Print

23 ნოემბერი 2017 წ. - "ორი მღვდელმთავრის ეტაპი" დაიწყო

ბოლო ჟამის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი -

ეტაპი „ორი მღვდელმთავარისა“

 

წინათქმა

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ძალმოსილებით გამოჩენამდელ - ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ყველა იმ ნიშნის ასრულება ხდება, რომელი ნიშნებიც, ღმერთის განგებულების ძალით, სხვადასხვა წყაროებშია გაბნეული. ბუნებრივია ისიც, რომ მათ შორის ყველაფრის ძირი და სათავე ბიბლიური ტექსტი გახლავთ.

1996-1997 წლებიდან მოყოლებული დღემდე, ღმერთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად ვაშუქებთ, ბოლო ჟამის დადგომის დასადასტურებლად ნაწინასწარმეტყველები ნიშნების ჩვენს თვალწინ მისტერიულად მიმდინარე მოვლენებს. ამ გზაზე, ერთგვარ ორიენტირად, პავლე მოციქულის პირით ნაუწყები შემდეგი სიტყვები შეიძლება მივიჩნიოთ:

„ყოველივე ეს ნიმუშად მოიწია მათზე, ხოლო დაიწერა ჩვენდა დასამოძღვრად, რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა დასასრულს“[1 კორ. 10,11].

მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სახარებაში დაფიქსირებული მინიშნება, რომელსაც პირობითად - „ორი მღვდელმთავრის“ ეტაპი შეიძლება ეწოდოს.

 

ანნა და კაიაფა, ანუ - ორი მღვდელმთავარი

მსჯელობის დაწყებამდე, მოდით, ზოგადად, მღვდელმთავართა თაობაზე არსებული ინფორმაცია გავიხსენოთ.

ებრაელი ერის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ მმართველობით სისტემაში (იესო ნავეს ძე, მსაჯულები და მოგვიანებით მეფეები) მღვდელმთავარი - ერის უზენაეს სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენდა [უფრო გვიანდელ პერიოდში კი, დაარსებულ სინედრიონს თავმჯდომარეობდა].

ებრაელი ერის ისტორიაში მოღვაწე მღვდელმთავართაგან, ბიბლიაში მხოლოდ რამდენიმე მათგანის სახელია მოხსენიებული.

ბიბლიაში მოხსენიებულ მღვდელთაგან პირველი იყო მელქისედეკი - „უზენაესი ღვთის მღვდელი“ და „სალემის (იერუსალიმის) მეფე“. აბრაამი ამ „მეფე-მღვდელს“ შეხვდა, როცა ელამის მეფისა და მასთან მყოფი სამი მეფის დამარცხების შემდეგ უკან ბრუნდებოდა [იხ. დაბ 14,17-24].

ისრაელის სამეფოში - მეფის ინსტიტუტის გაუქმებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ებრაელთა გაფანტვის [ძვ წ. მე-6 ს] შემდეგ, მღვდელმთავარი, იუდეველთა ერთგვარი პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას ასრულებდა.

თავიდან მღვდელმთავრობა მემკვიდრეობით გადადიოდა და მღვდელმთავარი მთელი ცხოვრება მსახურობდა ამ თანამდებობაზე. მაგრამ ძვ. წ. მე-2 საუკუნეში, როდესაც მღვდელმთავრობა ხასმონელებმა [მაკაბელებმა] ჩაიგდეს ხელში, მდგომარეობა შეიცვალა.

„მაკაბელი“ იყო, ანტიოქე IV ეპიფანესთან [სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს – სირიის მეფე. მეფობდა ძვ. წ. 175-64 წლებში],  ბრძოლაში ებრაელთა წინააღმდეგობის გმირის, იუდას მეტსახელი, რომელიც შემდეგ ამ ოჯახის ყველა წევრის აღსანიშნავად გამოიყენებოდა

ხასმონელთა მმართველობის პერიოდში, [იუდა მაკაბელიდან (ძვ. 167-160 წ.წ.) არისტობულოს II-მდე (ძვ. წ. 66-63 წ.წ.)] თავი იჩინა რელიგიურმა დაქსაქსულობამ.

 ხასმონელებმა ღვთისთვის მსახურება ერთგულად დაიწყეს, მაგრამ ერთგულება ამბიციებმა გაანადგურა. მათმა მღვდლებმა, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ გაეერთიანებინათ ხალხი ღვთის რჯულის დაცვით, ერი პოლიტიკურ ბრძოლაში ჩააბეს. ასე გაგრძელდა ჰეროდე დიდის გამოჩენამდე [დაიბ. ძვ. წ. 73 - გარდ. ძვ. წ. 4; იუდეველთა მეფე ძვ. წ. 40 წლიდან (ფაქტობრივად 37 წლიდან)].

ამ დროისათვის უკვე ჰეროდე დიდი ნიშნავდა და ათავისუფლებდა მღვდელმთავრებს, რითაც ცხადყოფდა, რომ ფაქტობრივად თავად მართავდა მათ. ამავეს აკეთებდნენ რომის მიერ დანიშნული მმართველებიც.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ - ანნა [ანანი] შეთის [სეტის] ძე  ამ თანამდებობაზე ახ. წ. 6 ან 7 წელს კვირინიუსმა, სირიის რომაელმა მმართველმა, დანიშნა. დაახლოებით ახ. წ. 15 წელს ვალერიუს გრეტუსმა, იუდეის მმართველმა, ანნა თანამდებობიდან გადააყენა.

შემდეგ კი, მღვდელმთავრის ადგილი ერთმანეთის მიყოლებით დროის მოკლე პერიოდით დაიკავა სამმა პიროვნებამ, ესენია - ისმაელი (ფაბის [ფიაბის] ძე), ელეაზარი (ანნას ძე) და სიმონი (კამითუსის ძე).

იოსებ კაიაფა დაახლოებით ახ. წ. 18 წელს გახდა მღვდელმთავარი. პონტიუს პილატეს, რომელიც იუდეის მმართველად ახ. წ. 26 წელს დაინიშნა, ის ამ თანამდებობაზე მთელი თავისი ათწლიანი მმართველობის განმავლობაში ჰყავდა.

დაახლოებით ახ. წ. 36 წელს, რომის მიერ დანიშნულმა სირიის ლეგატმა - ვიტელიუსმა კაიაფა შეცვალა [მღვდელმთავარი გახდა ანნას ძე - იონათანი].

ამდენად, იოსებ კაიაფა მღვდელმთავარი იყო, როგორც - იოანე ნათლისმცემლის მიერ იესუ ქრისტეს ნათლისღებიდან მოყოლებული, ანუ მაცხოვრის დედამიწაზე მსახურებისა და მისი გასამართლების დროს, ასევე მოციქულების მსახურების დასაწყისში [როდესაც მან და ანნამ მოაყვანინეს პეტრე და იოანე და უბრძანეს, შეეწყვიტათ ქადაგება [იხ. საქ. 4,6-18]. მღვდელმთავარმა კაიაფამ ქრისტიანების დასაპატიმრებლად წერილები გაატანა სავლეს დამასკოს სინაგოგებში [იხ. საქ. 9:1, 2, 14]).

მაცხოვრის მიწიური მოღვაწეობის ამსახველ, ურთიერთ შემავსებელ, ოთხივე სახარებაში არსებული ერთგვარი - ქრონოლოგიური ხაზის გათვალისწინებით, მღვდელმთავართა თაობაზე პირველი მინიშნება ლუკას სახარებაშია დაცული:

„როცა მღვდელმთავრები იყვნენ ანნა და კაიაფა გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ უდაბნოში“ [ლუკა 3,2].

ლუკას სახარებაში ეს არის - მღვდელმთავრის სახელდებით მოხსენიების ერთადერთი შემთხვევა. ყველა სხვა შემთხვევაში მხოლოდ ტერმინი - „მღვდელმთავარია“ დაფიქსირებული [იხ. ლუკა 22,54; 66].

აქვე უნდა ითქვას, რომ მარკოზის სახარება მხოლოდ ტერმინ - „მღვდელმთავარს“ ხმარობს [იხ. მარკ.14,53; 60-61; 63], და საერთოდ არაფერს ამბობს მათი სახელების თაობაზე.

მათესა და იოანეს სახარებებში, ორივე მღვდელმთავრის - ანნასა და კაიაფას სახელები ფიგურირებს.

ასევეა მოციქულთა საქმეების ამსახველ ტექსტში - „მეორე დღეს შეიკრიბნენ მათი მთავარნი, უხუცესნი და მწიგნობარნი იერუსალიმში, ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები, ვინც იყვნენ მღვდელმთავართა გვარიდან“ [საქ. 4,5-6].

იოანეს სახარების ტექსტი გადმოგვცემს, მაცხოვრის შეპყრობის დროისათვის მღვდელმთავრის სტატუსის მქონე პირის სახელს - „ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ. და არ ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს. ეს თავისით კი არა თქვა, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესუ უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის“[იოანე 11,49-51].

და კიდევ - „და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც იყო მღვდელმთავარი იმ წელიწადს.ხოლო ეს კაიაფა იყო ის , ვინც ურჩია იუდეველებს, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის“-ო [იოანე 18,13-14].

როგორც ითქვა, ისტორიული წყაროების მიხედვით, კაიაფა მღვდელმთავრის ადგილს - ახ. წ 18 წლიდან იკავებს.შესაბამისად, ზემოთაღნიშნული დროისათვის, ანუ მაცხოვრის მიწიური ცხოვრების ბოლო სამი წლის მიწურულს, იგი [კაიაფა] უკვე რამდენიმე წელია მღვდელმთავარია. არადა, სახარება, ანნას მოხსენიების პარალელურად, თითქოსდა საგანგებოდ უსვამს ხაზს - ჯვარცმის წლისათვის მღვდელმთავრად მყოფი პირის ვინაობას: კაიაფა - „იყო მღვდელმთავარი იმ წელიწადს“-ო.

როგორც ვნახეთ, მოციქულთა საქმეების ამსახველ ტექსტში - კაიაფას სიმამრი - ანნა, ასევე მღვდელმთავრის სახელითაა მოხსენიებული - „ ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა...“ [საქ. 4,6].

ჯარისკაცების მიერ მაცხოვრის შეპყრობის შემდგომად განვითარებული პროცესების აღმწერი სახარებისეული თხრობა ასეთია: „და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც იყო მღვდელმთავარი იმ წელიწადს“[იოანე 18,13] – „...ანნამ შეკრული გაუგზავნა იგი კაიაფა მღვდელმთავარს“ [იოანე 18,24] – „ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესუ. განთიადი იყო...“ [იოანე 18,28].

ამ მომენტის კომენტატორები ხაზს უსვამენ, რომ - „მართალია იმ წლის მღვდელმთავარი იყო კაიაფა (მკაცრი, მაგრამ უნებისყოფო კაცი), მაგრამ მასზე უფრო მომეტებული გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ყოფილი მღვდელმთავარი ანნა. ის სინედრიონის წევრების პატივისცემით სარგებლობდა, და რომ სწორედ ამ დიდი გავლენის გამო იესუ პირველად ანნასთან მიიყვანესო“.

დღევანდელი ჩვენი სათქმელის თემატიკიდან გამომდინარე, ამ ნიუანსებში გარკვევას არ შევუდგებით. ჩვენთვის ამჟამად მთავარია, რომ, შეძლებისდაგვარად, პასუხი გავცეთ კითხვას იმის თაობაზე, თუ, ბოლო ჟამისეული თვალთახედვით - რაზე შეიძლება გვანიშნებდეს, ერთსა და იმავე დროში განვითარებული მოვლენების აღმწერ სახარებისეულ ტექსტში - ანნასა და კაიაფას  მღვდელმთავრებად მოხსენიება.

 

ბოლო ჟამისეული დროის - ორი „მღვდელმთავარი“

2017 წ. 23 ნოემბრის გიორგობა დღეს, ქაშუეთის ეკლსესიაში აღვლენილი წირვის შემდგომი ქადაგების დაწყებამდე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ - თავისი თანამოსაყდრის დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება წაიკითხა - „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო [მუჯირი]".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერსმიღებული - „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების“ თანახმად:

- „საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი, ხოლო კრებებს შორის პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [პირველი თავის მე-7 მუხლი];

- „. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მისი მოსაყდრე) საჭიროების მიხედვით, წელიწადში არანაკლებ ორჯერ და თავმჯდომარეობს მას.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე“ [მეორე თავის მე-2 და მე-5 მუხლები].

იქვე განმარტებულია, რომ - „წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ არის მოწვეული კათოლიკოს-პატრიარქის ან მოსაყდრის მიერ, უკანონოა“ [მეორე თავის მე-6 მუხლი]. 

აღნიშნული დებულების თანახმად დაკონკრეტებულია აგრეთვე, თავად - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მთავარი დანიშნულება - „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე“ [მეოთხე თავის მე-4 მუხლი].

მაშასადამე, საპატრიარქოს ტახტის მემკვიდრის დასახელების მთავარი მიზანია, გარანტირებული იქნეს როგორც - საეკლესიო კრების მოწვევის კანონიერება, ასევე - ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევამდე, ეკლესიის მეთაურისთვის განსაზღვრული ფუნქციის შეუფერხებელი შესრულება.

აქედან გამომდინარე, საეკლესიო ტრადიციის თანახმად - საეკლესიო საჭეთმპყრობელი პატრიარქი, როგორც წესი ტოვებს - ანდერძს, სადაც, ზემოთ აღნიშნული ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით დასახელებულია - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

ამავე დებულების თანახმად - „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას“ [მეოთხე თავის მე-6 მუხლი].

ხოლო - „იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე[მეოთხე თავის მე-5 მუხლი].

 

წარმოდგენილი მასალის ანალიზი, საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ თუ არა რაიმე განსაკუთრებული პირობებით განპირობებული აუცილებლობა - საპატრიარქო ტახტზე მყოფი პირის მიერ, თავისსავე სიცოცხლეშივე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის დასახელება, არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, და, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ზემოთ აღნიშნული უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე,  სავსებით საკმარისია ასეთი პირის მხოლოდ ანდერძში მოხსენიება.

არადა, 2017 წლის 23 ნოემბრის შემდგომად დამდგარ რეალობაში ფიქსირდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევა - საქართველოს ეკლესიას ორი უმაღლესი იერარქი ხელმძღვანელობს:

1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე; და მის მიერ გაცხადებული ანდერძით დადგენილი:

2. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - შიო [მუჯირი], რომელთან მიმართებაშიც აღნიშნულ დებულებაში ვკითხულობთ:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა [მეოთხე თავის მე-7 მუხლი].

ასე და ამგვარად, სავსებით ნათელია, რომ მეორედ ღმერთად მომავალი უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებისწინარე - ბოლო ჟამად სახელდებული დროის მიმდინარე მონაკვეთში, გამოიკვეთა, ე.წ. - „ორი მღვდელმთავრის“ სახელდებით მოსააზრებელი ეტაპი.

 შესაბამისად, თუ სათანადოდ გავიაზრებთ, სახარებაში - „ორი მღვდელმთავრის“ მოქმედებისეულ დროში განვითარებული პროცესების უდიდეს მნიშვნელობას, მაშინ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ყველას მოგილოცოთ, რამეთუ:

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში იწყება გადამწყვეტი - „ორი მღვდელმთავრისეული ეტაპი“.  მისი მიმდინარეობის ცალკეულ დეტალებზე კი, თუ ღმერთი ინებებს, შემდგომში ვისაუბრებთ.

აი, ყოველივე ის, რომლის თაობაზეც ამ ეტაპზე გვინდოდა გვესაუბრა,

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს და - „...შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი