რომ აქ - ჯარისკაცების მიერ, იესუსთვის, მანამდე ჰეროდესგან უკვე „ბოძებულ“ - „ბრწყინვალე სამოსლის“ გახდაზეა საუბარი.

4. უგუნურმა ბრბომ [ჯარისკაცებმა...] „ძოწეულით შემოსილ“ მაცხოვარს - „...დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ! და თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ, და მუხლმოყრილნი, თაყვანს სცემდნენ მას. და როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მარ. 15,18-20].

5. ჯვარზე გაკრული მაცხოვრისა და მისი სამოსელის თაობაზე ოთხივე სახარებაში ასეთი ინფორმაციაა დაცული:

„და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“ [მათე 27,25];

„და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ აღიღოს“ [მარკ. 15,24];

„ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი“ [ლუკა 23,34];

„და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს [იოანე 19,23-24].

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პარასკევის დილიდან მოყოლებული ვიდრე ჯვარცმამდე, უფალ იესუ ქრისტეს:

1. ჯერ ჰეროდესთან შემოსავენ „ბრწყინვალე სამოსით“ [ლუკა 23,11];

2. შემდეგ პილატესთან მიყვანილს - „ტანთ გახადეს, და შემოსეს მეწამული ქლამიდით[მათე 27,28];

3. ხოლო - „... როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მარ. 15,20].

მას ასე, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთათვის ამოსაცნობი ეს მინიშნება, რომელიც უდავოდ დროისმიერ ასპექტზე უნდა გვითითებდეს, ასეთი რიგითობით ხასიათდება: „თავისი სამოსი“ – „ბრწყინვალე სამოსი“ – „მეწამული ქლამიდი“ – „კვლავ თავისი სამოსი“.

დღეისათვის მხოლოდ ამ ინფირმაციის თქვენამდე მოტანით შემოვიფარგლებით. და ვინაიდან - „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლ. 3,1], თუ ღმერთის ნება იქნება, ამ მინიშნებათა ბოლო ჟამისმიერი კუთხით გააზრების თაობაზე, სწორედ „თავის დროზე“ [გაცხადებისდა კვალობაზე], ვისაუბრებთ.

ამჯერად კი, ჩვენი წინამდებარე საუბარი, წმინდამღვდელმთავარნიკოლოზსერბის (ველიმიროვიჩი) მიერ: „იერუსალიმში - ქრისტესსამისამოსისშესახებ“ გამოთქმული მოსაზრების შემოთავაზებით გვინდა დავასრულოთ.

 

 

 

წმინდა მღვდელმთავარი

ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

„ქრისტეს სამი სამოსის შესახებ“

ქრისტეს სამი სამოსის შესახებ მეკითხები: მათ შესახებ, რომლითაც უფალი იყო შემოსილი თავისი მიწიერი მსახურების განმავლობაში, და მათ შესახებ, რომლითაც ორგზის გარდამოსეს დიდ პარასკევს, ჯვარცმამდე რამოდენიმე საათით ადრე:

1. რისთვის შემოსა იგი ჰეროდემ თეთრი სამოსით?

2. რისთვის შემოსა პილატემ იგი მეწამულით?

3. რისთვის ჩააცვეს სასიკვდილო მსჯავრის აღმსრულებლებმა ქრისტეს მისი საკუთარი სამოსელი?

ყველაფერი, რაც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ჟამს ხდებოდა ღრმა აზრითაა სავსე. ყველაფერი ამხელს ამა თუ იმ ჭეშმარიტებას და ხალხისათვის ჭკუის სწავლებას ემსახურება. დარიგებათა ნაწილი უშუალოა და გასაგები, სხვანი იდუმალნი და ხატოვანი არიან და განმარტებას საჭიროებენ. ქრისტეს სამ სხვადასხვა სამოსში გარდამოსვა ამ უკანასკნელს განეკუთვნება.

მეწამული: მეწამული ფერის სამოსელი - ეს რომაელ მეფეთა სამოსელია.

როდესაც უფალი პილატეს წინაშე ლაპარაკობდა თავის არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ, მისი სიტყვები მატერიალისტურად მოაზროვნე რომაელ ჩინოვნიკს შეშლილობად და სამეფო ღირსების შებღალვად მოეჩვენა. ამიტომ შემოსეს პილატეს მეომრებმა იგი მეწამულისფრად, რა თქმა უნდა - ყველაზე იაფფასიანით, რათა როგორც თვითმარქვია - დასაცინი გამხდარიყო. მაგრამ უკვე მისი სამოსის სამეფო მეწამული ფერი მოწმობდა იმას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა.

პილატეს ხალხმა, თუნდაც დაცინვით, იგი იმად გამოაცხადა, ვინც სინამდვილეში იყო. არცერთ მათგანს გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ქრისტეს სამეფოს მემკვიდრეობით მიიღებდნენ რომაელთა და მსოფლიოს სხვა დანარჩენი სამეფოები.

უწმინდური მეფე ჰეროდე ელოდა, რომ ქრისტე მის წინაშე სასწაულს აღასრულებდა, მაგრამ არა გულმოწყალებისა და კაცთმოყვარების სასწაულს მოელოდა იგი, არამედ - სასწაულს ბაზრისა, ცნობისმოყვარეთათვის სასეიროს. მის წინაშე კი ამ დროს ქვეყნიერების ზურგზე უდიდესი სასწაული იყო, - უცოდველი და წმიდა ადამიანი. სრულიად განსხვავებული მისგან - გვარის წამბილწველისაგან, უფლის ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის მკვლელისაგან.

ვფიქრობ, რომ ესავის ამ უწმინდურ შთამომავალს შეეძლო, დაეჯერებინა ნებისმიერი სასწაული დედამიწის ზერგზე, მაგრამ არასოდეს - სასწაული ადამიანის სიწმიდისა და უცოდველობისა. მის წინაშე კი სწორედ ეს უდიდესი და დაუჯერებელი სასწაული იდგა. თუმცაღა, უსულოსა და უწმინდურს არ შეეძლო მისი დანახვა. ისევე, როგორც პილატეს, სიცრუესა და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაფლულს, როდესაც უცქერდა ჭეშმარიტებას, არ შეეძლო ჭეშმარიტების დანახვა, ასევე ჰეროდეს, ცოდვის შავი ქერქით დაბრმავებულს, როცა შესცქეროდა უბიწოებას, არ შეეძლო უბიწოების დანახვა.

საკუთარ მოლოდინში გაწბილებულმა ჰეროდემ ქრისტე თეთრ სამოსელში შემოსა. მაგრამ თეთრი ფერი - სიწმინდისა და უბიწოების ფერია. წაგიკითხავს, რომ უფლის ანგელოზნი, წმიდანი და უცოდველნი, თეთრი სამოსელით ეცხადებოდნენ (იხ. იოან. 20,12). ასე რომ, წყეულმა ჰეროდემ ქრისტე თავის, და სხვა მრავალ ცოდვილთა, მსგავსად მიიჩნია და იგი თეთრი სამოსელით შემოსა. და ისევე, როგორც პილატეს ჯარისკაცებმა დაცინვით აღიარეს უფალი მეფედ, ჰეროდემაც აღიარა იგი უბიწო ადამიანად. ანუ, პირველ და მეორე შემთხვევაშიც, ქრისტე თავის მოძულეთა მიერ აღიარებული და გამოცხადებული იყო - თუნდაც უნებურად და შეუცნობლად - იმად, ვინც სინამდვილეში იყო.

დასასრულ, ჯვარცმის წინ უფალი საკუთარი სამოსელით შემოსეს, ეს ის სამოსია, რომელიც მას ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობელმა მოუქსოვა. ის კვართი, რომელშიც იგი მიწაზე დააბიჯებღა და რომელზეც გოლგოთაზე ჯარისკაცებმა წილი იყარეს (იხ. მათ. 27,25).

განა ვერ ხედავ ყოველივე ამაში უდიდეს ჭკუის სასწავლებელს ჩვენთვის?

ადამიანებს საკუთარი წარმოდგენებით გამოაქვთ ჩვენს შესახებ კეთილი ან უკეთური დასკვნები, საკუთარი წარმოდგენებით განსჯიან ან აქებენ.

განა არ გვანან ეს შეფასებანი სხვადასხვა სამოსელს?

ჩვენ ხან ბრძენის კვართით გვმოსავენ, ხანაც მასხარის ძონძებით. ხან გმირობის პორფირით მოგვკაზმავენ, ხანაც მცონარების კონკებს გადაგვაფენენ. და ყველა ეს სამოსელი იცვლება ადმიანურ სამსჯავროს ცვალებადობასა და მერყეობასთან ერთად. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თითოეული ჩვენთაგანი, განკითხვის ჟამს თავისი ჭეშმარიტი სახით და საკუთარი სამოსელით წარსდგება... [„მისიონერული წერილები“ (წერილი 57)].

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ! 

 

2013 9 აპრილს გამართული შეხვედრის ქრონიკა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, 2013 წლის 9 აპრილს, გაიმართა - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი დეპუტაციის ნაწილის გარდა, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარემ - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ლასკარის თავმჯდომარის მოადგილემ - ბეჟან შერგელაშვილმა, სპეციალური კონსულტაციები გამართეს - საქართველოს 1990 წლის მოწვევის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებთან - ბიმურზა აფრასიძესა და რობერტ პეტრიაშვილთან.

გადაწყდა, რომ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მომზადებული დოკუმენტის - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს  სამართალმემკვიდრეობის საკითხის“ განხილვის მიზნით, უახლოეს დღეებში გაიმართება - ერთობლივი შეხვედრა.

 

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

საქართველოს პირველი კონსტიტუცია

საქართველოში, სახელმწიფოსა და მასში მაცხოვრებელთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის დამარეგულირებელი მექანიზმის არსებობას, მრავალსაუკუნოვან ისტორია გააჩნია [მაგ. ბაგრატ კურაპალატის „სამართლის წიგნი“ (XI ს.), გიორგი ბრწყინვალის „ხელმწიფის კსრის გარიგება“ (XIII ს.), ვახტანგ VI-ის მიერ 1705-1707 წ.წ. შედგენილი ქართული სამართლის წიგნები და სხვა].

უშუალოდ კონსტიტუციონალიზმის ისტორია იწყება XX საუკუნეში, როდესაც 1917 წლის 19-22 ნოემბერს დაფუძნებულმა ე.წ. “ეროვნულმა საბჭომ” [თავმჯდომარე ნოე ჟორდანია], 1918 წლის 26 მაისს ჯერ - საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა,  ხოლო 1918 წ. ივნისში ს. ჯაფარიძის თავმჯდომარეობით შექმნილ საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციის პროექტის შემუშავება დაავალა.

გავეცნოთ ტექსტს, რომელიც ამოღებულია 1999 წელს გამომცემლობა „ივერთა მხარის“ მიერ დასტამბული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებულიდან (1918–1921 წლები):

 

„საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

გამოცხადებულია ტფილისში, სასახლის თეთრს დარბაზში

1918 წელს, 26 მაისს,

კვირას, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთს

 

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ, აცხადებს:

1) ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.

7) დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა–გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე“.

ამის შემდგომად, კერძოდ - „1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, მას შემდეგ, რაც დაადასტურა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, გამოჰყო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის შედგენა დაევალა. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრი - [რ. არსენიძე, ხოლო მისი - იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შემ-დეგ, კომისიის თავმჯდომარე გახდა] პავლე საყვარელიძე.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ამ კომისიის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე:

- „დავიწყეთ რა კონსტიტუციის პროექტის შექმნა, ჩვენ ხელთ გვქონდა მსოფლიოს ყოველი უფლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია... უნდა ითქვას, რომ ბევრი ძირითადი იდეა გადავიღეთ შვეიცარიის კონსტიტუციიდან და შევუთავსეთ საქართველოს სინამდვილეს; მაგრამ სხვა უფლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციებიდანაც გამოვიყენეთ ესა თუ ის პრინციპი“...

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ 1921 წლის 21 თებერვალს დაამტკიცა, საბჭოთა რუსეთის ჯარის მიერ თბილისის აღებამდე და საქართველოს გასაბჭოებამდე 4 დღით ადრე...“ [პაატა ნაცვლიშვილი, გაზ. „სამშობლო“, თბ. 1990 წ. 26 მაისი].

1921 წ. 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც ქვეყნის სინამდვილეში მხოლოდ 4 დღე იმოქმედა , შედგება 17 თავისა და 149 მუხლისაგან.

კონსტიტუცია იწყება შემდეგი საკითხის დეკლარილებით:

- „საქართველო არის თავისუფალი, დემოკრატიული და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“ [მუხლი 1], ხოლო

- ბოლოსწინა მუხლი კი, გვაუწყებს - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მართვა გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის საგნად“ [მუხლი 148].

სამწუხაროდ, რუსეთის სახეცვლილი იმპერიის - საბჭოთა რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის შედეგად, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით დეკლარირებული სახელმწიფოებრივი წყობა 70 წლით მოიშალა.

 

საქართველოს მომდევნო ოთხი კონსტიტუცია

 [გაგრძელება იქნება]