Print

სად არის ჯოჯოხეთი? - მეექვსე ნაწილი: საქართველოს როლისა და ქართველი ერის მისიის საკითხისათვის

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

მეექვსე ნაწილი:

 

საქართველოს როლისა და

ქართველი ერის მისიის საკითხისათვის

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ დაარსებიდან, ანუ 1996-1997 წლების გასაყარიდან მოყოლებული, ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი გახლდათ - ბიბლიასა და სხვა წერილობით წყაროებზე დაყრდნობით დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებისწინა „ბოლო ჟამად“ სახელდებული დროის დადგომა.

ერთ-ერთ ამოსავალ წერტილად იოანე ზოსიმეს  - „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს, საყოველთაოდ ცნობილი შეგონების არსებობის მიუხედავად, რომ - „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.... და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა...“, - მავანთა მხრიდან არაერთგზის გაისმის ეჭვის გამომხატველი კითხვები:

- რატომ, ან როგორ უნდა განაცხადოს ქართულმა ენამ უფლის მეორედ მოსვლის საიდუმლო? ან

- გადაჭარბებული ხომ არ არის ქართველი ერისათვის ამ დიადი მისიის დაკისრება? ან

- რა დააშავეს სხვა ერებმა და ენებმა, რომელთაც არა აქვთ მიცემული ასეთი დიადი მოვლენის გაცხადებისა, თუ მათ შესახებ არსებული ინფორმაციის შესმენის მადლი? და ა.შ.

ამ კითხვებზე საპასუხოდ, ბიბლიაში დაფიქსირებულ მინიშნებათა სათანადოდ გააზრებაა საჭირო. ასე მაგალითად, პეტრე მოციქული გვასწავლის, რომ ყოველი წინასწარმეტყველება და მათი განმარტება მხოლოდ ღვთის მადლის დაშვების შემთხვევაშია შესაძლებელი - „ესეც იცოდეთ თავდაპირველად, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სულის წმიდის შთაგონებით წარმოსთქვამდნენ მას ღმრთის წმიდა კაცნი“ [2 პეტრ. 1,20-21].

შესაბამისად, მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული თუ ვისი პირით ინებებს იგი, მისი ნების სხვათა გასაგონად გადმოცემას.

დიახ, თუ უზენაესის ნება არ იქნა, ვერავინ შეძლებს მივიდეს და „ჩაიხედოს“ უფლისმიერი საიდუმლოს შემცველ წმიდა წერილებში. აღნიშნული თვალთახედვის იგავურად შემცველი მაცხოვრის შეგონება ასეთია - „ვერავინ მოვა ჩემთან [აქ, პირობითად - წმიდა წერილთან], თუკი მამა, ჩემი მომავლინებელი, არ მოიყვანს ჩემთან... წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილია: ყველა ღმერთისაგან განისწავლება. ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან [აქ, პირობითად - წმიდა წერილთან] მოვა“ [იოანე 6,14-15].

ბიბლია, და ბოლო ჟამის დადგომისეული ნიშნების შემცველი სხვა წერილობითი წყაროები, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ოღონდ ესაა - ყველას ხვედრი არაა ესმოდეს [და არც ესმით], მათში გადმოცემულ იგავთა შინაარსი. ბოლო ჟამის დადგომის ნიშნების გაცხადების მისიის მატარებელი ქართველი ერისადმი მისტერიულად განკუთვნილი, უფალ იესუ ქრისტეს მინიშნებაც სწორედ ასეთია - „მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ [აქ, პირობითად - დანარჩენ მსოფლიოს] იგავებით? ხოლო მან მიუგო მათ და უთხრა: იმიტომ, რომ თქვენ [აქ, ბოლო ჟამში - ქართველებს] მოგეცათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ [ყველა სხვა დანარჩენთ] არ მისცემია“-ო [მათე 13,10-11].

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მკვლევარი მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობს ჩაწვდეს იგავებით გადმოცემულის ეზოთერულ სიბრძნეს, მაგრამ მათი ჭეშმარიტი არსის შეცნობა მხოლოდ უფლის მადლს ზიარებულთა ხვედრია - „მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი? ხოლო მან თქვა: თქვენ [აქ, ბოლო ჟამში - ქართველებს]  მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ [აქ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის „განმმარტებლებს“] იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა“ [ლუკა 8,9-10].

ამდაგვარი დიფერენციაცია, არა თუ სხვა ქვეყნის, არამედ თვით საქართველოში მაცხოვრებლებსაც ეხებათ. წინასწარმეტყველურ წერილთა საიდუმლოს გაცხადების მადლთან ზიარება, ანუ მათ ფარულ შინა არსში განივთებულის გააზრება, ამდაგვარი თემატიკის შემცველი ინფორმაციის მარტო ზერელე „მოსმენითა“ და „დანახვით“ [წაკითხვით] შეუძლებელია. ამისათვის, სხვა ძალისხმევაა საჭირო.

მაცხოვარი, ამდაგვარ შემთხვევათა თაობაზე, ასე გვაფრთხილებს - „და როცა ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა, თორმეტ მოწაფესთან ერთად, ჰკითხეს იგავის აზრი. და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთ ყველაფერი იგავით ეთქმის. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები“-ო [მარკ. 4,10-12].

უფლის მადლს ზიარებულთა, და აღნიშნული თემატიკისადმი მთელი გულისყურით დაინტერესებულთადმი, უფლისმიერი მიმართება ასეთია - „ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი, იმიტომ რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი, იმიტომ რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს“ [მათე 13,16-17].

ჩვენს მიერ ადრე გაცხადებულის მსგავსად, ზემოთქმული სრულად ეხება წინამდებარე განსახილველ თემატიკასაც. იგი, მართალია მრავალთა გასაგონადაა გამიზნული, მაგრამ, მიზეზთა გამო, ალბათ მხოლოდ მცირე [სულიერად შემზადებული] ნაწილი თუ შეძლებს ნათქვამის სათანადო გააზრებას.

აღნიშნულის თაობაზე, ყველაფრის წინასწარგანმჭვრეტ ბიბლიურ სიბრძნეში მოცემული შეგონება, ასეთია - „შენ კი მეტად ნუღარ გამოიკითხავ, თუ როგორ იტანჯებიან უკეთურნი, არამედ იკითხე, თუ როგორ და როდის გადარჩებიან მართალნი, რომლებისაც არის წუთისოფელი და რომელთა გულისთვისაც არსებობს წუთისოფელი“ [3 ეზრა 9,13].

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მივყვეთ დაწყებულ თხრობას.

ბიბლია გვასწავლის, რომ - „როგორც ყველაფერს, რაც წუთისოფელშია [აქ - ღმერთისგან დაწყევლილ ქვეყანაში, ანუ ჯოჯოხეთშია] შექმნილი, დასაბამი აქვს [ესაა - ცოდვით დაცემის მომენტი], ასევე დასასრულიც აქვს და დასასრული გამოცხადებულია“ [3 ეზრა 9,5].

ეს „დასასრული“ გახლავთ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადება, და მისი შემადგენელი ნაწილი - განკითხვის დღე, როდესაც მოხდება მტყუან-მართალთა გადარჩევა - „და უკანასკნელი მტერი განქარდება - სიკვდილი“ [1 კორ. 15,26].

ბიბლიურ ტექსტებში, ერთი და იგივე არსის გადმოსაცემად, ხშირად გამოიყენება სხვადასხვა შედარებები. ამის მაგალითად, წმიდა წერილში უფალი იესუ ქრისტე, ხშირად იწოდება, როგორც:

სიტყვა [იოან.1,1], მხოლოდშობილი ძე ღვთისა [იოან. 3,18], ძე კაცისა [მარკ. 10,33], დავითის ძე [მათე 1,1], მარიამის ძე [მარკ. 6,3], წინასწარმეტყველი [საქმ. 3,22-23], ნაზარეველი [მათე 2,22], სიძე [მათე 9,5; გამოცხ. 2,19], დავითის ფესვი [გამოცხ. 5,5], შუამავალი [[1 ტიმ. 2,5], მღვდელმთავარი [ებრ. 3,1], მშენებელი [მათე 16,18; ებრ. 3,3], ღვთის კრავი [იოან. 1,29], დაკლული კრავი [გამოცხ. 13,8], გზა [იოან,14,6], კარი ცხვართა [იოან. 10,7], ვაზის ჭეშმარიტი ლერწი [იოან. 15,1], ლერწი [იოან. 15,5],  პური ღვთისა [იოან. 6,33], სიცოცხლის პური [იოან. 6,35], ნათელი [იოან. 12,35], ცისკრის ვარსკვლავი [გამოცხ, 2,28], კლდე [მათე 16,18], საცდურის კლდე [1 პეტრ. 2,7-8], შებრკოლების ლოდი [ [1 პეტრ 2,7-8], ცოცხალი ქვა [1 პეტრ. 2,4], სულიერი ქვა [1 კორ. 10,4] და ა.შ.

ბიბლიაში, ტერმინ - „ჯოჯოხეთის“ ქვეშ, ხშირად მოიაზრება, როგორც - გლოვის ადგილი [ლუკა 16,22-23; 26], „სახმილის ცეცხლი“ [მათე 13,42], „უშრეტი ცეცხლი“ [მათე 3,12], „გაუნელებელი ცეცხლი“ [მარკ. 9,43-48], „მარადიული ტანჯვის ადგილი“ [მათე 5,22; 29-30; 10,28; 16,9; ლუკა 12,5; იაკ. 3,6; 2 პეტრ. 2,4] და სხვა.

ჩვენს მიერ განსახილველ საკითხთან მიმართებაში, ცოდვით დაცემიდან ვიდრე განკითხვის დღემდე, ადამის მოდგმის საცხოვრისი - ღვთისაგან დაწყევლილი ეს ქვეყანა, ტერმინ „ჯოჯოხეთში“ მოაზრებულის არსობრივ სახესთანაა შედარებული. ანუ, ესაა იმ არეალის შესატყვისი ერთ-ერთი ტერმინი, რომელი - არეალიც, იგივე - „წუთისოფელი“, იგივე - „ქუეყანა“, იგივე - „აწინდელი ცა და მიწა“, განკითხვის დღეს უნდა - „გადაეგოს“  [იხ. გამოცხ. 21,1].

როდესაც, ბიბლიური სწავლებით გვეუწყება, რომ: მონანიების მადლს ზიარებულ გარდაცვლილ ადამიანთა სულების ადგილი სამოთხეშიაო [იხ. ლუკა 23,43]; და იქვე მიგვენიშნება, რომ: განკითხვის დღის შემდეგ, უკვდავი სულისა და უკვდავი სხეულის არსში მარადიულად მყოფ გადარჩენილთა ადგილი - სასუფეველშიაო [იხ. მათე  25,34], ამით ხაზი ესმება - სამოთხესთან შედარებით, სასუფევლის სახელით მოაზრებული მარადიული სანეტარო სამკვიდრებლის ხარისხობრივ აღმატებულობას;

შესაბამისად, როდესაც ვგებულობთ, რომ: ცოდვით დაცემის გამო ედემის ბაღიდან განდევნილი, უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის ერთებაში მყოფ ადამის მოდგმას, სასჯელის მოხდის არეალად - ღვთისაგან დაწყევლილი დღევანდელი ქვეყანა აქვს განკუთვნილი [იხ. დაბ. 3,17], სადაც იგი რეინკარნაციის განუწყვეტელ ჯაჭვშია „ჩაბმული“ [იხ. ფსალმ. 89,2-3; 3 ეზრა 8,7-9; იობი 14,14], რომელი ქვეყნის არსობრივი მხარეც თურმე ტერმინ „ჯოჯოხეთთანაა“ შედარებული; და იქვე მიგვენიშნება, რომ: განკითხვის დღის შემდეგ, უკვდავი სულისა და უკვდავი სხეულის არსში მარადიულად მყოფ დასაღუპად განწირულთა ადგილი - „საუკუნო ცეცხლში“ [იხ. მათე 25,41], ანდა - „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“ [გამოცხ. 20,10; 21,8], ანდა - „ცეცხლის ტბაში“ [გამოცხ. 20,14-15]; ანდა - „სახმილის ცეცხლშიაო“ [მათე 13,42; 50], სადაც ხდება სწორედ „ჯოჯოხეთის“ დანთქმა [გამოცხ. 20,14], ამით ხაზი ესმება - ღმერთისგან დაწყევლილ ქვეყანასთან, იგივე ჯოჯოხეთთან შედარებით, ამ - „საუკუნო ცეცხლის“ სახელით მოაზრებული მარადიული ტანჯვის ადგილის ხარისხობრივ აღმატებულობას.

დიახ, სამოთხესთან შედარებით, ჩვენთვის წარმოუდგენელი ხარისხით უკეთესი იქნება - სასუფევლის ძეებად შერაცხულთა სამკვიდრებელი, სადაც, აღთქმულის თანახმად  - „დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად. აღარ ჩაესვენება შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაცხრება, რადგან უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი გლოვის დღეები დასრულდება“ [ეს. 60,19-20].

სწორედ ასევე, ადამის მოდგმის დღევანდელ საცხოვრისთან - ღვთისაგან დაწყევლილ ქვეყანასთან, იგივე ჯოჯოხეთთან შედარებით, ჩვენი გონებისთვის წარმოუდგენელი ხარისხით უარესი იქნება „დასაღუპად განწესებულთა“ სამუდამო ადგილსამყოფელი - „...ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,10].

განკითხვის დღის მოახლოება-დადგომის წამის ზღვარზე მყოფი, დღევანდელი ჩვენი საცხოვრისის, ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის, იგივე ჯოჯოხეთის მძიმე „ხვედრის“ თაობაზე, ბიბლია ბრძანებს - „შიში, ხარო და ხაფანგია შენს წინ, ქვეყნის მკვიდრო! შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება; რადგან გაიღება ცათა სარკმელები და მიწის საფუძვლები შეზანზარდება. ფეთქებით აფეთქდა დედამიწა, ნაფოტებად დანაფოტდა დედამიწა, დამხობით დაემხო დედამიწა. მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება. მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე“ [ეს. 24,17-21];

და ამატებს - „რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში - თავისი ბრაზი. რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს...“ [ეს. 66,15-16]. ეს კი, სწორედ ისაა, რაზეც უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს - მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!”-ო [ლუკა 12,49].

ვისაც ყური აქვს ისმინოს!


აქვე ერთ მნიშვნელოვან ფაქტორსაც უნდა გაესვას ხაზი.

ცოდვით დაცემის გამო ედემის ბაღიდან გამოდევნილ, და სასჯელის მოხდის, ანუ ღმერთისგან დაწყევლილი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ  ადამის მოდგმის აბსოლუტურ უმრავლესობას - სხვადასხვაგვარად უყვარს თავისი „დაბადების ადგილი“, პატივს მიაგებს „მისი სამშობლოს“ ისტორიულ წარსულს და „უკეთესი მომავლის“ შექმნაში თავისებური წვლილის შეტანისათვის იღწვის.

როგორც არაერთგზის გვითქვამს, ამ კუთხით, ჩვენს ცოდვიან დედამიწაზე წარმოქმნილ ყველა ქვეყანასა და მასში მაცხოვრებელთ, მკვეთრად ინდივიდუალური მისია აქვთ, რომელთა შორის, განსაკუთრებული მისიის მატარებელი ორი ერი - ებრაელები და ქართველები გამოირჩევა.

ებრაელებისა და ქართველების ეს განსაკუთრებულობა - უფალ იესუ ქრისტეს განსხეულებითაა ურთიერთ გადაჯაჭვული, რამეთუ:

- პირველად ღმერთად მოსვლისას, სწორედ ებრაელი ერის წიაღში იშვა მაცხოვარი, სადაც განვლო - შობიდან ვიდრე ჯვარცმამდელი გზასავალი;

- მეორედ მოსვლის მისტერიაში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქართულ მიწას წილად ერგო, რომ მის წიაღში შობილიყო - ძე კაცისა, რომელმაც  უნდა გაიაროს კიდეც გზა - შობიდან, ვიდრე ღვთაებრივი ძალმოსილებით მის გაცხადებამდე და განკითხვის დღის დადგომამდე.

ამ კუთხით, სასჯელის მოხდის გზაზე მავალი კაცობრიობის ისტორიაში, განუზომლად დიდია  საქართველოს როლი, რომელი ქვეყნის მკვიდრი ქართველი ერის მისიაა, მისი ქვეყნის ისტორიული რეალობის მაგალითზე, დაამოწმოს ბოლო ჟამის დადგომაზე მიმანიშნებელ წინასწარმეტყველებათა ასრულება.

ბოლო ჟამში მაცხოვრებელმა და ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა ჩვენმა თანამემამულეებმა, იციან, რომ „ივერიის გაბრწყინებაზე“ მიმანიშნებელი წინასწარნაუწყები,  ორ - სულიერ და ფიზიკურ ასპექტს აერთიანებს. აღნიშნულის თაობაზე ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია, ამიტომ ამჟამად, მხოლოდ - „სულიერი ასპექტის“ გადმომცემ მოკლე ფორმულირებას შეგახსენებთ - „ივერიის გაბრწყინების“ სულიერი ასპექტის უდიდესი წილი, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გამოვლენა - გამჟღავნებაზე მოდის {„რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა“], და შესაბამისად - უკვე სრულდება კიდეც

სწორედ, ამ მისიის ასასრულებელ ადგილს იცავდა ჩვენს წინარე დროში მცხოვრები, ქართველი ერის ღირსეულ მამულიშვილთა უამრავი თაობა, და ასეა დღესაც, ვიდრე, უკვე მოახლოებული, განკითხვის დღის დადგომამდე...