Print

სად არის ჯოჯოხეთი? - მეათე ნაწილი: „ერთხორცისათვის“, ანუ - „ადამისათვის“ გამოტანილი განაჩენი

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

მეათე ნაწილი:

 

„ერთხორცისათვის“,

ანუ - „ადამისათვის“ გამოტანილი განაჩენი

ბიბლიაში მოცემულ ადამის შექმნისეულ თხრობაში ვკითხულობთ - „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.

აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით“ [დაბ. 2,7-9; 15-17].

როგორც ვხედავთ, უფლისმიერი გაფრთხილების ადრესატი - მხოლოდ ადამია, რადგან ამ დროისათვის მას ჯერ კიდევ არ ჰყავს - „...შემწე, მისი შესაფერი“ [დაბ. 2,20].

ადამისათვის მისი ე.წ. „მეორე ნახევარის“ შექმნის თანამიმდევრობა კი ასეთია - „უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ [დაბ. 2,21-24].

როგორც ვიცით, ცოდვით დაცემა, ანუ აკრძალული ხის ნაყოფის მიღება - გველისაგან „წაქეზებული“ დედაკაცისაგან მოდის - „...დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავiს კაცს და კაცმაც შეჭამა“ [დაბ. 3,6].

ბუნებრივად ჩნდება კითხვა:

- რაზე უნდა გვანიშნებდეს ბიბლია იმის აღნიშვნით, რომ უფლისმიერ გაფრთხილებას მხოლოდ ადამი ისმენს; ანუ - რატომ არ გაისმა ეს გაფრთხილება ადამისაგან გამოღებული მისი სხეულის ერთი ნაწილისაგან დედაკაცის შექმნის შემდეგ?

- უფლისმიერი გაფრთხილება დედაკაცსაც რომ მოესმინა, იქნებ არ მომხდარიყო მისი [და შემდგომად ადამის] ცოდვით დაცემა?

ამ კითხვებზე სავარაუდო პასუხის გაცემამდე, გვინდა კიდევ რამოდენიმე მომენტი, და მათგან მომდინარე კითხვები შემოგთავაზოთ.

1. ცოდვით დაცემის შემდეგ, უფლისმიერ სასჯელს ღებულობს, ამ პროცესში მონაწილე სამივე პირი. კერძოდ: წამქეზებელი - გველი; და ცოდვის ჩამდენი - დედაკაცი და ადამი:

- „უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ [დაბ. 3,14-15];

- „დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“ [დაბ. 3,16]; და

- „ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო [„წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა“]: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ [დაბ. 3,17-19].

თუ დავაკვირდებით ადვილად შევამჩნევთ, რომ - გველი და დედაკაცი, მხოლოდ პიროვნულ სასჯელს იღებენ, მაშინ როდესაც - ადამი, პიროვნული სასჯელის მიღების გარდა, თავადვე ხდება მიზეზი უფალი ღმერთის მიერ - „მიწის“, ანუ „ქუეყანის“ დაწყევლისა.

მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვის ჩამდენი - დედაკაცი და ადამია, „მიწის“, ანუ „ქუეყანის“ დაწყევლა, უშუალოდ ადამის სახელთანაა დაკავშირებული - „უთხრა ადამს... მიწა დაიწყევლოს შენს გამო“;

და ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რატომ უნდა უკავშირებდეს ბიბლია „მიწის“, ანუ „ქუეყნის“ დაწყევლას მხოლოდ ადამს?

2. შემდეგი ნიშანდობლივი მომენტის სუბიექტი ასევე ადამია - „თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს“ [დაბ. 3,22].

როგორც ვხედავთ, აქაც მხოლოდ ადამზეა მინიშნება, მაშინ როდესაც ამავე თხრობის წინა ნაწილებიდან ვიცით, რომ აკრძალული ხის ნაყოფს პირველად დედაკაცი ღებულობა, და შემდეგ ადამი. და კიდევ:

და აი, მორიგი კითხვაც - მაშინ როდესაც აკრძალული ხილი დედაკაცმა და ადამმა ჭამეს, მხოლოდ ადამზე რატომ მიგვენიშნება, რომ თითქოს მარტო იგი გახდა - „შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა“?

3. ანალოგიურად, მხოლოდ ადამზეა აქცენტი გაკეთებული ედემის ბაღიდან შემცოდეთა გამოდევნის აღმწერ თხრობაში - „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,23-24].

ანუ, რა - ედემის ბაღიდან მხოლოდ ადამის გამოდევნა მოხდა?

ზემოთ მოცემულ კითხვებზე მართებული პასუხი, მხოლოდ, მოყვანილი ბიბლიური ტექსტის მთლიანობაში გააზრების შემთხვევაში შეიძლება გაიცეს.

ბიბლიის შესაქმისეულ ტექსტში დაფიქსირებული სახელი - „ადამი“ [რომელიც ებრაულად „წითელ მიწას“ ნიშნავს], თავისი არსით მოიცავს, როგორც უშუალოდ მამაკაცს, ასევე დედაკაცსაც, ანუ ამ კუთხით, იგი - კრებითი სახელია, და - კაცზე გვანიშნებს.

ბიბლიისეული თხრობა - „გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით“ [დაბ. 2,16-17], - იმას კი არ გვაუწყებს, რომ მხოლოდ ადამი ისმენს უფალი ღმერთის გაფრთხილებას, არამედ ხაზგასმით გამოყოფს მთელ შემდგომ პროცესებზე მთავარ პასუხისმგებელ პირს - ადამს.

დიახ, ამ შემთხვევაში სახელი „ადამი“, მთლიანობაში მოიცავს - როგორც მამაკაცს, ასევე - დედაკაცს, როგორც ერთი მთელის ორ შემადგენელ ნაწილთა ერთობას. ამაზე მიმანიშნებელი ტექსსტი ასე იკითხება - „ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ [დაბ. 2,24].

აქედან გამომდინარე, უფალი ღმერთის გაფრთხილებაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი სწორედ - ადამია, როგორც ამ „ერთხორცობის“ არსობრივი მხარის მთავარი გარანტი;

სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ - „... ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და რჯულს გარდახდა“ [1 ტიმ. 2,14], ბიბლიაში ხსენებული:

- მიწის“, ანუ „ქუეყნის“ დაწყევლის მიზეზად, მხოლოდ ადამია გამოყვანილი [დაბ. 3,17];

- „კეთილისა და ბოროტის“ შემცნობელად მხოლოდ ადამია დასახელებული [დაბ. 3,22]; და

- ედემის ბაღიდან გამოდევნისეულ ტექსტში, მხოლოდ ადამის სახელი ნაუწყები.

და ეს ყველაფერი მიგვანიშნებს ერთადერთს - ადამი, არა მხოლოდ თავისი თავის, არამედ მისგან გამოღებული მისი მეორე ნახევარის ჩანადენზეა პასუხისმგებელი - „რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისათვის, არამედ ქალი - კაცისათვის. თუმცა, არც კაცია ქალის გარეშე, და არც ქალი კაცის გარეშე, უფლის მიერ“ [1 კოლ 11,3; 8-9; 11].

წინამდებარე მონაკვეთის დასასრულს, კომენტარის გარეშე გვინდა შემოგთავაზოთ, წმიდა წერილში დაცული ის მინიშნებები, რომლებშიც გამოკვეთილია, როგორც „ერთხორცობის“ მთავარი გარანტის - ადამის პასუხისმგებლობა, ასევე კაცისა [ქმარის] და ქალის [ცოლის] - ერთმანეთთან ურთიერთმიმართების ამსახველ დოგმათა ერთობა.

ამიტომ, ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვისაც - ესმის, და მზად არის შეასრულოს ნება ღმრთისა, რომ - „არცა დედაკაცებაი, არცა მამაკაცებაი, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ“ [„მოქცევაი ქართლისაი“].

1. ზოგადი მიმართვა:

- „ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს ქრისტეს შიშით“ [ეფეს. 5,21];

- „... პირველად ადამი შეიქმნა, და მერე ევა. და ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და რჯულს გარდახდა; თუმცა, მაინც ცხონდება, იმის წყალობით, რომ შვილებს გააჩენს, თუკი იქნება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმინდეში კდემით“ [1 ტიმ. 2,13-15]

- „ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი... კაცმა არ უნდა დაიბუროს თავი [აქ - ლოცვისას], ვინაიდან ხატია და დიდება ღმრთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისათვის, არამედ ქალი - კაცისათვის. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე [აქ - ლოცვისას] ანგელოზთათვის. თუმცა, არც კაცია ქალის გარეშე, და არც ქალი კაცის გარეშე, უფლის მიერ. რადგან, როგორც ცოლი ქმრისაგან არის, ასე ქმარიც - ცოლისაგან, ხოლო ყველაფერი ღმრთისაგან არის [1 კოლ 11,3; 7-12];

2. მიმართვა - ქმრებისადმი:

- ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის... ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ცოლის მოყვარეს თავისი თავი უყვარს. რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ უვლის და ასაზრდოებს მას, როგორც უფალი - ეკლესიას[ეფეს. 5,25; 28-29];

3. მიმართვა - ცოლებისადმი:

- ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში[ეფეს. 5,22-24];

-  შეაგონებდეთ „...ყმაწვილ ქალებს უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, კეთილგონიერნი იყვნენ, უბიწონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღმრთის სიტყვა“ [ტიტე 2,4-5];

4. მიმართვა - ცოლ-ქმრისადმი:

- „ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს ქრისტეს შიშით... ვინაიდან მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. ამიტომაც მიატოვებს კაცი მამას თვისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასევე თვითეულ თქვენგანსაც უყვარდეს ცოლი თვისი, როგორც თავი თვისი, ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი  ქმრისა[ეფეს. 5,21; 30-32];

- ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც ჯერ არს, უფალში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ“ [კოლ. 3,18-19]

- „ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი“ [1 კორ. 7,4].

 ამიტომ, ვისაც ყური სულის სახსნელად აქვს, ისმინოს - „...ვინც დაიმარხავს მთელ რჯულს, და შესცოდავს მხოლოდ ერთ რამეში, ყველაფერში შემცოდეა“ [იაკ. 2,10].