Print

8 და 9-ის, "ნაკიანი" წლისა და "კვირიას" გამოჩენის მისტერიული ასპექტები

რაზე უნდა გვანიშნებდეს - „ღარიბაშვილის“

„კვირიკაშვილით“ ჩანაცვლება

მოდით, შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალი იესუ ქრისტეს შეწევნით შევეცადოთ სათქმელს მოვუყაროთ თავი.

როგორც მოგეხსენებათ, საეკლესიო ახალი წელი სექტემბრიდან იწყება. ამიტომ 2016 წ. 1 იანვრიდან დაწყებული საერო კალენდრის პარალელურად, 2016 წ. 14 სექტემბრამდე, საეკლესიო კალენდრით ჯერ კიდევ 2015 წელი იქნება.

თავისთავად: 2015 = 2 + 0 + 1 + 5 = 8; ხოლო: 2016 = 2 + 0 + 1 + 6 = 9. შესაბამისად 2016 წ. 14 სექტემბრამდე, ამ „8“-ისა და „9“-ის ურთიერთმიმართებით დროში მოგვიწევს ცხოვრება. მეორეს მხრივ 2016, ნაკიანი წელიწადი გახლავთ.

აღნიშნულთან მიმართებით, მიმდინარე დროზე უნდა მიგვეთითებოდეს შ. რუსთაველისეულ კოდირებულ მინიშნებაში - „ერთმანეთსა შემოსტყორცნა, რვა-ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა“ [1053,3]; და - ნაკად აქვს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა“ [816,2].

ამას გარდა, „ვეფხისტყაოსანში“, უცხო მოყმის საძებნად წასული ავთანდილის თაობაზე ვკითხულობთ - „წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ შეემზადა“-ო [175,2].

როგორც მოგეხსენებათ 2015-2016 წლების გასაყარზე, პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა.

„ღარიბაშვილის“ პოსტიდან წასვლა, მისტერიულად მოსახდენ - „სიღარიბისეული ეტაპის“ დასასრულის მოახლოების მაუწყებელი ნიშანი უნდა იყოს. რაც, თავის მხრივ, „უცხო მოყმის“, იგივე მეორედაც შობით მოსული „ძე კაცისას“ გამოჩენის ჟამის კონტურებსაც გამოკვეთავს.

აღნიშნულ მოსაზრებას ერთგვარად ამყარებს, საქართველოს აღმასრულებელი ორგანოს მეთაურად - „კვირიკაშვილის“ მოსვლა.

ლასკრულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ძე კაცისას“ ერთ-ერთი მითოსური სახეა - კვირია“.

- „ქართული მითოლოგიური გადმოცემები მოგვითხრობენ პანთეონის ღვთაებათა ტრიადის წევრებზე [მორიგე ღმერთი, კვირია და მზე]“. აქედან პირველია - მორიგე ღმერთი. რომელიც შემდგომში ყოვლადწმიდა სამებასთან - მამა, ძე და სულიწმიდასთან გაიგივდა - „მორიგე უზენაესი ღვთაება ფშავსა და ხევსურეთში. ხალხური რწმენით იგი მეშვიდე ცაში სუფევს და აწესრიგებს ქვეყანას“-ო [იხ. ქ.ს.ე. ტ. 7, თბ.1984 წ. გვ. 124].

ყოვლადწმიდა სამების ძის - უფალ იესუ ქრისტეს შესაბამისად, ქართული პანთეონის ტრიადაში - კვირია მოიაზრება - „კვირა, კვირე, კვირია - ერთ-ერთი უძველესი ქართული მითოლოგიური სახე, უზენაეს მორიგის ძე [დასახული], დევთა და ქაჯთა რისხვა, ხმელეთის მეომარი, ამ ძლიერი ღვთაების კულტი უფრო ფშავ-ხევსურეთში და სვანეთში შემორჩა [„მეორე სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას, გაგიმარჯოს, დიდო კვირია“- ხევს.]. წარმართულ სვანურ სიმღერებში ისმის მხოლოდ ცალკეული სიტყვები - „კვირიაო, ეი-ვოი,ე!“ - გადმოცემით, ძვ. სარწმუნოებრივი სიმღერაა“  [აკ. გელოვანი, იქვე, გვ. 250].

ამდენად - პირველი ჭიქა-ბარძიმით უმაღლესი ღმერთი - მორიგე იდიდებოდა. ხოლო - „მეორე სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას, გაგიმარჯოს დიდო კვირია“-ო. როგორც ითქვა ეს კვირია არის - „უზენაეს მორიგეს ძე (დასახული)“.

აღნიშნულის თაობაზე, ჩვენ ადრეც არაერთხელ გვისაუბრია, ამიტომ ამჯერად მასზე არ შევჩერდებით. მხოლოდ ერთს შეგახსენებთ.

როგორც ვიცით - კვირიკობა 15 [28] ივლისს აღინიშნება. საქართველოში მოარული ლეგენდის მიხედვით კვირიკეს დედა ივლიტე, უშვილო ყოფილა. ერთ დღეს, უნდა მოენათლათ ბავშვები. ყველამ თავისი შვილი წაიძყანა. ივლიტემ ქვას ჩააცვა ბავშვივით და სხვებთან ერთად წავიდა. მღვდელმა ვერ შენიშნა და ქვაც სხვა ბავშვებთან ერთად მონათლა. როდესაც მღდელმა ივლიტეს შვილი მოსთხოვა, აღმოჩნდა, რომ მონათლული ქვა ბავშვად ქცეულიყო. ამ ბავშვს კვირიკე დაარქვეს...

დღეისათვის, ამ ინფორმაციით შემოვიფარგლოთ.

ყოველივე ზემოთქმული, კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენს ირგვლივ მომხდარი პროცესების ბოლო ჟამის თვალთახედვით გააზრება.

ამიტომ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს, რომ - „...რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არა ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი