Print

კავკასია - მშვიდობის სახლი ["კავმშვისა"]

კავკასია - მშვიდობის სახლი,

ისტორიული ექსკურსი

ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, ესწრაფვის რა არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას, თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა შეიქმნას - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“.

როგორც მოგეხსენებათ, კავკასიის რეგიონად მოაზრებულ ტერიტორიაზე დღეისათვის ხუთი სახელმწიფოა განთავსებული - აზერბაიჯანი (86, 6 ათ. კვ. კმ.), თურქეთი (სულ 780,6 ათ. კვ. კმ.), რუსეთის ფედერაცია (254,3 ათ. კვ. კმ., სულ 17,075,400 კმ²-ს.), საქართველო (69,7 ათ. კვ. კმ.) და სომხეთი (29,8 ათ. კვ. კმ.). 

რუსეთის ფედერაცია კავკასიაში წარმოდგენილია შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებით: კრასნოდარის მხარე (76,0 კვ. კმ.), სტავროპოლის მხარე (66,5 კვ. კმ.), რესპუბლიკები - ადიღე (7,6 კვ. კმ.), ყარაჩაი-ჩერქეზეთი (14,1 კვ. კმ.), ყაბარდო-ბალყარეთი (12,5 კვ. კმ.), ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია (8,0 კვ. კმ.), ინგუშეთი (4,6 კვ. კმ.), ჩეჩნეთი (15,9 კვ. კმ.), დაღესტანი (50,3 კვ. კმ.)

 

კავკასია ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი საბინადრო რაიონია. იგი არაერთხელ გამხდარა მომთაბარეთა (სკვითები, სარმატები, ალანები და სხვა) თავდასხმის ობიექტი. ახ. წ. I ათასწლეულში კი - ბიზანტიასა და ირანს შორის ხანგრძლივი ომის ასპარეზად გადაიქცა. ამავე ათასწლეულის შუა ხანებში კავკასიაში დამკვიდრდა ფეოდალური ურთიერთობა, გავრცელდა ქრისტიანობა.

კავკასიის რეგიონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვნული ტერიტორიაა - „კავკასიაში ცხოვრობს 50-ზე მეტი ეროვნების ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ: იბერიულ-კავკასიურ (კავკასიურ), ინდოევროპულ და ალთაურ ენობრივ ოჯახთა ენებზე.

იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფში შედის ქართველური, აფხაზურ-ადიღური, ნახური და დაღესტნურ ენათა ჯგუფები...

კავკასიაში მცსოვრებ ხალხთაგან ინდოევროპულ ენათა ოჯახში შედიან: რუსები, უკრაინელები, სომხები და ირანის ჯგუფის ხალხები...

ალთაური ოჯახის თურქული ჯგუფის ენებზე ლაპარაკობენ აზერბაიჯანელები, ერთმანეთთან ახლო მონათესავე ყარაჩაელები და ბალყარები, ყულმუხები, ნოღაელები, თათრები, კავკასიის თურქმენები...

კავკასიაში მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ ბერძნები, ასურელები, მოლდაველები, ესტონელები, მორდველები, კორეელები, ბოშები...

კავკასიის მორწმუნე მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანობას აღიარებს. მართლმადიდებლები არიან: რუსები, უკრაინელები, ოსების ძირითადი ნაწილი, ქართველებისა და აფხაზების უმრავლესობა, მოზდოკის ყაბარდოელები; მონოფიზიტები - სომხები; დანარჩევი ხალხის დიდი ნაწილი მუსლიმანია. მათ შორის ლეკების მცირე ნაწილი - შიიტები; სხვები, და ნაწილობრივ აფხაზები, ოსები და ქართველები (აჭარლები და ინგილოები) - სუნიტები; ქართველი და მთიელი ებრაელები აღიარებენ იუდაიზმს...“ (ქ.ს.ე., ტ. 5, თბ. 1980 წ., გვ, 302-303).

კავკასია ხშირად ფიგურირებდა ძველ ბერძნულ ლეგენდებში; პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიის მთას, იასონი და მისი არგონავტები კოლხეთში ეძებდნენ ოქროს საწმისს.

სავაჭრო-საქარავნო გზების გადამკვეთი კავკასიის რეგიონი, ისტორიის მანძილზე, არაერთხელ გამხდარა ურთიერთდაპირისპირების ეპიცენტრი. სპარსელები, ხაზარები, არაბები, მონღოლები, თურქები ხშირად ესხმოდნენ თავს რეგიონს, რამაც განაპირობა მისი ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სიჭრელე.

რუსეთი კავკასიაში გამოჩნდა მე-18-19 საუკუნეებში სპარსეთთან და თურქეთთან ომების შემდეგ. ქრისტიანმა მოსახლეობამ (საქართველო და სომხეთი) მიიღო რუსეთის ჰეგემონია როგორც თავდაცვის საშუალება თურქთა ძალმომრეობისაგან. აზერბაიჯანის, დაღესტნისა და ჩერქეზეთის მუსულმანური მოსახლეობა წინ აღუდგა რუსეთს და დამორჩილდნენ მხოლოდ შამილის დამარცხების შემდეგ.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთკავკასიურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტები და აჯანყებები. ამჟამად კავკასია წარმოადგენს გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფ რეგიონს, რომელიც გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო (ჩეჩნეთი, აფხაზეთი, ცხინვალი ოლქი, მთიანი ყარაბაღი) დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

მიზეზთა გამო დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია: საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის; აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის; დღემდე ჩაკეტილია თურქეთისა და სომხეთის საზღვარი; გამწვავებული ურთიერთობაა რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის...

ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დედამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით.

ამჟამად წარმოგიდგენთ, ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდის მიერ დეტალურად დამუშავებულ - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს [„კავმშვისა“] დამფუძნებელი დოკუმენტის პროექტის ზოგად მონახაზს:

 

„ჩვენ, კავკასიის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები - აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, საქართველო და სომხეთი ვესწრაფვით რა მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას, წინამდებარე ხელშეკრულების დადებით ვაცხადებთ: საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს ჩამოყალიბებას, რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია - საქართველოში, ქალაქ - ქუთაისში.

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს წევრი სახელმწიფოები ვაცხადებთ:

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, ითვალისწინებს რა გაერო-ს წესდების 52-ე და 54-ე მუხლების სულისკვეთებას, ყალიბდება, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კავკასიის რეგიონში უშიშროების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, იქმნება კავკასიის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, საქართველოსა და სომხეთის მიერ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი დამფუძნებელი დოკუმენტია, და რომელსაც დაექვემდებარება ამ ორგანიზაციის საქმიანობა;

  საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს წევრი სახელმწიფოები რჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, მასში გაერთიანებული სახელმწიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხების, ერთმანეთს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო უზრუნველვყოფთ, პრინციპების მიღებით და მეთოდების დაწესებით, რომ - შეიარაღებული ძალები არ გახდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობაში მთავარი დასაყრდენი, დაემორჩილება მხოლოდ საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ პრინციპებს და სხვანაირად არ იქნება გამოყენებული, თუ არა თითოეული ქვეყნის ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისათვის;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანასწორუფლებიანობის რწმენას;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ხელს შევუწყობთ სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.

მთლიანობაში, ჩვენს მიერ შემუშავებული საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“ („კავმშვისა“)-ს დამფუძნებელი დოკუმენტი, შესდგება შემდეგი 10 თავისაგან:  

1. ზოგადი დებულება [5 მუხლი]; 2. „კავმშვისა“-ს წევრები [4 მუხლი]; 3. „კავმშვისა“-ს ორგანოები [1 მუხლი]; 4. სათათბირო [12 მუხლი]; 5. დარბაზის სამდივნო [12 მუხლი]; 6. დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტა [5 მუხლი]; 7. ეკონომიკური და სოციალური საბჭო [9 მუხლი];  8. იურიდიული საბჭო [8 მუხლი]; 9. შესწორებანი [2 მუხლი]; 10. „კავმშვისა“-ს სიმბოლიკა, ადგილმდებარეობა, ლიკვიდაციის წესი [3 მუხლი].