Print

გაზ. № 51 (896)

20 წლისთავი:

1993 . 31 დეკემბერი - 2013 წ. 31 დეკემბერი

აგერ უკვე ოცმა გაუსაძლისმა წელიწადმა ჩაიარა, იმ ტრაგიკული თარიღიდან, როდესაც სამუდამოდ შეწყდა ამქვეყნიური გზასავალი იმ სახელოვანი ქართველი მამულიშვილისა, რომელსაც საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული ზვიად გამსახურდია ერქვა.

ზვიად გამსახურდია გახლდათ არა მარტო თხემით ტერფამდე თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, არამედ იგი იყო ერთ ერთი უძლიერესი - ლიტერატორი, მთარგმნელი, ესეისტი, თეოლოგი,  ეზოთერიკოსი...

ადრეულ ასაკიდანვე დისიდენტურ მოძრაობაში ჩართული ზვიად გამსახურდია, თითქმის ორმოცი წელიწადი მუხლჩაუყრელად მიუყვებოდა ილია ჭავჭავაძის მიერ გაკვალულ გზას, რომელიც - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” სულისკვეთებით გახლდათ ორიენტირებული...

მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთებული ტალღის სათავეში მდგომმა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ, დიდი რუდუნებით შეამზადეს ქართველი ერი რუსეთის იმპერიის სახეცვლილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ მიმართული გადამწყვეტი ბრძოლისათვის.

1989 წ. 13 ოქტომბერს, მერაბ კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვით გაჩენილი სიცარიელე, სამუდამოდ შეუვსებელი დარჩა ზვიად გამსახურდიას შემდგომ საქმიანობაში.

ცალუღელად დარჩენილმა მამულიშვილმა, ერთი წლის თავზე - 1990 წ. 28 ოქტომბერს ჩატარებულ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში ღირსეული გამარჯვება მოუტანა ქართველ ხალხს.

ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით, კანონიერმა, ეროვნულმა ხელისუფლებამ - 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ი.წ. 9 აპრილს - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა...

1991 წ. 14 აპრილს, უზენაესი საბჭოს, ხოლო ი.წ. 26 მაისს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, ქვეყნის ისტორიაში პირველად შემოღებული პრეზიდენტის პოსტზე ზვიად გამსახურდიას არჩევა გახდა - მის მიერ განვლილი გზის ღირსეული დაფასების რეალური გამოვლინება.

1991 - 1992 წლების გასაყარზე, გარე იმპერიული ძალებისა და ქვეყანაში მომქმედი კრიმინალური ელემენტების ერთობლივი მოქმედების შედეგად მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება, დამოუკიდებლობის გზაზე ახლადშემდგარი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებითი ხაზის გამრუდების სათავედ იქცა.

[აღნიშნულმა ქმედებამ, შედეგად არა მარტო გახლეჩილი ეროვნული ცნობიერება, არამედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და მოსახლეობის ცხოვრების დონის უკიდურესი დაცემა გამოიწვია].

ორი წლის დევნილო-ბის შემდგომად საქართველოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ 1993 წლის 31 დეკემბერს ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე და, ხოლო მისი უკვდავი სული მარადისობაში განივთდა...

20 წლის თავზე, გვინდა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი წმიდა წერილებში დაცულ ინფორმაციათა იმ მოკლე ჩამონათვალს, რომელიც უკვე საკმაოდ ნაცნობია ჩვენი მკითხველისათვის...

 

 

ძმას ქრისტესმიერს

(ზვიად გამსახურდიას)

 

როს მიაკითხავ წმიდა ალაგებს,

თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს,

წმიდა მამათა ძვალშესალაგებს

მღვდელმთავართა და მეფეთა საძვლეს.

გეკითხებიან მოსულხარ სადით,

ხატება შენი ვეღარ გვიცვნია,

წარსულის სუნთქვა ესდენ სიცხადით

საუკუნეა არ განგვიცდია.

ხარ მწირი თამარ დედოფალისა,

საღვთო სინედლის გულში აღმზვრელი,

თუ ნახევარძმა პარსიფალისა,

დიდგორს მოსული ვინმე ტაძრელი,

სამსხვერპლო სისხლით აღვსილი წმიდა

გრაალის მცველი ღვთისგან ცხებული,

თუ საიდუმლოდ ათონის მთიდან

თორნიკესავით დაბრუნებული.

ვინ განგვიახლე ნათლობის მადლი,

კურთხევის ძალა შორს გამიზნული,

როს მოგვეძალა დიდვაჭრის ადლით

დუშმანი ჩვენში შემოხიზნული.

ოდეს ტაძართა შედრკა მწირველი

და მიეფარა ღრუბელს უფალი

შენ აღიმართე ვითა პირველი

დაშრეტილ რწმენის ჭირისუფალი.

თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,

გიპყრა მახვილი რვალთა მლეწავი

და აგიტაცა როგორც ბოძალი,

დუშმანის ძვლებში დასახვეწარი.

გჩვეოდა მტერთან არ დარიდება,

შეწყვილებულო სიმტკიცით კლდესთან

და ეძიებდი ჭეშმარიტებას,

ვითა ტარიელ დაკარგულ ნესტანს.

და წინაპართა ტანჯვით ვნებულმა

ერშიც ზრახვანი აღძარ ვნებისა,

როს განაახლე მინავლებული

ხმა ეროვნული თვითშეგნებისა.

ოსტატის სიბრძნით გამოარჩიე

აზრთა განწყობას უცვალე ფერი,

ხელწერა შენი გულს დაამჩნიე,

ახალ ხარისხზე ასწიე ერი.

შენგან ნატყორცნი გავარდა სიტყვა,

ვითარცა მეხი ცათა მკვეთელი,

ჯიუტი თმენის ზღუდე მოსეტყვა

ზღვა საგუბარის დასცა კედელი.

შემოიმტკიცე ფიცვერცხლით ძმანი,

ცეცხლს რომ უნთებდნენ გულში ასულებს,

შლეგებს მოვგავდით მოყმენი ცხრანი,

ვეფხვთან სარკენლად ველად გასულებს,

არ დაგვითრგუნავს სხვათა უფლება,

ყველამ გაიგოს ყველამ უწყოდეს,

რადგან ჩვენც შევტრფით თავისუფლებას,

ჩვენადვე თავი ხამს გვეყუდნოდეს.

მაგრამ ნესტანი, იგი ნესტანი

ისევ ქაჯთა ჰყავთ გამომწყვდეული,

კვლავაც ზვაობენ მტერთა დასტანი,

უტიფრობს შხამი მათგან ნთხეული,

ცნობამიხდილი წყევლი ცრუ სოფელს,

როს გულისწორის სახელს აბოდებ,

ვიცი, რა, ვიცი იმის ხელმყოფელს

უშრეტი ცეცხლით დაანაფოტებ.

როს ამოშრება წყევლის სათავე,

ქაჯეთს მიხტომა ნახონ ჯიქური,

მაშინ იხილონ დუშმანის თავი

უწმინდურ სისხლით გადათხიფული.

მისთვისაც გაგთქვამ ზეცა და მყარი

და ქარიშხალი ზღვებზე მქუხარი,

კვლავ გაიელვებ სიმართლის ფარით,

რწმენის სამკლავით და საფუხარით,

გადაიჭრები გზნებით მყოფადში,

დაემკვიდრები ხალხში მითივით,

ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში,

მიქელანჯელოს კუშტ დავითივით.

დაუცხრომელო სულიერ ცდაში,

დაუსაბამო სიტყვის მხმობელო,

უკიდეგანო ასტრალურ ზღვაშI,

დემონთა ხროვის დამამხობელო,

ხომ ხედავ როგორ გართულდა ომი,

ვაჰ, თუ ძალები შემომელია,

თუმცა მარადში ვარ თანამდგომი,

ავთანდილობა ერთობ ძნელია.

ბოროტისათვის მუქაფის მგებელს,

საქმენი ქველნი არ დამიგმია,

მაგრამ სვებედის საწყისთა მძებნელს,

ერთი ამბავი ვერ გამიგია:

სხვებზე უმეტეს თუ გაისარჯე

როს ჩამოგეჭრა ხმა ედემისა,

მოყვასისაგან რად განისაჯე,

ღირსო უკვდავთა დიადემისა.

ალბათ გამოცდა ენება უფალს,

როს გიმზადებდა ხვედრს არ ასაცდენს,

რადგან განგებას რომელი უყვარს

მასვე მოუვლენს სასტიკ განსაცდელს.

რას დაგაკლებდა ბედი ტიალი,

ეკალ-ბარდებში სიკეთის მთესველს,

ჭორის ღვართქაფმა გადაგიარა

და როს აგივსეს ძმარით ფიალა

არ აიცდინე სასმელი ესე.

რადგან იცოდი როგორ მავნებლობს,

როცა მაცდური გვიდგას საჭესთან,

რომ სიამაყე, აქ რომ მბრძანებლობს,

მათხოვარია იმ სოფლის ბჭესთან,

რომ წაუხდება მცდელობა უმალ,

გატიალდება როგორც სამყარი,

როს აღმოჩნდება, რომ ამგვარ სტუმარს

ზეცაში არ აქვს თავშესაფარი,

რომ ვერ იხილავს სანუკვარ შედეგს

ჭეშმარიტებას ვინც არ იმშვილდებს,

შეუპოვარი ბრძოლების შემდეგ

ვინაც ვერ ჰპოვა სულის სიმშვიდე,

ძმის აღსარება რომელმაც გასთქვა,

ვინც ვერ დაიცხრო ღელვა გულისა,

ზიარებამდე ვინაც ვერ წარსთქვა

საგალობელი სინანულისა.

 

მერაბ კოსტავა

12 აგვისტო, 1978 . დიდგორობა

 

 

თქვენს სალოცავად

სულში მინთია წმიდა სანთელი!..

საქართველოში მიედინება ქრისტეს გზა და სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნის მისია სულიერი... ვინც კი ცდუნდება და „ქრისტეს გზას“ წინ აღუდგება - ის სასუფეველს ვეღარ იხილავს...

ქრისტეს მხედრობა - ზეციური

ქართველ ჯარისკაცს სულ გვერდში ედგა...

დღეს კი - შენი ჯერია!...

როგორც ჯარისკაცს შენ გევალება:

გადაუდექი წინ ბოროტებას და

ქრისტე მხედრობის გვერდით დადექი!..

აღარ მიიღო მავანთ შეკვეთა,

და ნუ აღდგება თქვენში -

„მხედარი ძველი“ - უფლის მგმობი,

ქრისტეს არ მცნობი...

საქართველოის ყველა ჯარისკაცს

მე გეფერებით და სულში მინთია

თქვენზედ მლოცველი წმიდა სანთელი!..

 

დინა [დიანა] ჯიქია

 

მოკლე ანგარიში, ანუ 27 ნოემბრიდან - 27 დეკემბრამდე

27 ნოემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროში ჩაბარდა - ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღების მოახლოებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნის მოთხოვნის შემცველი ღია მიმართვა [ჩაბ. № 11 658];

აღნიშნული საკითხი 27 ნოემბერსვე გაშუქდა საინფორმაციო სააგენტოს „რეპორტიორი“ -ის პრეს-კლუბში; ხოლო 29 ნოემბერს, „ფაზისის საერო აკადემიის“ ღია სხდომაზე;

 3 დეკემბერს მოხდა - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება  უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს  დაფუძნება. გაერთიანების სპიკერად - მიხეილ [გელა] სალუაშვილი აირჩიეს.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- ეგიდით:

1) 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის კანცელარიას ჩაბარდა საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“ [ჩაბ №41865];

აღნიშნული საკითხი 2013 წ. 13 დეკემბერს გაშუქდა საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი“ -ის პრეს-კლუბში;

2) 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის კანცელარიას ჩაბარდა საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე [ჩაბ. № 42 599];

3) 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს ჩაბარდა ღია მიმართვა „მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ 22 დეკემბრის დაწესებასთან დაკავშირებით“;

აღნიშნული ორი საკითხი 2013 წ. 25 დეკემბერს გაშუქდა ლასკარის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

დაიბეჭდა სამი კრებული:

1. „საქართველოს სულიერი მისიის დამადასტურებელი ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ბიბლიური მინიშნებანი“;

2. „საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები“;

3. საქართველოს პარლამენტს - საკანონმდებლო წინადადება: „საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ სამართლებრივი შეფასების საკითხისათვის“.

 

 

შობა-ახალ წელს გილოცავთ

უფლისგან არჩეულებო!

ეკლიან გზაზე მავალნო,

ლასკარში გამოზრდილებო...

შრომა არ დაგეკარგებათ

დაგიფასებთ მაცხოვარი,

თმენით, უმწიკვლოდ ატარეთ

ნაბოძები მძიმე ჯვარი...

„დალოცვილები იყავით“ –

მაღლით გლოცავთ ზეციერი...

დაბლა კიდევ - გვერდში გიდგათ,

და გმფარველობთ მიწიერი.

გაგახარებთ - დრო მთავრდება,

თვით ღმერთმა ასე ინება...

წუთი-სოფელი მთავრდება

და - მარადისობა იწყება...

უფლის მადლის მოიმედე

მუდამ რჩეული იქნება!..

ეკატერინე

ხრიკული

 

22 დეკემბერი - მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღე

1991 - 1992 წლების გასაყარზე საქართველოში განხორციელებული სახლმწიფო სამხედრო გადატრიალების დაწყების დღის 22-ე წლისთავზე, 2013 წ. 22 დეკემბერს, 13.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან თავყრილობა გაიმართა.

დათქმულ დროს, შეკრების ადგილზე მოსული საზოგადოების წინაშე სიტყვით მიმართვისას აღვნიშნეთ საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილი იმ საკანონმდებლო წინადადების რამოდენიმე დეტალი, რომელიც 1991 – 1992 წლების მოვლენების პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას ეხება.

საქართველოსთვის თავს დატეხილი ამ უბედურებისაგან გაჩენილი პრობლემების სამართლებრივ ჭრილში გადაწყვეტის [მძიმე სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება] პარალელურად, აუცილებელია ერთმანეთისაგან განსხვავდეს - დამნაშავე პოლიტიკური ელიტისა და მათ მიერ წამოწყებულ ავანტურაში ნებსით თუ უნებლიეთ გარეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მიზნის მატარებელ ჩვენს მიერ ინიცირებულ მიმართვაში კერძოდ ვკითხულობთ: „...22 დეკემბერს დაწესებული მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღე, საქართველოს ყველა მაცხოვრებლისათვის უნდა იქცეს იმ დაფიქრების დღედ, როდესაც ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა - მოვინანიოთ, ქვეყნის წინაშე ჩადენილი ჩვენი წილი დანაშაული, და მივუტევოთ ერთმანეთს ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებანი, რათა ღმერთმა ჩვენც მოგვანიჭოს შენდობით გამოწვეული მადლისმიერი სიხარული“ [იხ. გაზ. №50(895), გვ. 4].

საპატრიარქოსადმი განკუთვნილი ღია მიმართვის სრული ტექსტი დამსწრე პირთა წინაშე წაიკითხა - მამა ელიზბარმა [დიაკონიძე]. მიმართვის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდნენ - ავთანდილ იოსელიანი, მამა ექვთიმე [ჯანელიძე], ბესიკ ლაცაბიძე და სხვები.

სხენებულ ტექსტზე, თანდართულ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, თავისი მხარდაჭერა ხელმოწერით დაუფიქსირეს - ლიანა დანელიამ, ნარგიზა ჭელიძემ, იამზე თანიაშვილმა, ნანული ნებიერიძემ, ლ. არდამაზიანმა, ნ. ყიფშიძემ, მ. ბუთრიშვილმა, მ. დეკანოიძემ, მ. გიგაურმა, გ. მილაძემ, მ. მილაძემ, ს. გუბელიძემ, ხ. ჭინჭარაულმა, ირაკლი ცაავამ, ხათუნა როსტომაშვილმა, ზ. ნასყიდაშვილმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა, რომან კარაპეტიანმა, ზურაბ ქობალიამ, ვარლამ ტაბატაძემ, ალექსანდრე ჯღარკავამ, გოჩა ხარბედიამ და სხვებმა.

ხსენებული ღია მიმართვის ტექსტი საქართველოს საპატრიარქოს 23 დეკემბერს ჩაბარდა  [ჩაბ. №1243 – 10 -9/1243]. ამის შემდგომად ჯერი - საქართველოს წმიდა სინოდზეა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საეკლესიო იერარქიის უმაღლესი კრებული...

24 დეკემბერს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე რუსთავის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ მოსალოდნელი ადგილობრივი არჩევნებისადმი მზადების დეტალებზე.

25 დეკემბერს, ლასკარში გამართულ ბრიფინგზე ლასკარის თავმჯდომარემ - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და საზოგადოებრივმა მდივანმა ჯემალ ჯიქიამ გავაშუქეთ 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტისადმი [აიდი ბარათების თემაზე] წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებისა და 23 დეკემბერს საპატრიარქოსადმი წარდგენილი მიმართვის თაობაზე. ბრიფინგის სრული ჩანაწერი იმავე დღეს გადაიცა საზ. მაუწყებლობის მე-2 არხზე [23.57 სთ.].

27 დეკემბერს, ფაზისის საერო აკადემიის ღია სხდომაზე ლასკარის თავმჯდომარემ - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და საზოგადოებრივმა მდივანმა ჯემალ ჯიქიამ წაიკითხეს ლექცია საქართველოს სულიერი მისიის თაობაზე.

23, 25 და 27 დეკემბრის მისტერიულად ასასრულებელ მინიშნებათა თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ:

1. „...სრულ იქმნა წმიდა სახლი [საპატრიარქოში ჩვენი მისვლა] ადარის [მე-12] თვის ოცდამესამე დღეს...“ [2 ეზრა 7,5];

2. „...მეთორმეტე თვეს, თვის ოცდახუთში...“ [იერ. 25,27];

3. „...მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს...“ [4 მეფ. 25,27].    

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა] სალუაშვილი