Print

გაზ. № 14 (910)

2014 წ. 31 მარტის მოკლე ქრონიკა

12.00 სთ-ზე, ზვიად გამსახურდიას 75 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს  ორგანიზებით, პარლამენტის შენობის წინ თავყრილობა გაიმართა.

სიტყვით გამომსვლელებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, ავთანდილ იოსელიანმა, მიხეილ ანდღულაძემ, ზაზა დავითაიამ, ვალერი მჭედელაძემ, ისაუბრეს ბატონ ზვიად გამსახურდიას როლზე საქართველოს უახლეს ისტორიაში და 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის უდიდეს მნიშვნელობაზე.

მოგვიანებით მთაწმინდაზე ასულებმა პატივი მივაგეთ ქართველი მამულიშვილის ხსოვნას!

15.00 სთ-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. დარბაზში ზვიად გამსახურდიას 75 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ავთანდილ იოსელიანმა, ჯემალ ჯიქიამ, ალექსანდრე თაქთაქიშვილმა.

19.00 სთ-ზე, რუსთაველის სახ. თეატრში, თბილისის თვითმმართველობის ორგანიზებით ზვიად გამსახურდიას 75 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საღამოზე გაჟღერდა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ზვიად გამსახურდიას სახელობის ლიტერატურული პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით. იქვე გვაუწყეს, რომ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გასაცემი ამ პრემიის პირველი მფლობელები, ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების გამო, კონკუსის ჩატარების გარეშე გამოუვლენიათ. ესენი გახლავან - ნოდარ წულეისკირი, თინათინ მღვდლიაშვილი და ჯემალ დავლიანიძე.

მინაწერი:

დაინტერესებულ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ დევნილობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნებიდან [1993 წ. 24 სექტემბერი] ერთი წლის თავზე - 1994 წ. 24 სექტემბერს, ჩვენს მიერ დაარსებულ იქნა, ოთხ ნომინაციაში გასაცემი - „ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია“.

სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ [თავმჯდომარე - მიხეილ (გელა) სალუაშვილი] მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 1995 წ. 31 მარტს დასახელდა,  „ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის“ პირველი ლაურიატები [იხ. გაზ. „არჩევანი“, №5 (28), გვ. 1, 1995 წ. აპრილი].

ნომინაციების მიხედვით, „ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია“ და სპეციალური დიპლომი გადაეცათ:

1. პოლტიკის დარგში:

ა) პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“-ს;

ბ) ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს - ჯოჰარ დუდაევს.

2. ადამიანის უფლებათა დარგში:

ა) გაზეთ „იბერია-სპექტრსა“ და მის გამომცემელ რედაქტორს - ირაკლი გოცირიძეს;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაცია „ემნესტი ინტერნეიშენელში“ საქართველოს კურატორს - ვანდა ვანზიდლერს.

3. ლიტერატურის დარგში

- მუხრან მაჭავარიანს;

4. პოლიტიკური პუბლიცისტიკის დარგში

- ელიზბარ ჯაველიძეს.

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;

 


წმიდა იყავ სახელი შენი

შენ იყავ მართალი ზვიად...

სახელის უკვდავსაყოფად ისიც გეყოფა, რომ

ქართველი ერი მოგიხსენიებს, როგორც - სიწმინდეს,

როგორც ხატებას!..

შენ ზეციერი სამყაროს შვილი იყავი, რომელიც უკუნეთ ღამეს ებრძოდი დედამიწაზე, აკი ამიტომაც გმტრობდა სატანა.

დღეს, უკვე ნათელია, თუ რატომ მოძღვრავდა თავის ერს წმიდა გაბრიელ სალოსი ამ სიტყვებით - „ვისაც ზვიადი არ უყვარს, ის საქართველოს მტერიაო“. საგულისხმოა, თუ რას ჭვრეტდა, რა ღვთიურ სიბრძნეს ხედავდა საღვთო გზის სიღრმეებში ჩახედული მოძღვარი, ან რატომ აიგივებდა ზვიადის სახელს საქართველოსთან.

ზვიად გამსახურდიას ფენომენის შესაფასებლად მხოლოდ ადამიანური ხედვა არ არის საკმარისი, იმდენად დიდია და სიღრმისეული მისი ხედვა ღვთივსაიდუმოებაში, რაც ნათლად ჩანს მის თეოლოგიურ ნაშრომებში. ერთერთი უპირატესი ამ მხრივ, ქართველი ერის რჩეულობაზე მიმანიშნებელი - „საქართველოს სულიერი მისსია“-ა, რომელზეც დიდი დაფიქრება მართებს ქართველობას...

ძნელია ღრმა ჭვრეტის გარეშე ჩაწვდე, ღვთივსაიდუმლო თემატიკისადმი მიძღვნილი, მისი მრავალფეროვანი ნააზრევის სიღრმეებს... „საქართველოს სულიერ მისსიაში“ იგი ნათლად გადმოსცემს ქართულ ფენომენში ჩამარხული სამყაროს მეხსიერებას, რომელსაც გახსნა-ამოკითხვა და ღვთისაგან მონიჭებული „მესამე თვალით“, გონების [სულიერი] თვალით დანახვა სჭირდება.

საქართველოს სულიერ მისიაში - ზეციერთა ის მადლი და გასაღებია მოცემული, რომელიც იხსნის არამარტო საქართველოს, არამედ - გადაარჩენს დედამიწას, კაცობრიობას...

საცოდავია ის ადამიანი, რომელიც ზეციერთა იმ უდიდეს მადლს გაურბის, რაც უფალმა - საქართველოს სულიერ მისიაში ჩადო... საცოდავია, ეშმაკს ჩახუტებული და ბოროტის გზაზე დაიმედებული - ასეთი ადამიანი ტყუვდება, რომ ზიარების მადლს მიიღებს... მხოლოდ სულიერად განწმენდილ მიეტევება... მადლი მხოლოდ გაწმენდილთან მიდის...

მე, როგორც რიგითი ქართველი, მადლიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა პატივი მივაგო ქართველი ერის სათაყვანებელ მამულიშვილს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას სახელს...

უნდა გვჯეროდეს, რომ, ზეციერი საქართველოს თანადგომით, ქართველობა მალე, აღსდგება იმ დიადი მიზნის მისაღწევად, რომელსაც, წლების მანძილზე, ორი დიდი ადამიანის მამულიშვილური სულისკვეთება და რაინდული სული უძღვებოდა.

და ბოლოს, მინდა იმ დიდ სიყვარულს და მოწიწებას შემოვუერთდე, რაც მეგობრისადმი მიძღვნილ ლექსში ჩააქსოვა, ზვიად გამსახურდიას განუყრელმა მეგობარმა, საქართველ;ოს ეროვნულმა გმირმა მერაბ კოსტავამ:

„შენი სამშობლო არის სულეთი,

სხვა სრა სასახლე ძმაო ნუ გინდა.

დე, ხალხის თვალში დარჩე სულელი,

მამის წინაშე იყავი წმიდა.

დაე, გფარავდეს ვარსკვლავთ კრებული

და მიქაელის ცეცხლის მახვილი,

დაე, ღირსად გცნონ, იქმნა ვნებული,

წმინდა ზვარაკის ტკბილი სასმელით.

არ მიიკარო მწიკული ზადის,

შენი ტანია თვით ეკლესია,

სცან ღაღადისი, გზა განიმზადე,

დედამიწაზე დადის მესია!“

დინა [დიანა] ჯიქია

 

საქართველოს მოსახლეობის გასაგონად სათქმელი,

ანუ ღია წერილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს!

გაზ. „ალია“-ს 2014 წ. 25 მარტის ნომერში [გვ.9] დაბეჭდილ სტატიაში - „რატომ ვერ მიიღო პარლამენტმა „ნაცპარტიის“ ამკრძალავი კანონპროექტი“, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ვახტანგ ხმალაძე, ჟურნალისტ ჟანა ასანიძესთან საუბარში, სხვადასხვა ე.წ. იურიდიული „არგუმენტებით“ ცდილობს შეფუთოს ის, რასაც სინამდვილეში, ამ კონკრეტულ თემასთან მიმართებაში, „ქოცების“ პოლიტიკური ნების არქონა ჰქვია. მოდით მივყვეთ თანამიმდევრობით.

 

1. 2014 წ. 20 მარტს, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ჩვენი მხრიდან მათთვის წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებებიდან, ერთდროულად ხუთი კანონპროექტის „განხილვა“ მოაწყო.

სტატიიდან კარგად იკვეთება, რომ ჟურნალისტის პირველი კითხვა ეხება კანონპროექტს - საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“:

„ბატონო ვახტანგ, რა დაუწუნეთ ამ საკანონმდებლო ინიციატივას, კანონთან და კონსტიტუციასთან არ მოდიოდა შესაბამისობაში?

