Print

სად არის ჯოჯოხეთი? მეოთხე ნაწილი: „ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის“ არსობრივი მხარე: დ] „ჯოჯოხეთის“, იგივე „მიწის“, ანუ „ქუეყნის“ არსობრივი მხარისათვის

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

მეოთხე ნაწილი:

 

„ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის“

არსობრივი მხარე

დ] „ჯოჯოხეთის“, იგივე „მიწის“, ანუ „ქუეყნის“

 არსობრივი მხარისათვის

წინამდებარე საკითხის განხილვამდე, მოდით ზოგადი სურათი გამოვკვეთოთ:

- ედემის აღმოსავლეთით გაშენებული ბაღი, ანუ სამოთხე არის, ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობაში მყოფი, უკვდავი სულისა და უკვდავებისათვის გამიზნული სხეულის მქონე ადამისა და მისი დედაკაცის სამკვიდრო ადგილი;

- ცოდვით დაცემის გამო უკვდავი სულის მქონე ადამისა და მისი დედაკაცის სხეული სიკვდილს დაქვემდებარებული ხდება;

- ადამისა და ევას მსგავსად, სასჯელი ედება ღმერთის მიერ შვიდდღიან შესაქმისეულ „ცასა და მიწას“ [იხ. დაბ. 3,17], და - ის, უფალი ღმერთის მიერ დაწყევლილი ქვეყანა, ხდება: რეინკარნაციას, იგივე ფერისცვალებას, ანუ ხრწნად სხეულში ხელახლა შობას [„კუალად ვიშვე“-ს] დაქვემდებარებული, უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის მქონე, ანუ „ცოცხალი“ ადამიანის საცხოვრისი;

- უფალ იესუ ქრისტეს პირველად მოსვლისას მოხდა, ღმერთის მიერ დაწყევლილ ქვეყანაში მცხოვრები ადამის მოდგმის თანდაყოლილი ცოდვისაგან განთავისუფლება. ამის შემდეგ, სამოთხე გახდა მონანიების მადლს ზიარებული, გარდაცვლილი ადამიანის მოკვდავ სხეულს გაყრილი უკვდავი სულის დროებითი ადგილსამყოფელი; ხოლო

- სამოთხის საპირისპირო არეალი - ღმერთის მიერ დაწყევლილი ქვეყანა, კვლავ დარჩა  რეინკარნაციას, იგივე ფერისცვალებას, ანუ ხრწნად სხეულში ხელახლა შობას [„კუალად ვიშვე“-ს] დაქვემდებარებული სულის ადგილსამყოფელად;

- უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადების შემდეგ ადამის თითოეული მოდგმათაგანის მარადიული სული შეიძენს, ასევე - მარადიულ ხორცს, და სწორედ ასეთ მდგომარეობაში დაიმკვიდრებს თავის ადგილს: ზოგნი - „ხელმარჯვნივ“ და ზოგნი - „ხელმარცხნივ“;

- მართალთაგან უკეთურთა განშორების [იხ. მათე 13,49], ანუ - განკითხვის დღის მოსალოდნელი შედეგის თაობაზე ბიბლია გვაუწყებს:

ა) „... უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისთვის შექმნა, მომავალი კი - მცირედთა გულისთვის...  ბევრია შექმნილი, მაგრამ მცირედნი გადარჩებიან“ [3 ეზრა 8,1; 3];

ბ) „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან,  როგორც ტალღაა მეტი წვეთზე...“ [3 ეზრა 9,15-16];

- ცოდვით დაცემიდან განკითხვის დღემდე არსებული, ანუ ცოდვის სასჯელდადებული ადამის მოდგმის ძველი [დღევანდელი] საცხოვრისი: ღმერთისაგან დაწყევლილი „ცა და მიწა“ უნდა „გადაეგოს“, და უნდა გამოჩნდეს ჩვენთვის დღემდე უხილავი „ახალი ცა და ხალი მიწა“;

 - გადარჩენილთა, ანუ „მარჯვნივ“ განწესებულთა - მარადიული სულისა და ხორცის ერთებაში მყოფთა ადგილი იქნება - სასუფეველი [მათე 25,34], იგივე ხსენებული  „ახალი ცა და ხალი მიწა“, ხოლო

- დასაღუპად განწირულთა, ანუ „მარცხნივ“ აღმოჩენი;ლი - მარადიული სულისა და ხორცის ერთებაში მყოფთა სამუდამო სამყოფელი იქნება - „საუკუნო ცეცხლი“ [მათე 25,41].

ბიბლიური სწავლებით „საუკუნო ცეცხლში“, იგივე „გოგირდის ტბაში“ ხდება „სიკვდილისა და ჯოჯოხეთის“ დანთქმა [იხ. გამოცხ. 20,14].

როგორც ვნახეთ, „სიკვდილი“, როგორც უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის ურთიერთგაყრის შედეგი, ცოდვიდან მომდინარეობს, რამეთუ - „...ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ვოდვა კი, ჩადენის შემდეგ შობს  სიკვდილს“ [იაკ. 1,13-16]; და შესაბამისად, როდესაც გვეუწყება, რომ თურმე - „სიკვდილი“ უნდა დაინთქა „ცეცხლის ტბაში“, ბუნებრივია აქ მინიშნებაა თავად ცოდვის აღმოფხვრაზე, ანუ როდესაც - „... უკანასკნელი მტერი განქარდება - სიკვდილი“ [1 კორ. 15,26].

ზემოთქმულის შემდეგ, მოდით გავერკვეთ, უშუალოდ „ჯოჯოხეთის“ არსში.

ზოგადად, ბიბლიაში გამოყენებული ტერმინი - „ჯოჯოხეთი“, ებრაულ სიტყვა „შეოლი“-ს შინაარსობრივი მხარის გადმომცემ ერთ-ერთ თარგმანს წარმოადგენს.

თავის მხრივ, ებრაული სიტყვა „შე’ლის“ წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა, როგორც ჩანს, იგი იწარმოება ებრაული ზმნისგან „შაალ“, რაც თხოვნას ან მოთხოვნას ნიშნავს.

ამჟამად, ჩვენი საუბრის მიზნიდან გამომდინარე, ამ სიტყვის მართებულად თარგმანის ცალკეული დეტალების განხილვას არ შევუდგებით. უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ სიტყვა - „შეოლი“, ბიბლიის სხვადასხვა ტექსტში ნათარგმნია, როგორც:  სულეთი, ქვესკნელი, საფლავი ან ჯოჯოხეთი, რაც, ზოგ შემთხვევაში, მთლად მართებული არ არის, და ინდივიდუალურ გააზრებას მოითხოვს. კერძოდ: „სულეთი“ და „ქვესკნელი“ ჩვენი თვალთაგან უხილავი არეალია, რასაც ვერ ვიტყვით „საფლავთან“ მიმართებაში.

ამ კუთხიდან გამომდინარე, მოდით ვნახოთ რა არსი შეიძლება იყოს ჩადებული ტერმინ - „ჯოჯოხეთში“

ძველი აღთქმისეული ტექსტი გვაუწყებს - „ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე {„. უკუეთუმცა ჯოჯოხეთს შიდა დამმარხე“], შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე! თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე [„დავითმინო ვიდრემდე კუალად ვიშვე“]“ [იობი 14,12-14].

ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ აქ ერთმანეთისაგანაა გამიჯნული „ქვესკნელში“, ძველქართულით  - „ჯოჯოხეთში“ ყოფნა, რაც - დამალვას და შენახვას ედრება; და - სიკვდილი, და ამის შემდგომი ფერისცვალება, ანუ „კუალად შობა“.  დიახ, ამ შემთხვევაში - „ჯოჯოხეთი“, ჩვენს მიერ თვალით აღსაქმელ არეალს მოიაზრებს.

პეტრე მოციქულისადმი განკუთვნილ მაცხოვრის სიტყვებში - „და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“ [მათე 16,18], ნახსენები - „ჯოჯოხეთი“, ასევე მოიაზრებს იმ ხილულ არეალს, რომელმაც ვერ უნდა სძლიოს უფლის მიერ აშენებულ ეკლესიას [ზოგადად ქრისტიანობას].

სახარებაში, მაცხოვრის ნათქვამი - „და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი“ [ლუკა 10,15], ასევე - ჩვენი თვალისათვის ხილულ ორ პირობით [ზედა და ქვედა] საზღვარს გამოყოფს: ზეცას და ჯოჯოხეთს, რაც უკვე ხსენებული „ცისა და მიწის“ შესატყვისი უნდა იყოს.

ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ვფიქრობთ ძნელი აღარ იქნება იმაში გარკვევა, რომ, ერთის მხრივ - ცოდვით დაცემის შემდგომად სასჯელდადებული ადამის მოდგმის საცხოვრისი, ანუ ღმერთის მიერ დაწყევლილი ქვეყანა და მეორეს მხრივ საძიებელი „ჯოჯოხეთი“, - ერთი და იგივე არეალის არსობრივი მხარის მატარებელი უნდა იყოს.

დიახ, „ჯოჯოხეთი“, ეს იგივე - ღმერთის მიერ დაწყევლილი იმ ქვეყნის კოდირებული [შეფარული] სახელია, სადაც უკვდავი სულისა და ხრწნადი სხეულის მატარებელი ცოცხალი ადამიანი, თავის ცოდვისმიერ საზღაურს იხდის.

წმიდა წერილში საკამაოდ ბევრი ინფორმაციაა მოცემული, ჯოჯოხეთის არსთან გაიგივებულ, ღვთიური სასჯელის გამო ედემის ბაღიდან გამოდევნილი ადამის მოდგმის ახალ სამკვიდრებელზე, ანუ - იმ „ქვეყანაზე“, რომელიც, თავის მხრივ, ასევე გახდა ღვთიური წყევლის ნიშანდადებული. შესაბამისი დასკვნის გამოტანამდე, მოდით, პირობითი თანამიმდევრობით გავიხსენოთ ეს ინფორმაციები.

1. „ცაში“, ანუ ჩვენთვის უხილავ სამყაროში მომხდარის თაობაზე გამოცხადებისეული ტექსტი ასე იუწყება - „და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. და ვერ იმძლავრეს, და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში [აქ - ჩვენთვის უხილავ სამყაროში]. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამის გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები... მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით...“ [გამოცხ. 12,7-9; 12].

მაშასადამე „ცაში“, ანუ უხილავ სამყაროში განვითარებული მოვლენების გამო - „ეშმაკი... და მისი ანგელოზები“, ადამისა და ევას ახალ სამკვიდრებელში, ანუ ღვთისაგან დაწყევლილ ქვეყანაში [იგივე - ჯოჯოხეთში] იქნენ ჩამოგდებულნი;

2. ძველ აღთქმაში - „იობის“ ტექსტი, ასევე აფიქსირებს ეშმაკის სამოქმედო არეალს - „ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის. უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან“ [იობი 1,6-7].

იგივე ტექსტი ძველქართულად ასე იკითხება - „და ვითარცა იქმნა დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე ღმრთისა, და ეშმაკიცა მოვიდა და დადგა მათ თანა. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მიუგო ეშმაკმან მან და ჰრქუა: მომივლიეს ყოველი ქუეყანაჲ და განმივლიეს ცასა ქუეშე და აწ აქა ვარ“.

დაუკვირდით, ჩვენდა გასაგონად გამიზნულ ტექსტში [რამეთუ უფალმა ისედაც წინასწარ იცის ყველაფერი] - უფალი მხოლოდ ეშმაკს, ანუ სატანას ეკითხება: „საიდან მოდიხარ?“. ეშმაკის პასუხიდან ვგებულობთ, რომ იგი ადამის მოდგმის სამკვიდრებელში, ანუ ღმერთისაგან დაწყევლილ ქვეყანაში, იგივე ჯოჯოხეთში - „დაწანწალებს“ და „ხეტიალობს“;

3. სახარებისეული ტექსტი - ეშმაკს, ანუ სატანას: „ამ ქვეყნის მთავარს“ ეძახის [იხ.[იოანე 12,31; 16,11].

მაცხოვარი მკვეთრ ზღვარს ავლებსა - მასსა, და - ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის, იგივე ჯოჯოხეთის მთავარს შორის - „ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში“ [იოანე 14,30];

4. უფალი იესუ ქრისტე, თავიდანვე აფიქსირებს თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც ღვთისგან დაწყევლილ ამ ქვეყანას არ შეიძლება უყვარდეს არც - იგი, და არც მისი ერთგული მიმდევრები - „თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. ამ [ანუ - ღვთისგან დაწყევლილი] ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თავისი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას“ [იოანე 15,18-19].

ამდენად, უფალი იესუ ქრისტე ორ პირობით ჯგუფს გამოყოფს:

- პირველ ჯგუფში მოიაზრება ღვთისგან დაწყევლილი ქვეყნის მიერ მოძულებული - მაცხოვარი, და ისინი, რომლებიც თავად უფალმა გამოარჩია ამ ქვეყნის მკვიდრთაგან;

- მეორე ჯგუფში კი გაერთიანებულია ღვთისგან დაწყევლილი ქვეყნის ყველა ის მაცხოვრებელი, რომელიც ამ ქვეყნის სიყვარულით სარგებლობს;

5. ღვთისაგან დაწყევლილ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამის მოდგმის ორ ჯგუფად დაყოფაზე საუბრობს უფალი „მკის იგავშიც“ – „...კეთილი თესლის მთესავი ძეა კაცისა. ყანა არის ქვეყანა; კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია; მკა - ქვეყნის დასასრული...“ [მათე 13,37-39]:

- პირველ ჯგუფში თავს იყრიან ძე კაცისას მიერ დათესილი „კეთილ თესლად“ მოაზრებული „სასუფევლის ძენი“, რომელთაც „მამის სასუფეველში“ აქვთ ადგილი განკუთვნილი [იხ. მათე 13,43]; ხოლო

- მეორე ჯგუფში ვხედავთ ეშმაკის მიერ დათესილი „ღვარძლის“ ნაყოფთ, ანუ „უკეთურის ძეებს“, რომელთაც - „...ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი“ [მათე 13,42];

6. ზემოთ ხსენებული ორი პირობითი ჯგუფის წარმომადგენელთა ურთიერთგაყოფაზე მიმანიშნებელი მაცხოვრის სიტყვები ასე იკითხება - ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არ ამოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა (მათ. 10, 34).

აღნიშნულის განმარტებაში წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი), ბრძანებს - „ეს ასე წაიკითხე: „იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება - სიცრუეს, სიბრძნე - სისულელეს, სიკეთე - ბოროტებას, სამართალი - ძალადობას, ზნეობა - პირუტყვობას, კეთილკრძალულობა - ხრწნილობას, ღმერთი - მამონას შევარიგო. არა, მე ერთის მეორისაგან განსაცალკავებლად მახვილი მოვიტანე, რომ აღრეულობა არ იყოს“-ო [იხ. ათასი კითხვა დედა-ეკლესიას“, 611-ე კითხვა, გვ. 163].

ღვთისაგან დაწყევლილ ქვეყანაში, იგივე ჯოჯოხეთში გაბატონებული მამონისა, და მის მიერ დანერგილი - სიცრუის, სისულელის, ბოროტების, ძალადობის, პირუტყვობისა თუ ხრწნილობის საცეცებში მოქცეულ ქვეყანასთან მიმართებაში, უფალი ასეთ დამოკიდებულებას ამჟღავნებს - „მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას...“ [ლუკა 12,49]. აქ ხსენებული „ქვეყნისათვის“ ცეცხლის მოდებაზე მინიშნება, იგივეა რაც ჯოჯოხეთის საუკუნო ცეცხლში ჩაგდება;

7. დასასრულს, მოდით კომენტარის გარეშე გავიხსენოთ, თუ როგორი პოზიციის დაკავებისაკენ მოგვიწოდებს მოციქული, განსახილველი - ღვთისგან დაწყევლილი ქვეყანის მიმართ:

- „ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს [ანუ - ღვთისაგან დაწყევლილი]  ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის. ე ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე“ [1 იოანე 2,15-17].

ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი მასალა მთელი სიგრძე-სიგანით გვიხატავს, როგორც - ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის, იგივე ჯოჯოხეთის, ასევე - მისი მთავრის ჭეშმარიტ არსს.

ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის, იგივე ჯოჯოხეთის, არსში კიდევ უფრო გასარკვევად, მოდით პეტრე მოციქულიეული მინიშნება განვიხილოთ - „ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი. ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ“ [საქმ. 2,31-33].

აქ ნათქვამი - „არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება“, ჩვენის აზრით, ორ პირობით დროით ეტაპს [და მათში მომხდარს უნდა გამოყოფდეს. კერძოდ, ესაა:

1. „არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში“; და

2. „არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება“.

ქრისტიანული სწავლებით, უფალი იესუ ქრისტე - ჯვარცმამდე, ერთდროულად ატარებდა ორ: ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებას, რამეთუ მას  - „... როგორც ღმრთის ხატს, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღმრთის სწორად ყოფნა. მაგრამ დაიმცირა თავისი თავი, მონობის ხატი შეიმოსა და კაცის მსგავსად იქცა“ [ფილ. 2,6-8].

 „კაცის მსგავსად იქცა“, ბუნებრივად გულისხმობს, რომ განკაცებული მაცხოვარი, შობიდან ვიდრე ჯვარცმამდე, ერთდროულად იყო რა - ღვთაებრივი სულისა და ჩვეულებრივი მოკვდავი, ანუ ადამიანური სხეულის მატარებელი, სწორედ ამ სახით ცხოვრობდა ღმერთის მიერ დაწყევლილ ქვეყანაზე, ანუ - ჯოჯოხეთში. განკაცებული მაცხოვრის ამ მდგომარეობაში ყოფა მხოლოდ ჯვარცმამდე გაგრძელდა.

უფალი იესუ ქრისტე გვასწავლის, რომ - „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ [იოანე 4,24]. აღნიშნულ თვალსაზრისს პავლე მოციქული კიდევ უფრო აზუსტებს - „უფალი სულია, ხოლო სადაც არის სული უფლისა იქვეა თავისუფლება“ [2 კორ. 3,17].

ამ კუთხის გააზრებით, მოციქულის მიერ უფალთან მიმართებით ნათქვამი - „არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში“, შეგვიძლია ასეც წავიკითხოთ - „არ დარჩა უფალი ჯოჯოხეთში“, ანუ - ღვთის მიერ დაწყევლილ ქვეყანაში. ეს უკანასკნელი კი მაშინ მოხდებოდა თუკი მაცხოვარი გააგრძელებდა ჯვარცმამდელი სახით ქვეყანაზე ყოფნას.

ჩვენს მიერ, მეორე პირობითი დროითი ეტაპის დამაფიქსირებელად მოაზრებული მოციქულისეული სიტყვები - „არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება“, ხაზს უსვამს მაცხოვრის - შობისმიერი, მოკვდავი სხეულის, უკვდავ, ანუ მარადიულ არსში გადასვლას. დიახ, - ჯვარცმის შემდეგ, მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა, და ისე რომ - „არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება“, უკვდავსხეულშეძენილი გამოეცხადა მოციქულებს [და არა მარტო მათ]. 

ვისაც ყური აქვს ისმინოს!