Print

"მწუხარების გზა", ანუ 14 შესვენება

14-ტი შესვენების მისტერია

საეკლესიო სწავლების თანახმად - ეკლის გვრგვინდადგმულმა მაცხოვარმა, ჯვრის აღმართვის ადგილამდე  14-ჯერ შეისვენა“

როგორც ცნობილია - „ვია დოლოროსა“ [ლათ.], იგივე - „მწუხარების გზა“, ან „მტკივნეული გზა", პირობითად ეწოდება იერუსალიმის იმ ქუჩაზე გამართულ მსვლელობას, რომელზეც გოლგოთისაკენ მიმავალმა უფალმა იესუ ქრისტემ გაიარა...

მეხუთე საუკუნით დათარიღებულ აპოკრიფულ ტექსტში მოთხრობილია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყოველ პარასკევს დადიოდა იმ გზაზე, სადაც მისმა ძემ ტანჯვით გაიარა და სადაც მისი სისხლი დაიღვარა.

მთელი გზის სიგრძე დაახლოებით - 600 მეტრია. თავდაპირველად აღინიშნებოდა მხოლოდ ცხრა ე.წ. „სადგური“, ანუ - შესვენება, და მხოლოდ მე-18 საუკუნეში, მას დაემატა კიდევ ხუთი შესვენება, და საბოლოოდ მივიღეთ - 14 შესვენება.

ეს გზასავალი იწყება ე.წ. „ლომის კარიბჭის“ სიახლოვეს [ეხლანდელი ქალაქის აღმოსავლეთის მხარე - მაჰმადიანთა კვარტალი], პონტიუს პილატეს მიერ მაცხოვრისათვის მსჯავრის გამოტანიდან, და მთავრდება გოლგოთის მთაზე მომხდარი ჯვარცმის ადგილას აშენებულ ეკლესიასთან, სადაც წმინდა სამარხი მდებარეობს [ეხლანდელი ქალაქის დასავლეთის მხარე - ქრისტიანთა კვარტალი].

თითოეულ ამ 14 სადგურს, ანუ შესვენებას თავისი პირობითი სახელი აქვს მიკუთვნებული. კერძოდ:

1. პონტიუს პილატეს მიერ იესუსთვის მსჯავრის გამოტანა;

2. იესუს მიერ ჯვრის აღება;

3. იესუს მიერ ჯვრის ტარების დასაწყისი [პირველი სვლა];

4. იესუს შეხვედრა დედასთან;

5. მაცხოვრის დაცემა [იხ. მათე 27,52; მარკ. 15,21; ლუკა 23,26];

6. ვერონიკას მიერ მაცხოვრისთვის სახის შემშრალება;

7. იესუს მიერ ჯვრის ტარება სიმონ კვირინელთან ერთად [იხ. ლუკა 23, 26] [მეორე სვლა];

8. იესუს საუბარი ქალებთან [ლუკა 23,28]

9. მაცხოვრის მესამე სვლის დასაწყისი;

10. მაცხოვრისათვის ტანსაცმლის [კვართი და მოსასხამი] გახდა[იხ. მათე 27,35];

11. იესუს გაკვრა ჯვარზე [იხ. იოანე 19,18].

12. იესუს ჯვარზე სიკვდილი [მათე 27,50];

13. იესოს გარდამოხსნა ჯვრიდან[იხ. მარკ. 15,46];

14. იესოს ჩასვენება სამარხში [იხ. მათე 27,60].