Print

სად არის ჯოჯოხეთი? - მეცხრე ნაწილი: „მცირე“ და „დიდი“ სამსჯავროს არსობრივი საკითხისათვის

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

მეცხრე ნაწილი:

 

„მცირე“ და „დიდი“ სამსჯავროს

არსობრივი საკითხისათვის

უფალი ღმერთის მიერ განსაზღვრული, ადამის მოდგმისათვის დაწყევლილ ქვეყანაში ყოფნის, ანუ მათთვის „სასჯელისმიერი დროის“ ამოწურვის ბოლოს დამდგარი - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი, მოისპობა სიამპარტავნე, ამოიძირკვება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შეძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,43-45].

ბიბლიის მიხედვით - „სიკვდილი“, ღმერთის მიერ დადგენილის შეუსრულებლობის შედეგია [იხ. დაბ. 2,16-17], რამეთუ ღმერთის მიერ დადგენილი წესისაგან გადახვევის სურვილი, ანუ - „... გულისხმა ჩასახავს და შობს ცოდვას; ცოდვა კი ჩასახვის შემდეგ შობს სიკვდილს“ [იაკ. 1,15].

ამ თვალსაზრისით - „ცოდვა“ და „სიკვდილი“ ერთმანეთის სინონიმებია, რამეთუ, სადაც არის „ცოდვა“, იქვეა „სიკვდილი“, და სადაცაა „სიკვდილი“, იქვეა მისი გამომწვევი „ცოდვაც“.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ - უკდავებაა იქ, სადაც არ არის „სიკვდილის“ გამომწვევი - ცოდვა. ღმერთი უკვდავია, რამეთუ იგი - უცოდველია. და რადგანაც - „ღმერთი სულია...“ [იოანე 4,24], შესაბამისად უკვდავია მისგან მომდინარე ის „სიცოცხლის სუნთქვაც“, რომელიც შთაბერა მან „მიწის მტვერისაგან“ გამოსახულ ადამის სხეულს - „...და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ [დაბ. 2,7].

შესაბამისად, ამ დროისათვის - ადამს აქვს: უცოდველი, ანუ უკვდავი სული და მიწის მტვერისაგან გამოსახული სხეული. ამიტომ, უფალი ღმერთის მიერ  ედემის ბაღში აღმოცენებული „სიცოცხლის ხის“ ნაყოფი, მხოლოდ, ამ „მიწის მტვერისაგან“ გამოსახული სხეულისთვის იყო განკუთვნილი, რომლის მიღებაც, ადამის მიერ, უფლისმიერი დადგენილი წესის დაცვის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

სამწუხაროდ, გველისაგან წაქეზებულმა ევამ დაარღვია უფლისმიერი წესი, და იგემა რა აკრძალული ხის ნაყოფი, თავისი [და შემდგომად ადამის] სხეული - სიკვდილისათვის, ანუ - ხრწნადობისათვის გაწირა.

აქედან მოყოლებული სიცოცხლის ხის ნაყოფი მათთვის დაფარული გახდა, რათა - „...არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს... განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,22; 24].

ედემის ბაღიდან, ანუ სამოთხიდან გამოდევნიდან ვიდრე განკითხვის დღემდე, როგორც ითქვა, ადამის მოდგმისათვის - უცოდველი, ანუ უკვდავი სულისა და ცოდვას დაქვემდებარებული, ანუ მოკვდავი სხეულის ერთებაში ყოფნას - სიცოცხლე, ხოლო მათი ურთიერთგაყრის პროცესს - სიკვდილი ჰქვია.

ამასთან, ცოცხალ ადამიანში მყოფი, უფალი ღმერთისაგან მომდინარე, მათი უცოდველი, ანუ უკვდავი სულის თაობაზე ვკითხულობთ - „თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი...“ [დაბ. 6,3];

რაც შეეხება ამ „ხორცს“, ანუ ადამის მოდგმის - ცოდვას დაქვემდებარებულ მოკვდავ სხეულს, იგი მიწისაგანაა აღებული და მიწადვე უნდა მიიქცეს [იხ. დაბ. 2,19].

პავლე მოციქულის სწავლებით - „...ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, და სულს - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ იქმოდეთ იმას, რაც გსურთ“ [გალ. 5,17].

როგორც ითქვა, აი, ასეთ ბრძოლაში მყოფი უცოდველი, ანუ უკვდავი სული, ცოდვას დაქვემდებარებულ, ანუ მოკვდავ სხეულთან ერთებაში ყოფნის ყოველი „სიცოცხლისეული ეტაპის“ დასრულებიდან მეორმოცე დღეს, წარსდგება ე.წ. „მცირე სამსჯავროზე“, რათა - სასჯელის მოხდის ადგილზე, ანუ ღმერთისაგან დაწყევლილ ქვეყანაში ჩადენილი საქციელის შესაბამისი განაჩენი მიიღოს.

ხაზგასმით გვინდა გავიმეოროთ, რომ, ყოველ „მცირე სამსჯავროზე“, უკვდავი სულისათვის გამოტანილი „განაჩენი“, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით შეძლო მან, ამ „დროისათვის“ უკვე მიწას მიბარებული, მოკვდავი სხეულის „მართვა“.  შესაბამისად, უკვდავ სულთა ერთი ნაწილი - სამოთხისეული ეტაპის გავლით, ხოლო მეორე ნაწილი კი, მინიმუმ 7-8 თვიანი ინტერვალის შემდეგ, შობის გზით შეძენილ ახალ მოკვდავ სხეულში მყოფი [რეინკარნირებული], კვლავ აგრძელებს, სასჯელის მოხდის ადგილზე - ღმერთის მიერ დაწყევლილ ქვეყანაში, ანუ ჯოჯოხეთში ცხოვრებას.   

და ასე გრძელდება ვიდრე „განკითხვის დღემდე“, ანუ „დიდ სამსჯავრომდე“, როდესაც საბოლოოდ დასრულდება უკვდავ სულსა და მოკვდავ ხორცს შორის მიმდინარე დაპირისპირება.

ამდენად, როგორც - „მცირე“, ასევე - „დიდი“ სამსჯავროს მთავარი სუბიექტი არის, ადამის მოდგმის - უცოდველი, ანუ უკვდავი სული. თუმცა არის ერთი „განსხვავება“.

საქმე იმაშია, რომ განკითხვის დღეს - უფალი ღმერთის მიერ ადამის მოდგმისათვის ბოძებული უცოდველი, ანუ უკვდავი სულისათვის მოხდება, მის მიერ განვლილ ყოველ „სიცოცხლისეულ ეტაპზე“, მოკვდავ სხეულთან „ბრძოლის“ საერთო შედეგისმიერი, ანუ შემაჯამებელი, „საბოლოო განაჩენის“ გამოტანა - „... ვინაიდან რასაც დასთესს კაცი, მასვე მოიმკის. ხორცში მთესველი ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას [აქ - „ცეცხლის ტბაში“ მოხვედრა], ხოლო სულში მთესველი სულისაგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს [აქ - სასუფეველში დამკვიდრება]“ [გალ. 6,7-8].

ბიბლიური სწავლებით, მარადისობასთან გაიგივებული ორი ადგილის სახელი ვიცით, ესაა - „სასუფეველი“, და - „ცეცხლის ტბა“, რამეთუ ამ ადგილებში - „...უკვე აღარ იქნება დრო“ [გამოცხ. 10,6]. შესაბამისად:

1. „სასუფეველი“ არის „სულში მთესველთა“, ანუ უცოდველთათვის განკუთვნილი მარადიული ნეტარების ადგილი; ხოლო

2. „ცეცხლის ტბა“ – „ხორცში მთესველთა“, ანუ ცოდვილთათვის განკუთვნილი მარადიული ტანჯვის ადგილია.

 თავის მხრივ, უდროობაში განვრცობილ გარემოში დამკვიდრება, მხოლოდ მარადისობასთან თანაზიარებულ არსში ყოფნის შემთხვევაშია შესაძლებელი.

როგორც ითქვა - განკითხვის დღეს „წინ უსწრებს“, ყველა უკვდავი სულის მიერ, ასევე უკვდავი სხეულის შეძენის მიმანიშნებელი - მეშვიდე საყვირისეული ეტაპი, რამეთუ - „ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი, რადგანაც დაიგრგვინებს და ...  ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება“ [1 კოლ. 15,52-53].

მაშასადამე, თუ ყოველ „მცირე სამსჯავროზე“, მხოლოდ უკვდავი სული  „ისმენს“ მისთვის გამოტანილ განაჩენს, „დიდ სამსჯავროზე“ წარმსდგარი თითოეული უკვდავი სული, უკვე - უკვდავ სხეულში მყოფი ელოდება განკითხვის დღისეულ საბოლოო განაჩენს

ბიბლიის მიხედვით, „სულში მთესველობა“ თავისთავად გულისხმობს - უცოდველობას, და ასეთთათვის – „...უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკვდილი“ [1 კორ. 15,26], და მათ ადგილსამყოფელში - „... აღარ იქნება სიკვდილი [ანუ - ცოდვა], და აღარც გლოვა, აღარც ტირილი და აღარც ტანჯვა აღარ იქნება, რადგან გადაეგო ყოველივე უწინდელი“ [გამოცხ. 21,4];

თავის მხრივ - „ხორცში მთესველი ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას...“ [გალ. 6,8], ანუ სიკვდილს, როგორც ცოდვის შედეგს. და, როდესაც გვეუწყება, რომ - „...სიკვდილი [ანუ - ცოდვა] და ჯოჯოხეთი [ღმერთისაგან დაწყევლილი ქვეყანა] დაინთქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი“-ო [გამოცხ. 20,14], ამით მიგვენიშნება არა იმაზე, რომ „ცეცხლის ტბაში“ ხდება „სიკვდილი“, ანუ იქ მოხვედრილთა სულისა და ხორცის გაყრის პროცესი, არამედ ხაზგასმულია - „სიკვდილის“, როგორც „ცოდვის შედეგის“ საბოლოო ადგილსამყოფელზე, სადაც მყოფნი - „... ეწამებიან დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 19,10].

ამდენად, სასუფეველიც და ცეცხლის ტბაც, უკვდავი სულისა და უკვდავი სხეულის ერთებაში მყოფთათვის განკუთვნილი სამუდამო ადგილსამყოფელია, ოღონდ, „ცეცხლის ტბისაგან“ განსხვავებით, „სასუფეველში“ არ არის - ცოდვა, და მისი შედეგი სიკვდილი.

ბუნებრივია, რომ ამ ორივე შემთხვევაში - „სიკვდილი“, „ცოდვის“ სინონიმია, და არა - უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის გაყრის პროცესის აღმნიშვნელი ტერმინი.

სწორედ ამაზე მიგვანიშნებს პავლე მოციქულისეული ნათქვამი - აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს, ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, - ერთ წამში, თვალის დახამხამებაში... ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება“ [1 კორ. 15,51-53].

ამდენად, თურმე - „ყველანი შევიცვლებით“, რაც გამოიხატება იმაში, რომ „ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება“, მაგრამ „ყველანი როდი მოვკვდებით“, რამეთუ, „სულში მთესველთათვის“ – „...ასრულდება სიტყვა დაწერილი: დაინთქა სიკვდილი [აქ - ცოდვა] ძლევით. სად არის სიკვდილო ნესტარი შენი? სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი? ხოლო სიკვდილის ნესტარი - ცოდვაა...“ [1 კორ. 15,54-56].

ყოველივე ზემოთქმულს თუ შევაჯერებთ, ასეთ ზოგად სურათს მივიღებთ:

1. როგორც - „მცირე“, ასევე - „დიდი“ სამსჯავროს მთავარი სუბიექტი არის, ადამის მოდგმის - უცოდველი, ანუ უკვდავი სული, ამასთანავე:

- თითოეული ადამის მოდგმათაგანის უკვდავი სულისათვის, ცოდვას დაქვემდებარებულ, ანუ მოკვდავ სხეულთან ერთებაში ყოფნის ყოველი „სიცოცხლისეული ეტაპის“ დასრულებიდან მეორმოცე დღეს, იმართება ე.წ. „მცირე სამსჯავრო“, სადაც ხდება - სასჯელის მოხდის ადგილზე, ანუ ღმერთისაგან დაწყევლილ ქვეყანაში ჩადენილი საქციელის შესაბამისი განაჩენი მიღება;

- „დიდ სამსჯავროზე“, ანუ განკითხვის დღეს - უფალი ღმერთის მიერ ადამის მოდგმისათვის ბოძებული უცოდველი, ანუ უკვდავი სულისათვის მოხდება, მის მიერ განვლილ ყოველ „სიცოცხლისეულ ეტაპზე“, მოკვდავ სხეულთან „ბრძოლის“ საერთო შედეგისმიერი, ანუ შემაჯამებელი, „საბოლოო განაჩენის“ გამოტანა;

2. განკითხვის დღეს „წინ უსწრებს“, ყველა უკვდავი სულის მიერ, ასევე უკვდავი სხეულის შეძენის მიმანიშნებელი - მეშვიდე საყვირისეული ეტაპი [იხ. 1 კოლ. 15,52-53], ანუ „დიდ სამსჯავროზე“ წარმსდგარი თითოეული უკვდავი სული, უკვე - უკვდავ სხეულში მყოფი ელოდება განკითხვის დღისეულ საბოლოო განაჩენს;

3. ბიბლიური სწავლებით, მარადისობასთან გაიგივებული ორი ადგილის სახელი ვიცით, ესაა - „სასუფეველი“, და - „ცეცხლის ტბა“, შესაბამისად:

- „სასუფეველი“ არის „სულში მთესველთა“, ანუ უცოდველთათვის განკუთვნილი მარადიული ნეტარების ადგილი; ხოლო

- „ცეცხლის ტბა“ – „ხორცში მთესველთა“, ანუ ცოდვილთათვის განკუთვნილი მარადიული ტანჯვის ადგილია;

- „სასუფეველიც“ და „ცეცხლის ტბაც“, უკვდავი სულისა და უკვდავი სხეულის ერთებაში მყოფთათვის განკუთვნილი სამუდამო ადგილსამყოფელია, ოღონდ, „ცეცხლის ტბისაგან“ განსხვავებით, „სასუფეველში“ არ არის - ცოდვა, და მისი შედეგი სიკვდილი. 

ვისაც ყური აქვს ისმინოს.