Print

სად არის ჯოჯოხეთი? - მეხუთე ნაწილი: დასკვნის მაგიერ, ანუ - სასუფეველი და ცეცხლის ტბა

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

მეხუთე ნაწილი:

 

დასკვნის მაგიერ,

ანუ - სასუფეველი და ცეცხლის ტბა

 წინამდებარე წერილის ამ მონაკვეთის დასასრულს კიდევ ერთ საკითხზე გვინდა ვისაუბროთ. როგორც ითქვა, უფალ იესუ ქრისტეს პირველად მოსვლიდან ვიდრე განკითხვამდელ დროში:

- სამოთხე გახდა მონანიების მადლს ზიარებული, გარდაცვლილი ადამიანის მოკვდავ სხეულს გაყრილი უკვდავი სულის დროებითი ადგილსამყოფელი; ხოლო

- სამოთხის საპირისპირო არეალი - ღმერთის მიერ დაწყევლილი ქვეყანა, იგივე ჯოჯოხეთი, კვლავ დარჩა  რეინკარნაციას, იგივე ფერისცვალებას, ანუ ხრწნად სხეულში ხელახლა შობას [„კუალად ვიშვე“-ს] დაქვემდებარებული სულის ადგილსამყოფელად;

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადების შემდეგ, ადამის თითოეული მოდგმათაგანის მარადიული სული შეიძენს, ასევე - მარადიულ ხორცს, და სწორედ ასეთ მდგომარეობაში დაიმკვიდრებს თავის ადგილს: ზოგნი - „ხელმარჯვნივ“ და ზოგნი - „ხელმარცხნივ“:

- „მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ [მათე 25,34]

- „მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული“ [მათე 25,41].

ამდენად, სასუფეველი იქნება, აღთქმულ - „ახალ ცად და ახალ მიწად“ მოაზრებული ის ადგილი, სადაც გადარჩენილთა, ანუ „მარჯვნივ“ განწესებულთა - მარადიული სულისა და მარადიული ხორცის ერთებაში მყოფნი დამკვიდრდებიან.

ამის საპირისპიროდ, მარადიული სულისა და მარადიული ხორცის ერთებაში მყოფთა დარჩენილი ნაწილის, ანუ - „მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი“ [გამოცხ. 21,8].

გამოცხადებაში ვკითხულობთ - „და ეშმაკი, მათი მაცდური, ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე... და სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი. და ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყო ჩაწერილი, ჩავარდა ცეცხლის ტბაში“ [გამოცხ. 20,10; 14-15].

ამდენად, „მარცხნივ“ მდგომ - მარადიული სულისა და ხორცის ერთებაში მყოფთა სამუდამო დასამკვიდრებელ ადგილს ჰქვია - „საუკუნო ცეცხლი“ [მათე 25,41], ანდა - „ცეცხლისა და გოგირდის ტბა“ [გამოცხ. 20,10; 21,8], ანდა - „ცეცხლის ტბა“ [გამოცხ. 20,14-15]; ანდა - „სახმილის ცეცხლი“ [მათე 13,42; 50].