Print

2015 წ. 10-16 ივლისი: თბილისი - გერგეტი

შვიდდღიანი „ოდისეა“-ს ქრონიკები

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

როგორც ვიცით  - ე.წ. „ვია დოლოროსა“-ს, იგივე - „მწუხარების გზაზე“, საეკლესიო სწავლებით, მაცხოვრის ე.წ. 14 შესვენებაა გამოყოფილი.

წინამდებარე სათქმელი, ჩვენს თვალწინ მისტერიულად მიმდინარე „ჯვარცმისეული ეტაპის“, ანუ „მწუხარების გზის“ იმ მონაკვეთს ეხება, რომელსაც პირობითად: „მაცხოვრის დაცემიდან“ – „სვიმონ კვირინელის გამოჩენამდე“ ეტაპზე მოსახდენი ჰქვია.

ჩვენი განზრახვის ბიბლიასთან თანხვედრის დამადასტურებელი ნიშნების თაობაზე კი, აი რა გვინდა მოგახსენოთ.

 

16 ივლისი,

ანუ მონანიების თარიღისათვის

ჩვენ უკვე ვწერდით: „.... ხსენებული ძველი აღთქმის ტექსტისა: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ...“ [ზაქ. 3,7];  და გამოცხადებისეული შეგონების - „ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე“ [გამოცხ. 3,19], ურთიერთ შეჯერების შედეგად გადაწყდა, რომ:

 უზენაესი ძალისადმი აღსავლენი მონანიების მიზნით, მივახლებოდით საქართველოში უმაღლეს ადგილას აღმართულ მოქმედ ეკლესიას - გერგეტის ყოვლადწმიდა სამების მონასტერს, რომლის მთავარი დღესასწაულიც ყოველი წლის - 16 ივლისს აღინიშნება. ამასთანავე:

- ვინაიდან აღნიშნული მტკივნეული პროცესის ასრულებაც ივლისის თვის მიწურულს დაემთხვა;

- ვინაიდან, თვეთა ჩამონათვალში „ივლისი“ ერთადერთია, რომელიც მეგრული კოდის მიხედვით რაღაც სვლაზე [სიარულზე] გვაუწყებს: „ივლი-სი [შენ]:, და

- ვინაიდან, ბიბლიური შეგონება გვაუწყებს: „თუ ჩემი გზებით ივლი“, ანუ აქაც ფეხით სიარულზე უნდა იყოს მინიშნება,

ამიტომ გადაწყდა, რომ 2015 წლის 16 ივლისის გერგეტობის დღესასწაულზე დასასწრებად თბილისიდან ფეხით სვლის მარშრიტი დაგვეგეგმა“ [გაზ. №16 (664), გვ.4].

გამოკვეთილ - მეშვიდე თვის მე-16 დღესთან მიმართებაში ბიბლიაში ვკითხულობთ - „...მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია შვიდი საუფლო დღე“ [ლევ. 23,34].

როგორც ვხედავთ, აქ - ორი მომენტია ხაზგასმული::

- „კარვობის დღესასწაული“; და

- მე- 7 თვის მე-15 დღიდან დაწყებული „შვიდი საუფლო დღე“ [15-21 ივლისი].

ერთის მხრივ, უზენაესი ძალისადმი მონანიების აღვლენის მიზნით განზრახული რამოდენიმე დღიანი ფეხითი მსვლელობა, თავისთავად კავშირდება ღამისთევის პრობლემის გადაჭრისათვის განკუთვნილ - კარავთან;

მეორეს მხრივ კი, გერგეტობის აღნიშვნის თარიღი - 16 ივლისი, სწორედაც რომ ბიბლიურ „შვიდი საუფლო დღის“ დროით მონაკვეთს თანხვდება.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

 

10 ივლისი,

ანუ - გასვლის თარიღისათვის

ზედა ზღვრის - 16 ივლისის გამოკვეთის პარალელურად, ბიბლიური მინიშნება იქვე გვაძლევდა ფეხით სვლის დაწყების თარიღსაც. კერძოდ, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბიბლიური მინიშნების თანახმად - „ამავე მეშვიდე თვის მეათე დღეს შენდობის დღეა,...“[ლევ 23,27].

აღნიშნულის, ჩვენს რეალობასთან მისადაგებისათვის, ამოსავალ წერტილად, ბუნებრივია, თბილისიდან სტეფანწმინდამდე არსებული 157 კმ-იანი მანძილი ავიღეთ

მაღალმთიანი რელიეფისა და ამ გზაზე, ზღვის დონიდან 2395 მ. მდებარე, ჯვრის უღელტეხილის გავლის სირთულემ, ბუნებრივად მოითხოვდა 157 კმ-იანი მანძილის 20-25 კმ-იან მონაკვეთებად დაყოფა.

დროის მიხედვით ფიზიკური კონდიციის კლების კვალობაზე, ყველაზე დიდი მანძილის გავლა პირველ-მეორე დღისათვის გავთვალეთ. შესაბამისად, ყველაზე მცირე მანძილის გავლა სწორედ ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთისათვის  დაიგეგმა. ამგვარად, ხსენებული 157 კმ-იანი მონაკვეთის გავლამ - 7 დღე მოითხოვა [იხ. გაზეთის წინა ნომერი გვ. 5-8].

გერგეტობის დღესასწაულის აღნიშვნის, ანუ - 16 ივლისიდან უკუათვლით აღებული შვიდი დღის ათვლის წერტილმა, ზემოთხსენებული 157 კმ-იანი მონაკვეთის გათვალისწინებით, სწორედ ბიბლიაში მოცემილი - „შენდობის დღე“, ანუ - 10 ივლისი გამოკვეთა.

 

დასკვნის მაგიერ

ზემოთქმულის შეჯერება შემდეგი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა:

- ივნისის თვის მიწურულს გამოკვეთილი მოვლენების გათვალისწინებით, ბიბლიური მოწოდება: „ეშურე და შეინანე“ [გამოცხ. 3,19], ჩვენგან საჭირო ქმედებას დროის უახლოეს მონაკვეთში ითხოვდა;

-  უზენაესი ძალისადმი აღსავლენი მონანიების ადგილად შეირჩა საქართველოში ყოვლადწმიდა სამების სახელზე, უმაღლეს ადგილას აღმართული მოქმედი ეკლესია - გერგეტის ყოვლადწმიდა სამების მონასტერი, რომლის მთავარი დღესასწაულიც ყოველი წლის - 16 ივლისს აღინიშნება;

- ჩვენი განზრახვის სისწორე ბიბლიური ნიშნებითაც გამყარდა, რამეთუ გერგეტობის აღნიშვნის თარიღი - 16 ივლისი, სწორედაც რომ ბიბლიურ „შვიდი საუფლო დღის“ [ლევ. 23,34] დროით მონაკვეთს თანხვდება;

- მონანიებისათვის ფეხითი მსვლელობის მართებულობა დაგვიდასტურა, გერგეტობის აღნიშვნის თვის სახელდებამაც. როგორც ვიცით, თვეთა ჩამონათვალში „ივლისი“ ერთადერთია, რომელიც მეგრული კოდის მიხედვით რაღაც სვლაზე [სიარულზე] გვაუწყებს: „ივლი-სი [შენ]“ = „ივლი - შენ“;

- ბიბლიური მინიშნებით გამოკვეთილი - შენდობის დღისა [იხ. ლევ. 23,27] და თბილისიდან სტეფანწმინდამდე არსებული მანძილის [157 კმ.] გათვალისწინებით, ფეხითი მსვლელობის დაწყების თარიღად - 10 ივლისი გამოიკვეთა.

- მონანიების მიზნით ფეხითი მსვლელობის დაწყება დამთავრების თარიღების: 10-ისა და 16-ის შესაბამისი, ქართულ 40 ნიშნიან ანბანში მე-10 და მე-16 რიგითი ნომრის მქონე ასო-ნიშნების: „ი“ და „ო“ ერთობა - „ი`ო“, ქარაგმით ამბობს: „ი[ეს]ო“, ანუ თავის მხრივაც -  უფლისმიერ [იესოს] გზასავალს გამოკვეთავს.

 

ფეხითი მხვლელობის

კურთხევის საკითხისათვის

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამის თვალთახედვით - „ჯვარცმისეული გზასავალი“, მისტერიულად, ბიბლიური „იობის“ წერილის შინაარსის თანხვედრი სიმძიმით ხასიათდება.

აღნიშნულისა, და რამოდენიმე წლიანი პიროვნული ურთიერთობიდან მომდინარე დიდი პატივისცემის ნიშნად, გადავწყვიტეთ, რომ ხსენებულ - მონანიების გზასავალზე სიარულის დაწყებამდე, კურთხევისათვის: ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველისათვის, მიტროპოლიტ - იობისათვის [აქიაშვილი] მიგვემართა.

ყოველივე ზემოთქმულის თაობაზე მოკლე ინფორმაციის მოსმენის შემდეგ მეუფემ კურთხევა მოგვცა და გზასავალი დაგვილოცა..

აქვე აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილი მქონდა გულზე ჩამოსაკიდის დამზადება, რომლის ერთ მხარეს გერგეტის ეკლესიის სამების ხატის ასლი, ხოლო მეორე მხარეს თავად გერგეტის ტაძრის სურათი იქნებოდა გამოსახული.

რაოდენ დიდი იყო ჩემი სიხარული, როდესაც მეუფემ მირჩია გულზე სამების ხატჩამოკიდებული შევდგომოდი გზასავალს. მე იქვე მოვახსენე თუ რას ვაპირებდი, და მადლობა აღვუვლინე ღმერთს, რომელმაც მეუფე იობის პირით დამიდასტურა განზრახული.

მეუფე იობის მეორე რჩევის აღსრულებაში დახმარება, ბ-ნ მევლუდ მამადაშვილს ვთხოვე, რომელმაც 10 ივლისის დილას, თითქმის ჩემივე სიმაღლის ჯოხი გადმომცა.

მეუფეს ვუთხარი, რომ მთელი ფეხითი მსვლელობის მანძილზე საგზლად მხოლოდ - პურის, წყალის და დღეში თითო ცალი ჩურჩხელის გამოყენებას ვაპირებდი.

მეუფეს მოვახსენე, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა განზრახული მქონდა ღამე ეკლესიის ტერიტორიაზე გამეთენებინა; ისიც შევუთანხმე, რომ თან მიმქონდა - 10 სხვადასხვა ხატი, რომელთა შეწირვასაც ყოველი სავარაუდო ღამისთევის ადგილას განთავსებული ეკლესიისათვის ვაპირებდი.

 

10 ივლისი,

ანუ „ოდისეა“-ს პირველი დღე

2015 წ. 10 ივლისს, 06.45 სთ-ზე, მანქანით სახლში მომაკითხეს ბ-მა ლევან ჩოხელმა და ბ-მა მევლუდ მამადაშვილმა,რასაც ბიბლიური შეგონების ერთგვარი გამოძახილი ჰქონდა - „ამავე მეშვიდე თვის მეათე დღეს შენდობის დღეა, წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. დაიმდაბლეთ თავი...“ [ლევ. 23,27].

ქალაქის გასასვლელთან მისვლის შემდეგ, ზურგჩანთა მოვიკიდე და 07.10 სთ-ზე გზას დავადექი. წინ, პირველი დღის ე.წ. ნორმა: თბილისი - არაგვისპირის 37 კმ-იანი მონაკვეთი მელოდა.

ენერგიის თანაბრად განაწილების მიზნით, ყოველი ერთ საათიანი ფეხითი მსვლელობის ბოლოს 5 წუთით ვისვენებდი [მცირე შესვენება[, ხოლო შუადღისათვის კი - ერთ საათიან, ანუ ე. წ. დიდ შესვენებას ვაწყობდი.

ამ პრინციპის დაცვით მიყოლებით გავიარე: ნატახტარი - მისაქციელი - ლამი - აღდგომელაანთკარი - ნავაზი - წითელისოფელი - ბოდორნა და პირველი დღის გაჩერების ადგილად შეგულებულ - სოფ. არაგვისპირში 16.45 სთ-ზე ჩავედი.

სოფლის ცენტრის გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს წმ ნინოს სახელობის დასრულებული ტაძარი, რომელშიც წირვა-ლოცვა ყოველ შაბათ-კვირას აღესრულება. 10 ივლისი პარასკევი დღე გახლდათ. და თითქოს ჩემს მისვლას ელოდნენო, ტაძარის დასასუფთავებლად მოსული ეკლესიის მრევლის სამი ქალბატონი, და მათი ორი ქალ-ვაჟი დამზვდა.

ტაძრის შესაწირად განკუთვნილი - აწყურის ღვთისმშობლის ხატი [მოძღვისათვის გადასაცემად] მათვე დავუტოვე და ეკლესიაში, თბილისიდან სპეციალურად წამოღებული სანთლები ავანთე.

სამწუხაროდ ეკლესიის ეზოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო იქ ღამის გათენება შეუძლებელი იყო. ამიტომ, დახმარებისათვის მივმართე, ამავე სოფელში მყოფ ჩვენი ლასკარის წევრს ქ-ნ მანანა თანიაშვილს, რომელსაც მადლობა მინდა გადავუხადო გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.

მასთან მისულმა, ოჯახს საჩუქრად - ხარების ხატი დავუტოვე.

 

11 ივლისი,

ანუ „ოდისეა“-ს მეორე დღე

11 ივლისს, 07.30 სთ-ზე მორიგი დღის გზასავალს შევუდექი.. სოფ. არაგვისპირიდან გამოსულმა თანამიმდევრულად გავიარე: მიჩნიგაური [ქადაგიანთკარი] - პიკოს რეზიდენცია - ჟინვალი, და  არაგვისპირიდან 23 კმ-ით დაცილებულ  ანანურში - 15.05 სთ-ზე მივედი.

ანანურის კომპლექსის მთავარ ნაწილს ღვთისმშობლის ეკლესია წარმოადგენს. ეკლესიის მოძღვარს მოვახსენე ფეხითი მსვლელობის თაობაზე და ეკლესიისათვის შესაწირავი ღვთისმშობლის ხატი გადავეცი. თანწამოღებული სანთლების ანთების შემდეგ, მასვე გავანდე ჩემი სურვილი შესაძლო ღამისთევის ადგილის ძიების თაობაზე - მამაო, სად მირჩევთ ღამის გათენებას: გზა ხომ არ განვაგრძო და ციხისძირამდე ხომ არ ჩავიდე მეთქი.

7 საათზე მეტი ხნის ფეხით ნასიარულევი ისე ვიყავი დაღლილი გზის გაგრძელების თავიც აღარ მქონდა. ჩემდა გასაოცრად ტაძრის მოძღვარს არათუ ანანურში ღამისთევის ორგანიზებაში დახმარება არ შემოუთავაზებია, არამედ განმიცხადა - წირვას ციხისძირის ეკლესიაშიც მე ვატარებ, მაგრამ დღეს მისი კარები დაკეტილი იქნება, და იქ ღამის გათენება არ მოხერხდებაო.

მისი პასუხით გაოგნებულმა, ენერგია მოვიკრიბე და 16.00 სთ-ზე ანანურიდან გამოსულმა კიდევ სამი კილომეტრის გავლა გადავწყვიტე. ციხისძირში 17.00 სთ-ზე მივედი.

სოფლელ პიჭს ვთხოვე ეკლესიის მესანთლე ქალისათვის ეთხოვა ეკლესიის კარების გაღება. მესანთლის შემონათვალი ასეთი გახლდათ - მე მამაოს დავურეკავ, და თუ დამრთავს ნებას ჩამოვალ და კარებს გავაღებო. ერთი საათი უშედეგოდ ველოდე.

ამასობაში წყალი მომწყურდა და დახმარებისათვის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრებ ოჯახს შევეხმიანე. ჩემი ამბის გაგების შემდეგ დებმა - ციალა და იზოლდა გულაშვილებმა, და მათთან სტუმრად მყოფმა მათმა დისშვილმა ზურაბ სამადაშვილმა მასპინძლობა შემომთავაზეს.

გაწეული გულისხმიერების სანაცვლოდ, ოჯახს საჩუქრად - ყაზანის ღვთისმშობლის ხატი გადავეცი.

 

12 ივლისი,

ანუ „ოდისეა“-ს მესამე დღე

12 ივლისს, 07.30 სთ-ზე მორიგი დღის გზასავალს შევუდექი.. სოფ. ციხისძირიდან გამოსულმა თანამიმდევრულად გავიარე: პავლეური - ცივწყარო - მენესო -სონდის ხევი -ჭართალი - მუგუდა - ხანუშა - ხანდო - ბიბილიანი, და 16.00 სთ-ზე თბილისიდან 80 კმ-ით დაშორებულ ფასანაურს მივადექი.

პეტრე-პავლე სახელობის ეკლესიის ეზოში, პეტრე-პავლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი სატრაპეზო სუფრა იყო გაშლილი. სუფრის სათავეში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ახლად დანიშნული მმართველი მეუფე ზოსიმე, და სხვა მღვდელმთავრები ისხდნენ. [მათ შორის იყო ანანურის ეკლესიის წინამძღვარიც].

ეკლესიის წინამძღვარს მამა მოსეს [გელაშვილი] გადავეცი ლომისის წმ გიორგის ხატი. სანთლების ანთების შემდეგ, მამაომ სატრაპეზოდ მიმიწვია. სუფრაზე 15 წუთის ყოფნის შემდეგ მეუფემ წასვლა გადაწყვიტა და ყველანი წამოიშალნენ.

მამა მოსეს ღამისთევაში დახმარება ვთხოვე.  მან დიდი გულისხმიერება გამოიჩინა და შემომთავაზე - მეუფე დღეს ჩვენთან არ რჩება, ამიტომ ეკლესიის ეზოში მდებარე მის რეზიდენციაში გაათენე ღამეო. გასაშლელი ლოგინი, თავისი მოწყობილობით, მესანთლე ქალმა ეთერ ქავთარაძე-წიკლაურისამ გადმომიტანა.

ღამისთევის საკითხის მოგვარების გამო აღარ დამჭირდა ჩვენი ლასკარის წევრის ქ-ნ ლიდა ვეშაგურის მეუღლის, ბ-ნ ნიკოლოზ ვეშაგურის დახმარება, რომელსაც ბინა იქვე ვაჟა-ფშაველას 2 ნომერში ჰქონდა.

ტაძრის ეზოში ჩემთან შესახვედრად სპეციალურად მობრძანდა ფასანაურის მკვიდრი ქ-ნი ნინო მოლოდინი. მან გამაცნო თავისი გვარის ისტორია - ისინი წარმოშობით დუშეთის რაიონის სოფ. ბაგადან ყოფილან. უფალ იესუ ქრისტეს გამოჩენის მომლოდინე მის შორეულ წინაპარს, დიდ ქვაზე მწოლიარეს დაუმთავრებია სიცოცხლე. მათი გვარის სახელდებაც - „მოლოდინი“, თურმე  სწორედ აღნიშნული ფაქტიდან იღებს სათავეს.

ქ-ნ ნინოს საჩუქრად გადავეცი ყოვლადწმიდა სამების ხატი. მასთან, ბოლო ჟამის თემატიკის თაობაზე საუბარი რამოდენიმე საათს გაგრძელდა.

ქ-ნ ნინოს წაბრძანების შემდეგ, მამა მოსემ მომინახულა, მცირე საუბრის შემდეგ დამლოცა და მშვიდი ღამე მისურვა.

მიზეზთა გამო გასაშლელი ლოგინის მაგივრად ქვეშაგები იატაკზე გავშალე. შუა ღამისას ძლიერმა გრუხუნმა გამომაღვიძა. ვგრძნობდი, რომ მთელი სხეული მიძაგძაგებდა. ვიფიქრე ალბათ შემცივდა-მეთქი და მოკლე მკლავიანი მაისური გადავიცვი. კანკალი ვერაფრით შევიჩერე. შემდეგ სხეულის ტემპერატურას მივაქციე ყურადღება - თითქოსდა ორთქლი ამდიოდა. მივხვდი მაღალი სიცხე მქონდა. „პარაცეტამოლის“ ტაბლეტი მივირე, და მხოლოდ გამთენიისას შევძელი ნახევარი საათით ჩაძინება.

ელვა-გრუხუნს რომ არ გავეღვიძებინე ალბათ გზის გაგრძელებას ვერ შევძლებდი. თავსხმა წვიმა მთელი ღამე გაგრძელდა.

 

13 ივლისი,

ანუ „ოდისეა“-ს მეოთხე დღე

13 ივლისს, 07.30 სთ-ზე მესამე დღის გზასავალს შევუდექი... ფასანაურიდან გამოსულმა თანამიმდევრულად გავიარე: ჩაბარუხი - ქავთარაანი - ქოჩორაანი - ზემო ამირნი - ჩოხელნი - ხარხეთი - ნადიბაანი - ნაგორევი - ქვესეთი - არახვეთი, და 15.40 სთ-ზე, მე-19 კმ-ის დასასრულს, სოფ. მლეთაში მდებარე ლომისის წმ. გიორგის სახელობის ტაძარს მივადექწი.

ეკლესიის წინამძღვარს მამა პეტრეს გადავეცი ღვთისმშობლის შესაწირავი ხატი, სანთლები ავანთე და მოძღვარს ღამისთევაში დახმარება ვთხოვე.

მან დიდი გულისხმიერება გამოიჩინა -იქვე განთავსებულ ბერთა სავანეში საწოლი გამომიყო და სატრაპეზოდ მიმიწვია.

მოგვიანებით, ტაძრის მსახურთა, ბერთა და მორჩილთა საკმაოდ დიდ ჯგუფთან გამართული ერთსაათიანი საუბარი ბოლო ჟამის თემატიკას მივუძღვენი.

დაძინების წინ მოძღვარს ვთხოვე - მთელი დღე გადაუღებელი წვიმის ქვეს სიარულის გამო ტანსაცმელი დამისველდა, ამიტომ შარვალსა და ქურთუქს აქ დავტოვებ და იქნებ სამიოდე დღით თქვენი ქურთუკი მათხოვოთ, უკანა გზაზე გამოგივლით და დაგიტოვებთ-მეთქი. დამეთანხმა.

 

14 ივლისი,

ანუ „ოდისეა“-ს მეხუთე დღე

14 ივლისს, 08.25 სთ-ზე მეხუთე დღის გზასავალს შევუდექი.. მლეთადან გამოსულმა თანამიმდევრულად გავიარე: სეთურნი -ქუმლისციხე, და 14.00 სთ-ზე გუდაურს მივადექი.

გასულ წელს აშენებული - ამაღლების სახელობის ეკლესიის მოძღვარი ადგილზე არ დამხვდა. ეზოშიც არავინ იყო. იქვე მდგარ სადგომში შევაფარე თავი და ეკლესიისათვის შესაწირი ხატი და სანთლები ამოვალაგე. მცირე ხნის შემდეგ, მანქანის გაჩერების ხმა გავიგე - „მე, ჯუმბერ გაგაძე გახლავართ, მამაოს კურთხევით ეკლესიის თვალყურისგდება მაქვს დავალებული და რითი შემიძლია გემსახუროთო“

ჩემი ამბავი დაწვრილებით მოვუყევი. მისი დახმარებით ეკლესიაში შევედი ხატი დავასვენე და სანთლები ავანთე. ბატონმა ჯუმბერმა მთხოვა - ეკლესიის ეზო დაუმთავრებელია, მამაოს უკითხავად მის სადგომში გაჩერებაც უხერხულია და იქნებ ჩემთან გაათენოთ ღამეო.

დავეთანხმე. აღმოჩნდა, რომ გზის პირზე ბ-ნ ჯუმბერს საკუთარი რესტორანი და სასტუმრო „გაგიეთი“ ჰქონია. მცირე ტრაპეზის შემდეგ [მომსახურე ქ-ნი თიკა], ოთახის გასაღები დამიტოვა, მშვიდობიანი ღამე მისურვა და დამემშვიდობა.

იქვე განთავსებულ სამედიცინო ცენტრში, მგზავრობისაგან ბებერებგაჩენილი ფეხების მალამოთი დამუშავება მოვახერხე [ქირურგი ბ-ნი დავითი].

 

15 ივლისი,

ანუ „ოდისეა“-ს მეექვსე დღე

15 ივლისს, 08.00 სთ-ზე მეექვსე დღის გზასავალს შევუდექი.. ბაიდაურის ველზე, უღელტეხილის მისადგომებთან განთავსებულ წყაროსთან გიორგი და მარინე ნასარიძეებს სასაუზმე ჰქონდათ გახსნილი. დიდი პატივისცემის ნიშნად ცივი ხილითა [ვაშლი და გარგარი] და ერთი ჭიქა ჩაით გამიმასპინძლდნენ. ჩემის მხრივ პატარა ხატი ვაჩუქე და ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ გზა განვაგრძე.

ჯვრის უღელტეხილზე ბერთა სადგომის მშენებლობა მიმდინარეობდა. დამხვდურებმა -მამა კახაბერმა [გოგალაძე], მამა გრიგოლმა [ობოლაშვილი], მორჩილებმა: ქრისტეფორემ [ცილიკაშვილი], გიორგიმ [მეცხვარიშვილი] და მიხეილმა [მნათობლიშვილი}, - უდიდესი პატივისცემა გამოამჟღავნეს. მათივე დაყენებული ჩაით გამიმასპინძდნენ და მშვიდობიანი გზა მისურვეს.

უღელტეხილიდან რამოდენიმე კმ-ით მოცილებულ მჟავე წყლებთან მამა-შვილი ბიჭიკო და ვაჟა ჩქარეულების ჯიხურთან შევისვენე. ქ-ნმა მანანა ბურდულმა ტყლაპიც მაჩუქა და ერთსაათიანი შესვენების შემდეგ გზაც დამილოცეს..

16.45 სთ-ზე სოფ. კობის დედათა მონასტრის კარებს მივადექი. ეზოში წმ. გიორგის სახელობის ტაძარი იდგა. იღუმენი დედა ანგელინას ნებართვით, ეკლესიას, წმიდა სალოსი ბერი გაბრიელის ხატი შევწირე და სანთლები ავანთე.

ღამისთევისათვის, პოლიციის პატრულის მითითებით, თითქმის დაცლილი სოფლის განაპირას მდებარე მწყემსთა თავსესაფარს მივადექი. გზის მსენებლობაზე მომუშავე ვინმე ზურაბ მინდიაშვილისაგან განსხვავებით, დიდი გულისხმიერება გამოიჩინეს - შემდუღებელმა ნუგზარ ჭიოკაძემ, სოფ. ყანობის მცხოვრებმა მწყემსებმა - ძმებმა გიორგი და პავლე კობიაშვილებმა, ომარ ჭიალშვილმა და ვალტერ კურკუმულმა.

 

16 ივლისი,

ანუ „ოდისეა“-ს მეექვსე დღე

16 ივლისს, 08.25 სთ-ზე სტეფანწმინდისაკენ ავიღე გეზი. თანამიმდევრულად გავიარე: ყანობი -ვარდისუბანი - სიონი - გარბიანი - არშა - აჩხოტი - ფანშეტი, და 15. 20 სთ-ზე სტეფანწმიდის ცენტრს მივადექი.

სოფ. სიონში ჩევნი ლასკარის წევრის ქ-ნ მანანა ოდიშვილის ძმამ, ბ-მა დავითმა კარების წინ მდებარე ონკანიდან ცივი წყალი დამალევინა და გზასავალი დამილოცა.

მდინარე სნოსხევის ხიდთან, ჩემს უკან წასაყვანად მანქანით ჩამოსული ლევან ჩოხელი, მევლუდ მამადაშვილი და ზაალ სალუაშვილი დამხვდნენ. შევთანხმდით, რომ გერგეტის ეკლესიასთან შევხვდებოდით.

სტეფანწმიდის ცენტრთან მცირე შესვენების შემდეგ, გერგეტის ასახვევისაკენ მიმავალ გზა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ესკორტმა გადამიჭრა.

ყოვლადწმიდა სამებისაკენ მიმავალ 6,4 კმ-იანი სიგრძის აღმართს 15.45 სთ-ზე შევუდექი.

 თითქმის შვიდი დღის სიარულის შემდეგ ფეხები საშინლად მტკიოდა. ამიტომ, ყველაზე მეტად, სწორედ ამ გზის გავლა გამიჭირდა.

ტაძართან მიახლოებასთან ერთად ნისლმა იმძლავრა. ორსაათნახევრიანი სიარულის შემდეგ, გზის ბოლოს ზაალ სალუაშვილი შემომეგება და მოჯარულ ნისლში გზის გაგნებაში დამეხმარა..

მთის წვერზე წამომართული ტაძრის ძირას ამომავალ წყაროსთან ლევან ჩოხელი და მევლუდ მამადაშილი შემომეგებნენ.

წყაროსთან ჩამოვჯექი თუ არა ტელეფონით ქ-ნ ნინო მოლოდინის დედა ქ-ნი თინათინ გულაშვილი შემეხმიანა და გერგეტობასთან ერთად ჩემი 57-ე დაბადების დღეც მომილოცა.

ხუთი წუთის შემდეგ გერგეტის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში ავედით. დიდი მოწიწებით შევედით ეკლესიაში და წინამძღვრის მამა მიქაელისა და მამა იოანეს ნებართვით ტახტზე მჯდომი მაცხოვრის ხატი შევწირეთ და სანთლები ავანთეთ.

ეკლესიის ცენტრში მდგომნი, ჩვენი და ყველა ჩვენი ახლობლის სახელით პატიებას ვთხოვდით ყოვლადწმიდა სამებას, ჩვენს მიერ ჩადენილი ყველა ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებისა გამო.

მამა იოანემ, თავის მხრივ საჩუქრად გერგეტის ღვთისმშობლის ხატები გადმოგვცა, და სატრაპეზოდ მიგვიპატიჟა.

თბილისიდან 10 ივლისს, 07.10 სთ-ზე დაწყებული შვიდდღიანი ფეხითი მსვლელობის გზა - 16 ივლისის 21.00 სთ-ზე გერგეტის ტაძართან დასრულდა.

თბილისში, იქვე ბებიასთან მყოფი, ბ-ნი მევლუ მამადაშვილი ქალიშვილის, მარიამის თანხლებით დავბრუნდით.

შვიდდდღიანი „ოდისეა“ 01.30 სთ-ზე დასრულდა.

 

სამადლობელი

ყოველივე ზემოთქმული ვერ განხორციელდებოდა ფიზიკურად და სულიერად ჩემს გვერდით მდგომთა უდიდესი თანადგომის გარეშე.

ამჟამად გაგაცნობთ მხოლოდ იმ პიროვნებათა გვარებს, რომელნიც სატელეფონო ზარებით ცდილობდნენ გვერდში დამდგომოდნენ. აი, ისინიც:

არუდაშვილი ნანა, გელაშვილი მაია [ნინო], გვამბერიძე რატი, გველესიანი თამუნა, დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა და მისი მეუღლე ნიკოლოზი, თანიაშვილი მანანა, ლომთათიძე ზაზა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მოლოდინი ნინო და დედამისი ქ-ნი თინათინი მუშკუდიანი მალხაზი, ოდიშვილი მანანა, სალუაშვილი ზაალი, სალუაშვილი საბა, ქამხაძე ლია, ჩოხელი ლევანი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა, ჯიქია ჯემალი.

დიდი მადლობა თითოეულ მათთაგანს დე, ღმერთმა გადაუხადოს მათ გაწეული თანადგომისათვის.

 

დასასრულის მაგიერ

ჩვენი წინამდებარე თხრობა ბიბლიური შეგონებით გვინდა დავასრულოთ:

„ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი [კოდია] და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის.

ისმინე, იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან სასწაულნი არიან ეს კაცები; რადგან აჰა, მოვავლინებ ჩემს მორჩილს - მორჩს! [კოდია].

რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე; აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს“ [ზაქ. 3,7-9].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს: ჩვენის აზრით - ერთ ქვაზე ამოკვეთილი „შვიდი თვალი“, ფეხითი მსვლელობის შვიდდღიან მონაკვეთზე უნდა გვითითებდეს.

ამიტომ - „ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა. ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

 

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი