Print

სად არის ჯოჯოხეთი? - პირველი ნაწილი: ცოდვით დაცემამდელი არეალი

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

„საუკუნო სიცოცხლე“ ანუ - სასუფეველი და   „საუკუნო სატანჯველი“

ანუ - საუკუნო ცეცხლი

პირველი ნაწილი:

 

ცოდვით დაცემამდელი არეალი

ბიბლიაში ვკითხულობთ - „უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა [„და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა“]... შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ“ [დაბ. 2,8; 25].

იმისათვის, რომ ჩავწვდეთ აქ მოცემული ტერმინ - „შიშველი“-ს არსობრივ მხარეს, საჭიროა ჯერ გავიაზროთ, თუ რა შინაარსის მატარებელია იქვე დაფიქსირებული ტერმინი  - „სირცხვილი“. მისი ზოგადი [ფილოსოფიური] შინაარსი ასეთია:

სირცხვილი – მტანჯველი ზნეობრივ-ფსიქოლოგიური განცდა, რომელსაც საფუძვლად უდევს დანაშაულის გრძნობა ჩადენილი საქციელის გამო და შიში შესაძლო (წარმოსახვითი თუ რეალური) არასასურველი შედეგებისა, რომლებმაც ეს განცდა შესაძლოა მომავალშიც დაბადოს“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმის გააზრება, რომ ზემოთ დამოწმებულ ბიბლიურ ტექსტში მოცემული ტერმინი - „შიშველი“, მიგვანიშნებს  - „ადამისა და მისი დედაკაცის“ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ისინი ყოველგვარი ცოდვისაგან განრიდებულნი, ანუ განძარცულნი, იგივე - „შიშველნი“  არიან... ამ დროისათვის მათ არანაირი დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, და შესაბამისად, რადგანაც დასაფარიც არაფერი ჰქონდათ - „შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ“ [დაბ. 2,8; 25].

ბიბლიის მიხედვით, ასეთ მდგომარეობაში მყოფი „ადამისა და მისი დედაკაცის“ ადგილსამყოფელი არის - ედემის აღმოსავლეთით გაშენებული - „ბაღი“

უდავოდ თავისი დატვირთვა უნდა ჰქონდეს იმას, როდესაც ბიბლიური ტექსტი ხაზს უსვამს, რომ „ადამისა და მისი დედაკაცის“ ადგილსამყოფელი არის არა ზოგადად - „ედემი“, არამედ მის აღმოსავლეთით გაშენებული - „ბაღი“: „აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად“ [დაბ. 2,15].

ბიბლია გვამცნობს, რომ - „აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა... გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს...“ [დაბ. 2,9; 19-20].

დავუკვირდეთ - უფალი ღმერთისაგან ადამი იღებს უფლებას სახელები დაარქვას, ედემის აღმოსავლეთით გაშენებულ ბაღში, სპეციალურად მისთვის „აღმოცენებულსა“ თუ „გამოსახულს“... თუმცა არის ორი გამონაკლისი, და ესაა ამ ბაღის შუაგულში აღმოცენებული - ორი ხე, რამეთუ მათ, უფალი ღმერთისაგან უკვე მიკუთვნებული აქვთ სახელები. კერძოდ, ერთს ჰქვია - „ხე სიცოცხლისა“, ხოლო მეორეს - „ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა“.

უკვე სახელდებული ამ ორი ხის - „შუაგულ ბაღში“ აღმოცენებაზე, ანუ მათ ადგილმდებარეობაზე ხაზგასმა, აშკარად მიგვანიშნებს, რომ ეს „ბაღი“ არის ის ადგილი, რომელიც, როგორც მინიმუმ, სწორედ ამ ხეების მასში ყოფნით განსხვავდება - ედემისაგან.

მოდით დავუბრუნდეთ იმის გარკვევას, თუ - რაზე უნდა გვანიშნებდეს ბიბლიური ტექსტი, როდესაც ადამის ადგილსამყოფელად არა უშუალოდ ედემს, არამედ მის აღმოსავლეთით გაშენებულ  - „ბაღს“ განსაზღვრავს...

ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმის შეცნობა, რომ ედემის აღმოსავლეთით გაშენებული ბაღი, არა მარტო ფიზიკურად არის უშუალოდ ედემში მოსახვედრად განკუთვნილი წინასწარგასავლელი პირობითი ადგილსამყოფელი, არამედ ესაა ადგილი, რომელიც ირწყვება რა უშუალოდ ედემიდან მომდინარე მდინარის ოთხი ნაკადით [იხ. დაბ. 2,11-14], ერთგვარი შესამზადებელი ეტაპის გასავლელადაა გამიზნული... და რომ ამ ეტაპის წარმატებით გავლა ამ ბაღის შუაგულში აღმოცენებული ორი ხის ნაყოფთან, ანუ მათ არსობრივ მხარესთან მართებულ მიდგომაზეა დამოკიდებული.

ბიბლიური ტექსტიდან გვეუწყება, თუ ამ ორი ხიდან, რომელი ხის ნაყოფის მიღებაა აკრძალული - „გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით“-ო [დაბ. 2,16-17].

ბაღში მყოფთა ცდუნებაზე ორიენტირებული გველი [მასში მყოფი ეშმაკი}, უფალი ღმერთის მიერ დადგენილი წესის დარღვევისაკენ მოუწოდებს დედაკაცს - „უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ [დაბ. 3,4-5].

გველისაგან [მასში მყოფი ეშმაკისაგან] წაქეზებულმა დედაკაცმა - „...მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ, გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს“ [დაბ. 3,6-7].

აქ მოცემული ტერმინი - „შიშველნი“, შინაარსობრივად განსხვავდება ზემოთ უკვე განხილულისაგან. კერძოდ:

- ცოდვითდაცემამდელი დროის შესატყვისად მოცემული ფრაზა - „შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ ცხვენოდათ“ [დაბ. 2,25], როგორც ითქვა, ხაზს უსვამს მათ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ისინი, ყოველგვარი ცოდვისაგან განრიდებულნი, ანუ განძარცულნი, იგივე - „შიშველნი“  არიან... ამ დროისათვის მათ არანაირი დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, და შესაბამისად, რადგანაც დასაფარიც არაფერი ჰქონდათ, არც სირცხვილის გრძნობა აწუხებდათ;

- უფალი ღმერთის მიერ დადგენილი წესის დარღვევის, ანუ ცოდვით დაცემის აღწერის შემდეგ მოცემული ფრაზა - „...აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ“ [დაბ. 3,7], უკვე ხაზს უსვამს მათ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ისინი, ხედავენ რა თავიანთი ჩანადენის სიმძიმეს [„აეხილათ თვალი ორივეს“], ხვდებიან გაშიშვლებული ცოდვის სიშიშვლის სიმძიმეს, და პირველივე საქციელი რასაც ისინი ამის შემდეგ აკეთებენ, ესაა მცდელობა - დაფარონ [დამალონ] ეს „ცოდვის სიშიშვლე“ -  „გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს“ [დაბ. 3,7].

 „ცოდვის სიშიშვლით“ შეძრწუნებული „ადამი და მისის დედაკაცი“ თავადაც ცდილობენ დამალვას, და როდესაც - „მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე“ [დაბ. 3,6-7].

დიახ, თავისი „ცოდვის სიშიშვლის“ დანახვის შემდეგ მათ უკვე შიშის გრძნობა გაუჩნდათ.

უფალი ღმერთის მიერ დადგენილი წესის დარღვევას, სასჯელიც მოჰყვა - „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,23-24].

ბიბლია გვიფიქსირებს, რომ ამ დროისათვის ადამი, ბაღის შუაგულში აღმოცენებული სიცოცხლის ხის ნაყოფთან ზიარებული არ არის - „თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს“ [დაბ. 3,22].

მოდით ვნახოთ, თუ რაზე შეიძლება გვანიშნებდეს უფალი ღმერთის მიერ ნათქვამი -  „...აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა...“.

მთელი ბიბლიური სწავლება [ათი მცნება და სხვა] ღმერთის მიერ დადგენილის დაცვისაკენ მოგვიწოდებს, და ხაზს უსვამს იმ უარყოფით შედეგს, რაც ამ ცნებისაგან გადახვევას შეიძლება მოჰყვეს.

ამდენად, ღმერთი, თავისი წინასწარჭვრეტელობის უნარის გამო, დიახაც არის - კეთილისა და ბოროტის შემცნობელი, ანუ მან წინასწარ იცის ამა თუ იმ საქციელის მოსალოდნელი შედეგი.

დიახ, ღმერთის მიერ დადგენილის დაცვა-არდაცვა, არის კიდეც ხსენებული ხის - „კეთილი“ და „ბოროტი“ ნაყოფი, ანუ: ღმერთის მიერ დადგენილის დაცვა, კეთილი ნაყოფია ჩვენთვის; ხოლო - არდაცვა, ბოროტ ნაყოფად გვიბრუნდება.

აღნიშნულის დასტურად მოდით მოციქულისეული გაფრთხილება გავიხსენოთ:

„ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარეთ. ხოლო საცდურში ნურავინ იტყვის: ღმერთი მაცდუნებსო; ვინაიდან ღმერთი არცდუნება ბოროტით და არც თავად აცდუნებს ვისმე. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ცოდვა კი, ჩადენის შემდეგ შობს  სიკვდილს. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმანო[იაკ. 1,12-16].

ედემის აღმოსავლეთით გაშენებულ ბაღში „ყოფნისეული ეტაპის“ წარმატებით გავლის შემთხვევაში „ადამი და მისი დედაკაცი“ მიიღებდნენ - „სიცოცხლის გვირგვინს“, ანუ იგემებდნენ „სიცოცხლის ხის“ ნაყოფს, რაც მათთვის მარადიული სიცოცხლის მიღების გარანტია იქნებოდა.

სამწუხაროდ, ედემის აღმოსავლეთით გაშენებულ ბაღში ყოფნისეულ ეტაპზე, მათ ვერ მოახერხეს წინაღდგომოდნენ ეშმაკისეულ მოწოდებას. აკრძალული ხის ნაყოფის „მიღებით“ გამოწვეულმა „გულისთქმამ“, მათ სხეულში „ჩასახა და შობა“ – „სიკვდილი“, რაც გამოიხატა კიდეც მათი ედემის ბაღიდან გამოძევებაში.

აი, ასეთ ფასად გახდნენ ისინი „კეთილისა და ბოროტის“ არსის შემცნობელნი.

ყოველივე ზემოთქმულის შეჯერება ასეთ ზოგად სურათს გამოკვეთავს:

1. ცოდვით დაცემამდე, ედემის აღმოსავლეთით გაშენებული „ბაღი“ „ადამისა და მისი დედაკაცისათცის“ იყო ის წინასწარი სამყოფელი, რომელში ყოფნის ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც ისინი მიიღებდნენ „სიცოცხლის გვირგვინს“, ანუ ედემში დაიმკვიდრებდნენ ადგილს;

2. ცოდვით დაცემის შემდეგ ისინი გამოძევებულ იქნენ ედემის აღმოსავლეთით გაშენებული ბაღიდან, რომლის შესასვლელთანაც უფალმა ღმერთმა - „...ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ 3,24]. 

ასე და ამგვარად, ცოდვით დაცემული „ადამისა და მისი დედაკაცის“ სამკვიდრებლად, ანუ - ცოდვის შესატყვისი სასჯელის მოხდის ადგილად,  ედემის აღმოსავლეთით გაშენებული ბაღისაგან განრიდებული არეალი განისაზღვრა.