Print

გაზეთი № 27 [923]

უმცირესობის მიერ უმრავლესობის

მართვის ქრონიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღეისათვის - საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა: 3 429 748. აქედან, საქართველოს მაშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 485 372 ამომრჩეველმა, ანუ - 43,31%.

საქართველოს მაშტაბით, პროპორციულ არჩევნებში გამარჯვებისათვის დაწესებული 4%-იანი ბარიერი, მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა. ესენია:

1. კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელმაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 50,82%-ი, ანუ - 719 431 ხმა [საერთო ამომრჩეველთა - 20,98%] მოაგროვა;

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 22,42%-ი, ანუ - 317 395 ხმა [საერთო ამომრჩეველთა - 9,25%] მოაგროვა;

3. „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია“, რომელმაც არჩევნებშზემისულ ამომრჩეველთა 10,22%-ი, ანუ - 144 691 ხმა [საერთო ამომრჩეველთა - 4,22%] მოაგროვა;

4. „დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა - 4,72%-ი, ანუ - 66 805 ხმა [საერთო ამომრჩეველთა - 1,95%] მოაგროვა.

მთლიანობაში, ამ ოთხმა გაერთიანებამ მოაგროვა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა - 1 248 322 ხმა, რაც საერთო ამომრჩეველთა - 36,4% შეადგენს.

აღნიშნულს, თუ იმასაც დავამატებთ, რომ ცალკეულმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა გარკვეული ოდენობის მაჟორიტარი კანდიდატების გაყვანა მოახერხეს, მთლიანობაში, საქართველოში 2014 წ. 15 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგად, ადგილობრივ ორგანოებში სახელისუფლო ბერკეტები მოიპოვეს, საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 37-38%-იანი მხარდაჭერის მქონე ძალებმა.

ვფიქრობთ ორიგინალურები არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ხსენებული ძალები ყველანაირად შეეცდებიან გაითვალისწინონ სწორედაც რომ ამ - უმცირესობის, ანუ მათი მხარდამჭერი 37-38%-ის სურვილები;

ხოლო იმის ანალიზი, თუ საქართველოში დაფიქსირებული საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 62-63%-ის ნების გაუთვალისწინებლად ჩამოყალიბებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანში მაცხოვრებელთა უმრავლესობას, ამის კომენტარი მკითხველისათვის მიგვინდვია.

2014 წ. 15 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებზე საუბარი თბილისში დაფიქსირებული შედეგების ფონზე გვინდა განვაგრძოთ.

 

1. ქ. თბილისის საკრებულო

მოდით ვნახოთ რა მდგომარეობაა ქ. თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში. კანონის თანახმად ქ. თბილისის 50 მანდატიანი საკრებულო: 25 პროპორციული და 25 მაჟორიტარი დეპუტატისაგან კომპლექტდება.

ცესკოს მიერ, ქ. თბილისის 2014 წ. 15 ივნისის არჩევნებთან მიმართებაში,  2014 წ. 27 ივნისს მიღებული ოქმის შესაბამისად:

თბილისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 918 867;

პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 343 582 ამომრჩეველმა [ანუ - 37,26%];

ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობამ  - 14 151 შეადგინა.

პროპორციული წესით გასანაწილებელი 25 მანდატი ოთხ პოლიტიკურ ძალას შორის გადანაწილდა. ესენია:

1. კოალიციამ „ქართული ოცნება“, რომელმაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა - 46,01%-ი, ანუ - 151 269 ხმა [საერთო ამომრჩეველთა - 16,46%] მოაგროვა, მიიღო - 13 სადეპუტატო მანდატი;

2. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა - 26,11%-ი, ანუ - 85 858 ხმა [საერთო ამომრჩეველთა - 9,34%] მოაგროვა, მიიღო - 7 სადეპუტატო მანდატი;

3. „ნინო ბურჯანაძე -ერთიანმა ოპოზიციამ“, რომელმაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა - 10,35%-ი, ანუ - 34 026 ხმა [საერთო ამომრჩეველთა - 3,7%] მოაგროვა, მიიღო - 3 სადეპუტატო მანდატი;

4. „დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა - 6,35%-ი, ანუ - 20 890 ხმა [საერთო ამომრჩეველთა - 2,27%] მოაგროვა, მიიღო - 2 სადეპუტატო მანდატი.

ჯამში, ე.წ. გამარჯვებულმა პარტიებმა, არჩევნებზე მისული - 343 582 ამომრჩევლის - 88,82%-ი, ანუ - 292 043 ხმა მოაგროვეს, რაც თბილისის ამომრჩეველთა მხოლოდ - 31,78% შეადგენს.

თითქმის ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელია დაფიქსირებული მაჟორიტარული წესით არჩეულ 25 დეპუტატთან მიმართებაში, რომელთაგან - 24 მანდატი აიღო „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო ერთი მანდატი დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოიპოვა.

შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულოს 50 მანდატიანი დეპუტატთა კორპუსი გამოხატავს დედაქალაქში მაცხოვრებელთა არა უმრავლესობის, არამედ მხოლოდ 32%-მდე, ანუ - 1/3-ზე ნაკლებ ამომრჩეველთა ნებას.

 

2. ქ. თბილისის მერის არჩევნები

დღეისათვის მოქმედი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „მერის/გამგებლის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები“ [მუხლი 169,2].

2014 წ. 15 ივნისს ჩატარებულმა ქ. თბილისის მერის არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რამეთუ: კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს - დავით ნარმანიას, არჩევნებში მონაწილეთა მხოლოდ  - 151 807 ამომრჩეველმა, ანუ - 46,09% დაუჭირა მხარი [მეორე შედეგი დააფიქსირა - ნიკანორ მელიამ, რომელმაც მიიღო, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 27,97%, ანუ - 92 125 ხმა].

ასეთი შემთხვევისათვის გათვალისწინებული კანონის მოთხოვნები ასეთია

- „1. თუ მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატმა ვერ მიიღო ამ კანონის 169-ე მუხლით განსაზღვრული ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს....

2. მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცესკო შესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში, თუ ოქმი არ გასაჩივრდა, ხოლო ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში − სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში, სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით. არჩევნების მეორე ტური ტარდება ცესკოს მიერ მისი დანიშვნის შესახებ განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა“ [მუხლი 1691,1-2].

ცესკოს მიერ, ქ. თბილისის მერის 2014 წ. 15 ივნისის არჩევნებთან მიმართებაში,  2014 წ. 27 ივნისს მიღებული ოქმის შესაბამისად:

თბილისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 918 867;

არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაა - 342 386 [ანუ - 37,26%];

ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობაა - 11 771;

არჩევნების შედეგად განისაზღვრა, რომ  თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს, პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი: დავით ნარმანია  და ნიკანორ მელია.

2014 წ. 3 ივლისს ცესკოს მიერ მიღებული №265/2014 დადგენილებით არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს დაინიშნა.

ამდენად, ქ. თბილისის მერის არჩევნების შემთხვევაში, რეალურად ასეთი სურათი გვაქვს:

- დავით ნარმანიას მიერ მიღებული, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 46,09%, ანუ - 151 807 ხმა, თბილისში მცხოვრებ - 918 867 ამომრჩევლის მხოლოდ - 16,52%-ს შეადგენს; ასევე

- ნიკანორ მელიას მიერ მიღებული, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 27,97%, ანუ - 92 125 ხმა, თბილისში მცხოვრებ 918 867 ამომრჩევლის მხოლოდ - 10,03%-ს შეადგენს.

მაშასადამე, ქ. თბილისის მერის არჩევნების მე-2 ტურში მონაწილეობას იღებენ, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის - 16, 52% [დავით ნარმანია] და 10,03% [ნიკანორ მელია], ანუ მთლიანობაში დედაქალაქში მაცხოვრებელთა არა უმრავლესობის, არამედ მხოლოდ - 27%-მდე, ანუ - 1/3-ზე ნაკლებ ამომრჩეველთა მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები.

 

3. დასკვნის მაგიერ

ისევე როგორც ყველგან, საქართველოში მაცხოვრებელი მოსახლეობაც, ხელისუფალისადმი დამოკიდებულების მიხედვით, სამ პირობით ჯგუფადაა დაყოფილი: მომხრე, მოწინააღმდეგე და ნეიტრალური.

თანამედროვე პოლიტიკაში დამკვიდრებული წესის თანახმად, ქვეყანა, მასში მაცხოვრებელთა უმრავლესობის მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა ძალამ [ძალებმა] უნდა მართოს.

ჩვენს ქვეყანაში საქმე სხვაგვარადაა. დღეს მომქმედი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, არანაირ ქვედა ზღვარს არ აწესებს, თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა რა რაოდენობის შემთხვევაში ჩაითვლება არჩევნები ჩატარებულად. შესაბამისად, თეორიულად, არჩევნებზე ამომრჩეველთა 1%-ის მისვლაც კი საკმარისია გამარჯვებულის გამოსავლენად.

შესაბამისად, ქვეყნის მართვის სადავეებთან ყოფნისათვის სულაც არ არის საჭირო ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა. ასეთი „ბერკეტის“ მფლობელი [ნებისმიერი] ხელისუფალი, დაინტერესებულია არა მარტო მისი კურსის მხარდამჭერი ამომრჩევლის არჩევნებზე მისვლით, არამედ იმითაც, რომ, ზემოთხსენებულ ე.წ. „მოწინააღმდეგე“ და „ნეიტრალურ“ ჯგუფში შემავალმა, რაც შეიძლება ამომრჩეველთა ნაკლებმა რაოდენობამ გამოხატოს თავისი ნება.

ბუნებრივია, რომ ამ წესით ხელისუფლებაში მოსული ძალა, არ გრძნობს რა არანაირ ვალდებულებას ქვეყანაში მაცხოვრებელი უმრავლესობის წინაშე, ცდილობს ყოველმხრივ „ასიამოვნოს“ სწორედ იმ ე.წ. უმცირესობას, რომელთა მხარდაჭერითაც იგი ამ კონკრეტულ ეტაპზე სარგებლობს.

  ჩვენის აზრით, სწორედ ეს მექანიზმი განაპირობებდა ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის მიერ მართული დანაშაულებრივი რეჟიმების ქმედებას; და, სამწუხაროდ, ამავე პრინციპზე დაყრდნობით მოქმედებს, დღეს ჩვენი ქვეყნის სათავეში მყოფი, - კოალიცია „ქართული ოცნებაც“.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში დარწმუნება, რომ დღეს მოქმედი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ხელს უწყობს, რათა ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარონ ამომრჩეველთა არა უმრავლესობის, არამედ უმცირესობის [განხილულ მაგალითზე 1/3-ზე ნაკლების] ნების გამომხატველმა პოლიტიკურმა ძალებმა.

დიახ, 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალებიდან დღემდე, სახეზე გვაქვს საქართველოში მაცხოვრებელთა უმცირესობის მხარდაჭერით ქვეყნის სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალის [ძალების] მიერ დამკვიდრებული ქვეყნის მართვის წესი - უმცირესობის მიერ უმრავლესობის მართვა. აქედან გამომდინარე შედეგებიც სახეზეა...

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

30 ივნისის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე განიხილეს:

1. 15 ივნისის არჩევნების შედეგების ამსახველი ბიბლიური მინიშნებანი [მ. სალუაშვილი];

2. წყნეთში გაკრული საარჩევნო პლაკატების გამო საქალაქო სასამართლოს მიერ ჩვენი გაერთიანების დაჯარიმების საკითხი, და ჯარიმის გადახდის მექანიზმი [მ. სალუაშვილი, ა. იოსელიანი, ჯ. ჯიქია, დ. ამაშუკელი, ხ. ვართანიანცი, ნ. არუდაშვილი, ვ. მჭედელაძე].

 

 

საქართველო

დიდი ლასკარია“

მაღალო ღმერთო ერთსა გთხოვ,

ოღონდ ეს შემაძლებინე,

უფლის ქვეყნად გაცხადება

ხალხისთვის მახარებინე...

შემდეგ თუკი გსურს ეს გული

„მდინარეს“ წააღებინე...

სუყველა ტანჯვას ავიტან,

[თუნდაც გამაკრან ფიცარზე],

მალე გაცხადდეს უფალი,

ლასკარის წმინდა მიწაზე.

მე მარტო ლასკარი მინდა,

არ გვინატრია - „ვილები“,

ღმერთო - ჯანმრთელად მიმყოფე,

ჩვენი ლასკარის შვილები...

ეკატერინე

ხრიკული

 

წმინდანთ სულების განმეორება საქართველოში

[რეინკარნაცია]

წმინდანთ სულები „მეორდებიან“ საქართველოში! კვლავაც ზეციდან მიწიერში გადაინაცვლეს...

წამებულ სულებს, დედამიწაზე, რად აბრუნებს მაღალი ღმერთი? ნეტავ რაღა სურს? რად არ მშვიდდება მაღალი ზეცა, კვლავ რას ამზადებს დედამიწაზე?

კითხვის პასუხად, უხილავი სამყაროს მაცნე, ასე გვაუწყებს:

სამყაროს მკვიდრნო, გაითავისეთ „ბოლო ჟამის მოახლოება. უფლის გზა მზადდება საქართველოში, და მოციქულნი თვის ნატერფალებს უბრუნდებიან!...

წინამორბედი გზას მიიკვლევს, ბობოქრობს სულში!  გატიალების სიბილწეს ამხელს დედამიწაზე, და ჟამს მოწევნულს აცხადებს ხალხში.

ეს რა დრო დგება ქართველებო! - ნეტარი წამი: უფლის დრო მოდის!

და საქართველოვ! - წინ გელოდება შენ „ოქროს ხანა“!...

შენ, საქართველოვ, დაგშვენდებოდა, ოჰ რარიგად დაგშვენდებოდა - „ცხებული მეფე!“.

 

დინა [დიანა] ჯიქია

 

ზეცა ნიშნებს გვეუბნება

რამდენნაირად გვესაუბრება მაღალი ღმერთი, რამდენჯერ განცდა მოგვანიჭა - მარადისობის, და, საუკუნოდ შემონახული, ღვთივსაიდუმლო ბეჭდები ახსნა...

დავითის ფესვში ჰპოვა - საყრდენი, და ქართველ ერში - ღვთის რჩეულები. მადლობა უფალს ასე გულუხვად გვიწყალობა ზეცის ცვარ-ნამი, და შეგვამზადა ბოლო ჟამისთვის - რჩეული ერი.

არ ნიშნავს მცირეს, უფალმა რომ ბიბლიაში კოდირებულს ახადა ფარდა  [ეს ნიშანია, - დიდი ნიშანი!], ქართული ენა აახმოვანა და ააჟღერა ჰანგი ღვთიური.

ეხლა კი ვხვდები, რატომ ატყვია ქართულ ფენომენს ღვთიური კვალი!...

ეხლა კი ვხვდები, რად ეძახიან ქართულ ენას - ღმერთების ენას!...

რადგანაც ღმერთმა ასე ინება, წმინდა წერილის ქართულ ენაზე ასაუბრება, დიდება უფალს!...

მკის ჟამი დგება მორწმუნენო! დრო დგება უფლის!

ცრუ - ჭეშმარიტი გაირჩევა... მგელი და ცხვარი გაიყოფა... ბეჭედდასმულთა რიცხვი გაიზრდება... ლაზარეს კართან ლოდი დაიძრება

დინა [დიანა] ჯიქია

 

ხალხთან პირისპირ

ხალხში ამბობენ: ბოლო ჟამზე ქადაგება არის სიცრუე. მაშ, ჩვენ ვტყუივართ?!

ასე ცრუ იყო თქვენი ხედვა მაშინაც, - როცა პირველად ქრისტე მოვიდა დედამიწაზე.

ჩვენა ვართ ცრუნი?! სად არს სიცრუე?! - ჩვენთან თუ თქვენთან?!

დრო დამოწმებს ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ მივყვებით გზას ქრისტესმიერს.

ისწრაფეთ, რათა უფლის გზისაკენ შემობრუნება არ იყოს გვიან. გაუფრთხილებლად გაწირულა მრავალი ერი. დღეს, გაფრთხილება - ქართველებო, არის გულუხვი მოწყალება მაღალი ღმერთის!...

დინა [დიანა] ჯიქია

 

ნეტარ არიან ღირსნი!...

უფლის სარტყელით შემოსარტყლული

ვდგავარ შენს წინა:

რა გსურს უფალო, რით გემსახურო?

თუკი უფლის გზა - სიცოცხლეს ითხოვს,

აჰა, აქა ვარ!

ქრისტიანობა - არს თავგანწირვა,

და რჩეულობა - გვირგვინი მისი.

ნეტარ არიან ღირსნი,

ვისად წილად ერგო

უფლის გზაზე თავგანწირვა,

რამეთუ მათია ზეციური სასუფეველი.

დინა [დიანა] ჯიქია

 

უფალი ამბობს...

უფალი ამბობს - „წუთისოფლის სიყვარული ღვთის მტრობაა“...

პრეზიდენტები და მეფეები - მოვლენ და წავლენ. აღარ ღირს ბრძოლა თავგანწირვით ამა სოფლისთვის. მაცდურია წუთისოფელი.

მე, ზეციურს გიქადაგებთ - უფალი მოდის!

გმართებთ თავგანწირვა და ზეციური მეუფება სამუდამოდ თქვენთან დარჩება.

დინა [დიანა] ჯიქია

 

2014 წ. 8 მარტიდან - 15 ივნისამდე,

ანუ 100 დღის ქრონიკა

2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის მზადება, ოფიციალურად - 2014 წ. 8 მარტიდან დავიწყეთ. წინამდებარე წერილში გვინდა წარმოგიდგინოთ, წინასაარჩევნო პერიოდში, ჩვენი ორგანიზაციის მიერ - სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში დაფიქსირებული აქტივობის მოკლე მიმოხილვა.

1. 8 მარტი:სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 . 8 მარტის სხდომაზე დაადგინეს: ...2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ მონაწილეობას მიიღებს: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელდებით“ [გაზ. №11(907), გვ. 3];

2. 12 მარტს საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, მიხეილ ანდღულაძემ, ჯემალ ჯიქიამ და ავთანდილ იოსელიანმა ისაუბრეს: გაერთიანების სახელით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“ [გაზ. №11(907), გვ. 7];

3.26 მარტს, 12.30 -13.30 სთ-ზე ტ/კ „ობიექტივი“-ს გადაცემაში - „იურისტის საათი“ [წამყვანი - ელგუჯა ჩხაიძე], მიხეილ [გელა] სალუაშვილმა გააშუქა  - „საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენის იურიდიული მექანიზმი“ [რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი] [გაზ. №13(909), გვ. 3];

4. 4 აპრილს, საინფორმაციო საქაგენტო „პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბა 3 აპრილს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განხილვისა და ახალი კანონპროექტის წარდგენის თაობაზე“ [გაზ. №14(910), გვ. 7];

5. 11 აპრილს, 13.00 სთ-ზე საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ ანდღულაძემ და მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბრეს საარჩევნო სიებში მილიონამდე გაყალბებული პირადობის მოწმობის აღმოჩენისა და მ. სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების თაობაზე პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესახებ [გაზ. №15(911), გვ. 8];

6. 2014 წ. 23 აპრილს, 13.30 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გაიმართა - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის პირველი დარეგისტრირებული კანდიდატის - მიხეილ (გელა) სალუაშვილის პრესკონფერენცია. განხილული იქნა არჩევნებში მონაწილეობის მთავარი მიზანი [გაზ. №17(913), გვ. 8];

7. 2 მაისს, ლასკარში გამართულ ბრიფინგზე, „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული უზნეობის დამამკვიდრებელი ე.წ. კანონის მიღებასთან დაკავშირებით [ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა იმავე დღეს, საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 23.16 სთ-ზე] [გაზ. №18(914), გვ. 8];

8. 8 მაისს, 23. 26 – 23. 55 სთ-ზე, ტ/კ „კავკასია“-ს პროგრამა „ბარიერი“-ს ღია ეთერში [წამყვანი - ნინო ჯანგირაშვილი], თბილისის მერობის კანდიდატებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და გიორგი ლაღიძემ თავიანთი შეხედულებები გააცნეს მაყურებლებს.

9. 9 მაისს, ჩვენს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ისაუბრა - საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებისა და საქართველოს საპატრიარქოსადმი ჩაბარებული „ღია წერილის“ არსობრივ დეტალებზე. ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა ამავე დღეს საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 17.34 – 17. 41 სთ-ზე [გაზ. №19 (915), გვ. 8];

10. 14 მაისს, საინფორმაციო სააგენტო „პარაიმ ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე - მიხეილ [გელა[ სალუაშვილმა და დავით ამაშუკელმა ისაუბრეს 13 მაისის საკომიტეტო სხდომის შედეგებზე. ბრიფინგის ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 23. [27 – 44] სთ-ზე [გაზ. №20 (916), გვ. 10];

11. 27 მაისს, 17.00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხის გადაცემაში „თავისუფალი საარჩევნო ტრიბუნა“ [წამყვანი ელენა ტრეხლებოვა], №7 ს/გ „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, 45 წუთიან ღია ეთერში, ისაუბრა მეორედ მოსვლის წინარე დროის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების თაობასა და პარტიის საპროგრამო ნაწილის ზოგიერთ დეტალზე [გაზ. №22 (918), გვ. 7];

12. 3 ივნისს, 14.30 სთ-ზე, საინფორმაციო-სააგენტო „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, „უფლის სახელით...“ თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მოუწოდა „ქოცებისა“ და „ნაცების“ მიერ დასახელებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, მათ შორის - დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას, თუ ისინი ემიჯნებიან ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღებას - მოხსნან თავიანთი კანდიდატურები, და უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. ხოლო ამომრჩევლებს მიმართა - დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ, რამეთუ ამ გუნდის მხარდაჭერა, მათ, ხსენებული კანონის მიღებით გამოწვეული ცოდვის თანაზიარს გახდით.

აღნიშნული ბრიფინგის მოკლე ანონსი ამავე დღეს გადაიცა, საზ. მაუწყებლის პირველ არხზე „მოამბე -16.00 სთ-ზე“ [16.43 სთ.]; და მე-2 არხზე - 16.00 სთ., ასევე მეორე დღეს - 09.50 სთ.

13. 4 ივნისს, 16.00 სთ-ზე, ლასკარში გამართულ ბრიფინგზე, №7 ს/გ „უფლის სახელით...“ წარდგენილმა: ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჯორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა დავით ამაშუკელმა, სპეციალური მიმართვა გააკეთეს - ედ. შევარდნაძის პოლიტიკური ფესვებიდან ამოზრდილი ძალებისადმი, და მოუწოდეს მათ უარი ეთქვათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. აღნიშნული ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე იმავე დღეს - 18.01 სთ-ზე და 23.43 სთ-ზე [გაზ. №23 (919), გვ. 1];

14 [15-16]. 5 ივნისს, 10.00 სთ-ზე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მწვანეთა მოძრაობაში გაერთიანებული რამოდენიმე ორგანიზაციის ეგიდით, გაიმართა ვაკის პარკის დასუფთავების აქცია. ამ დღეს მიმდინარე აქციაზე მიხეილ [გელა] სალუაშვილის ინტერვიუ გადაიცა: 1. ტ/კ „მაესტრო“-ზე, 12.25 სთ-ზე; 2. ტ/კ „რუსთავი -2“-ზე, 12.27 სთ-ზე; 3. საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 18.08 სთ-ზე [გაზ. №23 (919), გვ. 3];

17. 10 ივნისს, 15.00 სთ-ზე, ლასკარში გამართულ ბრიფინგზე №7 ს/გ „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა დავით ამაშუკელმა, სპეციალური განცხადებით მიმართეს ეროვნული სულისკვეთების ამომრჩეველს, მოახლოებულ არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი იმავე დღეს გადაიცა საზ. მაუწყებლობის მე-2 არხზე, 23.24 – 23. 36 სთ-ზე.

18. 11 ივნისს, 19.00 სთ-ზე, წყნეთში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდნენ №7 ს/გ „უფლის სახელით...“ წარდგენილი ქ. თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ვაკის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ავთანდილ იოსელიანი... შეხვედრის ჩანაწერი იმავე დღეს გააშუქა საზ. მაუწყებლობის მე-2 არხმა: 22.48 – 22.51 სთ-ზე.

19. 11 ივნისს, საზ. მაუწყებლობის პირველ არხმა, პროგრამა „პირველი სტუდია“-ს ფორმატში [წამყვანი - ეკა მიშველაძე] მონაწილეობა შემოგვთავაზა. „უფლის სახელით...“ წარდგენილ ქ. თბილისის მერობის კანდიდატს მიხეილ [გელა] სალუაშვილს, 20-ის ნაცვლად მხოლოდ 14 წუთის ხანგრძლივობის საეთერო დრო დაუთმეს [იხ. საზ. მაწყ. 1 არხი, 11. 06. 2014 წ.: 22. 52.40 – 23. 06. 40 სთ-ი].

20. 13 ივნისს, 21.00 - 21.45 სთ., საზ. მაუწყებლის მე-2 არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „ეპიცენტრი“ [წამყვანი - დოდო შონავა], „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, შეაჯამა საარჩევნო პერიოდის მანძილზე გადმოცემული ის თემატიკა, რასაც - „საქართველოს სულიერი მისია“ ჰქვია [გაზ. №24 (920), გვ. 7-8];

საინფორმაცი სააგენტო „პრესა.გე“ და „დრონი.გე“-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 16 მაისიდან ვიდრე 15 ივნისის ჩათვლით, აღნიშნული სააგენტოების ინტერნეტ გვერდების მეშვეობით გავრცელდა - 80 მასალა [ვიდეო მიმართვები, „უფლის სახელით...“ მოაზრებული - საქართველოს სულიერი მისიისა და პოლიტიკური თემატიკის შემცველი წერილები].

ამდენად, მთლიანობაში, წინასაარჩევნო ფორმატში - 2014 წ. 8 მარტიდან - 15 ივნისამდე გასულ 100 დღეში, სულ გაშუქდა 100 მასალა, მათ შორის:

1. სატელევიზიო საეთერო სივრცეში გავიდა - 20 გადაცემა;

2. საინფორმაციო სააგენტოების მიერ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა - 80 მასალა.

 

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი