Print

სად არის ჯოჯოხეთი? მეოთხე ნაწილი: „ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის“ არსობრივი მხარე: ბ] „პირველი“ და „მეორე“ სიკვდილის საკითხისათვის გ] „უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგოს“ საკითხისათვის

 

სად არის ჯოჯოხეთი?

 

თერთმეტნაწილიანი წერილის -

 

მეოთხე ნაწილი:

 

 „ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის“

 

არსობრივი მხარე

ბ] „პირველი“ და „მეორე“ სიკვდილის საკითხისათვის

განკითხვის დღის არსზე საუბრისას, მაცხოვარი, მის მარჯვნივ და მარცხნივ მოხვედრილთა თაობაზე ბრძანებს:

- „მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ [მათე 25,34]

 - „მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული“ [მათე 25,41].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ცოდვით დაცემიდან ვიდრე განკითხვის დღემდე, ღმერთისაგან დაწყევლილ ქვეყანაში დამკვიდრებული ადამის მოდგმისათვის, უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის გაყრათა ვრცელ ჯაჭვს, ზოგადად - „პირველი სიკვდილი“ ჰქვია.

ბიბლიაში ვკითხულობთ - „ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველი [აქ, ზოგადად ისინი, რომლებიც წარმატებით გაუძლებენ - ღმერთის მიერ დაწყევლილი ქვეყნის საცდურებს] არ დაითმენს ვნებას მეორე სიკვდილისაგან“ [გამოცხ. 2,11].

გამოცხადებისეულ ტექსტში დაფიქსირებულ - „მეორე სიკვდილისეულ“ ცნებაში,  ყველა იმათი ზოგადი ხვედრი მოიაზრება, რომლებიც, განკითხვის დღის შემდეგ, უკვე ხსენებულ „მარცხნივ მდგომთა“ რიგებში აღმოჩნდებიან. კერძოდ:

„...სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი“ [გამოცხ. 20,14]; ანდა

„მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი“ [გამოცხ. 21,8].

უკვე ხსენებული - „მარჯვნივ და მარცხნივ“ მდგომთა ხვედრისა, და „მეორე სიკვდილის“ არსის გარკვევაში, ისევ პავლე მოციქულის მინიშნება დაგვეხმარება - „... ყველანი შევიცვლებით, - ერთ წამში, თვალის დახამხამებაში... ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება. ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელებას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: დაინთქა სიკვდილი ძლევით“ [1 კორ. 15,51-54].

მაშასადამე, განკითხვის შემდეგ, თურმე - „ყველანი შევიცვლებით“, რაც გამოიხატება იმაში, რომ: „ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება“, ანუ თითოეული ადამის მოდგმათაგანის მარადიული სული შეიძენს, ასევე - მარადიულ ხორცს, და სწორედ ასეთ მდგომარეობაში დაიმკვიდრებს თავის ადგილს: ზოგნი - „ხელმარჯვნივ“ და ზოგნი - „ხელმარცხნივ“.

სახარებისეული სწავლებით, „მარჯვნივ“ განწესებულთა - მარადიული სულისა და ხორცის ერთებაში მყოფთა ადგილს ჰქვია - სასუფეველი, ხოლო „მარცხნივ“ აღმოჩენი;ლი - მარადიული სულისა და ხორცის ერთებაში მყოფთა ადგილს - „საუკუნო ცეცხლი“ [მათე 25,41], ანდა - „ცეცხლისა და გოგირდის ტბა“ [გამოცხ. 20,10; 21,8], ანდა - „ცეცხლის ტბა“ [გამოცხ. 20,14-15]; ანდა - „სახმილის ცეცხლი“ [მათე 13,42; 50], სადაც უნდა იყოს - „სიკვდილისა და ჯოჯოხეთის“ სამუდამო ადგილი.

აღნიშნულის ფონზე, მოდით შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რა ელის თავად - ღმერთისაგან დაწყევლილ ქვეყანას., ანუ ცოდვით დაცემიდან ვიდრე განკითხვის დღემდე დროის მონაკვეთში ადამის მოდგმის დღევანდელ საცხოვრისს.

 

გ] „უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგოს“ საკითხისათვის

განკითხვის დღის შემდგომად დამდგარ რეალობასთან მიმართებაში წმიდა წერილი გვაუწყებს - „და თქვა ტახტზე მჯდომარემ: აჰა, ვიქმ ყოველსავე ახალს...“ [გამოცხ. 21,5].

თავად ამ „ახალის“ არსობრივი მხარის სიღრმისეული გააზრება, ჩვენს დღევანდელ „ადამიანურ ცნობიერებას“ არ შეუძლია, რამეთუ - „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“ (1 კორ.2.9).

ამიტომ, ამჯერად, მოდით შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რა ინფორმაციაა მოცემული ბიბლიაში, ცოდვით დაცემის შემდგომად, ვიდრე განკითხვის დღემდე ადამის მოდგმის საცხოვრებელ არეალთან, ანუ - ღმერთისაგან დაწყევლილ ქვეყანასთან მიმართებაში.

ბიბლიური ინფორმაცია - განკითხვამდელ და განკითხვის დღის შემდგომ არეალს, შესაბამისად - „ძველისა“ და „ახალის“ ცნებით მოიხსენიებს.

მარადარსებული ღმერთის მიერ შექმნილი და, მოგვიანებით ღმერთისავე წყევლას დაქვემდებარებული, ანუ ჩვენთვის ხილული „ცისა და მიწის“ თაობაზე, წმიდა წერილი ასე იუწყება - „... „თავდაპირველად,  უფალო, დააფუძნე მიწა, და ხელთა შენთა საქმენი არიან ცანი. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყოველივე დაძველდება, როგორც სამოსი. და როგორც სამოსს, შეახვევ მას და შეიცვლებიან, ხოლო თავად უცვლელი ხარ, არასდროს დასრულდება შენი წლები“ {ებრ. 1,10-12]

მაშასადამე, ადამის მოდგმის დღევანდელი საცხოვრისი -„დაძველებას“ ექვემდებარება, ანუ - „...წარმავალია ამ ქვეყნის ხატი“ [„წარმავალს არს ხატი ამის სოფლისაი" (1 კორინთელთა, 7,31).

შესაბამისად, ის რაც „ძველდება“ და „წარმავალია“, თავის დროზე უნდა შეიცვალოს კიდეც. აქვე უნდა გავერკვეთ, თუ რაში მდგომარეობს ამ „შეცვლის“ არსი - უკვე არსებულის გარდაქმნაში, თუ არსებულის მაგიერის შექმნაში.

ამ კითხვაზე, ძველი და ახალი აღთქმისეული ტექსტები ერთმნიშვნელოვან პასუხ იძლევიან - დღეს არსებულის მაგივრად იქმნება ახალი:

- „რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“ [ეს. 65,17];

- „და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგო...“ [გამოცხ. 21,1].

მოდით გადავხედოთ ბიბლიაში დაცულ იმ ინფორმაციათა ნაწილს, სადაც ადამის მოდგმის დღევანდელ და მომავალ სამკვიდრებელთა არსობრივ სხვაობაზეა მინიშნება;

-  დღეს არსებული ქვეყანა, ანუ - „... ამჟამინდელი წუთისოფელი არ არის ბოლო, დიდება იშვიათია მასში...“ [3 ეზრა 7,42];

- „ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე“ [2 პეტრ. 3,13];

- ეს ყველაფერი კი მოხდება განკითხვის დღის შემდეგ, რამეთუ: „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება“ [3 ეზრა 7,43-44];

- ამავე განკითხვის დღეს „ამოიწურება“, დღევანდელი ჩვენი საცხოვრისისადმი, ადამისა და მისი დედაკაცის ცოდვით დაცემის გამო, ღმერთის ნათქვამის: „...მიწა დაიწყევლოს შენს გამო“-ს [დაბ. 3,17] მოქმედების დრო, რადგან ახალ გარემოში - „... აღარ იქნება არავითარი წყევლა...“ [გამოცხ. 22,3].

ვფიქრობთ მოხმობილი მასალა სრულიად საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ცოდვით დაცემის შემდგომად ადამის მოდგმის დღევანდელი საცხოვრისი, ანუ ღმერთის მიერ დაწყევლილი ქვეყანა - უნდა შეიცვალოს, ჩვენი თვალთა არეალისათვის სრულიად „ახალი ცითა და ახალი მიწით“.

ხოლო, რადგან - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გამოჩინებამდე, ანუ - „...სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება“ [მათე 5,18], ამიტომ, მოდით კიდევ ერთ უკვე დაწერილ საკითხსაც შევეხოთ.