Print

სად არის ჯოჯოხეთი? - მესამე ნაწილი: "ედემის ბაღის“, ანუ „სამოთხისა“ და „სასუფევლის“ არსობრივი მხარე

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

მესამე ნაწილი:

 

„ედემის ბაღის“, ანუ „სამოთხისა“ და „სასუფევლის“

არსობრივი მხარე

ბიბლიის თანამედროვე ქართულით გადმოცემული ტექსტის - „უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში და დასვა იქ ადამი...“ [დაბ. 1,8], ძველქართული შესატყვისი ასეთია - „და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი...“. ასევეა ყველა სხვა ადგილასაც, ანუ „ედემის ბაღის“ ძველქართული შესატყვისი, ყველგან - „სამოთხედაა“ მოხსენიებული [იხ. დაბ. 2,8-11; დაბ. 3,22-23].

სახარებისეული სწავლებით - „... ღმერთი არ იცდუნება ბოროტით, და არც თავად აცდუნებს ვისმე. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას; ცოდვა კი, ჩადენის შემდეგ, შობს სიკვდილს“ (იაკ. 1,13-15).

 ამდენად - „... ღმერთი არ იცდუნება ბოროტით“, რამეთუ - „... მასში არ არის ცოდვა“ (I იოანე 3,5), და, შესაბამისად, ცოდვის შედეგი - სიკვდილი, და ამიტომაც ბრძანებს - „... მე ვარ, რომელიც ვარ... ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე...“-ო (გამ. 3,14-15).

 ადამი, სწორედ ამ - უცოდველი, ანუ - სიკვდილს არ დაქვემდებარებული, .. მარადიული და უკვდავი უზენაესი ძალის მიერ იქნა გამოსახული - „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (დაბ. 2,7), და შესაბამისად - უკვდავებისთვისაა განკუთვნილი. ამაზე მიგვანიშნებს, ღმერთის მიერ ადამის სამყოფელში სიცოცხლის ხის აღმოცენებისეული ინფორმაცია - „უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა...“ (დაბ. 2,8-9).

მაშასადამე, ადამი ორი არსისაგან შედგება: მას აქვს: „მიწის მტევრისაგან“ აგებული სხეული, და უშუალოდ უკვდავი ღმერთისაგან მომდინარე, და მაშასადამე ასევე უკვდავი სული - „სიცოცხლის სუნთქვა“.

შესაბამისად, რადგან ვიცით, რომ ადამს უკვე აქვს უკვდავი სული, ძნელი აღარ იქნება დავასკვნათ, რომ ედემის ბაღში აღმოცენებული „სიცოცხლის ხის“ ნაყოფი, მხოლოდ - „მიწის მტვერისაგან“ გამოსახული ადამის სხეულისთვისაა განკუთვნილი.

ამიტომ, განსახილველი საკითხის გააზრებისათვის საჭიროა გავარკვიოთ:

- როგორი სხეული ჰქონდათ „ედემის ბაღში“, ანუ „სამოთხეში“ მყოფ ადამსა და ევას, შექმნიდან ვიდრე ცოდვით დაცემამდე;

- როგორი სხეული შეიძინეს მათ ცოდვით დაცემის შემდეგ, და

- როგორი სხეული ექნება ადამის მოდგმის იმ ნაწილს, რომელიც „სასუფეველში“ დაიმკვიდრებენ სამუდამო ადგილს.

ამ საკითხთა თაობაზე, ჩვენ, არაერთხელ გვისაუბრია. ამიტომ, ამჟამად, მხოლოდ მცირე ინფორმაციის გახსენებით შემოვიფარგლებით.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ მთელი ბიბლია - ადამიანურ, ანუ - მოკვდავ არსში მყოფთა თვალთახედვისათვის გასაგებ-აღსაქმელი კუთხითაა დაწერილი. მასში მოცემულია, დღეს, ჩვენს რეალობად ქცეული ყოფის შექმნა-დამკვიდრების მიზეზ-შედეგობრივი ახსნა...

 ბიბლიაში, ცოდვით დაცემამდელ დროში მომხდარის აღმწერი ინფორმაციიდან ვგებულობთ, რომ ამ მომენტისათვის ადამს აქვს: 1) სხეული - „მიწის მტევრისაგან“; 2) უშუალოდ უკვდავი ღმერთისაგან მომდინარე, და მაშასადამე ასევე უკვდავი სული - „სიცოცხლის სუნთქვა“; 3) იგი, სხეულებრივად არ მოკვდება თუკი - „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფს“ არ შეჭამს; 4) თუმცა იგი - უკვდავი სხეულის მატარებელიც არ არის, რამეთუ ჯერ არ უგემებია - „სიცოცხლის ხის ნაყოფი“.

მაშასადამე - ადამის თავდაპირველი, ანუ ცოდვით დაცემამდელი სხეული, უკვდავი უზენაესი ძალიდან მომდინარეობისა გამო, დიახაც იყო - უკვდავებისათვის განკუთვნილი; თუმცა, არ ჰქონდა რა ნაგემები - სიცოცხლის ხის ნაყოფი - უკვდავი არ ყოფილა.

როგორც ითქვა „ადამისა და მისი დედაკაცისათვის“ „ედემის ბაღში“ ყოფნა ერთგვარი გასავლელი ეტაპი იყო, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში ისინი იგემებდნენ სიცოცხლის ხის ნაყოფს და უკვდავი სხეულის შეძენის შემდეგ, უშუალოდ „ედემში“ დაიმკვიდრებდნენ ადგილს.

სამწუხაროდ, მათ ვერ დაიცვეს რა უფლის შეგონება - „გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით“ [დაბ. 2,16-17], ცოდვით დაცემის შემდეგ, ისინი - სხეულებრივად გახდნენ სიკვდილს დაქვემდებარებულნი - „გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა (დაბ. 3,21). აი, ამ მომენტიდან ხდება ადამი [და მისი დედაკაცი] - უკვდავი სულისა და სიკვდილს დაქვემდებარებული სხეულის მქონებელი.

ასეთ მდგომარეობაში იგი იქ ვეღარ დარჩებოდა, ამიტომ - „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან... განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,23-24].

ამდენად, „ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი“ იცავენ „სიცოცხლის ხესთან“ მისასვლელს, რათა ცოდვის შედეგს, ანუ სიკვდილს დაქვემდებარებული სხეულის მქონე ადამის მოდგმამ ვერ შეძლოს „ედემის ბაღში“, ანუ - „სამოთხეში“ შესვლა - „...არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს“ [დაბ. 3,22].

საუბრის გაგრძელებამდე, ყოველივე ზემოთქმულს თუ შევაჯერებთ, ასეთ სურათს მივიღებთ:

- შექმნიდან ვიდრე ცოდვით დაცემამდე, „ედემის ბაღში“, ანუ - „სამოთხეში“ მყოფ ადამს [და მის დედაკაცს] აქვს:

1) „მიწის მტევრისაგან“ შექმნილი სხეული;

2) უშუალოდ უკვდავი ღმერთისაგან მომდინარე, და მაშასადამე ასევე უკვდავი სული - „სიცოცხლის სუნთქვა“;

- ცოდვით დაცემის შემდეგ, „ედემის ბაღიდან“, ანუ - „სამოთხედან“ განდევნილ და ღმერთის მიერ დაწყევლილ „ქვეყანაში“ დამკვიდრებულ ადამს [და მის დედაკაცს] აქვს:

1. უშუალოდ უკვდავი ღმერთისაგან მომდინარე, და მაშასადამე ასევე უკვდავი სული - „სიცოცხლის სუნთქვა“; და

2. ცოდვის შედეგს, ანუ სიკვდილს დაქვემდებარებული სხეული.

ეხლა მივყვეთ დაწყებულ თხრობას. ბიბლიური სწავლებით ვიცით, რომ:

- ღმერთის მიერ „დაწყევლილ ქვეყანაში“ დამკვიდრებული ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ხდება - მისი უკვდავი სულის, მოკვდავ სხეულთან გაყრა; ამასთან

- „...სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები“ [ლუკა 24,39]; და რომ

- ადამის მოდგმის მოკვდავი სხეული, ანუ მისი ხორცი და ძვლები, მიწაში რჩება - „პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ [დაბ. 3,8].

ძველი აღთქმისაგან განსხვავებით, სახარებაში - „სამოთხე“, მხოლოდ ერთხელაა ნახსენები. კერძოდ  „სამოთხეს“ ახსენებს, ჯვარზე გაკრული მაცხოვარი, მის ხელმარჯვნივ გაკრულ მონანიე ავაზაკთან საუბრისას - „...იესუმ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ [ლუკა 23,42].

ბუნებრივია, რომ აქ მინიშნებაა ცოდვის შედეგს დაქვემდებარებული მოკვდავი სხეულისაგან გაყრილი, ანუ გარდაცვლილი მონანიე ავაზაკის - უკვდავი სულის შემდგომ „ადგილმდებარეობაზე“.

აღნიშნულს თუ განვაზოგადებთ, ვფიქრობთ ძნელი გასააზრებელი აღარ უნდა იყოს, რომ მონანიების მადლს ზიარებული ადამიანის სიკვდილის შემდეგ - მოკვდავი სხეული მიწაში იმარხება, ხოლო მისი სული - სამოთხეში ხვდება.

ამდენად, ბიბლიური სწავლებით, ცოდვით დაცემის შემდეგ, ღმერთის მიერ დაწყევლილ ქვეყანაში დამკვიდრებული, მონანიების მადლს ზიარებული გარდაცვლილი ადამის მოდგმისათვის - „ედემის ბაღი“, ანუ „სამოთხე“, არის - მათი უკვდავი სულის ადგილსამყოფელი.  

ტერმინ - „სამოთხისაგან“ განსხვავებით, სახარებისეული ტექსტი ძალიან ბევრჯერ მოიხსენიებს ტერმინს  - „სასუფეველი“, რომელიც, თავის მხრივ, უნდა იყოს ძველ აღთქმაში დაფიქსირებული - „ედემის“ შინაარსის მატარებელი ცნება.

განკითხვის შემდგომი ადგილსამყოფელის თაობაზე საუბრისას უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს - „მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან... მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული“ [მათე 25,34; 41].

უშუალოდ განკითხვის დღესთან მიმართებაში ბიბლია ასე ბრძანებს - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,43-45]

უშუალოდ „სასუფეველში“ მოსახვედრთა თაობაზე პავლე მოციქული ასე გვაუწყებს - „ მაგრამ გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, - ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი; რადგანაც დაიგრგვინებს, და მკვდარნი აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.  ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელებას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: დაინთქა სიკვდილი ძლევით“ [1 კორ. 15,50-54].

ამდენად - „სასუფეველი“, ანუ - „ედემი“, ყოფილა განკითხვის შემდგომი ის ადგილი, რომლის მკვიდრთაც, უკვდავ სულთან ერთად, ექნებათ - უკვდავი სხეულიც.

ამასთანავე, ცოდვით დაცემის შემდეგ, ადამის მოდგმისათვის განკუთვნილი სამკვიდრო ქვეყანა თუ ღმერთისაგანაა დაწყევლილი [„...მიწა დაიწყევლოს შენს გამო...“ - დაბ. 3,17], განკითხვის შემდგომი ადგილის თაობაზე, გამოცხადებაში ვკითხულობთ, რომ იქ - „... აღარ იქნება არავითარი წყევლა, და ტახტი ღმრთისა და კრავისა იქნება მასში... და ღამე აღარ იქნება იქ, და აღარ დასჭირდებათ სანთელი და აღარც ნათელი მზისა, რადგანაც უფალი ღმერთი გაანათლებს მათ, და ექნებათ სუფევა უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 22,3-5].

ვისაც ყური აქვს ისმინოს!