Print

სად არის ჯოჯოხეთი? - მეორე ნაწილი: ცოდვის შესატყვისი სასჯელის მოხდის ადგილი, ანუ - „ეს ქუეყანა"

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

მეორე ნაწილი:

ცოდვის შესატყვისი სასჯელის მოხდის ადგილი,

ანუ  - „ეს ქუეყანა“

 

ადამის მოდგმის სამკვიდრებლის არსის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ უკვე თქმული, რომ - ცოდვით დაცემამდე „ადამი და მისი დედაკაცი“, არა უშუალოდ - ედემში, არამედ - ედემის აღმოსავლეთით გაშენებულ ბაღის წიაღში არიან, ხოლო ცოდვის დაცემის შემდეგ  - „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან... განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,24].

ბიბლიიდან გვეუწყება, რომ „ადამისა და მისი დედაკაცის“ ცოდვით დაცემის გამო, მათთან ერთად, სასჯელი ედება მათ ახალ სამკვიდრებელსაც. კერძოდ, უფალმა ღმერთმა - „ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე“ [დაბ. 3,17].

ძველქართულ ტექსტში, თანამედროვე ქართულით ნათარგმნ ბიბლიაში გამოყენებული ტერმინი - „მიწა“, ყველგან - „ქუეყანად“ მოიხსენიება. ასე მაგალითად:

- დაბ. 1,1: „თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ – „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ და სხვა.

ანალოგიურად, უკვე მოყვანილი ფრაზა - „მიწა დაიწყევლოს შენს გამო“, ძველქართულში ასე იკითხება - „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა“

ამდენად, ბიბლიური მინიშნება - „მიწა [აქ - ქუეყანა] დაიწყევლოს შენს გამო“, ხაზს უსვამს, რომ ცოდვით დაცემის გამო ედემის აღმოსავლეთით გაშენებული ბაღიდან გამოძევებული ადამისა და ევას, ანუ ადამის მოდგმის დღევანდელი სამკვიდრებელი არეალი - „მიწა“, ანუ - „ქუეყანა“,  უფალი ღმერთის მიერ არის - დაწყევლილი.

ბიბლიის განმმარტებელთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით - დაბ. 1,1-ში მოხსენიებული  ფრაზა - „ცა და მიწა“, გვაუწყებს - უხილავ [„ცა“] და ხილულ [„მიწა“] სამყაროთა შექმნაზე [ალ. ლოპუხინი, „ბიბლიის განმარტებანი“, ტ. 1, თბ. 2000 წ., გვ. 28].

დიახ, მიჩნეულია, რომ ბიბლიისეული ტექსტი თავიდან გვაუწყებს - უხილავი სამყაროს შექმნაზე,  ანუ ამ შინაარსისაა აქ დაფიქსირებული სიტყვა - „ცა“; ხოლო ამის შემდგომად მოყვანილი - „მიწა“, იგივე - „ქუეყანა“, თავის თავში მოიცავს მთელ იმ ხილულ სამყაროს, რომლის თაობაზეცაა ლაპარაკი ამავე თავში მოცემულ - სამყაროს შვიდდღიანი შესაქმის ამსახველ ტექსტში.

ხილული სამყაროს შესაქმისეულ თხრობაში მოცემულ ბიბლიურ მინიშნებასთან მიმართებაში - „გააჩინა ღმერთმა მყარი... მყარს ღმერთმა უწოდა ცა....“ [დაბ. 1,7-8], იგივე განმმარტებელთა პოზიცია ასეთია: „... „ცა“ - ებრაულ ენაზე არსებობს სამი განსხვავებული ტერმინი... ის ცა, რომელიც აქ არის ნახსენები, ითვლებოდა ყველაზე ქვემოთ მდებარედ და უახლოეს ადგილსამყოფელად, რომელსაც უშუალოდ სწვდებოდა მზერა“ [ალ. ლოპუხინი, იქვე, გვ. 35].

ბიბლიის პირველსავე თავებში დაცული ინფორმაციის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ასეთი ზოგადი სურათი იხატება:

- „თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ [დაბ. 1,1] გვაუწყებს - „ცის“, ანუ უხილავი სამყაროსა და - „მიწის“, იგივე „ქუეყნის“, ანუ ხილული სამყაროს შექმნის თაობაზე;

- შემდგომად ამისა მოცემულია, უშუალოდ  ხილული სამყაროს, ანუ - „მიწის“ [„ქუეყანის“] შვიდდღიანი შესაქმის გადმომცემი ტექსტი [იხ. დაბ. 1,2-31; დაბ. 2,1-2];

- ფრაზა: „უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში...“ [დაბ. 2,8], გვიფიქსირებს: ერთის მხრივ - „ედემს“, და მეორეს მხრივ - ედემის აღმოსავლეთით გაშენებულ - „ბაღს“;

- ამასთანავე, ისევე როგორც უკვე აღნიშნული „ცის“, ანუ უხილავი სამყაროს შემთხვევაში, აქაც არაფერი გვეწყება თუ როგორაა მოწყობილი თავად - ედემი; რაც შეეხება ედემის აღმოსავლ;ეთით გაშენებულ - „ბაღს“, მის თაობაზე ბევრი დეტალია მოცემული ბიბლიაში [იხ. დაბ. 2,8-20; დაბ. 3,23-24];

საუბრის გაგრძელებამდე ვიტყვით, რომ, ბიბლიური სწავლება იუწყება მომავალში, ანუ განკითხვის შემდგომად „გამოჩინებული“ - „ახალი ცისა და ახალი მიწის“ თაობაზე - „და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგო...“ [გამოცხ. 21,1], რომელშიც, არ არის ბნელი და მას - „.. არ სჭირდება არც მზე და არც მთვარე მანათობელად, რადგანაც დიდებამ ღმრთისამ გაანათა იგი...“ [გამოცხ. 21,23].