რომ წაიკითხოთ ეს საკანონმდებლო ინიციატივა, დარწმუნებული ვარ არ მოგეწონებათ. არგუმენტი ის მაქვს, რომ ამ ინიციატივაში იყო ნაწილები, რომელიც არ შეიძლება გახდეს კანონის სახე. მაგ. მათ უწერიათ, კანონპროექტში პროკურატურას უნდა დაევალოს ესა და ესო. ასეთი რამ არ შეიძლება ჩავწეროთ კანონში“.

ჩემთვის, როგორც ამ კანონპროექტ[ებ]ის ავტორისათვის ნათელია, რომ ბ-ნი ვახტანგის პასუხი ეხება სულ სხვა საკანონმდებლო წინადადებას, კერძოდ ესაა კანონპროექტი - საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„მუხლი 3.

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც -  საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

მუხლი 4.

დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს“.

ამ საკითხზე კომიტეტში მიმდინარე განხილვისას, ბ-მა ვახტანგმა ყველას გასაგონად დააფიქსირა, რომ თავად იგი, და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც იგი მიეკუთვნება, ანუ - სახელისუფლო უმრავლესობა, სწორედაც რომ პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, არ აპირებს შეაფასოს საქართველოში შეიარაღებული გზით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება.

ბატონო ვახტანგ!

პოლიტიკურ ასპარეზზე გატარებულ ჩვენს 20-25 წლიან ცხოვრებისეულ გზას თუ გავითვალისწინებთ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების დროს ჩვენ - ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვიდექით, და როგორც ნათლად ჩანს ამჟამადაც ასეთივე პოზიციებზე ვრჩებით.

შესაბამისად, ჩვენს მიერ წარმოდგენილი, ამ მოვლენების ობიექტურად შეფასების გამათვალისწინებელი, კანონპროექტისადმი გამოხატული თქვენი პოზიცია - „რომ წაიკითხოთ ეს საკანონმდებლო ინიციატივა, დაეწმუნებული ვარ არ მოგეწონებათ“-ო, ნათელია თუ როგორი პოლიტიკური პოზიციის ანარეკლია.

სამწუხაროდ, თქვენ, და თქვენნაირი პოლიტიკური გემოვნების მქონენი, მანამ იქნებით ასეთი „გემოვნებით“ განმსჭვალულები, ვიდრე სათანადოდ არ გადააფასებთ თქვენს მიერ გაღებულ წვლილს იმ ტრაგედიაში, რაც 1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მოხდა. 

 

2. გაზეთში დაბეჭდილი მეორე „კითხვა-პასუხი“ ასეთია:

„რატომ არ გსურთ და ვერ ახერხებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი იურიდიულად შეაფასოთ, როგორც დანაშაულებრივი? თქვენ ხომ ამაზე სულ საუბრობდით ოპოზიციაში ყოფნის დროს?

კანონში კონკრეტულის დაწერა რომელიმე პირის თაობაზე, მაგ. პასუხისგებაში მიეცეს ედუარდ შევარდნაძე, ან მიხეილ სააკაშვილი... კანონი არის განზოგადებული, განყენებული. „შეირაცხოს დანაშაულებრივ რეჟიმად“ - ასეთი ფორმულირება დაუშვებელია. ასეთი არ შეიძლება იყოს კანონის ენა, ეს შეიძლება იყოს დადგენილება, მაგრამ დადგენილების უფლება არ აქვს გარეშე პირს. მსგავსი საკითხები ადრეც იყო წარმოდგენილი, სხვა ადამიანების მიერ. ვხსნი და ვერ ვახერხებ, ეტყობა, რომ გავაგებინოთ, რატომ არ ხერხდება ეს. სამართლებრივად მათი მოთხოვნა შეუძლებელია დაკმაყოფილდეს, კანონით ვერ აიკრძალება „ნაციონალებისთვის“ თანამდებობის დაკავება და ა.შ. სანამ არ იქნება ცნობილი ეს პარტია არაკონსტიტუციურად. ამის გაკეთება კი მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია“.

ამ პასუხშიც უამრავი სიცრუე და უზუსტობაა „დაშვებული“.

კანონის სტრუქტურული აგებულება, როგორც მინიმუმ სამი ნაწილისაგან შეიძლება შესდგებოდეს, მაგ. 

1. შესავალი [ან ზოგადი დებულება];

2. ძირითადი ნაწილი და

3. გარდამავალი დებულებები.

ამასთანავე, თავისი ხასიათიდან [დანიშნულებიდან] გამომდინარე, კანონი შეიძლება იყოს: განზოგადებული ან კონკრეტული.

ჩვენი კანონპროექტი - საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“, სწორედაც რომ - კონკრეტული ხასიათისაა, და განკუთვნილია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი ისეთი დანაშაულებრივი მოვლენის შეფასებისათვის, რომელიც უშუალოდ კონკრეტულ პირებს უკავშირდება. სწორედ ამაზეა მინიშნება ჩვენი კანონპროექტის ე.წ. შესავალში, ანუ „ზოგად დებულებაში“:

მუხლი 3. საქართველოში 1991 – 1992 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომად დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის ფუძემდებლების:

ერთის მხრივ - ედუარდ შევარდნაძისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“; და

მეორეს მხრივ - მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი საქმიანობის სიმძიმემ, უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის ისტორიაში“.

მსოფლიო ისტორიას მრავლად ახსოვს დანაშაულებრივი რეჟიმები, რომლებიც ყოველთვის კონკრეტულ პირებთან იგივდებოდა. შორს რომ არ წავიდეთ ასეთებია - ლენინის, სტალინის, ჰიტლერის, მუსოლინის, ფრანკოს, პოლ პოტის, პინოჩეტის, სადამ ჰუსეინის, ჰოსნი მუბარაქის, ლუკაშენკოს, პუტინისა  თუ ასადის რეჟიმები...

თავისი პოლიტიკური წარსულისა თუ „კოაბიტაციის“ მანკიერ ტყვეობაში მყოფისათვის, გასაგებია რომ ძნელია დამნაშავედ მოიხსენიოს - ედუარდ შევარდნაძე, ან მიხეილ სააკაშვილი...“. საბედნიეროდ ასე არ ფიქრობს საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობა... 

 

 ბატონო ვახტანგ!

თქვენ პასუხში - „„შეირაცხოს დანაშაულებრივ რეჟიმად“ - ასეთი ფორმულირება დაუშვებელია“-ო რომ ბრძანებთ, ჯერ ერთი - ასეთი რამ ჩვენს კანონპროექტში რომ არ გვიწერია, ხომ კარგად იცით? მაშ, რატომ ცდილობთ მკითხველის აზრზე მანიპულირებას.

ჩვენი კანონპროექტის ძირითად ნაწილში ასეთი ფორმულირებაა - „მუხლი 4. 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა  მიერ 1992 წ.  2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი“’;

და მეორეც, განა არ იცით, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად - „საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი“ [მუხლი 150,9].

დიახ, კანონმდებლობით ჩვენ უფლება არ გვაქვს, გადაწყვეტილების მისაღებად  „დადგენილების“ ფორმა შემოგთავაზოთ, მაგრამ რა გიშლით ხელს, რომ ეს ფორმა თავადვე აირჩიოთ - ხომ ნათელია, რომ საბოლოო შედეგის მისაღწევად საკმარისია ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მთავარი დებულება იყოს თქვენთვის მისაღები... კანონის თანახმად უკვე თქვენ ხდებით მისი ავტორები, და შესაბამისად, თქვენივე ასარჩევია გადაწყვეტილების მიღებისათვის სასურველი ვარიანტის რა  სახეს [დადგენილება, კანონი, ორგანული კანონი...] მისცემთ მას;

 და ბოლოს, კიდევ ერთი სიცრუის შესახებ:

 

ბატონო ვახტანგ!

თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ჩვენი შემოთავაზება არ ითვალისწინებს დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმების განმახორციელებელი პოლიტიკური პარტიების „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას [რამეთუ ეს სასამართლოს პრეროგატივაა].

ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში მითითებული გვაქვს, რომ - „აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტისა და ამ პ/გ-ებების რიგითი წევრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

დიახ, ჩვენ არა ხსენებული პარტიების აკრძალვასა და ამ ფონზე მათი წევრებისათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გთავაზობთ [იხ. მუხლი 5], არამედ, ხსენებული პოლიტიკური რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადებასა და ამ ყველაფერზე პასუხიმგებელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთათვის პოლიტიკური უფლებების შეკვეცას მოვითხოვთ:

პოლიტიკური გაერთიანებების - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომრამდე, ყველა იმ პირს, რომელიც ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:

- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი]; მინისტრი; მინისტრის მოადგილე; მთავრობის წევრი; მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე; ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოებში ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატი,

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 წლის მანძილზე, აეკრძალოს - საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის უფლება“.

 

ბატონი ვახტანგისა და არა მარტო მისდა გასაგონად, წერილის დასასრულს, ერთიც გვინდა განვაცხადოთ:

ნუ გგონიათ, რომ ხელისუფლებაში მუდმივად იქნებით; არც ის დაივიწყოთ, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ მუხლებს როგორიცაა - თანამდებობის ბოროტად გამოყენება; თანამდებობრივი გულგრილობა და სხვა.

ამიტომ გახსოვდეთ - „...ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი“ [ეკლ. 3,17].

ეს ჟამი კი, - ძალიან მალე დადგება...

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;

თბილისი,

2014 წ. 25 მარტი

 

ხელისუფალის გასაგონად სათქმელი, ანუ

ფარისევლობა ხალხის სახელით !?

ევროკავშირთან გასაფორმებელი „ასოცირების ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერის ერთ-ერთ პირობად, ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებული ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“  მიღების პარალელურად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საკონსტიტუციო ცვლილების გზით, ოჯახის ცნების კონსტიტუციაში ასახვასთან დაკავშირებით, წინასწარვე კრახისთვისაა განწირული, და მოსახლეობის მხრიდან მოსალოდნელი უკმაყოფილების განეიტრალებას ისახავს მიზნად.

როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის, პარლამენტში არსებული ძალთა განლაგების მიხედვით საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საჭირო 113 ხმის მოგროვება - „ქოცებს“ [და მით უმეტეს - „ნაცებს“] არ შეუძლიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პრემიერ-მინისტრმა, კარგად იცის, რომ მის ინიციატივას „ნაცები“ მხარს არ დაუჭერენ... და შემდეგ დაიწყება იმის ახსნა, თუ როგორ ცდილობენ „ქოცები“ იზრუნონ ხალხზე, და როგორ უშლის მათ ხელს „ნაცმოძრაობა“.

ქვეყნის სათავეში მყოფმა ძალამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არავითარი ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“  მიღება საჭირო არ არის, რამეთუ მისი მთავარი არსი, ქართველი ერის ისტორიულად ჩამოყალიბებული ფასეულობების შეცვლას ისახავს მიზნად, და ემსახურება ერთადერთ მიზანს - ერთმანეთს გაუთანაბროს: მტყუანი და მართალი; ავადმყოფი და ჯანმრთელი; ცრუ და ჭეშმარიტი...

პრემიერ მინისტრმა და მისმა გუნდმა უნდა იცოდეს, რომ მათი ეს ე.წ. ინიციატივა უკვე ასახულია - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში [იხ. წიგნი მეხუთე, საოჯახო სამართალი, კარი პირველი „ქორწინება“, თავი პირველი „დაქორწინების წესი და პირობები“], რომელშიც ვკითხულობთ:

„ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომშისააგენტოს ტერიტორიული სამსახური) [მუხლი 1106. ქორწინების ცნება (28.12.2006 N 2626)].

ხელისუფალო - დაანებეთ თავი ხალხის სახელით ფარისევლური პოზიციების დაფიქსირებას, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ - „ქოცებიცა“ და „ნაცებიც“ ერთი „პოლიტიკური მოკარნახისაგან“ ხართ მართული, რომელსაც ყოველგვარი ეროვნული ფასეულობის შეცვლა-გადაგვარება დაუსახავს მიზნად.

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სპიკერი

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 1 აპრილის

სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 1 აპრილის სხდომაზე:

მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

1. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: საქართველოში 2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“;  

2. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

- თინათინ ბაიაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“];

- ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

-ელენე ცხომელიძემ [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“];

- ვალერი მჭედელაძემ [„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე];

„უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

 „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 1 აპრილს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლას-კარის სხდომა.

3 აპრილს, 11:15 სთ-ზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - მიხეილ სალუაშვილმა გააკეთა მოხსენება: ს/გ გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით [სხდომის მიმდინარეობაში მონაწილეობას იღებდნენ - ჯემალ ჯიქია, მევლუდ მამადაშვილი და ნუკრი წიკლაური]

4 აპრილს, საინფორმაციო საქაგენტო „პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბა 3 აპრილს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განხილვისა და ახალი კანონპროექტის წარდგენის თაობაზე..