Print

1993 წ. აგვისტო

თვე იგი მერვე - 1993 წ. აგვისტო

 

- მიმართვა ფოთის მოსახლეობისადმი

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

- ფოთის პრეფექტს, ბ-ნ თ. ბარამიძეს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს, ბ-ნ ზ. ცხვიტარიას, ქ. ფოთის დაუმორჩილებლობის კომიტეტს

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული განსაკუთრებული დანიშნულების ასეულის უფლება-მოვალეობები

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

მიმართვა

ფოთის მოსახლეობისადმი

ძვირფასო თანამემამულენო!

ფოთის საზოგადოებრიობის აქტიური როლი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში საყოველთაოდ ცნობილია, ფოთის მოსახლეობა სრულიად საქართველოს მოსახლეობასთან ერთად მუდამ მხარს უჭერდა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას და დაუმორჩილებლობას უცხადებდა პროიმპერიულ კომუნისტურ-მაფიოზურ ხუნტას, რომელმაც საქართველოს არნახული კატასტროფა დაატეხა თავს.

ფოთის მნიშვნელობა დღეს უაღრესად დიდია. მას ძალუძს გადამწყვეტი როლი შეასრულოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენაში, საქართველოს გადარჩენაში. ხუნტის ბანდები და დაქირავებული მანქურთები, რომელნიც დღეს ფოთში დააბანაკეს შევარდნაძემ, მელიამ და გიორგაძემ, დიდ საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას, ისინი იცავენ მაფიოზურ კლანებს და ეხმარებიან მათ საქართველოს სიმდიდრის საზღვარგარეთ გატანაში, საქართველოს ძარცვაში, რამაც ჩვენი ქვეყანა უკიდურეს ეკონომიკურ გაღატაკებამდე და სიდუხჭირემდე მიიყვანა, რისი მსხვერპლიც არის ხალხი, სრულიად საქართველოს მოსახლეობა.

ამის გამო ფოთის საზოგადოებრიობას, კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ პარტიებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოვუწოდებ გაერთიანდნენ საგაფიცვო კომიტეტში, რომელიც დაიწყებს საყოველთაო უვადო გაფიცვას ფოთიდან ხუნტის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გაყვანისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით. საგაფიცვო კომიტეტის ფორმირება და ხელმძღვანელობა დაევალება დაუმორჩილებლობის კომიტეტს, პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს ზ. ცხვიტარიას და ფოთის პრეფექტს, თ. ბარამიძეს, რომელნიც ანგარიშვალდებულნი იქნებიან პრეზიდენტის წინაშე.

გვფარავდეს ღმერთი საქართველოს ხსნისათვის ბრძოლაში!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წლის 16 აგვისტო

[გაზ. „აღდგომა“, №28 (60), გვ. 1, 23 აგვისტო, 1993 წ.].

 

 

მიმართვა

ფოთის მოსახლეობისადმი

 

ენგურჰესის საგაფიცვო კომიტეტის შექმნის შესახებ

დაუმორჩილებლობის კომიტეტის ხელმძღვანელობას

შეიქმნას ენგურჰესის საგაფიცვო კომიტეტი, რომელმაც უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს გაფიცვა ფოთიდან, სენაკიდან და ხობიდან ხუნტის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გაყვანით და სამეგრელოს ბლოკადის მოხსნის მოთხოვნით. კომიტეტის ხელმძღვანელობა ანგარიშვალდებული იქნება პრეზიდენტის წინაშე.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წ. 17 აგვისტო

[გაზ. „აღდგომა“, №28 (60), გვ. 1, 23 აგვისტო, 1993 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბრძანებულება

საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო სამსახურის შექმნის შესახებ

შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო სამსახური მ. ჩუხუას ხელმძღვანელობით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წ. 17 აგვისტო

[გაზ. „აღდგომა“, №28 (60), გვ. 1, 23 აგვისტო, 1993 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბრძანებულება

ქ. ზუგდიდში რადიოსადგურ „თავისუფალი საქართველოს“

ა. გვარამიას ხელმძღვანელობით შექმნის შესახებ

შეიქმნას ქ. ზუგდიდში რადიოსადგური „თავისუფალი საქართველო“ ბატონ ა. გვარამიას ხელმძღვანელობით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წ. 17 აგვისტო

[გაზ. „აღდგომა“, №28 (60), გვ. 1, 23 აგვისტო, 1993 წ.].

 

ფოთის პრეფექტს, ბ-ნ თ. ბარამიძეს

პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს, ბ-ნ ზ. ცხვიტარიას,

ქ. ფოთის დაუმორჩილებლობის კომიტეტს

შეიქმნას ქ. ფოთის საგაფიცვო კომიტეტი, რომელიც სათავეში ჩაუდგება გაფიცვებსა და სხვა აქციებს ხუნტის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ქალაქიდან გაყვანისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წ. 17 აგვისტო

[გაზ. „აღდგომა“, №28 (60), გვ. 1, 23 აგვისტო, 1993 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული

განსაკუთრებული დანიშნულების ასეულის უფლება-მოვალეობები

ასეულს ევალება:

აღკვეთოს ნებისმიერი სამხედრო დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფო სამხედრო და ეკონომიკურ ძლიერებას და დაამყაროს მკაცრი დისციპლინა ამ მიმართულებით. კერძოდ, განიხილოს მასალები და მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები შემდეგი სახის დანაშაულობებზე.

ურჩობა, ე.ი. აშკარა უარი უფროსის ბრძანების შესრულებაზე;

წინააღმდეგობის გაწევა უფროსისადმი, აგრეთვე სხვა პირისათვის, რომელიც ასრულებს სამხედრო სამსახურში მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ან მისი იძულება დაარღვიოს ეს მოვალეობა.

მუქარა და ძალმომრეობა უფროსის მიმართ;

ხელქვეითის მიერ უფროსისა და უფროსის მიერ უმცროსის შეურაცხყოფა;

ერთი სამსახურის მიერ მეორის შეურაცხყოფა ძალმომრეობითი მოქმედებით, როცა მათ შორის არ არის ხელქვეითობისა და უფროს-უმცროსის დამოკიდებულება;

თვითნებური წასვლა. ე.ი. ნაწილისა და სამსახურის ადგილის თვითნებური დატოვება საბრძოლო ვითარებაში.

სამხედრო ქონების გაფლანგვა ან დაკარგვა და სამხედრო ქონების განზრახ განადგურება და დაზიანება;

საყარაულო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა;

საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა ომის მიმდინარეობის დროს;

სამხედრო საიდუმლოებების გახმაურება ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის დაკარგვა;

ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, უფლებების გადამეტება, ან სამსახურისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

მოწინააღმდეგისათვის ომის წარმოების საშუალებათა ჩაბარება ან დატოვება;

ბრძოლის ველის თვითნებურად დატოვება ან იარაღით მოქმედებაზე უარის თქმა ბრძოლის დროს;

მარადიორობა ანუ მოკლულთა და დაჭრილთა ნივთების დატაცება ბრძოლის ველიდან;

ძალადობა მოსახლეობის მიმართ საომარი მოქმედების რაიონში, ე.ი. ყაჩაღობა, ქონების კანონსაწინააღმდეგო განადგურება, ძალადობა, აგრეთვე სამხედრო აუცილებლობის საბაბით ქონების კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევა, ჩადენილი მოსახლეობის მიმართ საომარი მოქმედების რაიონში.

ამ მიზნით განსაკუთრებული დანიშნულების ასეულის მებრძოლებს ევალებათ:

ა) აღნიშნულ დანაშაულებათა ჩამდენი პირები დანაშაულზე წასწრების მომენტში დახვრიტონ ადგილზე, ხოლო დამნაშავენი, რომლებიც გამოვლინდებიან დანაშაულის ჩადენის შემდეგ, გადასცენ საგამომძიებლო ორგანოებს.

ბ) განსაკუთრებული დანიშნულების ასეულთან შეიქმნას საგანგებო დანიშნულების იურიდიული სამსახური, რომლის უფროსი უშუალოდ დაემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს. იურიდიულ სამსახურს ევალება დროულად ჩაატაროს მოკვლევა ბრძანებაში ჩამოთვლილ დანაშაულებათა გარშემო და მონაკვლევ მასალებს მისცეს სათანადო შეფასება, რის შემდეგ მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

გ) ნებისმიერ სამხედრო მოსამსახურეს, მიუხედავად წოდებისა და თანამდებობისა, სასტიკად ვუკრძალავ ჩაერიოს განსაკუთრებული დანიშნულების ასეულის ფუნქციებში და ასეთი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავენი დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.

ბრძანების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა და რიგით შემადგენლობას, ბრძანების ტექსტი გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს ტელეარხით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

უმაღლესი მთავარსარდალი

ზვიად გამსახურდია

23 აგვისტო, 1993 წ.

[„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1992-1993“, სარედ. კოლ.: მიხეილ (გელა) სალუაშვილი (მთ. რედ. და სხვ.)]. - თბ. : ხმა ერისა, 1995 წ., 44-45 გვ.].