Print

გაზ. № 18 (863)

უფალი მოვა! - ამენ!

მეორედ მოსვლის მოლოდინმა ფიქრი აშალა:

სწორედ ცხოვრება ადამისა - არის, ან - არა...

უფალი მოვა! სახარების სიბრძნე გვაუწყებს,

ამის არ სჯერათ - ურწმუნოებს,

გენით - მანქურთებს...

 

მოვა უფალი!

განიკითხავს ადამის მოდგმას,

და დამთავრებს

სიძულვილით განფენილ მოდას...

თვით საქართველო გაბრწყინდება

ზეცაში, მაღლა...

თავისუფლებას მოეხსნება

ბორკილის დამღა...

 

უფალი მოვა!

ამენ! ამენ!

უფალი მოვა!

 

ნათელა გოხელაშვილი

 

 

ზვიად გამსახურდია:

„ნუ აჰყვებით უმეცარ ავკაცთა მონაჭორებს

 

ანთროპოსოფია არ არის რელიგიური აღმსარებლობა, იგი არ არის სექტა ან ორდენი. ეს არის შემეცნებითი მოძღვრება მატერიალიზმის წინააღმდეგ მიმართული. მე მესმის ამ კითხვის მიზანი. ამ კითხვასაც გავეცი სათანადო პასუხი ჩემს წიგნში საქართველოს სულიერი მისსია”.

აქაც გეტყვით: მეც და მერაბ კოსტავასაც ყველა ფილოსოფიური და სულიერი მოძღვრება შეგვისწავლია ყველა ერისა, ეს ჩვენი შემეცნებითი ძიებები იყო, რაც არასოდეს უშლიდა ხელს ჩვენს მართლმადიდებლურ აღმსარებლობას. ასეთ ჭორებს ავრცელებენ უწიგნურნი, უმეცარნი, რომელთაც ვერ გაურჩევიათ ურთიერთისაგან რელიგიისა და შემეცნების მიზნები.

დღეს უწიგნური და უმეცარი ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტი მორწმუნე.

- ბასილი დიდი არ უკრძალავდა თავის მოწაფეებს პლატონისა და არისტოტელეს კითხვას,

- დავით აღმაშენებელიც თავისი დროის ყველა მოძღვრებას სწავლობდა, მაგრამ მართლმადიდებლობისთვის არასოდეს უღალატია,

- ასევე იყო რუსთაველიც, რაც ჩანს მისი პოემიდან.

ასე რომ ნუ აჰყვებით უმეცარ ავკაცთა მონაჭორებს. რელიგიურ და შემეცნებით საკითხებზე მსჯელობა მათი საქმე არ არის.

 

 

 

გვიყვარდეს ერთმანეთი

ვარსკვლავი ბევრია, მთვარე კი ერთი...

პლანეტა ბევრია, სიცოცხლე ერთი.

თქვენ ამოგირჩიეთ - იქ ერთადერთი...

სიხარულებო - გფარავდეთ ღმერთი!

სასმელს შეგასმევთ უცხოს და უცნაურს,

ეგ სასმისი კი არა - ჩემი გულია!

იცოდეთ სიხარულებო - შიგ რა კამკამებს:

ღვინო კი არა - თქვენდამი ჩემი სიყვარულია!

ეკატერინე ხრიკული

 

 

 აღდგომის მომლოდინე

ბოლო ჟამში მაცხოვრებელთ და ბოლო ჟამის თემატიკით დაინტერესებული მკითხველისათვის!!!

 

შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ [თეზისურად] გამოვთქვა ჩემი შეხედულება, მასზედ, რის თაობაზეც [ვრცლად] არაერთხელ გვისაუბრია...

ბოლო ჟამის დროთა მდინარება ერთ მთლიანობაში კრავს ყველაფერ იმას, რასაც პირობითად - „სამოთხიდან - სამოთხემდე“ არსებული გზასავალი ჰქვია.

უზენაესი ძალის მიერ, თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი ორი არსისაგან შედგება:

1. სული და

2. სხეული.

აქედან, პირველი, ანუ სული - უკვდავია და მარადიული...  ცოდვით დაცემისა გამო სამოთხიდან გამოძევებული, უკვდავი სულის მატარებელი ადამის მოდგმა - მოკვდავი სხეულით აღიჭურვა...

აქედან მოყოლებული, სამოთხისეული არსისაგან განსხვავებით, სამოთხის გარეთ მყოფი ადამის მოდგმის სიცოცხლისეულ ყოფას - უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის ერთად ყოფნა განაპირობებს;

შესაბამისად, სიკვდილი - ამ უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის განშორების შემდგომად დგება...

უკვდავ სულს განშორებული მოკვდავი სხეული, ვითარცა მიწის მტვერისაგან შექმნილი, კვლავ მიწას უბრუნდება. უფლის განკაცებამდე, ცოდვით დაცემის გამო სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმის უკვდავი სული, თავის სხეულთან განშორების შემდგომად ეშმაკის ხელში ხვდებოდა...

მაცხოვრის მოვლინებამდე, მთელს დედამიწაზე ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებელნი მხოლოდ ებრაელები იყვნენ... დანარჩენი კაცობრიობა, გამონაკლისის გარეშე - კერპთაყვანისმცემელი იყო.

მესიის, ანუ მხსნელის მომლოდინე და დამპყრობელთა ხელში მოხვედრილი ებრაელი ერი - ფიზიკური ტყვეობისაგან განთავისუფლებას ელოდა... ამიტომაც ვერ შეიცნეს მათ წიაღში მოვლენილი უფლის მთავარი მისია: უფლის პირველი მოსვლის [გაცხადების] არსი - ადამიანის სხეულში მყოფი თვალით უხილავი სულის ხსნაში მდგომარეობდა...

უფალმა იესუ ქრისტემ, თავისი: განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით, ცოდვის ტვირთისაგან განთავისუფლებით, დაიხსნა - ეშმაკის კლანჭებში მოხვედრილი [თუ ამისათვის განკუთვნილი] ადამის მოდგმის უკვდავი სული...

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მობრძანების [გაცხადების] არსი - თანდაყოლილი ცოდვის, ანუ ხრწნადი სხეულის ტყვეობისაგან განთავისუფლებაში მდგომარეობს. განკითხვის დღეგამოვლილი ადამის მოდგმა, მიწიური საქმიანობის შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, თავის მარადიულ სამყოფელში განმწესდება:

1. უკვდავი სულის მქონე ადამის მოდგმის ნაწილი - მარადიულ სხეულს შეიძენს და სასუფევლის შვილებად წოდების ღირსნი გახდებიან;

2. ცოდვის სიმძიმით დატვირთული - უკვდავი სულის მქონე ადამის მოდგმის მეორე ნაწილი, თავის მარადიულ სამყოფელს ჯოჯოხეთის ტყვეობაში ჰპოვებს...

როგორც ითქვა - მაცხოვრის განკაცებამდე, მთელს დედამიწაზე ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებელნი მხოლოდ ებრაელები იყვნენ... შესაბამისად:

- ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთიდან მომდინარე სიტყვის ჩამწერი, მხოლოდ ამ ერთი ღმერთის მაღიარებელი ერი შეიძლებოდა ყოფილიყო, და [სულიწმინდის კარნახით] სწორედ მათი შედგენილია ძველი აღთქმის წიგნები...

- ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებელი ერის წიაღი გახლდათ ის ერთადერთი ადგილი, ცოდვის მორევში მყოფი კაცობრიობისა, სადაც უნდა შობილიყო ამ ჭეშმარიტი უზენაესი ძალის მიერ მოვლენილი ძე - უფალი იესუ ქრისტე...

- ამიტომ, ახალი აღთქმის წიგნები [სულიწმინდის კარნახით] მათი შედგენილია, რომლებიც თან ახლდნენ და ისმენდნენ განკაცებული უფლის მოძღვრებას...

ამ ორი წიგნის კრებული, ანუ - ბიბლია, არის კიდეც ის მთავარი [და ამ მხრივაც ერთადერთი] გზამკვლევი, რომელმაც კვლავ სამოთხეში უნდა დააბრუნოს, გადარჩენის მოიმედე [და ღირსქმნილი], ადამის მოდგმა.

ბიბლიურ და, დღეისათვის ჩვენთვის ცნობილ, სხვა წერილობით ძეგლებზე დაყრდნობით, მათდა გასაგონად, ვისაც ყური სასმენლად აქვს, კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხდოთ, რომ:

საქართველო არის - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლისწინა, ანუ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ძირითადი ადგილი;

შესაბამისად, ქართული ენის ღვთისგან ბოძებული მისიაა -  გამოიკვლიოს და დაამოწმოს - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადება...

ებრაელმა ერმა, თავისი მისია - მის წიაღში ეშვა უფალი, ღვთის წყალობით, წარმატებით აღასრულა...

იმედს ვიტოვებთ, რომ ღვთის წყალობის მოიმედე ქართველი ერი და ქართული ენა, უზენაესი ძალის მიერ დადგენილი განგებულების ძალით, ასევე წარმატებით გაართმევს თავს მის წინაშე მდგარი [ზემოთხსენებული] უმძიმესი [და უმთავრესი] მისიის შესრულებას...

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - „თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 გზა ნათელი - ჭეშმარიტი

სადიდებელს შენსას ვამბობ... 

და მრავალჯერ კვლავაც ვიტყვი... 

მაცხოვარო ხარ რამეთუ... 

გზა ნათელი - ჭეშმარიტი...

ცოდვილთათვის კვლავ მლოცველი... 

იამბიკო - ზმა და მითი...

თუმც ნაღველი მომრევია...

აღმაფრენაც მახლავს დიდი...

რადგან ყველგან მეგულები...

სადაც მზე არს - სადაც ნისლი...

ბარძიმიდან ღვინოს ნაცვლად...

გადმოვიდა შენი სისხლი...

და დიდება შენდა - ვამბობ...

და მრავალჯერ კვლავაც ვიტყვი...

მაცხოვარო ხარ რამეთუ...

გზა ნათელი - ჭეშმარიტი...

ეკატერინე ბჟალავა

 

ორი შეხვედრის მოკლე ქრონიკა

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე მთავრობის კანცელარიას შემდეგი ღია მიმართვები ჩავაბარეთ:

1. 2012 წ. 5 ნოემბერი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!;

2. 2012 წ. 12 ნოემბერი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!;

3. 2012 წ. 28 დეკემბერი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!;

4. 2013 წ. 13 თებერვალი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: ბოლო გაფრთხილება, ანუ ვიდრემდის ჯერ კიდევ არის დრო!;

5. 2013 წ. 6 მარტი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: 2013 წ. მაისიდან ოქტომბრამდე, ანუ წინასწარ გაცხადებული ქრონიკები.

ჩვენთვის უცნობი მიზეზებისა გამო, დღემდე, არცერთ ზემოთდასახელებულ მიმართვაზე, სამთავრობო კანცელარიიდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

ლასკარის 2013 წ. 20 აპრილის სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაგვეგზავნა მორიგი ღია მიმართვა -   „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.

22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში ჩაბარებულ ღია მიმართვასთან მიმართებაში, უკვე „ტრადიციად“ დამკვიდრებული დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით ერთი კვირის თავზე - 29 აპრილს, ბ-ნ ბიძინას ძმას - ალეკო ივანიშვილს შევხვდით - ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია.

ბატონ ალეკოს გადავეცით ხსენებული წერილის ასლი და, ღია მიმართვაში გადმოცემული მოთხოვნის არსის შეძლებისდაგვარად დეტალურად ახსნის შემდეგ, ვთხოვეთ დახმარება, რათა ბატონი ბიძინასთვის პირადად გადაეცა ჩვენი ღია მიმართვა.

ბატონი ალეკო ყურადღებით მოეკიდა ჩვენს წინადადებას და შეგვპირდა - აღდგომის დღეებში მის ძმასთან გამართულ შეხვედრაზე აუცილებლად შეეცდებოდა ჩვენი თხოვნის ასრულებას.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდგომად, 2013 წ. 8 მაისს ბატონ ალეკოსთან იმავე შემადგენლობით მისულებმა გავარკვიეთ, რომ მიუხედავად შეპირებისა, ბატონ ალეკოს ჩვენი ღია მიმართვა პრემიერ-მინისტრისათვის არ გადაუცია, და მის თაობაზე მხოლოდ ზეპირ საუბარში ჩაუყენებია მისი ძმა საქმის კურსში... ბატონი ბიძინა შეჰპირებია მას ჩვენი წერილის მოძიებასა [რა მოძიება უნდოდა, განა არ შეეძლო საუბარშივე გადაეცა იგი მისთვის?], და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

თავს ზევით ძალა აღარ იყო... საქმის ამდაგვარად განვითარების შემდეგ, მადლობა გადავუხადეთ ბატონ ალეკო ივანიშვილს, მის მიერ გაწეული საქმისათვის, და ორი რამ დავსძინეთ, რომ:

1. ვინაიდან ბატონი ბიძინა უკვე „გაცნობია“ ჩვენი წერილის შინაარსს, ამის შემდგომად მოვლენების ნებისმიერი განვითარება, ჩვენის მხრიდან, პირადად მისგან წამოსული დამოკიდებულების გამოვლინება იქნებოდა; და

2. 1991-1992 წლების გასაყარიდან დაწყებული უსამართლობის სამართლიან შეფასებასა და გამოსწორებას, თუკი, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის მსგავსად, არც ბ. ივანიშვილი შეეცდებოდა, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა, მისი წინამორბედების მსგავსად, სწორედ მასზე იქნებოდა...

გარდასულ დღეთა მოკლე ქრონიკის გადმოცემის დასასრულს, მათდა გასაგონად ვისაც ყური სასმენლად აქვს დავსძენთ, რომ  - სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, რამეთუ ასეთია უფლისმიერი სიმართლე, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ გაამრუდებს.

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

  

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

საქართველოს მეხუთე კონსტიტუციის

სამართლებრივი ისტორია

[მეორე ნაწილი]

...არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილმა „მრგვალმა მაგიდამ“ გადაწყვიტა, რომ „შეექმნა პირობები“ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლისათვის, „რათა მოსკოვისადმი დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები, უმაღლეს არჩევით ორგანოში, უმცირესობაში აღმოჩენილიყვნენ“ [ზვიად გამსახურდია - გ.ს.]. ასეთი პირობების შექმნა კი, მხოლოდ ოფიციალურ ხელისუფლებაზე მშვიდობიანი ფორმებით ზეწოლის შედეგად იყო შესაძლებელი, რათა ისინი იძულებულნი გამხდარიყვნენ, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თვითონვე მოეხდინათ თავისი თავის უკანონოდ გამოცხადება - რაც უნდა გამხდარიყო სამართლებრივი საფუძველი ახალი არჩევნებისათვის „კანონიერი“ სტატუსის მისანიჭებლად.

და აი, ბატონ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ფუნქციის შემსრულებელი „მრგვალი მაგიდის“ ძალისხმევის პრაქტიკული შედეგი - 1990 წლის 20 ივნისის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული ორი დადგენილება:

 

I. `საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება

საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტირების შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ:

1. დადგენილებას, მეათე აბზაცის შემდეგ, დაემატოს შემდეგი აბზაცი:

„აღნიშნავს რა, რომ ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტი), ხოლო შემდგომ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები... არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ, თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს:

უკანონოდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართლებრივი დაწესებულებებით (ე.წ. საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 და 26 თებერვლის, 24 მარტის გადაწყვეტილებანი და სხვა)“.

2. დადგენილებას ბოლოში დაემატოს შემდეგი ტექსტი:

„დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს სსრ და რუსეთის სფსრ შორის პრინციპულად ახალი, სუვერენული სახელმწიფოებისათვის შესაფერისი ურთიერთობების დამყარების მიზნით, რასაც საფუძვლად უნდა დაედოს 1921 წლის თებერვალ-მარტში რსფს რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის აღიარება და მისი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების სათანადო შეფასება რსფსრ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ...“;

II. „საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება:

საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის ძირითადი კონცეფციისა და საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების დანიშვნის თაობაზე:

1. დაევალოს საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა საბჭოების დეპუტატების არჩევნების შესახებ საქართველოს სსრ კანონის პროექტების შემმუშავებელ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის კომისიას პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და მასობრივ მოძრაობებთან ერთად, ერთი თვის ვადაში, მოამზადოს განსახილველად და მისაღებად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის პროექტი.

2. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების კანონის პროექტს საფუძვლად დაედოს მრავალპარტიული არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით.

3. დაინიშნოს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნები კვირას, 1990 წლის 28 ოქტომბერს~.

 

ამდენად პირველი ეტაპი - „პირობების შექმნისა“ წარმატებით დაგვირგვინდა.

დაიწყო მეორე ეტაპი - საარჩევნო კანონი უნდა შექმნილიყო ისეთი, რომ მასზე დაყრდნობით არჩეული ხელისუფლება არ გამხდარიყო იურიდიულ-ფორმალური გამგრძელებელი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოსი.

მიუხედავად არსებული ხელისუფლების წინააღმდეგობისა, ბატონ ზვიად გამსახურდიასა და „მრგვალი მაგიდის“ მეთაურობით მოქმედი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, უდიდესი ძალისხმევის შედეგად (სამტრედიის რკინიგზის ბლოკირება და სხვა), მაინც აღწევს სასურველი საარჩევნო კანონის მიღებას... კანონისა, რომელიც აკმაყოფილებდა „მრგვალი მაგიდის“ რამდენიმე ძირითად მოთხოვნას, კერძოდ:

- საქართველოში უნდა ჩატარდეს საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდავი, დემოკრატიული არჩევნები;

- იმისათვის, რომ არჩევნები იყოს საყოველთაო, იგი ჩატარებულად უნდა ჩაითვალოს თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კანონიერი მოსახლეობის მინიმუმ 51%;

- არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, არ ცნობენ რა არსებული საბჭოთა ხელისუფლების კანონიერებას, რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ საარჩევნო კომისიაში, რომელიც, თავის მხრივ, დაკომპლექტებული იქნება არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენლისაგან.

ამდენად, ბატონ ზვიად გამსაურდიასა და „მრგვალი მაგიდის“ სხვა წევრების ზემოთ აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც ქმნიდნენ კანონიერი არჩევნებისათვის საჭირო, ყველა სამართლებრივ ბაზისს; ეს უკანასკნელი კი იურიდიულად იმდენად უნაკლო გახლდათ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ნებისმიერი ძალა იურიდიულად დაკანონდებოდა არა როგორც - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს ფორმალური გამგრძელებელი, არამედ, ერთგვარად, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე - კანონიერი ხელისუფლება.

ყოველივე ზემოთქმული მიღწევის შემდეგ, დაიწყო უშუალოდ არჩევნებისავთის მზადების მესამე და გადამწყვეტი ეტაპი....

 [გაგრძელება იქნება]