Print

მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან ...

ბოლო ჟამის ნიშანთაგანი - „მე ვარ ქრისტე!“

მაცხოვრის მიერ ნაწინასწარმეტყველებ, ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობ, ნიშნებს შორის, თავისი გამორჩეული ადგილი უკავია - მავანთა მხრიდან თავისი თავის მხსნელად და ქრისტედ გამოცხადების თემატიკას. კერძოდ, მათეს სახარებაში ვკითხულობთ:

...როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?

იესუმ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ“ [მათე 24,3-5].

არათუ ბოლო ჟამისთვის, არამედ განკაცებული უფალ იესუ ქრისტეს მიწიური მოღვაწეობის დროშიც კი, არაერთი ე.წ. მხსნელი „მოქმედებდა“ ისრაელის მიწაზე. აი, რას ვკითხულობთ ამის თაობაზე „მოციქულთა საქმეში“:

„...უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, უფრთხილდით თქვენს თავს, და დაუფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს. ვინაიდან ამ დღეთა უწინარეს აღდგა თევდა, რომელსაც დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მოიმდევრები გაიფანტნენ და არარად იქცნენ.     

შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც“ [საქ. 5,35-37].

თავად ის ფაქტი, რომ ბოლო ჟამის მიმდინარეობისას, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მეორედ მოსულ ქრისტედ თავის თავის მაღიარებელ არაერთ პირთა თაობაზე ვრცელდება ინფორმაცია, თავის მხრივ ხაზს უსვამს სახარებაში ზემოთ ხსენებული ნიშნის აცხადების ფაქტს.

ამჯერად, თბილისში გამართული ერთი უჩვეულო ფოტო გამოფენის თაობაზე გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია.

2018 წ. 17 ივნისს, თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს ფესტივალისქოლგა თბილისი ფოტოფარგლებში გაიხსნა - ნორვეგიელი ფოტოგრაფის, იონას ბენდიკსენის ფოტო-გამოფენა, სახელწოდებით - უკანასკნელი აღთქმა“.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენის ავტორმა - „2017 წლის სექტემბერში გამოსცა წიგნიუკანასკნელი აღთქმა... წიგნი შვიდ ადამიანზეა.  შვიდივე ამტკიცებს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაა.

უკანაკსნელი აღთქმა აწყობილია ბიბლიური სტრუქტურით. თითო თავი ეძღვნება თითოქრისტესდა მოიცავს მონაკვეთებს მათი რელიგიური აღთქმიდან. ყველა მათგანს სწამს, რომ სწორედ ის არის  ის ერთი რჩეული, რომელიც ამქვეყნად სამყაროს ხსნისთვის მოევლინა....

ფოტო-გამოფენაზე - ავტორი წარმოგვიდგენს შვიდ ადამიანს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეორედ მოვლენილი ბიბლიური მესიები არიან. ფოტოხელოვანი პროექტზე სამი წელი მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში საინტერესო პერსონაჟებს ეძებდა. მათ, ვისაც საკუთარი თავი გამორჩეული ჰგონია...“.

იქვე მითითებულია, რომ მაგ. ბრაზილიაში თვითგამოცხადებულმა მხსნელმა სახელად - ინრი დაირქვა [სახელი ინრი შედგენილია ინიციალებიდან –  Iesus Nazarenus Rex Iudaeorum“  – იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე];

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში, ე.წ. მესიის მიმდევრები [მისი თემი 5000-მდე მიმდევრისგან შედგება] - 14 იანვარს, აღნიშნავენ ვინმე - ვისარიონის [იგივე - სერგეი ტოროპი,] დაბადების დღეს, რომელმაც თავი იესო ქრისტედ გამოაცხადა;

იქვე წარმოდგენილია - ზამბიაში, სამხრეთ ამერიკაში, ბრიტანეთსა თუ იაპონიაში თვითგამოცხადებულ მხსნელთა თაობაზე მოძიებული ინფორმაციები..

 ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ამ ნიშანთაგანის თაობაზე საუბარს, ისევ მაცხოვრის წინასწარმეტყველების შეხსენებით დავამთავრებთ:

„... მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებენ მრავალს.

მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.                  

აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით“ [მათე 24,11; 23-26] .

დიახ, ყველაფერი წინასწარნაუწყების მიხედვით ვითარდება.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი