Print

გაზ. # 5(798)

მოქმედების მიზანი

 

სამოთხეში ყოფნის, ანუ მარადისობაში განივთებული „დროის“ რაღაც მონაკვეთში - ცოდვით დაცემას, სასჯელად - ედემის, ანუ სამოთხის ბაღიდან გამოძევება მოჰყვა.

უზენაესი ძალის ჭვრეტის მადლს მოკლებული ადამის მოდგმა „წუთისოფლის“, ანუ სიკვდილს დაქვემდებარებული ხრწნადი სხეულის მქონებელი გახდა, და ასე დაადგა იმ გზასავალს, რომელიც - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადების შემდგომად, განკითხვის დღეზე გავლით, რჩეულთათვის, კვლავ სამოთხეში დაბრუნებით, ანუ - დარღვეული სამართლიანობის აღდგენით უნდა დასრულდეს.

სასუფევლის ძეებად შერაცხულთათვის - „... აღარ იქნება არავითარი წყევლა (აქ - ცოდვით გამოწვეული სასჯელი), და ტახტი ღმრთისა და კრავისა იქნება მასში, და მონები მისი ემსახურებიან მას. და ღამე აღარ იქნება იქ, და აღარ დასჭირდებათ სანთელი, და აღარც ნათელი მზისა, რადგანაც უფალი ღმერთი გაანათებს მათ, და ექნებათ სუფევა უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 22,3-5).

პოლიტიკური ტერმინოლოგიით, ასეთ მმართველობით ფორმას - „თეოკრატია“ [ანუ ღმერთის („თეოს“) ხელისუფლება („კრატოს“)] ეწოდება.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკურ ასპარეზზე საქმიანობის მთავარი მიზანი სწორედ ამაში მდგომარეობს - ხელი შეუწყოს თეოკრატიის პრინციპების დამკვიდრებას, რაც ითვალისწინებს ღმერთის მიერ მმართველობას, ანუ მეორედ მოსვლის შემდეგ უფალ იესუ ქრისტეს მეუფების დამყარებას.

ბოლო ჟამად სახელდებული დროის დასასრულზე მოსახდენის თაობაზე, მაცხოვარი ასე მიგვანიშნებს - „აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს“-ო [იოანე 12,31].

წინასწარმჭვრეტი უზენაესი ძალისათვის _ „ამ ქვეყნის მთავრის“, ანუ ეშმაკის საბოლოო ხვედრი, წინასწარვეა ცნობილი - „და როცა მოვა (აქ _ მეორედ გაცხადებული უფალი იესუ ქრისტე), ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის... რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია“ [იოანე 16,8; 11].

ბიბლიურ მინიშნებებზე დაყრდნობილი ლასკარისეული ცნობიერებიდან გამომდინარე, ბოლო ჟამში „იოანე ნათლისმცემლისეული“ ეტაპი - 2011 წლის მიწურულიდან უნდა იღებდეს სათავეს, რომელიც - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებით მთავრდება.

წმიდა წერილის კოდირებული მინიშნების  თანახმად, ამ ორ მოვლენას შორის არსებულ დროის მონაკვეთს - მხილებისეული, ანუ სამსჯავროსეული ეტაპის სახელდება აქვს - „შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას (აქ: 1. ზოგადად _ ამ წუთისოფლის მთავარს, ანუ ეშმაკს; და 2. მცირე მასშტაბით - ცრუწინასწარმეტყველს), რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს.

მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა, მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება~ [დან. 7,26-27], ანუ - თეოკრატია დამყარდება.

ღია თეოკრატიული მმართველობის დამყარებამდე, პოლიტიკურ ასპარეზზე მოქმედმა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-მ, ღმერთის ნებითა და შეწევნით, მხილებისეული მისიის უმძიმესი ტვირთის ტარება უნდა შეიძლოს.

მეოცე საუკუნის მიწურულს ზვიად გამსახურდიას უდიდესი ძალისხმევით ფუძეჩაყრილი დამოუკიდებელი საქართველოს გზასავალი, 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად, არასწორი მიმართულებით წარიმართა.

უკვე ოცი წელია - დაბინძურებული სათავიდან მომდინარე წყაროს წყალი, ქართველ ერს საწამლავად აქვს ქცეული. სათავე აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, ანუ გამრუდებული სამართლი უნდა გასწორდეს.

სამართლიანობის აღდგენა კი, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ხმა ერისა _ უფლისმიერ სიმართლეზე დამყარებული ნების აღსრულებას მოითხოვს. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელდებაც, სწორედ აღნიშნული შინა-არსის მატარებელია - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

ყველას გასაგონად უნდა გასაჯარისდეს 1992 წლიდან დაწყებული, ბიბლიური _ „გატიალებისეული სიბილწის“ სახელდებით მოხსენიებული ეტაპები:

_ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი კანონიერი ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობა;

_ სამხედრო და სახელმწიფო საბჭოების უკანონობა;

_ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მხარეებში დაწყებული ომის სივერაგე;

_ შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობითი რეჟიმის მთელი სიმძიმე;

_ 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს სახელმწიფოს ერთიანი იურიდიული სივრციდან ქართული მხარეების დროებით ჩამოცილებით შექმნილი რეალობის მტკივნეული ასპექტები...

ასეთი მისიის ტარება, ყველას ხვედრი არ არის. დიახ - წვეული ბევრია, მაგრამ რჩეულია ცოტა... ღმერთი თუ ინებებს, ბოროტებასთან წარმატებით საბრძოლველად, მცირე ძალაც სავსებით საკმარისია.

უფალმა ბიბლიურ გედეონს, მასთან მყოფი რამოდენიმე  ათასი მებრძოლის წყალზე ჩაყვანა უბრძანა - „... წყალზე ჩაიყვანე ისინი და იქ გამოგირჩევ მათ. ვისზეც გეტყვი, გამოგყვეს-მეთქი, ის გამოგყვეს, ვისზეც გეტყვი, ნუ გამოგყვება-მეთქი, ნუ გამოგყვება.

ჩაიყვანა მან ხალხი წყალზე. უთხრა უფალმა გედეონს: ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ, ცალკე დააყენე, აგრეთვე ისინიც, ვინც ჩაიმუხლებს და ისე დალევს. ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი იყო. დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა და ისე დალია წყალი. უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით...~ [მსაჯ. 7,4-7].


„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რიგებში გაერთიანებულთა შინაგანი სულისკვეთება, ბიბლიის მოხმობილ შეგონებაზე უნდა იყოს დამყარებული.

არჩევანი ერმა უნდა გააკეთოს! ჩვენი საქციელის განკითხვა კი ქრისტესმიერია _ `რადგან მამა არც განსჯის არავის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს~ [იოანე 5,22].


ხალხური სიბრძნე ასეთ მინიშნებას იძლევა -„დალოცვილი ქრისტე ღმერთი ოქროს ტახტზე დაბრძანდება, ხელში სასწორი უჭირავს, ცოდვა-მადლი იწონება~-ო.


ჯვრის ურყევ სიმტკიცეზე დაყრდნობილი ღვთაებრივი სასწორი _ უტყუარია... უფლისმიერი სამართალი მიუკერძოებელია!


ამიტომაც, მხილებისეულ ეტაპზე მავალნო - ნუ შედრკებით;

გვახსოვდეს - უფალია ჩვენი სიმართლე. ამენ!