Print

2 ნიშანი: "მარილი" და "სად მიიდრიკოს თავი"

ორი ნიშნის მისტერია

„ლასკარულ“ ცნობიერებას ზიარებული მკითხველის გასაგონად, სახარებაში დაფიქსირებული ორი მინიშნების თაობაზე გვინდა გესაუბროთ.

 

ა] „თუ მარილი უმარილო გახდა...“

სახარებაში მოცემულ მაცხოვრის მიერ ნათქვამში ვკითხულობთ - „თუ მარილი უმარილო გახდა...“ [მარკ. 9,50].

კოდირებული - „მარილის უმარილობის“ არსში გარკვევის მცდელობამდე უნდა აღვნიშნოთ, რომ წინამდებარე თემატიკა, „ამირანი მითოსთან“ დაკავშირებული მინიშნებების თაობაზე, გაზ. N1[1044]-ში დაწყებული საუბრის ერთგვარ გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

როგორც ითქვა - „...ამირანის კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი...“-სეული მინიშნების, ბოლო ჟამში მისტერიული აცხადება, ჩვენის აზრით უკავშირდება, 2018 წ. 25 დეკემბრიდან „ც-ჰეპატიტის“ [სამთვიან] სამკურნალო პროგრამაში ჩემს მონაწილეობას, რაც ღვიძლის დაშლის [ციროზის] ბოლო სტადიის ფონზე მიმდინარეობს.

სხვა გართულების პარალელურად, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის დარღვევის გამო, ჩემს ორგანიზმში გარკვეული ოდენობის სითხის დაგროვებაც დააფიქსირეს. შესაბამისად, ექიმმა გამაფრთხილა, რომ მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში თავი შემეკავებინა მარილიანი საკვების მიღებაზე.

და აი, ჩემი ცხოვრების ექვსი ათეული წლის თავზე პირველად ვიგრძენი უმარილო საკვების მიღებით გამოწვეული დისკომფორტი. ჩემთვის - მარილი, მართლაც რომ - უმარულო გახდა.

დაწყებული საუბარი, მაცხოვრისეული მინიშნების სრული ტექსტის შეხსენებით გვინდა დავასრულოთ - „რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება. კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა, რაღათი შეანელებთ მას?

გქონდეთ მარილი თქვენში [კოდია და თითქმის იგივეზე გვითითებს, რასაც, ამირანისა და პრომეთეს მითოსში, არწივისაგან დაკორტნილი ღვიძლის „გამთელება“ ჰქვია] და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის“ [მარკ, 9,49-50].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

ბ] კოდი „სად მიიდრიკოს თავი“-ს საკითხისათვის

ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელი მორიგი მინიშნების თაობაზე საუბრის დაწყებამდე, მოკლედ გვინდა გაგაცნოთ ჩვენი საქმიანობის ისტორიასთან ორგანულ კავშირში მყოფი ერთ-ერთი საკითხის არსი.

1992 წლის იანვრის დასაწყისში დაარსებული ჩვენი პარტია: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“, საოფისე ფართის არქონის პირობებში რამოდენიმე წლიანი საქმიანობის შემდეგ, კერძოდ 1994 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის მაშინდელი გამგებლის მიერ გამოყოფილ - ე.წ. ყოფილი მალაკნების ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ცეკავშირის კუთვნილი შენობის რამოდენიმე ოთახში განთავსდა.

მოგვიანებით, კერძოდ 1996-1997 წლების გასაყარიდან, ამავე ფართის ბაზაზე დაიწყო საქმიანობა თანამოაზრეთა მიერ დაარსებულმა: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელმა „ლაზარეს ინსტიტუტმა“, რომელსაც, დღემდე, მოკლედ „ლასკარის“ სახელით მოვიხსენიებთ.

2002 წლიდან მოყოლებული, ისარგებლეს რა ჩვენი კეთილგანწყობით, ამავე შენობაში ჩვენს მეზობლად მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილთა ერთმა ნაწილმა მეთოდურად დაიწყო ჩვენი კუთვნილი საოფისე ფართის მისაკუთრება.

ბოლო ასეთი „შემოჭრა“ 2009 წლის გაზაფხულზე მოხდა, რის შემდეგაც „ლასკარად“ სახელდებული ჩვენი შესაკრებელი, მანამდე ჩემთვის სამუშაო ფართად განკუთვნილ, ერთ ოთახამდე შევიწროვდა.

ამ ერთი ოთახის ბაზაზე წარვმართეთ, როგორც ბოლო ჟამის თემატიკის მოსახლეობამდე მიტანის; ასევე, 2011 წლის მიწურულიდან, აქტიურ პოლიტიკაში ჩვენი ჩართვის გადაწყვეტილების მიღებიდან გამომდინარე - 2013 და 2018 წლების საპრეზიდენტო; 2014 და 2017 წლების ადგილობრივი, და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საჭირო, მთელი საარჩევნო კამპანია.

ამ კუთხით ერთგვარ გარდამტეხად იქცა 2019 წლის 26 იანვარს, „ლასკარის“ მორიგი შაბათის შეხვედრის დღე.

ჩვენი მკითხველისათვის გასაგები მიზეზიდან გამომდინარე, 2015 წლიდან საკუთარი საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილი ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქიასათვის, მძიმე პირობების შემსუბუქების მიზნით, მოგვიანებით, გადავწყვიტეთ, რომ ჯერ კიდევ 2009 წლიდან ჩვენს კუთვნილ ფართში, გარკვეული წინაპირობით [თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებამდე] მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახისათვის [რომელსაც ამ დროისათვის უკვე მოგვარებული ჰქონდა, იქვე ეზოში მდებარე შენობაში არსებული დამატებითი ფართის მოძიების საკითხი], გვეთხოვა უკან დაებრუნებინა ჩვენი კუთვნილი ფართი.

ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც ხსენებული ოთახი [ჩვენი ოთახის ნახევარი ფართი] უმეტესწილად დაკეტილი იყო, სადაც ზაფხულობით - თვე, თვენახევრის მანძილზე, სოფლიდან ჩამოსული ერთ-ერთი მათი ნათესავი ათენებდა ღამეს.

მიუხედავად ამისა აფხაზეთიდან დევნილმა ამ ოჯახმა სასტიკი უარი განაცხადა, მათსავით აფხაზეთიდან დევნილი ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქიასთვის გამიზნული ჩვენივე კუთვნილი ფართის უკან დაბრუნებაზე.

უფრო მეტიც, ამ ოჯახის „თავი“ აქეთ დაგვემუქრა - მაგ თქვენს ფართზე აფხაზეთიდან დევნილ არაერთ ოჯახს უჭირავს თვალი და, თქვენი პატივისცემიდან [??] გამომდინარე გირჩევთ: თქვენთვისვე ჯობია რომელ ოთახშიც ხართ იმის შენარჩუნებაზე იზრუნეთო.

აშკარა გახლდათ, რომ - ეშმაკის მიერ გონებაარეულ ოჯახის „თავთან“ მორალურ კატეგორიებზე საუბარს აზრი არ ჰქონდა.

ხსენებულ, 2019 წ. 26 იანვრის შაბათ დღეს გამართული „ლასკარის“ სხდომის დასასრულს, ქ-მა დინამ გვთხოვა - თავისი უმძიმესი ყოფითი პრობლემების თუნდაც გარკვეული დროით მოგვარების მიზნით ჩვენი ოთახის გარკვეული ნაწილი ფარდით გამოგვეყო, სადაც იგი ღამის გათევას შეძლებდა.

ჩვენი საპასუხო წინადადება ასეთი გახლდათ - ქ-ნ დინას შევთავაზე, ყოველგვარი ფარდის გავლების გარეშე, შაბათობით დაგეგმილი „ლასკარის“ სხდომებისათვის განკუთვნილი დროის გარდა, შეეძლო ამავე დღიდანვე ესარგებლა „ლასკარისათვის“ განკუთვნილი ფართით, და შაბათიდან - შაბათამდე საცხოვრებლად გამოეყენებინა იგი.

ქალბატონ დინას იქვე გადავეცით „ლასკრის“ ოთახის გასაღების ასლი. მე და ბეჟან შერგელაშვილმა შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგეთ - საცხოვრებელი ფუნქციის ასრულებისათვის გამიზნულ ოთახში მდგარი ავეჯის ნაწილი.

ქ-ნ დინას შევახსენე, რომ კვირის მანძილზე „ლასკარში“ დაგეგმილი სხვადასხვა სავარაუდო შეხვედრის დაწყებამდე ტელეფონით დავუკავშირდებოდი, რათა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად „ლასკარში“ მისვლისას მისთვის რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შემექმნა.

ქ-ნმა დინამ მე და ბ-ნ ბეჟანს უარი გვითხრა სხვა დახმარების აღმოჩენაზე ორიენტირებულ შეთავაზებაზე. შესაბამისად, ჩვენც, დასაძინებლად საჭირო ნივთების მოსატანად წასული ქ-ნი დინას დაბრუნებამდე დავტოვეთ „ლასკარი“.

ამავე დღეს, სხდომის დაწყებამდე „ლასკარში“ მოსულმა ბ-ნა ალექსანდრე თაქთაქიშვილმა, გარკვეული იურიდიული საკითხის გარკვევაში დახმარება მთხოვა, შემდეგ შესაბამისი დოკუმენტაცია გადმომცა. და დაამატა - ორშაბათისათვის დაგეგმილი შეხვედრის დროის დადგენა ტელეფონით მოვახდინოთო.

მიზეზთა გამო ისე მოხდა, რომ - ორშაბათს, 28 იანვარს, ჩვენი ოფისის გვერდით მდებარე სვანეთის უბანში მცხოვრები ბ-ნი ალექსანდრე, დილის 10 საათისთვის სახლში [მუხიანში] მეწვია. მასთან ერთად გავემართეთ „ლასკარისაკენ“, სადაც მისი იურიდიული დოკუმენტაცია მქონდა დატოვებული.

შეთანხმებისამებრ დავაპირე ქ-ნი დინა ტელეფონით გამეფრთხილებინა ჩვენი „ლასკარში“ მისვლის დროის თაობაზე.

წლების მანძილზე გადატანილი სტრესის შედეგად,, ქ-ნ დინას უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა თანამედროვე ტექნიკისადმი [ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი...]. შესაბამისად, მას, მობილური ტელეფონი დიდწილად გამორთული აქვს ხოლმე.

სწორედ ამის გამო „ლასკარში“ ისე მივედით [გზაში 1 საათი მაინც დაგვჭირდა], რომ ქ-ნ დინასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა. კარებზე დაკაკუნების შემდეგ ოთახში შესულებმა შევეცადეთ ყურადღება არ გაგვემახვილებინა „მასპინძლისათვის“ დაუგეგმავი „სტუმრის“ მისაღებად საჭირო არასათანადო პირობებისათვის.

ქ-ნმა დინამ ოთახი სწრაფად მიალაგა, და დროებით დაგვტოვა.

იურიდიულ დოკუმენტაციაში სათანადოდ გარკვევისათვის საჭირო დროისა და გარემო პირობების უქონლობის გამო, ბ-ნ ალექსანდრეს ვურჩიე ჯერ თავის ადვოკატთან მისულიყო, და თუ ჩემი დახმარება მაინც საჭირო იქნებოდა შემდგომში შევხვედრილიყავით. ბ-ნი ალექსანდრე ვფიქრობ სათანადოდ გაერკვა შექმნილ მდგომარეობაში, და ყოველგვარი საყვედურის გარეშე გაემართა ადვოკატისაკენ.

მისი წასვლიდან 10 წუთის შემდეგ მეც დავტოვე ოთახი.

შექმნილი მდგომარეობის ანალიზი ცხადად გვკარნახობდა, რომ, ასეთი სახით, „ლასკარი“ სავარაუდო შეხვედრების გამართვის ადგილად უკვე ვეღარ გამოდგებოდა, ანუ დგებოდა - სახარებაში დაფიქსირებული მორიგი მინიშნების მისტერიულად ასრულების დრო.

30 იანვრის ოთხშაბათ დღეს ტელეფონით დამიკავშირდა ქ. სამტრედიიდან ჩამოსული პოეტი, ბ-ნი დავით ჩირგაძე, და მთხოვა - „ორი-სამი დღით ვარ თბილისში ჩამოსული, თქვენთან შეხვედრა მინდა და სადაც მეტყვით იქ გეახლებითო“.

ბუნებრივია, რომ ტელეფონის მეშვეობით, შექმნილი მდგომარეობის თაობაზე მასთან საუბარი ჩემივე მხრიდან იქნებოდა მიუღებელი,, ამიტომ, ბოდიშის მოხდით განვუცხადე - „მართალია ამხელა გზიდან ჩამოსული ადამიანისთვის შეხვედრის თხოვნაზე უარის თქმა ყოველგვარი ზრდილობის ფარგლებს სცილდება, მაგრამ ალბათ შაბათამდე ჩვენი შეხვედრა ვერ მოხერხდება, შესაბამისად გთხოვთ იქნებ შაბათს მაინც მოვახერხოთ გასაუბრება-მეთქი“.

იმერელი კაცის კვალობაზე, ბ-მა დავითმა წყენა არ შეიმჩნია და შემპირდა - „თუ მოვახერხე შაბათს გეწვევითო“.

„ლასკარულ“ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ, ბოლო ჟამში, „ლასკარი“ [ზოგადად] და მისი ცალკეული წევრები [ინდივიდუალურად], ამა თუ იმ ფორმით ასრულებენ „ძე კაცისასთვის“ განჭვრეტილი ნიშნების მისტერიულად ამცხადებლის როლს.

ბოლო ჟამში მისტერიულად აცხადებულ, ზემოთ ხსენებული - შეხვედრის თხოვნისა და მასზე უარის თქმით გამოწვეული მდგომარეობის მიმანიშნებელ სახარებისეულ ტექსტში ვკითხულობთ:

„მაშინ [აქ - 30/01/2019] მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი [აქ - პოეტი დავით ჩირგაძე] და უთხრა მოძღვარო, თან გეახლები, სადაც უნდა წახვიდე.

იესომ მიუგო: მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი“-ო [მათე 8,19-20].

როგორც იტყვიან - მისტერია ნორმით სრულდება.

ჩვენი წინამდებარე სათქმელიც სწორედ აქ გვინდა დავასრულოთ.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

„თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38]

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი