Print

სად არის ჯოჯოხეთი? - მეთერთმეტე ნაწილი: „განსაზღვრული მისიის“ მატარებელთა საკითხისათვის

სად არის ჯოჯოხეთი?

თერთმეტნაწილიანი წერილის -

მეთერთმეტე ნაწილი:

 

„განსაზღვრული მისიის“ მატარებელთა საკითხისათვის

წარმოდგენილი თემატიკის განხილვის ბოლოს ორიოდე სიტყვით გვინდა შევეხოთ, ბიბლიაში დაფიქსირებულ იმ მინიშნებებს, რომლებიც, ამ „ცოდვილ მიწაზე“ - ე.წ. განსაკუთრებული მისიის მქონე პირთა მოვლინებას ეხება.

ისევე როგორც ჩვეულებრივ მოკვდავთა, ასეთ პირთა შორისაცაა ერთგვარი გრადაცია, რომელთაგან ღმერთმა ზოგი დაადგინა - „...მოციქულებად, ზოგი წინასწარმეტყველებად, ზოგი მახარებლად, ზოგიც მწყემსებად და მოძღვრებად“ [ეფეს. 4,11].

პირველთა შორის უპირველესი რა თქმა უნდა - უფალი იესუ ქრისტე გაცხადებაა, რისთვისაც უნდა ვმადლობდეთ - „...ღმერთსა და მამას, რომელმაც მისი ღირსნი გვყო, რომ ვზიარებოდით წმიდათა ხვედრს ნათელში, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, რომლისაგანაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და მიტევება ჩვენი ცოდვების, და რომელიც არის ხატი უხილავი ღმრთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარეს დაბადებული... რადგან კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება, და მისი მეშვეობით, შემოერიგებინა ყოველი, და მისი ჯვრის სისხლით დაეზავებინა ყველაფერი, როგორც მიწიერი, ისე ზეციერიც“ [კოლ. 1,12-15; 19 - 20].

ღმერთის მიერ დადგენილი განსაკუთრებული მისიის მატარებლობისა გამო, სხვათაგან გამორჩეული ხვედრი ჰქონდათ, ზეცაში ცოცხლად ატაცებულ ენოქსა და ელიას.

უფალი ღმერთის მიერ აბრაამისათვის მიცემული აღთქმის თანახმად ევლინება ქვეყანას - ისაკი; განსაკუთრებული მისია აქვთ ისაკის ძეებს - ესავსა და იაკობსაც...

ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის, ყველასაგან გამორჩეული მისია აქვს იოანე ნათლისმცემელს. ზაქარიასთან მოლაპარაკე უფლის ანგელოზის პირით გადმოცემული ღმერთის ნება გვამცნობს - „... უწოდებ მას სახელად იოანეს... და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით... და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ. და უწინამძღვრებს მას ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი“ [ლუკა 1,13-17], და ა.შ.

ვფიქრობთ სხვა მაგალითების გახსენების გარეშეც ნათელია, რომ ედემის ბაღიდან გამოდევნილი ადამისა და ევას შთამომავალთა შორის, სხვადასხვა დროსა და სივრცეში, ღმერთის განგებულობის ძალით, დადგენილი წესის დაცვით, იბადებიან გამორჩეული მისიის მქონე პიროვნებები, რომლებსაც ეპოქალური, გარდამტეხი როლის განხორციელება ევალებათ.

მეორედ მოსვლა-გაცხადებასა და განკითხვის დღეს თავისი მკაცრად დადგენილი წესი ახლავს თან.

ღმერთის ნებით, მთელი პროცესის წარმართველი იქნება უფალი იესუ ქრისტე - „რადგან მამა არც განსჯის არავის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს“ [იოანე 5,22];

უფალი იესუ ქრისტეს ნებით, განსაკუთრებული როლი ეკისრებათ მოციქულებს - „...იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ თქვენ, რომელნიც გამომყევით მე, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად“ [მათე 19,28];

განკითხვის დღის გავლა, და მისგან მომდინარე განაჩენისადმი დამორჩილება, აბსოლუტურად ყველას ხვედრია - „ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ [აქ - უფალი, და მოციქულები] განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით ამქვეყნიურ საქმეთაც?.. უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს...  ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს“ [1 კორ. 6,3; 9-10];

ამ „ცოდვილ მიწაზე“ მოვლენილი ცოცხალი ადამიანის უკვდავი სულისა, და მისთვის სასჯელად დადგენილი მოკვდავის სხეულის ურთიერთ დაპირისპირებაზე, გვეუწყება - „...ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, და სულს - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ იქმოდეთ იმას, რაც გსურთ... ხორცის საქმენი აშკარაა, ესენია: სიძვა, უწმინდურება, ბილწება, კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღირწება და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული“ [გალ. 5,17-23].

განკითხვის დღის შედეგი, სწორედ იმით განისაზღვრება, თუ ვის სასარგებლოდ დამთავრდება უკვდავ სულსა და მოკვდავ ხორცს შორის მიმდინარე დაპირისპირება - „... ვინაიდან რასაც დასთესს კაცი, მასვე მოიმკის. ხორცში მთესველი ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო სულში მთესველი სულისაგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს“ [გალ. 6,7-8].

„განაჩენი“ იქნება საბოლოო, რომელიც „გასაჩივრებას“ უკვე აღარ დაექვემდებარება, რამეთუ - „... ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყო ჩაწერილი, ჩავარდა ცეცხლის ტბაში“ [გამოცხ. 20,15].

ჩვენი წინამდებარე საუბრის დასასრულს დავსძენთ, რომ მეორედ შობით მოსული ძე კაცისას ღვთაებრივი დიდებით გაცხადებამდე, ანუ - „აღდგომამდე“, წარმოდგენილ - „ჯო-ჯოხეთთან“ დაკავშირებული თემატიკის განხილვა, მის-ტერიულად ასაცხადებელ ერთ-ერთ იმ ნიშანთაგანად გვესახება, რაც უკვე მიმდინარე მხილებისეული ეტაპის შესატყვისი გზასავალის დამთავრეებას უნდა უძღოდეს წინ.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს! ვინც ბოლო ჟამის თემატიკის მართებული გააზრებით სუნთქავს და „თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

 „... მეც ამით დავასრულებ სათქმელს. თუ მწყობრად და გონივრულად დავალაგე სიტყვა, მეც ეს მინდოდა. როგორც შემეძლო, ისე ვქმენ და თუ მწირად და უღიმღამოდ გამომივიდა, ის ვქმენ, რაც ძალმედვა“ [2 მაკ. 15,37-38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი