Print

სად არის ჯოჯოხეთი? - მეშვიდე ნაწილი: ზოგადადი დროითი მიჯნის საკითხისათვის

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

მეშვიდე ნაწილი:

 

ზოგადადი დროითი მიჯნის საკითხისათვის

დროისა და სივრცის ჩარჩოებში „ჩაკეტილ“ ადამის მოდგმას უჭირს ისეთი ცნებების გააზრება, როგორიცაა - მარადისობა და უსასრულობა.

წმიდა წერილზე დაყრდნობით ვიცით, რომ მარადისობის უწყვეტი ჯაჭვი, თავად დაუსაბამო ღმერთიდან იღებს სათავეს და უკუნითი უკუნისამდეა განფენილი.  ამასთანავე, ადამისა და მისი დედაკაცის ცოდვით დაცემას, იგივე სიკვდილის „გაჩენას“, დროის ცნების შემოტანა მოჰყვა, რომელიც განკითხვის დღეს უნდა დამთავრდეს, რამეთუ ამის შემდეგ - „...უკვე აღარ იქნება დრო“ [გამოცხ. 10,6].

ამდენად, მივიღეთ სამი პირობითი მონაკვეთი:

1. უდროობიდან ვიდრე ცოდვით დაცემამდე;

2. ცოდვით დაცემიდან განკითხვის დღემდე; და

3. განკითხვის დღიდან, ვიდრე უკუნითი უკუნისამდე.

ბიბლიური სწავლებით - „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი [კაცი] მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ [დაბ. 2,7]. როგორც უკვე ითქვა - ამ მომენტისათვის, ანუ უდროობის არეალში, ადამს აქვს:

1) სხეული - „მიწის მტვერისაგან“;

2) უშუალოდ უკვდავი ღმერთისაგან მომდინარე, და მაშასადამე ასევე უკვდავი სული - „სიცოცხლის სუნთქვა“;

3) იგი, სხეულებრივად არ მოკვდება თუკი - „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფს“ არ შეჭამს;

4) თუმცა იგი - უკვდავი სხეულის მატარებელიც არ არის, რამეთუ ჯერ არ უგემებია - „სიცოცხლის ხის ნაყოფი“.

ცოდვით დაცემის, ანუ სიკვდილის, იგივე დროის ფაქტორის „გაჩენის“ გამო, უკვდავი სულის მქონე ადამმა და ევამ, სასჯელის სახით სიკვდილს დაქვემდებარებული სხეული შეიძინეს, და ედემის ბაღიდან გამოდევნის შემდეგ ასეთი სახით დაადგნენ მათთვის სასჯელად განსაზღვრულ, დროსა და სივრცით შემოსაზღვრულ გზასავალს.

ცოდვით დაცემიდან ვიდრე განკითხვის დღემდე, ანუ დროის ჩარჩოებში მოქცეული ადამის მოდგმისათვის:

- უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის დროებით ერთებაში ყოფას, ანუ რეინკარნაციის ჯაჭვს - „სიცოცხლე“ ჰქვია; ამ არსში სამკვიდრო ადგილს კი - „ღმერთის მიერ დაწყევლილი ქვეყანა“, იგივე - „ჯოჯოხეთი“;

- უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის დროებით ურთიერთ გაყრა „სიკვდილადაა“ სახელდებული; რომლის შემდეგაც, მონანიების მადლს ზიარებული, გარდაცვლილი ადამიანის მოკვდავ სხეულს გაყრილი უკვდავი სულების დროებით ადგილსამყოფელად სამოთხეა განსაზღვრული, ხოლო დანარჩენი სულები, რეინკარნაციის, ანუ მოკვდავი სხეულის შეძენის შემდეგ, კვლავ უბრუნდებიან სასჯელის მოხდის ადგილს, ანუ ღმერთის მიერ დაწყევლილ ქვეყანას, იგივე ჯოჯოხეთს.

მთელი ამ „დროითი მონაკვეთის“ ბოლოს, როცა -  „...უკვე აღარ იქნება დრო... როცა ხმას გაიღებს მეშვიდე საყვირი, როცა ის ჩაჰბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო... “ [გამოცხ. 10,7-8], და - „ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი... ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება“ [1 კორ. 15,52-53].

უკვდავი სულისა და უკვდავი სხეულით აღჭურვილ ადამის მოდგმას დაუდგება, დროითი ჩარჩოს შემომსაზღვრელი უკანასკნელი მიჯნა - განკითხვის დღე, როდესაც: ერთნი - „სასუფეველში“, ხოლო მეორენი - „საუკუნო ცეცხლში“ ჰპოვებენ სამუდამო ადგილს [იხ. მათე 25,34; 41]. ამასთან,  ბიბლიისეული სწავლებით: 

- სასუფეველი, იგივე „ედემი“, იგივე „ახალი ცა და ახალი მიწა“ არის ის მარადიული ადგილსამყოფელი, სადაც - უკვდავი სულისა და უკვდავი ხორცის ერთებაში მყოფი გადარჩენილები დამკვიდრდებიან; ხოლო

- „საუკუნო ცეცხლი“ [მათე 25,41], ანდა - „ცეცხლისა და გოგირდის ტბა“ [გამოცხ. 20,10; 21,8], ანდა - „ცეცხლის ტბა“ [გამოცხ. 20,14-15]; ანდა - „სახმილის ცეცხლი“ [მათე 13,42; 50] იქნება: უკვდავი სულისა და უკვდავი ხორცის ერთებაში მყოფ ბოროტეულთა სამუდამო დასამკვიდრებელი ადგილი. 

აი, მოკლედ იმ „ხაზის} შესახებ, რასაც პირობითად: „მარადისობა - დროითი ჩარჩო - მარადისობა“ ეწოდება.