ამდენად, აქ მოხსენიებულთაგან, ანუ - „ცის“, „ედემისა“, „ედემის აღმოსავლეთით გაშენებული ბაღისა“ და „ახალი ცისა და ახალი მიწისაგან“ განსხვავებით, მხოლოდ - „მიწას“, იგივე „ქვეყნას“, ანუ დღეს ჩვენთვის ხილულ სამყაროს აქვს დღისა და ღამის ცნება [„..გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე...“ - დაბ. 1,4-5], და ხელოვნური განათების წყარო - მზე და მთვარე [იხ. დაბ. 1,14-17], რათა - „განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი...“ [დაბ. 1,18].

მოდით დავუკვირდეთ, ბიბლია:

- არაფერს ამბობს „ცის“, ანუ უხილავი სამყაროსა და „ედემის“ მოწყობაზე;

- მხოლოდ ზოგად ინფორმაციას იძლევა, მომავალში დასამკვიდრებელი - „ახალი ცისა და ახალი მიწის“ თაობაზე [იხ. გამოცხ. 21 და 22 თავები];

- გაცილებით მეტი ინფორმაციაა მოცემული „ადამისა და მისი დედაკაცის“ ცოდვით დაცემამდელი სამკვიდრებლის, ანუ ედემის აღმოსავლეთით გაშენებული ბაღის მოწყობის შესახებ [იხ. დაბ. 2,8-15].

ამათგან განსხვავებით, ბიბლიური ტექსტი დეტალურად გვამცნობს - „მიწის“, ანუ - „ქუეყანის“ მოწყობასთან დაკავშირებულ შვიდდღიანი შესაქმის ისტორიას.

ვფიქრობთ, ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ სწორედ ეს - „მიწა“, ანუ - „ქუეყანაა“ ის საცხოვრისი, რომელიც ცოდვის შესატყვისი სასჯელის მოხდის ადგილად განესაზღვრათ ედემის ბაღიდან გამოდევნილ ადამსა და ევას, და შესაბამისად მთელ - ადამის მოდგმას.

ბიბლიური ტექსტის - „გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა“-ს [დაბ. 3,21], განმმარტებელთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ აქ მინიშნებაა - ადამისა და მისი დედაკაცის მიერ ხრწნადი სხეულის შეძენაზე.

იმის გარკვევა, თუ როგორ სხეულს ატარებენ ადამი და ევა ცოდვით დაცემამდელ დროში, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემას სცილდება. თუმცა დაინტერესებულ მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნულის თაობაზე შეგიძლათ იხილოთ ჩვენი ბროშურა - „სასუფევლისეული ორიენტირი ბიბლია“ [თბ. 2011 წ., გვ. 31-37]. 

როგორც ითქვა, „ადამისა და მისის დედაკაცის“ ცოდვით დაცემის გამო, სასჯელი დაედო - „მიწას“, ანუ „ქუეყანასაც“.

ბიბლიურ მინიშნებას - „მიწა [აქ - ქუეყანა] დაიწყევლოს შენს გამო“ [დაბ. 3,17], პავლე მოციქულისეული ტექსტი ასე ეხმიანება - „...ქმნილება [აქ - მიწა] დაემორჩილა ამაოებას, მაგრამ არა ნებსით, არამედ მის [აქ - ღმერთის] მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი... რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთობლივად გმინავს და წვალობს აქამდე. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველი ნაყოფის მქონენი, თვითონ ჩვენც ვგმინავთ ჩვენსავე თავში...“ [რომ. 8,20; 22-23].

დასკვნისათვის ვიტყვით, რომ ერთის მხრივ ცოდვის ჩადენამდე „ადამისა და მისი დედაკაცის“ სამკვიდრო არეალი - „ედემის ბაღი“, და მეორეს მხრივ ცოდვის ჩადენის შემდგომად ადამის მოდგმის საცხოვრისი - ღმერთისაგან დაწყევლილი ქვეყანა, ურთიერთ საწინააღმდეგო არეალად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ამდენად, ცოდვით დაცემამდელ უდროობაში მყოფი ადამი და ევა, ცოდვიდან მომდინარე - სიკვდილს, ანუ ხრწნადობას დაქვემდებარებული დაადგა ცოდვის შემდგომად მისთვის განსაზღვრულ გზასავალს;

მასთან ერთად - დროის, იგივე სიკვდილის, ანუ ხრწნადობის სასჯელი დაედო მათ ახალ სამკვიდრებელ არეალსაც, ანუ ღმერთისგან დაწყევლილ იმ ქვეყანას სადაც ადამის მოდგმა დღემდე ცხოვრობს.