Print

1993 წ. სექტემბერი

თვე იგი მეცხრე - 1993 წ. სექტემბერი

 

- მიმართვა ქართველი ერისადმი

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული ქალაქ ზუგდიდში 1993 წლის 24 სექტემბერს გამართულ  მრავალათასიან მიტინგზე

- სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მიმართვა ქართველი ერისადმი

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა სოფლის მუშაკებს, გლეხობას

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

მიმართვა

ქართველი ერისადმი

საქართველოს დღევანდელმა უკანონო, ნეოკომუნისტურმა ხელისუფლებამ, ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფის პირას მიიყვანა, ხუნტა ხელოვნურად ამწვავებს კრიზისს დასავლეთ საქართველოში, რათა დაიმორჩილოს მოსახლეობა და თავს მოახვიოს მას თავისი უკანონო რეჟიმი.

ფოთის ე.წ. გამგებელმა მელიამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ყველა სახის სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის გასვლა და შემოსვლა. ეს ბრძანება გამოქვეყნებულია გაზეთ „ფოთის მოამბის“ ამა წლის 29 აგვისტოს ნომერში. მიუხედავად ამისა, ხუნტა ურცხვად აცხადებს, თითქოს ფოთი ბლოკირებულია ჩვენი ძალების მიერ, რომელნიც, ვითომდაც არ ატარებენ ტრანსპორტს. ამით მას სურს მოსახლეობის ამხედრება შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

მოგიწოდებთ, გააძლიეროთ საპროტესტო მოძრაობა, გაფიცვები, მიტინგი თუ ყოველგვარი საპროტესტო აქციები, ხუნტის ამ არაადამიანური ქმედებების წინააღმდეგ, ამხილოთ ხუნტა და მხარში ამოუდგეთ კანონიერ ხელისუფლებას.

მე მოვუწოდებ ხუნტის შეიარაღებულ ძალებს, გადმოვიდნენ ჩვენს მხარეზე, შევიდნენ კანონიერ სტრუქტურებში, მათ გარანტირებული ექნებათ ხელშეუხებლობა, სათანადო პირობების დაცვით.

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, ხუნტის დაუყოვნებლივ გადადგომა და საქართველოში კანონიერებისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენ გავიმარჯვებთ.

გფარავდეთ ღმერთი ჩვენს სამართლიან, უკომპრომისო ბრძოლაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „აღდგომა“, №31 (62), გვ. 1, 20 სექტემბერი, 1993 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ზვიად გამსახურდიას სიტყვა,

წარმოთქმული ქალაქ ზუგდიდში

1993 წლის 24 სექტემბერს გამართულ

მრავალათასიან მიტინგზე

ჩემო საყვარელო ხალხო! ჩემო ძმებო, დებო, შვილებო, თანამებრძოლებო, პირველად ჩემს ცხოვრებაში სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მოგეფეროთ, მოგესიყვარულოთ, როგორ გამოვხატო ჩემი ამჟამინდელი გრძნობა. არ ვიცი, დამუნჯებული ვარ სიხარულისაგან თქვენი დანახვისაგან, საქართველოს დანახვისგან, თავი სიზმარში მგონია. ამდენი ხანია, მეგობრებო, არ შემივლია თვალი საქართველოსთვის, თქვენთვის, ვიყავი ტანჯვაში, ბრძოლაში, გაძევებული სამშობლოდან, მაგრამ ჩემი ფიქრი, ჩემი აზრი ყოველდღე თქვენთან იყო, ყოველდღე თქვენთან ვიყავი უხილავად, მეგობრებო, ერთი წუთი არ მიფიქრია სხვა რამეზე თქვენს გარდა, ჩემი ქვეყნის გარდა, არაფერზე არ მიფიქრია, მეგობრებო!

ეს მეორე წელი მიდის, მეორე წელი სრულდება, რაც მე მომწყვიტეს საქართველოს, მაგრამ ვერ მომწყვიტეს, ხომ ხედავთ, ვერ მომწყვიტეს!

მეგობრებო! არც არის ძალა, რომელიც საქართველოს დააჩოქებს, არ არის ასეთი ძალა დედამიწის ზურგზე, ვინაიდან ქართველი ერის შეგნება არის უმაღლესი, ქართველი ერის ძალისხმევა არის უდიდესი. ვერაფერს დაგვაკლებენ, მეგობრებო, ვერაფერს! თავიანთ თავს დააკლებენ და უკვე დააკლეს. ხომ ხედავთ!

უმძიმესი ჟამი დაგვიდგა. გაპარტახებულია საქართველო, განადგურებულია საქართველო ამ ჯალალედინების, ამ თემურ-ლენგების, ამ ჩინგისხანების მიერ. ასეთი ყოფილა ჩვენი ისტორიული ბედი: ტანჯვა, ბრძოლა, გლოვა, მაგრამ ბოლოს მაინც გამარჯვება.

მრავალჯერ ვღვარე ცრემლი, მრავალჯერ, ეხლაც მეტირება, განა არ მეტირება, როდესაც ვუყურებ აი, ამ სახეებს, განა ჩვენ ყველას არ გვეტირება ეხლა, მეგობრებო. არაერთხელ მივუსამძიმრე, ეხლაც ვუსამძიმრებ, ახლაც მუხლს ვიყრი მათი ხსოვნის წინაშე, ისინი შეეწირნენ საქართველოს, ისინი შეეწირნენ ღვთის საქმეს, ღვთის უდიდეს საქმეს შეეწირნენ ისინი და საუკუნოდ კურთხეული იქნება მათი ხსენება.

ჰოდა, იმას გავიმეორებ, ჩვენი ისტორიული გზა მუდამ ასეთი იყო, არაფერი ახალი დღეს არ ხდება, ასე იყო საუკუნეების განმავლობაში, ვინაიდან „კარგია მუდამ მტრიანი“ ქართული ხალხური ანდაზაა, და ქართველი ერიც იმიტომ არის ესოდენ მტრიანი, „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანო“. ამიტომ ვართ ყოველის მხრით მტრებით და ყვავ-ყორნებით გარემოცული, მაგრამ ისტორიაში როგორც გავარღვიეთ ყველა რკალი, როგორც დავამარცხეთ ყველა ბარბაროსი, კაციჭამია, ახლაც ისე დავამარცხებთ ამ კაციჭამიებს.

კაციჭამია ხუნტა სულს ღაფავს, თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის და დროზე მოეგოს გონს, ვინც გაწირა საკუთარი ერი, ვინც ძმას ძმა გადაჰკიდა, ვინც ძმის სისხლში გაისვარა ხელი, დროზე შეინანონ, დროზე მოინანიონ ღვთის წინაშე და თუ უფალი შეუნდობს, ჩვენც შევუნდობთ, თუ საქმით მოინანიებენ, თუ საქმით შეინანებენ, თუ დაინახავენ, რა დაატრიალეს საქართველოში, რა დღეში ჩააგდეს საქართველო, თუ აეხილებათ ის დაბნელებული თვალები, ის დაბრმავებული თვალები, თუ აეხილებათ, დე დაინახონ, რომ მათ საქართველო ვერ დააჩოქეს, სამეგრელო ვერ დააჩოქეს და ვერც დააჩოქებენ.

მეგობრებო, მტერი, როდესაც უპატრონოდ დაიგულა ჩვენი მამული, ვერაგულად შემოგვესია. მას ეგონა, ამ კაციჭამიებზე გაბოროტებული ხალხი, გამწარებული ხალხი მას არ აღუდგებოდა, შემოგვესია, ვერაგულად, ჟლეტს ჩვენს თანამოძმეებს, არნახული ბარბაროსობით, არაადამიანობით, ანცვიფრებს მთელ მსოფლიოს, ის მტერი წაქეზებულია კიდევ უფრო დიდი მტრის მიერ, მაგრამ ორივე, დამიჯერეთ, ორივე დამარცხდება საქართველოსთან ბრძოლაში.

ჩვენ კი არ დავუშვებთ ჩვენი ძმებისა და დების ჟლეტას! ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი დებისა და ძმების სისხლის ღვრას! ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ იმას, ვისაც ჰგონია, რომ საქართველო უპატრონოა. არ არის საქართველო უპატრონო, არ არის, ამაოდ გგონიათ, ყვავ-ყორნებო, რომ საქართველო უპატრონოა, საქართველოს ჰყავს პატრონი, და მალე დაინახავენ ისინი იმ პატრონის ძალას!

მეგობრებო! ჩვენ არ გვინდოდა სისხლისღვრა. ჩვენ არ გვინდოდა მოძმე ხალხის სისხლში ხელების გასვრა. აბა გაიხსენეთ 1989 წლის 27 ივლისი, როდესაც მე აქ ვიდექი, სწორედ ამ ადგილზე სწორედ ეს მიკროფონი მეჭირა, თქვენც აქ ბრძანდებოდით აღელვებული, როდესაც აფსუებმა სოხუმში ქართველების სისხლი დაღვარეს პირველად, მაშინ მე ჩამოვედი, აღელვებული ხალხი დავაწყნარე და მოგიწოდეთ სიმშვიდისაკენ. მოვუწოდე მათ, რომ გონს მოგებულიყვნენ, მაგრამ ვაი, რომ არ მოქმედებს მათზე ადამიანური სიტყვა, არ მოქმედებს მათზე შეგონება. რა გაეწყობა, ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს მოძმეთა დასაცავად, მტკიცედ უნდა დავდგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, საქართველოს დასაცავად, ქართული მიწის დასაცავად. ნურავის ჰგონია, რომ უპატრონო საქართველოს გაავერანებს და მის მიწას მიითვისებს.

ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მოლაპარაკება, შერიგება, ეხლაც ვთავაზობთ. თუ შეგრჩენიათ გონება, თუ შეგრჩენიათ ელემენტარული კეთილი განსჯა, გონს მოეგეთ, დაანებეთ თავი ამ სამხედრო ავანტურას საქართველოს წინააღმდეგ. ქართულ მიწას თქვენ არავინ დაგითმობთ, შევრიგდეთ! თუ ელემენტარული კეთილგონიერება გააჩნიათ, შეწყვიტონ ეს ომი და გამოგვიწოდონ შერიგების ხელი.

მე შევთავაზე მათ არაერთხელ, სხვათა შორის, ჩვენი მეგობრების - ჩეჩნების მეოხებითაც, მათი შუამავლობითაც, არაერთხელ - გამოვაცხადოთ ეროვნული შერიგება, დავამთავროთ ეს ძმათამკვლელი ომი, მაგრამ ის ავანტურისტები, რომლებიც მათ სათავეში უდგანან, არ ცხრებიან, არ ცხრებიან, ვინაიდან მათ არ სურთ მშვიდობა, ჩვენ კი გვსურს, ჩვენ გვსურს ვუმკურნალოთ ჩვენს დაწყლულებულ, მრავალტანჯულ ქვეყანას, მაგრამ ნურას უკაცრავად, დიდი ვაჟასი არ იყოს:

„სამშობლოს არვის წავართმევთ

ნურც ნურვინ შეგვეცილება,

თორემ ისეთ დღეს დავაყრით

მკვდარსაც კი გაეცინება!“

ალბათ მრავალ თქვენგანს აწუხებდა აზრი - რატომ არ ჩამოდის პრეზიდენტი.

ყველას აწუხებდა ეს, ყველას, ყველა დაფიქრებული იყო. პირდაპირ გეტყვით, ვერ ჩამოვდიოდი, ისეთი ბლოკადა მომიწყო ხუნტამ და მისმა მხარდამჭერმა ძალებმა, რომ ფიზიკურად ვერ გამოვაღწიე, მრავალჯერ ვცადე, მაგრამ ვერ გამოვაღწიე, და აი, ახლა უფალმა ინება, განგებამ ინება, სასწაული მოხდა და ჩამოვედი თქვენთან.

ეხლა მინდა მივმართო ჩვენს მებრძოლებს.

ძმებო, თქვენი შემართება, თქვენი თავდადება, თქვენი ვაჟკაცობა მთელ საქართველოს აოცებს, აღაფრთოვანებს, იმედს აძლევს, ამავე დროს მე, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი მთვარსარდალი, რომელსაც ფიცი მაქვს მიცემული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა, მოგიწოდებთ, მტკიცედ დავდგეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დავიცვათ ჩვენი ქართული მოსახლეობა!

ამავე დროს გთხოვთ, - თქვენ, მართალია, საყვედური არ გეთქმით, - მაგრამ განვამტკიცოთ დისციპლინა, ვიყოთ ნამდვილი რეგულარული ჯარი, ვინაიდან თქვენ ხართ კანონიერი ჯარი, კანონიერი მხედრობა საქართველოსი და ეს განაპირობებს თქვენს ძლევამოსილებას, ის უკანონო ბანდები ამიტომაც არიან ასე დაქსაქსულნი და უძლურნი, რომ კანონიერება მათ მხარეზე არ დგას, და ჩვენ უნდა განვსხვავდებოდეთ სწორედ ამით - ორგანიზებულობით, დისციპლინირებულობით, და მე გთხოვთ, რომ დღეიდან განსაკუთრებით ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, ვინაიდან ეს დისციპლინა, ეს ერთიანი შემართება განაპირობებს მომავალში ჩვენს გამარჯვებებს.

დღეს ჩვენი ბიჭები იბრძვიან ოჩამჩირე-სოხუმის მიმართულებით, ჩვენი ძვირფასი ლოთი იქ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვოს და კატეგორიულად ვუცხადებ ხუნტას - რასაკვირველია, მას ესმის ეხლა ჩემი: ამჟამად, როცა საქართველოს უჭირს, მან ხელი არ უნდა შეგვიშალოს და ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას, რაც ერგება საქართველოს, რაც მას უკანონოდ აქვს მიტაცებული, ყველაფერი ეს გადმოვიდეს ჩვენი კანონიერი ჯარის ხელში და მოხმარდეს საქართველოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ხუნტას შეაჩვენებს საქართველო კიდევ მრავალჯერ და მომავალშიც შეაჩვენებს მას, თუ ის ხელს შეგვიშლის ჩვენ, თუ ის საბოტაჟს გამოგვიცხადებს, თუ არ დაუთმობს ყოველივე იმას, რაც ჩვენს მებრძოლებს სჭირდება და თუ განაგრძობს მონოპოლიზებას ხელისუფლებისას. ეს მისთვის კატასტროფით დამთავრდება.

ამავე დროს მოვუწოდებ მათ, დროზე გადადგნენ და ადგილი დაუთმონ კანონიერ ხელისუფლებას.

და ბოლოს, დავამთავრებ სახარების სიბრძნით: ქვეყანაზე სიკეთის მქადაგებელი, სათნოების მქადაგებელი ღმერთი, რომელიც მოევლინა დედამიწას და დადიოდა დედამიწაზე, იესო ქრისტე ბრძანებს: „ვინც მახვილი აღიღოს, მახვილითავე შეიმუსროს!“

[გაზ. „აღდგომა“, №32 (63),, გვ. 2, 26 სექტემბერი, 1993 წ.].

 

 

სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

მიმართვა

ქართველი ერისადმი

ძვირფასო თანამემამულენო!

ძმანო და დანო!

მე, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, დავუბრუნდი სამშობლოს და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას, მე ვხედავ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას, მე არ შემეძლო ასეთ დროს ვყოფილიყავი საქართველოს გარეთ, მე ჩამოვედი არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევასრულო ჩემი თანამდებობრივი მოვალეობა, არამედ იმისათვის, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნული ხსნის მოძრაობას.

ძმანო და დანო! ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ასეთ დროს დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს. მე ჩამოვედი არა იმისთვის, რომ გავაჩაღო სამოქალაქო ომი, ან დავსაჯო ვინმე, არამედ ჩემი მიზანია ერის გამთლიანება და ეროვნული შერიგება, და თუ მოწინააღმდეგე მხარე შეიგნებს თავის შეცდომებს, შეინანებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, მე მზად ვარ მათაც გავუწოდო ხელი.

თუ უკანონო ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და გადადგება, მე მზადა ვარ უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით დავნიშნო ახალი არჩევნები, ყველას მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია სათანადო პირობების გათვალისწინებით.

ალბათ მრავალ თქვენგანს სურს შეიტყოს, თუ რად დაგვიანდა ჩემი ჩამოსვლა, იმის გამო, მეგობრებო, რომ მქონდა უამრავი დაბრკოლება, რომელთა დაძლევაც ვერ ხერხდებოდა, მაგრამ, აი, დადგა ჟამი და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ დღეს თქვენთან ვარ.

დღეს საქართველო უნდა დაირაზმოს ერის ხსნისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, ჩვენი ეკონომიკის აღდგენისათვის, ქართული სულის აღორძინებისათვის.

გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად!

გილოცავთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

25 სექტემბერი, 1993 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №32 (63),, გვ. 1, 26 სექტემბერი, 1993 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

მიმართვა

სოფლის მუშაკებს, გლეხობას

შევარდნაძის კრიმინალური ხუნტის მმართველობამ საქართველოს ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო, ქვეყნის მეურნეობა გაჩანაგებულია, სახელმწიფო სოციალურმა სფერომ არსებობა შეწყვიტა, გაჩაღებულია დამანგრეველი პროვოკაციული და მოღალატური ომი აფხაზეთში.

ასეთ ვითარებაში, კანონიერების მოქმედების რეგიონის მთელს მოსახლეობას, მთელს ქართველობას მივმართავ მოწოდებით - ეროვნული ეკონომიკის გადარჩენა, საქართველოს მეურნეობის შევარდნაძის კრიმინალური ხუნტის მძარცველთაგან ხსნა ერთ-ერთი უპირველესი რიგის ეროვნულ ამოცანად დაისახონ.

საგანგებოდ მივმართავ ჩვენს სოფლის მუშაკებს, გლეხობას - უნდა მოვიწიოთ და ხუნტის ბანდების ყაჩაღური ძარცვისაგან, გაფლანგვა-დანიავებისაგან გადავარჩინოთ მოსავალი, არ უნდა დაიკარგოს არც ერთი მარცვალი - მოსავალი მთელი ქართველი ხალხის საკუთრებაა და არა შევარდნაძის კრიმინალური რეჟიმისა.

ამ მიზნით მთელს საქართველოში - სასოფლო რაიონებში, ცალკეულ სოფლებში უნდა შეიქმნას მოსავლის აღებისა და დაცვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საგანგებო მარაგის შტაბები და კომიტეტები კანონიერი ხელისუფლების ხელმძღვანელობით, კანონიერი ხელისუფლების მომხრე საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მონაწილეობით.

აღნიშნულმა შტაბებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ მოსავლის აღებისა და დაბინავებისათვის პირველ რიგში და უპირობოდ იქნას გამოყოფილი საწვავი, ტრანსპორტი და ფულადი რესურსი, ამისათვის საქართველოს იმ რაიონებში და რეგიონებში, რომლებიც ჯერ კიდევ შევარდნაძის კრიმინალურ რეჟიმს აქვს ოკუპირებული, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული მიზნის მისაღწევად უნდა მოეწყოს მიტინგები, შიმშილობები, სხვა მშვიდობიანი პოლიტიკური აქციები, მოეწყოს პიკეტები მოსავლის დატაცებისაგან დასაცავად და სატრანსპორტო გზების კონტროლისათვის.

კანონიერების მოქმედების რეგიონში მინისტრთა კაბინეტმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა საჭიროა დასახონ და შეასრულონ კოორდინირებული, კარდინალური და რადიკალური ღონისძიებები მოსავლის - განსაკუთრებით ჩაის, მარცვლეულის, ციტრუსების აღება-დამუშავებისა და მისი ოპტიმალურ ფასებში ექსპორტისა და გასაღების უზრუნველსაყოფად და სანაცვლოდ სასიცოცხლო საჭიროების პროდუქციისა და ნაღდი ფულის შემოტანისათვის: ამისათვის მაქსიმალურად უნდა იქნას ამოქმედებული და ორგანიზებული როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბაზრო სტრუქტურები.

წინ მძიმე ზამთარი გველის, მოსავლის უდანაკარგოდ მოწევა და მისი ხსნა ხუნტის მტაცებლებისაგან - საქართველოს ხსნაა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

25 სექტემბერი, 1993 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №32 (63),, გვ. 1, 26 სექტემბერი, 1993 წ.].