Print

გაზ. № 40 (885)

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის

გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს,

ბატონ თამაზ ტყემალაძეს!

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო თამაზ!

ჩვენი ქვეყანა თავისი სახელმწიფოებრივი განვითარების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიჯნას უახლოვდება, რომელსაც 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჰქვია.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად

- „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე...“ [მუხლი 70,1];

მეორეს მხრივ, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო  კოდექსში“ ვკითხულობთ:

- „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1].

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო  კოდექსში“ არსებულ შეუსაბამობათა გამო, 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 23 პრეზიდენტობის კანდიდატიდან 16-ი მათგანი მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, ჩვენი საარჩევნო გზავნილების ამომრჩევლამდე მიტანის მიზნით, ვისარგებლოთ - უფასო საეთერო სარეკლამო დროით.

შესაბამისად საქართველოს ამომრჩევლები, თავისი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამების თაობაზე.

დღეს მოქმედი საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს საარჩევნო  კოდექსის“ დანაშაულებრივი ხარვეზის ერთგვარი გამოსწორების მიზნით:

 საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს - ზოგადად, და

თქვენ, როგორც მის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს,

 მოგმართავთ თხოვნით - თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ამომრჩეველთა სათანადოდ ინფორმირების საქმეში, და, თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, მხარი დაუჭიროთ შემდეგ ჩვენს წინადადებას:

1. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შემოღებულ იქნას პოლიტიკური გადაცემა - „პრეზიდენტობის კანდიდატის საათი“ [სახელდება პირობითია], რომელიც 2013 წ. 25 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდღიურად გავა თქვენი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში;

2. უფასო საეთერო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლებას მოკლებული 16 პრეზიდენტობის კანდიდატისათვის, ხსენებული პროგრამის - „პრეზიდენტობის კანდიდატის საათი“-ს ფარგლებში, თითოეულისათვის გამოყოფილი იქნეს - 5 წუთი;

3. პროგრამაში - „პრეზიდენტობის კანდიდატის საათი“ მონაწილეთა გამოსვლის რიგითობა განისაზღვროს მათთვის საარჩევნო ბიულეტენში განკუთვნილი ნომრის მიხედვით;

4. სასურველია თუკი პროგრამა - „პრეზიდენტობის კანდიდატის საათი“, პირდაპირ ეთერში გავა - ორ 45 წუთიან ბლოკად, თითოეულში 8 პრეზიდენტობის კანდიდატის მონაწილეობით;

5. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თუკი პროგრამა - „პრეზიდენტობის კანდიდატის საათი“-ს პირველი 45 წუთიანი ბლოკი, საზოგადოებრივი მაუწყებლის 20.00 საათიანი მთავარი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ დაწყებამდე, ხოლო მეორე 45 წუთიანი ბლოკი „მოამბის“ დასრულების შემდეგ გავა პირდაპირ ეთერში.

ბატონო თამაზ!

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს რათა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში საქართველოს ამომრჩევლების სათანადოდ ინფორმირების საქმეში.

დე, ღმერთმა ყველას მოგვცეს მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით

 

             საქართველოს

პრეზიდენტობის კანდიდატი:                                                      მიხეილ სალუაშვილი

 

 

 

საპრეზიდენტო მარათონის 7 – 11 ოქტომბრის ქრონიკები

2013 წ. 7 ოქტომბერს, ორშაბათს, 13.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ [გელა] სალუაშვილის მორიგი ბრიფინგი, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გასაშუქებელი საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის დეტალების თემაზე; განხილული იქნა - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნებანი [მეორე ნაწილი].

აღნიშნული გადაცემის სრული ჩანაწერი გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხით; ინფორმაცია გავიდა 1-ლი არხის საინფორმაციო გადაცემა - „მოამბეში“.

7 ოქტომბერსვე, მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ჯემალ ჯიქია შეხვდნენ, საპრეზიდენტო კანდიდატს - გიორგი ჩიხლაძეს. საუბარი შეეხო ბ-ნი გიორგის წინადადებას, რომლის თანახმადაც სასურველია თუკი - პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ გამოთქმულ სხვადასხვა შეხედულებათა ურთიერთ გაზიარებისა და შესაბამისი დასკვნების საზოგადოებისათვის წარმოჩენის მიზნით, შეიქმნებოდა ე.წ.  - „პრეზიდენტის კლუბი“.

ჩვენის მხრივ, ბ-ნ გიორგის შევთავაზეთ, პარალელურად განგვეხილა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული საკითხი, კერძოდ - საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის შემადგენლობაში, სათათბირო ორგანოს - „პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო“-ს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში გაგვემართა დამატებითი კონსულტაციები.

2013 წ. 8ოქტომბერს, სამშაბათს, 13.00 სთ-ზე, ხოლო 2013 წ. 9ოქტომბერს, ოთხშაბათს, 12.00 სთ-ზე,  საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ბრიფინგები, რომლებზეც საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის ის დეტალები, რომლებშიც განხილულია - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის ამსახველი ბიბლიური მინიშნებანი.

აღნიშნული გადაცემის სრული ჩანაწერი რამოდენიმეჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხით.

9 ოქტომბერს, 13.00 სთ-ზე, მთავრობის სახლთან იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. მათი მხრიდან გამოთქმული მოთხოვნის გათვალისწინებით მათ აქციაზე მისულმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ, კიდევ ერთხელ გააცნეს მათ, საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული „იპოთეკით დაზარალებული მოსახლეების“ პრობლემის მოგვარების მექანიზმი.

მიუხედავად ტ/კ „იმედი“-სა და „მაესტრო“-ს ჯურნალისტების მიერ ინტერვიუს აღებისა, სამწუხაროდ ეს ჩანაწერი მათი ტელეარხის ეთერით აღარ ყოფილა გაშუქებული.

ამავე დღეს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, რუსთავის ორგანიზაციის წარმომადგენელ ბესარიონ ლაცაბიძესთან უახლოესი დღეები მანძილზე განსახორციელებელ ღონისძიებათა დეტალები იქნა განხილული.

მკითხველთა ნაწილმა იცის, რომ ყოველი თვის 9 რიცხვში, ბ-ნი აკაკი ჯორჯაძის საცხოვრებელი ბინის სარდაფში მოწყობილ ოფისში, მისი მხარდამჭერების ყოველთვიური შეკრებები იმართება.

9 ოქტომბერს გამართული შეხვედრის მონაწილეებს, მათთვის მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ჩემი შეხედულების გასაცნობად 17.30 საათისთვის ვესტუმრე. თავყრილობა დასასრულისაკენ მიდიოდა. ბ-ნი აკაკის მიერ დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ, ვთხოვე მას რამოდენიმე სიტყვის თქმის საშუალება მოეცა.

დამსწრეთა ნაწილის სახეზე აშკარა გაუგებრობის კვალის დატოვების მიზეზი გახდა ბ-ნი აკაკის უარი - „მე თქვენ, დღეს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ მოგცემთ, რამეთუ თქვენს თაობაზე აქ უკვე ვიმსჯელეთ და ამით დავასრულეთ ამ საკითხზე საუბარიო“.

ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა - ჩემს დაუსწრებლად წარმართული საუბრის შინაარსი, როგორ შეიძლებოდა ჩემთვის სიტყვით მიმართვის არ მოცემის საფუძველი გამხდარიყო. ბატონი აკაკის მიერ თავისი „აზრის“ გადმოცემის პარალელურად, ბოდიში მოვუხადე დამსწრე საზოგადოებას, წარმატებები ვუსურვე და დავტოვე შეკრება.

ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის რეინკარნირებული სულის მატარებელის მხრიდან, ჩვენი, როგორც ძე კაცისას არსობრივი მისიის მატარებელი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ, ამდაგვარი პოზიციის დაფიქსირება, იოანეს მხრიდან იმ დაეჭვებისეული მიმნიშნების მისტერიულ აცხადებად გვენიშნა, რაც სახარებაში ასეა გადმოცემული - „...შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდოთ?“ [ლუკა 7,19].

აღნიშნულით, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურდა, ბოლო ჟამის დასასრულს გასავლელი - იოანე ნათლისმცემლის ე.წ. „თავისკვეთისეული ეტაპის“ მიმდინარეობის დასასრული.

 

2013 წ. 10 ოქტომბრის მისტერიული მინიშნებანი

2013 წ. 10ოქტომბერს, ოთხშაბათს, 12.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეპორტიორი“ -ის პრეს-კლუბში [იოსებიძის  ქ. №57] გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ბრიფინგი. საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-პოლიტიკური ნაწილის დეტალები, კერძოდ:

1. იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემისა და

2. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად გადასადგმელი საკანონმდებლო რეგულაციის საკითხები.

აღნიშნული ბრიფინგის პირდაპირი გადაცემა ხდებოდა ინტერნეტ სივრცეში მაუწყებელ, საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი. გე“-ს ელ. გვერდზე. სრული ჩანაწერი გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ეთერში. 1-ი არხის საინფორმაციო გადაცემაში გაშუქდა შეხვედრის მცირე მონაკვეთი.

10 ოქტომრის დღის მეორე ნახევარში, საზოგადოებრივი არხის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდია“-ს წარმომადგენელმა, მათ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 21.20 სთ-ზე ტელევიზიაში მისვლა შემოგვთავაზა.

ტელევიაზიაში მისვლამდე რუსთავიდან რამოდენიმეჯერ დამიკავშირდა ბ-ნი ვალერი მჭედელაძე და რამოდენიმე დღის წინ, მათ ქალაქში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში შეჭრილი ოცამდე სოციალურად დაუცველი ოჯახის იძულებითი წესით გამოსახლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მომაწოდა. პოლიციას, მოსახლეთა დასახმარებლად მისული ჩვენი წარმომადგენელი ბ-ნი ბესარიონ ლაცაბიძე დაუკავებია. ჩვენი ჩარევის მიუხედავად, სასამართლომ ბესარიონ ლაცაბიძე 1500 ლარით დააჯარიმა.

საზოგადოებრივი არხის სტუდიაში მისულებმა [მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ] გავიგეთ, რომ ჩვენთვის განკუთვნილი დრო 15-16 წთ-ით იყო განსაზღვრული, რამაც გვაიძულა, წინასწარ 30 წთ-ამდე დროის ფარგლებში დაგეგმილი ჩვენი სათქმელი მთლიანად გადაგვეხალისებინა.

პროგრამის წამყვანი ქ-ნი ეკა მიშველაძე, ცდილობდა მისი გამოცდილებიდან გამომდინარე გარკვეული [წინასწარ დაგეგმილი]  კუთხით წარემართა გადაცემა.

ჩვენი პროგრამით გათვალისწინებული პოლიტიკური ნაწილის მოკლე, თეზისური სახით გადმოცემის შემდეგ, შევეცადე ის მთავარი სათქმელი მეთქვა მაყურებლისათვის, რასაც მთლიანობაში საქართველოს სულიერი მისია ჰქვია.

ქ-ი ეკას მხრიდან უაღრესად ხელისშეშლის ფონზე მიმდინარე გამოსვლისას, ამომრჩეველთა გასაგონად განვაცხადე, რომ მე, არა მათი ხმების მოპოვებისათვის ვიყავი ამ სტუდიაში მოსული, არამედ მათი სულების გადარჩენისათვის საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა.

მინდოდა რა მომეხადა ვალი მათ წინაშე, შეზღუდული დროის ფაქტორიდან გამომდინარე, მოკლედ ვისაუბრე უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლის წინარე ეტაპის ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე; თითოეული ჩვენთაგის მიერ ჩვენი არჩევანით პასუხისგებისეული ეტაპის მოახლოებაზე, ანუ მოსალოდნელ განკითხვის დღეზე...

მისდა [და ჩემდა] სამწუხაროდ, ქ-ნმა ეკამ [ჩემის აზრით] ჩემი ნათქვამისადმი არასერიოზული დამოკიდებულებიდან გამომდინარე - სათანადოდ ვერ აღიქვა გადაცემაში ჩემს მიერ ნათქვამის არსი.  

ვარდების რევოლუციიდან, ანუ 2003 წ. 23 ნოემბრიდან ათვლით მე-10 წლის მე-10 [ოქტომბრის] თვის მე-10 დღეს, ბოლო ჟამში მისტერიულად განსავითარებელი მოვლენების თაობაზე, ბიბლიაში ასეთი იგავური ფორმითაა  მოთხრობილი:

„იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ მეათე წელს, მეათე თვის ათში [აქ - 2013 წ. 10 ოქტომბერი] ნათქვამი... გამოუთქვი ურჩ სახლს იგავი და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი...

მე, უფალმა, ვთქვი და ახდება, აღვასრულებ; არ ვაპატიებ, არ დავინდობ, არ შევიბრალებ; შენი საქციელისამებრ და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯიან, ამბობს უფალი ღმერთი“ [ეზეკ. 24,1;3;14].

იქვე მოცემული უფლისმიერი კარნახი ასეთია:

„დილით ხალხს ველაპარაკებოდი [აქ - 10 ოქტომბრის, 12.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში გამართული ბრიფინგი] და საღამოხანს [10 ოქტომბრის 21 სთ. 38,45 წთ-დან - 21 სთ. 57,20 წთ-ამდე] მოკვდა ჩემი ცოლი [აქ - -იგავური ფორმით მიგვენიშნება -„ქალზე“, ანუ ქ-ნ ეკა მიშველაძის მიერ გამოხატულ დამოკიდებულებაზე]...“ [ეზეკ. 24,18].

და ბოლოს, ბიბლიაში დაფიქსირებული კიდევ ერთი მინიშნება გვინდა შემოგთავაზოთ - „მეშვიდე ჯერზე (კოდია), როცა ეკი დააყვირეს [აქ - ტელეწამყვან - ეკა-ს საქციელზეა მინიშნება] მღვდლებმა, უბრძანა იესუმ ხალხს: დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა ქალაქი“ [იესო  6,16].

10 ოქტომბერსვე, პრეზიდენტობის კანდიდატს ბ-ნ გიორგი ჩიხლაძეს, დეტალურად ვესაუბრე ბოლო ჟამის მიმდინარეობისა და საპრეზიდენტო არჩევნების მისტერიულ დანიშნულებაზე.

 

2013 წ. 11 ოქტომბერი

2013 წ. 11ოქტომბერს, პარსკევს, 13.30 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28]  პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გააშუა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის დეტალები. განხილული იქნა - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - ე.წ. მარკირებისა და „აიდი“ ბარათების თემასთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნებანი.

ამავე დღეს,  17:00-ზე  

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდული ეროვნულ-სარწმუნოებრივი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულიდისპუტი, თემებზე:

 

1. ქართველთა წარმოშობა და ქართველი ერის მისია;

2. საქართველოს სახელმწიფოებრივი კონცეპტუალური საკითხები ეროვნულ-სარწმუნოებრივ ცნობიერებაზე დაყრდნობით;

3. საგანმანათლებლო რეფორმების უარყოფითი მხარეები და ქართულ-ეროვნულ ცნობიერებაზე ზემოქმედება ახალგაზრდებში;

4. პრობლემების შეჯამება და ვითარებიდან გამოსავალი გზების ძიება.

საინტერესო შეკრების მიმდინარეობისას მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ სხდომის მონაწილეებს გაუზიარეს თავისი შეხედულებები.

 

დრო არ იცდის ჩემო ხალხო,

ერთ მხარეზე დავდგეთ ყველა.

შევიყვაროთ ერთმანეთი,

სასწაული გველოდება...

დაჩაგრულო საქართველო

მოიშორე ეგ ძაძები,

კვირტივით ხარ გამოსული,

ძალზედ მალე აყვავდები...

და მთავარიც - მინდა გითხრა:

სიხარული გელოდება,

მოკლე ხანში, ჩემო კარგო

მაცხოვარი გვესტუმრება.

ვინც ამ ნათქვამს დაიჯერებს,

უკვდავებაც ელოდება...

ვინც არა და... რა ვუშველოთ?

სამუდამოდ იკარგება...

ეკატერინე

ხრიკული

 

 

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

 

დე-იურედ ძალაში მყოფი - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ ბაზაზე მომქმედი საქართველოს კანონიერი სახელისუფლო შტოების მიერ

1992 წელს გადადგმული სამართლებრივი ნაბიჯები

დასაწყისი გაზ. №39 (884)

1992 წლის 2 იანვრისა და 21 თებერვლის შემდგომად განვითარებული პროცესების „დასასრულს“, კერძოდ - 1992 წ. 7 მარტს, მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა, რუსეთის იმპერიის ემისარი, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და საქართველოში მომხდარი სამხედრო ხუნტის მთავარი იდეოლოგიური ხელმძღვანელი - ედ. შევარდნაძე.

ედ. შევარდნაძის ჩამოსვლიდან მესამე დღეს, ანუ - 1992 წ. 10 მარტს გაუქმდა ე.წ. „სამხედრო საბჭო“, და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ე.წ. „სახელმწიფო საბჭო“, რომლის პრეზიდიუმშიც ოთხი პირი გაერთიანდა - თავმჯდომარე: ედ. შევარდნაძე, წევრები: ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი და თ. სიგუა.

1991 - 1992 წ.წ. მოვლენების შედეგად, 1992 წ. 6 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი სახელისუფლო შტოები - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი, რომლებიც იძულებული შეიქნენ დაეტოვებინათ საქართველო, თავისი მოვალეობის შესრულებას დევნილობაში - ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დედაქალაქ გროზნოში შეუდგნენ.

შემდგომში, მოვლენები ასე განვითარდა - „... „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 108-ე და 113,1 მუხლზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1992 წ. 9 მარტის დადგენილებით, 1992 წ, 12-13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის მე-2 სესიის მორიგი სხდომა - ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გაიმართა...

დევნილობაში მყოფმა კანონიერმა სახელისუფლო შტომ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო, საქართველოში შეიარაღებული გზით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგებიდან გამომდინარე არაერთი აუცილებელი მიმართვა, გადაწყვეტილება თუ განცხადება...

საქართველოს სახელისუფლო ვერტიკალის ლეგიტიმურობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება  - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ..) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“[იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 472].

ამავე დღეს, ანუ 1992 წ. 13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში - „აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ“, კერძოდ ვკითხულობთ:

„...სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკაში, ხუნტის .. სამხედრო საბჭოს მიერ შექმნილი არაკანონიერი ორგანოები... უხეში ძალისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ მართონ სახელმწიფო. ამასთანავე, ისინი იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათი აზრით, სახელმწიფო კანონიერი ხელისუფლების აქტებისა და მართვის იურიდიული და ფაქტობრივი ძალის იგივეობას წარმოადგენს.

ხუნტის ასეთი ქმედება არაკანონიერი და მიუღებელია როგორც საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის აქტების თვალსაზრისით...

ხუნტა მიზნად ისახავს მისცეს ლეგიტიმური ხასიათი სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციას. ამისათვის ხუნტა ცდილობს შეიმუშაოს კანონი არჩევნების შესახებ... და დანიშნოს პარლამენტის არჩევნები.

მომქმედი კანონმდებლობის... და მსოფლიო პრაქტიკის თვალსაზრისით, არჩევნების შესახებ კანონის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანონის) მიღების და არჩევნების თარიღის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს, ანუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელიც არჩეულია 1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო, მრავალპარტიული არჩევნებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. .. სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის, სახელმწიფო საბჭოსა და მისი სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული აქტები ანულირებულია, ანუ ჩათვლილია გაუქმებულად და საქართველოს მოქალაქეებისათვის არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა.

2. საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად[იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 479-480].

[გაგრძელება იქნება]