Print

სად არის ჯოჯოხეთი? - მეოთხე ნაწილი: „ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის“ არსობრივი მხარე: ა] რეინკარნაციის საკითხისათვის

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

მეოთხე ნაწილი:

 

„ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის“

არსობრივი მხარე

 

ბიბლიური სწავლებით, როგორც ვნახეთ, - ცოდვით დაცემის შემდეგ, „სამოთხიდან“ გამოდევნილი „ადამისა და მისი დედაკაცის“ ახალი სამკვიდრო ადგილი, ღმერთისმიერ წყევლასაა დაქვემდებარებული - „იმიტომ, რომ ქმნილება [აქ - შესაქმისეული ქვეყანა] დაემორჩილა ამაოებას, მაგრამ არა ნებსით, არამედ მის [ანუ - ღმერთის] მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი... რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთობლივად გმინავს და წვალობს აქამდე. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველი ნაყოფის მქონენი, თვითონ ჩვენც ვგმინავთ ჩვენსავე თავში...“ [რომ. 8,20-23].

ამდენად, უკვდავი სულისა და ხრწნადი სხეულის მქონე ადამის მოდგმის მსგავსად, ღმერთის წყევლას დაქვემდებარებულ ამ სამყაროში - ყველაფერი, ცოდვისაგან გაჩენილ სიკვდილის არსსაა დაქვემდებარებული.

როგორც უკვე აღინიშნა - ბიბლიური სწავლებით, ცოდვით დაცემის შემდეგ, ღმერთის მიერ დაწყევლილ ქვეყანაში დამკვიდრებული, მონანიების მადლს ზიარებული გარდაცვლილი ადამის მოდგმისათვის - „ედემის ბაღი“, ანუ „სამოთხე“, არის - მათი უკვდავი სულის ადგილსამყოფელი.

წინამდებარე წერილის თემატიკიდან გამომდინარე, ჩვენ აქ არ შევუდგებით იმის განხილვას, თუ დროის რა მანძილზე რჩება ასეთი სული სამოთხეში, მითუმეტეს, რომ ჩვენი საქმე არაა - „...დროთა და წელთა ცოდნა...“ [საქმ. 1,7].

წმიდა წერილისმიერი სწავლებით ცნობილია, რომ - „... ყველანი ერთად იხილავენ ამას.  ერთი წლის ჩვილები თავიანთი ხმით ამეტყველდებიან და ფეხმძიმენი გააჩენენ უდღეურ შვილებს სამ და ოთხ თვეზე...“ [3 ეზრა 6,20-21], ანუ ადამის მოდგმის ყველა სული სხეულში მყოფი დაექვემდებარება განკითხვის დღეს.

 

ა] რეინკარნაციის საკითხისათვის

ამ თემაზე საუბრის გაგრძელებამდე - რეინკარნაციის არსობრივი მხარე გვინდა მოკლედ გავიხსენოთ, რამეთუ მის თაობაზე, ვრცლად, ადრეც არაერთგზის გვისაუბრია.

როგორც ცნობილია - „რეინკარნაცია ლათინური სიტყვაა, სადაც - „რე” განმეორებითი მოქმედების აღმნიშვნელია, „ინკარნაცია” კი - განსხეულებას ნიშნავს. რეინკარნაცია შეიძლება ითარგმნოს, როგორც ხელახალი განსხეულება. თუმცა ამ უკანასკნელს მრავალი სხვა ტერმინითაც აღნიშნავენ. ბერძნულში მას მეტეფრიქიზოსს უწოდებენ, რაც ქართულად გარდასხეულებას, კვლავ გაცოცხლებას ნიშნავს“.

აღნიშნულის თაობაზე, ბიბლიაში მოცემული ერთ-ერთი კოდირებული ტექსტი ასე იკითხება - „... შენა ხარ ღმერთი. კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის [აქ -უკვდავი სულის მიერ კვლავ მოკვდავ, ხრწნად სხეულში შობა] და ეტყვი; დაბრუნდით ძენო ადამისანო!“ [ფსალმ. 89,2-3].

მეორე ადგილას ვკითხულობთ - „შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს. დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი შექმნილი და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა. თავად ის, რაც ინახავს [ანუ ზოგადად - დედა], და ისიც, რაც ინახება [აქ - ზოგადად ნაყოფი], ორივენი შენახული იქნება; ხოლო შენახულს ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო, ყველაფერს, რაც მასში აღორძინდა” [3 ეზრა 8,7-9].

მორიგი მაგალითი, კიდევ უფრო ღია ტექსტით მიგვანიშნებს - „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე“ [იობი 14,14]. იგივე ტექსტი ძველქართულში ასე იკითხება - „უკუეთუ მოკუდეს კაცი, ცხონდა, რამეთუ აღასრულნა დღენი ცხორებისა მისისანი, დავითმინო ვიდრემდე კუალად ვიშვე“.

მაშასადამე, თუ - „სამოთხე“ არის მონანიების მადლს ზიარებული, გარდაცვლილი ადამის მოდგმის სულთა დროებითი დასავანებელი ადგილი, მაშინ მისი საპირისპირო არეალი - ღმერთის მიერ დაწყევლილი ქვეყანა, ყოფილა -  რეინკარნაციას, იგივე ფერისცვალებას, ანუ ხრწნად სხეულში ხელახლა შობას [„კუალად ვიშვე“-ს] დაქვემდებარებული სულის ადგილსამყოფელი. ამდენად:

- სამოთხე არის: მონანიების მადლს ზიარებული, გარდაცვლილი ადამიანის მოკვდავ სხეულს გაყრილი უკვდავი სულის დროებითი ადგილსამყოფელი; ხოლო

- ღმერთისაგან დაწყევლილი ქვეყანა, ყოფილა  - მოკვდავი სხეულისა და უკვდავი სულის მქონის, ანუ „ცოცხალი“ ადამიანის საცხოვრისი [სამყოფელი]. 

ღმერთისაგან დაწყევლილ ამ ქვეყანასთან მიმართებაში, მაცხოვარი ბრძანებს - „მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას...“ [ლუკა 12,49]. ამიტომ, მოდით გავარკვიოთ თუ რა „ცეცხლზეა“ აქ მინიშნება.