Print

სად არის ჯოჯოხეთი? - მერვე ნაწილი: სამოთხისა და ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის, ანუ ჯოჯოხეთის დროითი მიჯნების საკითხისათვის

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

მერვე ნაწილი:

 

სამოთხისა და ღვთისაგან დაწყევლილი ქვეყნის, ანუ ჯოჯოხეთის

დროითი მიჯნების საკითხისათვის

ბიბლიისეული „პირველი და მეორე სიკვდილის“ არსის თაობაზე საუბრისას აღინიშნა, რომ:

- ცოდვით დაცემიდან ვიდრე განკითხვის დღემდე, ღმერთისაგან დაწყევლილ ქვეყანაში დამკვიდრებული ადამის მოდგმისათვის, უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის გაყრათა ვრცელ ჯაჭვს, ზოგადად - „პირველი სიკვდილი“ ჰქვია; ხოლო

- გამოცხადებისეულ ტექსტში დაფიქსირებულ - „მეორე სიკვდილისეულ“ ცნებაში,  უკვდავი სულისა და უკვდავი სხეულით ერთებაში მყოფი ყველა იმათი ზოგადი ხვედრი მოიაზრება, რომლებიც, განკითხვის დღის შემდეგ, უკვე ხსენებულ „მარცხნივ მდგომთა“, ანუ ბოროტეულთა რიგებში, ანუ მარადიულ სატანჯველში აღმოჩნდებიან. 

აღნიშნულის მსგავსად, ცოდვით დაცემიდან ვიდრე განკითხვის დღის ჩათვლით, თითოეული ადამის მოდგმათაგანს, თავისი ჩანადენისა გამო, ასევე „ორჯერ“ მოუწევს ე.წ. „პასუხისგება“. ამათგან:

- უკვე ხსენებულ „პირველი სიკვდილის“ მთელი პერიოდის მანძილზე, ანუ თითოეული რეინკარნაციის ბოლოს დამდგარი სიკვდილის შემდეგ, მოკვდავ სხეულს გაყრილი უკვდავი სულის ე.წ. „პასუხისგების“ პროცესს: „მცირე სამსჯავრო“ ჰქვია; ხოლო

- წმიდა წერილისეული „მეშვიდე საყვირის დაყვირების“ შემდეგ, ანუ უკვდავი სულის მიერ უკვდავი სხეულის ერთებაში მყოფთა ე.წ. „პასუხისგების“ პროცესი „განკითხვის დღედ“, ანდა „დიდ სამსჯავროდ“, იგივე „საშინელ სამსჯავროდაა“ სახელდებული, რომლის შემდეგაც თითოეული მათთაგანი - მიღებული „განაჩენის“ მიხედვით განსაზღვრულ სამუდამო ადგილსამყოფელში დამკვიდრდება [იხ. მათე 25,34; 41].

„განკითხვის დღისაგან“ განსხვავებით, ყოველი „მცირე სამსჯავროს“ შემდეგ ხდება ადამიანის უკვდავი სულის დროებითი ადგილსამყოფელის გამოვლენა.

ქრისტიანული საეკლესიო ტრადიციით, ხსენებული „მცირე სამსჯავრო“, პირის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს იმართება, რომლის შემდეგაც:

- იმ ადამიანის უკვდავი სული, რომლის მიერაც ხრწნად სხეულთან ერთად, „ღმერთისგან დაწყევლილ ქვეყანაში“, ანუ „ჯოჯოხეთში“ განვლილი ე.წ. „მიწიური“ საქმიანობა დადებითად იქნება შეფასებული, სამოთხეში მოიპოვებს დროებით განსასვენებელს. ამ დროის ხანგრძლივობა, უკვდავი სულის მიერ მიწიურ ცხოვრებაში დაგროვებული მადლის პირდაპირპროპორციულია; ხოლო

- იმ ადამიანის უკვდავი სული, რომლის ე.წ. „მიწიური“ საქმიანობაც უარყოფითად იქნება შეფასებული, კვლავ რეინკარნაციას დაექვემდებარება, ანუ ხელახალი შობით მიღებულ ახალი ხრწნადი სხეულის ერთებაში შეუდგება „ღმერთისგან დაწყევლილ ქვეყანაში“, ანუ - „ჯოჯოხეთში“ განკუთვნილ ახალი ცხოვრების გზას.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ადამის შექმნის ე.წ. თანამიმდევრობითი პროცესის [იხ. დაბ. 2,7] შესაბამისად, ჩასახული ნაყოფის მქონე ქალის მდგომარეობა, ქართულ ენაში, ორი ტერმინით გამოითქმის: 1. ფეხმძიმე და 2. ორსული. თავის მხრივ:

- ფეხმძიმობა გრძელდება: მდედრის კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან, ვიდრე საშვილოსნოში მყოფი ნაყოფის ამოძრავებამდე, და 3-4 თვიან დროით მონაკვეთს მოიცავს;

- ჩასახვიდან 3-4 თვის თავზე განხორციელებული ნაყოფის ამოძრავება, „აფიქსირებს“: მომავალი დედის საშვილოსნოში ჩასახული ნაყოფის მოკვდავ სხეულში - უკვდავი სულის გადასვლას, და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქალი ხდება - ორსული [თავისი და ნაყოფის სულის ერთდროულად მატარებელი], რომელიც 5-6 თვე გრძელდება;

მთლიანობაში, უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის ერთების მატარებელი „ახალი ადამიანის“ დაბადებას, როგორც წესი, მაქსიმუმ: პლიუს-მინუს ორი კვირით გამოკვეთილი ცხრა თვე სჭირდება.

ზემოთქმული, საშუალებას იძლევა, საკმაო სიზუსტით გამოვითვალოთ - ადამიანის გარდაცვალებიდან, მისი უკვდავი სულის მიერ რეინკარნაციის ახალი ციკლის დაწყებისათვის საჭირო პირობითი დრო, რომელიც მოიცავს:

1. სიკვდილიდან, ანუ უკვდავი სულის მიერ, მოკვდავი სხეული დატოვებიდან გასულ ორმოც დღეს [ე.წ. „მცირე სამსჯავროს“ გამართვის ვადა]; და

2. დედის საშვილოსნოში ჩასახული ნაყოფის მოკვდავ სხეულში - უკვდავი სულის გადასვლიდან, ახალი ადამიანის დაბადებამდე გასულ 5-6 თვეს.

მაშასადამე, ადამიანის გარდაცვალებიდან, მისი უკვდავი სულის მიერ რეინკარნაციის ახალი ეტაპი, დაახლოებით: 40 დღეს დამატებული 5-6 თვის თავზე, ანუ მთლიანობაში: მინიმუმ 7-8 თვის შემდეგ შეიძლება დაიწყოს.     

დასასრულს დავსძენთ, რომ - სამოთხეში მოხვედრილი უკვდავი სული, მიწიურ ცხოვრებაში დაგროვილი მადლით განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ [რომლის ხანგრძლივობის გამოთვლაც შეუძლებელია], გადავა რა, ღვთის განგებულობით მისთვის განკუთვნილ, ანუ მომავალი დედის საშვილოსნოში ჩასახულ 3-4 თვიანი ნაყოფის სხეულში, ასევე შეუდგება ხელახალი შობით, ანუ რეინკარნაციით განსაზღვრულ გზასავალს.