Print

სახარებისეული სამი პორტრეტი...

ბოლო ჟამში შესაცნობი - სახარებისეული

სამი სახის პორტრეტისათვის

„ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“-ო [ეკლ.3,1] ბრძანებს ბიბლია. ამიტომ, იქნებ მოვიდა იმის დროც, რათა თვალი გადავავლოთ სახარებაში დაცულ რამოდენიმე [დროის შესაცნობ] მინიშნებას.

სახარებისეული სიბრძნე, სხვა მრავალთა შორის, ხაზგასმით გამოკვეთავს - სამი სახის პორტრეტისათვის დამახასიათებელ შტრიხს. კერძოდ, ესაა - იოანე ნათლისმცემელი, პეტრე მოციქული და იუდა ისკარიოტელი.

სამივე ამათთაგანი, ამჟღავნებს მათი შინაგანი ბუნების შესაცნობ ისეთ საქციელს, რომელიც თითქოსდა უხილავი საერთო ძაფით არის ერთმანეთთან „დაკავშირებული“.

განკაცებულ უფალთან ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე, თითოეული მათგანი, ამა თუ იმ მიზეზით, ერთგვარად ეჭვდება მაცხოვრის არსისა [იოანე ნათლისმცემელი], თუ მის მიწიურ საქმეთა მართებულობაში [პეტრე მოციქული, იუდა ისკარიოტელი].

იოანე ნათლისმცემელი, რომელიც თავად ხდება მონაწილე და შემსრულებელი, განკაცებული უფლის ნათლისღებისას მომხდარი, ზეციდან მომდინარე სასწაულებრივი დასტურისა - „...იხილა სული ღმრთისა დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე“ [მათე 3,16-17],

დიახ, მიუხედავად მომხდარისა, იოანე ნათლისმცემელი თავს ვერ ართმევს ადამიანურ სისუსტეს და ეჭვის მორევში ვარდება:

„ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესუსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?“ [ლუკა 7,19-20].

ხვდება რა იოანე ნათლისმცემლის სულში მიმდინარე პროცესებს, მაცხოვარი, მასაც და მის მოწაფეებსაც სთავაზობს - ნანახითა და მოსმენილის საფუძველზე, თავადვე მოახერხონ სათანადო დასკვნის გაკეთება:

„მიუგო მათ იესუმ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ. ნეტრია ის, ვინც არ შემცდარა ჩემში“ [ლუკა 7,22-23].


განსხვავებულადაა საქმე - პეტრე მოციქულთან მიმართებაში.

მას შემდეგ, რაც მაცხოვრის ირგვლივ შემოკრებილ მოწაფეთა შორის მყოფი პეტრე მოციქული გულრწფელად დაუმოწმებს უფალს, მის ღვთაებრივ წარმოშობას - „კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? სიმონმა, იმავე პეტრემ მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა“ [მათე 16,15-16],

დიახ, ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, პეტრე მოციქული შეეცდება კორექტივი შეატანინოს მაცხოვარს, მის მიერ გაცხადებულ სამომავლო განზრახვაში - „მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესუ ქრისტე.

მას აქეთ დაიწყო იესუმ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს.

მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!“ [მათე 16,20-22].

ცხადია, რომ პეტრე მოციქული - მზრუნველის პოზიციიდან ცდილობს დაუწუნოს უფალს განზრახვა, და ერთგვარად ჭკუასაც კი ასწავლის მას.

მაცხოვარი, ხვდება რა რომ - პეტრე მოციქულის პირით, მასში შესული ეშმაკი ესაუბრება, უმკაცრეს პასუხს აძლევს მას - „ხოლო ის მიუბრუნდა [მასში შესული ეშმაკის პირით მოლაპარაკე] პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას“-ო [მათე 16,23].

ამის შემდეგ, უფალი იესუ ქრისტე უკვე ყველას მიუბრუნდება, და მოუწოდებს მათ, რომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიენდონ მას - „მაშინ უთხრა იესუმ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და [აქ - ყოყმანის გარეშე] გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა [დაეჭვების გამოვლენა - ენდოს თუ არა უფლისმიერ არჩევანს], დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს [ანუ მთელი არსით მიენდობა უფალს], ის ჰპოვებს მას.

რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს“ [მათე 16,24-27].


ჩვენს მიერ განსახილველად შემოთავაზებული მესამე შემთხვევა, უკვე - იუდა ისკარიოტელთან მიმართებაშია დაფიქსირებული.

როგორც გვეუწყება - „პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესუ ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესუს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი“ [იოანე 12,1-3].

ამ პროცესის შემყურე და ფარულად მაცხოვართან „მოქიშპე“ - „...მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული?“ [იოანე 12,4-5].

ამ სიტყვებში კარგად ჩანს მთავარი განზრახვა: ქვენა გრძნობებით შეპყრობილი - იუდა ისკარიოტელი საყვედურობს მაცხოვარს და საქციელს უწუნებს მას.

სახარება იქვე გვაუწყებს, იუდა ისკარიოტელის მიერ გამოვლენილი არჩევანისმიერი ქმედებისაგან გამოწვეულ, მასთან მოქიშპე მოწაფის სავალალო მომავალ ხვედრზე მაფიქრალი მაცხოვრის სიტყვებს - „იესუმ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით“ [იოანე 12,7-8].

განხილული სამი ხასიათისმიერი შტრიხი, თითქოსდა ერთმანეთისაგან განსხვავებულია: 

- იოანე ნათლისმცემელი: რწმენის ნაკლებობიდან გამომდინარე მოქმედებს;

- უფლისმიერი ნებისადმი პეტრე მოციქულის „დაპირისპირება“ - თავად მაცხოვრის ბედზე „ფიქრით“ შეიძლება „აიხსნას“;

- სრულიად საპირისპირო საქციელთან გვაქვს საქმე, უფლის მიწიერი საქმიანობის დამგმობ იუდა ისკარიოტელთან მიმართებაში: იგი, არა - მაცხოვარზე, არამედ ვითომცდა იმ ზეთის არამართებულ გამოყენებაზე „დარდობს“, რომელიც მარიამმა სცხო უფალს.

დროითი თვალსაზრისით, აღნიშნულ ხასიათთა გამოვლენა საინტერესო მინიშნებას გვაძლევს:

- იოანე ნათლისმცემლის ე.წ. „დაეჭვება“, ძალმოსილებით აღჭურვილი მაცხოვრის მიწიური საქმიანობის საწყის ეტაპზე ხდება;

- პეტრე მოციქულის ე.წ. „დაპირისპირება“, მოწაფეთა თვალწინ მაცხოვრის ღმერთის ძედ აღიარებას მოსდევს; ხოლო

- იუდა ისკარიოტელის მიერ განკაცებული უფლის საქციელის გაკიცხვა, ჯვარცმა-აღდგომამდე რამოდენიმე დღით ადრე ფიქსირდება.

მათივე არჩევანისმიერი საქციელით მიღებული შედეგიც განსხვავებულია:

- იოანე ნათლისმცემლის „დაეჭვებას“ მისი - თავისკვეთა მოსდევს;

- იუდა ისკარიოტელი, მაცხოვართან „ქიშპს“: თვითმკვლელობამდე მიჰყავს; და

- მხოლოდ პეტრე მოციქული ახერხებს სულისმიერი განწმენდის გზის ბოლომდე გავლას, რაც, მაცხოვრის მიერ მისი მწყემსმთავრად დადგინებაში გამოვლინდება:

„...იესუმ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესუმ: აძოვე ჩემი კრავები.

მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესუმ: მწყემსე ჩემი ცხვრები.

მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესუმ: აძოვე ჩემი ცხვრები“ [იოანე 21,15-17].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველისათვის ცხადია, რომ ნებისმიერი ეს შემთხვევათაგანი, ბოლო ჟამის, ერთმანეთთან ახლო დროის მონაკვეთში უნდა ასრულდეს.

„მანამდე“ კი, მოდით ჩავიხედოთ ადამიანური არსისათვის დამახასიათებელ ჩვენს ცოდვა-მადლის მორევით სავსე გულში და შევთხოვოთ ღმერთს მოგვცეს ძალა - დავძლიოთ - „ეჭვი“, უარი ვთქვა - „ქიშპზე“, და სულიერი განწმენდის გზით მოვიპოვოთ უფალთან მიახლების მადლი.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი